სტატია „სტუდენტობის მოძრაობა და თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა“ ვ. ი. ლენინმა დაწერა 1908 წლის სტუდენტობის მოძრაობის ერთ-ერთი წინამძღოლის წერილის საპასუხოდ. იმ დროის სტუდენტობის მოძრაობა მიმართული იყო სახალხო განათლების მინისტრის შვარცის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ნაშთებს და მიისწრაფოდა მოესპო 1905 წელს მოპოვებული სტუდენტობის ყველა „თავისუფლება“.
სტუდენტობის ამ მოძრაობას სათავეში ედგნენ სტუდენტობის კოალიციური საბჭოები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს საბჭოები არ ასახავდნენ სტუდენტთა მასების განწყობილებას და ცდილობდნენ წაეყრუებინათ მათი მოთხოვნებისთვის. ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პეტერბურგში. პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო კრებამ 1908 წლის 13 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიუთითებდა უმაღლესი სკოლის მიმართ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ სტუდენტური პროტესტის აუცილებლობაზე და მიისწრაფოდა რუსეთის საყოველთაო გაფიცვისაკენ. პეტერბურგის სტუდენტობის კოალიციურმა საბჭომ კი ეს გადაწყვეტილება შეცვალა მიმართვით „საზოგადოებას და სტუდენტობას“, რომელშიც ის მხოლოდ განათლებისა და კულტურის დაცვის აუცილებლობის შესახებ წერდა.
იმ დროს, როცა პეტერბურგში სტუდენტმა სოციალ-დემოკრატებმა კადეტურ-ოქტიაბრისტულ[1] ელემენტებს შესაძლებლობა მისცეს გაეტანათ თავიანთი მიმართვა, მოსკოვში სოციალ-დემოკრატი სტუდენტების ჯგუფმა დაიკავა მცდარი პოზიცია გაფიცვის მიმართ, ჩათვალა რა, რომ გაფიცვას უნდა ჰქონდეს მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ხასიათი. და სწორედ ამ შეცდომათა კრიტიკისადმი არის მიძღვნილი ლენინის სტატიის დიდი ნაწილი. ლენინი წინამდებარე ტექსტში, მიუხედავად სტუდენტური მოძრაობის მთელი რიგი შეზღუდულობისა, ხაზს უსვამს სტუდენტთა გაფიცვის დიალექტიკურ როლს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო სურათში. მისი თქმით, „პატარა აკადემიური კონფლიქტების პატარა დასაწყისი დიდი დასაწყისია, რადგან მას დღეს თუ არა, ხვალ, ხვალ თუ არა, ზეგ — დიდი გაგრძელება მოჰყვება“. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია ვ. ი. ლენინის ამ წერილით ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადგაჩენილ პროტესტის კერას. დიდი ხნის შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში კვლავ გაისმა სოციალური პოლიტიკისა და დემოკრატიზმის შესახებ მოთხოვნები! მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აპარატმა, ხელდასხმული რექტორითა და ამ უკანასკნელისადმი ლოიალურად განწყობილი ცენტრალიზებული ადმინისტრაციით, შეძლო წინა წლების სტუდენტური ოპოზიციის მინავლება, უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც დემოკრატიული იდეები ყოველთვის იცოცხლებენ. სტუდენტები თავიანთ სამართლიან მოთხოვნებს მომავალშიც დააყენებენ, აჩრდილის სარედაქციო კოლეგია მათდამი უპირობო სოლიდარობას გამოხატავს.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
პეტერბურგის უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გამოცხადდა. გაფიცვას მთელი რიგი სხვა სასწავლებლები შეუერთდნენ. მოძრაობა უკვე მოედო მოსკოვსა და ხარკოვს. ყველა ცნობის მიხედვით, რაც კი მოიპოვება საზღვარგარეთულ თუ რუსულ გაზეთებში, აგრეთვე რუსეთიდან გამოგზავნილ კერძო წერილებში, ჩვენ საკმაოდ ფართო აკადემიური მოძრაობის ფაქტის წინაშე ვდგევართ.
