ეჭვგარეშეა, რომ კიტა (კონსტანტინე) მეგრელიძე მეოცე საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. განსაკუთრებულად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ის ქართული მარქსიზმისთვის (თუ ამ ტერმინის გამოყენება ვალიდურობას მოკლებული არაა). სამწუხაროდ, მეგრელიძის შემოქმედება ობიექტური მიზეზების გამო, საკმაოდ მწირია, რაც მის გადასახლებასა და ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალებას (1900-1944) უკავშირდება, თუმცა, მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია ის მცირე დანატოვარიც, რაც ფილოსოფოსისგან შემოგვრჩა. მისი ძირითადი ნაშრომი „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“ დაწერიდან მხოლოდ თითქმის 30 წლის შემდგომ, 1965 წელს გამოქვეყნდა. რეაბილიტაციის მიუხედავად, კიტა მეგრელიძე არ გამხდარა მეინსტრიმული მოაზროვნე: საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიური წრეები ექსისტენციალიზმით და ესთეტიკით იყვნენ გატაცებულები, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კი, ანტი-მარქსიტული რეაქციული ძალების ავადმყოფურად გაძლიერების პირობებში, კიტა მეგრელიძის სახელი და გვარი სრულიად უინტერესო გახდა. მხოლოდ უკანასკნელ დეკადაში დაიწყეს მისი შემოქმედების ხელახალი შესწავლა, თუმცა სრულიად ლოგიკურად, ის ლიბერალურ ეპიგონური ვიწრო წრის საკუთრება აღმოჩნდა, რომელიც მარქსისტი ფილოსოფოსის შემოქმედებაში სწორედ მარქსისტული ფუნდამენტის გაბუნდოვანებას შეუდგა და, შეიძლება ითქვას, მისი ჰუსერლიანელად გადაქცევა მოინდომა. თუმცა, რა თქმა უნდა, კიტა მეგრელიძის მარქსისტობაში ეჭვის შეტანა სრულიად უგუნური მცდელობაა.
ტექსტი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, კიტა მეგრელიძის გერმანიაში ყოფნას უკავშირდება და ეხება გერმანიაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში წინა საუკუნის 20-იან წლებში იდგა. თავად ტექსტი ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, პირველი რიგში, როგორც ისტორიული დოკუმენტი კიტა მეგრელიძის შემოქმედებიდან, და მეორე, ის შინაარსობრივადაც ღირებულია. შინაარსობრივ მხარეზე რომ გადავიდეთ, ვაიმარის რესპუბლიკის, მეოცე საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და „დანაღმული“ ქვეყნის ეკონომიკური ანალიზი უკვე თავისთავად დამაინტრიგებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი გამოტანილი დასკვნები დიდწილად მართლდება. ტექსტიდან ჩანს, რომ მეგრელიძე კარგად ხედავს ობიექტურ ფაქტორებს, რომლებმაც, შესაძლოა, მომავალში კვლავ გამოიწვიოს საომარი პროცესების დაბრუნება ევროპაში. ის ასევე ამჩნევს ფაშიზმის საფრთხეს, რომელიც გერმანიაში თანდათანობით ძლიერდება. ამასთან, მარქსიზმში გათვიცნობიერებულ ადამიანებს არ გამორჩება ავტორის მიერ ხშირად გამოყენებული „რაციონალიზაციის“ ცნება, რაც ეჭვს ბადებს, რომ კიტა მეგრელიძე 1927 წლისთვის გეორგ ლუკაჩის საყოველთაოდ ცნობილ ნაშრომს, „ისტორია და კლასობრივ ცნობიერება“, სულ მცირე, ზედაპირულად მაინც იცნობს. აჩრდილის სარედაქციო ჯგუფი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც კიტა მეგრელიძის შესახებ კრიტიკული წერილების შემოთავაზებას, ასევე მისი ფუნდამენტური ნაშრომიდან მთელი რიგი პასაჟების გამოქვეყნებას.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
გერმანიის კაპიტალიზმი რომ ხანგრძლივ კრიზისის პერიოდს განიცდის ეს არავისათვის სადაო არ არის დღეს. ამ ფაქტს აღნიშნავენ და ცნობენ გერმანიის მსხვილი ინდუსტრიის ცალკე წარმომადგენლები, ეს ფაქტი აღნიშნა სრულიად გერმანიის მრეწველთა ყრილობამაც დრეზდენში, ამას მოწმობენ სამეურნეო-სტატისტიკური ჟურნალები და ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური ციფრები. ამ ფაქტს არ უარყოფს გერმანიის სოც-დემოკრატია, მიუხედავად მის თანდაყოლილ ფლეგმატიზმისა ეკონომიურ საკითხებში.
