ბრანკო მილანოვიჩი – მცირე ნარკვევი მარქსსა და კეინზს შორის განსხვავებების შესახებ  

 „აჩრდილის“  რედაქცია წარმოგიდგენთ თანამედროვე  ეკონომისტის,   ბრანკო  მილანოვიჩის მცირე ზომის ესეს, რომელშიც ავტორი მარქსისა და კეინზის შეხედულებათა შედარებით ანალიზს  გვთავაზობს.

დღეს, სახელმწიფოს აპარატის და მისი ეკონომიკური გაძლიერების პრიმატი ე.წ მარქსისტებისთვისაც ამოსავალი წერტილია. ხშირად გვესმის მემარცხენე ბანაკში სახელმწიფოს დაცვისკენ, მისი როლის გაზრდისაკენ მიმართული მოთხოვნები, რომელიც ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად არის ხოლმე წარმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში, ის იდეოლოგიური თუ მეთოდური განსხვავებები, რომლებიც კეინზსა და მარქსს (მარქსიზმს) შორისაა,  თითქოს ბევრისთვის იშლება და  აქცენტი უფრო მათ მსგავსებებზე კეთდება.

სწორედ ამიტომ, მკითხველისთვის, შესაძლოა, წინამდებარე ტექსტი გამოსადეგი იყოს იმ ურთიერთგანსხვავებული და, მეტიც, ურთიერთსაწინააღმდეგო ტრადიციების განსასხვავებლად, რომლებიც ჩვენს დროში, რატომღაც ერთმანეთთან არის ხოლმე გაიგივებული.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

   ამ მცირე ფრაგმენტის დაწერა ჯოან რობინსონის (1942 წ.) ტექსტის – „ნარკვევი მარქსისტული ეკონომიკური თეორიის შესახებ“ – ფრანგულმა თარგმანმა შთამაგონა,  რომელიც ახლახან წავიკითხე. ნარკვევი რობინსონის მიერ  მარქსის, მარშალისა და კეინზის  შესახებ წლების განმავლობაში დაწერილ რამდენიმე დამატებით ნაშრომთან ერთად გამოქვეყნდა. (თარგმნა და შესავალი დაურთო ულისე ლოჯკინმა). წერისკენ, ასევე, ჯოან რობინსონის ცხოვრების ძალზედ საყურადღებო მიმოხილვამ და იმ ტექსტმა მიბიძგა, რომელიც, ეს-ესაა, კაროლინა ალვესმა  The Journal of Economic Perspectives -ში გამოაქვეყნა.

 სანამ დავიწყებდე, ნება მიბოძეთ, ჩემი ცოდნის საზღვრები მართებულად განვსაზღვრო. მარქსი ყოველთვის კარგად ვიცოდი და იმის გამო, რომ (ჩემი მომავალი წიგნისთვის) შემოსავლის გადანაწილების შესახებ მარქსის ხედვებზე თავის წერა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დავასრულე, რომელშიც რეალური ხელფასის, კაპიტალის ორგანული კომპოზიციის ზრდის, მოგების ნორმის ვარდნის ტენდენციის და ა.შ. საკითხები განიხილება,  ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჯერ კიდევ ცოცხლადაა შემონახული ჩემს მეხსიერებაში.

 კეინზისა ბევრად ნაკლებად გამეგებოდა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ, დიდი ხნის წინათ,  ჩემი გზამკვლევი ერთი განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და ეს მაშინ, როდესაც კეინზის „ზოგადი თეორიის“ შესახებ ვმუშაობდი. ერთი წლის განმავლობაში (პირისპირ რეჟიმში) აბა ლერნერი მასწავლიდა, კეინზის ერთ-ერთი პირველი მოწაფე. ლერნერის მიდგომის მიხედვით „ზოგადი თეორიიდან“ ჯერ ერთი თავი უნდა  წამეკითხა,  შემდეგ შემეჯამებინა, განმეხილა და მისთვის გამეგზავნა, მას კი მომდევნო კვირას ჩემი ტექსტი შესწორებული მოჰქონდა.  აღფრთოვანებული  ვიყავი კეინზის  ნიჭიერებით. ჯერ კიდევ ცხადად მახსოვს (ამას  ვწერ    კეინზის  ნებისმიერი წიგნიდან ძალზედ შორს მყოფი) თავი „პროცენტის ნორმის საერთო თეორიასა“  და  „ფულის გადაზიდვის ფასზე“, რომლის წაკითხვა და კიდევ ერთხელ გადაკითხვა ლერნერმა დამავალა. მაგრამ სრულიად არ ვადევნებდი თვალყურს კეინზიანური  მაკროეკონომიკის განვითარებებს და, საერთოდ,  მაკროეკონომიკით    ნაკლებ ვიყავი დაინტერესებული. ასე რომ, აქ ვილაპარაკებ იმის შესახებ თუ რას ვფიქრობ კეინზზე და არა კეინზიანელებზე.

