დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა ქართული წიგნის ფესტივალების, წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოფენილ ჭრელა-ჭრულა ფილოსოფიურ ლიტერატურას. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამ დაკვირვებულ თვალს გახარებოდა კიდეც სამამულო „წიგნის ბაზრის“ დასავლური თუ აღმოსავლური სიბრძნით დახუნძლული ნაშრომების ასე მასობრივი გავრცელება და მის მიმართ გაზრდილი ინტერესი. მაგრამ საჭიროა, უბრალოდ ეს წიგნები ზერელედ შევათვალიეროთ, ხელში უკვე ათას გზის გადაღეჭილი და გადამუშავებული ბანალური აზრების კონა შეგვრჩება, რომლებმაც საკუთარი წილი ზიანი კაცობრიობას წინა საუკუნის განმავლობაში უკვე მოუტანეს. თუმცა, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინათ მივიწყებული სიმსივნე თავისი მეტასტაზებით ახლა უკვე ქართულ სინამდვილეს ასნებოვნებს. წიგნების დიდი ნაწილი მოუცავს ბნელი თავების, ირაციონალიზმის მეხოტბეების, შარლატანების და ფაშისტური ლიტერატურის ფართო სპექტრს. რამ გამოიწვია ქართული „წიგნის ბაზრის“ ამ ხარა-ხურით გაჯერება? ცხადია, პასუხი იმ სოციალურ გარდატეხებში უნდა ვეძიოთ, რომლებიც 90-იანები წლებიდან იღებს დასაბამს. სწორედ მაშინ უჩნდებათ ადამიანებს გამძაფრებული ინტერესი ვულგარული რელიგიური, ოკულტური, ირაციონალისტური, ერთი სიტყვით, ანტი-მეცნიერული ლიტერატურის მიმართ. თითქოს დიდი ისტორიული კატაკლიზმით დაღდასმული ცნობიერება ერთბაშად თავიდან იშორებს ისტორიის, საზოგადოების, ეკონომიკის მეცნიერული შესწავლისაკენ მიდრეკილების საჭიროებას და საკუთარ ბედს მათრობელა ბანგით მოვაჭრეებს ანდობს. შედეგიც არ აყოვნებს, ისტორია საკუთარი კანონზომიერებისადმი ზურგშექცევას არავის პატიობს და ასე მოხდა ეს გერმანიაშიც, პოსტ-პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.
წინამდებარე ტექსტი სწორედ ირაციონალისტური პუბლიცისტური ფილოსოფიის აქტუალობის მიზეზებს ეხება მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების გერმანიაში. გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, შალვა ნუცუბიძე, ორი ერთმანეთის ძმობილი ირაციონალისტური თეორიის პრიზმაში გადმოსცემს ზოგადად ბედისწერის, მისტიკური თრობის სამოსელში გახვეული ცნობიერების წანამძღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ლამის ერთი საუკუნის წინ არის დაწერილი, ის ერთგვარი გაფრთხილება უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვისაც. ყოველი ფილოსოფია პოლიტიკურია და საჭიროა იმ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ფონის გამორკვევა, რომელიც ამა თუ იმ თეორიულ კონსტრუქციას უკუეფინება.
ოსვალდ შპენგლერი (1880-1936) და ჰერმან ფონ კაიზერლინგი (1880-1946), პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის პუბლიცისტური ფილოსოფიის წარმომადგენლები არიან. მათი ნაშრომები და გამოსვლები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ იმ პერიოდის გერმანიაში. ერთი შეხედვით, ამ ბანალური, ანტი-მეცნიერული თავების მიღმა ის ფეთქებადსაშიში მატერია იფარებოდა, რომელმაც სტიქიური ეგზალტაციით გადაურბინა მთელ გერმანულ ბიურგერულ ცნობიერებას, რამაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის ბარბაროსობამდე მიიყვანა. ის, რაც გულუბრყვილო, ზერელე ისტორიულმა მეხსიერებამ მხოლოდ ერთი შეშლილი ტირანის სახით შემოგვინახა, სინამდვილეში, კათედრებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, ათასგვარი, ნაირ-ნაირი წიგნებიდან იღვრებოდა და ვრცელდებოდა, როგორც შავი ჭირი ნაციონალიზმისა, შოვინიზმისა და სხვა სოციალური ავადმყოფობებისა.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
I
სულიერ და კულტურულ ვითარების საწვდომად არ გამოდგება თავისთავად აღებული არც ფილოსოფია, არც ხელოვნება, არც მეცნიერება. თითოეული მათგანის გაშლის და განვითარების არეალი, რა გინდ ღრმა არ უნდა იყოს მათი მიღწევები, იმ ზომად და იმ მხრივ ვერ მოიხელთებს იმ მასიურ სულიერ მისწრაფებებს და განცდებს, როგორც ეს პუბლიცისტიკის და ფილოსოფიის სინთეზს ემარჯვება. ფილოსოფიის ელემენტები, რა თქმა უნდა, ზეციური წარმოშობის არ არიან, მისი აგებულება იმავე სოციალური ანატომიით შეისწავლება, მაგრამ იმდენად რთულია მის დამოკიდებულებათა შუალობითი რკალი სოციალ დასაყრდენის მიმართ, რომ იგი კონკრეტულ სოციალურ აზროვნებაში ერთობ მაღალ ფენას მიეკუთვნება. ამიტომაცაა რომ ფილოსოფია, როგორც ასეთი არ შეიცავს და ვერ შეიცავს იმას, რითაც კოლექტივის ე. წ. სულიერი ანუ გონებრივი მიდრეკილება ხასიათდება. არც ხელოვნებაა ფილოსოფიასთან შედარებით მიანცდამაინც ხელსაყრელ პირობებში იმ მხრივ, თითქოს მას შეეძლოს იმ ნაკლის შევსება, რომელიც სოციალურ ზრახვათა მოხელთებაში ფილოსოფიას წინ ეღობება. საქმე იმაში კი არაა, რაზეა ლაპარაკი, რა შეადგენს ამა თუ იმ შემთხვევაში ესთეტიკური სახვის ფენომენს, არამედ იმაში თუ რ ო გ ო რ ი ა მხატვრული ინტუიციის რაგვარობა. ხელოვნების ეს ასახვა სოციალური ვითარების არაა და მოვლენათა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც სოციალ-ეკონომიური ანატომიით არ გაიგება. ამდენად ხელოვნებასა და ლიტერატურასაც კი არ გააჩნია ის დიდი უპირატესობა სოციალურ ზრახვათა საწვდომად, რომელიც პუბლიცისტურ ფილოსოფიას ხელთ უპყრია.
