1968 წელი საფრანგეთში

ხუთ დეკადაზე მეტი ხნის წინ საფრანგეთში აზვირთებულმა რევოლუციურმა ტალღამ ევროპის გაბატონებული კლასი შეარყია. 1968 წლის მოვლენამ რევოლუციური მოძრაობებისთვის ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები გახსნა. წინამდებარე ინტერვიუში ჯონ ლისტერი ესაუბრება სტუდენტური მოძრაობის ყოფილ ლიდერს, დენიელ ბენსაიდს. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია იმედოვნებს, რომ 1968 წლების ერთ-ერთი მონაწილის რეტროსპექტიული მზერა სასარგებლო იქნება დღევანდელი სტუდენტური მოძრაობისთვისაც, რომელიც ჯერ-ჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს და მთელი რიგი სისუსტეებისა და შეზღუდულობის მიუხედავად კვლავაც ახერხებს სოციალური საკითხების დღის წესრიგში შენარჩუნებას.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

ჯონ ლისტერი:  რა იყო  1968 წლის მაისის მოვლენების  წინაპირობები?  სტუდენტებმა  თავიანთი უფლებების შელახვაზე გასცეს პასუხი; მაგრამ რა ამოძრავებდა მუშათა კლასს?

დენიელ ბენსაიდი: დისკუსიათა უმეტესობა და საფრანგეთში მომხდარი მოვლენის ახალი ინტერპრეტაციების ავტორები, განსაკუთრებით ისინი, ვინც რევოლუციურ პოლიტიკასთან გაწყვიტეს კავშირი, ცდილობენ ყურადღება 1968 წლის  კულტურულ  და იდეოლოგიურ  ასპექტებზე გაამახვილონ. მაგრამ ის, რამაც 1968 წლის მოვლენებს რეალური წონა მისცა, სულ მცირე, საფრანგეთში, სტუდენტების მობილიზაციისა – რასაც, აგრეთვე, ნახავდით იაპონიასა და აშშ-ში – და საყოველთაო გაფიცვის კომბინაცია გახლდათ.

მოვლენათა დღევანდელი ინტერპრეტატორები სრულიად ივიწყებენ იმას, რომ ჩვენ საქმე გვქონდა ნამდვილ საყოველთაო გაფიცვასთან, რომელშიც მონაწილეობა   რვიდან ათ მილიონამდე მუშამ მიიღო და რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

რას ნიშნავდა ეს? შესაძლოა, ჩვენ ვცდილობდით ზედმეტი მნიშვნელობა მიგვენიჭებია გაფიცვის  პოლიტიკური  შინაარსისთვის. ცხადია, მან პოლიტიკური კრიზისის შესაძლებლობა შექმნა. გაფიცვისას წარმოიშვა რიგი დემოკრატიული მოთხოვნები, რომლებიც მიმართულნი იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლის  მკაცრად არქაული, ცენტრალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ასევე, გამოსაყოფია ეკონომიკური მოთხოვნები, რომლებიც მიემართებოდნენ ცხოვრების მატერიალური პირობების გაუმჯობესებას. მაგრამ პროტესტის მძლავრი ტალღის წარმოქმნის მიუხედავად, ფართო საყოველთაო გაფიცვაში პოლიტიზაციის დონე არც თუ ისე მაღალი იყო.

რეფორმისტულ პარტიებში არ შეიმჩნეოდა სერიოზული კრიზისი. მიუხედავად  ქუჩის პროტესტების მიმართ მტრული განწყობისა, კომუნისტურმა პარტიამ  შეძლო 1969 წლის არჩევნებზე კარგი შედეგებისთვის მიეღწია და მოახერხა რადიკალური პროტესტის დიდი ნაწილი განსაზღვრული მიმართულებით წარემართა. სერიოზული კრიზისი არც პროფკავშირებში შეიმჩნეოდა. პირიქით, ისინი სწრაფად იზრდებოდნენ, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებში. მუშათა მოძრაობებში არ ყოფილა მასშტაბური გახლეჩები, მსგავსი იმისა, რომლის შემსწრეც ომის შემდგომ პერიოდში -1945-1947 წლებში – გავხდით. მხოლოდ ახალგაზრდების და მუშების  ძალზედ მცირე შრე ჩამოშორდა ძირითად ტენდენციებს, რომლებმაც პროგრესული, ახალი, რადიკალური მემარცხენეობისთვის შექმნეს სივრცე. ეს მნიშნველოვანია, რადგან ის კვლავაც არსებობს, მაგრამ ეს იყო ძალიან მცირე გახლეჩა.