ეკონომიური კრიზისი, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში გერმანიის სახალხო მეურნეობის საერთო კონიუნქტურა რამოდენიმეთ გაუმჯობესდა, ინგლისის სამთო-მადნო მუშების გაფიცვის გავლენის გამო, რჩება მაინც ფაქტად და,—როგორც ქვემოთ დავინახავთ მოსალოდნელია ამ კრიზისის კიდევ მეტი გამწვავება.
გერმანიის კაპიტალიზმის კრიზისის ძირითად მიზეზების გამორკვევა შეადგენს ჩვენი წერილის მიზანს.
1. 1923 წელი
დღევანდელი გერმანიის კაპიტალიზმი თავის ისტორიის დასაწყისს 1923 წელს აცხადებს. თუ ამ ფაქტის ქვეშ იგულისხმება ის, რომ მაშინ —ოქტომბერში— გერმანიის კაპიტალიზმი უფსკრულის წინაშე იდგა, შეწყდა მისი ეკონომიური მაჯისცემა, დაეცა ვალუტა, მინიმუმამდე შემცირდა საქონლის ბრუნვა, ვაჭრობა და მრეწველობა ჩაკვდა, სავაჭროები და ქარხნები დაიხურა, დამშეული და აჯანყებული მუშები ამზადებდნენ გერმანიის კაპიტალიზმის საბოლოო დანგრევას… მაგრამ სოც.-დემოკრატიის მორიგი ღალატის გამო გერმანიის ბურჟუაზიამ თავი დააღწია 1923 წლის სახიფათო განსაცდელს, ხელი ჩასჭიდა სახელმწიფო ძალაუფლებას და სოც.-დემოკრატი პრეზიდენტის – ებერტის ხელით დაიმკვიდრა ერთგული მთავრობა. თუ ახალი დატის ქვეშ იგულისხმება ის, რომ გერმანიის კაპიტალიზმი, რომელსაც 1923 წელს ცალი ფეხი სამარეში ედგა და ძლივს გადარჩა, – ჩვენ სადაო არა გვაქვს რა!
აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა გერმანიის კაპიტალიზმისა შედარებით იმასთან, რაც სამი წლის წინად იყო, დიდი სტაბილიზაციის მავჩვენებელიაო. ეს აზრი საერთოდ მართალია, მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინად გერმანიის კაპიტალისტური წყობილება დაღუპვის წინაშე იდგა.
2. ინფლაციის როლი და გერმანიის კაპიტალიზმის სტრუქტურა
გერმანიის კაპიტალიზმის დღევანდელ სტრუქტურაში 1923 წელს მნიშვნელოვანი წილი უდევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხანა მისთვის დიდად საშიშარ კატასტროფას წარმოადგენდა. ვალუტის ისტორიაში იშვიათია ისეთი კატასტროფა, რომელიც გერმანულმა მარკამ 1923 წელში განიცადა; მარკა საათობით ჰკარგავდა სყიდვის ძალას; გერმანული ღირებულების ქაღალდები ბათილდებოდა, ბანკები კოტრდებოდა, საკრედიტო ოპერაციები შეუძლებელი ხდებოდა.
გერმანულ კაპიტალს ორი გზა ჰქონდა: ან უცხოეთში გაქცევა და უცხო ვალუტის ქვეშ თავის შეფარება, ან თავის ქვეყანაში დარჩენა და სწრაფი და მოხერხებული გადასვლა ღირებულ ინვენტარში, რომელიც თუნდაც მოგების წყაროს არ წარმოადგენდეს.
გერმანულმა ბურჟუაზიამ ამ მიზეზთა გამო თავისუფალი კაპიტალი მოახმარა ქარხნების გაფართოებას, ახალ მანქანების და ახალი ინვენტარის შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრისა და წარმოების ინტერესები ამას სრულიად არ მოითხოვდა და უმრავლეს შემთხვევაში ეს გაფართოებული საწარმოო აპარატი უსაქმოდ იდგა.
გერმანიის კაპიტალის ასეთმა მანევრმა, რომელსაც საგნობრივ ღირებულებათა ქვეშ თავის შეფარებას უწოდებენ (Flucht in die Suchwerte), გამოიწვია წარმოების აპარატის ზედმეტი გაფართოება.
ომის დროს გერმანიის სამეურნეო წარმოება, აპარატი, როგორც ცნობილია, საგრძნობლად შემოკლდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საომარი მიზნებით აგებულ წარმოებას. ინფლაციის დროს კი გერმანულმა მსხვილმა ბურჟუაზიამ ეს მდგომარეობა არა თუ გამოასწორა, არამედ ბევრად გაუსწრო ომის წინა პერიოდს. მეტად მოკლე დროში მოხდა ულმობელი კონცენტრაცია არსებული ქონებისა მსხვილ კაპიტალისტების ხელში მუშათა კლასის და წვრილ ბურჟუაზიის ხარჯზე, რომელმაც ეს ქონება, – როგორც აღნიშნული იყო — წარმოების ღირებულ ინვენტარში გადაიტანა და ტექნიკურ გაუმჯობესებას მოახმარა.
