საბა კოხრეიძე – ნაცარქექიას ზღაპრის კიდევ ერთი გადახედვა

  ზვიად გამსახურდიამ ქართული ზღაპრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ნაცარქექიას, შესახებ მეტად ორიგინალური მოსაზრება გამოთქვა:

(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისანაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ელა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახეალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს.[1]

  თავიდანვე უნდა ითქვას, ჩვენი მიზანი არ არის მეტაფიზიკური უნივერსალიების შესახებ  საკითხის წამოჭრა. ამ ციტატაში მეტად საგულისხმოა თავად გამსახურდიას ფრაზა, რომ კარგი იქნებოდა, თუ  ნაცარქექიას შევხედავდით  არა მხოლოდ როგორც პოლიტიკურ მებრძოლს, ან დიპლომატს. ჩვენ,  რა თქმა უნდა,  ამ შემთხვევაში,  სწორედ საპირისპიროდ მოქცევა გვმართებს. ნაცარქექიას ზღაპრის პერსონაჟში უფრო მეტად პოლიტიკური მებრძოლის ფიგურა უნდა დავინახოთ, პოლიტიკური საზრისი კი, დიდწილად, მიჩქმალული, მეორე პლანზე გადასროლილი არის ხოლმე და მაგისტრალური განმარტება მას (ზღაპრის გმირს) აბსტრაქტული ბოროტების განმგმირავ, წმინდა გიორგისეულ ფიგურად წარმოგვიჩენს. ნაცარქექიას პოლიტიკურ შინაარსზე აქცენტის გადატანა, ინტერპრეტაციაში სიმძაფრის შეტანასთან ერთად,  ახალი ჰორიზონტის გაშლის საშუალებას გვაძლევს.  ნაცარქექიას ზღაპრის გმირი, ერთი შეხედვით რაც უნდა პარადოქსული იყოს, არ არის პოლიტიკურად კონფორმისტი და, მით უმეტეს,  რეაქციულობის სიმბოლო. სხვა შემთხვევაში, ის მასზე უფრო ძლიერი არსებების წინააღმდეგ სულაც არ გაილაშქრებდა.  ნაცარქექია თავისი შინაგანი ბუნებით რევოლუციონერია, ანდა – თუკი საკუთარ თავს გადამლაშების უფლებას მივცემთ – მასში შეგვიძლია, მარქსისტ-ლენინისტის სახეხატიც დავლანდოთ.

  ზღაპრის მკვლევართა დიდი ნაწილი, ალბათ, მსგავსი წაკითხვის არსებობაში დარწმუნების შემდეგ, უკმაყოფილებისგან გაცხარდებოდა კიდეც, რადგან, ზოგადად, ზღაპრის სტრუქტურა ზეისტორიულია  და დროულობის  მიღმა გადის. ასეთია, მეტწილად, ფილოლოგიური სკოლის მიდგომა, რომელიც მხოლოდ უშუალოდ კონცენტრირებს. მათ შორისაა ვლადიმერ პროპი, რომელმაც  აჩვენა,  როგორ ვითარდებოდა ზღაპრის მორფოლოგიური ნიმუშები და სტრუქტურები და როგორ უკავშირდება ისინი ესთეტიკურ კანონებს. ფოლკლორში  მთავარია არა წარმოშობის პრობლემა,  არამედ მისი აგებულება, სტრუქტურა, მიზანდასახულობა, რაც ყველა ზღაპრისთვის არსებითია.[2] ამგვარად, ამ მიდგომას თუ გავყვებით, ზღაპრის სიახლოვე კონკრეტულ პოლიტიკურ დოქტრინასთან, რომელიც ისტორიის მხოლოდ მცირე მონაკვეთში ინარჩუნებს ხოლმე აქტუალურობას, თითქოს  ჩანასახშივე  აბსურდულია.  მაგრამ, მეორე მხრივ, ფოლკლორული პროდუქტი ვერ იქნება დაცლილი პოლიტიკისგან, რადგან ის გადმოსცემს ხალხთა ისტორიას, ის ხალხთა სულია.  უფრო მეტიც, ზღაპრები გვაძლევენ უტოპიურ იმპულსებს, რომელთაც კონკრეტული საფუძველი თვით სინამდვილეში აქვთ; ზღაპრების ჯადოსნურობა თავად ხალხთა მატერიალური ცხოვრებიდან მოდის. და მაინც, ზღაპრების ისტორიზება, ერთი შეხედვით, შეუძლებელია, რადგან არასდროს  ვიცით,  თუ როდის ჩნდება ის ფოლკლორში, მას არ ჰყავს ცალკეული ავტორი. შესაბამისად,  ხედვა,  რომ  ზღაპრები ინდუსტრიულ კაპიტალიზმამდე  ფეოდალური ხანაში ან აგრარული საზოგადოების ადრეულ  პერიოდში ჩნდება, რადგან  მაგიური ზღაპრის გმირები ამ ხანის სპეციფიკას აჩვენებს, თითქოს არასწორი უნდა იყოს. მაგრამ ზუსტად ვიცით,  რომ ზღაპრები ხალხის წიაღში, თაობიდან თაობაზე,  ზეპირსიტყვიერების  ტრადიციით  გადაიცემოდა საუკუნეების განმავლობაში; ისიც საგულისხმოა, რომ, შესაძლოა, ერთი და იგივე მოტივის მქონე ზღაპარი მუდმივად განსხვავებული ნიმუშებით და კონტექსტებით ყოფილიყო დატვირთული.                                                                                             

