დავით გალაშვილი – სახელდახელო პასუხი პუტინისტ „მემარცხენეებს“

გამარჯვების იალქნები ნახატის ავტორი გიორგი ჯავახაძე

    „როცა ფილოსოფია რუხ {ზედაპირზე} რუხი {ფერით} ხატავს, ამ დროს ცხოვრების რაღაც ფორმა უკვე დაძველდა და რუხით რუხზე შესაძლებელია არა მისი  გაახალგაზრდავდება, არამედ მხოლოდ შემეცნება;  მინერვას ბუ ფრენას  შებინდებისას იწყებს“. ასე ამთავრებს ჰეგელი თავისი „სამართლის ფილოსოფიის“ წინასიტყვაობას. ამ პასაჟით თითქოს ის ფილოსოფიის თუ კრიტიკული აზროვნების დანიშნულებასაც სახავს. რთულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ემოციური ეგზალტაციის პირობებში, ცივი გონებით განსაჯო მომხდარი, რთულია არ იყო შეძრწუნებული ნგრევის იმ მასშტაბით, რომელსაც საინფორმაციო ნაკადს მიჯაჭვულნი ვაწყდებით. შესაძლოა, დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება „განმანათლებლობის დიალექტიკაში“ დასმულ კითხვაზე პასუხი: „რატომ ჩაეშვა კაცობრიობა ახალი ტიპის ბარბარიზმში, ნაცვლად ჭეშმარიტად ადამიანურ მდგომარეობაში შებიჯებისა“? მაგრამ უფსკრულის წინაშე მდგომს, მას ვისაც ციცაბო კლდიდან მიწაზე დანარცხება ემუქრება, ამ ძრწოლისგან გათავისუფლება სწადია, რათა რუხ ზედაპირზე რუხი ფერით ხატვა შეძლოს. თუმცა, მეორე მხრივ, ისტორიული კატასტროფა მყისიერ მოთხოვნას აყენებს, მოიმარჯვო მარქსისტული მეთოდი და განსაზღვრო სწორი პოლიტიკური პოზიცია, იდგე მუშათა კლასის ინტერესების თვალსაზრისზე. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მეორე ინტერნაციონალის ბელადების მოწოდება იმპერიალისტური ომისკენ, ემსახურებოდა ადგილობრივი ბურჟუაზიის ინტერესებს და მუშათა კლასის სამომავლო ინტერნაციონალური პერსპექტივების დამცრობას. თუმცა დღეს – არც დიდ, მოწინავე იმპერიალისტურ სახელმწიფოებში და არც მათზე დამოკიდებულ პატარა ერებში – ჩვენ თითქმის ვეღარსად შევხვდებით მუშათა კლასის ინტერესებით წარმართულ ერი-სახელმწიფოების პოლიტიკას. თუკი პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ევროპაში მუშათა კლასი საკუთარი ეროვნული პოლიტიკური კურსის წარმართვაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა, დღეს,  როგორც რუსეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს, ასევე უკრაინის მუშათა კლასი ოლიგარქების, გაბატონებული კლასების ხელში ღაფავს სულს. მათი კლასობრივი ინტერესები ნიველირებული, აბუჩად აგდებული და დამცრობილია. და თუკი პირველ მსოფლიო ომში მეორე ინტერნაციონალის ბელადების გარეშე ბევრად უფრო რთული იქნებოდა პროლეტარიატის ძმათა მკვლელ ომში ჩართვა, დღეს კლასობრივი ინტერესები, მუშათა კლასის ინტერნაციონალური ერთობა ბოლომდე გათელილია შოვინისტური, ნაციონალისტური, რეაქციონერული, მსხვილ-ბურჟუაზიული ბულდოზერებით. ერის ბედს ყოველთვის გარკვეული კლასი წყვეტს, ერის წამყვან ძალად ერთი რომელიმე კლასი გამოდის. ენგელსი თავის ნაშრომში „კონსტიტუციური საკითხი გერმანიაში“ წერდა: „ერთი კლასი იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ მთელი ერის აღმავლობა დაუქვემდებაროს თავის საკუთარ აღმავლობას, ყველა დანარჩენი კლასის ინტერესების განვითარება – თავის ინტერესთა განვითარებას და პროგრესს. ამ ერთი კლასის ინტერესი მოცემულ ვითარებაში უნდა გახდეს ეროვნული ინტერესი, თვით ეს კლასი უნდა გახდეს ერის წარმომადგენელი“.[1] სამწუხაროდ, დღეს ევროპული სახელმწიფოების, ერების ბედს, სწორედ ოლიგარქები, მსხვილ-ბურჟუაზიული ინტერესების გამტარი პოლიტიკური პარტიები და ტრანსნაციონალური კორპორაციები წყვეტენ. მუშათა კლასი უკვე არსად გამოდის, როგორც ერის მთავარი პოლიტიკური ძალა და მესიტყვე.