წარმოების აპარატი გერმანიაში ამრიგად სწრაფი ნაბიჯებით ორიოდე წლის განმავლობაში კოლოსალურად გაიზარდა და გაფართოვდა. და ახალ ტექნიკურ გაუმჯობესებათა გამო გერმანული სამეურნეო აპარატის წარმოებითი შესაძლებლობანი ბევრად მაღლა დგას 1914 წლის დონესთან შედარებით. მოგვყავს რამდენიმე დამახასიათებელი რიცხვი:
ნახშირის მრეწველობის მანქანების რაოდენობა და ტექნიკური კვალიფიკაცია შემდეგი განვითარების მაჩვენებელია: რიცხვები მოყვანილია (“börsen-Courier” 61 1925 წ.)
მანქანების რიცხვი ნახშირის წარმოებაში 1914 წ.1 IV 1924 წ. 1 IV | მანქანის სიძლიერე ცხენის ძალაში (PS) 1914 წ.1 IV 1924 წ. 1 IV | |
საბურღავი მანქანები საბურღავი ჩაქუჩები გამწმენდი მანქანები ნახშირის საკვეთი მანქანები გადამზიდავი მატორები Schrämmaschinen Presslufthacken | 48 2.427 13.783 43.472 545 15.500 35 69 2.135 6.301 270 715 469 | 42 1.793 21.574 51.023 585 12.944 72 232 19.038 57.429 951 3.782 – 488 |
16.816 68.953 | 42.262 127.637 |
სატრანსპორტო საშუალებანი შემდეგი განვითარების მაჩვენებელია, თუ ჩვენ რკინიგზის ინვენტარის რიცხვებს ავიღებთ:
1913 წ. გერმ. ჰქონ. 29.990 ლოკომტ, 65.961 სამოგზ. ვაგ. 669,043 საბარგ. ვაგ.
1923 “ “ 30.850 “ “ 69. 253 “ “ 748.713
1924 “ “ 30.767 “ “ 69.209 “ “ 705.021
თუ ჩვენ ქიმიურ მრეწველობის რიცხვებს ავიღებთ (იხ. შემდეგ), ისევ დავინახავთ გერმანიის საწარმოო აპარატის უდიდეს ტექნიკურ დაწინაურებას. ეს მოწმობს იმას, რომ გერმანიის წარმოებითი შესაძლებლობანი ბევრად წინ არის, ვიდრე ომის წინა პერიოდში. ის კი ფაქტია, რომ გერმანია მაინც შორს არის 1914 წლის წარმოების დონისაგან).[1]
რისთვის? — პასუხი ქვევით.
მუშახელის მხრივ გერმანიის კაპიტალიზმი იმყოფება გაცილებით უკეთეს პირობებში ვიდრე ოდესმე.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ტერიტორია ერთი მერვედით შემცირებულია, მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით იგივე დარჩა. 1910 წლის აღწერის თანახმად, გერმანიას ჰყავდა 65 მილიონი მცხოვრები ეხლა კი 64 მილიონია შემცირებულ ტერიტორიაზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაცვლად 120 სულისა კვადრატიულ კილომეტრზე (1910 წელში), ეხლა შეადგენს 133,6 (1925 წლის აღწერის თანახმად).
დღევანდელ გერმანიის მოსახლეობაში სამაგიეროდ გაცილებით მეტი პროცენტია შრომის შემძლე წლოვანობის, ვიდრე ომის წინ იყო. ამ მოსახლეობაში ნაანგარიშევი არ არიან ის ბავშეები, რომელნიც ომის პერიოდში უნდა დაბადებულიყვნენ და რომელნიც ეხლა 8 ან 11 წლის იქნებოდნენ, და აგრეთვე ის ბავშვები და მოხუცნიც, რომელნიც ეკონომიურ კრიზისის მიერ გამოწვეულ გაჭირების გამო დაიხოცნენ. გარდა ამისა მუშა ხელს ემატება უამრავი რენტნერები და პენსიონერები, რომლებმაც ინფლაციის გამო დაჰკარგეს შემოსავლის ეს წყარო, მასვე ემატება რამდენიმე ასი ათასი ქალიშვილი და დედაკაცი, რომელნიც უწინ ქმრების და მამების ხარჯით ცხოვრობდენ და ეხლა იძულებულნი არიან სამუშაო ეძიონ.