თუ მეცნიერებაზე საგანგებოდ არ ვილაპარაკებთ, სადაც მდგომარეობა იმ მხრივ კიდევ უფრო ნათელია, რომ მასში მასიური სულისკვეთება ძალიან სუსტად ჩანს, მაშინ შესაძლოა პუბლიცისტური ფილოსოფიის დახასიათებაზე გადავიდეთ და მის კონკრეტულ სახებაზე გერმანიაში ჩვენი ყურადღება შევაჩეროთ.
პუბლიცისტური ფილოსოფია არსებითად არც პუბლიცისტიკაა ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით და არც ფილოსოფია. აქ პუბლიცისტიკა იმდენადაა, რამდენადაც საზოგადოებრივ ინტერესის შემცველი საკითხებია ფართო თეორიულ ასპექტში გაშუქებული. არა ცალმხრივი მორალისტიკა, არც თაობათა პერსპექტივები, არც თუ გნებავთ, პრაქტიკული ფილოსოფიის დასკვნითი, და გამოყენებითი მომენტები — არა, სწორედ და პირდაპირ საყოველთაო საჭირბოროტო საკითხები, ფართო სოციალურ განფენილობაში აღებული შეადგენენ ფილოსოფიური განხილვის საგანს და ამიტომაა, რომ ის ერთსა და იმავე დროს ორ მიზანს აღწევს: არც ყოველდღიურობის სასიცოცხლო ინტერესს კარგავს და ფილოსოფიურ-პერსპექტიულ გაშუქებასაც აღწევს. ამაშია ფილოსოფიური პუბლიცისტიკის მიმზიდველი ძალა. ამ ძალით შეიქმნა იგი ფართო გავლენიანი და ამავე საშუალებებით ემარჯვება მას საზოგადოებრივ სულისკვეთებას თითქმის მესაიდუმლის სახით მოევლინოს. იგი შეიძლება ხშირად რთულიც იყოს თავისი კომპოზიციით, თეორიული ანაგების აბსტრაჰირებაც ჩვეოდეს, მაგრამ იმავე დროს იგი ან მქადაგებელია ან წინასწარმეტყველი და ამით ეზიარება მასიური სულიერი განწყობილების მესაჭეობას.
ყველა ამ ნიშნების მატარებელია გერმანული პებლიცისტური ფილოსოფია. იგი არაა ღირებული როგორც თეორიულ მიღწევათა გარკვეული საფეხური ან აქამდე შეუცნობელ არეზე ფარდის ახდა. მისი საკვლევი არე ნაკლებ სიბნელით არაა მოცული, ვიდრე უცოდინარობით დაუფლებული გონების სხივით დაუსერავი მიდამო. მაგრამ ეს ბნელეთი მიმზიდველია არა როგორც ცხრაკლიტულით სიგელდებული სკივრი თაობათა ბედისწერის საიდუმლოებათა. უცნობი ყოველთვის ასეთ ორ კატეგორიად იშლება: ერთხელ იგი ცნობიერების დრამაა, რომლის აღსავალი გონიერი დასაწყისის გამარჯვების ზეიმია; მეორედ ბედისწერითი ტრაგედიაა, სადაც ბრძოლა გამორიცხულია, როგორც გამარჯვების პრელუდია და აღსავლის კარი წინასწარმეტყველობითი მისტერიით იშლება.
