კარლ მარქსი – 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები – გაუცხოებული შრომა

კ. მარქსის „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“ ქართულ ენაზე დღემდე მკითხველთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომში წამოჭრილი საკითხები — ადამიანის არსისა და არსებობის, ადამიანისა და შრომის მიმართების, ადამიანის შრომის პროცესში გაუცხოების, ისე როგორც გაუცხოების სხვა სახეების — თანამედროვე აზროვნების ყველაზე აქტუალურ საკითხებს ეხმიანებიან. ამ ნაშრომის აღმოჩენისა და გამოქვეყნების შემდეგ მარქსიზმის წინააღმდეგ მეოცე საუკუნის ბურჟუაზიულ მოაზროვნეთა მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ თითქოს კ. მარქსს არა აქვს ადამიანის შესახებ მოძღვრება, არა მარტო მოიხსნა, არამედ ცნობილმა ბურჟუაზიულმა მოაზროვნეებმა თავისი თავი კ. მარქსის უნებლიე მემკვიდრეებადაც კი გამოაცხადეს. ყოველ შემთხვევაში, მათ „აღმოაჩინეს“, რომ ისინი ფაქტიურად კ. მარქსის მიერ დასმულ საკითხებს მიიჩნევდნენ თავიანთ დამსახურებად თანამედროვე აზროვნების წინაშე. „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერების“ გამოქვეყნება მარქსისტული ტრადიციის შესწავლისათვის ნამდვილი ხდომილება გახლდათ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მარქსთან აქ ყველაზე ნათლად ჩანს ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის ფილოსოფიური კრიტიკა. აქვე ვხვდებით ჰეგელიანური და ფოიერბახიანული კატეგორიების გარდამქმნელ კრიტიციზმს და მათი ახალი საზრისებით გაშინაარსებას. სამწუხაროდ, „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“ ქართულ ენაზე სრულად არ თარგმნილა და სარედაქციო ჯგუფს შესაძლებლობა აქვს მკითხველთა ფართო წრეს ამ უდიდესი მნიშვნელობის ნაშრომის მხოლოდ სამი თავი შესთავაზოს: „გაუცხოებული შრომა“, „კომუნიზმი“, „ჰეგელის დიალექტიკისა და საერთოდ ფილოსოფიის კრიტიკა“. ჩვენ ამჯერად მხოლოდ „გაუცხოებული შრომის“ თავზე შევჩერდებით.

   სანამ უშუალოდ მარქსის მიერ გაუცხოების კონცეპტის დამუშავებაზე გადავალთ, იქამდე რამდენიმე სიტყვით გვსურს, გაუცხოების კონცეპტის ისტორიული განვითარება მოვხაზოთ. მაგალითად, გაუცხოების ცნებას ცენტრალური ადგილი უჭირავს ჰეგელის ფილოსოფიურ სისტემაში. ჰეგელის მთელი მოძღვრება არის გაუცხოების გაღრმავებისა და მისი მოხსნის პროცესი. ჰეგელისთვის ნამდვილი სინამდვილე არის ცნობიერება, ამიტომ ყველაფერი, რაც ჩვეულებრივად საგნის სახით გვეცხადება, უნდა იქცეს ცნობიერად. სხვა სიტყვებით, ისტორიის განვითარების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სული აუცხოებს თავის თავს და შემდეგ ამ გაუცხოებიდან უბრუნდება თავის თავს. იმისათვის, რათა ცნობიერებამ საკუთარი თავის შემეცნებას მიაღწიოს საჭიროა, რომ მან მისგან აბსოლუტურად განსხვავებული სახე მიიღოს (ობიექტის, ბუნების), გასაგნდეს თვალხილულ (მოჩვენებით) სამყაროში და ობიექტირებულში თავისი თავი ამოიკითხოს. განსხვავებით მარქსისგან, ჰეგელისთვის გაუცხოება სულაც არ წარმოადგენს დამმონებელ ფაქტს. მასთან გაუცხოება შემეცნების ფილოსოფიური მეთოდია, რომლის გარეშეც მისი ფილოსოფიის მთავარი პროტაგონისტი – აბსოლუტური სული – ვერ მიაღწევს თავის მიზანს; სული შემეცნების საგანი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც ის საკუთარ თავს გაუუცხოვდება, ამ პროცესის გარეშე აბსოლუტურ ცოდნამდე ამაღლება შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ ჰეგელის ფილოსოფიაში არც გასაგნება და გაუცხოვება სხვავდება ერთმანეთისგან და, შესაბამისად, ობიექტივირების ყოველი სახე გაუცხოებას ნიშნავს. მეტიც, ჰეგელისთვის გაუცხოვება მხოლოდ წმინდა ლოგიკური პროცესია და არა გრძნობად-მოქმედი, შესაბამისად, მისი მოხსნის პროცესიც წმინდად ლოგიკურია და არა ნამდვილი, საგნობრივი. აუცილებლად უნდა შევეხოთ გაუცხოების კონცეპტის გაგებას ლუდვიგ ფოიერბახთანაც. ჰეგელისგან განსხვავებით, რომლისთვისაც გაუცხოება სინამდვილის ყოველ სფეროში არსებობს და რომელიც გაუცხოების თვისებად თვლიდა სოციალურ მიმართებებს, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმებს, ფოიერბახისათვის ცნობილია გაუცხოების მხოლოდ ერთი სახე – იგი გაუცხოების ცნების შინაარსს ხმარობს რელიგიის კრიტიკის დროს. ფოიერბახის აზრით: „ღმერთი ზეადამიანური, უსასრულო არსებაა, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: უსასრულოდ ადამიანური, ზეადამიანურად ადამიანური არსება, არსება, რომელიც უფრო უსასრულოდ ადამიანია, ვიდრე თვითონ ადამიანი. მხედვარე, მცოდნე, მგრძნობიარე, მოსიყვარულე არსება, ისევე, როგორც ადამიანი, მაგრამ უსასრულოდ უფრო მგრძნობიარე და მოსიყვარულე, ვიდრე ადამიანი“ (ფოიერბახი). მაშასადამე, ფოიერბახის აზრით, ხდება ისე, რომ ადამიანები მთლიანად კარგავენ თავის თავს, ისინი თავიანთ გვაროვნულ თვისებებს „სხვას”, ანუ ამ შემთხვევაში ღმერთს მიაწერენ, აუცხოებენ თავის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ ძალებს. ყოველი თვისება, რომელიც მიეკუთვნება ღმერთს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის თვისებები, გაუცხოებული და ჰიპოსტაზირებული თვით მისგანვე. აშკარაა, ჰეგელთან შედარებით ფოიერბახის დამსახურება ის გახლდათ, რომ ის ნამდვილი ადამიანის გაუცხოებაზე საუბრობდა და არა აბსოლუტური იდეის გაუცხოების აბსტრაქტულ გზაზე. მაგრამ ფოიერბახიანული ადამიანიც არაისტორიული, აბსტრაქტული იყო, ადამიანი, რომელიც რომელიმე კლასს, საზოგადოების რომელიმე წეს-წყობას არ მიეკუთვნება ნამდვილად არსებული ადამიანი არ არის. და თუკი ფოიერბახისთვის გაუცხოების მოხსნა მხოლოდ მისი გაცნობიერებით მიიღწევა, მარქსთან რელიგიური გაუცხოების მოხსნისთვის აუცილებელია პოლიტიკური და ეკონომიკური გაუცხოების გადალახვა.

   განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, მარქსისთვის გაუცხოება არ არის ადამიანის ბედისწერა და სუბიექტში თანშობილად დამკვიდრებული ისეთი ფენომენი, რომელიც ირაციონალური, მიუწვდომელი და დაუძლეველია. გაუცხოება არ წარმოადგენს ადამიანის ყოველნაირ ყოფასთან (საზოგადოებრივ ფორმაციასთან) დაკავშირებულ მდგომარეობას. მხოლოდ კაპიტალისტურ ეკონომიკურ ფორმაციაში იღებს გაუცხოება ისეთ ფორმას, როდესაც საგანი ტოტალურად იმონებს ადამიანს: „ბურჟუაზიის ბატონობის დროს ინდივიდები (…) უფრო ნაკლებად თავისუფალნი არიან, ვინაიდან უფრო მეტად ექვემდებარებიან ნივთიერ ძალას“ (გერმანული იდეოლოგია). თუმცა გაუცხოებული შრომა სულაც არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, დაუძლეველი მდგომარეობა. გაუცხოება შეიძლება შევადაროთ ადამიანის იმ ავადმყოფობას, რომლის განკურნებაც შესაძლებელია. მაგრამ გაუცხოების დასაძლევად არ კმარა მხოლოდ თეორიულ ქიმერათა ფერხულში ფარფატი, მხოლოდ კრიტიკული კრიტიკის ეთერ-ზეთოვან საუფლოში ნაგებ კონსტრუქციებში მოკალათება, არამედ საჭიროა მატერიალური სინამდვილის გარევოლუციურება, მთელი ეკონომიკური ფორმაციის გარდაქმნა და თვისებრივად ახალი საზოგადოების შექმნა. ჩვენ აქ სპეციალურად აღარ შევჩერდებით გაუცხოებული შრომის მარქსისტული კონცეფციის დეტალებზე, ამას წინამდებარე ტექსტი ყოველ სხვა კომენტარსა თუ ინტერპრეტაციაზე უკეთ გაართმევს თავს. თქვენს წინაშეა „1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“-ის  „გაუცხოებული შრომის“ თავი.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

  (XXII) ჩვენ პოლიტიკური ეკონომიის წანამძღვრებიდან გამომდინარე, მივიღეთ მისი ენა და კანონები. ჩვენ ვიგულისხმეთ როგორც მოცემული: კერძო საკუთრება, შრომის, კაპიტალისა და მიწის, ასევე ხელფასის, კაპიტალის, მოგებისა და მიწის რენტის ერთიმეორისაგან განცალკევება; ვიგულისხმეთ, აგრეთვე, შრომის დანაწილება, კონკურენცია, საცვლელი ღირებულების ცნება და სხვ. თვით პოლიტიკური ეკონომიის საფუძველზე, მისივე სიტყვებით ცხადვყავით, რომ მუშა დაქვეითებულია საქონლის, თანაც ყველაზე ბეჩავი საქონლის მდგომარეობამდე, რომ მუშის სიღატაკე პირდაპირ შეფარდებაშია[1] მისი პროდუქციის სიძლიერესა და ოდენობასთან, რომ კონკურენციის აუცილებელი შედეგია კაპიტალის დაგროვება მცირეთა ხელში, ანუ, მონოპოლიის კიდევ უფრო საშინელი ფორმით აღდგენა, და რომ ბოლოს და ბოლოს ქრება განსხვავება კაპიტალისტსა და მიწის რანტიეს, მხვნელ-მთესველსა და მრეწველობის მუშას შორის და მთელი საზოგადოება გარდაუვალად იყოფა ორ კლასად — მესაკუთრედ და საკუთრებასმოკლებულ მუშებად.

   პოლიტიკური ეკონომია კერძო საკუთრების ფაქტიდან გამოდის. მის ახსნა-განმარტებას იგი არ იძლევა. მატერიალურ პროცესს, რომელსაც სინამდვილეში კერძო საკუთრება ასრულებს, იგი ათავსებს ზოგად, აბსტრაქტულ ფორმულებში, რომლებიც მისთვის შემდგომი კანონების მნიშვნელობას იძენენ. ეს კანონები მას გააზრებული არა აქვს, მაშასადამე, იგი არ გვიჩვენებს, თუ როგორ გამომდინარეობენ ისინი თვით კერძო საკუთრების არსებიდან. პოლიტიკური ეკონომია არ იძლევა იმის ახსნა-განმარტებას, თუ რა საფუძველით ან მიზეზით გამოიყოფა შრომა კაპიტალისაგან და კაპიტალი მიწისაგან. მაგალითად, როცა იგი განსაზღვრავს ურთიერთმიმართებას ხელფასსა ან კაპიტალის მოგებას შორის, მისთვის უკანასკნელი მიზეზია კაპიტალისტების ინტერესი; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მოცემულად გულისხმობს იმას, რაც ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს. ზუსტად ასევე ყველგან ჩაერთვის კონკურენცია. მის ახსნას გარეგან გარემოებებში ეძებენ. ამასთან პოლიტიკური ეკონომია არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ეს გარეგანი, ერთი შეხედვით, შემთხვევითი გარემოებანი გარკვეული, აუცილებელი განვითარების მარტოოდენ გამოხატულებაა. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ წარმოუდგენია პოლიტიკურ ეკონომიას თვითონ გაცვლა შემთხვევით ფაქტად. ერთადერთი მქნევარა თვალი, რომელსაც პოლიტეკონომისტი იყენებს — ეს არის ანგარება და ომი ანგარების მოყვარულთა შორის — კონკურენცია.

    სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ეკონომიას არ გაეგება მის მიერ შესასწავლი მოძრაობის ურთიერთკავშირი, შეიძლებოდა, მაგალითად, დაგვეპირისპირებინა კონკურენციის მოძღვრება მონოპოლიის მოძღვრებისთვის, მოძღვრება სარეწთა თავისუფალ მიწათმფლობელობათა დაყოფის შესახებ — მსხვილი მიწის საკუთრების შესახებ მოძღვრებისათვის, ვინაიდან კონკურენცია, სარეწთა თავისუფლება, მიწათმფლობელობათა დაყოფა გააზრებული და გადმოცემული იყო მხოლოდ როგორც შემთხვევითი, წინასწარ განზრახული, იძულებითი და არა როგორც მონოპოლიის, კორპორაციისა და ფეოდალური საკუთრების აუცილებელი, გარდუვალი ბუნებრივი შედეგები.

   ამრიგად, ახლა ჩვენ უნდა გავიაზროთ არსებითი ურთიერთკავშირი კერძო საკუთრებასა, ანგარებასა, შრომის, კაპიტალის მიწის საკუთრების ერთმანეთისაგან გამოყოფას შორის, გაცვლასა და კონკურენციას, ადამიანის ღირებულებასა და გაუფასურებას, მონოპოლიასა და კონკურენციას შორის და ა. შ., ყველა ამ გაუცხოებასა და ფულის სისტემას შორის.

  ჩვენ არ მივბაძავთ იმ პოლიტეკონომისტს, რომელიც, როდესაც რაიმეს ახსნა-განმარტება სურს, მის მიერ გამონაგონ პირველყოფილ მდგომარეობაში გადადის ხოლმე. ასეთი პირველყოფილი მდგომარეობა არაფერს გვიხსნის. პირველყოფილ მდგომარეობაზე დაყრდნობით პოლიტეკონომისტს საკითხი გადააქვს მხოლოდ უღიმღამო ნისლიან შორეთში. იგი ფაქტის, მოვლენის ფორმით გულისხმობს იმას, რისი დედუცირებაც მას მართებს, სახელდობრ — აუცილებელ ურთიერთმიმართებას ორ ნივთს, მაგალითად, შრომის დანაწილებასა და გაცვლას შორის. ამავე წესით განმარტავს თეოლოგი შეცოდების გზით, ბოროტების წარმოშობას, ე. ი. იგი გულისხმობს ფაქტად, ისტორიული მოვლენის ფორმით, იმას, რაც მან უნდა ახსნას.

  ამოსავალ პუნქტად ვიღებთ თანამედროვე ეკონომიკურ ფაქტს:

     მუშა მით უფრო ღარიბდება, რაც უფრო მეტ სიმდიდრეს აწარმოებს, რაც უფრო მეტად იზრდება მისი პროდუქციის სიძლიერე და მოცულობა; მუშა მით უფრო იაფი საქონელი ხდება, რაც უფრო მეტ საქონელს ქმნის. ნივთთა სამყაროს ღირებულების ზრდის შესაბამისად იზრდება ადამიანთა სამყაროს გაუფასურება. შრომა აწარმოებს არამარტო საქონელს: იგი აწარმოებს თავის თავს და მუშას როგორც საქონელს, თანაც იმავე პროპორციით, როგორითაც იგი საერთოდ საქონელს აწარმოებს.

