პოლ ლაფარგი – მოგონებები მარქსზე

ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა, მე ვეღარ ვნახავ იმის მსგავსსა ჩემს სიცოცხლეში.

(შექსპირი. „ჰამლეტი“)

კარლ მარქსი პირველად 1865 წლის თებერვალში ვნახე. 1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში. სენტ-მარტინს ჰოლში გამართულ კრებაზე დაარსდა პირველი ინტერნაციონალი, 1865 წლის თებერვალში პარიზიდან ლონდონში ჩავედი, რათა მარქსისათვის შემეტყობინებინა იმ წარმატებების ამბავი, რომელსაც იქ ახალგაზრდა ორგანიზაციამ მიაღწია. სარეკომენდაციო წერილი ბ-ნმა ტოლენმა[1] — ბურჟუაზიული რესპუბლიკის ახლანდელმა სენატორმა — მომცა.

  მაშინ 24 წლისა ვიყავი. ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებ იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ჩემზე ამ პირველმა შეხვედრამ მოახდინა. მარქსი მაშინ შეუძლოდ იყო და მუშაობდა „კაპიტალის“ პირველ ტომზე, რომელიც მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1867 წელს გამოვიდა. ის შიშობდა, რომ ვერ შეძლებდა თავისი შრომის დამთავრებას და სიამოვნებით იღებდა ახალგაზრდებს. იგი ამბობდა: „მე უნდა მოვამზადო ხალხი, რომელიც ჩემს შემდეგ განაგრძობს კომუნისტური პროპაგანდას“.

    კარლ მარქსი ერთ-ერთი იშვიათი ადამიანია, რომელსაც შეეძლო მეცნიერებაშიც და საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც ერთდროულად მდგარიყო მოწინავე პოზიციებზე. ერთიცა და მეორეც ისე განუყოფლად არის მასში შერწყმული რომ შეუძლებელია ამ კაცის გაგება, თუ ერთდროულად არ განვიხილავთ მას, როგორც მეცნიერსა და როგორც სოციალისტურ მებრძოლს.

    მარქსის აზრით, ადამიანი არც ერთი მეცნიერული კვლევის დროს არ უნდა შეცბუნდეს იმ დასკვნებით, რომლებთანაც ამ კვლევას შეუძლია მიიყვანოს იგი, და, ამავე დროს, სთვლიდა, რომ მეცნიერმა, თუ მას თვითონვე არ უნდა დაამდაბლოს თავისი დონე, არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მუდამ ჩაკეტილი არ უნდა იჯდეს ყველთან მიპარულ ვირთაგვასავით თავის კაბინეტსა თუ ლაბორატორიაში, უნდა ერეოდეს ცხოვრებაში, თავისი თანამედროვეების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ბრძოლაში.

„მეცნიერება სრულებითაც არ არის ეგოისტური სიამოვნება, — ამბობდა მარქსი, — და იმ სვებედნიერთ, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი თავი მიუძღვნან მეცნიერულ ამოცანებს, მართებთ პირველებმა მოახმარონ თავიანთი ცოდნა კაცობრიობის სამსახურს“. „შრომა კაცობრიობისათვის“ — მარქსის ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმა იყო.

  მარქსი კომუნისტურ მრწამსთან სენტიმენტალური დაფიქრების გზით კი არ მისულა, თუმცა ის ღრმად თანაუგრძნობდა მუშათა კლასის ტანჯვა წამებას, არამედ ისტორიისა და პოლიტიკური ეკონომიის შესწავლის გზით. ის ამტკიცებდა, რომ ასეთსავე დასკვნებამდე აუცილებლად მივა ყოველი მიუკერძოებელი კაცი, რომელიც თავისუფალია კაპიტალისტური ინტერესების გავლენისაგან და დაბრმავებული არ არის კლასობრივი ცრურწმენით.

   მაგრამ თუ მარქსი წინასწარაღებული აზრის გარეშე სწავლობდა ადამიანთა საზოგადოების ეკონომიურ და პოლიტიკურ განვითარებას, წერდა მხოლოდ განსაზღვრული მიზნით – გაევრცელებინა თავისი კვლევის შედეგები და მტკიცე გადაწყვეტილებებით – მიეცა მეცნიერული საფუძველი სოციალისტური მოძრაობისათვის, რომელიც მარქსამდე უტოპიურ ბურანში იყო გახვეული. ის საჯაროდ გამოდიოდა მხოლოდ ერთი მიზნით: ხელი შეეწყო მუშათა კლასის საქმის გამარჯვებისთვის, რომლის ისტორიული ამოცანა, როგორც კი ეს კლასი თავის ხელში აიღებდა საზოგადოების პოლიტიკურ და ეკონომიურ ხელმძღვანელობას, იყო კომუნიზმის შექმნა…

    მაგრამ არა როგორც დაუცხრომელი და შეუდარებელი სოციალისტური აგიტატორი, არამედ როგორც მეცნიერი ვნახე იგი პირველად მეიტლენდ-პარკ-როდზე მდებარე სამუშაო ოთახში, სადაც ცივილიზებული მსოფლიოს ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ პარტიული ამხანაგები იმისათვის, რათა გაეგოთ სოციალისტური აზროვნების ოსტატის შეხედულება სხვადასხვა საკითხზე. ეს არის ისტორიული ოთახი და საჭიროა იცნობდე მას, თუ კი გინდა შეიცნო მარქსის სულიერი ცხოვრების ინტიმური მხარე.

   ეს ოთახი მეორე სართულზე იყო, პარკს გადაჰყურებდა ფართო ფანჯარა, საიდანაც ოთახში დიდი სინათლე შედიოდა. კედლებთან, ბუხრის ორივე მხარეს და ფანჯრის პირდაპირ წიგნებით სავსე წიგნის კარადები იდგა, მათზე ჭერამდე იყო დაწყობილი გაზეთებისა და ხელნაწერების შეკვრები. ბუხრის წინ, ფანჯრის ერთ მხარეს იდგა ორი მაგიდა, რომლებიც სავსე იყო ქაღალდებით, წიგნებითა და გაზეთებით; ოთახის შუაში, სადაც დიდი სინათლე იყო, იდგა ძლიერ უბრალო და პატარა (სამი ფუტი სიგრძისა და ორი ფუტი სიგანის) სამუშაო მაგიდა და ხის სავარძელი. სავარძელსა და ფანჯრის პირდაპირ მდგარ წიგნის კარადას შორის იდგა ტყავის დივანი, რომელზედაც მარქსი დროგამოშვებით წვებოდა ხოლმე დასასვენებლად. წიგნები ბუხარზეც ეწყო; აქვე იყო სიგარები, ასანთი, თამბაქოთი სავსე კოლოფები, პრეს-პაპიე, მისი ქალიშვილების, მისი ცოლის, ვილჰელმ ვოლფისა და ფრიდრიხ ენგელსის ფოტოსურათები.