ომის შემდეგი ხნის გერმანია, ე. ი გერმანია გუშინდელი და დღევანდელი, ორივე ხაზით ცოცხლობს და მეტყველებს. განზე ვტოვებთ, როგორც ითქვა, აკადემიურ-თეორიულ ფილოსოფიას, ისევე როგორც ხელოვნებას და პოზიტიურ მეცნიერებათა სწრაფვათ. აქ იპოვნება ელემენტები და არა მთელი, რამდენადაც კოლექტიურ სულისკვეთებაზეა ლაპარაკი, უცნობი, არა როგორც მეცნიერებით და შემეცნებით დასაძლევი არის კოლექტიურ ზრახვათა გამომხატველი, არამედ როგორც საიდუმლოება და ბედისწერა. შეცნობილ განწირულობის ნიადაგზე შექმნილ სასოწარკვეთილებას ბედისწერის იდეოლოგია დაეუფლა. ერი, რომელიც საშინელ მსოფლიო ჭიდილში არა ფიზიკურ-ტექნიკურად, არამედ პოლიტიკურად დამარცხდა, ომის დამთავრების მეორე დღეს გონებრივად ისევე შეუბღალავი აღმოჩნდა, როგორც გაუბზარავი მისი ხმალი, მხოლოდ ნერვიულად მოშლილი. გერმანიას შერჩა ძველი, ღრმად მოაზროვნე თავი, ხოლო მოეშალა ხერხემალი მისი ცნობიერების ცენტრით. პუბლიცისტურ ფილოსოფიაც ისეთსავე დამოკიდებულებაშია ნამდვილ ფილოსოფიასთან, როგორც ხერხემლის ცნობიერება ცენტრალური ტვინის მრავალსახოვანობასთან.
უეჭველად სწორ გზას ადგას სოციალური ანატომია, როდესაც იგი ცნობიერების ფენომენებს სოციალური ვითარების ფენომენებს უკავშირებს და პირველი უკანასკნელთან დამოკიდებულებით გამოყავს. ომის შედეგებით დამფრთხალმა გერმანიამ პირველად იგრძნო სიმწარე იმ სინამდვილის, რომელიც ბუმბერაზი პერსპექტივების მოსპობის შემდეგ მის წინ მთელი თავისი მიუზიდველობით გადაიშალა. ჭირში მაგარია ჭირის სამასპინძლოდ მომზადებული. გერმანია ამ სამზადისში როდი იყო. მსოფლიო ომში მასიური ენერგიის როგორც ფრონტზე ისე შინ უმაგალითო დაძაბულობა პატრიოტიზმით და მამულიშვილობით არ აიხსნება სავსებით. ეს იყო გრანდიოზულ პერსპექტივების გამაბრუებელი ჰარმონია, რომელიც მთელს ცნობიერებას საშინელის ძალით იმორჩილებდა და რომელმაც საუცხოვო, ისტორიული ექსტაზის სახე მიიღო. საშინელი უნდა ყოფილიყო ბერძენთა მისტერიების მომდევნო დღე, დღე ჩვეულებრივ ჭირვარამისა, დღე ერთიმეორის მსგავსი უფერადო სინამდვილეში, ასევე საშინელი იქნებოდა ეგზალტაციით პყრობილ XII—XIII საუკუნის მღაღადებლისა, როცა მისი სულიერება დეპრესიის ბრჭყალებს დაუბრუნდებოდა. ასევე საშინელი იყო გერმანიის ცნობიერებისათვის მწარე სინამდვილის პირისპირ დადგომა, იმ განსხვავებით, რომ მსოფლიო პერსპექტივების წარმოსახვის დამსხვრევამ ექსტაზის ნაცვლად პროზა კი არ გაამეფა, არამედ მისი სულისკვეთება ბედისწერის და წინასწარმეტყველების იდეოლოგიაში გადატყორცნა.
II
არსებულ სინამდვილეს თვალს არიდებს ის, ვისაც მასში ან მის განვითარებაში საიმედო არაფერი ეგულება. კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში სინამდვილის უარყოფა მარტო გონებრივი მოტივაციით არ საზრდოობდა. განდგომა სინამდვილისაგან ყოველთვის „სულის საცხონებელი“ გზის ძებნას როდი ნიშნავდა; ის ხშირად ამავე სინამდვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფარხმალი იყო უფრო ნაღდი და ხელსაყრელი სინამდვილისათვის.
არსად ისე ნათლად არ ჩანს თანამედროვე ევროპაში თუ რა მიმართულებით გაიტყორცნება მასიური სულისკვეთება, როდესაც სინამდვილე და მისი განვითარების შინაგანი აუცილებლობა საბედისწერო და სავალალო ხდება, როგორც ეს გერმანიაშია. მწარე იყო ომის მომდევნო ხანა, გაცრუებული იმედების და დამსხვრეული ოცნებების საფერფლედ იქცა „წმინდა ფატერლანდი“, ამ პირობებში და ამ ნიადაგზე რეალისტური აზროვნება და შემოქმედება?! მაგრამ რა საშინელია თვით ეს რეალობა, რაზომ უკუმტყორცნეა იგი! აზრი და გული მასზე და მის ირგვლივ ვერ ისვენებს: ტვინისათვის იგი გაბოროტებაა, გულისათვის მანკი. მაშ, შორს სადმე — თუნდაც სიზმარეთში, — ოღონდაც მწარე სახე სინამდვილისა ოდნავ მიიბჟუტოს, მეხსიერებიდან დაიძრას.