    ვლადიმერ პროპის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა,  რომ   ზღაპრებში სხვადასხვა პერსონაჟი ხშირად ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს,   ელემენტთა გარდაქმნა და ცვლილებები დამოკიდებული იყო ამ თუ იმ დროის, ეპოქის საზოგადოებრივ რეალობებზე. აქედან გამომდინარე, ტრადიციულ ზღაპრებში არსებული  ინსტიტუციები და ცნებები გარკვეული ეპოქის გავლენას უნდა განიცდიდნენ; ზღაპრებზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფორმაცია კი,  ფეოდალიზმია, რომელიც, თავის მხრივ, ევროპულ სივრცეში უკანასკნელი პრეკაპიტალისტური  საზოგადოებრივი ფორმაციაა.[3] სოციოლოგიური ანალიზისას, მარტივად შეიძლება იმის დადგენა, რომ ფოლკლორული ზღაპრის გმირები ძირითადად იყვნენ აგრარულ სფეროში მომუშავე, განათლების არმქონე ხალხი; ისინი, უმეტესად,  უპირისპირდებოდნენ ან  გარკვეული მიზეზით/მოტივით მიემართებოდნენ მმართველი კლასის წარმომადგენლებს. შესაბამისად,  ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ,  მორფოლოგიური სტრუქტურის გარდა, ზღაპრის შინაარსობრივი პრობლემების  ფესვებამდე ჩასვლა ფუჭია.

   ზღაპრების დეისტორიზაციის პროცესი ბურჟუაზიული ეპოქის „სიკეთეა“ და სათავეს მეთვრამეტე საუკუნიდან იღებს.  ბურჟუაზიული კლასისთვისთვის, მათი უტილიტარიზმისა  და ინსტრუმენტული რაციონალიზმისთვის,  ხალხური წარმოსახვითი მოტივები და სიმბოლური კონფლიქტები წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. მაგალითად,  გერმანიაში ბურჟუაზიული კლასის  თანდათანობით მოძლიერებასთან ერთად,   ფოლკლორული ზღაპრები იქცა  დაბალი ღირებულების ხელოვნებად, მათი ვულგარულობისა და მორალის არქონის გამო. საბოლოოდ,   ბურჟუაზიამ, მრავალი მიმართულებით, შეძლო ზღაპრის წარმოსახვითი იმპულსების  მინიმალიზება, სიუჟეტიდან უტოპიური  შინაარსის მოშთობა; ეს პროცესი  განსაკუთრებით,  უოლტ დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმებშია ილუსტრირებული. აქ  შეუძლებელი გახდა რაიმე  სახით  წარმოსახვითი შუქის დაჭერა, ის მეტად  რაოდენობრივი ფანტაზიის ნაწილად გადაიქცა. თუმცა, მეორე მხრივ, ბურჟუაზიის ზეობის ხანაში ვხვდებით ზღაპრის იარაღად გამოყენების მაგალითებსაც  და მათ ისეთ ინტერპრეტაციებს, რომლებიც კონსერვატიულ, რეაქციულ მიდგომებს და საზოგადოებრივ ნორმებს უპირისპირდება. ადრეული გერმანული რომანტიზმი, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის მუხტით სულდგმულობდა,  ზღაპრებს ამ გარდაქმნების სულისკვეთებით და  არისტოკრატიულ ნარჩენებთან შეწინააღმდეგების  შინაარსით ტვრითავდა. სწორედ ამ დროიდან მოდის ფოლკლორსა და ზღაპარს შორის საზღვრების დადგენის მცდელობები, რაც ალბათ  შეუძლებელია, რადგან ზღაპარი და ფოლკლორი ერთი და იგივეა.  