უკან, წარსულისაკენ! უკან, რევოლუციამდელი რუსეთისაკენ! აი, უწინარეს ყოვლისა რას მოწმობენ ეს ამბები. მთავრობის რეაქცია წინანდებურად ავიწროებს უნივერსიტეტებს. თვითმპყრობელურ რუსეთში სტუდენტთა ორგანიზაციებთან მუდმივმა ბრძოლამ მიიღო ფორმა პრემიერ „სტოლიპინის“ სრული თანხმობით მოქმედი შავრაზმელი მინისტრის შვარცის ლაშქრობისა 1905 წლის შემოდგომაზე სტუდენტებისათვის დაპირებული ავტონომიის წინააღმდეგ (რა არ „აღუთქვა“ მაშინ თვითმპყრობელობამ რუსეთის მოქალაქეებს რევოლუციური მუშათა კლასის იერიშის ზეგავლენით!), — იმ ავტონომიის წინააღმდეგ, რომლითაც სტუდენტები სარგებლობდნენ, ვიდრე თვითმპყრობელობას სტუდენტებისათვის არ ეცალა, და რომლის წართმევას არ შეეძლო არ შესდგომოდა თვითმპყრობელობა, რჩებოდა რა იგი თვითმპყრობელობად.
წინანდებურად სწუხს და ბუზღუნებს ლიბერალური პრესა, — ამჯერად ზოგიერთ ოქტიაბრისტთან ერთად, — სწუხან და წუწუნებენ ბატონი პროფესორები, ემუდარებიან მთავრობას — ნუ დაადგება რეაქციის გზას, გამოიყენოს საუცხოო შემთხვევა იმისათვის, რომ „რეფორმებით უზრუნველყოს მშვიდობა და წესრიგი“ „მღელვარებით განაწამებ ქვეყანაში“; — ემუდარებიან სტუდენტობას — არ მიმართოს მოქმედების უკანონო საშუალებებს, რომელნიც მხოლოდ რეაქციისათვის არის ხელსაყრელიო და ა. შ., ა. შ. და ა. შ. რა ძველისძველი, გაცვეთილი ჰანგებია ყოველივე ეს და რა ცოცხლად წარმოგვიდგენენ ეს ჰანგები იმას, რაც იყო ამ ოციოდე წლის წინათ, გასული საუკუნის 80-იანი წლების დამლევს! მაშინდელი დროის მსგავსება ახლანდელ დროსთან განსაკუთრებით საოცარი ჩანს, თუ თანამედროვე მომენტი ავიღეთ ცალკე, რევოლუციის განვლილ სამ წელთან დაუკავშირებლად, ვინაიდან სათათბირო (პირველი შეხედვით) მხოლოდ ოდნავ სხვანაირად გამოხატავს ძალთა სავსებით იმავე რევოლუციამდელ თანაფარდობას: ბატონობას ველური მემამულისას, რომელსაც ურჩევნია ურთიერთობა სასახლესთან და ზემოქმედება თავის მოძმე მოხელის საშუალებით, ვიდრე ყოველგვარი წარმომადგენლობა; იმავე მოხელის მხარის დაჭერას სოვდაგრობის მიერ (ოქტიაბრისტები), რომელიც ვერ ბედავს დაშორდეს კეთილმყოფელ მამებს; — „ოპოზიციას“ ბურჟუაზიული ინტელიგენციისას, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს თავისი ლოიალობის დამტკიცებისათვის და ამა ქვეყნის ძლიერთა შეგონებას თვლის ლიბერალიზმის პოლიტიკურ მოღვაწეობად. სათათბი როს მუშათა დეპუტატები ძალიან, ძალიან სუსტად მოგვაგონებენ იმას, თუ რა როლი შეასრულა ახლახან პროლეტარიატმა თავისი აშკარა მასობრივი ბრძოლით.