   ეს ფაქტი გამოხატავს მხოლოდ შემდეგს: საგანი, რომელსაც შრომა აწარმოებს, მისი პროდუქტი, უპირისპირდება შრომას, როგორც რაღაც უცხო არსება, როგორც მწარმოებლისაგან დამოუკიდებელი ძალა. შრომის პროდუქტი არის შრომა, ფიქსირებული რომელიმე საგანში. მასში განივთებული, ეს არის შრომის გასაგნობრივება. შრომის განხორციელება არის მისი გასაგნობრივება. პოლიტიკური ეკონომიის მიერ ნაგულისხმევი წესრიგის პირობებში. ეს განხორციელება, ეს მისი განამდვილება გვევლინება, როგორც მუშის გამორთვა სინამდვილისაგან. გასაგნობრივება გვევლინება როგორც დაკარგვა საგნისა და დამონება საგნის მიერ, ათვისება საგნისა — როგორც გაუცხოება“.[2] შრომის განხორციელება გვევლინება როგორც სინამდვილისაგან გამორთვა იმდენად, რომ მუშა სინამდვილისაგან ამოირთვის და მას შიმშილით სიკვდილიც კი ემუქრება. გასაგნობრივება გვევლინება, როგორც საგნის დაკარგვა იმ ზომამდე, რომ მუშას ართმევენ ყველაზე აუცილებელ საგნებს. აუცილებელს არა მარტო სიცოცხლისათვის, არამედ მუშაობისთვისაც, კიდევ მეტი, თვით მუშაობაც ისეთი საგანი ხდება, რომლის დაუფლებაც მუშას მხოლოდ თავისი ძალღონის უდიდესი დაძაბვით და თავისი არარეგულარული შეწყვეტებით ძალუძს. საგნის ათვისება გვევლინება როგორც გაუცხოება იმ ზომამდე, რომ რაც უფრო მეტ საგანს აწარმოებს მუშა, მით უფრო ნაკლები რაოდენობის საგანთა ფლობა შეუძლია მას და მით უფრო მეტად ხდება იგი თავისი პროდუქტის, კაპიტალის მონა-მორჩილი.

   ყველა ამ შედეგს უკვე შეიცავს ის განსაზღვრა, რომ მუშა თავისი შრომის პროდუქტს ისე ეპყრობა, როგორც უცხო საგანს. ვინაიდან ასეთი წანამძღვრის თანახმად ცხადია: რაც უფრო მეტად იწყვეტს ილაჯს მუშა სამუშაოზე, მით უფრო ძლიერდება მისთვის უცხო საგნობრივი სამყარო, რომელსაც იგი თვითონ თავის თავის წინააღმდეგ ქმნის, მით უფრო ღარიბდება იგი, თვითონ მისი შინაგანი სამყარო, მით უფრო ნაკლები ქონება ეკუთვნის მას. სავსებით ასევეა რელიგიაშიც, რაც უფრო მეტს ათავსებს ადამიანი ღმერთში, მით უფრო ნაკლები რჩება თვით მასში. მუშა თავის სიცოცხლეს საგანში ათავსებს, მაგრამ ამიერიდან ეს სიცოცხლე ეკუთვნის არა მას, არამედ საგანს. მაშასადამე, რაც უფრო მეტია მისი საქმიანობა, მით უფრო უსაგნოა მუშა, რაც მისი შრომის პროდუქტში გადავიდა, იგი უკვე თვითონ მას აღარ აქვს. ამიტომ რაც უფრო მეტია ეს პროდუქტი, მით უფრო ნაკლებია თვით იგი. მუშის გაუცხოებას მის პროდუქტში არა მარტო ის მნიშვნელობა აქვს, რომ მისი შრომა საგანი ხდება, გარეგან არსებობას იძენს, არამედ ის მნიშვნელობაც აქვს, რომ მისი შრომა მის გარეშე მისგან დამოუკიდებლად არსებობს, როგორც რაღაც უცხო მისთვის, და რომ ეს შრომა მის საპირისპირო თვითმყოფად ძალად იქცევა; რომ სიცოცხლე, რომელიც მან საგანს მიანიჭა, მის წინააღმდეგ ილაშქრებს, როგორც მისდამი მტრული და უცხო.

    (XXIII) ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გასაგნობრივება, მუშის პროდუქცია და ამ გასაგნობრივებაში გაუცხოვება დაკარგვა საგნისა, ე. ი. მუშის მიერ წარმოებული პროდუქტისა. მუშას არაფრის შექმნა არ შეუძლია ბუნების, გრძნობადი გარესამყაროს გარეშე. ეს არის ის მასალა, რომელზეც მუშის შრომა ხორციელდება, რომელშიც მუშის შრომითი საქმიანობა გაიშლება, რომლიდანაც და რომლის მეშვეობითაც შრომა თავის პროდუქტებს აწარმოებს.

მაგრამ მსგავსად იმისა, როგორც ბუნება აძლევს შრომას საარსებო საშუალებებს იმ აზრით, რომ შრომას არ შეუძლია იარსებოს უსაგნებოდ, რომლებზეც იგი გამოიყენება, ასევე, მეორე მხრივ, იგივე ბუნება იძლევა საარსებო საშუალებებს უფრო ვიწრო აზრითაც, ე. ი. საშუალებებს იძლევა თვითონ მუშის ფიზიკური არსებობის საშუალებებს.

    ამრიგად, რაც უფრო მეტად ითვისებს და ეუფლება მუშა თავის შრომით გარესამყაროს, გრძნობად ბუნებას, მით უფრო მეტად ართმევს თავის თავს საარსებო საშუალებებს ორგვარი აზრით: ჯერ ერთი, გრძნობადი გარესამყარო სულ უფრო მეტად კარგავს ისეთ საგნად ყოფნის ხასიათს, რომელიც მუშის შრომის განუყრელი კუთვნილება უნდა ყოფილიყო, კარგავს ამ შრომის საარსებო საშუალებად ყოფნის ხასიათს; მეორეც, რომ ეს გარე სამყარო სულ უფრო მეტად უკვე ვეღარ იძლევა მუშისთვის საჭირო საარსებო საშუალებებს სიტყვის უშუალო აზრით — მუშის ფიზიკური არსებობის საშუალებებს.

  ამრიგად, მუშა თავისი საგნის მონა ხდება ორგვარად: ჯერ ერთი, იგი იღებს საგანს შრომისათვის, ე. ი. სამუშაოს, და მეორე, იგი იღებს არსებობის საშუალებებს. მაშასადამე, მხოლოდ საგანი აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ იარსებოს. ჯერ ერთი, როგორც მუშამ და, მეორეც, როგორც ფიზიკურმა სუბიექტმა. ამ მონობის მწვერვალი ის არის, რომ მას უკვე მხოლოდ მუშის სახით შეუძლია შეინარჩუნოს თავისი არსებობა, როგორც ფიზიკურმა სუბიექტმა და რომ იგი არის მუშა უკვე მხოლოდ ფიზიკური სუბიექტის სახით.

    პოლიტიკური ეკონომიის კანონების თანახმად, მუშის გაუცხოება მის საგანში იმით გამოიხატება, რომ რაც უფრო მეტს აწარმოებს მუშა, მით უფრო ნაკლები შეუძლია მას მოიხმაროს; რაც უფრო მეტ ფასეულობას ქმნის იგი, მით უფრო მეტად უფასურდება იგი თვითონ და კარგავს ღირსებას, რაც უფრო უკეთესად არის მისი საგანი გაფორმებული, მით უფრო დამახინჯებულია მუშა; რაც უფრო კულტურულია მის მიერ შემქნილი ნივთი, მით უფრო მეტად ემსგავსება თვით იგი ბარბაროსს, რაც უფრო მძლავრია შრომა, მით უფრო უძლურია მუშა; რაც უფრო გონებამახვილურია მის მიერ გაწეული შრომა, მით უფრო გონებაჩლუნგი და ბუნების მონა ხდება თვითონ მუშა.