 პრაქტიკისთვის შესაძლებლობები შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ძალთა ურთიერთმიმართება. ეს ეხებოდა თავად საყოველთაო გაფიცვის საზღვრებსა და მამოძრავებელ ძალებს.  გაფიცვაში მონაწილეთა თვითორგანიზაცია ბევრად უფრო დაბალ დონეზე იყო, ვიდრე, მაგალითად, იტალიაში. იყო საწარმოს დაკავების შემთხვევები, მაგრამ  გაჩნდა ძალზედ ცოტა საგაფიცვო არჩევითი კომიტეტები და  გაიმართა მცირე რაოდენობის მასობრივი მიტინგები. გაფიცვის პროცესში პროფკავშირების  ხელმძღვანელები   პროცესზე კონტროლს ინარჩუნებდნენ.

მოვლენათა ზოგიერთი დღევანდელი ინტერპრეტატორი ცდილობს, რომ   საზოგადოებრივი მოძრაობების გაჩენა, მაგალითად, ქალთა მოძრაობა, 1968 წლის ხდომილებასთან გააიგივოს. სინამდვილეში, საფრანგეთში ეს მოძრაობები 1968 წლიდან გარკვეული ხნის შემდეგ წარმოიშვა. ხოლო რაც შეეხება 1968-ს, იმ პერიოდში ქალთა მოძრაობის გამოკვეთილი მოთხოვნები წინა პლანზე არ წამოწეულა.

ეს იყო შუალედური საყოველთაო გაფიცვა, რომელიც რჩებოდა რეფორმისტული ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ და რომელიც  გაერთიანება „საყოველთაო კეთილდღეობის“ ფუნქციონირების ფარგლებში ფართო სივრცისა და სოციალური გარანტიების მოპოვებისთვის იღვწოდა. მათ სურდათ ის მიეღოთ, რაც დე გოლის მმართველობის პერიოდში დაკარგეს.

სინამდვილეში, საბოლოო შეთანხმება  გაფიცულებს და სახელმწიფოს შორის არ მიღწეულა.  მოლაპარაკებებს შედგა, მაგრამ რადგან მთელი რიგი წინადადებები რენოს ზოგიერთ ქარხანაში უარყვეს,  ისინი  მხოლოდ  ცალკეული, დეცენტრალიზებული ხელშეკრულების საფუძვლად დარჩნენ. გლობალური, 1936 წლის მსგავსი შეთანხმება არ მიღწეულა. ძირითადი პუნქტები, რომლებზეც დათმობა და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, გამომუშავებული თანხის ოდენობა და პროფკავშირების უფლებები გახლდათ. სოციალური გარანტიების  საკითხზე  შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

გაფიცვის და მოძრაობის დინამიკის შეზღუდულობის მიუხედავად, პოლიტიკურ კრიზისში შესვლის წინაპირობები  არსებობდა. დღეს, ოცი წლის შემდგომ, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ მაშინ შესაძლებელი იყო რევოლუციის სწრაფად მოხდენა, მაგრამ 60-იანი წლების ატმოსფეროდან გამომდინარე, არსებობდა შესაძლებლობა, მომზადებულიყო ნიადაგი პოლიტიკური კრიზისისთვის.

ცხადია, რომ ბევრი რამ შეიცვალა და ზუსტად არავინ იცის, როდის იყო ეს შესაძლებელი, მაგრამ 1968 წელმა საფრანგეთში, ხოლო ევროპაში 70-იანების დასაწყისში ნამდვილად შეცვალა ვითარება. კიდევ ერთხელ, მე არ ვამბობ, რომ მაშინ შესაძლებელი იყო რევოლუციის მოხდენა, მაგრამ მოძრაობის პოტენციალი, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ის, რასაც სინამდვილეში მივაღწიეთ.

ჯ.ლ: ამ შეზღუდვებზე/ნაკლოვანებებზე კომუნისტური პარტიის ხაზმა იქონია გავლენა?