კითხვა იბადება, შეგვიძლია თუ არა ჩვენ ასეთ პირობებში მივაკუთვნოთ მნიშვნელობა სტუდენტობის პრიმიტიულ-აკადემიური ბრძოლის ძველ ფორმებს? თუ ლიბერალები დაეშვნენ 80-იანი წლების „პოლიტიკამდე“ (აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაცინვით შეიძლება პოლიტიკაზე ლაპარაკი), ხომ არ იქნება სოციალ-დემოკრატიის მხრივ თავისი ამოცანების დაკნინება, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს ასე თუ ისე მხარი დაუჭიროს აკადემიურ ბრძოლას?
ასეთ საკითხს, როგორც ეტყობა, აყენებენ აქა-იქ სოციალ-დემოკრატი სტუდენტები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გაზეთის რედაქციას მოუვიდა სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა ჯგუფის ერთი წერილი, რომელშიც, სხვათა შორის, ნათქვამია:
„13 სექტემბერს პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა კრებამ დაადგინა — მოუწოდოს სტუდენტებს სტუდენტთა სრულიად რუსეთის გაფიცვისაკენ და თავისი მოწოდება დაასაბუთა შვარცის აგრესიული ტაქტიკით; გაფიცვის პლატფორმა აკადემიურია, კრება მიესალმება კიდეც მოსკოვისა და პეტერბურგის პროფესორთა საბჭოების „პირველ ნაბიჯებს“ ავტონომიისათვის ბრძოლის საქმეში. ჩვენ საგონებელში გვაგდებს პლატფორმა, წამოყენებული პეტერბურგის კრების მიერ, და მიგვაჩნია იგი ახლანდელ პირობებში შეუწყნარებლად და ისეთ მოვლენად, რასაც არ შეუძლია გააერთიანოს სტუდენტობა აქტიური, ფართო ბრძოლისათვის. სტუდენტთა გამოსვლა ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ როგორც საერთო პოლიტიკურ გამოსვლასთან კოორდინებული და ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოგვიდგენია განცალკევებულად. არ მოიპოვებიან ის ელემენტები, რომლებიც შესძლებდნენ სტუდენტობის გაერთიანებას. ამის გამო ჩვენ აკადემიური გამოსვლის წინააღმდეგი ვართ“.
შეცდომას, რასაც სჩადიან წერილის ავტორები, გაცილებით მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს პირველი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რადგან ავტორების მსჯელობა არსებითად ეხება შეუდარებლად უფრო ფართო და მნიშვნელოვან თემას, ვიდრე არის ამ გაფიცვის მონაწილეობის საკითხი.
„სტუდენტთა გამოსვლა ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ როგორც საერთო პოლიტიკურ გამოსვლასთან კოორდინებული. ამის გამო ჩვენ აკადემიური გამოსვლის წინააღმდეგი ვართ“.
ასეთი მსჯელობა ძირფესვიანად შემცდარია. რევოლუციური ლოზუნგი – უნდა მიისწრაფოდე, რათა სტუდენტთა პოლიტიკური გამოსვლა კოორდინებული იყოს პროლეტარიატთან, და ა. შ. — აქ იქცევა უფრო და უფრო ფართო, ყოველმხრივი, საბრძოლო აგიტაციის ცოცხალი სახელმძღვანელოს ნაცვლად მკვდარ დოგმად, რომელიც მექანიკურად შეეფარდება მოძრაობის სხვადასხვა ფორმის სხვადასხვა ეტაპს. საკმარისი როდია მხოლოდ გამოაცხადო პოლიტიკური კოორდინებული გამოსვლა და ამით გაიმეორო რევოლუციის გაკვეთილების „უკანასკნელი სიტყვა“. უნდა შეგეძლო ს გასწიო აგიტაცია პოლიტიკური გამოსვლისათვის და გ ა მ ო ი ყ ე ნ ო ამ აგიტაციისათვის ყველა შესაძლებლობა, ყველა პირობა და, უწინარეს ყოვლისა, ყველაზე მეტად ამა თუ იმ მოწინავე ელემენტების ყოველგვარი მასობრივი კონფლიქტები თვითმპყრობელობასთან. საქმე, რა თქმა უნდა, ის კი არ არის, რომ ჩვენ წინასწარ გავყოთ სტუდენტთა ყოველგვარი მოძრაობა სავალდებულო „სტადიებად“ და აუცილებლად ვადევნოთ თვალყური თითოეული სტადიის წესიერად გავლას იმის შიშით, ვაითუ „უდროოდ“ გადავიდეთ პოლიტიკაზე და სხვ.. ამგვარი შეხედულება უაღრესად მავნე პედანტობა იქნებოდა და მხოლოდ ოპორტუნისტულ პოლიტიკამდე მიგვიყვანდა. მაგრამ ასევე მავნეა პირუკუ შეცდომა, როდესაც არ სურთ ანგარიში გაუწიონ ფაქტიურად შექმნილ და მდგომარეობას მოცემული მასობრივი მოძრაობის პირობებისა, ყალბად გაგებული გაქვავებული ლოზუნგის გულისათვის. ლოზუნგის ასეთი გამოყენება აუცილებლად გადაგვარდება რევოლუციურ ფრაზიორობად.