   პოლიტიკური ეკონომია ჩქმალავს გაუცხოებას თვით შრომის არსებაში იმით, რომ იგი არ განიხილავს უშუალო ურთიერთობას მუშასა, შრომასა და მის მიერ წარმოებულ პროდუქტს შორის. რა თქმა უნდა, შრომა აწარმოებს საუცხოო ნივთებს მდიდრებისათვის, მაგრამ აწარმოებს აგრეთვე მუშის გაღატაკებას. იგი ქმნის სასახლეებს, მაგრამ იგი აწარმოებს აგრეთვე ქოხმახებსაც მუშებისათვის. იგი ქმნის სილამაზეს, მაგრამ ამახინჯებს აგრეთვე მუშას. იგი ცვლის ხელით შრომას მანქანით, მაგრამ ამასთანავე მუშების ერთ ნაწილს უკან ბარბაროსული შრომისაკენ ისვრის, მუშების მეორე ნაწილს კი მანქანად აქცევს. იგი აწარმოებს ჭკუას, მაგრამ ამავე დროს — ჭკუასუსტობასაც, კრეტინიზმს, როგორც მუშათა ხვედრს.

   შრომის უშუალო დამოკიდებულება მის პროდუქტებთან არის მუშის დამოკიდებულება მისი წარმოების საგნებთან. შეძლებულის დამოკიდებულება წარმოების საგნებთან და თვით წარმოებასთან — ეს არის მხოლოდ შედეგი ამ პირველი დამოკიდებულებისა ადასტურებს მას. საკითხის ამ მეორე მხარეს ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ.

  ამრიგად, როცა ვკითხულობთ, თუ როგორია შრომითი ურთიერთობის არსი. მაშინ ჩვენ ვკითხულობთ წარმოებასთან მუშის დამოკიდებულების შესახებ.

   აქამდე მუშის გაუცხოებას, ჩვენ განვიხალავდით მხოლოდ ერთი მხრივ, სახელდობრ, თავისი შრომის პროდუქტებთან მუშის დამოკიდებულების მხრივ. მაგრამ გაუცხოება ვლინდება არა მარტო საბოლოო შედეგში, არამედ თვით წარმოების აქტში, თვით საწარმოო საქმიანობაში. როგორ შეეძლო მუშას დაპირისპირებოდა თავისი საქმიანობის პროდუქტს როგორც რაიმე უცხოს, თუ თვითონ თავისი თავისაგან არ გაუცხოვდებოდა თვით წარმოების აქტში? პროდუქტი ხომ საქმიანობის, წარმოების რეზიუმეა მხოლოდ. მაშასადამე, თუ შრომის პროდუქტი გაუცხოებაა, მაშინ თვით წარმოებაც უნდა იყოს ქმედითი გაუცხოება, საქმიანობის გაუცხოება, გაუცხოების საქმიანობა. შრომის საგნის გაუცხოებაში მხოლოდ ჯამდება გაუცხოება თვით შრომის საქმიანობაში.

   მაშინ რაღაა შრომის გაუცხოება?

   ჯერ ერთი, ის, რომ შრომა მუშისათვის არის რაღაც გარეგნული, რაც მის არსებას არ ეკუთვნის; ის, რომ მუშა თავის შრომაში თავის თავს კი არ ადასტურებს, არამედ უარყოფს, თავს გრძნობს არა ბედნიერად, არამედ უბედურად, ვერ ავითარებს თავისუფლად თავის ფიზიკურ და სულიერ ენერგიას, არამედ აუძლურებს თავის ფიზიკურ ბუნებას და ანადგურებს თავის სულიერ ძალებს. ამიტომ მუშა მხოლოდ შრომის გარეთ გრძნობს თავის თავს თავისად, შრომის პროცესში კი იგი გრძნობს, რომ მოწყვეტილია თავის თავს. იგი შინ არის მაშინ, როცა არ მუშაობს; ხოლო როცა მუშაობს, იგი უკვე აღარ არის შინ. ამიტომ მისი შრომა არის არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულებითი; ეს არის ძალდატანებითი შრომა. ეს არის არა შრომის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ მარტოოდენ საშუალება ყოველი სხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გარდა შრომის მოთხოვნილებისა. შრომის გაუცხოება ნათლად ვლინდება იმით, რომ როგორც კი შეწყდება ფიზიკური ან სხვა იძულება შრომისადმი, მაშინვე ჭირივით გაურბიან შრომას, გარეგანი შრომა, შრომა, რომლის პროცესში ადამიანი თავის თავს აუცხოებს, — ეს არის თავისი თავის მსხვერპლად შეწირვა, თვითგვემა. და ბოლოს, შრომის გარეგნულობა მუშისათვის იმით ვლინდება, რომ ეს შრომა ეკუთვნის არა მას, არამედ სხვას, თვითონ მუშაც შრომის პროცესში თავის თავს კი არ ეკუთვნის, არამედ სხვას. მსგავსად იმისა, როგორც რელიგიაში ადამიანის ფანტაზიის, ადამიანის ტვინის, ადამიანის გულის თვითსაქმიანობა ზეგავლენას ახდენს ინდივიდუუმზე თვით მისგან დამოუკიდებლად, ე.ი. რაღაც უცხო — „ღვთაებრივი თუ ჯოჯოხეთური“ საქმიანობის სახით, ასევე მუშის საქმიანობაც არ არის მისი თვითსაქმიანობა. იგი ეკუთვნის სხვას, იგი მუშის მიერ თავისი თავის დაკარგვაა.

   ამის შედეგად იქმნება ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანი (მუშა) თავისუფლად მოქმედად თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ცხოველურ ფუნქციებს ასრულებს ჭამს, სვამს, სქეობრივ აქტს ასრულებს, უკეთეს შემთხვევაში, როდესაც საკუთარ ბინაში იმყოფება, თავს იმკობს და სხვ., ხოლო თავისი ადამიანური ფუნქციების შესრულებისას კი `იგი თავს მხოლოდ ცხოველად გრძნობს. ის, რაც ცხოველს ახასიათებს, ადამიანის ხვედრი ხდება. ადამიანური კი იმად იქცევა, რაც ცხოველს ახასიათებს.

   მართალია, ჭამაც, სმაც, სქესობრივი აქტიც და ა. შ. ნამდვილად ადამიანური ფუნქციებია, მაგრამ, აბსტრაქციაში, რომელიც გამოთიშავს მათ სხვა ადამიანური საქმიანობის წრიდან და გადააქცევს უკანასკნელ და ერთადერთ საბოლოო მიზნად, ისინი ცხოველურ ხასიათს ატარებენ.

    ჩვენ განვიხილეთ ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის გაუცხოების, შრომის აქტი ორი მხრით. ჯერ ერთი, მუშის დამოკიდებულება შრომის პროდუქტისადმი, როგორც ისეთი საგნისადმი რომელიც უცხოა მისთვის და მასზე ბატონობს. ეს დამოკიდებულება არის ამასთანავე დამოკიდებულება გრძნობადი გარესამყაროსადმი, ბუნების საგნებისადმი, როგორც უცხო სამყაროსადმი მას რომ მტრულად უპირისპირდება; მეორე, შრომის დამოკიდებულება წარმოების აქტისადმი თვით შრომის პროცესში. ეს დამოკიდებულება  არის მუშის დამოკიდებულება მისი საკუთარი საქმიანობისადმი, როგორც რაღაც უცხოსადმი, რომელიც მას  არ ეკუთვნის. საქმიანობა გვევლინება აქ როგორც ტანჯვა, ძალა — როგორც უძლურება, ნაყოფის ჩასახვა — როგორც დასაჭურისება, მუშის საკუთარი ფიზიკური და სულიერი ენერგია, მისი პირადი ცხოვრება (ვინაიდან რა არის ცხოვრება, თუ იგი არ არის საქმიანობა?) – როგორც თვითონ მის წინააღმდეგ შებრუნებული, მისგან დამოუკიდებელი საქმიანობა, რომელიც მას არ ეკუთვნის. ეს არის თვითგაუცხოება, მაშინ როდესაც ზემოთ ლაპარაკი იყო ნივთის გაუცხოებაზე.

   (XXIV) ახლა ჩვენ გვმართებს გაუცხოებული შრომის ორი მოცემული განსაზღვრიდან გამოვიყვანოთ კიდევ მისი მესამე განსაზღვრა.