დ.ბ: აბსოლუტურად. თუ კი დღეს ჩვენ ხელახლა გადავიკითხავთ დიდი პარტიების 1968 წელს შედგენილ დოკუმენტებს, უმთავრესად, კომუნისტური პარტიის ტექსტებს, ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ იყვნენ ისინი [ულტრამემარცხენეების] პროვოკაციებით და შეთქმულებებით შეპყრობილნი.

ისინი ცდილობდნენ იმ ცვლილების შესახებ გაეცათ პასუხი, რომელიც ფრანგულ საზოგადოებაში მწიფდებოდა და რომელშიც მუშათა კლასი პირველად იყო უმრავლესობაში. მათ შეიმუშავეს საზოგადოებრივი ძალების ახალი კოალიციის იდეა, რომელიც ელექტორალურ დონეზე „მემარცხენეთა კავშირის“ სახით მოგვევლინა. ამავე დროს, კონსერვატორები, დე გოლის („გოლისტების“) მეთაურობით, არჩევნებში გამარჯვებებს აგრძელებდნენ. კომუნისტური პარტიის ლიდერები (CP)  ფიქრობდნენ, რომ სოციალისტური პარტია (SP) მათი ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე კაპიტულაციისთვის ჩააჩოჩეს.

მართლაც, სოც. პარტიის გავლენა 1968 წელს სერიოზულად შემცირდა.  ამის  გამო,  კომუნისტებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო მათთვის  ხელსაყრელი შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ, არჩევნებიდან არჩევნებადმე, იტალიის კომპარტიის მსგავსად  მემარცხენე ძალების მთავარი პარტია გამხდარიყვნენ. მაგრამ ყველა ეს გეგმა განქარვდა 1968 წლის მოვლენების გამო.

ისინი მოწოდებულნი იყვნენ მასობრივი მოძრაობა ეკონტროლებინათ. მათ წარმატებით გამართეს მოლაპარაკებები პროფკავშირების უფლებების გაფართოების შესახებ, რამაც გაზარდა კომპარტიის გავლენა პროფკავშირული ბიუროკრატიის დონეზე.  საბოლოოდ, ეს გაფიცვის ძირითადი შედეგი იყო.

ჯ.ლ: მიუხედავად იმისა, რომ კომპარტიას არ სურდა  მთავრობის გამოწვევა, მან შეცვალა თავისივე პოზიცია გაფიცვის დროს, როდესაც  „სახალხო მთავრობის“ შესახებ მოთხოვნა წამოაყენა.

დ.ბ: დიახ, ეს იყო ძალზედ მოკლე მონაკვეთი 22 დან 29 მაისამდე. ეს გახლდათ აშკარა პოლიტიკური კრიზისის კვირა, რადგან შეთანხმება უარიყო და  მოლაპარაკებების გზით გაფიცვის შეჩერების რაიმე შესაძლებლობა არ არსებობდა.

დე გოლის რეჟიმის სპეციფიკა არ ტოვებდა არანაირ გზას შეთანხმების მიღწევისთვის ან მოლაპარაკებების გამართვისთვის: ის ზედმეტად ცენტრალიზებული იყო და როდესაც ის გამოიწვიეს, რეჟიმის ძალა მის სისუსტედ გარდაიქმნა. შესაბამისად, ეს იყო პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი, რადგან 24 მაისს დე გოლმა გამოაცხადა, რომ მათ არ შეეძლოდ გამოსავლის მოძებნა და რეფერენდუმის გამართვის საკითხი წამოაყენა.  ყველამ – თვით ისეთმა ტიპაჟებმა როგორიც რეფორმისტი მენდეს ფრანსისი და მიტერანია – უარყო რეფერენდუმის იდეა.  ეს, შესაძლოა, ნიშნავდა პოლიტიკურ კრიზისს. არსებობდა ორი ვარიანტი. სოც. პარტია მზად იყო დათანხმებოდა „მემარცხენე მთავრობას პიროვნებებით“; თვით  მიტერანიც მზად  იყო  შეეთავაზებინა ახალი მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდებოდა არა პარტიულად, არამედ პიროვნებების მიხედვით, თანაც გამონაკლისის გარეშე და მოლაპარაკებების საფუძველზე.  ჩვენ მას ‘inclusive bonapartism’ დავარქვით.