    ჭეშმარიტება ყოველთვის მთელშია და შეუძლებელია მიმდინარე ომი განმხოლოებულად აღვიქვათ. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული კაპიტალი ინტერნაციონალური და მონოპოლისტური გახდა. მსოფლიო რამდენიმე დიდ იმპერიალისტურ ბლოკს შორის არის განაწილებული (მაგალითად, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოწინავე იმპერიულ ძალებს ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია წარმოადგენდნენ). დედამიწის თითქმის რვა მილიარდიანი მოსახლეობა რამდენიმე დიდი იმპერიის მიერ იძარცვება და მსოფლიოს ხალხთა უდიდესი ნაწილი ამ იმპერიებს შორის კაპიტალის, ბაზრების განაწილების პასიური მიმღები და მსხვერპლია. თუკი 90-იან წლებში იმპერიალისტური მეტოქეობის ზამბარა საბჭოთა კავშირის დაშლით სულ ოდნავ მაინც მოეშვა, დღეს დაჭიმულობა განუხრელად მზარდია და ეკონომიკური კრიზისებითა და შეჯიბრით არის ნასაზრდოები. დაჭიმულობის მატება თითოეულ იმპერიალისტურ ძალას, უნდათ ეს მათ თუ არა, სწორედ ომისაკენ მიმართავს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების შესუსტება, როგორც მსოფლიო ჰეგემონისა, მისი ე.წ შეკავების პოლიტიკა ნაწარმოები – სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით – რუსეთისა და ჩინეთისკენ, უკრაინას და ტაივანს პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა. დასავლეთ ევროპა კი, აშშ-სა და ჩინეთი-რუსეთის იმპერიალისტურ ბლოკს შორის ხაფანგში მომწყვდეული გახლდათ. 2000-იანებიდან მოყოლებული, შტატების ჰეგემონობას უკვე საფრთხეს უქმნიდა ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, მეტიც, როგორც, ელენ ვუდი წერდა, აშშ-თვის უფრო მყისიერ საფრთხეს წარმოადგენდა ევროკავშირიდან – რომელიც პოტენციურად უფრო დიდი ეკონომიკური ძალმოსილება გახლდათ – მომავალი იმპულსები.[2] ამგვარად, დასავლური ბლოკის სსრკ-ზე გამარჯვებით ტკბობამ დიდხანს ვერ გასტანა. ისტორიულ ასპარეზზე ახლად აღმოცენებული ძალმოსილი აქტორები გამოჩდნენ და ისტორიის ჩარხიც ძველებურად დატრიალდა.