   ზღაპრის ისტორიულობას ასევე  ისიც აჩვენებს,  რომ წარმოდგენა თავად არის ისტორიული და  ცვალებადი. წარმოდგენა აკომპენსირებს იმ დანაკლისს,  რასაც კონკრეტულ სინამდვილეში ვაწყდებით, წარმოდგენას შეუძლია გააძლიეროს მჩაგვრელი სისტემის პრაქტიკული კრიტიკა და გააჩინოს მისი გადალახვის იმედი. წარმოდგენას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც  რთულ ყოფაშიც კი იძლევიან რეალობის ცვლილების იმედს; ეს უკანასკნელი კი, ძლიერი იარაღი გახლდათ ჩაგრული მასებისთვის ექპსლუატატორების წინააღდეგ. წარმოდგენის უნარის მნიშვნელობის ხაზგასასმელად არაერთი ავტორის  მოშველიება ძალგვიძს: მაგალითად,   ინგლისელი რომანტიკოსი მწერალი,  ს. კოლრიჯი ამბობდა, რომ წარმოდგენა – თვისობრივი, ხოლო ფანტაზია – რაოდენობრივი უნარია. ფანტაზიისგან განსხვავებით,  წარმოდგენის უნარს შეუძლია სინთეზირება და  სტრუქტურული შეზღუდულობისგან გასვლა. მეოცე საუკუნის გერმანელ ფილოსოფოსს, ერნსტ ბლოხს მიაჩნდა, რომ ზღაპრის სამყარო შეიცავს ისეთ მიდგომას, რომლის მეშვეობითაც, უტოპიური პერსპექტივა  იქცევა ყოველდღიური ბანალურობის   კრიტიკულ რეფლექსიად და გონებას ეხმარება,  საზოგადოების გარდაქმნისკენ ნაბიჯი გადადგას. თუმცა ზღაპრის წარმოსახვითობა, ბლოხის მიხედვით, არ გვთავაზობს მომავალი სამყაროს  სილუეტს/მოხაზულობას, არამედ ის უბრალოდ შლის და ანგრევს ყალბ ცნობიერებას, რომელიც საზოგადოებაზეა თავს მოხვეული.[4] ზღაპარი გვეუბნება,  რა გვჭირდება და გვაჩვენებს იმას, რა გვაკლია და როგორ გადავლახოთ ის, რაც  გვირღვევს ჩვენი ყოველდღიურობის სიმყუდროვეს.

   ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი ზღაპარი, ისტორიულად, მუდმივად ინტერპრეტაციის საგანი იყო, რატომ არ შეგვიძლია თავად დავიწყოთ  ფოლკლორული ზღაპრების პოლიტიკური შინაარსით გამსჭვალვა, თან განსაკუთრებით იმიტომაც, რომ ფოლკლორული ზღაპრები ყოველთვის უტოპიური ენერგიის მატარებლები იყვნენ და განმათავისუფლებელი პროექტებისთვის მეტად საინტერესო  წყაროც. ნაცარქექიას ზღაპარს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული როლი  აქვს ქართული ფოლკლორისთვის; ეს ზღაპარი,  განსხვავებით სხვა  ზღაპრებისგან,  არაერთგზის გამხდარა დავის საგანი, რადგან მუდმივად შინაგან წინააღმდეგობრიობას ატარებდა. ჩვენი აზრით, ნაცარქექიას მაგალითში შეგვიძლია დავინახოთ კლასობრივი კონფლიქტის ნიადაგზე ამოზრდილი მარქსისტულ-ლენინისტური შეხედულებების ილუსტრირება.