კომპარტიას ეშინოდა მარგინალად გახდომისა და მანევრირების შესაძლებლობის დაკარგვისა, ამიტომაც მან  წამოაყენა აბსტრაქტული საკითხი სახალხო მთავრობის შესახებ, რომლისთვისაც ცხადი შინაარსი არ მიუცია. მაგრამ ინიციატივა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ თუნდაც ოთხი დღით დაეკავებინათ პოლიტიკური ავანსცენა. შედეგად მიტერანმა 1968 წლის შეჯამებისას განაცხადა, რომ ეს იყო მანევრი, ხოლო ფრაზა „ჩვენ მზად ვართ საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა“ იმ მიზნით ითქვა, რომ დე გოლს უარი ეთქვა რეფერენდუმზე,  ასამბელეა დაეთხოვნა და არჩევნები გაემართა.

იმ დროს მიტერანი იყო ბურჟუა მოღვაწე და  პირადად არ იყო სოც. პარტიის წევრი.  ის ეკუთვნოდა ბურჟუაზიულ, რადიკალურ პატარა ჯგუფს. მხოლოდ მოგვიანებით გაწევრიანდა სოც. პარტიაში, დაწინაურდა პარტიულ იერარქიაში და ორჯერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ყველაფერი ეს გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც დე გოლი გაქრა, არმიის სანახავად გერმანიაში წავიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა. იმ მომენტში შეიქმნა პანიკა, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში.

ჯ.ლ: როდესაც უკან იხედებით, ფიქრობთ თუ არა, რომ უკეთესი იქნებოდა წამოყენებულიყო უფრო კონკრეტულად სლოგანი, „კომუნისტურო პარტია, აიღე ძალაუფლება!“-ის მსგავსი?

დ.ბ: კომპარტიას არ შეეძლო ძალაუფლება დამოუკიდებლად აეღო ხელში.  ჩვენ მიერ შეთავაზებული ლოზუნგის ვარიანტი არ იყო  საკმარისად კონკრეტული, მაგრამ არც ისე ცუდი იყო, რაც ბრძოლისას დამტკიცდა კიდეც. დაახლოებით 13 მაისისთვის  გაიმართა კომპარტიისა  და CP-CGT-ის მასშტაბური დემონსტრაცია.  ისინი საფრთხეს გრძნობდნენ  როგორც მარჯვნიდან, ისევე მარცხნიდან;  რადგან წინა დღეს ჩვენ დავაორგანიზეთ ახალი სოციალ-დემოკრატიული მემარცხენეების და ახალი  პროგრესული მემარცხენეების  გაერთიანება,  კომპარტია კი ამ ნარევით შეშინებული იყო.

მათ დააორგანიზეს საკუთარი საკმაოდ ფართომაშტაბიანი დემონსტრაცია. დემონსტრაციის მონაწილეთა შორის ჩვენ ერთადერთი მემარცხენე მიმართულება ვიყავით, მაგრამ ძალიან ცოტანი გახლდით. ჩვენ მივედით ჩვენი ლოზუნგით „სახალხო მთავრობა, დიახ! მაგრამ მიტერანის და მენდეს-ფრანსის გარეშე!“. ეს ატაცებულ იქნა კომპარტიის აქტივისტების მიერ, რადგან ეს ასახავდა პოლიტიკურ მომენტს,  მათ სთავაზობდა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და,  ამავე დროს,  აჩვენებდა უნდობლობას მიტერანის და მენდეს-ფრანსის მანევრების მიმართ.

საყოველთაო გაფიცვის თანმხლები სხვა სირთულე, რომელიც მაშინ ღიად არ სახელდებოდა, მაგრამ „დე ფაქტო“ არსებობდა,  ის იყო, რომ გაფიცვის მოწოდების შემთხევევაში ბუნებრივად ჩნდებოდა შეკითხვა, თუ ვინ უნდა გამართოს მოლაპარაკებები, ვინ უნდა იყვნენ ხელმძღვანელები, ჩვეულებრივი პროფკავშირული ორგანოები თუ მემარცხენეები? ჩვენ უნდა შეგვეგნო, რომ ჩვენს მიმართულებას მხოლოდ 400 წევრი ჰყავდა, ხოლო ქარხნებში სულ რამდენიმე ადამიანი.  