  მარქსი ძალიან ბევრ თამბაქოს ეწეოდა. – „კაპიტალი“ ვერ ამინაზღაურებს იმასაც კი, რაც ღირდა სიგარები, რომლებიც მე მოვწიე ამ წიგნზე მუშაობის დროს, — მითხრა ერთხელ.

  მაგრამ იგი უფრო დიდი რაოდენობით ანადგურებდა ასანთს; მას ისე ხშირად ავიწყდებოდა თავისი ჩიბუხი, თუ სიგარა და ისე ხშირად უხდებოდა მათთვის ცეცხლის მოკიდება, რომ წარმოუდგენელი სისწრაფით ცარიელდებოდა ასანთის კოლოფები. მარქსი არავის აძლევდა უფლებას წესრიგში, ან უფრო სწორად, უწესრიგობაში მოეყვანათ მისი წიგნები და ქაღალდები. ისინი მხოლოდ გარეგნულად გამოიყურებოდნენ უწესრიგოდ: კაცმა რომ თქვას, ყველაფერი თავის განკუთვნილ ადგილზე იყო, და იგი ძებნის გარეშე სწრაფად იღებდა წიგნსა თუ რვეულს, რომელიც მას სჭირდებოდა. საუბრის დროსაც კი ხშირად შეჩერდებოდა, რათა ეჩვენებინა წიგნში მოყვანილი ციტატა თუ ციფრები. ის ერთ მთლიანობაში იყო თავის სამუშაო ოთახთან. ამ ოთახში არსებული წიგნები და ქაღალდები მას ისევე ემორჩილებოდნენ, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილები.

  წიგნების დაწყობის დროს მარქსი არ ხელმძღვანელობდა გარეგანი სიმეტრიით; სხვადასხვა ფორმატის წიგნები და ბროშურები მჭიდროდ ეწყო ერთმანეთის გვერდით; წიგნებს აწყობდა ფორმატის კი არა, შინაარსის მიხედვით. წიგნები მისთვის სულიერი ინსტრუმენტები იყო და არა ფუფუნების საგნები. „ისინი ჩემი მონები არიან, — ამბობდა იგი, — და მე უნდა მემსახურონ ისე, როგორც მე მინდა“. ის ყურადღებას არ აქცევდა მათ ფორმატს, ყდას, ქაღალდისა თუ ბეჭდვის სილამაზეს; იგი ჩაჰკეცავდა ხოლმე კუთხეებს, წიგნის არეებს ჰფარავდა ფანქრით გაკეთებული ნიშნებით და ხაზს უსვამდა სტრიქონებს. არავითარ წარწერებს არ აკეთებდა, მაგრამ ხშირად, თუ ავტორი შეცდომით წერდა რამეს, არ შეეძლო თავი შეეკავებინა კითხვითი და ძახილის ნიშნებისაგან, ხაზგასმის სისტემა, რომლითაც იგი სარგებლობდა, საშუალებას აძლევდა, ძლიერი იოლად ეპოვა საჭირო ადგილი წიგნში. მას ჩვეულებად ჰქონდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ გადაეკითხა თავისი რვეულები და წიგნებში აღნიშნული ადგილები, რათა ეს ადგილები უფრო ღრმად ჩაჰბეჭდვოდა მეხსიერებაში, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმახვილითა და სიზუსტით. იგი მეხსიერებას ბავშვობიდანვე იწაფავდა, და მისდევდა რა ჰეგელის რჩევას, ზეპირად სწავლობდა ლექსებს მისთვის უცნობ ენაზე.

   მარქსმა ზეპირად იცოდა ჰაინე და გოეთე, რომელთა სტრიქონებიც საუბრის დროს ხშირად მოჰყავდა ციტატებად. იგი გამუდმებით კითხულობდა პოეტებს, რომლებიც მთელი ევროპული ლიტერატურიდან ჰყავდა ამორჩეული. ყოველ წელს ბერძნული ორიგინალში კითხულობდა ესქილეს; ის და შექსპირი უყვარდა როგორც ორი უდიდესი დრამატული გენია, რომლებიც კაცობრიობამ წარმოშვა. იგი სპეციალურად სწავლობდა შექსპირს, რომელიც მას განსაკუთრებით უყვარდა. მარქსს ახსოვდა მისი ყველაზე უმნიშვნელო პერსონაჟებიც კი. მარქსის ოჯახში ბატონობდა ნამდვილი კულტი დიდი ინგლისელი დრამატურგისა, იგი ზეპირად იცოდა მარქსის სამმა ქალიშვილმა. 1848 წლის შემდეგ, როცა გადაწყვიტა სრულეყო ინგლისური ენის ცოდნა, რომელზედაც იგი ადრეც კითხულობდა, მარქსმა შეაგროვა და სისტემაში მოიყვანა შექსპირის ყველა თავისებური გამოთქმა; იგი ყურადღებით სწავლობდა აგრეთვე იულიამ კობეტის პოლემიკური ნაწარმოებებს, რომლებსაც იგი დიდად აფასებდა. მისი უსაყვარლესი პოეტები იყვნენ დანტე და ბერნსი. დიდ სიამოვნებას განიცდიდა ხოლმე, როცა მისი ქალიშვილები ხმამაღლა კითხულობდნენ შოტლანდიელი პოეტის ბერნსის სატირას, ან მღეროდნენ მის რომანსებს.

   დაუცხრომელმა მშრომელმა და დიდმა მეცნიერმა კიუვემ[2] პარიზის მუზეუმში, რომლის დირექტორიც ის იყო, მოაწყო რამდენიმე სამუშაო ოთახი თავისი პირადი საქმიანობისათვის. ყოველი ოთახი განკუთვნილი იყო მუშაობის განსაკუთრებული სახეობისათვის; ყოველ მათგანში იყო ამისათვის აუცილებელი წიგნები, ინსტრუმენტები, ანატომიური პრეპარატები და ა. შ. ერთი სახის მუშაობით დაღლილი კიუვე მეზობელ ოთახში გადიოდა და მეორე საქმეს შეუდგებოდა; ეს იყო მისი დასვენება.

   ასეთივე დაუცხრომელი მშრომელი იყო მარქსი, მაგრამ მას არ ჰქონდა სახსრები, რათა კიუვესავით მოეწყო რამდენიმე სამუშაო ოთახი, მისი დასვენება ოთახში სიარული იყო: კარებიდან ფანჯრამდე გაფენილ ნოხს გასდევდა გატკეპნილი ზოლი, რომელიც ისე მკვეთრად გამოირჩეოდა, როგორც ბილიკი მდელოზე.