1907 წელს 62,01 მილიონი მცხოვრებთაგან 26,17 მილიონი მუშა ხელი იყო
1913 წელში 66,98 მილიონისაგან „ „ 28 „ „ „ „ „
1926 წელში 52,6 მილიონისაგან „ „ 31,64 „ „ „ „ ‘ „
აქედან ნაანგარიშები: 1. გერმანიის წლიური პროდუქციის ჯამი მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ომის წინა ეპოქაში, რადგან მუშა ხელი მეტია. 2. რადგან საწარმოო აპარატი გერმანიის მეურნეობისა მეტად გაუმჯობესებული და გაფართოებულია, წლიური სამეურნეო პროდუქცია კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო და 3. რადგან პროცენტული შეფარდებით მოსახლეობასთან მუშაობის უნარიანთა რიცხვი ბევრად მეტია და რადგან შრომის ნაყოფიერობა აწეულია, ამიტომ გერმანელი ხალხის მატერიალური კეთილდღეობაც უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ომის წინ იყო. მიუხედავათ ამისა თითოეულ მცხოვრებზე მოხმარებული საქონლის რაოდენობა მეტი უნდა ყოფილიყო ვიდრე ომის წინ. მაგრამ აი რას გვეუბნება ქვემოთ მოყვანილი ცხრილი:
გერმანიის მოსახლეობის თითოეულ სულზე იხარჯებოდა წლიურად
19′3 წ. | 1922 წ. | 1923 წ. | 1924 წ. | 1925 9. | |
ბამბა ნავთი ქვავი პური კართოფილი. ხორცი ლუდი | 7,2 კგ. 15,2 „ 153 „ 96 „ 700 „ 52 „ 102 ლტ. | 4,3 კგ. 6,6 „ 90 „ 47 „ 500 „ 34 „ 50 ლტ. | 3,0 კგ. 3,0 „ 106 „ 57 „ 433 „ 31 „ 45 ლტ. | 4,3 კგ. 3,8 „ 87 „ 68 „ 495 „ 43 „ 60 ლტ | 5,9 კგ. 7,4 „ 128 „ 83 „ …. 47 „ 75 ლტ. |
საერთოდ ეჭვი არავის ეპარება, რომ გერმანიის ფართო მასები დღეს ეკონომიურად მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაშია.
შედეგი: მიუხედავად ჩინებული ტექნიკურ პირობებისა (წარმოების აპარატი) და მშრომელი ძალისა (მუშა ხელი) გერმანიის წლიური წარმოება დიდი დეფექტის მაჩვენებელია.
3. ბაზარი, მოგების საკითხი და „რაციონალიზაცია“
გერმანიის კაპიტალიზმმა ომის შემდეგ წააგო მთელი გარეშე ბაზარი. მას შეუმოკლეს ტერიტორია (გერმანიამ დაკარგა ვერსალის ხელშეკრულობის თანახმად თავისი ტერიტორიის ერთი მერვედი).
გერმანიის ბურჟუაზიამ გადაწყვიტა ამის გამო „შინაყმებიდან“ აენაზღაურებინა, რაც მან ვერსალში წააგო. გერმანიამ დაკეტა მაღალი ბაჟებით უცხოეთის საქონლისათვის თავისი საზღვრები და დაეპატრონა შინაურ ბაზარს. მისი მიზანია მოგება შინაურ ბაზარზე მაქსიმუმამდე მიიყვანოს. ამ მიზნით დაიწყო ულმობელი „რაციონალიზაცია“. დღევანდელი „რაციონალური“ ქარხნის ლოზუნგი შემდეგია: ამოქაჩე მუშისაგან მაქსიმუმი მისი ძალღონისა, მიეცი მას უმცირესი ხელფასი და დასტოვე სამუშაო დრო უცვლელი (რომელიც საშუალო არითმეტიკულ 9 საათს უდრის); რასაც უწინ ათი მუშა აკეთებდა, გააკეთებინე ხუთს, დანარჩენი დაითხოვე; სადაც და როგორც შესაძლებელი იყოს, შემოიღე სანაღდო წესები და ფასები; შეამოკლე წარმოების ხარჯები მინიმუმამდე და ამგვარად დამზადებული საქონელი გაჰყიდე ძველ ფასებში. საქონელზე ძველი ფასები ნიშნავს დღევანდელ პირობებში, როდესაც შრომის ნაყოფიერება ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზების გამო უარესია, როდესაც თვით ღირებულება პროდუქციისა კოლოსალურად შემცირებულია, საზღაპრო მოგებას მექარხნის შიერ (მრავალ შემთხვევაში საქონლის ფასები იზრდება კიდევაც.)
წარმოების აპარატი და წარმოების შესაძლებლობანი როგორც აღნიშნული იყო, მეტად განვითარებული და გაფართოებულია. სწორედ აქ იწყება გერმანიის ეკონომიური სიძნელენი. წარმოების გაფართოებისათვის მხოლოდ საწარმოო საშუალებანი საკმარისი არ არის; საჭიროა განაღდების ბაზარი. გერმანულ საქონელს ბაზარი არა აქვს, შინაგანი ეკონომიური მდგომარეობა ღატაკია, მომხმარებელი მასა ანუ მყიდველი ეკონომიურად უძლურია, საჭიროება და მოთხოვნილება არის, მაგრამ არ არის სყიდვის საშუალება—მყიდველი ღარიბია. გერმანიის წარმოება იძულებულია დაემორჩილოს შინაურ ბაზრის ძალას და შეეგუოს უცხო ბაზრის პირობებს.