შესაძლებელია ისეთი პირობები, როდესაც აკადემიური მოძრაობა აკნინებს პოლიტიკურ მოძრაობას ან ქსაქსავს მას ან გვაშორებს მისგან, და — მაშინ სტუდენტთა სოციალ-დემოკრატიული ჯგუფები, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არიან წარმართონ თავიანთი აგიტაცია ასეთი მოძრაობის წინააღმდეგ. მაგრამ ყველა ხედავს, რომ ახლანდელი მომენტის ობიექტური პოლიტიკური პირობები სხვანაირია: აკადემიური მოძრაობა გამოხატავს იმ მოსწავლე ახალგაზრდობის ახალი „ცვლის“ მოძრაობის დასაწყისს, რომელიც მეტნაკლებად უკვე შეეჩვია ვიწრო ავტონომიას, ამასთან ეს მოძრაობა იწყება ისეთ ვითარებაში, როცა ამჟამად არ არის მასობრივი ბრძოლის სხვა ფორმები, იწყება დროებითი სიწყნარის ვითარებაში, როდესაც ფართო მასები განაგრძობენ რევოლუციის სამი წლის გამოცდილების მ ო ნ ე ლ ე ბ ა ს ჯერ ისევ ჩუმად, დაკვირვებით, ნელა.
ასეთ პირობებში სოციალ-დემოკრატია დიდ შეცდომას ჩაიდენდა, თუკი იგი აკადემიური გამოსვლის „წინააღმდეგ“ გაილაშქრებდა. არა, იმ სტუდენტთა ჯგუფებმა, რომლებიც ჩვენს პარტიას ეკუთვნიან, მთელი ძალღონე უნდა მიმართონ მოცემული მოძრაობის მხარის დაჭერისა, გამოყენებისა და გაფართოებისაკენ. ისევე როგორც სოციალ-დემოკრატიის მიერ მოძრაობის პრიმიტიული ფორმებისათვის ყოველგვარი მხარის დაჭერა, ეს მხარის დაჭერაც უნდა მდგომარეობდეს ყველაზე მეტად და უმთავრესად იდეურ და ორგანიზაციულ ზეგავლენაში უფრო ფართო ფენებზე, რომელნიც აგზნებული არიან კონფლიქტით და კონფლიქტის ამ ფორმაში ძალიან ხშირად განიცდიან პ ი რ ვ ე ლ პოლიტიკურ კონფლიქტს. ეს იმიტომ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელიც უნივერსიტეტებში შესულია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, თითქმის სავსებით ცხოვრობდა პოლიტიკისაგან მოწყვეტილი ცხოვრებით და იზრდებოდა ვიწრო აკადემიური ავტონომიზმის სულისკვეთებით, იზრდებოდა არა მარტო ოფიციალური პროფესორებისა და მთავრობის პრესის მიერ, არამედ ლიბერალური პროფესორებისა და კადეტთა მთელი პარტიის მიერაც. ასეთი ახალგაზრდობისათვის ფართო გაფიცვა (თუკი ეს ახალგაზრდობა შეძლებს ფართო გაფიცვის მოწყობას! ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ, რომ დავეხმაროთ მას ამაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ, სოციალისტები, როდი ვითავდებებთ ამა თუ იმ ბურჟუაზიული მოძრაობის წარმატებას!) წარმოადგენს პოლიტიკური კონფლიქტის დასაწყისს, სულ ერთია, შეგნებული აქვთ ეს მებრძოლებს თუ არა. ჩვენი ამოცანაა განვუმარტოთ „აკადემიური“ პროტესტანტების მასას ამ კონფლიქტის ობიექტური მნიშვნელობა, შევეცადოთ გავხადოთ ეს კონფლიქტი შეგნებულ პოლიტიკურ კონფლიქტად, გავაათკეცოთ სტუდენტობის სოც.