    ცხადია, ყოველ იმპერიალისტურ ომზე პასუხი მუშათა კლასის ინტერნაციონალიზმია, ერთადერთი ვისაც ძალუძს შოვინისტური შხამის  ზემოქმედების განეიტრალება სწორედაც, რომ რევოლუციური მუშათა კლასია. 1848 წელს „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ გაცხადებული ტრუიზმი, რომ „მუშათა კლასს სამშობლო არ გააჩნია“, დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც საუკუნე ნახევრის წინ. რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკურად ცნობიერი მუშათა კლასი, თუკი ასეთი, აქ და ახლა, სადმე არსებობს, დღესაც სწორედ ამ ჭეშმარიტებით უნდა სულდგმულობდეს. ცხადია, მუშათა კლასის უსამშობლობა არ გულისხმობს ჩვენი მშობლიური ენის, კულტურის, ჩვენი საერთო წარსულის უარყოფას და წვრილ-ბურჟუაზიული კოსმოპოლიტიზმისთვის თავის შეფარებას. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება, რომ ყოველი ქვეყნის მუშათა კლასს ერთი საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი აერთიანებს ადგილობრივი გაბატონებული კლასის წინააღმდეგ. მეტიც, როგორც ლენინი წერდა: „ეროვნული და სახელმწიფოებრივი განსხვავებანი ხალხებსა და ქვეყნებს შორის (…) კიდევ ძალიან და ძალიან დიდხანს დარჩებიან პროლეტარიატის დიქტატურის მსოფლიო მასშტაბით განხორციელების შემდეგაც კი“.[3] თუმცა კონკრეტულ ვითარებას კონკრეტული ანალიზი ესაჭიროება, დღეს აშკარა თავის მოტყუება და სიბეცე იქნებოდა „„სამშობლოს დაცვის“ უარყოფა ჩაგრულ ხალხთა მხრივ მათს ომში დიდ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა წინააღმდეგ“.[4] მით უმეტეს, რომ აგრესორი იმპერიის წიაღში მუშათა კლასი დეზორგანიზებული, დემორალიზებულია და აღვირახსნილი შოვინისტური პოლიტიკის უპირობო მიმღები და გამტარია.

      ქართველი ე.წ მემარცხენე პუტინისტები არათუ უკრაინელთა უფლებას აღიარებენ წინააღმდეგობა გაუწიონ იმპერიალისტურ სახელმწიფოს, არამედ რუსეთს იმპერიადაც არ მიიჩნევენ. მათთვის პუტინის რუსეთი „საბჭოთა კავშირის ნგრევის შოკიდან ახლადგამოსული“,[5] დასავლური იმპერიალიზმის ჰეგემონიისგან სულშეხუთული სახელმწიფოა, რომელიც იძულებულია თავდაცვითი პოლიტიკა აწარმოოს. „მემარცხენე“ პუტინისტების განაცხადი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინას დასავლური იმპერიალიზმისგან, დასავლური სახელმწიფოების კოლონიად ქცევისგან იცავს, იმეორებს ეგვიპტელ-ფრანგი თეორეტიკოსის, სამირ ამინის დებულებას, რომ „რუსეთის პოლიტიკა (როგორც ის პუტინის ადმინისტრაციის მიერ არის განვითარებული) ეწინააღმდეგება უკრაინის კოლონიზაციის პროექტს, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს“.[6] ამინი თვლის, რომ რუსეთში უნდა შეწყდეს დასავლეთის, კერძოდ, ტრიადის (შტატები, ცენტრალური და დასავლეთ ევროპა, იაპონია) მხრიდან თავს მოხვეული ნეო-ლიბერალური წესრიგი, რომ მის ადგილას უნდა ამოიზარდოს ახალი ტიპის სახელმწიფო კაპიტალიზმი, რომ ამ მისიის გარშემო უნდა შეკავშირდეს ფრაგმენტირებული მმართველი კლასი და ეს წყალი უნდა გადაესხას უკრაინას, ტრანსკავკასიას და ცენტრალურ აზიას. ამგვარად, ტრიადას წინ უნდა აღუდგეს რუსეთის გარშემო გაერთიანებული ევრაზიული ბლოკი, რომელიც თავისი არსით ანტი-ჰეგემონიური იქნება, ანუ განუდგება დასავლურ ნეო-ლიბერალიზმს, დასავლური ტრანსნაციონალური კორპორაციების ბატონობას და მათ კოლონიალისტურ პოლიტიკას. ცხადია, ამინის და ქართველი პუტინისტების დარად, თუკი ჩვენ რუსეთს კოლონიზებულ ან ნახევრად კოლონიზებულ სახელმწიფოდ განვიხილავთ, მაშინ ინტერნაციონალური მემარცხენეობის ვალია სწორედაც რუსეთს მიემხროს იმპერიალიზმთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომაც უნდა დაისვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა: არის რუსეთი იმპერიალისტური სახელმწიფო?

    ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტების და სამირ ამინის მიერ რუსეთის ნახევრად-კოლონიზებულ სახელმწიფოდ შერაცხვა, სინამდვილეში,  ცრუმორწმუნეობრივი დებულებიდან მომდინარეობს, რომ „ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“. ცხადია, არის მომენტები, როდესაც ზემოხსენებული პოსტულატი შესაძლოა ტაქტიკურად სასარგებლო და გადამწყვეტი იყოს, განსაკუთრებით, სამხედრო კონფლიქტისას, ძალთა დაბალანსებისთვის. მაგრამ შეუძლებელია ამ პრინციპის თეორიულ ასპარეზზე გამტარებელ ადამიანებს მარქსისტები, თუ მუშათა კლასის თვალსაზრისზე მყოფები ვუწოდოთ, რადგან მარქსისტული თეორია არ ემყარება უტილიტარისტულ გაანგარიშებებს, სარგებლიანობის პრინციპს. მარქსისტული პრიზმიდან საშუალებასა და მიზანს შორის დიალექტიკური კავშირი არსებობს, შესაბამისად, ზოგჯერ, შესაძლოა, – მარცხის ფასადაც კი – კონკრეტული საშუალება სულაც არ იყოს არჩევანის საგანი. სხვა სიტყვებით, ყველაფრის ფასად გამარჯვება, სულაც არ ნიშნავს მარქსისტული პრინციპების თანმიმდევრულ გატარებას და ამის მაგალითები ისტორიაშიც უამრავია. მაგალითად, ტროცკიმ, როგორც წითელი არმიის ხელმძღვანელმა, საკუთარი ძალაუფლება სტალინისტური ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად არ გამოიყენა, რადგან, თუნდაც გადატრიალების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პარტიაში არსებული პოლიტიკური გარემო წახდებოდა და, საბოლოოდ, ისეთივე პრინციპები გაიმარჯვებდა და დაისადგურებდა, რასაც თვითონ სტალინიზმი განასახიერებდა. ტროცკის მიერ ყოველგვარი „საშუალების“ გამოუყენებლობა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ სასურველ მიზანს ნებისმიერი საშუალებით ვერ მივაღწევთ. ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტების ლოგიკით, შესაძლოა, ისლამური სახელმწიფო და თალიბანიც სწორედ ასეთ ანტი-იმპერიალისტურ ძალებად მივიჩნიოთ, სხვა სიტყვებით, რელიგიური ფანატიზმი და შოვინიზმი, მათი აზრით, შესაძლოა, ადამიანის სამომავლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ემანსიპაციას ემსახუროს. საინტერესოა, როგორ წარიმართებოდა ქართველ „მემარცხენე“ პუტინისტებსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის დიალოგი: „ჩვენ ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტები და ათეისტები ვართ, ვფიქრობთ, რომ თქვენი პოლიტიკა რეაქციონერულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვსურს, რომ დროებითი მოკავშირეები გავხდეთ, მანამ სანამ თქვენ ჩვენს მტრებს დაამარცხებთ და მსოფლიოში ტრიადის ჰეგემონობას არ დაასრულებთ“. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ამ დიალოგის დასასრულიც: ძველ აღმოსავლეთში როდესაც მოღალატე დამპყრობელთან მივიდოდა და მას ჯარის განლაგების ცნობას მიუტანდა, მოღალატეს განკუთვნილ ფულს დამპყრობთა მეთაური პირში ჩრიდა და თავს ისე აჭრიდა. ეს შესაძლოა სასტიკი, მაგრამ, ასევე, უტილიტარულ გამოანგარიშებაზე დამყარებული ნაბიჯია, ფარდობითი თეორიული და მორალური კომპასის მქონე ადამიანები ყველას მხოლოდ დროებით და მოკლე ხანს სჭირდება.

   დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს და რუსეთის პრობლემას ლენინისეული იმპერიალიზმის კონცეფციის კრიტერიუმები მივუყენოთ: იმპერიალიზმი კაპიტალიზმის მონოპოლისტური, ლპობადი და პარაზიტული საფეხურია, რომლის დროსაც 1) წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაცია იმდენად მაღალ საფეხურს აღწევს, რომ ის ქმნის მონოპოლიებს, რომლებიც ეკონომიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ; 2) ინდუსტრიულ კაპიტალთან ერთად წარმოიშვება ფინანსური, საბანკო კაპიტალი, რომელიც, საბოლოოდ, ქმნის ფინანსურ ოლიგარქიას; 3) კაპიტალის ექსპორტი, რომელიც საქონლის ექსპორტისგან განსხვავებულია, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს; 4) საერთაშორისო მონოპოლისტური კაპიტალისტური ასოციაციების შექმნა უდიდეს კაპიტალისტურ ძალმოსილებებს შორის თავის დასრულებულ სახეს იღებს; 5) კაპიტალისტურ ცენტრებს შორის ტერიტორიული დანაწილება, სამხედრო ჰეგემონია; იმპერიალიზმი არის კაპიტალიზმის ის საფეხური, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ხდება მონოპოლიებისა და ფინანსური კაპიტალის განმტკიცება, რომელშიც კაპიტალის ექსპორტი შესამჩნევ მნიშვნელობას იძენს; რა დროსაც მსოფლიო განაწილებულია საერთაშორისო ტრესტებს შორის.

    ცხადია, ლენინის ზემოხსენებული კრიტერიუმები აბსტრაქტულ დოგმატებად არ უნდა მივიღოთ, არამედ ისინი დიალექტიკურად ცვალებადი და ადაპტირებადია, აქვე უნდა გავიხსენოთ თვით ლენინის მოწოდება, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველი განსაზღვრების ფარდობითობა და პირობითობა და რომ არც ერთ დეფინიციას არ ძალუძს მოცემული ფენომენის ყველა კავშირ-მიმართების სრული სისავსით მოხელთება. იმპერიალისტური სახელმწიფოს შეფასება უნდა ხდებოდეს ტოტალობის გათვალისწინებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო როლის განსაზღვრით, რომელიც ამა თუ იმ აქტორს მსოფლიო იერარქიაში უკავია. სხვა სიტყვებით, მაგ. რუსეთი არა როგორც გამხოლოებული ერთეული, არამედ სხვა სახელმწიფოებთან მის კავშირში უნდა განვიხილოთ. საგულისხმოა, რომ არ არის აუცილებელი იმპერიალისტური სახელმწიფო  ყველა ზემოხსენებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. რუსეთი, შესაძლოა, სხვებზე სუსტი იყოს ეკონომიკური პარამეტრებით, მაგრამ სამაგიეროდ მას აქვს სხვებზე უფრო მძლავრი პოლიტიკური აპარატი და სამხედრო ძალმოსილება, რითაც ის სხვა სახელმწიფოებს იმორჩილებს და მათგან სარგებელს იღებს. საგულისხმოა ისიც, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც მეოცე საუკუნეში ევროპული პრიზმიდან ჩამორჩენილებად განიხილებოდნენ, დღეს უდიდესი უპირატესობა აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციებში. კაპიტალისტური თვალსაზრისიდან, დღეს უფრო მარტივია   ციფრული კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის აშენება ნულიდან, ვიდრე ძველი ტექნოლოგიების ახალზე გადაყვანა. ამგვარად, მეოცე საუკუნის ჩამორჩენილი ეკონომიკები, დღეს უკვე მოწინავეებად ითვლებიან, რაც გლობალური კაპიტალიზმის დენად, ცვალებად ბუნებაზე მიგვითითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არამეცნიერულია რომელიმე იმპერიალისტურ ძალას ერთი ნიშან-თვისება მარადიულად – ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის გაუთვალისწინებლად – მივაწეროთ, როგორც იმპერიალისტური ერის ბუნების განმსაზღვრელი. სწორედ ეს უნდა დავუპირისპიროთ ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტების დაჟინებას იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიალისტური სახელმწიფო მისი ეკონომიკური ჩამორჩენილობის გამო არ არის.[7]