ამ მიზეზთა გამო საჭირო შეიქმნა წარმოების შემოკლება, მრავალი მანქანის შეჩერება და ზოგჯერ ქარხნების დახურვაც, წარმოების ხარჯების შემოკლება, მუშების დათხოვნა და სხ. და სხ. მრავალი დარგი გერმანიის მრეწველობისა იძულებული შეიქმნა ნახევრად შეემოკლებია თავისი წარმოება. წარმოების აპარატის დიდი ნაწილი გაჩერებულია, რათა საქონლით არ წარღვნას მთელი შინაგანი ბაზარი.
შემდეგი ცხრილი იძლევა იმ შეუსაბამისობის აშკარა სურათს, რომელიც არსებობს საწარმოო შესაძლებლობის და ფაქტიურ წარმოების შორის:
მანქანების წარმოება ამზადებს მხოლოდ 50% იმისას, რაც მას შეუძლია
ლოკომი და ვაგ. წარ. „ „ 25% „ „
ხის წარმოება „ „ 25-60% „ „
რკინის წარმოები „ „ 60% „ „
ფოლადის წარმოება „ „ 70% „ „
ეს რიცხვები მოიყვანა დიუსბერგმა[2] თავის სიტყვაში სრულიად გერმანიის მრეწველთა ყრილობაზე (დრეზდენში 1926 წ. სექტემბერში).
ამგვარად წარმოების აპარატი დაახლოებით 55% -ით სჭარბობს. განაღდების შესაძლებლობას, თუ ჩვენში (საბჭოთა კავშირში) გადატვირთული გვაქვს მთელი წარმოებითი აპარატი და მაინც ვერ ვფარავთ ჩვენი ბაზრის მოთხოვნილებას, გერმანიაში მოწინააღმდეგე მოვლენას აქვს ადგილი.
წარმოების შემოკლების გამო და შრომის ნაყოფიერების გაძლიერების შედეგად, გერმანიის ბურჟუაზიამ ზედმეტ ბარგად გამოაცხადა კვალიფიციური პროლეტარიატის დიდი ნაწილი და დაითხოვა ქარხნებიდან მილიონები. გერმანული „რაციონალიზაცია“ უპირველესად ყოვლისა ქარხნებში მომუშავე პროლეტარული პერსონალის უსასტიკეს შემოკლებას ნიშნავს.
უმუშევართა რიცხვის გამორკვევა გერმანიაში არ არის ადვილი საქმე. აღრიცხულნი არიან მხოლოდ ის უმუშევრები, რომელნიც უმუშევართა ფონდიდან დახმარებას იღებენ, დანარჩენები კი (და ასეთების რაოდენობა ძლიერ დიდია) არ არიან აღრიცხული. კონიუნქტურის ინსტიტუტი იძლევა 1925 წლის 1 აგვისტოსთვის შემდეგ რიცხვებს:
1. უმუშევრები, რომელნიც დახმარებას იღებენ ……. 1. 650.000
2. Ausgesteuerte (ისეთები, რომელთაც 59 კვირის განმავლობაში სამუშაო ვერ უშოვიათ და ამის გამო დაჰკარგეს დახმარების მიღების უფლება)……..100.000
3. ისეთები, რომელნიც უმუშევართა დახმარებას არ იღებენ (რადგ. ოჯახში ერთ რომელიმე წევ. სამუშ. აქვს)………..165.000
1. 915.000
ამას მივუმატოთ 1670,000 ნახევრად უმუშევარნი, რომელთაც შემოკლებული სამუშაო აქვთ (Kultarbeiter, და კვირაში 3 ან 4 დღეს მუშაობენ), რაც შრომის კვირაზე გადატანით იძლევა ……500.000 სრ. უმუშ
ერთად 2:415,000 სრ. უმუშ.
ამხ. ვარგა სამართლიანად შენიშნავს, რომ უმუშევართა ნამდვილი რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან საკმაო რიცხვი უმუშევართა დახმარების ფონდიდან მოხსნილია და ისეთებისა, რომელნიც არავითარ დახმარებას არ იღებენ გაცილებით დიდია იმაზე, რომელსაც კონიუნქტურის ინსტიტუტი იძლევა და ამიტომ ნამდვილი რიცხვი უმუშევართა გერმანიაში უდრის 3 მილიონსო.
ამრიგად, 3 მილიონი კვალიფიციური მუშა გამორიცხულია გერმანიის მეურნეობისაგან. თუ ამას მივუმატებთ კიდევ არაპროდუქტიულ მუშა ხელს, რომელიც ვაჭრობაში იმყოფება და რომლის რიცხვი 1913 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გადიდებულია, გასაგები იქნება, თუ რისთვის ვერ მიაღწია გერმანიამ იმ ზედმეტ პროდუქციას, რომელიც მას საწარმოო აპარატისა და მუშახელის რაოდენობის თანახმად უნდა ჰქონოდა.