ეს იყო ომის შემდეგ. ისტორიამ მრავლად იცის წაგებული და მოგებული ომებიც, მაგრამ იშვიათი იყო გერმანიისათვის ეს ომი მისგან გამომდინარე შედეგებით, რომელიც ეროვნულ გამარჯვებით და განდიდებით საზრდოობდა, სრულებით უძლური აღმოჩნდა, როდესაც საბედისწერო სინამდვილეს პირისპირ დაუდგა. „ხალხთა ბრძოლის“ ძეგლიდან „გამარჯვების ბოძამდე“ მინიმალური დასახულობა აღმოჩნდა და დაგროვილი სულიერი ენერგიის რაოდენობაც ამასთან შეფარდებით მცირე ბალანსის შემცველი, ბონაპარტისტული იმპერიალიზმის დამსხვრევით დაწყებული, ლაიპციგის ბრძოლაში გამარჯვებული, პარიზის აღებისათვის და გერმანიის „საღვთო“ იმპერიის აღორძინებისათვის წათამამებული— ეს სულიერი ენერგია მოჩვენებითი აღმოჩნდა. ერთხელ კიდევ დამტკიცდა, რაოდენ განსაზღვრულია ადამიანის სწრაფვა მარადსაქმნელად დაუწერავი ისტორიისა ნივთიერ სიმბოლიკაზე დამყარებით.
გასაკვირია იმის შემდეგ, რომ ოსვალდ შ პ ე ნ გ ლ ე რ ი ს ბედისწერის იდეოლოგია ანუ გ ე რ მ ა ნ ე კ ა ი ზ ე რ ლ ი ნ გ ი ს პროფეტიული ინტუიცია მასიურ გერმანელისათვის ბრომატიულ მანანად იქცა? ამ კითხვის უბრალო დადებითი პასუხით მოჭრის იქეთ თუ გვსურს გავიდეთ, უნდა ვნახოთ როგორ და რატომ ირჩევს თანამედროვე გერმანელის ცნობიერება ამ ორ პოლუსს შორის, რომ გერმანული ცნობიერება საზოგადოდ ამ მასალას დაეწაფა, ამის გასაგები გზა ჩვენ უკვე ვიცით. მართალია მისი კვლევა-ძიება არ გვიწარმოებია მთელი სოციოლოგიური სირთულით, მაგრამ მდგომარეობის სიმარტივე და სიცხადე ამ შემთხვევაში ამ სირთულეს არ საჭიროებს და უარყოფს. უფრო საინტერესოა ვიკითხოთ: რას აძლევს ანუ აძლევდა ამ წლების განმავლობაში გერმანულ ცნობიერებას ბედისწერითი პესიმიზმი ოსვალდ შპენგლერისა და პროფეტიული ოპტიმიზმი გერმანე კაიზერლინგისა? პესიმიზმი და ოპტიმიზმი თავისთავად მიმართულების საკითხი არაა. ეს განსაკუთრებით პუბლიცისტურ ფილოსოფიას ეხება. მართლაც და, თუმცა ოსვალდ შპენგლერი და კაიზერლინგი ერთის შეხედვით სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენ, არსებითად მათ შორის დიდი შინაგანი კავშირია და ეს იმის ნიადაგზე ხერხდება, რომ პესიმიზმი ან ოპტიმიზმი ფაქტის და არა პრინციპის საკითხია. რა უთხრა შპენგლერმა გერმანულ ცნობიერებას? უპირველესად ის, რომ მიზეზობრივი ურთიერთობის აუცილებელი ბატონობა არ არსებობსო. რაც ხდება, ან მომხდარა, ის ყოველთვის მისი მიზეზებიდან არ აიხსნება. ამდენად ის პოზიტიური აუცილებლობის საქმე კი არაა და არც შეისწავლება და გაიგება ამ თვალსაზრისით, როდესაც სინამდვილე, როგორც ნამდვილი ფენომენი და ამდენად მიზეზ-შედეგებიდან აკინძული, მწარე და მიუღებელი აღმოჩნდა გერმანელისათვის, ამიტომ უნდა დამსხვრეულიყო თვით მიზეზ-შედეგობრიობა, დაშლილიყო მისი აუცილებელი, აბსოლუტური ბატონობა.
რაც მოხდა ბედისწერაა — მსჯელობდა ილაჯგაწყვეტილი ცნობიერება. წინაისტორიული ამორფულობიდან, ისტორიულის დადგომის მომენტიდან ერთი ბედი უწერია კაცობრიობას და მის შემადგენელ ელემენტებს — ერებს და სახელმწიფოებს. ისტორიულობა უნივერსალიზმის და ინდივიდუალიზმის ის გასკვნაა, სადაც ამ ორის სინთეზი ანუ მორიგეობა კი არ ხდება, არამედ ერთიმეორეს, ე. ი. პირველი მეორეს განაგებს და იმორჩილებს. ამდენად შპენგლერი ისტორიოგრაფი კი არაა და მით უფრო ნაკლებ ისტორიოსოფი, არამედ ისტორიული ბიოგრაფი, ინდივიდი, რომელშიაც უნივერსალური წესი მით უფრო წესობს რამდენადაც ინდივიდუალობა სუბიექტამდე მაღლდება და ამ გარკვეულს სხვა ყოველივესი გამომრიცხველ ამბავად იქცევა — აქაა შპენგლერის კონცეფციის სიდიადე და თავისებურება, იგი საინტერესოა არა პრინციპით, არამედ კომპოზიციით. სტილია მთელი შპენგლერი, სტილია მისი გაგებით მთელი ისტორია. ზოგადი და კერძოობითი მოხსნილია მათ ტრაფარეტულ მიმართულებაში და ახალ კონტექსტშია გამართლებული. ეს ოპერაცია მიზეზობრიობის შეწირვად დაჯდა. ფენომენთა „სპეციფიკაცია“, რომელსაც ყოველთვის ის აზრი ჰქონდა, რომ „ზოგადი“, როგორც „კანონი“ გაემაგრებინა, იმ საფლავად იქცა, რომელშიაც კანონის ზოგადობა უნდა გადაყირავებულიყო.