***

  „იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთ ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცისმარე დღე კერასთან იჯდა  ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა“.

     ვინ არის და რა ტიპის გმირია ნაცარქექია? ზღაპრის კლასიფიკაციით,  ის საკმაოდ უცნაური გმირია, არ მოქმედებს  სტანდარტულად,  ერთი სიტყვით, არ არის საშუალო ადამიანი. მისი ქმედება მიუღებელია ოჯახის სხვა წევრებისთვის, მათ არ ესმით ნაცარქექიას ცხოვრებისეული ინტერესები. ნაცარქექია ოჯახში ისეთივე მარგინალია, როგორც   კომუნისტები – ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. ვერგაგება, საზოგადოების მიერ აღმართული ყრუ კედელი სწორედ ის მდგომარეობაა, რომელსაც პირველ ეტაპზე მარქსიზმით შეიარაღებული ადამიანი აწყდება. ნაცარქექიას ქცევა გვახსენებს ერთ ისტორიას:  გამვლელებმა შორიდან ადამიანი შენიშნეს, რომელიც  ორ ხეს ერთმანეთზე აკაკუნებდა და  მიახლოვებისას  აღმოაჩინეს, რომ მას ხეებისგან  რაღაც გამოეთალა.  სწორედ ასევე,  ლენინი ამბობს, რომ ხშირად არ ესმით,   რატომ ათენებენ ბოლშევიკები ღამეებს საუბარში და რატომ არიან ერთმანეთთან მუდმივ პოლემიკაში. სხვა სიტყვებით, რატომ ფლანგავენ დროს? მაგრამ ლენინისავე განმარტებით, ბოლშევიკები სწორედ ამ  საუბარში იწრთობიან და აძლიერებენ  საკუთარ პოზიციებს. ასევე, ნაცარქექიაც,  თავის ფიქრებში ეძებს ნაპერწკალს და  მის გონებრივ სისხარტეს აუმჯობესებს.  

   შეუძლებელია,  გამსახურდიას ბოლომდე დავეთანხმოთ,  რომ  ნაცარქექია ჭვრეტითი ნატურაა. პროტაგონისტი თუ თავდაპირველ ეტაპზე სამყაროს ნამდვილად ჭვრეტს, სახლიდან გაგდების  შემდეგ,   მას, ეჭვგარეშეა, უწევს  გამოვიდეს ჭვრეტითი მდგომარეობიდან და  საკუთარი მისია პრაქტიკისა და თეორიის ურთიერთშერწყმით განახორციელოს. ჭვრეტა,  ამ შემთხვევაში,  არის მდგომარეობა,  რომელიც გეხმარება სწორი გზის პოვნაში.  ნაცარქექია ნაცრის ქექვისას ფილოსოფირებს, ესე იგი,  არაფერს აკეთებს. როგორც დიცგენი იტყოდა,   ჩვენ უნდა გავყვეთ სწორ გზას; მაგრამ იმისთვის,  რომ გავყვეთ სწორ გზას,  აუცილებელია ვისწავლოთ ფილოსოფია, რომელიც ყველაზე არასწორი გზაა  არასწორ გზებში ( Der Holzweg  der Holzwege). ის არასწორია, რადგან მას არსაითკენ მივყავართ. შესაბამისად,  ფილოსოფიური თეორიის გარეშე, რომელიც არასწორი გზაა,  ვერ ვიპოვით  სწორ გზას.[5] და როდესაც პროტაგონისტი შინიდან გარეთ გავა, მას მოუწევს ფილოსოფიის ნეგაცია.