ჯ.ლ: არ შეგიძლიათ მოგვიყვეთ ისტორია ორგანიზაცია „ახალგაზრდა კომუნისტი-რევოლუციონერების“ (JCR) გაჩენის  შესახებ?

დ.ბ: 1965 წელს ჩვენ ორი მიზეზის გამო ვიყავით გარიცხულები კომპარტიის რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციიდან. ერთ-ერთი მათგანი ვიეტნამის მხარდაჭერა იყო. ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მათ მხარს და სოლიდარობა გამოვუცხადეთ გამანთავისუფლებელ  ნაციონალურ  ფრონტს  (გნფ), კომპარტიის ოფიციალური „მშვიდობიანი“ ლოზუნგისგან განსხვავებით.  მეორე მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ  გამოვედით კომპარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხარი დაეჭირა მიტერანისთვის, როგორც 1965 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთო კანდიდატისთვის.

გარიცხვის შემდეგ, 1966 წლის აპრილში ჩამოვაყალიბეთ Jeunesses Communistes Revolutionnaires („ახალგაზრდა კომუნისტი რევოლუციენერები“), რომელიც  მთლიანობაში შემოიფარგლებოდა 300-400  წევრით და რომლის 90 % -ს სტუდენტები შეადგენდნენ.  ჩვენი ძირითადი  საქმიანობა იყო ვიეტნამისადმი სოლიდარობის გამოხატვა და უნივერსიტეტში დაწყებული რეფორმების წინააღმდეგ გამოსვლები.

როდესაც საყოველთაო გაფიცვა დაიწყო თვალსაჩინო გახდა, რომ ჩვენ არ გვქონდა რეალური წონა კონკურენციაში მონაწილეობისთვის; ერთადერთი, რაც ჩვენ  შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ პრაქტიკის კომიტეტების მეშვეობით გვეცადა მოძრაობის უფრო დინამიკური და რადიკალური ნაწილის ორგანიზება  და  ცენტრალიზება. ეს არ იყო ნამდვილი თვითორგანიზება, რადგან პრაქტიკის კომიტეტების შეკრებები, უფრო მეტად,   რადიკალთა შეხვედრების ასოციაციას იწვევდა.  ჩვენ ამ შეკრებების ცენტრალიზება ვცადეთ, რათა მოგვეპოვებინა ძალა იმისა, რომ გარკვეული წინადადებები გაგვეტანა მოძრაობის შიგნით. 

დღეს საფრანგეთში 1968 წლის ახალგაზრდებისა და სტუდენტების მოძრაობების  რადიკალიზმისა და პოლიტიზაციის  დონის გაზვიადების ტენდენცია შეიმჩნევა.  რადიკალური  განწყობების რეალური ზრდა მოხდა მხოლოდ 1968 წელს და შემდგომ. მანამდე კი სტუდენტი-კომუნისტები იყვნენ მხოლოდ რადიკალიზაციის დადგომის მაცნეები (milieu) და  მათი რაოდენობა არასდროს აღწევდა  5 ათას  წევრს.  ამას გარდა, 1968 წლამდე არ იმართებოდა ასეთი მასშტაბური მასობრივი დემონსტრაციები. რადიკალიზაცია დაიწყო ჩვენიდან,  ჰანოის დაბომბვიდან  1966-1967 წლებში, მაგრამ სახალხო მხარდაჭერა ასეთი დიდი არ ყოფილა.

ამ პერიოდში მე ვიყავი ნანტერის უნივერსიტეტში და ერთხელ,  კვირას ჩვენ დავნიშნეთ შეხვედრა, რომელიც როგორც ჩვენ წარმოგვედგინა საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო. მასში მონაწილეობდა 500 გარედან მოსული ადამიანი და 10 000 სტუდენტი. სინამდვილეში ეს იყო ძალიან აქტიური ადამიანების  უმცირესობა.  საინტერესოა, შევადაროთ წარსული დღევანდელ სიტუაციასთან: მაშინ ეს იყო  მხიარული, სტიქიური ინტერნაციონალიზმი, ძლიერი იდენტიფიკაციით და არა მხოლოდ – ვიეტნამთან. აშკარაა, რომ ვიეტნამი გახდა გამოხატულება იმპერიალიზმთან, შავკანიანებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა, – ზუსტი კონფრონტაციისა, რომელშიც ყველაფერი ცხადია, პოლიტიკა, მორალი, ეთიკა, ყველაფერი, რომელიც ბარიკადების ერთი და იმავე მხარეს უპრობლემოდ აყენებს ხალხს.