გერმანიის მთელი საწარმოო აპარატის ნორმალური დატვირთვა, მისი სრული გამოყენება 3 მილიონ უმუშევარს ქარხანაში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ კაპიტალისტისათვის საკითხი ასე არა დგას. მისთვის მნიშვნელობა აქვს მოგებას და არა მუშების მდგომარეობას. დღევანდელი გერმანელი კაპიტალისტის მიზანია არსებული ბაზრის პირობებს ისე შეეგუოს, რომ უდიდესი მოგება მიიღოს. აქედან მოდის კაპიტალისტების მისწრაფება — წარმოების ხარჯების შესამოკლებლად უფრო მეტი სიმწვავით ყვლიფოს თუნდაც შემცირებული მუშათა პერსონალი, ღვივდება მისწრაფება პროდუქტიულობის ამაღლებისა, „რაციონალიზაციისა”, და მონოპოლიზაციისაკენ (რაც არაპირდაპირ გაყვლეფის გაძლიერებას ნიშნავს საქონლის ფასების გადიდების საშუალებით).
ასეთია გერმანიის დღევანდელი ეკონომიური კრიზისის სურათი. კაპიტალისტური მეურნეობის კრიზისის ეს ტიპი, რომელსაც დღეს მხოლოდ გერმანია კი არ განიცდის, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც კლასიკური სიცხადითა და ოსტატობით დაახასიათა ამხ. ბუხარინმა თავის მოხსენებაში მე-XIV პარტიულ კონფერენციაზე. უკვე ხმარებაში შემოსული ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ, გერმანიის მეურნეობა განიცდის ფრიად ღია „მაკრატელს“, წარმოების შესაძლებლობასა და განაღდების შესაძლებლობას შორის.
ნორმალურმა და პროგრესულმა კაპიტალიზმმა ამდენ ხანს ერთი ხერხი იცოდა პროდუქციისა და განაღდების წონასწორობის აღსადგენად: განაღდების, ბაზრის კრიზისს იმით ჰკურნავდა, რომ ბაზარს აფართოებდა და უთანხმებდა დაწინაურებულ წარმოებას. დღეს კი საწინააღმდეგო მოვლენას ვხედავთ. ფრანქფურტის სავაჭრო პალატის მოხსენება ამბობს: „ამ დარღვეული წონასწორობის აღდგენა (წარმოებასა და განაღდებას შორის) შესაძლებელია მხოლოდ დაუნდობელი შემოკლებით, დახურვით და შევიწროებით ყველა იმ წარმოებათა, რომელიც ზედმეტია.
კრიზისის ლიკვიდაციის მიზნით კაპიტალისტი ცდილობს წარმოება შეამოკლოს და შეუფარდოს შევიწროებულ ბაზარს, და არა პირუკუღმა.
რას ნიშნავს ეს?- კაპიტალიზმის პერმანენტულ რეგრესს.
4. სარეპარაციო გადასახადები და კრედიტები უცხოეთიდან
ზემოთ მოყვანილი სურათი – ასე ვთქვათ — გარეგნული სურათია გერმანიის კაპიტალიზმის მდგომარეობისა და უნდა ითქვას, რომ ეს უნუგეშო სურათი მაინც დიდი სტაბილიზაციის მაჩვენებელია ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით. თუმცა გერმანიის მეურნეობა 1914 წლის დონემდე არ ასულა (და როგორც შემდეგში ნაჩვენები იქნება, ვერც მიაღწევს). მაგრამ უკანასკნელი 3 წლის შედარებითი რიცხვები მაინც აღმართების მრუდეს აჩვენებენ. ჩავიხედოთ ამ გარეგნულ სტაბილიზაციაში.
სარეპარაციო გადასახადები გერმანიას დღეს უფრო მეტის საშიშროებით ჰკიდია დამოკლეს ხმალივით თავზე, ვიდრე უწინ. დაუესის გეგმის თანახმად შემდეგ წლებზე და შემდეგნაირად არის განაწილებული სარეპარაციო გადასახადები:
1924 წელში გერმანიამ უნდა გადაიხედოს 1 000 მილიონი მარკა
1925 „ „ „ „ „ 1.220 „ „
1926 „ „ „ „ „ 1.500 „ „
1927 „ „ „ „ ‘ 1. 750 „ „
1928 „ „ „ „ 2, 500 „ „
დღევანდლამდე, ე. ი. ორი წლის განმავლობაში გადახდილია 2 500 მილიონი. ყოველ ახალ წელს გადასახადი იზრდება პროგრესიულად და პროცენტებიც ზედ ემატება.