-დემოკრატიული ჯგუფების სააგიტაციო მუშაობა და წარვმართოთ მთელი ეს მუშაობა იქითკენ, რომ შეითვისონ 3 წლის ისტორიის რევოლუციური დასკვნები, რომ შეიგნონ ახალი რევოლუციური ბრძოლის გარდუვალობა, რომ ჩვენი ძველი — მაგრამ მაინც სავსებით თანამედროვე — ლოზუნგები თვითმპყრობელობის დამხობისა და დამფუძნებელი კრების მოწვევისა გადაიქცნენ განხილვის საგნად და დემოკრატიის ახალ თაობათა პოლიტიკური კონცენტრაციის საშუალებად.
სოციალ-დემოკრატ სტუდენტებს არავითარ შემთხვევაში არა აქვთ უფლება უარი თქვან ასეთ მუშაობაზე, — და, რაც უნდა ძნელი იყოს ეს მუშაობა ამჟამად, რაც უნდა მარცხი შეემთხვეს ამა თუ იმ აგიტატორს ამა თუ იმ უნივერსიტეტში, სათვისტომოში, კრებაზე და ა. შ. ჩვენ ვიტყვით: უკაკუნებდეთ და განგეღოთ! პოლიტიკური აგიტაციის მუშაობა არასოდეს არ დაიკარგება ამაოდ. მისი წარმატება განიზომება არა მარტო იმით, შევძელით თუ არა ჩვენ ახლავე და ერთბაშად მიგვეღო უმრავლესობა ან კოორდინებული პოლიტიკური გამოსვლის თანხმობა. შესაძლოა, ჩვენ ამას ერთბაშად ვერ მივაღწევთ: იმიტომაც ვართ ორგანიზებული პროლეტარული პარტია, რომ დროებითმა წარუმატებლობამ არ შეგვაკრთოს, არამედ დაჟინებით, განუხრელად, მტკიცედ ვაწარმოოთ ჩვენი მუშაობა უაღრესად მძიმე პირობებშიც კი.
სანკტ-პეტერბურგის სტუდენტთა კოალიციური საბჭოს მოწოდება, რომელსაც ქვემოთ ვბეჭდავთ, გვიჩვენებს, რომ სტუდენტობის ყველაზე აქტიური ელემენტებიც კი დაჟინებით იცავენ წმინდა აკადემიზმს და ჯერ ისევ კადეტურ-ოქტიაბრისტულ ჰანგებს იმეორებენ. და ეს იმ დროს, როდესაც კადეტურ-ოქტიაბრისტული პრესა გაფიცვის მიმართ მეტისმეტად საზიზღრად იქცევა და გაჩაღებული ბრძოლის დროს ამტკიცებს, რომ გაფიცვა მავნებელია, დანაშაულებრივია და ა. შ.. ჩვენ არ შეგვიძლია არ მივესალმოთ იმ მტკიცე პასუხს, რომელიც ჩვენი პარტიის პეტერბურგის კომიტეტმა საჭიროდ ცნო გაეცა კოალიციური საბჭოსათვის (იხ. «პარტიიდან»).[1]
აშკარაა, თანამედროვე სტუდენტობისათვის, ის რომ „აკადემიკოსებიდან“ „პოლიტიკოსებად“ გადაიქცეს, ჯერ კიდევ საკმარისი არ არის შვარცის მათრახი, ახალი კადრების სრული რევოლუციური განსწავლისათვის მას ესაჭიროება კიდევ ახალი და ახალი შავრაზმელი ფელდფებელების მორიელები. ამ კადრებთან, რომლებსაც წვრთნის მთელი სტოლიპინური პოლიტიკა, წვრთნის კონტრრევოლუციის თითოეული ნაბიჯი, დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ ჩვენც, სოციალ-დემოკრატებმაც, რომლებიც ნათლად ვხედავთ, რომ ობიექტურად გარდუვალია ახალი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული კონფლიქტები ნაციონალური მასშტაბით თვითმპყრობელობასთან, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდა შავრაზმული-ოქტიაბრისტულ სათათბიროს.