   1990-იანების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ეკონომიკა უფსკრულის წინაშე იდგა, მართლაც არსებობდა შანსი, რომ რუსეთი ნახევრად-კოლონიური, შტატებსა და ევროპაზე დამოკიდებული სახელმწიფო გამხდარიყო. მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამ და რუსეთში ბონაპარტისტული რეჟიმის აღმავლობამ, ხელი ჩასჭიდა მისთვის სასურველ ოლიგარქებსა და მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლებს და რუსეთი უფსკრულში გადაჩეხვისგან იხსნა. იმისათვის, რათა პუტინს კაპიტალიზმი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტი სრულად განეხორციელებინა, მას მძლავრი ბონაპარტისტული სახელმწიფოს, „პატრიოტული“, დიდებული რუსული შოვინისტური იდეოლოგიის (რაშიც მნიშვნელოვანი როლი ჩეჩნეთის ომმა ითამაშა) შექმნა მოუხდა. პუტინმა გააძლიერა რეპრესიული აპარატი, დაიმორჩილა რიგი ოლიგარქები და რეგიონული მმართველები, გააუმჯობესა კაპიტალისტური წარმოებისთვის საჭირო კონდიციები (დაწყებული საგადასახადო რეფორმიდან, დამთავრებული შრომის კოდექსით), წამოიწყო უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები.

    იმ სტრუქტურული რეფორმებით, რაც ბონაპარტისტულმა რუსეთმა ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე გაატარა, რუსეთი 90-იანი წლების ქაოსიდან იმპერიალისტურ სახელმწიფოდ იქცა, რაც მეცხრამეტე საუკუნის ცარისტულ იმპერიას უფრო გვაგონებს, ვიდრე თანამედროვე დასავლურ იმპერიებს. რუსულ იმპერიალიზმს საკუთრივი უნიკალური თვისებები აქვს. პირველ რიგში, რუსეთში კაპიტალის აკუმულაცია სულ რაღაც ორი დეკადის წინ დაიწყო, ამგვარად, კაპიტალისტური განვითარება შენელებული, უკიდურესად წინააღმდეგობრივი და არათანაბრად მიმდინარე პროცესია. სწორედ ამიტომაც რუსული ეკონომიკა მკვეთრად ჩამორჩება დასავლეთის მოწინავე იმპერიალისტურ ძალებს. რუსულმა იმპერიალიზმმა ვერ შეძლო ლიბერალური დემოკრატიის გაღვივება ქვეყნის შიგნით, როგორც ეს დასავლეთმა და იაპონიამ გააკეთა. ეკონომიკური წინააღმდეგობების და არასტაბილურობის გამო, რუსულ გაბატონებულ კლასს პუტინის ბონაპარტისტული რეჟიმი სჭირდებოდა, ცენტრალიზებული და პირდაპირი კონტროლი მონოპოლიებისა და მასობრივი ამბოხის შეკავების პოლიტიკა. ეკონომიკური შეზღუდულობის გამო რუსეთი, განსხვავებით შტატებისგან, რეგიონალურ ჰეგემონად იქცა. ის ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონის და ახლო აღმოსავლეთის კონტროლს (მაგ. რუსეთის ჩარევა სირიის სამოქალაქო ომში). ზოგიერთი კომენტატორის განცხადებით, რუსეთი გარდამავალ ეტაპზეა იმპერიალიზმისაკენ სავალ გზაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩეჩნეთი, რუსეთის პოლიტიკა მისი მეზობლებისადმი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისადმი. რუსეთს სურს, რომ აღმოსავლეთ ევროპა მის უკანა ეზოდ აქციოს, გარკვეულ ბუფერულ ზონად დასავლური იმპერიალიზმისაგან თავდასაცავად. რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ამ სამხედრო ინტერვენციის წარმატებით დასრულება ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში არსებული სოციალური და ეკონომიკური წინააღმდეგობები გაიყინება, უკრაინა აღმოჩნდება მსოფლიო ისტორიის მსვლელობის მიღმა, რაც პირდაპირ ხელს შეუშლის უკრაინელი მშრომელების პოლიტიკურ თვითაღზრდას, ისტორიულ პროცესში საკუთარი როლის გამორკვევას. რუსული შოვინიზმი, რომელიც არ აღიარებს უკრაინის თვითგამორკვევის უფლებას პირდაპირ ხელს უწყობს უკრაინაში ფაშისტური ტენდენციების გაღვივებას, რასაც კლასობრივი პოლიტიკური ცნობიერების დამცრობა ახლავს თან. შეუძლებელია, კაპიტალისტურმა იმპერიამ, ბონაპარტისტულმა რეჟიმმა შეძლოს გამათავისუფლებელი როლის თამაში, შეუძლებელია, შოვინისტური რუსეთი ემსახურებოდეს უბრალო უკრაინელის, მშრომელთა კლასის ინტერესებს. ჩვენ ერთ ბოროტებას არ უნდა ვამჯობინოთ მეორე ბოროტება, შოვინისტური რუსეთი უკრაინას თავს ვერ ააცილებს იმ პროცესებს, რისი პრევენცია ვერც თვითონ შეძლო. უკრაინელი ხალხი დღეს ოლიგარქატის, მსხვილი ბურჟუაზიის ტყვეობაშია, თუმცა ამის ალტერნატივა შეუძლებელია იყოს შოვინისტური რუსეთი. ამ ვითარებიდან გამოსავალი რიგითი უკრაინელის პოლიტიკური თვითშეგნების, კლასობრივი ცნობიერების გაღვიძება და გაღვივებაა. ასევე, უნდა აღინიშნოს სინამდვილის ამრიდებელი ქართველი „მემარცხენე“ პუტინისტების და ზოგადად საერთაშორისო მემარცხენეობის სიმპათიები ჩინეთის მიმართ. სოციალისტურ ტყავში გახვეული წვრილ-ბურჟუა ელემენტები თესავენ საკმაოდ სახიფათო ტენდენციას, რასაც ბოლო დეკადებში ვაწყდებით და რაც ჩინეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს ფარულ თუ ღია მხარდაჭერაში გამოიხატება. მუშათა კლასს არ აქვს რაიმე ინტერესი მხარი დაუჭიროს მონოპოლისტურ კაპიტალისტს ( ე.წ კომუნისტურ ჩინეთს და მის მოკავშირეებს). ჩინეთი არაფერია გარდა „სოციალ-იმპერიალიზმისა“, ანუ სოციალურით თუ „სოციალისტურით“ შეფუთული იმპერიალისტური პოლიტიკისა. ასევე სინამდვილის არიდებაა ვერ ამჩნევდე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეტოქეობას თვით ჩინეთსა და რუსეთს შორის, თავის დაბრმავებაა ჩინეთი და რუსეთი დასავლური იმპერიალიზმის საპირისპირო პინაზე ერთობლივად მოათავსო. ინტერესების დროებითი თანმთხვევა არ ნიშნავს ე.წ ანტი-ჰეგემონიური ბლოკის შექმნას ვისამე წინააღმდეგ.

    დასასრულისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს უკრაინის მუშათა კლასის ეროვნული დროშით გამოსვლა ესადაგება მათი სამომავლო განთავისუფლების ინტერესებს, დღეს რუსულ შოვინიზმთან ბრძოლა, ცარისტული იმპერიის აღდგენის წინააღმდეგ გალაშქრება საწინდარია ჩრდილო კავკასიელი ხალხების თვითგამორკვევისა, ამიერ კავკასიის ხალხების ძმური და საერთო მომავლისა. აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში დღეს რუსეთი რეაქციის საყრდენ-მამოძრავებელია, რუსული იმპერიის ამ ფორმით შენარჩუნება ხელს უშლის როგორც კავკასიის ხალხების ძმურ, საერთო მომავალს, აგრეთვე, აღმოსავლეთ ევროპელი მუშათა კლასის პოლიტიკური თვითცნობიერების გაღვივებას. იმისათვის, რათა მუშათა კლასმა საკუთარ ეროვნულ საზღვრებში შეძლოს კლასობრივი მტრის დამარცხება, მას, პირველ რიგში, პოლიტიკურ-ეროვნული თვითგამორკვევა ესაჭიროება. მუშათა კლასის თვალსაზრისზე მდგომი ყოველი ადამიანის ვალია, მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელი ხალხის ბრძოლას შოვინისტური რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არათუ დაპყრობილ ხალხებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებსაც მხოლოდ სტატისტიკად, ბიომასად რაცხს. რუსეთის ბონაპარტისტული რეჟიმი ყველაზე დაუცველ, მიუსაფარ ადამიანებს ფრონტის წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად გზავნის, მათ გონებას ნაციონალისტური, შოვინისტური შხამით წამლავს და ხელს უშლის მათ პოლიტიკურ თვითგამორკვევას, კლასობრივი მტრის წინააღმდეგ მათ დარაზმვას. ქართველ „მემარცხენე“ პუტინისტებს კი, ისღა დარჩენიათ იმ დღეზე უიმედოდ იოცნებონ, როდესაც ისინი პუტინის ბონაპარტისტულ რეჟიმს ეტყვიან: „იცით, თქვენ ჩვენ იმპერიალისტებად არ გთვლით. თქვენ უკრაინას, ტრანსკავკასიას და ზოგადად ევრაზიულ ბლოკს დასავლური იმპერიალიზმისგან იცავთ. თქვენ ჩვენი დები და ძმები ხართ, ჩვენ კი ხალხი, რომელსაც ბომბებს უშენთ, ატომური იარაღით და სრული განადგურებით ემუქრებით, შიმშილსა და უსახლკარობას გვპირდებით, ცნობიერების დამახინჯებასა და მოწამვლას გვთავაზობთ. თქვენ ჩვენი დიდი და შოვინისტი დები და ძმები ხართ, ჩვენ კი თქვენი უკანა ეზო, ბუფერული ზონა, თქვენი იმპერიალისტური ზრახვების უბრალო მარიონეტები. თქვენ ჩვენი ჰუმანისტი დები და ძმები ხართ, რომლებიც ხოცავთ პატარა ბავშვებს, მიწასთან ასწორებთ ჩვენს ქალაქებს, ცეცხლში ახვევთ ჩვენს სახლებს“. შოვინიზმი, „საკუთარი“ ბურჟუაზიული ერის სხვა დანარჩენ ერებზე მაღლა დაყენება დღეს რუსეთის სამარკო ნიშანია, აღმოსავლეთ ევროპის ამ ჟანდარმის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის მარცხი, ამიერ კავკასიის ხალხების უკუნი რეაქციის პირობებში აღმოჩენას ნიშნავს. თუმცა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ გამარჯვების იმედს უკრაინელი ხალხის მედეგობა და სიმამაცე გვაძლევს!