    მარქსი დროგამოშვებით დივანზე წამოწვებოდა ხოლმე და კითხულობდა რომანებს, თანაც ხანდახან რამდენიმე წიგნის ერთად წაკითხვას იწყებდა. მათ ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდა. ის, დარვინის მსგავსად, რომანების დიდი მოყვარული იყო. მარქსს უპირატესად XVIII საუკუნის და, განსაკუთრებით, ფილდინგის რომანები უყვარდა; მოგვიანო დროის მწერლებიდან მის ყველაზე მეტად მოსწონდა პოლ დე კოკი, ჩარლზ ლევერი, ალექსანდრე დიუმა-მამა და ვალტერ სკოტი, რომლის რომანსაც — „პურიტანები“ („Old Mortality“) ის სანიმუშო ნაწარმოებად თვლიდა. მარქსი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სათავგადასავლო და იუმორისტული ელემენტებით მდიდარი მოთხრობებისადმი.

     ყველა რომანისტზე მაღლა სერვანტესსა და ბალზაკს აყენებდა: „დონ კიხოტში“ ის ხედავდა ეპოსს გადაშენებული რაინდობისას, რომლის ქველმოქმედნიც ბურჟუაზიის ახლადდაბადებულ სამყაროში ახირებულ ადამიანებად იქცნენ და დაცინვას იწვევდნენ. ბალზაკს იგი ისე მაღლა აყენებდა, რომ როგორც კი დაამთავრებდა თავის თხზულებას პოლიტიკური ეკონომიის დარგში, აპირებდა დაეწერა გამოკვლევა მის უდიდეს ნაწარმოებზე — „ადამიანური კომედია“. ბალზაკი მარტო თავისი დროის საზოგადოების ისტორიკოსი როდი იყო, მან შემოქმედებითად განჭვრიტა აგრეთვე ის ფიგურები, რომლებიც ლუი ფილიპეს დროს ჯერ კიდევ ჩასახვის მდგომარეობაში იყვნენ და მხოლოდ ბალზაკის სიკვდილის მერე, ნაპოლეონ III დროს, მიაღწიეს სრულ განვითარებას,

მარქსი ყველა ევროპულ ენაზე კითხულობდა, ხოლო სამ ენაზე – გერმანულზე, ფრანგულსა და ინგლისურზე ისე, რომ ამ ენების მცოდნეთა აღტაცებას იწვევდა; მას უყვარდა ამ ფრაზის განმეორება: „უცხო ენა არის სასიცოცხლო იარაღი“.

   მარქსს ჰქონდა უდიდესი ლინგვისტური ტალანტი, რაც მემკვიდრეობად მიიღეს მისმა ქალიშვილებმაც, როცა მარქსი 50 წლისა იყო, მან დაიწყო რუსული ენის შესწავლა და, მიუხედავად ამ ენის სირთულისა, რაღაც წელიწად ნახევარში იმდენად დაეუფლა, რომ შეეძლო სიამოვნებით წაეკითხა რუსი პოეტები და პროზაიკოსები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აფასებდა პუშკინს, გოგოლს და შჩედრინს. რუსული ენის შესწავლა იმიტომ დაიწყო, რომ საშუალება ჰქონოდა წაეკითხა ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნებასაც მთავრობა კრძალავდა, რადგანაც ისინი საშინელ მხილებას შეიცავდნენ. ეს დოკუმენტები ერთგულ მეგობრებს მოჰქონდათ მარქსთან და იგი უეჭველად იყო ერთადერთი დასავლეთ ევროპელი ეკონომისტი, რო მელსაც საშუალება ჰქონდა მათი გაცნობისა.[3]

    პოეტებისა და რომანისტების ნაწარმოებებთან ერთად, მარქსს ჰქონდა გონებრივი დასვენების კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება — მათემატიკა, რომლისადმი იგი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენდა. ალგებრა მას მორალურადაც კი ანუგეშებდა: იგი მას მიმართავდა ხოლმე თავისი მშფოთვარე ცხოვრების ყველაზე მტანჯველ წუთებში მეუღლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს. მარქსს არ შეეძლო გაეგრძელებინა ჩვეულებრივი მეცნიერული მუშაობა; და ამ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილს შეეძლო მხოლოდ მათემატიკას ჩასჯდომოდა და რამდენადმე დამშვიდებულიყო. ამ დროს — სულიერი ტანჯვის დროს მან დაწერა ნაშრომი უსასრულოდ მცირე სიდიდეების გამოთვლის დარგში, რომელსაც სპეციალისტების შეფასებით, დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. იგი უმაღლეს მათემატიკაში პოულობდა დიალექტიკურ მოძრაობას მის ყველაზე უფრო ლოგიკურსა და, იმავე დროს, უმარტივეს ფორმაში, მარქსი ფიქრობდა, აგრეთვე, რომ მეცნიერება მხოლოდ მაშინ მიაღწევს სრულყოფას, როცა ის შეძლებს ისარგებლოს მათემატიკით.

    მარქსის საკუთარი ბიბლიოთეკა, რომელსაც იგი გულმოდგინედ ავსებდა თავისი კველევითი მუშაობის ხანგრძლივი დროის, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე და რომელიც ათას ტომზე მეტს შეიცავდა, მისთვის საკმარისი არ იყო და იგი მრავალი წლის განმავლობაში ბეჯითად დადიოდა ბრიტანეთის მუზეუმში, რომლის წიგნსაცავსაც იგი დიდად აფასებდა.

    მარქსის მოწინააღმდეგენიც კი იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ მისი ფართო და ღრმა ცოდნა არა მარტო თა ვისი სპეციალობის — პოლიტიკური ეკონომიის დარგში, არამედ ყველა ქვეყნის ისტორიაში, ფილოსოფიასა და ლიტერატურაში.

   თუმცა მარქსი მუდამ გვიან წვებოდა, მაგრამ დილის რვიდან ცხრა საათამდე ის მუდამ ფეხზე იყო. სვამდა შავ ყავას, კითხულობდა გაზეთებს და მერე მიდიოდა თავის სამუშაო ოთახში, სადაც ღამის ორ ან სამ საათამდე მუშობდა, ის ისვენებდა მხოლოდ სადილობისას და საღამოს, რათა, თუ ამინდი ხელს უწყობდა, ჰემპსტედ-ჰისზე გაესეირნა; დღისით ერთი ან ორი საათი თავის დივანზე ეძინა. ახალგაზრდობაში მარქსს ჩვეულებად ჰქონდა მთელი ღამე ჩაჯდომოდა სამუშაოს.

   მუშაობა იქცა მარქსის გატაცებად; ისე ჩაეფლობოდა ხოლმე მუშაობაში, რომ ზოგჯერ საჭმელიც კი ავიწყდებოდა. არც თუ იშვიათად რამდენჯერმე დაუძახებდნენ ხოლმე სადილზე, ვიდრე სასადილო ოთახში არ ჩავიდოდა და ძლივს მოასწრებდა ხოლმე ბოლო ლუკმის შეჭმას, რომ უკვე ისევ თავის ოთახში ბრუნდებოდა.