დიახ, ნაციონალური მასშტაბით, რადგან შავრაზმული კონტრრევოლუცია რუსეთს რომ უკან ეზიდება, არათუ აწრთობს რევოლუციური პროლეტარიატის რიგების ახალ მებრძოლ ძალებს, არამედ გარდუვალად გამოიწვევს არაპროლეტარული, ე.ი. ბურჟუაზიული დემოკრატიის ახალ მოძრაობასაც (აქ ჩვენ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, არა მ თ ე ლი ოპოზიციის მონაწილეობას ბრძოლაში, არამედ ბურჟუაზიის და წვრილი ბურჟუაზიის ნამდვილად დემოკრატიული და ბრძოლის უნარის მქონე ელემენტების ფართო მონაწილეობას). სტუდენტთა მასობრივი ბრძოლის დაწყება 1908 წელს რუსეთში არის პოლიტიკური სიმპტომი. ათასი და მილიონი ძაფი აკავშირებს მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალო და დაბალ ბურჟუაზიასთან, წვრილ მოხელეობასთან, გლეხობის, სამღვდელოების გარკვეულ ჯგუფებთან და ა. შ. თუ 1908 წლის გაზაფხულზე ცდილობდნენ აღედგინათ „განთავისუფლების კავშირი“, უფრო მემარცხენე, ვიდრე ძველი კადეტური, ნახევრადმემამულური კავშირია, რომელსაც პეტრე სტრუვე წარმოადგენდა, — თუ შემოდგომაზე იწყებს მღელვარებას ახალგაზრდობის მასა, რომელიც ყველაზე ახლო დგას რუსეთის დემოკრატიულ ბურჟუაზიასთან, — თუ გაათკეცებული გაბოროტებით კვლავ ღმუილი მორთეს მოქრთამულმა მჯღაბნელებმა სკოლებში რევოლუციის წინააღმდეგ, — თუ გოდებენ და ტირიან საზიზღარი ლიბერალური პროფესორები და კადეტთა ბელადები უდროო, სახიფათო, დამღუპველი გაფიცვების გამო, რომლებიც არასასიამოვნოა საყვარელი ოქტიაბრისტებისათვის და რომლებსაც შეუძლიათ „ჩამოგვაშორონ“ ოქტიაბრისტები, გაბატონებული ოქტაბრისტებიო, — მაშინ ახალი დენთი ემატება საპირისწამლეს! მაშინ მ ა რ ტ ო სტუდენტობაში არ იწყება რეაქცია — რეაქციის წინააღმდეგ.