როდესაც ოჯახის  წევრები ნაცარქექიას სახლიდან უშვებენ, პროტაგონისტი მათზე სულაც არ ბრაზდება, მათდამი არ აქვს პიროვნული წყენა, რადგან ის იაზრებს სოციალურ სიტუაციას და იმ მიზეზს თუ რატომაც აგდებენ სახლიდან. Ad hominem მიდგომა ვითარებიდან გამოსავალი სულაც არ არის, რადგან ის ვერ წვდება თავად მოვლენის სიღრმეს. ამის საპირისპიროდ, ყოველთვის საჭიროა, საზოგადოებრივი ძალების გაანალიზება და იმის აღიარება, რომ ისტორიას ქმნი(ან)ს არა ადამიანი,  არამედ მასები.  ნაცარქექია საგზლად სამ  ნივთს ითხოვს: ჭყინტ ყველს, სადგისს და გუდა ნაცარს. ერთი შეხედვით,  გზაზე დამდგარი კაცისთვის, ეს სამი ნივთი გამოუსადეგარია, მაგრამ გმირი ნივთებს სხვათაგან განსხვავებულად განსხვავებულად ჭვრეტს. ნაცარქექია გადალახავს საღი აზრის,  Common  Sense მდგომარეობას. ის   სინამდვილის გულისგულში მჭვრეტელი  ფენომენია.  მსგავსია მარქსისტის ხვედრიც, ის ნივთებს აღმოაჩენს სხვაგვარად, ვიდრე რიგითი იდეოლოგიზირებული ადამიანი,  მიდის იქ,  სადაც საღი აზრი ნამდვილ თავგადასავალს განიცდის. საგზლად წაღებული ნივთები,  რომლითაც მარქსისტი შეიარაღებულა და რომელსაც მუდმივად თან დაატარებს არის  ზედმეტი ღირებულების თეორია, ისტორიული მატერიალიზმი და დიალექტიკური მატერიალიზმი. სწორედ ამ სამი იარაღით უპირისპირდება ის ყველა დევს, ყველა მეფეს და ყველა ბურჟუას.  

    დევი არ არის ბუნებისეული, პირველყოფილური არსება, როგორიც ეს,  მაგალითად,  ოდისევსის ციკლოპია.  ფოლიფემისგან  განსხვავებით,  დევი  არ არის მეცხვარე და არ მისდევს მესაქონლეობას,  არამედ ის საკუთრების მიმთვისებელია, მას  ჰყავს ოჯახი  და ამასთან,   დაუგროვებია ქონება და სიმდიდრე. დევი,  უფრო მეტად, წარმოადგენს პირდაპირ წაგლეჯვის პრინციპზე მდგომ  არსებას;  მითვისების ხერხები ახლოსაა ხარკის აღების სისტემასთან,  როდესაც სოფლებს ან თემებს,  სხვადასხვა საშუალებით, უწევდათ სხვა, უფრო მძლავრი ტომისთვის ან ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატისთვის გადაეხადათ.

 როგორც სამირ ამინი ამბობს, ხარკის გადახდის  წარმოების სისტემა  ყველაზე გავრცელებული  და საერთო მახასაიათებელების მქონეა პრეკაპიტალისტური კლასობრივი საზოგადოებებისთვის.[6]  გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზღაპართა უმეტესობა, პრეკაპიტალისტურ აგრარულ საზოგადოებებში ჩნდება. დევების  მათი საკუთარი სახლიდან გაყრა და იქ ნაცარქექიას ოჯახის შესახლება, კი სიმდიდრის საზოგადოებრივი გადანაწილების აქტია.