  ადამიანი არის გვარეობითი არსება, არა მარტო იმ გაგებით, რომ პრაქტიკულადაც და თეორიულადაც იგი თავის საგნად ხდის გვარს როგორც თავის საკუთარს, ისე სხვა ნივთებისასაც, არამედ იმ გაგებითაც — და ეს არის ერთი და იმავეს მხოლოდ სხვაგვარი გამოთქმა, — რომ იგი ეპყრობა თავის თავს როგორც ამჟამინდელ ცოცხალ გვარს, ეპყრობა თავის თავს როგორც უნივერსალურ და ამიტომ თავისუფალ არსებას.

   გვარეობითი სიცოცხლე როგორც ადამიანისა, ისე ცხოველისა ფიზიკურად იმით გამოიხატება, რომ ადამიანი (როგორც ცხოველიც) არაორგანული ბუნებით ცოცხლობს და რაც უფრო უნივერსალურია ადამიანი ცხოველთან შედარებით, მით უფრო უნივერსალურია იმ არაორგანული ბუნების სფერო, რომლითაც იგი ცოცხლობს. მსგავსად იმისა, როგორც თეორიულად მცენარეები, ცხოველები, ქვები, ჰაერი, სინათლე და ა. შ. წარმოადგენენ ადამიანური ცნობიერების ნაწილს, ნაწილობრივ როგორც ბუნებისმეტყველების ობიექტები, ნაწილობრივ ხელოვნების ობიექტების სახით, წარმოადგენენ ადამიანის სულიერ არაორგანულ ბუნებას, სულიერ საზრდოს, რომელიც მან წინასწარ უნდა დაამზადოს, რათა მისი შეჭმა და მონელება შეიძლებოდეს; ასევე პრაქტიკულადაც ისინი ადამიანის სიცოცხლისა და ადამიანის საქმიანობის ნაწილს შეადგენენ. ფიზიკურად ადამიანი ცოცხლობს მხოლოდ ბუნების იმ პროდუქტებით, რომლებიც მას ექნება საკვების, გათბობის, ტანსაცმლის, საცხოვრებელი ბინის და სხვ. ფორმით. ადამიანის პრაქტიკული უნივერსალურობა სწორედ იმ უნივერსალობით ვლინდება, რომელიც მთელ ბუნებას მის არაორგანულ სხეულად აქცევს, რამდენადაც იგი, ჯერ ერთი, ადამიანის უშუალო საარსებო საშუალებაა. მეორე კი, მისი ცხოველმოქმედების მატერიაა, საგანი და იარაღია. ბუნება ადამიანის არაორგანული სხეულია, სახელდობრ — ბუნება იმ ზომით, რა ზომითაც იგი ადამიანის სხეული არ არის. ადამიანი ბუნებით ცოცხლობს. ეს ნიშნავს, რომ ბუნება არის ადამიანის  სხეული, რომელთანაც მას მუდმივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რათა არ მოკვდეს. ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიცოცხლე ბუნებასთან რომ არის განუყრელად დაკავშირებული, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბუნება განუყრელად დაკავშირებულია თავის თავთან, რადგან ადამიანი ბუნების ნაწილია.

    ადამიანის გაუცხოებული შრომა, აუცხოებს რა მისგან 1) ბუნებას, 2) თვით მას, მის საკუთარ ქმედითს ფუნქციას, მის ცხოველქმედობას, ამით იგი ადამიანისაგან აუცხოებს გვარს: იგი ადამიანისათვის გვარეობრივ სიცოცხლეს ინდივიდუალური სიცოცხლის საშუალებად გადააქცევს. ჯერ ერთი, იგი აუცხოებს გვარეობრივ სიცოცხლეს და ინდივიდუალურ სიცოცხლეს, და მეორეც, ინდივიდუალურ სიცოცხლეს, აღებულს მისი აბსტრაქტული ფორმით, გვარეობითი სიცოცხლის მიზნად აქცევს კვლავ მისი აბსტრაქტული და გაუცხოებული ფორმით. 

  ეს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, თვით შრომა, თვით ცხოველქმედობა, თვით საწარმოო ცხოვრება ადამიანისათვის აღმოჩნდება მისი მხოლოდ ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ფიზიკური არსებობის შენარჩუნების საშუალებად. საწარმოო ცხოვრება არის სწორედ გვარეობითი ცხოვრება, ეს არის სიცოცხლის წარმომშობი სიცოცხლე. ცხოველქმედობის ხასიათში მოთავსებულია მოცემული სახეობის მთელი ხასიათი, მისი გვარეობითი ბუნება, ხოლო სწორედ თავისუფალი ცნობიერი საქმიანობა არის ადამიანის გვარეობითი ხასიათი. თვით სიცოცხლე მხოლოდ საარსებო საშუალებაა.

    ცხოველი უშუალოდ თავისი ცხოველქმედობის იდენტურია. იგი თავის თავს არ განასხვავებს საკუთარი ცხოველქმედობისაგან, ცხოველია ეს ცხოველქმედობა. ადამიანი კი თავის ცხოველქმედობას თავისი ნებისყოფისა და თავისი ცნობიერების საგნად ხდის. მისი ცხოველქმედობა ცნობიერია. ეს არ არის ისეთი განსაზღვრულობა, რომელსაც იგი უშუალოდ ერთვის. ცნობიერი ცხოველქმედობა უშუალოდ განასხვავებს ადამიანს ცხოველური ცხოველქმედობისაგან. სწორედ ამის გამოც იგი გვარეობითი არსებაა, ანდა, შეიძლება ითქვას: ის არის ცნობიერი არსება, ე. ი. მისი საკუთარი სიცოცხლე მისთვის საგანია სწორედ იმიტომ, რომ იგი გვარეობითი არსებაა. მხოლოდ ამის გამო მისი საქმიანობა თავისუფალი საქმიანობაა. გაუცხოებული შრომა ამ მიმართებას ისეთნაირად შეატრიალებს, რომ ადამიანი სწორედ იმიტომ, რომ იგი ცნობიერი არსებაა, თავის ცხოველქმედობას თავის არსებას მხოლოდ საკუთარი არსებობის შენარჩუნების საშულებად ხდის.

    საგნობირივი სამყაროს პრაქტიკული შექმნა, არაორგანული ბუნების გადამუშავება არის თვითდამკვიდრება ადამიანისა, როგორც ცნობიერი გვარეობითი არსებისა, ე. ი. ისეთი არსებისა, რომელიც ისე ეპყრობა გვარს, როგორც თავის საკუთარ არსებას, ანდა თავის თავს როგორც გვარეობრივ არსებას. მართალია, ცხოველიც აწარმოებს — იგი იშენებს თავისთვის ბუდეს, ანუ საცხოვრებელს, როგორც ამას აკეთებს ფუტკარი, თახვი, ჭიანჭველა და ა. შ. მაგრამ ცხოველი აწარმოებს მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ თვითონ მას ანდა მის ნაშიერს სჭირდება; იგი აწარმოებს ცალმხრივად, მაშინ როდესაც ადამიანი უნივერსალურად აწარმოებს; ცხოველი აწარმოებს მხოლოდ უშუალო ფიზიკური მოთხოვნილებების ძალით, მაშინ როდესაც ადამიანი მაშინაც აწარმოებს, როცა თავისუფალია ფიზიკური მოთხოვნილებისაგან და სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, სწორედ მაშინ აწარმოებს, როცა ის თავისუფალია ამ მოთხოვნილებისაგან: ცხოველი მხოლოდ თავის თავს აწარმოებს, მაშინ როდესაც ადამიანი მთელ ბუნებას კვლავ აწარმოებს. ცხოველის პროდუქტი უშუალოდ არის დაკავშირებული მის ფიზიკურ ორგანიზმთან, მაშინ როდესაც ადამიანი თავისუფლად უპირისპირდება თავის პროდუქტს. ცხოველი აშენებს მხოლოდ იმ სახეობის, ზომისა და მოთხოვნილების შესაბამისად, რომელსაც იგი განეკუთვნება, მაშინ როდესაც ადამიანს შეუძლია ყოველი სახეობის საზომის მიხედვით აწარმოოს და ყველგან მას შეუძლია საგანს მისთვის დამახასიათებელი საზომი მიუყენოს; ამის გამო ადამიანი სილამაზის კანონების მიხედვითაც აშენებს.