 ჯოან რობინსონის ნარკვევის მიზანი მარქსისა და კეინზის ეკონომიკური თეორიების „un rapprochement”[1] იყო, რაც ხაზს უსვამდა კაპიტალისტური წარმოებითი ურთიერთობების (რომელიც ეფექტური მოთხოვნის ნაკლებობას იწვევს) შესახებ მარქსის ხედვებსა და   „ზოგადი თეორიის“ თემებს შორის მსგავსებას. მოვიყვანთ მარქსის ერთ-ერთ ციტატას: „ყველა ნამდვილი კრიზისის საბოლოო მიზეზი მაინც მასების სიღარიბე და მათი მოხმარების  შეზღუდულობაა წინააღმდეგ კაპიტალისტური წარმოების ტენდენციისა, რომელიც მწარმოებლური ძალების ისეთნაირი განვითარებისაკენ მიისწრაფვის, თითქოს მათს საზღვარს მხოლოდ საზოგადოების აბსოლუტური მოხმარებითი უნარი წარმოადგენდეს“.[2]  შეიძლება კიდევ უფრო მეტი ითქვას და ჯოან რობინსონი ამას აკეთებს. ან როგორც მარქსი წერს – ვპერიფრაზირებ –  ყოველი ცალკეული კაპიტალისტისთვის  თავისი საკუთარი  მუშა მისივე ანტაგონისტია: მას სურს მათ უფრო ცოტა უხადოს; მაგრამ სხვა კაპიტალისტების მუშები მას „მეგობრებად“ წარმოუდგებიან, ისინი მისი მომხმარებლები არიან. თუმცა როდესაც ყველა კაპიტალისტი მუშების შევიწროვებას ცდილობს  და როცა ყველას მათ ეს გამოსდით, შედეგი ეკონომიკური კრიზისია.

 მარქსთან ეკონომიკური კრიზისების სხვა ახსნა განყოფილებების დაუბალანსებელი  ზრდაა, რომლებიც სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელს აწარმოებენ, მაგრამ ეს ახსნა კეინზიანელებისათვის ნაკლებად საინტერესოა. რობინსონი მარქსის სხვა იდეებსაც ასევე ძალიან კარგად მიმოიხილავს, მათ შორის, ღირებულების შრომით თეორიას, ტრანსფორმაციის საკითხს,  მოგების ნორმის ვარდნის  ტენდენციას და ა.შ. მაგრამ  აქცენტი, როგორც უკვე ვახსენე, კრიზისების წარმოებასა და  ეფექტურ მოთხოვნაზე კეთდება.

 როდესაც რობინსონი მარქსს, მარშალსა და კეინზს ურთიერთაპირისპირებს, ის ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ, ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ თითოეული მათგანის „მეცნიერული“ წინაპირობები „იდეოლოგიური“ შემადგენლისგან გამოვაცალკევოთ, რაც სამივე ავტორთან  გვხვდება: მარქსის დარწმუნებულობა, რომ კაპიტალიზმი ისტორიული (და შესაბამისად გარდამვალი) წარმოების  წესია, მარშალის დაშვება, რომ კაპიტალიზმი წარმოებითი ორგანიზების  „ბუნებრივი“ საშუალებაა და კეინზის სურვილი, გააუმჯობესოს კაპიტალიზმი ან გადაარჩინოს  ის თვითგანადგურებისგან.