   ის მეტად ცოტას ჭამდა და პირდაპირ იტანჯებოდა უმადობით…

    მარქსის ორგანიზმი ძალზე მაგარი უნდა ყოფილიყო, რომ აეტანა ასეთი უჩვეულო ცხოვრების პირობები და ასეთი ღონისმიმხდელი გონებრივი მუშაობა. და, მართლაც ის იყო მაგარი აგებულების ადამიანი, საშუალოზე მაღალი, ფართომხრებიანი, კარგად განვითარებული მკერდით, იგი პროპორციული აღნაგობისა იყო, თუმცა მხოლოდ ტანი ჰქონდა რამდენადმე გრძელი ფეხებთან შედარებით, როგორც ეს ხშირად გვხვდება ხოლმე ებრაელთა შორის. მას რომ ახალგაზრდობაში ბევრი ემეცადინა ტანვარჯიშში ძალზე ღონიერი ადამიანი გახდებოდა. მისი ერთადერთი ფიზიკური ვარჯიში, რომელსაც იგი რეგულარულად მიმართავდა, იყო ფეხით სიარული; მას საუბრითა და თამბაქოს წევით შეეძლო მთელი საათობით ევლო ან ასულიყო ბორცვებზე და ოდნავი დაღლილობაც არ ეგრძნო, შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ თავის კაბინეტში ის სიარულის დროს მუშაობდა; იგი ჯდებოდა ხოლმე მხოლოდ მცირე დროით, რომ ჩაეწერა ის, რაც სიარულის დროს მოიფიქრა. მას ძალზე უყვარდა სიარულის დროს საუბარი და მხოლოდ დროდადრო შეჩერდებოდა, როცა ლაპარაკი განსაკუთრებით გამოცოცხლდებოდა, ანდა სერიოზულ სახეს იღებდა.

   მრავალი წლის მანძილზე მარქსს თან ვახლდი ჰემპსტედ-ჰისზე საღამოს გასეირნების დროს; მდელოებზე ამ გასეირნებისას მე მისგან ეკონომიურ განათლებას ვიღებდი. შეიძლება თვითონაც ვერ ამჩნევდა, რომ ნაბ-ჯ-ნაბიჯ მაცნობდა „კაპიტალის“ მთელი პირველი ტომის შინაარსს, იმის მიხედვით, როგორც იგი მაშინ წერდა მას.

   ყოველთვის, როცა სახლში ვბრუნდებოდი, როგორც შემეძლო, ვიწერდი ახლად გაგონილს. პირველად ძალიან გამიჭირდა მივყოლოდი მარქსის აზრთა ღრმა და რთულ მსვლელობას. სამწუხაროდ, ეს ძვირფასი ჩანაწერები დავკარგე. პარიზის კომუნის შემდეგ ჩემი ქაღალდები პარიზსა და ბორდოში მთლიანად გაანადგურა პოლიციამ.

    ყველაზე მეტად ვნანობ იმ შენიშვნების დაკარგვას, რომლებიც მე გავაკეთე იმ საღამოს, როცა მარქსმა გამაცნო თავისი გენიალური თეორია ადამიანთა საზოგადოების განვითარების შესახებ ისეთი მდიდარი დამამტკიცებელი საბუთებითა და მოსაზრებებით როგორიც მხოლოდ მისთვის იყო დამახასიათებელი. თითქოს თვალი ამეხილა:  ასე ნათლად პირველად ვიგრძენი მსოფლიო ისტორიის ლოგიკა და შევძელი დამეკავშირებინა საზოგადოებისა და იდეების განვითარების გარეგნულად ესოდენ წინააღმდეგობრივი მოვლენები მათს მატერიალურ მიზეზებთან. მე პირდაპირ განცვიფრებული დავრჩი და ეს შთაბეჭდილება მრავალი წლის მანძილზე შემომრჩა. 

   სწორედ ასევე იმოქმედა ამან მადრიდელ სოციალისტებზე,[4] როცა მე, არც ისე სრულად, მაგრამ როგორც შემეძლო მათ გავაცანი ეს თეორია, მარქსის თეორიებიდან უდიდესი თეორია, და, საერთოდ ერთ-ერთი უდიდესი თეორია, რომლისთვისაც კი ადამიანის გონებას ოდესმე მიუღწევია.

    მარქსის ტვინი შეიარაღებული იყო ფაქტების წარმოუდგენელი სიმრავლით. ისტორიისა და ბუნებისმცოდნეობის დარგებიდან და აგრეთვე ფილოსოფიური თეორიებიდან; მას ჩინებულად შეეძლო ესარგებლა თავისი ცოდნითა და ხანგრძლივი გონებრივი მუშაობით დაგროვილი დაკვირვებების მთელი სიმდიდრით. მარქსისთვის შეიძლებოდა გეკითხათ როცა გინდოდათ და რაც გინდოდათ და ნიადაგ მიიღებდით ყველაზე ზედმიწევნით პასუხს, როგორიც კი შეიძლება ისურვო, ამ პასუხს ყოველთვის ახლდა განზოგადებული ხასიათის ფილოსოფიური მოსაზრებანი. მისი ტვინი ჰგავდა ნავსადგურთან მდგარ გამზადებულ სამხედრო ხომალდს: ის მუდამ მზად იყო გაეცურა აზროვნების რომელიც გინდათ მიმართულებით.

   „კაპიტალი“ ჩვენს წინაშე უდავოდ ავლენს საოცარი ძალისა და უდიდესი ცოდნის გონებას; მაგრამ ჩემთვის, ისე როგორც ყველასათვის ვინც ახლოს იცნობდა მარქსს, არც „კაპიტალი“, არც მისი რომელიმე სხვა თხზულება არ გამოხატავს მისი გენიის მთელ სიდიადესა და მის ცოდნას. ის გაცილებით მაღლა იდგა თავის ნაწარმოებებთან შედარებით.