Nur um der Hoffnungslosen willen ist uns die Hoffnung gegeben.

მხოლოდ იმედდაკარგულთა გამო მოგვეცემა იმედი.


[1] К. Маркс и Ф. Энгельс, Соч., т., 4, стр. 54.

[2] Ellen Wood, Empire of Capital, Verso, 2003, გვ. 156.

[3] ვ. ი ლენინი, თხზ., ტ. 31, გვ. 97-98.

[4] ვ. ი ლენინი, პროლეტარული რევოლუციის სამხედრო პროგრამა, საბჭოთა საქართველო, 1969, გვ. 24.

[5]https://shortnoteson.blogspot.com/2022/02/blog-post_23.html?fbclid=IwAR0FsH5d5ifhyFyd7SF0fdHB-LH5tR0AmlDzevpSOc3NYs3rk7LrdhtkMqU

[6]https://mronline.org/2014/03/24/amin240314-html/?fbclid=IwAR1UiQpedKY jdltJsR7rLRyvnXDBQRbuj575aDNHR-0RoVY_sgrOoCYPcM

[7] თუმცა თუნდაც ეკონომიკაზე მიდგეს საქმე, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ 2010-2011 წლის აშშ-რუსეთის შიდა და გარე ინვესტიციების ურთიერთმიმართების შედარება. თუკი იმას ვიტყვით, რომ ნახევრად-კოლონიურ სახელმწიფოსა და იმპერიას შორის განსხვავებას სწორედ შიდა და გარე ინვესტიციების ფარდობითი წილი განსაზღვრავს, 2010 წელს რუსეთმა 43.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო (შედარებისთვის, 2011 წელს, აშშ-მ 52.9 მილიარდი), ხოლო მის საზღვრებს გარეთ  52.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გაიტანა (შედარებისთვის, აშშ-მ 67.3 მილიარდი).

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა platforma.ge-ზე