  დევების მოტყუების  შემდგომ,  ნაცარქექია  უბრუნდება თავის ძველ საქმეს და ისევ ბუხრის წინ ჯდება. სახლში დაბრუნება, რომელიც ზღაპრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, არ არის უბრალოდ სახლში დაბრუნება, ის საწყისი მდგომარეობის ის სინთეზური (დიალექტიკური) გადალახვაა. ნაცარქექიას სახლში დაბრუნება სწორედ ამ სინთეზურ-დიალექტიკური (მოხსნა-შენახვა-მაღალ საფეხურზე გაერთიანების) პროცესით არის გამდიდრებული. საინტერესო ის არის,  რომ  მთელი რიგი ხდომილებების მიუხედავად, ის მაინც ნაცარქექიად რჩება, შერქმეული სახელი მას ბოლომდე მიჰყვება.  ოდისევსთან ნაცარქექიას შედარება ამიტომაც მიგვაჩნია უმართებულოდ. ოდისევსი მეფეა, შესაძლოა, ცუდი მეფე,  მაგრამ მაინც  ამ სტატუსის მქონეა, ხოლო ნაცარქექია არც თავიდან ყოფილა წარჩინებული ფიგურა და არც თავისი გმირობის შემდგომ გამხდარა ასეთი.  სწორედ აქ მივდივართ მარქსისტული პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხთან – ძალაუფლებასთან. ხშირია,  როდესაც  ლენინისტური ავანგარდის იდეას აკრიტიკებენ, რადგან მასში ძალაუფლების მითვისების საშუალებას ხედავენ, რაც თითქოს უპირისპირდება სახალხო დემოკრატიული პრინციპებს. მაგრამ სინამდვილეში,   ავანგარდი,  როგორც ფენომენი,  იმიტომ არსებობს, რომ თავისი თავი უარყოს, გადალახოს; ეს ბოგდანოვისეულ მეცნიერ-ინჟინრისგან – რომელიც მომავლის საზოგადოებაში ძალაუფლების სათავეში იმყოფება – განსხვავებული მოდელია. მსგავსია ზღაპრის პროტაგონისტის გზაც: ოჯახიდან  გაგდებული ნაცარქექია  თავგადასავლების შემდგომ არ ცდილობს მისი სტატუსის შენარჩუნებას, მას არ სურს კვლავ  ამ  მოდუსში იმყოფებოდეს; არც მეცნიერ-ინჟინრობა სურს და არც თავგადასავლის (საგანგებო მდგომარეობის) გაგრძელება. მიზანმიღწეული ზღაპრის გმირი ისევ თავის ძველ საქმიანობას უბრუნდება. ამ მდგომარეობას, შეგვიძლია შევადაროთ ლენინის პოსტრევოლუციური საქმიანობა: სამოქალაქო ომის მეტად დაძაბული პერიოდის შემდგომ, ლენინი  შეეცადა,  უარი ეთქვა სამოქალაქო ომის პერიოდის  სპეციფიკურ მეთოდებზე და დაბრუნებულიყო მმართველობის ნორმალურ სტილთან,  განსხვავებით,  მაგალითად,   სტალინისგან, რომელიც  შიდა პარტიული სიტუაციის ოდნავი გართულების შემთხვევაშიც, სრულიად მშვიდი საზოგადოებრივი მდგომარეობის პირობებში,  სამოქალაქო ომის პერიოდის  მეთოდებს იყენებდა, რაც, საბოლოოდ, მისთვის „ ჩვეულებრივი” მმართველობის საფუძვლად იქცა.[7]

კითხვაზე – რით იმარჯვებს ნაცარქექია, პასუხი შემდეგია:   საღი აზრის მიღმა გასვლა, ოჯახის, საზოგადოების მიმართ სიკეთით გამსჭვალვა, სინამდვილის გარდაქმნის სურვილი. ეს ის თვისებებია, რომლებიც მან ნაცრის ქექვისას, ფილოსოფირებისას შეიძინა.


[1] გამსახურდია ზვიად,  აირჩიე ქართველო ერო!, ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები, თბ. :ძმობა გრაალის მცველნი, 2000.

[2] კიკნაძე ზურაბ, ქართული ფოლკლორი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007, გვ.  78.

[3] Zipes Jack, Breaking the Magic spell, Radical Theories of Folk and Fairy Tales,The University Press of Kentucky, 1979, გვ. 39.

[4] იქვე,  გვ. 157.

[5] Althusser, Lenin and Philosophy, გვ. 31.

[6] Amin, Modes of Production and Social Formations, Ufahamu: A Journal of African Studies, 4(3), 1974, გვ. 57-58.

[7] Лукач, Великий Октябрь 1917-го и Современная литература, გვ. 224, Иностранная Литература, 1988.