გერმანული ცნობიერებისათვის შპენგლერით დათრობა კომპოზიციის სხარტობით და მოქნილობით კი არ გაიზომება. ისტორიული კატაკლიზმების და გარდატეხვის დროს განწირული სულისკვეთება ისტორიული კანონების აუცილებლობის წინააღმდეგ იბრძვის. ამ კონტექსტშია იმთავითვე მოთავსებული მარქსიზმი და მისი მოწინააღმდეგე იდეოლოგია. მარქსიზმის „ნომოთეტობას“, ე. ი. კანონის ფორმულით ისტორიული პროცესის გაგებას, ანტიმარქსიზმი „იდეოგრაფიას“, ე. ი. მხოლოობითი აღწერის მეთოდს უპირისპირებს და ისტორიული აუცილებლობის წინააღმდეგ იბრძვის. შპენგლერმა „იდეოგრაფია“ „ბიოგრაფია“-მდე მიიყვანა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბიოგრაფია ამ შემთხვევაში ცოტაოდენად თავისებური მნიშვნელობისაა.
ბედისწერა მარტო წარსულის ფილოსოფია არაა. ის არა მარტო იმის შემამსუბუქებლად გამოდგება, რაც აქამდე მომხდარა, არამედ მომავლის სახეს ნებისყოფის სფეროში აქცევს. მის ნიადაგზე და მის წიაღში მომავალს შეიძლება ფანტაზიაში მაინც ის სახე მიეწეროს, რომელიც სურვილებით და ოცნებებით საზრდოობს. ერთ შემთხვევაში გერმანიის უბედურება შესაძლო შეიქნა მიზეზ-შედეგობრივი რკინის კანონის გარეთ წარმოედგინათ. უბედურებაში მიზეზ-შედეგობრივ მიმართებაზე აგებული აუცილებლობა იმდენად მანუგეშებელი არ გამოდგა, როგორც ბედისწერის ფორმულაში გახვეული. წერა იყო და რა ეშველება — მოსახდომს ვერ აიცდენდი — ასეთია დეპრესიის და სულიერი შენჯღრევის იდეოლოგია. შპენგლერის კონსტრუქციების უჩვეულო მიმზიდველობა, გერმანული ცნობიერების მით დათრობა, ერთ თავის ნაწილში ყოველ შემთხვევაში ამით უნდა აიხსნას.
მაგრამ გერმანიის ფართო წრეებისათვის ბედისწერის იდეოლოგიას მეორე მხარეც ჰქონდა: ხვალინდელი დღის სახე დღევანდელი მწარე მდგომარეობიდან შინაგანი აუცილებლობით არ გამოიყვანება. აბსოლუტურ ღირებულებას მოკლებულ მიზეზობრიობის პრინციპს არ შეუძლია ხვალინდელი დღე, ახლო მომავალი აუცილებლად დღევანდელ რეალობას დაუკავშიროს. ნებისყოფას არ სურს მიიღოს ეს აუცილებლობა, იგი სწრაფვათა ხაზით მიიმართება, სინამდვილის კანონის ფორმულით გაგებას, ბედისწერის იდუმალებით გაგებას ამჯობინებს. ჭეშმარიტად მართალი იყვნენ ახალ დროის ნებელობის ფილოსოფოსები — დეკარტი და სპინოზა –როდესაც ისინი ნებისყოფის გაშლის შესაძლებლობას მხოლოდ გონების ნანგრევებზე აფუძნებდნენ. სპინოზას ნათქვამს მხოლოდ ის უნდა დაემატოს, რომ ნებისყოფა თავისუფალი ფენომენის იერს არა მარტო იქ იღებს, სადაც მოვლენათა საზრისიანი გაგება უსრულოა, არამედ იქაც, სადაც ეს საზრისიანობა შეცნობილად არაა პრინციპად აღიარებული. სადაც სინამდვილის განვითარებიდან სურთ მისი შინაგანი კანონზომიერება ამოშალონ. ამ გზას ადგა გერმანიის საზოგადოებრიობა, როდესაც ის შპენგლერით სუნთქავდა, შპენგლერით აზროვნებდა, შპენგლერით მარჩიელობდა.