მაგრამ ნანტერში მოძრაობა მიმართავდა ანტიბიუროკრატიულ ბრძოლასაც, რომელშიც  ჩართულები იყვნენ ვარშაველი სტუდენტებიც. მათ ასევე სხვა პრობლემებიც წამოწიეს, რომლებიც პოლონურ საზოგადოებას აწუხებდა.

მოძრაობა ნანტერში ყველასთვის  ღია იყო. მას ჰქონდა სამი ძირითადი მიმართულება:  ის იყო მიმართული ბურჟუაზიული რეფორმების წინააღმდეგ განათლების სფეროში, იმპერიალიზმის და ბიუროკრატიის წინააღმდეგ. ერთადერთი  შეზღუდვა  გაწევრიანებისთვის – არ გვქონია რაიმე ტესტი, პროგრამა, როგორც ეს პარტიას ან  რაიმე სხვას აქვს – იყო  შტატების  მიერ ვიეტნამში შეჭრის მიუღებლობა. ეს იყო ერთადერთი რეალური კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით. მაშინ ეს ყველაფერი გასაგები იყო. სამყაროს უნიფიცირებული ხედვა იმ მოძრაობის რეალური მახასიათებელი იყო.

ჯ.ლ: როგორ აფასებთ იმ დროის სხვა მოძრაობებს,  ისეთი როგორიც  სტუდენტური გაერთიანება „22 მარტი“ გახლდათ?

„22 მარტის“ მოძრაობა თავიდან დაიწყო ნანტერის უნივერსიტეტში, მაგრამ გაფართოებასთან ერთად შეიცვალა მისი სტრუქტურაც. ის იყო  შერეული პოლიტიკური მოძრაობა.  თავიდან მასში იყო  ორი მთავარი ნაკადი, ჩვენ და ანარქისტები. კომპარტიის ახალგაზრდობა ყოველთვის ოპოზიციურად იყო განწყობილი მის მიმართ.

იყვნენ ცალკეული ლამბერტისტები (ორგანიზაცია კომუნისტი-ინტერნაციონალისტების  (Organisation Communiste Internationaliste, OCI)), რომლებსაც ძალზედ აწუხებდათ სტუდენტური ტრეიდუნიონიზმის საკითხი.  მოძრაობა „22 მარტი“ მათ მიაჩნდათ ანტიუნიონისტურ მოძრაობად, რომელიც მიმართული იყო სტუდენტური კავშირის დანგრევისაკენ. ჩვენ ასე არ ვფიქრობდით. შესაბამისად, მოძრაობის რეალური მამოძრავებელი ძალა გახლდათ ანარქისტები და „ახალგაზრდა კომუნისტ რევოლუციონერები“.

ახალგაზრდებში კომპარტია იმ დროს მარგინალური ძალა იყო, შედეგად ვრჩებოდით ჩვენ და ულტრა-სექტანტი ლამბერტისტები. ძირითად ნაკადს წარმოადგენდნენ მაოისტები, რომელთა რაოდენობაც ჩინეთში მომხდარი 1966-67 წლების კულტურული რევოლუციის შედეგად გაიზარდა. 1968 წლის მოვლენების საწყის ეტაპზე ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენ  გავიმარჯვეთ მათთან შეჯიბრებაში 1968 წლის გავლის შედეგად.

ჯ.ლ: ორგანიზაცია „ახალგაზრდა კომუნისტ რევოლუციონერები“ სწრაფად იზრდებოდა 1968 წელს?

დ.ბ: დიახ, ჩვენ გვქონდა უზარმაზარი პრესტიჟი, რადგან თავიდანვე გაგვაიგივეს მოძრაობა „22 მარტის“ რადიკალურ ფრთასთან. მაგალითად, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ეროვნული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც სრულიად მონაწილეობდა 10 მარტის  ღამის მოვლენებში -„ ბარიკადების ღამეები“.