    მე მომიხდა მარქსთან მუშაობა; მე უბრალოდ ვიყავი გადამწერი, რომელსაც ის კარნახობდა. მაგრამ, ამასთან ერთად, საშუალება მეძლეოდა თვალყური მედევნებინა მისი აზროვნებისა და წერის მანერისათვის. მისთვის მუშაობა ადვილიც იყო და ამავე დროს ძნელიც: ადვილი იმიტომ, რომ ყოველგვარი თემისათვის მისი სულიერი მხედველობის წინაშე მაშინვე გადაიშლებოდა ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოსაზრებების მთელი სისრულე; მაგრამ სწორედ ამ სისრულის შედეგად ძნელი საქმე იყო და ხანგრძლივ დროს მოითხოვდა მისი იდეის ამომწურავი გადმოცემა…

   მარქსი ღრმად სწვდებოდა საგნის დედაარსს. ის არა მარტო ზედაპირს ხედავდა, შიგნითაც აღწევდა, იკვლევდა შემადგენელ ნაწილებს მათს ურთიერთქმედებაში და მათს ურთიერთუკუქმედებაში. ის გამოჰყოფდა ყოველ ნაწილთაგანს და თვალყურს ადევნებდა მისი განვითარების ისტორიას. შემდეგ იგი საგნიდან მის გარემომცველ წრეზე გადადიოდა და უკვირდებოდა უკანასკნელის მოქმედებას პირველზე და პირიქით. ის კვლავ უბრუნდებოდა ობიექტის წარმოქმნას, მის ცვალებადობას, ევოლუციებს, და რევოლუციებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა მოახდინა და ბოლოს მიდიოდა მის ყველაზე შორეულ მოქმედებამდე. იგი თავის წინაშე ხედავდა არა ცალკე, თავისთავად არსებულ საგანს, არა მის კავშირს გარემომცველ წრესთან, არამედ მთელ რთულ, მუდმივ მოძრაობაში მყოფ სამყაროს.

  მარქსი მუდამ უდიდესი კეთილსინდისიერებით მუშაობდა; მის მიერ მოყვანილი ყოველი ფაქტი, ყოველი ციფრი დასაბუთებული იყო ყველაზე ავტორიტეტული წყაროებით. ის არ კმაყოფილდებოდა მეორე ხელიდან ცნობის მიღებით, რაც არ უნდა ძნელი ყოფილიყო, ყოველთვის თვითონ მიდიოდა პირველწყაროსთან, მეორეხარისხოვანი ფაქტისთვისაც კი მიეჩქარებოდა ბრიტანეთის მუზეუმში, რათა მუზეუმის ბიბლიოთეკაში შეემოწმებინა ეს ფაქტი. ოპონენტებს არასდროს არ შეეძლოთ ემხილებინათ მარქსი დაუდევრობაში, მიეთითებინათ, რომ მისი საბუთი დამყარებული იყო ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ვერ უძლებენ მკაცრ კრიტიკას.

  იცავდა რა ამ ჩვეულებას — მიემართა უშუალოდ პირველწყაროსათვის — ის ხშირად კითხულობდა ნაკლებად ცნობილ მწერლებს, რომელთა ციტატებიც მხოლოდ მის თხზულებებში გვხვდება. მსგავსი ციტატები ისე ბევრია „კაპიტალში“, რომ შეიძლებოდა დაეჭვებულიყო კაცი — განზრახ ხომ არ მოჰყავდა ეს ციტატები, რათა ეჩვენება თავისი ნაკითხობა. მაგრამ მარქსს სრულებითაც არ ჰქონდა ასეთი მიზანი. „მე ვქმნი ისტორიის სასამართლოს და ყველას მივუზღავ დამსახურებისამებრ“ – ამბობდა ის და თავის მოვალეობად სთვლიდა დაესახელებინა ყოველი მწერალი, რაც არ უნდა უმნიშვნელო და ნაკლებად ცნობილი ყოფილიყო იგი, რომელმაც პირველმა გამოთქვა ანდა ყველაზე უფრო ზუსტად გადმოსცა ესა თუ ის აზრი.

   მარქსის ლიტერატურული სინდისი ისეთივე მკაცრი იყო, როგორც მისი მეცნიერული სინდისი. ის არა მარტო არასოდეს იმოწმებდა ფაქტს, რომელშიც სავსებით დარწმუნებული არ იყო, არამედ თავისთავს ნებასაც კი არ აძლევდა ელაპარაკა საგანზე, რომელიც მას წინასწარვე ძვლიანად არ ჰქონდა შესწავლილი. ის არაფერს აქვეყნებდა მანამდე, ვიდრე გულმოდგინედ არ გადაამუშავებდა და მრავალჯერ არ გადააკეთებდა შესატყვისი ფორმით. მისთვის აუტანელი იყო ფიქრი იმაზედაც, რომ ხალხის წინაშე გამოსულიყო ბოლომდე დაუმუშავებელი ნაწარმოებით. მისთვის ნამდვილი წამება იყო თავისი ხელნაწერი ეჩვენებინა ვინმესთვის, მანამდე ვიდრე მასში უკანასკნელ მძიმემდე ყველაფერი დამთავრებული არ იქნებოდა. მასში ისე ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ ერთხელ თქვა, უმჯობესია  დავწვა ჩემი ხელნაწერები, ვიდრე დაუმთავრებელი დავტოვოო.

   მარქსის ნაწარმოებთა მკითხველი ადვილად ვერ წარმოიდგენს მთელ სიძნელეს, რომელიც მისი კვლევის მეთოდიდან გამომდინარეობდა. მაგალითად, „კაპიტალში“ ოციოდე გვერდი რომ დაეწერა ინგლისის მუშათა კანონმდებლობაზე, მას მთლიანად უნდა შეესწავლა ე.წ. ლურჯი წიგნების მთელი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავდა ინგლისისა ინსპექტორების მოხსენებებს; მან თავიდან ბოლომდე წაიკითხა ეს მოხსენებები. ამას მოწმობს ფანქრით გაკეთებული ნიშნები, რომლებიც მათში გვხვდება. მარქსი ამ მოხსენებებს სთვლიდა უმთავრესი და უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებად წარმოების კაპიტალისტური წესის შესწავლისათვის და იმ ადამიანებზე, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ მათი შედგენა, ისეთი დიდი აზრისა იყო, რომ ეჭვს გამოსთქვამდა, შეძლებენ თუ არა ევროპის სხვა ერები გამონახონ „ისეთივე საქმის მცოდნე, მიუდგომელი და გამბედავი ადამიანები, როგორიც არიან ინგლისის საფაბრიკო ინსპექტორები“… მარქსი მათს დამსახურებას ასეთ მდიდარ ხარკს უხდის „კაპიტალის“ წინასიტყვაობაში.

* * *

     მარქსი უნდა გენახათ შინ, ოჯახურ წრეში, როცა ის გან ზე გადასდებდა წიგნებსა და რვეულებს, ანდა კვირა საღამოობით, მეგობრებთან ერთად, რომ გეგრძნოთ ამ ადამიანის გული და შეგეყვარებინათ იგი. ამ მომენტებში ის იყო ყველაზე სასიამოვნო თანამოსაუბრე — გონებამახვილი, იუმორით სავსე, რომელსაც შეეძლო მთელი გულით სიცილი. ყოველთვის, როცა ვინმე საუბარში მახვილ სიტყვას გაურევდა, ანდა მარჯვე პასუხით მოიგერიებდა მოსაუბრეს, მარქსს ხშირი წარბების ქვეშ მოელვარე შავი თვალები სიმხიარულითა და დამცინავი ღიმილით აუელვარდებოდა ხოლმე.