III
შპენგლერმა გერმანიას ახალი ადამიანისაკენ მიუთითა. გერმანიისათვის ახალი ადამიანის ძებნა მოულოდნელი და უჩვეულო ამბავი არ იყო. მართალია დღევანდელ ბიურგერს, რომელიც პოლიტიკაში ყოველთვის ბრიყვი იყო და, რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრების რთულ პირობებში ახალი ადამიანი ხშირად ახალი ბისმარკის სახით ელანდება. მაგრამ ეს ამბავი ხომ სრული ანომალიის შედეგია. ახალი ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ახალი კალაპოტი უნდა მოენახა და არა მარტო გერმანიის მასშტაბით დიდი ხანია დგას გერმანიის აზროვნების პროგრამაში მაქს შტირნერს და ლ ი უ დ ვ ი გ ფოიერბახს რომ თავი დავანებოთ, „კომუნისტურ მანიფესტში“ წამოჭრილი ადამიანი, ის „ახალი ადამიანი“ იყო, რომელსაც გარკვეული ისტორიული ამოცანები ევალებოდა. ძველი საზოგადოების, ანუ უფრო სწორად მისი გაბატონებული კლასის მესაფლავე ეს ის ახალი ადამიანია, რომელიც, რა თქმა უნდა, შპენგლერის ახალი ადამიანის სრულ წინააღმდეგობას წარმოადგენს. როდესაც გერმანიის სულიერ რყევაზეა ლაპარაკი, საყურადღებოა ბიურგერული მასა, რომელიც „ფართო საზოგადოებას“ წარმოადგენს და რომლის სულიერი მერყეობა მასიური სულისკვეთების ბარომეტრია. „კომუნისტური მანიფესტის“ ახალი ადამიანი კანონის ფორმულით განხილული ისტორიის „მხრებზე დგას“, როგორც ამას იტყოდა ძველი ჰ ე გ ე ლ ი თაობათა გენერაციის და მიმდევნობის შესახებ. შ პ ე ნ გ ლ ე რ ი ს ა და კ ა ი ზ ე რ ლ ი ნ გ ი ს შუა მერყევ სულიერ განწყობილებასთან არა აქვს საერთო მომავალი საზოგადოებისათვის მებრძოლთ. ჩვენ დღევანდელი საზოგადოების იდეოლოგიურ რხევას ვეხებით.
გერმანიის ცნობიერებამ მეტი იცოდა ვიდრე ახალი „ადამიანი“. ეს იყო ნიცშეს ახალი შემოქმედების მატარებელი და გამტარებელი— „ზეკაცი“. პათოსი და კომპოზიცია ნიცშეს ფილოსოფიისა იგივე იყო, რაც პუბლიცისტური ფილოსოფიის— ყოველ შემთხვევაში ასე მიიღო იგი გერმანიის აკადემიურმა ფილოსოფიამ— მაგრამ რა დიდი განსხვავებაა სოციალ-პოლიტიკურ კონიუნქტურაში. შპენგლერის ახალი ადამიანი რეფლექსიის და თეორიის ადამიანი არაა. მართალია რეფლექსია მისი ბუნების ნაწილია, რამდენადაც მას უბრალო „ყოფნისაგან“ „ფხიზელი ყოფნა“ ასხვავებს, რომელიც ყოველ შემთხვევაში შეცნობილ და მაშასადამე რეფლექსიაქმნილი არსებობის შედეგია, მაგრამ მისი არარეფლექსურობა, ა-თეორიულობა იმაშია, რომ იგი ფორმულებით და თეზისებით არ ცხოვრობს. პრაქტიკა იდეოლოგიის ხარჯზე – ასეთია ამ ადამიანის ლოზუნგი. თეორიით მძიმედ დატვირთული პიროვნება შეიძლება სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს მასების ხელმძღვანელობაში და ცხოვრების გზების გამოჭედვაში ვიდრე საღი გონებით და სწორი ალღოთი აღჭურვილი პრაქტიკოსი — ფიქრობს შპენგლერი. მაშ, გაუმარჯოს ფორმულებიდან განტვირთულ პრაქტიკულ მოღვაწეს ცხოვრების რომელ დარგსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის. ასეთია ახალი პროგრამა და ისტორიოსოფიით გაბეზრებულ გერმანელს ეს ლოზუნგი გულში მოხვდა.
შპენგლერით გატაცება სოციოლოგიური თემაა. ის არაა შეფასება შპენგლერის ნათქვამისა და ნააზრევისა, არამედ ამ ნათქვამის და ნააზრევის შეთვისების და გავრცელების. მასიური მოქალაქე, გერმანელი ბიურგერი მარტო ლიტერატურული ტიპი კი არაა, არამედ პოლიტიკური ფენომენიც. კლასთა ჭიდილში ის აქტიურად ნათელია, მაგრამ ამ ჭიდილის სიმძაფრეში ბარომეტრია. უსათუოდ ამით აიხსნება, რომ კ. მ ა რ ქ ს ი გერმანელ ბიურგერს ასე ხშირად იხსენებდა და ხშირად პოლიტიკურ საკითხების გარკვევის დროსაც მას გვერდს არ უვლიდა, მართლაც რომ საინტერესოა იგი როგორც პოლიტიკურ აზროვნების ტიპი. პოლიტიკურ სიბრძნეს გერმანელი ბიურგერი ყოველთვის მოკლებულია მისი ბუნება უშუალობითაა მოცული. ბისმარკის ძველი თეზა თითქოს მას „არავისი არ ეშინია გარდა ღვთისა” არსებითად შეიცვალა და საერთო შიშით პყრობილ ბიურგერს ყოველგან იდუმალი ძალები ეჩვენება და სასწაულის მოლოდინშია.