 მე კი მგონია, რომ განსხვავება, სულ მცირე, მარქსსა და კეინზს შორის არა იმდენად იდეოლოგიური (თუმცა  არ ვაპირებ უარვყო, რომ ეს რეალურია), არამედ დროითი ჰორიზონტია, რომელსაც ისინი საკუთარი ანალიზისას მიემართებიან. (მიმაჩნია, რომ  შუმპეტერს რაღაც მსგავსი აზრი ჰქონდა, ასე რომ, ეს, შესაძლოა, არც იყოს ორიგინალური შეხედულება).

 მარქსისთვის დროითი ჰორიზონტი ყოველთვის გრძელვადიანია, მაშინაც, როდესაც ის  კრიზისებს განიხილავს. კრიზისები, კაპიტალისტური წარმოება რომ აწყდება, გრძელვადიანი (შინაგანი) პრობლემის დროებითი გამოვლენები არიან. და გასაკვირი არაა, რომ მარქსისტი ავტორები (ვფიქრობ მარქსთან ახლოს მდგომნი), როგორებიც გროსმანი, ბუხარინი და მანდელი არიან, მოგების ნორმის გრძელვადიან ვარდნასა და მოკლევადიან არასტაბილურობას შორის მსგავსებას კაპიტალიზმის დამასრულებლებად წარმოისახავდნენ. (ასევე შემთხვევითი არაა, რომ რობინსონი უარყოფს მოგების ნორმის ვარდნისკენ ტენდენციას, მაგრამ ეთანხმება კრიზისების ახსნას). მარქსთან ყველაფერი, როგორც ჯოან რობინსონი სწორად შენიშნავს, ისტორიულია. მარქსი მკითხველს ყოველთვის წინ გახედვას სთავაზობს, რათა მათ კაპიტალიზმის  მამოძრავებელ  ძირითად ძალებზე იფიქრონ.

 კეინზთან  სიტუაცია სხვაგვარადაა, თითქმის საპირისპირო. კეინზის მთლიანი სტრუქტურა (არა აუცილებლად კეინზიანური) მოკლევადიანია:  მიზანი  ეკონომიკის დასტაბილურება და  სრულ ან თითქმის სრულ დასაქმებამდე მისი დაბრუნებაა. კეინზს დიდად არ აინტერესებს კაპიტალიზმის გრძელვადიანობა. იმპლიციტურად, ვფიქრობ, მას სჯერა, რომ კაპიტალიზმს შეუძლია მარადიულად არსებობა, სანამ ის იმგვარად „გამყარებულია“, რომ რესურსების სრულ გამოყენებას უზრუნველყოფს. „გამყარება“ შესაძლებელია მოიცავდეს სახელმწიფო ინვესტიციებს, ან რენტიეს ევთანაზიას,  მაგრამ კეინზი არ არის  პურისტი:  ის, ვითარების გამოსასწორებლად,  ყოველგვარ, მათ შორის, თითქოსდა სოციალისტურ ინსტრუმენტსაც გამოიყენებდა.

 ნება მიბოძეთ, მარქსის გრძელვადიან და კეინზის მოკლევადიან პერპექტივებს შორის სხვაობა ორ ცნებასთან მიმართებით წარმოვაჩინო, რა დროსაც ჩვენი ავტორები, ისე ჩანს, თითქოს ერთიდაიმავეს საუბრობენ: „ცხოველური სულები“ (“the animal spirits“) და  „მშრომელთა სარეზერვო არმია“. „ცხოველური სულების“ იდეა, როგორც ცნობილია, კეინზმა შემოიტანა, რათა კაპიტალისტური საინვესტიციო გადაწყვეტილებები აეხსნა; კაპიტალისტები უმეტესად არა მოგებისა და ხარჯების ზუსტი საზომებით, არამედ მათი შინაგანი ინტუიციით ( „ცხოველური სულით“) ხელმძღვანელობენ  და თუ რაიმე მიზეზით ეს ინტუიცია შეიცვლება, ეკონომიკაში მოთხოვნა შეიძლება უცაბედად გაიზარდოს ან  შემცირდეს. ჯოან რობინსონი აღნიშნავს, თუ როგორ ჰგავს ინვესტირების ეს (მკაცრი გაგებით) ირაციონალური სტიმული მარქსის შეხედულებას, რომლის მიხედვითაც კაპიტალისტები qua  კაპიტალისტები ყოველთვის იმისკენ ისწრაფვიან, რომ არა მხოლოდ  მაქსიმალური მოგება ნახონ, არამედ ასევე მისი რეინვესტირება განახორციელონ. მარქსისთვის, ისინი კაპიტალისტები მხოლოდ მაშინ ხდებიან, როდესაც მოგებას კი არ შთანთქავენ, არამედ მის რეინვესტირებას ახორციელებენ. კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, დაგროვება არის „მოსე და ყველა წინასწარმეტყველი“. ორივე შემთხვევაში ვხედავთ იმას, რომ ინვესტირებისკენ მიმართული სტიმული მოცემულია გარედან: ოპტიმიზმის ან პესიმიზმის უცაბედი აფეთქების გზით, ან იმით, რასაც შეგვიძლია „კაპიტალისტური სული“ ვუწოდოთ. მაგრამ კეინზის შემთხვევაში, ეს კონცეფცია  მოკლევადიანი რყევების ასახსნელად გამოიყენება; მარქსთან ეს მთლიანად კლასის მახასიათებელია, რაც აშკარად  გრძელვადიანია.