   მარქსი იყო ალერსიანი, უწყინარი და შემწყნარებელი მამა. ხანდახან ამბობდა ხოლმე: „ბავშვებმა უნდა აღზარდონ თავიანთი მშობლები“. მის დამოკიდებულებაში ქალიშვილებისადმი ოდნავადაც არ იგრძნობოდა ძალაუფლება მამისა. ქალიშვილებს განსაკუთრებით უყვარდათ იგი, ის მათ არასოდეს არაფერს უბრძანებდა; თუ მათგან რაიმე უნდოდა, თხოვნით მიმართავდა ხოლმე. დაითანხმებდა, რომ უარი ეთქვათ იმაზე, რაც მისთვის არასასურველი იყო. მიუხედავად ამისა, იშვიათად თუ მოიძებნება მამა, რომელსაც შვილები ასე ემორჩილებოდნენ. ქალიშვილთა თვალში ის იყო მეგობარი და ისინიც ისე ეპყრობოდნენ, როგორც ამხანაგს. მამას კი არა, „მავრს“ ეძახდნენ — ასე შეარქვეს მარქსს ხუმრობით შავგვრემანი სახისა და კუპრივით შავი თვალების, თმისა და წვერის გამო. ხოლო კომუნისტთა კავშირის[5] წევრები ჯერ კიდევ 1848 წლამდე მას „მამა მარქსს“ უწოდებდნენ. თუმცა იმ დროისათვის ის 30 წლისაც არ იყო.

    მარქსი ხანდახან მთელ საათებს ატარებდა თავის შვილებთან თამაშში. ეს უკანასკნელნი აქამდე იგონებენ ქაღალდის გემების მთელი ფლოტილიის საზღვაო ბრძოლებსა და ხანძრებს. გემებს მათთვის თვით მარქსი აგებდა. წყლით სავსე დიდ თასში ჩაუშვებდა და შემდეგ ცეცხლს წაუკიდებდა, რაც ბავშვებს დიდ სიამოვნებას გვრიდა.

   ქალიშვილები მას კვირაობით მუშაობის ნებას არ აძლევდნენ: ის მთელ დღეს მათს განკარგულებაში იყო. თუ კარგი ამინდი იყო, მთელი ოჯახი აწყობდა დიდ გასეირნებას ქალაქგარეთ; გზად უბრალო ტავერნაში შეივლიდნენ ილის ლუდის დასალევად, რასაც ყველსა და პურს მიატანდნენ ხოლმე. როცა ქალიშვილები ჯერ ისევ პატარები იყვნენ, მარქსი, მათთვის რომ გრძელი გზა შეემოკლებინა, უყვებოდა მშვენიერ ჯადოსნურ ზღაპრებს, რომლებიც დაუსრულებლად გრძელდებოდა, — მათ თვით თხზავდა გზაზე, ხან გასჭიმავდა, ხან, პირიქით, შეამოკლებდა ამბავს. იმისდა მიხედვით თუ რა სიგრძის გზა რჩებოდა და მისი პატარა მსმენელებიც თავიანთ დაღლილობას ივიწყებდნენ.

    მარქსს უბადლო პოეტური ფანტაზია ჰქონდა. მისი პირველი ლიტერატურული ცდა ლექსები იყო. მარქსის მეუღლე მზრუნველობით ინახავდა თავისი ქმრის სიჭაბუკის ლექსებს, მაგრამ მათ არავის არ უჩვენებდა. მარქსის მშობლები თავიანთი შვილის, ლიტერატურულ ანდა საპროფესორო კარიერაზე ოცნებობდნენ; მათი აზრით, მან დაიმცირა თავი იმით, რომ გაჰყვა სოციალისტურ აგიტაციას და თავის საქმედ აირჩია პოლიტიკური ეკონომია, რომელიც მაშინდელ გერმანიაში ჯერ კიდევ ათვალისწუნებული იყო.

    მარქსი თავის ქალიშვილებს შეპირდა დრამის დაწერას, რომლის სიუჟეტიც გრაკხების[6] ისტორია უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ამ დაპირების შესრულება; საინტერესო კი იყო გვენახა, როგორ დაამუშავებდა ძველი სამყაროს კლასთა ბრძოლის ისტორიის ამ ტრაგიკულ და, ამასთანავე, დიდებულ ეპიზოდს ის კაცი, რომელსაც „კლასობრივი ბრძოლის რაინდს“ ეძახდნენ. მარქსს ჰქონდა უამრავი გეგმა, რომლებიც განუხორციელებელი დარჩა. ის, სხვათაშორის, აპირებდა დაეწერა ლოგიკა და ფილოსოფიის ისტორია. ეს უკანასკნელი მისი საყვარელი საქმიანობა იყო სიჭაბუკის წლებში. მას ასი წელი უნდა ეცოცხლა, რომ განეხორციელებინა თავისი ლიტერატურული გეგმები – ეძღვნა მსოფლიოსათვის ნაწილი იმ საგანძურისა, რომელიც მის თავში ინახებოდა!

    მარქსის მეუღლე მთელი სიცოცხლის მანძილზე იყო მისი მეგობარი, ამ სიტყვის ნამდვილი და სრული მნიშვნელობით. ორივე ერთმანეთს ბავშვობიდანვე იცნობდნენ და ერთად იზრდებოდნენ. მარქსი 17 წლისაზე მეტისა არ იყო, როცა ისინი დაინიშნენ. ახალგაზრდებს შვიდი წლის ლოდინი მოუხდათ, ვიდრე 1843 წელს არ დაქორწინდნენ და ამის მერე სულ ერთად იყვნენ. მარქსის მეუღლე ქმარზე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. მგონი, არავინ და არასოდეს არ იყო თანასწორობის იდეით ესოდენ განმსჭვალული, როგორც მარქსის მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაიბადა და განათლება მიიღო გერმანულ არისტოკრატიულ ოჯახში. მისთვის არ არსებობდა განსხვავება საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით. საყოველდღეო სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილ პროლეტარებს იგი ისეთი სიყვარულითა და თავაზიანობით პატიჟებდა სახლში, სთავაზობდა სკამს თავის მაგიდასთან, თითქოს ისინი თავადები ან პრინცები ყოფილიყვნენ. რომელიც გნებავთ ეროვნების ბევრ მუშას გამოუცდია მისი სტუმართმოყვარეობა და გულითადობა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მათგანიც კი არ დაეჭვებულა, რომ ეს ქალი, ადამიანებთან ურთიერთობაში ესოდენ გულითადი და გულწრფელი, დედის მხრით წარმოსდგებოდა არგაილის ჰერცოგთა საგვარეულოდან, რომ მისი ძმა იყო პრუსიის მეფის მინისტრი; მან მიატოვა ყველაფერი, რათა გაჰყოლოდა თავის კარლს, და არასოდეს, ყველაზე მკაცრი გასაჭირის დროსაც კი, არ ნანობდა იმას, რაც გააკეთა.