ამ ნიადაგზეა გერმანიაში რეალური აზროვნება რომ აღორძინდა, რომელსაც მისტიკური ფორმა მიეცა. ისტორიულად ცნობილია, რომ რელიგია, თუმცა მისი აზრი – როგორც ამას მოწმობს თვით სახელწოდება „უზენაესთან კავშირში“ ისახებოდა – ვალდებული არ იყო მისტიკური ფორმა მიეღო. დღევანდელ რელიგიურ ძიებებს გერმანიაში რომლითაც სავსეა სპეციალური მწერლობა, მოხსენენებები, აზრთა ჭიდილი, მისტიკური ტიპისა არის და ე კ ჰ ა რ ტის ფორმაციის მისტიციზმად იშლება. არიან ისეთებიც, რომლებიც აზროვნების და ფილოსოფიის უმაღლეს მიღწევად თვლიან თუ მან ეკჰარტისებური მისტიციზმის კარებს დაუკაკუნა — ასე მაგ. გ ე ო რ გ პ ი კ ი.
რელიგიურ-მისტიკური აზროვნების გაძლიერება გერმანიაში ჩვენ მიგვაჩნია იმავე სოციალურ ბაზისზე აღმოცენებულ გარემოებად, რომელმაც არსებული სინამდვილე მიუღებელი გახადა და მას გასაგები და შესაფასებელი ობიექტური დასაყრდენი გამოაცალა. იმავე დროს ის საერთო საფუძველია განწირული სულისკვეთების, რომელიც გერმანულ ცნობიერებას შერყეულ სოციალ-ეკონომიურ საფუძველზე ბედისწერის იდეოლოგიასა და პროფეტიულ ქადაგების შუა აქანავებს. შევეხოთ ამ უკანასკნელსაც.
IV
ზერელე თვალის გადავლებას თითქოს შეუძლებლად ეჩვენება, რომ კაიზერლინგის ოპტიმისტური წინასწარმეტყველება შპენგლერის პესიმიზმს როგორმე ერთისა და იმავე ცნობიერების წიაღში გადაეჯაჭვოს. მაგრამ ეს ასეა მხოლოდ ზერელე გადახედვით. ჩვენ ვიცით, რომ შპენგლერიანულ იდეოლოგიაში პესიმიზმი არაა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. იგი ერთი იმ შემთხვევითი კომპონენტთაგანია, რომელშიაც უკუიფინება უკვე დამუშავებული და დამთავრებული მსოფლმხედველობა და თვით უკანასკნელის კომპოზიციაში არ შედის. რაც მთავარი იყო შპენგლერში —ბედისწერის იდეოლოგია, არსებითად სრულიად არ შლიდა მომავლის სახეს, როგორც ნებელობით მოცულ არეს. სოციალურ-ისტორიული მოვლენებიდან ობიექტური იმანენტურობის ამოღება სრულიადაც არ გამოდგა როგორც გზა საოცნებო და სასურველი მომავლის ასაგებად. ბედისწერა ისეთივე აუცილებლობის შინამქონე აღმოჩნდა, როგორც ისტორიული აუცილებლობა, იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელი მეცნიერულად შეისწავლება და აწმყოს მეცნიერული დიაგნოზით მომავლის ასეთსავე მეცნიერულ პროგნოზს აკეთებს. ამ გზას ადგას მეცნიერული სოციალიზმი იმთავითვე და, რა თქმა უნდა, გერმანიაშიც კლასი, რომლის იდეოლოგია მეცნიერულ სოციალიზმის ჩარჩოებში თავსდება შპენგლერ-ეკჰარტ-კაიზერლინგის და მისი კლასის მსოფლგაგებით თავს არ იწუხებს და არც იტყუებს. აქ ტაქტიკით გამაგრებულ პროგრამასთან გვაქვს საქმე.
ასეთი პირობების გარეთ მოქმედმა ცნობიერებამ მალე იგრძნო, რომ ბედისწერის აუცილებლობა მაინც აუცილებლობაა და უარყოფილი იყო რა სადღეისო სინამდვილის გასაგებად კანონის ფორმულით გაშლილი მიზეზ-შედეგობრიობა, მომავლის გასაგებად სხვა, არა პოზიტიურ-მეცნიერულ გზებს დაუწყო ძებნა.
რა თქმა უნდა, შპენგლერის და კაიზერლინგის ქრონოლოგიური დამოკიდებულება არ ეთანხმება მათ შორის არსებულ შინაარსეულსა და—თუ შეიძლება ასე ითქვას ლოგიკურ დამოკიდებულებას. როცა ლაპარაკია იდეოლოგიურ ქანაობაზე შპენგლერიდან კაიზერლინგამდე ეს გარემოება უნდა იქნას მხედველობაში მიღებული. უეჭველია, რომ ცნობიერების რეაქცია გერმანიაში თავდაპირველად შპენგლერის ბედისწერითი იდეოლოგიის ირგვლივ გაიშალა. სოციოლოგიური ანალიზი ზედმიწევნით აღმოაჩენდა ცნობიერების ყოველი ნასკვის განხვრას სოციალ-ეკონომიურ გარემოებათაგან დამოკიდებულებით, მაგრამ ჩვენს საერთო გადახვევაშიაც ნათელია, რომ გერმანული იდეოლოგია იმ გზით უნდა წარმართულიყო, როგორითაც იგი სინამდვილეში წარიმართა. მისი ეტაპებია: ა) სინამდვილის (და მასთან ისტორიის) გაგებაში მიზეზობრიობის აბსოლუტურობის მოხსნა, ბრძოლა ობიექტურ „კანონის“ წინააღმდეგ; ბ) ბედისწერის იდეოლოგიის მიღება—არსებულის სიმწვავის შემსუბუქება და მომავლის ვოლიუნტარიზაცია; გ) ბედისწერაში აუცილებლობის შეგნება; მის გასაგებად პოზიტიურ-მეცნიერულ გზის უარისყოფა და მისტიური გზის არჩევა. ა ს ე თ ი ა გზა შ პ ე ნ გ ლ ე რ ი დ ა ნ კ ა ი ზ ე რ ლ ი ნ გ ა მ დ ე.