  ან ავიღოთ „მშრომელთა  სარეზერვო არმია“, რომელიც იკუმშება და ფართოვდება, როგორც კი ეკონომიკური აქტივობები იზრდება და იკლებს.  ეს ძალზედ გავს ციკლურ  უმუშევრობას, რომელიც ასეთ დიდ როლს ასრულებს კეინზთან (კერძოდ, შეიძლება ითქვას, მთლიანი წიგნის მამოძრავებელია). მაგრამ მარქსის „სარეზერვო არმია“  მუდმივმყოფია, შესაბამისად, კაპიტალიზმის გრძელვადიანი მახასიათებელია. კაპიტალისტებს ის შრომის დისციპლინისათვის სჭირდებათ და თუ გარკვეულ პერიოდებში სარეზერვო არმია იკუმშება და ამგვარად, კაპიტალისტთა კლასის შედარებით ძალაუფლებას ამცირებს, მას, ამავე დროს, მოძრაობაში მოჰყავს გამომაცოცხლებელი ძალები – შრომის შემამსუბუქებელი ინვესტიციები. მარქსთან „სარეზერვო არმია“ არასდროს ქრება. ამისდამიუხედავად, კეინზთან ციკლური უმუშევრობა, იდეალურ შემთხვევაში, ნულამდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ის, რაც კაპიტალიზმის გონივრული მმართველობისას შეიძლება ამოიძირკვოს. კიდევ ერთხელ,  პერსპექტივები განსხვავებულია: მარქსისთვის ეს გრძელვადიანი სტრუქტურული მახასიათებელია, კეინზისთვის – ძირითადი ეკონომიკური ცვლადების მოკლევადიანი  ურთიერთქმედება.

  მარქსი იყო კაპიტალიზმის ისტორიული მახასიათებლების პირველი  შემსწავლელი, კეინზი – უკანასკენელი კამერალისტი.[3] მარქსი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ეკონომიკა ფორმას აძლევს ისტორიას, კეინზი – ძალაუფლების უჭკვიანესი მრჩეველი. „კაპიტალი“ კაპიტალიზმის ბიბლიაა, „ზოგადი თეორია“ – კაპიტალიზმის ეკონომიკური მენეჯმენტის „მთავარი“.


[1] დაახლოება.

[2] მარქსი, კაპიტალი, ტომი მესამე, ნაწილი მე-2, გვ 30-31.

[3] კამერალისტი – მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების საჯარო ადმინისტრაციული მოხელე,  მერკანტილისტი და იმ ეკონომიკურ პოლიტიკების დამცველი, რაც მმართველთა პოზიციების გაძლიერებას  ისახავდა მიზნად (აჩრდ.).

ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა საბა კოხრეიძემ

https://branko2f7.substack.com/p/a-short-essay-on-the-differences?r=16uxt&s=w&utm_campaign=post&utm_medium=web&fbclid=IwAR3OH_t-ggwwszmmCkYx1W039GOHXSgIceEVjUVS53kanbtFs6o5V3CxgOw