და რაც უნდა სუსტი და ჩანასახ მდგომარეობაში იყოს ეს დასაწყისი, მუშათა კლასის პარტიამ უნდა გამოიყენოს იგი და გამოიყენებს კიდეც. ჩვენ უნარი შეგვწევდა გვემუშავა წლებისა და ათეული წლების განმავლობაში რევოლუციის წინ; შეგვქონდა ჩვენი რევოლუციური ლოზუნგები ჯერ წრეებში, შემდეგ მუშათა მასებში, შემდეგ ქუჩაში, შემდეგ ბარიკადებზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ა ხ ლ ა ც მოვაწყოთ უწინარეს ყოვლისა ის, რაც დღევანდელი დღის ამოცანას წარმოადგენს, ურომლისოდაც ფუჭი სიტყვები იქნება ლაპარაკი კოორდინებულ პოლიტიკური გამოსვლაზე, — სახელდობრ: მტკიცე პროლეტარული ორგანიზაცია, რომელიც ყველგან გასწევს პოლიტიკურ აგიტაციას მასებში თავისი რევოლუციური ლოზუნგების გულისათვის. ამ ორგანიზაციას თავის სტუდენტურ წრეში, ამ აგიტაციას მოცემული მოძრაობის ნიადაგზე უნდა მოჰკიდონ ხელი ჩვენმა საუნივერსიტეტო ჯგუფებმაც.
პროლეტარიატი საქმეს არ დააყოვნებს. იგი ხშირად უთმობს გამოსვლების პირველობას ბურჟუაზიულ დემოკრატიას ბანკეტებზე, ლეგალურ კავშირებში, უნივერსიტეტების კედლებში, საწარმომადგენლო დაწესებულებათა ტრიბუნაზე. მაგრამ იგი არასოდეს არა სთმობს და არ დასთმობს პირველობას მასების სერიოზულ, დიად რევოლუციურ ბრძოლაში. არც ისე სწრაფად და არც ისე ადვილად მწიფდება ყველა პირობა ამ ბრძოლის აფეთქებისათვის, როგორც ეს სურს რომელიმე ჩვენგანს, – მაგრამ ეს პირობები განუწყვეტლივ მწიფდება და მზადდება. და პატარა აკადემიური კონფლიქტების პატარა დასაწყისი დიდი დასაწყისია, რადგან მას დღეს თუ არა, ხვალ, ხვალ თუ არა, ზეგ — დიდი გაგრძელება მოჰყვება.
„პროლეტარი“№ 36, 1908 წ. 3 (16) ოქტომბერი
გაციფრულებულია ვ. ი. ლენინის თხზულებათა ტექსტის მიხედვით, მე-4 გამოც., ტ. 15, გვ. 251 — 259.
[1] ოქტიაბრისტი – ოქტიაბრისტებს უწოდებდნენ 1905 წლის 17 ოქტომბრის კავშირის, რუსული კონსერვატიულ-ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წევრებს. მათი ზომიერი კონსტიტუციონალისტური პროგრამა მოითხოვდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ოქტომბრის მანიფესტის განსრულება/შევსებას. 1905 წლის ნოემბერში დაარსებულ პარტიას ხელმძღვანელობდა მრეწველი ალექსანდრე ივანოვიჩ გუჩკოვი. პარტიამ ლიბერალური აზნაურების, საქმოსნებისა და ზოგიერთი ბიუროკრატის ყურადღება მიიპყრო. როგორც მესამე და მეოთხე მოწვევის დუმის უმრავლესობა პარტიებისა (1907–17), ოქტიაბრისტები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებელი ყოფილიყო მხოლოდ იმპერატორის წინაშე. საბოლოოდ, ოქტიაბრისტები, რომლებიც სულ უფრო გაუუცხოვდნენ მთავრობას, შეუერთდნენ კადეტებს (კონსტიტუციურ დემოკრატებს) 1915 წლის პროგრესულ ბლოკში, რომელიც უფრო მეტ წარმომადგენლობითობასა და ახალ ბურჟუაზიულ რეფორმებს მოითხოვდა.
[1] იგულისხმება რსდმპ პეტერბურგის კომიტეტის გადაწყვეტილება, გამოქვეყნებული გაზეთ „პროლეტარის“ 36-ში, განყოფილებაში „პარტიიდან“, 1908 წლის 3 (16) ოქტომბერს. პეტერბურგის კომიტეტი მოუწოდებდა სტუდენტობის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფებს საჯაროდ გამიჯნოდნენ სტუდენტთა კოალიციური საბჭოს მიმართვას და დაემორჩილებინათ სტუდენტთა მოძრაობა სოციალ-დემოკრატიის ამოცანებისადმი ცარიზმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო ბრძოლაში.