    მას ნათელი და ბრწყინვალე გონება ჰქონდა. მეგობრებისადმი მიწერილი მისი წერილები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად რომ იღვრებოდა მისი კალმიდან, აშკარად წარმოადგენენ ამ ქალის ცოცხალი და ორიგინალური გონების ჭეშმარიტად ოსტატურ ნაწარძოებებს. მარქსის მეუღლისაგან წერილის მიღება დღესასწაული იყო. მისი წერილების ნაწილი გამოაქვეყნა იოჰან ფილიპ ბეკერმა. ულმობელ სატირიკოსს ჰაინეს, ცოტა არ იყოს, ეშინოდა მარქსის ირონიისა და დიდად აფასებდა მისი ცოლის მახვილ და დახვეწილ გონებას. მარქსისა და მისი ცოლის პარიზში ყოფნის დროს ჰაინე მათი მუდმივი სტუმარი იყო. თვით მარქსი იმდენად დიდი შეხედულებისა იყო თავისი მეუღლის გონებასა და კრიტიკულ უნარზე, რომ (როგორც მე მისგან 1866 წელს მოვისმინე) წასაკითხავად აძლევდა ყველა თავის ხელნაწერს და დიდად აფასებდა მის აზრს. სწორედ იგი გადაწერდა ხოლმე მის ხელნაწერებს დაბეჭდვისათვის.

    მარქსს ბევრი შვილები ჰყავდა. სამი მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა იმ უბედურების დროს, რაც მათმა ოჯახმა განიცადა 1848 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ისინი ემიგრაციაში ლონდონს წავიდნენ და იქვე დინ-სტრიტზე, სოჰო-სკვერის ახლოს ორ პატარა ოთახში დაბინავდნენ, მათი შვილებიდან მე მხოლოდ სამ ქალიშვილს ვიცნობდი. 1865 წელს, როცა მარქსი გავიცანი, უმცროსი (ელეონორა) საუცხოო ბავშვი იყო, მასში რაღაც ბიჭურიც იყო; მარქსი ხუმრობდა, რომ მისმა ცოლმა შეცდომით იგი გოგოდ გააჩინა. ორი სხვა ქალიშვილი, უმცროსისაგან ყოველმხრივ განსხვავდებოდნენ. უფროსს (შემდგომში ლონგეს მეუღლე), მამის მსგავსად, ჰქონდა სახის შავგვრემანი ჯანსაღი ფერი და ყორნის ფრთის ფერი თმა; მეორე — შუათანა (შემდგომში ლაფარგის მეუღლე) დედას ჰგავდა: ღაჟღაჟა ქერა იყო, ხშირი ხუჭუჭი თმები ჰქონდა, გეგონებოდა იმ ოქროსფერ თმებში მუდმივად ანათებდა ჩამავალი მზე.

      მარქსის ოჯახს, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, უნდა მივათვალოთ კიდევ ორი წევრი — ლენხენ დემუტი, რომელმაც არანაკლები როლი შეასრულა ამ ოჯახში. წარმოშობით გლეხის ქალი, ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი, მოსამსახურედ მოხვდა ჟენი მარქსთან, მის გათხოვებამდე დიდი ხნით ადრე, ლენხენმა ჟენი მარქსი არ დატოვა. გათხოვების შემდეგაც ის ისე ძლიერ დაუახლოვდა მარქსის ოჯახს, რომ სრულებით დაივიწყა თავისი თავი. იგი ცოლ-ქმარს თან ახლდა ყველა მოგზაურობაში მათთან ერთად იზიარებდა მათს განდევნილობას.

   ის ჭეშმარიტად კეთილი გენია იყო სახლისა; მას შეეძლო გამოსავალი მოენახა ყველაზე მძიმე წუთებში. მისი თადარიგიანობის, მომჭირნეობისა და მოხერხებულობის წყალობით ოჯახს არასოდეს გამოუცდია მწარე გაჭირვება, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე აუცილებელ საქმეში მაინც. ლენხენმა ყველაფრის გაკეთება იცოდა: საჭმელს ამზადებდა, ოჯახს პატრონობდა, ბავშვებს აცმევდა, კაბებს გამოსჭრიდა და მარქსის ცოლთან ერთად ჰკერავდა. მის მეურვეობაში მყოფ სახლში ის ერთდროულად დიასახლისიც იყო და მაჟორდომიც. ბავშვებს იგი დედასავით უყვარდათ და მათს თვალში მშობლის ავტორიტეტით სარგებლობდა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ წმინდა დედური თავდადებით ეპყრობოდა. ჟენი მარქსი მასში ხედავდა თავის ახლო მეგობარს. თვით კარლ მარქსიც მასთან მეტად მეგობრული დამოკიდებულებაში იყო, უყვარდა მასთან ჭადრაკის თამაში და, სხვათაშორის, ის მარქსს არცთუ იშვიათად მოუგებდა ხოლმე.

   ლენხენის ერთგულება მარქსის ოჯახისადმი უსაზღვრო იყო, რასაც კი ამ ოჯახის რომელიმე წევრი გააკეთებდა ყველაფერი ლამაზად ეჩვენებოდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა. თუ ვინმე მარქსზე იტყოდა საძრახავს, თითქოს თვითონ მას სძრახავდნენ. იგი დედური მზრუნველობის გრძნობით ეპყრობოდა ყველას, ვინც კი მარქსის ოჯახში გულითადი პატივისცემით სარგებლობდა. მან თითქოს იშვილა ყველა ისინი — მთელი ოჯახი. ლენხენმა მარქსზე და მის მეუღლეზე მეტ ხანს იცოცხლა; ის მზრუნველობა და ერთგულება, რომელსაც მარქსის ოჯახისადმი იჩენდა, შემდეგ მან ენგელსის ოჯახზე გადაიტანა, რომელსაც ჯერ კი დევ ახალგაზრდობის წლებში გაეცნო.

   თუმცა ენგელსიც თითქმის მათი ოჯახის წევრი იყო; მარქსის ქალიშვილები მას თავიანთ მეორე მამას ეძახდნენ, ის იყო მარქსის alter ego;[7] გერმანიაში დიდი ხნის მანძილზე არ განცალკევებულა მათი სახელები და ისტორიის ფურცლებზე ისინი სამუდამოდ იქნებიან დაკავშირებულნი. მარქსმა და ენგელსმა ჩვენს საუკუნეში განახორციელეს მეგობრობის ის იდეალი, რომელსაც ძველი პოეტები გამოხატავდნენ. ისინი ბავშვობის წლებიდანვე ერთად და, ასე ვთქვათ, პარალელურად ვითარდებოდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ ყველაზე გულითად აზრებსა და გრძნობებს, მონაწილეობდნენ ერთსა და იმავე რევოლუციურ მოძრაობაში და მანამდე მუშაობდნენ ერთად, ვიდრე ერთად ყოფნა შეეძლოთ.