   ამიტომ სწორედ საგნობრივი სამყაროს გადამუშავებით ადამიანი პირველად იმკვიდრებს თავის თავს როგორც გვარეობითი არსება. ეს წარმოება არის მისი საქმიანი გვარეობითი ცხოვრება. წარმოების წყალობით ბუნება გვევლინება მის ნაწარმოებად და მის ნამდვილობად. ამიტომ, შრომის საგანია ადამიანის გვარეობითი ცხოვრების გასაგნობრივება: ადამიანი გაორდება უკვე არა მარტო ინტელექტუალურად, როგორც ეს ცნობიერებაში ხდება, არამედ რეალურადაც, ქმედითად და თავის თავს ჭვრეტს მის მიერ შექმნილ სამყაროში ამიტომ გაუცხოებული შრომა, ართმევს რა ადამიანს მისი წარმოების საგანს, ამით ართმევს მას მის გვარეობრივ ცხოვრებას, მის ნამდვილ გვარეობრივ საგნობრიობას, ხოლო იმ უპირატესობას, რომელიც ადამიანს ცხოველთან შედარებით აქვს, გადააქცევს მისთვის რაღაც უარყოფითად, რამდენადაც ადამიანს ართმევენ მის არაორგანულ სხეულს – ბუნებას.

    ამგვარადვე, გაუცხოებული შრომა, რომელიც თვითსაქმიანობას, თავისუფალ საქმიანობას უბრალო საშუალებამდე ამდაბლებს, ადამიანის გვარეობრივ ცხოვრებას მისი ფიზიკური არსების შენარჩუნების საშუალებად აქცევს.

   ადამიანისათვის დამახასიათებელი გვარეობითი არსების ცნობიერება, მაშასადამე, გაუცხოების შედეგად სახეს იმგვარად იცვლის, რომ გვარეობითი ცხოვრება მისთვის საშუალება ხდება.

   ამრიგად, შრომის გაუცხოებას შემდეგ შედეგებამდე მივყავართ: 

    3) ადამიანის გვარეობითი არსება – როგორც ბუნება, ისე მისი სულიერი გვარეობითი ავლადიდება — იქცევა მისთვის უცხო რაობად, მისი ინდივიდუალური არსებობის შენარჩუნების საშუალებად. გაუცხოებული შრომა აუცხოებს ადამიანისაგან მის საკუთარ სხეულს ისევე, როგორც მის გარებუნებას, მის სულიერ რაობას, მის ადამიანურ რაობას.

    4) ადამიანი რომ გაუცხოებულია თავისი შრომის პროდუქტისაგან, თავისი ცხოველქმედობისაგან, თავისი გვარეობითი რაობისაგან — ამის უშუალო შედეგია ადამიანის გაუცხოება ადამიანისაგან. როცა ადამიანი თავის თავს უპირისპირდება, მას უპირისპირდება სხვა ადამიანი. რაც შეიძლება ითქვას ადამიანის დამოკიდებულებაზე თავისი შრომისადმი, თავისი შრომის პროდუქტისადმი და თავის თავისადმი, იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის სხვა ადამიანისადმი დამოკიდებულებაზეც, აგრეთვე სხვა ადამიანის შრომისა და შრომის პროდუქტისადმი დამოკიდებულებაზეც.

    საერთოდ დებულება იმის შესახებ, რომ ადამიანისაგან გაუცხოებულია მისი გვარეობითი რაობა, ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი გაუცხოებულია მეორისაგან და თითოეული მათგანი გაუცხოებულია ადამიანური არსებისაგან.

   ადამიანის გაუცხოება, საერთოდ, ნებისმიერი მიმართება, რომელშიც ადამიანი იმყოფება თავის თავთან, ხორციელდება ვლინდება მხოლოდ ადამიანის მიმართებით სხვა ადამიანებთან.

    მაშასადამე, გაუცხოებული შრომის პირობებში თითოეული ადამიანი მეორეს რომ განიხილავს, ხელმძღვანელობს იმ მასშტაბითა და მიმართებით, რომელშიც იგი თვითონ იმყოფება როგორც მუშა.

    (XXV) ჩვენ ვემყარებით ეკონომიკურ ფაქტს — მუშისა და მისი პროდუქციის გაუცხოებას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ამ ფაქტის ცნება — გაუცხოებული შრომა და გავაანალიზეთ, მაშასადამე მხოლოდ ეკონომიკური ფაქტი.

     ახლა ვნახოთ, როგორ არის გაუცხოებული შრომის ეს ცნება გამოხატული და წარმოდგენილი რეალურ სინამდვილეში.

    თუ შრომის პროდუქტი ჩემთვის უცხოა, თუ იგი უცხო ძალის სახით მიპირისპირდება, ვისღა ეკუთვნის იგი ასეთ შემთხვევაში?

   თუ ჩემი საკუთარი საქმიანობა მე კი არ მეკუთვნის, არამედ უცხო იძულებითი საქმიანობაა, ვისღა ეკუთვნის იგი ასეთ შემთხვევაში? ვინმე სხვა არსებას და არა მე.

  ვინ არის ეს არსება?

  ღმერთები ხომ არა? მართალია, პირველ ხანებში მთავარი საწარმოო საქმიანობა, მაგალითად ტაძრების და სხვ. მშენებლობა ეგვიპტეში, ინდოეთში, მექსიკაში, ღმერთებისადმი სამსახურისაკენ იყო მიმართული და თვითონ პროდუქტიც ღმერთებს ეკუთვნოდა, მაგრამ ღმერთები მარტონი არასოდეს ყოფილან შრომის ბატონ-პატრონები. არც ბუნება ყოფილა მისი ბატონ-პატრონი, და როგორი ნააღმდეგობრივი იქნებოდა ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანი თავისი შრომით რაც უფრო მეტად იმორჩილებს ბუნებას და რაც უფრო ზედმეტი ხდება ღმერთების სასწაულები მრეწველობის სასწაულთა წყალობით, მით უფრო ადამიანს ამ ძალების საამებლად უარი უნდა ეთქვა სიხარულზე, რასაც მას წარმოება ანიჭებს, და პროდუქტით დატკბობაზე!

    უცხო არსება, რომელსაც შრომა და შრომის პროდუქტი ეკუთვნის, არსება, რომლის სამსახურშიც შრომა აღმოჩნდება, და რომლის დასატკბობად შრომის პროდუქტი იქმნება, შეიძლება იყოს მხოლოდ თვითონ ადამიანი.

    თუ შრომის პროდუქტი მუშას არ ეკუთვნის, თუ კი ის მას უპირისპირდება როგორც უცხო ძალა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ პროდუქტი ეკუთვნის სხვა ადამიანს და არა მუშას. თუ მუშის საქმიანობა თვით მისთვის წამებაა, მაშინ იგი რომელიმე სხვისთვის სიამოვნება და სიცოცხლის ხალისი უნდა იყოს. არც ღმერთებს და არც ბუნებას, არამედ მხოლოდ თვით ადამიანს შეუძლია იყოს ეს უცხო ძალა, რომელიც ადამიანზე ბატონობს.

აუცილებელია ამასთან, მხედველობაში მივიღოთ ზემოთ წამოყენებული დებულება იმის შესახებ, რომ ადამიანის დამოკიდებულება თავის თავისადმი მისთვის ხდება საგნობრივი, ნამდვილი მხოლოდ სხვა ადამიანისადმი მისი დამოკიდებულების მეშვეობით. მაშასადამე, თუ ადამიანი თავის შრომის პროდუქტს, თავის გასაგნობრივებულ შრომას ისე ეპყრობა, როგორც საგანს უცხოს, მისადმი მტრულად განწყობილს, ძლევამოსილს, მისგან დამოუკიდებელს, მაშინ იგი მას ეპყრობა ისე, რომ ამ საგნის ბატონ-პატრონია სხვა, მისთვის უცხო, მისდამი მტრულად განწყობილი, ძლევამოსილი, მისგან დამოუკიდებელი ადამიანი. თუ მისთვის საკუთარი საქმიანობა იძულებითია, იგი თვლის, რომ მისი საქმიანობა სხვა ადამიანს ემსახურება. თავადაც მისი ხელქვეითია, მის ძალდატანებას და უღელს ემორჩილება.