პროფეტიზმი, ე. ი. წინასწარმეტყველება, როგორც მას გ. კაიზერლინგი ქადაგებს, იმავე პრინციპებით საზრდოობს, როგორც ბედისწერის იდეოლოგია. აქ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პროფეტიზმი განსხვავებული საშუალებაა მომავლის გასაგებად. გაგების საშუალება არ ცვლის გასაგების ვითარებას. ეს დებულება უცვლელია ყველა შემთხვევაში, როდესაც კი მუშავდება არსებულის თუ მომავლის გაგების აპარატურა. აუცილებლობა მომავლის სახისა, რომელიც ბედისწერის იდეოლოგიამაც ვერ მოხსნა, უცვლელი დარჩა წინასწარმეტყველებისთვისაც. აქ საქმე ინტერესის ხარისხშია და არა არსებით სხვაობაში. ბედისწერის გაგება წარმტაცი და მიმზიდველია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლო წარსული და სადღეისო სინამდვილე საიმედოს არაფერს იძლევა, ამით აიხსნება გ. კაიზერლინგის გავლენის საიდუმლოება. მთელი ქვეყანა დაინგრევა, გადარჩება მხოლოდ გერმანული კულტურა აი თეზისი, რომელსც ავითარებს გ. კაიზერლინგი თავის მოხსენებებში, რომლებითაც იგი ქარიშხალივით მიმოქროლავს გერმანიის ტერიტორიაზე და რომლებსაც აურიცხველი ხალხი ესწრება. გერმანელი ბიურგერი სულგატვრინული ელოდება, როდის გამოჩნდება მისი ქალაქის ჰორიზონტზე კაიზერლინგი თავისი ქადაგებით და გაფაციცებით ყლაპავს მის სიტყვებს. ეს გასაგებიცაა. ქვეყანა დაინგრევა და გერმანია გადარჩება— კარგი ამბავია ეს გერმანელი ბიურგერისათვის, რომელიც იმავე წუთს ანგარიშში ჩადის, რომ გერმანიას მეტოქე აღარ ეყოლება უცხო ბაზარზე.
კ ა ი ზ ე რ ლ ი ნ გ ი მიმზიდველი პიროვნებაა, რამდენადაც იგი თავისუფალია გაცვეთილი ფორმულებისაგან, მისი წამოწყება დარმშტადტის „სიბრძნის სასწავლებლის“ სახით ცოცხალი ანტიპოდია აკადემიურ ფილოსოფიის მომჟავების წინააღმდეგ. სქოლასტიკური ფილოსოფიის წინააღმდეგ აჯანყების შთაბეჭდილებას ახდენს მისი საქმიანობა. მას მომხრეები მარტო აღმოსავლეთის პერსპექტივების მოტრფიალეთა შორის არ ყავს – როგორიცაა მაგ. რ ა ბ ი ნდრანატ თ ა გ ო რ ი, მის მხარეზე იპოვნებიან აკადემიურ ფილოსოფიიდან გადმოსული ხალხიც— როგორიცაა დ ა ნ ს დ რ ი შ ი. ის შეიძლება საინტერესო მოვლენა იყოს, როგორც პროტესტი საუნივერსიტეტო ფილოსოფიის წინააღმდეგ, მაგრამ გერმანულ ცნობიერებას მან ვერც სიახლით და ვერც სიძლიერით იმაზე მეტი ვერაფერი უთხრა, რაც ოდესღაც ჰ ე გ ე ლ მ ა აუწყა: გერმანია, როგორც მსოფლიო ისტორიის დაგვირგვინება (ფაქტიურად კი პრუსიის პოლიციური სახელმწიფო) — ასეთი იყო ჰეგელის თეზა, რომელიც თუმცა რაციონალისტურ საფუძველზე იყო მიღებული, მამრამ კაიზერლინგის მისტიკურ მიღწევაზე მაღლა იდგა. უშედეგოდ ჩაიარა ჰეგელიანურმა პროფეტიზმმა, მით უფრო უშედეგო იქნება კ ა ი ზ ე რ ლ ი ნ გ ი ს პროფეტიზმი, მაგრამ, როგორც ზევით ითქვა, აქ საქმე თვით პრინციპებში ან შინაარსში, როგორც ასეთში კი არაა, არამედ როგორც სოციალურ ფენომენში.
ამ მხრივ იდეოლოგიის ევოლუცია ომის შემდგომ გერმანიაში დამახასიათებელია, როგორც სოციალ-ეკონომიურ კრიზისზე აღმოცენებული იდეოლოგიური კრიზისი.
გაციფრულებულია ჟურნ. მნათობის, 1926 წლის, მე-13 ნომრიდან.