„ახალგაზრდა კომუნისტი რევოლუციონერების“ და  კომუნისტ რევოლუციონერების ლიგის (Ligue Communiste Revolutionnaire) ზრდა, რომელიც ჩვენ  მოგვიანებით გავხდით, ორი რამის კომბინაციიდან მომდინარეობდა: ჩვენი მონაწილეობა მოძრაობაში, იმ პირობებში როდესაც მაოისტები ნაწილობრივ დისკრედიტირებულები იყვნენ და  ჩვენი ამხანაგი ალან კრივინის 1969 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩართვა.

პროგრესული მემარცხენე ჯგუფების უმეტესობა, საკუთარ მემარცხენე ინფანტილიზმს ავლენდა და არ ძალუძდათ არჩევნების გამოყენების შესახებ რაიმე იდეა გასჩენოდათ.  ასეთი ნაბიჯის უპირატესობა არ იყო ცალსახა  და ამის გაკეთება განსაკუთრებით რთული იყო.  მაგრამ ეს იყო კარგი იდეა და ის  მთელი წლის განმავლობაში გვაძლევდა  სივრცეს განვითარებისთვის.

ჯ.ლ: გაფიცვის შემდგომ ორგანიზაცია „ახალგაზრდა კომუნისტი-რევოლუციონერები“ აიკრძალა.

დ.ბ: მაშინ და შემდგომ ისევ, 1973 წელს!  მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ეს იძლეოდა რაღაც უპირატესობას.  რადგან თუ კი თქვენ არ ჩაეჭიდებოდით მაოისტების გიჟურ ხაზსს და გექნებოდათ რეალური კავშირი მუშათა მოძრაობასთან, მაშინ არალეგალურობა უბრალოდ ფორმალობაა და გარკვეული პრესტიჟიც კი მოაქვს.  ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით რეორგანიზაცია ჩაგვეტარებინა, სექტემბერ-ოქტომრამდე ჩვენი 20 წევრი  ციხეში ჩასვეს, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის დიდი პრობლემა.

ჯ.ლ:   შესაძლებელი იყო, რომ მაშინ უკეთ გემოქმედათ? არ მიგაჩნიათ, რომ 1968 წლის მოვლენების პოტენციალმა ბევრ ადამიანში გააჩინა  ზედმეტი მოლოდინები?

დ.ბ: აშკარაა, რომ  ეს იყო უმაღლესი წერტილი, თანხლებული შესაძლებლობებით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ  ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რა ძალებით ჩავერთეთ 1968 წელს.

ჩვენ ჩამოვყალიბდით 1966 წელს მუშათა კლასის არსებობის იდეის დაცვით; იმ პირობებში, როდესაც  ყველა ერთ ხმად ამტკიცებდა, რომ მუშათა კლასი აღარ არის და რომ ყველა ბურჟუა გახდა. მოულოდნელად, ორი წლის მონაკვეთში ჩვენ მივიღეთ რეალური, ცოცხალი საყოველთაო გაფიცვა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იყო!

ნათელია, რომ არსებობდა სხვა შესაძლებლობები თვით პატარა ორგანიზაციისთვისაც, მაგრამ მისი გამოყენება შეგვეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნებოდა უფრო მეტი გამოცდილება და ვიქნებოდით უფრო მოწიფულნი. სინამდვილეში საკითხი, რომელიც თქვენ წამოწიეთ, ეხება პირველ რგიში 1968 წლის მოვლენების შეფასებას.

ეს არ არის აკადემიური შეკითხვა. უნდა ჩავთვალოთ ეს მთად თუ მხოლოდ გორაკად? ჭეშმარიტება  შესაძლოა ამ ორს შორის იყოს. მაგრამ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს:  თუკი დღეს არაფერი ხდება, მაშინ ეს მწვერვალი ყოფილა, რომელსაც ციცაბო ფერდობიდან ვარდნა მოჰყვა. ახლა ის მომენტია, რომლიდანაც უნდა დავიწყოთ.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს იყო  უკანასკნელი დიდი გაფიცვა მეცხრამეტე საუკუნის მუშათა კლასისა.  მაგრამ, შესაძლოა, ეს იყო ოცდამეერთე საუკუნის პირველი დიდი გაფიცვა. ჩვენ ეს არ ვიცით და ეს დამოკიდებულია იმაზე,  თუ რას ვაკეთებთ ახლა.