 თავის თავისა და ბუნებისაგან ადამიანის ყოველი თვითგაუცხოება ვლინდება იმ სხვა, მისგან განსხვავებული ადამიანების ისეთ დამოკიდებულებაში, რომელშიც იგი თავის თავს და ბუნებას აყენებს. ამიტომაც არის, რომ რელიგიური თვითგაუცხოება აუცილებლად ვლინდება მღვდელთმსახურისადმი ერისკაცის დამოკიდებულებაში, ანდა რადგან აქ ინტელექტუალურ სამყაროზეა ლაპარაკი — აგრეთვე ვინმე შუამავლისადმი და სხვ. დამოკიდებულებაში. პრაქტიკულ ნამდვილ სამყაროში თვითგაუცხოება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სხვა ადამიანებისადმი პრაქტიკულ ნამდვილ დამოკიდებულებაში. საშუალება, რომლის შემწეობითაც გაუცხოება ხდება, თვითონ არის პრაქტიკული საშუალება. ამრიგად, გაუცხოებული შრომის მეშვეობით ადამიანი წარმოშობს არა მარტო თავის დამოკიდებულებას წარმოების საგნისა და აქტისადმი, როგორც მისთვის უცხო და მისდამი მტრულად განწყობილი ძალებისადმი, იგი წარმოშობს აგრეთვე იმ დამოკიდებულებას, რომელშიც სხვა ადამიანები იმყოფებიან მისი წარმოებისადმი და მისი პროდუქტისადმი, და ასევე იმ დამოკიდებულებასაც ამ სხვა ადამიანებისადმი, რომელშიც თვითონ იმყოფება. მსგავსად იმისა, როგორც იგი თავის საკუთარ საწარმოო საქმიანობას სინამდვილიდან თავის გამოთიშვად, თავის სასჯელად გადააქცევს, ხოლო მისი საკუთარი პროდუქტი მისთვის იკარგება და ისეთი პროდუქტი ხდება, რომელიც მას არ ეკუთვნის, სწორედ ასევე წარმოშობს იგი იმის ბატონობას წარმოებასა და პროდუქტზე, ვინც არ აწარმოებს. როცა იგი თავის თავისაგან თავის საკუთარ საქმიანობას აუცხოებს, იგი შესაძლებლობას აძლევს სხვა ადამიანს მიითვისოს ის საქმიანობა, რომელიც მისი არ არის.

  აქამდე ჩვენ განვიხილავდით ამ დამოკიდებულებას მხოლოდ მუშის მხრივ; უფრო მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ მას აგრეთვე არამუშის მხრივაც.

   ამრიგად, გაუცხოებული შრომის მეშვეობით მუშა წარმოშობს ვინმე ადამიანის დამოკიდებულებას ამ შრომისადმი, ადამიანისა, რომელიც შრომისათვის უცხოა და შრომის გარეთ დგას. მუშის დამოკიდებულება შრომისადმი წარმოშობს კაპიტალისტის — ანდა სულერთია რა სახელსაც უწოდებენ შრომის ბატონ-პატრონს – დამოკიდებულებას იმავე შრომისადმი.

მაშასადამე, კერძო საკუთრება არის პროდუქტი, რეზულტატი, აუცილებელი შედეგი გაუცხოებული შრომისა, მუშის გარეგანი დამოკიდებულებისა ბუნებისა და თავისთავისადმი.

  ამრიგად, კერძო საკუთრებამდე მივდივართ ჩვენ გაუცხოებული შრომის, ე. ი. გაუცხოებული ადამიანის, გაუცხოებული ცხოვრების ცნების ანალიზით.

მართალია, გაუცხოებული შრომის (გაუცხოებული ცხოვრების) ცნება ჩვენ პოლიტიკური ეკონომიიდან გამომდინარე მივიღეთ როგორც კერძო საკუთრების მოძრაობის რეზულტატი, მაგრამ ამ ცნების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუმცა კერძო საკუთრება გაუცხოებული შრომის საფუძვლად და მიზეზად გვევლინება, მაგრამ სინამდვილეში იგი, პირიქით, გაუცხოებული შრომის შედეგია, მსგავსად იმისა, როგორც ღმერთები თავდაპირველად გვევლინებიან ადამიანის განსჯის ცდომილების არა მიზეზად, არამედ შედეგად. მოგვიანებით, ეს დამოკიდებულება ურთიერთქმედობის დამოკიდებულებად იქცევა.

   მხოლოდ კერძო საკუთრების განვითარების უკანასკნელ, კულმინაციურ სტადიაზე აშკარავდება კვლავ მისი ეს საიდუმლოება: ირკვევა, რომ კერძო საკუთრება არის, ერთი მხრივ, გაუცხოებული შრომის პროდუქტი, მეორე მხრივ, კი მისი გაუცხოების საშუალება, ამ გაუცხოების რეალიზაცია.

   ეს განვითარება მყისვე შუქს ფენს სხვადასხვა, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ კოლიზიას.

    1) პოლიტიკური ეკონომიისათვის ამოსავალი წერტილია შრომა, როგორც წარმოების ნამდვილი სული და გული. და მაინც შრომას იგი არაფერს აძლევს, კერძო საკუთრებას კი — ყველაფერს. პრუდონმა ამ წინააღმდეგობიდან დასკვნები გააკეთა შრომის სასარგებლოდ, კერძო საკუთრების წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს აშკარა წინააღმდეგობა არის წინააღმდეგობა გაუცხოებული შრომისა თავის თავთან და რომ პოლიტიკურმა ეკონომიამ ჩამოაყალიბა გაუცხოებული შრომის მხოლოდ კანონები.

   ამიტომ ჩვენ ვხედავთ, აგრეთვე, რომ ხელფასი კერძო საკუთრების იდენტურია, ვინაიდან ხელფასი, სადაც პროდუქტი, შრომის საგანი თვით შრომას ანაზღაურებს, არის მხოლოდ შრომის გაუცხოების აუცილებელი შედეგი, ხელფასში ხომ თვით შრომაც გვევლინება არა როგორც თვითმიზანი, არამედ როგორც ხელფასის მსახური. მოგვიანებით ჩვენ ვრცლად შევჩერდებით ამაზე. ახლა კი მხოლოდ რამდენიმე [XXVI] დასკვნას გამოვიტანთ.

   ხელფასის ძალდატანებით გადიდება (ყველა დანარჩენ სიძნელეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ხელფასის ასეთი გადიდების — როგორც ანომალიის – შენარჩუნება ასევე მხოლოდ ძალდატანებით), როგორც ეს ზემონათქვამიდან გამომდინარეობს, იქნებოდა, არც მეტი, არც ნაკლები საუკეთესო ანაზღაურება მონისა და ვერ მოუპოვებდა ვერც მუშას, ვერც შრომას მათ ადამიანურ დანიშნულებასა და ღირსებას.

  ხელფასის თანატოლობასაც კი როგორც ამას პრუდონი ითხოვს, მხოლოდ ის შედეგი მოჰყვებოდა, რომ მუშის დამოკიდებულებას მისი შრომისადმი ყველა ადამიანის შრომისადმი დამოკიდებულებად გადააქცევდა. ამ შემთხვევაში საზოგადოება უნდა გაგვეაზრებინა როგორც აბსტრაქტული კაპიტალისტი.

    ხელფასი გაუცხოებული შრომის უშუალო შედეგია, გაუცხოებული შრომა კი კერძო საკუთრების უშუალო მიზეზი. ამიტომ ერთი მხარის დაცემასთან ერთად უნდა დაეცეს მეორე მხარეც.