ამ ორი წლის განმავლობაში გერმანიის მეურნეობას საკუთრივ არც კი უნდა ეგრძნო გადასახადების სიმძიმე, რადგან ზევით აღნიშნული 21 მილიარდი გამოღებული იყო არა საერთო სახალხო შემოსავლისაგან. დაუესის გეგმის სიმძიმე არ უნდა ეგრძნო, აგრეთვე ამ 2 წლის განმავლობაში არც მშრომელ მასებს;- მიუხედავად ამისა გერმანიის მეურნეობას მაინც დღითიდღე შინაგანი წინააღმდეგობანი ემატებოდა და მშრომელი მასის მდგომარეობა დღითიდღე კატასტროფულად უარესდებოდა. შეუძლებელი იყო სარეპარაციო გადასახადების წლიურ სახალხო შემოსავალისაგან ჩამოჭრა.
გერმანიის საერთო წლიური სახალხო შემოსავალი 1912 წელს უდრიდა ჰელფერიხის ანგარიშით 43 მილიარდს, ე. წ. თვითეულ მცხოვრებზე 650 მარკას წლიურად. თუ ამ ხანას პირობით, ნორმალურად მივიღებთ, და თუ ვიგულისხმებთ, რომ საცხოვრებელ საგნების ღირებულების ინდექსი 1925 წელს 40%-ით მაღლა იდგა, ვიდრე ომის წინ, მაშინ დღევანდელ პირობებში ნორმალური შემოსავალი თითოეულ სულზე წლიურად უნდა უდრიდეს 910 მარკას. ეს ნიშნავს: გერმანიის სართო წლიური სახალხო შემოსავალი დღევანდელ პირობებში უნდა უდრიდეს 57 მილიარდს; ეს იქნებოდა შემოსავლის დონე დაახლოებით მსგავსი ომის წინა პერიოდის დონესთან. სინამდვილეში კი გერმანიის წლიური სახალხო შემოსავალი მიმდინარე პერიოდში თუ ჩვენ მაქსიმალურ რიცხვს ავიღებთ და უმუშევართ და ნახევრად უმუშევართ არ ჩავთვლით- უდრის 32 ½ მილიარდს.
ეს ნიშნავს: 1. გერმანიის კაპიტალისტური მეურნეობა თავის ნორმალურ დონეს კიდევ 175%-ით დაშორებულია. 2. მიმდინარე ხანაში გერმანიის საერთო წლიური სახალხო შემოსავალი უკიდურესად დაბლა დგას და 3. აუცილებელია დამხმარე თანხები გერმანიის მეურნეობისათვის, როგორც სარეპარაციო გადასახადების გასასტუმრებლად, ისე დეფიციტის დასაფარავად და სამეურნეო ხარვეზების შესაკერავად.
ამგვარად, სესხი გერმანიისთვის აუცილებელი იყო. უამისოდ არა თუ სარეპერაციო გადასახადების დაფარვა, არამედ არამედ მთელი გერმანიის კაპიტალიზმიც კი საეჭვო იყო.
დაუესის გეგმის მიღების შემდეგ უკვე ოფიციალურად გამოქვეყნებული რიცხვების თანახმად (ჟურნ. Wirtschaftrdienst #32 1926 წ.) გერმანიამ შემდეგი სესხები აიღო უცხოეთიდან (ამერიკისაგან, ინგლისისაგან, შვეიცარიისაგან და სხ.):
1924 წ. (ეგრედ წოდებული დაუესის სესხი) — 840 მილიონი მარკა
1924 “ “ 154 ” “
1925 “ “ 1.471,79 “ “
1926 “ “ 1.047,37
3-513,16 მილიონი მარკა
მიუმატეთ ამას მოკლე ვადიანი კრედიტები და აქციები, რომელიც გერმანიაში უცხოეთის ხარჯზე იქნა ფართედ შესყიდული, პლუს პროცენტები, პლუს დამატებითი ხარჯები – ყველა ეს იძლევა ამხ. ვარგას ანგარიშით 6 მილიარდიდან 8 მილიარდ მარკამდე,
რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ 2 წლის განმავლობაში დაუესის ხელშეკრულება იქნა 1924 წ. სექტემბერში მიღებული, გერმანიის მეურნეობაში 8 მილიარდამდე უცხო კაპიტალი იქნა შემოტანილი?
ეს ნიშნავს 1. რომ 2 ½ მილიარდი სარეპარაციო გადასახადი მთლიანად უცხოეთის სესხიდან იქნა გასტუმრებული; სახელმწიფო შემოსავალი ამ გადასახადს ვერას გზით ვერ აიტანდა და დიდ საკითხს წარმოადგენს, თუ როგორ ზიდოს გერმანიამ მომავალი სარეპარაციო გადასახადები, რომელიც წლიდან წლამდე პროგრესიულად იზრდება.
2. ეს ნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნული გადასახადისა, გერმანიის შინაური დანაკლისი მეტად დიდი იყო და მას 5 მილიარდი უცხოელი თანხა უნდა მიშველობიდა, რათა გერმანიის კაპიტალიზმი არ წაქცეულიყო.