1968 წლის მოვლენების უფრო დაბალანსებული ხედვა იმის მტკიცება არ უნდა იყოს, რომ ეს გახლდათ რევოლუციური ბუნტი; თუმცა  ჩვენ ხანდახან დაჟინებით ვამტკიცებთ ზემოხსენებულს, რადგან ამ მოვლენის პოლიტიკურ მნიშვნელობას გავუსვათ ხაზი. უფრო ფხიზელი შეფასება აჩვენებს, რომ მუშათა კლასის ცნობიერება  ჩამოყალიბდა  აყვავების და განვითარების წლებში, საერთო კეთილდღეობის, დემოკრატიული უფლებების მქონე საზოგადოებაში.

1968 წლის მოვლენები არ იყო რევოლუციური კრიზისი, მსგავსი იმისა, რაც მეოცე საუკუნის  20-იან და 30-იან წლებში ვიხილეთ. ეს მართლაც ასეა და ხანდახან კომპარტიასთან ცხარე პოლემიკის დროს, ჩვენ  ზედმეტად ვაქცენტირებდით სიტუაციის რევოლუციურ  ხასიათზე. შესაძლოა, ლამბერტისტებთან პოლემიკაში ჩვენ უფრო  მეტად ობიექტურები ვიყავით, თუმცა,  თავდაპირველად, არ ვიცოდით, თუ როგორ აგვეხსნა და გამოგვეხატა შთაბეჭდილებები იმის შეახებ, რომ ვითარება ჯერ კიდევ  არა რევოლუციური, არამედ წინარე-რევოლუციური გახლდათ. დიახ, იყო მუშათა კლასის  ძლიერი მოძრაობა, რომელმაც შეარყია ბურჟუაზია, მაგრამ არ ჩანდა „სუბიექტური ფაქტორი“, რევოლუციური მთავრობა, რომელიც  მყარად  გაიდგამდა ფესვებს მუშათა კლასში.

ბიუროკრატიის სიძლიერეს კავშირი აქვს  მუშათა კლასის  ფართო ფენების ცნობიერების დონესთან. დღეს ეს ჩვენთვის უფრო ნათელია.

სინამდვილეში მაოისტურ მიმდინარეობებში უფრო მეტი ილუზია იყო, ნაწილობრივ მუშათა კლასის დასრულების წარმოდგენის გამო.  ისინი მოელოდნენ  რევოლუციას  უცბად, დაუყოვნებლივ და სწრაფადაც მიდიოდნენ საკუთარ დაცემამდე. მათი ილუზიები შეწყვილებული ევროპასა და ჩინეთში წარმართული პროცესებით იმედგაცრუებასთან არ ამართლებს, მაგრამ ხსნის იმას, თუ რატომ გამოვიდა მაოისტური მიმდინარეობიდან ამდენი მემარჯვენე ინტელექტუალი.

სოციალ-დემოკრატები ცდილობენ 1968 წლის მოვლენები კულტურული  და სოციოლოგიური ცნებებით განმარტონ: ზოგიერთი ამტკიცებს, რომ 1968 წლის მოვლენები წარმატებული იყო, რადგან სოციალისტურმა პარტიამ შეძლო მთელი რიგი რეფორმების განხორციელება, დემოკრატიული მისწრაფებების ხორცშესხმა, აბორტის ლეგალიზება და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს აბსურდია: ბევრ ქვეყანაში  ამ ყველაფერს და უფრო მეტსაც 1968 წლის გარეშეც მიაღწიეს. ეს არაფერს გვეუბნება ამ მოძრაობის თავისებურებების შესახებ, არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა საყოველთაო გაფიცვა, რომელშიც მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ა.შ.

დღეს შეიმჩნევა საყოველთაო მცდელობა 1968 წლის მოვლენების დეპოლიტიზაციისა. ამ პირობებში ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ამ  აღმავლობის რეალური პოლიტიკური შინაარსი და დინამიკა, არა მხოლოდ ვიზეიმოთ ეს მოვლენები, არამედ მივანიჭოთ მას თანამედროვე პოლიტიკური მნიშვნელობა.

თარგმნა საბა კოხრეიძემ შემდეგი წყაროდან: https://www.marxists.org/history/etol/newspape/iv/iv-n301-jun 1998.pdf?fbclid=IwAR2lE6Sf4Nw-wnvn1rf51qTX9-q9rhHt3AhtOok6t-K2f3PNyB-uAbv-pS0