   2) შემდეგ კერძო საკუთრებისადმი გაუცხოებული შრომის დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს ის, რომ საზოგადოების ემანსიპაცია კერძო საკუთრებისაგან და ა. შ. კაბალისაგან, მუშათა ემანსიპაციის პოლიტიკურ სახეს იძენს, ამასთან საქმე აქ მარტო ემანსიპაციას როდი ეხება, ვინაიდან მათი ემანსიპაცია უკვე შეიცავს ზოგადსაკაცობრიო ემანსიპაციას; და ეს იმიტომ, რომ კაცობრიობის კაბალა მთლიანად მუშის წარმოებისადმი დამოკიდებულებაშია და ყველა კაბალური დამოკიდებულება ამ დამოკიდებულების სახეცვლილება და შედეგია.

      როგორც გაუცხოებული შრომის ცნების ანალიზის მეშვეობით მივიღეთ კერძო საკუთრების ცნება, სწორედ ასევე შეიძლება ორი ფაქტორის შემწეობით ყველა ეკონომიკური კატეგორია განვავითაროთ, ამასთან ყოველ კატეგორიაში, მაგალითად, ვაჭრობაში (Schacher), კონკურენციაში, კაპიტალში, ფულში, ჩვენ ვნახავთ ამ პირველი საფუძვლების ამა თუ იმ გარკვეულ და განვითარებულ გამოხატულებას.

      მაგრამ ვიდრე ამ ჩამოყალიბებას განვიხილავდეთ, შევეცდებით კიდევ ორი ამოცანა ამოვხსნათ:

   1) განვსაზღვროთ კერძო საკუთრების, როგორც გაუცხოებული შრომის შედეგის, საყოველთაო რაობა მის მიმართებაში ჭეშმარიტად ადამიანურ და სოციალურ საკუთრებასთან.

  2) ჩვენ მივიღეთ, როგორც ფაქტი, შრომის გაუცხოება და ფაქტი გავაანალიზეთ. ახლა საკითხავია, როგორ მივიდა ადამიანი თავისი შრომის გაუცხოებამდე? როგორ არის ეს გაუცხოება ადამიანური განვითარების არსში დაფუძნებული. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ჩვენ უკვე ბევრი რამ მივიღეთ იმით, რომ კერძო საკუთრების წარმოშობის საკითხი ჩვენ კაცობრიობის განვითარების მსვლელობისადმი გაუცხოებული შრომის დამოკიდებულების საკითხზე დავიყვანეთ. როცა კერძო საკუთრებაზე ლაპარაკობენ ფიქრობენ, რომ საქმე აქვთ რაღაც ნივთთან, რომელიც ადამიანის გარეთ იმყოფება. ხოლო, როცა შრომაზე ლაპარაკობენ, მაშინ საქმე აქვთ უშუალოდ თვითონ ადამიანთან, საკითხის ასე ახლებურად დაყენება უკვე შეიცავს მის გადაწყვეტას.

 1. პუნქტისადმი: კერძო საკუთრების საყოველთაო რაობა და მისი დამოკიდებულება ჭეშმარიტად ადამიანური საკუთრებისადმი.

   გაუცხოებული შრომა ჩვენთან დაიყო ორ შემადგენელ ნაწილად, რომლებიც ურთიერთგანაპირობებენ ერთიმეორეს ანდა, რომლებიც ერთი და იმავე მიმართების მხოლოდ სხვადასხვა გამოხატულებაა: მითვისება, ათვისება გვევლინება გაუცხოებად, გაუცხოება კი გვევლინება მითვისებად, როგორც მოქალაქეობის უფლებათა ნამდვილი შეძენა.

  ჩვენ განვიხილეთ ერთი მხარე, გაუცხოებული შრომა თვით მუშასთან მიმართებაში, ე. ი. შრომის მიმართება თვით თავის თავთან. ამ მიმართების პროდუქტის ანუ აუცილებელი რეზულტატის სახით, ჩვენ ვნახეთ არამუშის საკუთრების მიმართება მუშისა და შრომისადმი. კერძო საკუთრება, როგორც გაუცხოებული შრომის მატერიალური, რეზიუმირებული გამოხატულება, მოიცავს ორივე მიმართებას: მუშის მიმართებას შრომისადმი, თავისი შრომის პროდუქტისადმი და არამუშისადმი და არამუშის მიმართებას მუშისა და მისი შრომის პროდუქტისადმი.

    ჩვენ დავინახეთ, რომ მუშისათვის, რომელიც შრომის მეშვეობით ბუნებას ითვისებს, ეს ათვისება ვლინდება როგორც გაუცხოება, თვითსაქმიანობა, როგორც საქმიანობა ვიღაც სხვისათვის და, ასე  ვთქვათ, ვიღაც სხვის საქმიანობა, ცხოვრებისეული პროცესი ვლინდება, როგორც სიცოცხლის მსხვერპლად მიტანა, საგნის წარმოება, როგორც დაკარგვა საგნისა, რომელიც სხვის უფლებაში, უცხო ადამიანის ხელში გადადის. ახლა განვიხილოთ შრომისა და მუშისათვის ამ უცხო ადამიანის მიმართება მუშის, შრომის და მისი საგნისადმი.

   უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ის, რაც მუშასთან გვევლინება როგორც გაუცხოების საქმიანობა, არამუშასთან გვევლინება როგორც გაუცხოების მდგომარეობა.

   მეორეც, მუშის რეალური, პრაქტიკული დამოკიდებულება წარმოების პროცესში და მისი დამოკიდებულება პროდუქტისადმი (როგორც სულიერი მდგომარეობა) მისდამი დაპირისპირებულ არამუშასთან გვევლინება როგორც თეორიული დამოკიდებულება.

  (XXVII) მესამეც, არამუშა მუშის წინააღმდეგ აკეთებს ყოველივე იმას, რასაც მუშა აკეთებს თავის თავის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არამუშა არ აკეთებს თავის თავის წინააღმდეგ იმას, რასაც იგი მუშის წინააღმდეგ აკეთებს.

    განვიხილოთ უფრო დაწვრილებით ეს სამი დამოკიდებულება[3].


[1] ორიგინალში კალმის შეცდომაა, უნდა იყოს: უკუფარდობაში (რედ).

[2]  ხელნაწერში კ. მარქსი გაუცხოებას გამოხატავს ორი ხშირად ერთი მეორის გვერდით ხმარებული ტერმინით: „Entfremdung“ და – „Entäuferung“ როგორც წესი, ეს ტერმინები სინონიმური ცნებებია და ქართულად (ასევე რუსულადაც) მათი ერთი ტერმინით გადმოცემა სავსებით მართებულია. მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ტერმინ Entäuferung-ს კ. მარქსი მოცემულ ხელნაწერში სხვა აზრითაც ხმარობს, კერძოდ, იმ გაგებით, რომ აღნიშნოს საქმიანობის გაცვლა, გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, შეძენა, ე. ი. აღნიშნოს ისეთი ეკონომიკური და სოციალური მოვლენები, რომლებიც არ ნიშნავს მტრობას და უცხოობას. ტერმინ „Entfremdung“-ის გვერდით კ. მარქსი ხმარობს აგრეთვე ტერმინს „Selbstentfremdung“ (სიტყვასიტყვით „თვითგაუცხოება“). ამ ტერმინით იგი აღნიშნავდა მუშის საქმიანობას, მის შრომას კაპიტალისტურ საფუძველზე, აღნიშნავდა როგორც ისეთ საქმიანობას, რომელიც მობრუნებულია თვით მუშის წინააღმდეგ, არ არის მასზე დამოკიდებელი და მას არ ეკუთვნის (რედ).

[3] აქ წყდება პირველი დაუმთავრებლად დარჩენილი ტექსტი (რედ).

ტექსტი გერმანულიდან თარგმნა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომების ცნობილმა მთარგმნელმა პავლე  იაშვილმა. თარგმანს რედაქცია გაუკეთეს ვ. ერქომაიშვილმა, ე. კოდუამ და რ. დოღონაძემ. თარგმანი შედარებულია კ. მარქსისა და ფრ. ენგელსის თხზულებების მეორე რუსული გამოცემის შესაბამის ტომთან. „გაუცხოებული შრომის“ შესახებ თავი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემიდან: მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია, ტომი III, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989 წ.