  ისინი ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმუშავებდნენ ერთად, რომ იმ დროის მოვლენებს არ დაეშორებინა ერთმანეთისაგან თითქმის მთელი ოცი წლით. 1848 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ენგელსს მოუხდა მანჩესტერში გამგზავრება, მაშინ, როცა მარქსი ლონდონში უნდა დარჩენილიყო.

    მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობდნენ ცხოვრებას საერთო სულიერი ცხოვრებით. მათ თითქმის ყოველდღე ჰქონდათ მიმოწერა მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე ან მეცნიერების საკითხებზე, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მეცნიერულ გამოკვლევებს. როგორც კი ენგელსს თავისი სამუშაოდან განთავისუფლების საშუალება მიეცა, მან სწრაფად დატოვა მანჩესტერი და ჩავიდა ლონდონში, სადაც თავისი ძვირფასი მარქსის სახლიდან ათი წუთის სავალზე დაბინავდა. 1870 წლიდან მოყოლებული, მარქსის სიკვდილამდე ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ მათ ერთმანეთი არ ენახათ, რომ ერთ-ერთი მეგობარი არ სწვეოდა მეორეს.

    მარქსის მთელი ოჯახი დღესასწაულობდა, როცა ენგელსი თავისი ჩამოსვლის ამბავს შეატყობინებდა. მისი ჩამოსვლის მოლოდინში გაუთავებელი ლაპარაკი იყო მასზე, ხოლო ჩამოსვლის დღეს მარქსს მოუთმენლობის გამო მუშაობა არ შეეძლო. მეგობრები თამბაქოს ეძალებოდნენ და მთელ ღამეს ერთად ისხდნენ, რათა მოესწროთ ლაპარაკი ყველაფერზე, რაც კი მათი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მოხდა.

   ენგელსის აზრს მარქსი მეტად აფასებდა, ვიდრე, ვინც არ უნდა ყოფილიყო, სხვის აზრს: ენგელსი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელსაც მარქსის აზრით, შეეძლო ყოფილიყო მისი თანამშრომელი. მარქსი არავითარ შრომას არ ინანებდა იმისათვის, რომ რაიმეში დაერწმუნებინა ენგელსი, მისაღები გაეხადა მისთვის თავისი რომელიმე იდეა. მაგალითად,  მე მომიხდა ნახვა იმისა, თუ როგორ კითხულობს მარქსი ხელახლა მთელ ტომებს, რათა მოეძებნა ფაქტი რომელიც ენგელსს აიძულებდა შეეცვალა აზრი, რომელიღაც – ახლა აღარ მახსოვს, სახელდობრ, რომელი — მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის საკითზე ალბიგოიელების[8] პოლიტიკური და რელიგიური ბრძოლის ისტორიიდან. მისთვის დღესასწაული იყო, როცა ენგელსს დაარწმუნებდა ხოლმე თავისი აზრის სისწორეში.

   მარქსი ამაყობდა თავისი მეგობრით. იგი განსაკუთრებული სიამოვნებით მომითხრობდა ენგელსის ყველა ზნეობრივ და გონებრივ ღირსებაზე; რომ იგი ეჩვენებინა ჩემთვის, ამ მიზნით მან მანჩესტერში წამიყვანა.

  მარქსი აღტაცებული იყო ენგელსის მრავალმხრივი მეცნიერული ცოდნით. ყოველი წვრილმანი შემთხვევა, რომელიც კი მის მეგობარს შეეხებოდა, მარქსის შეშფოთებას იწვევდა. მე სულ ვკანკალებ, — მეუბნებოდა მარქსი, როცა გავიფიქრებ, რომ მას რაიმე უბედურება შეემთხვევა ნადირობისას, როცა ის მთელი ძალით მიაჭენებს ცხენს ველებზე და ზედიზედ სძლევს დაბრკოლებებს.

    მარქსი იყო ისეთივე კარგი მეგობარი, როგორიც ალერსიანი მეუღლე და მამა. მეორეს მხრივ მან თავისი ახლობლების — ცოლის, ქალიშვილების, ლენხენის და ენგელსის სახით ჰპოვა ადამიანები, ყოვლად ღირსნი ისეთი ადამიანის სიყვარულისა, როგორიც თვითონ იყო.

1890-1891 წწ.


[1] ტოლენი, ანრი ლუი — მუშათა მოძრაობის ფრანგი მოღვაწე, მემარჯვენე პრუდონისტი, პირველი ინტერნაციონალის წევრი. 1871 წელს გარიცხეს ინტერნაციონალიდან, როგორც რენეგატი და პარიზის კომუნის მტერი, მოგვიანებით სენატორი იყო (რედ).

[2] კიუვე ჟორჟ – დიდი ფრანგი ბუნებისმეტყველი, ზოოლოგი და პალეონტოლოგი.

[3] მარქსი ღრმად სწავლობდა აგრარული ურთიერთობის ისტორიას რუსეთში, მუშათა და გლეხთა მდგომარეობას და აგრეთვე მეფის რუსეთის საგარეო პოლიტიკას (რედ).

[4] პარიზის კომუნის დამარცხების შემდეგ ლაფარგი საფრანგეთიდან ემიგრაციაში ესპანეთს წავიდა, სადაც მარქსისა და პირველი ინტერნაციონალის გენერალური საბჭოს დავალებით ბრძოლას ეწეოდა ანარქისტ-ბაკუნისტებთან (რედ).

[5] კომუნისტთა კავშირი პროლეტარიატის პირველი კომუნისტური ორგანი ზაცია, რომელიც შექმნეს მარქსმა და ენგელსმა და რომელმაც იარსება 1847 წლიდან 1852 წლამდე (რედ).

[6] ძმები გრაკხები, გაიუსი და ტიბერიუსი — სახალხო ტრიბუნები ძველ რომში, იბრძოდნენ გლეხობის სასარგებლო აგრარული კანონებია შემოღებისათვის (რედ).

[7] მეორე „მე“ (რედ).

[8] ალბიგოიელების ომი წარმოებდა 1209 წლიდან 1229 წლამდე. ჩრდილოეთ საფრანგეთის ფეოდალები, პაპთან ერთად, ებრძოდნენ სამხრეო საფრანგეთის „ერეტიკოსებს“, რომლებმაც მიიღეს ალბიგოიელების სახელწოდება სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ალბის მიხედვით. ალბიგოიელების მოძრაობა იყო მოქალაქეთა და წვრილი რაინდობის ოპოზიციის თავისებური ფორმა კათოლიკური ეკლესიისა და ფეოდალური სახელმწიფოს წინააღმდეგ. რ ე დ.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: მარად ცოცხალი, “განათლება”, თბილისი, 1968.