ასე რომ ის შედარებითი გაუმჯობესება, რომელსაც გერმანიის ეკონომიურ მდგომარეობის მიმართ აღნიშნავენ, უბრალოთ აიხსნება იმით, რომ უცხო კაპიტალმა ხელი გაუწოდა გერმანიას და გაუხსნა დიდი კრედიტები იმ პირობით, რომ გერმანია ვალდებულია მორჩილებით და ბეჯითად იმუშაოს და დააბრუნოს რეპერაციები, სესხი და პროცენტები. „ავადმყოფ ყმას გონიერი ბატონი უექიმებს და მოარჩენს, რათა შემდეგ ერთი ორად დაიბრუნოს მასზე გაღებული ხარჯები“.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად უცხოეთის კაპიტალის ასეთი ძლიერი ნაკადისა გერმანიის პროდუქცია და კონზუმპცია (მოხმარება) ჯერ კიდევ დაშორებულია ნორმალურ მდგომარეობას.
გერმანიის კაპიტალიზმის ეკონომიური ხერხემალი ამრიგად უცხოეთის სესხზეა აშენებული, ეს მეტად საეჭვო „სტაბილობის“ მაჩვენებელია. სესხსაც ხომ გადახდა ესაჭიროება – ისიც პროცენტებით, – მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ვთქვათ დაიხურა უცხოეთის კრედიტები, რაც სავსებით მოულოდნელი არ არის, რადგან ამერიკასაც ხომ თავისი ბუღალტერია აქვს, სადაც აღრიცხულია მოვალეთა გადახდის უნარი და შესაძლებლობანი. რა მოხდება მაშინ, გარდა იმისა, რომ გერმანიის მეურნეობას შინაგანი დანაკლისი აქვს (რომელსაც გერმანელი კაპიტალისტი ცდილობს მუშების გაძლიერებული გაყვლეფით შეავსოს), რომელიც ამდენ ხანს სესხით იფარებოდა, გერმანიამ მომავალ წელში 2 მილიარდი სარეპარაციო გადასახადი უნდა ამოიღოს საკუთარ ჯიბიდან, რომელშიც ფულის მაგივრათ 8 მილიარდის ვალდებულებანი აწყვია პროცენტებით. ამრიგად ზღაპარია, ვითომც გერმანიის კაპიტალიზმი შევიდა ნორმალურ კალაპოტში, განმტკიცების პერიოდში და ვითომდა უზრუნველყოფილია მისი განვითარებაც.
დღევანდელი გერმანიის კაპიტალიზმი უცხოეთის ქვიშაზეა აგებული და პირველივე ავდარი დაანგრევს მას.
5. ინგლისის სამთო-სამადნო მუშების გაფიცვა და გერმანიის კონიუნქტურა
მეორე ფაქტორი, რომელმაც გერმანიის კრიზისის სიმწვავის შემსუბუქებაში დიდი როლი ითამაშა, თავდაპირველად, გერმანიის მძიმე მრეწველობის სასარგებლოდ, არის ინგლისის სამთო-სამადნო მუშების გაფიცვა. ინგლისის სამთო-სამადნო მრეწველობის დამბლამ ჩააჩუმა რამოდენიმე თვით უდიდესი კონკურენტი და ფართე ბაზარი გაუხსნა გერმანიის მძიმე მრეწველობის კაპიტალს.
1. ამ გაფიცვამ გზა გაუხსნა რურის ოლქის და ზემო სილეზიის ნახშირს ინგლისში და მაისიდან დეკემბრამდე გერმანიის შტრაიკბრეხერული ნახშირით განუწყვეტლივ იტვირთებოდა გემები. გერმანიის რეფორმისტულ პროფკავშირების ხელმძღვანელები თავის შტრაიკბრეხერული საქციელის დაფარვის მიზნით ხელს აფარებდენ ნახშირის ექსპორტის რაოდენობას, მაგრამ, მათდასაუბედუროთ, გამოქვეყნებულ იქნა რიცხვები, რომლებიც ამტკიცებდა რომ თვიდან თვემდე ნახშირის ექსპორტი ნახტომებით იზოდებოდა.
1926 წ. ივლ. ნახშირის ექსპორტი გერმანიიდან უდრიდა 3.640.000 ტონას
აგვისტოში „ „ 3.973,000
სექტემბერში „ „ 4.029.000 (კოკს.)
პირდაპირ ინგლისში გაზიდული ნახშირის რაოდენობა სექტემბრის განმავლობაში უდრიდა 1.221.000 ტონას, თუ ჩათვლილი არ იქნება ის ნახშირიც, რომელიც ბელგიაში და ჰოლანდიაში იგზავნებოდა და იქიდან ინგლისის გემზე იტვირთებოდა.
2. ინგლისის გაფიცვამ და ინგლისის მძიმე მრეწველობის კონკურენციის გამორიცხვამ გამოიწვია ერთგვარი თავისუფალი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე და ამ ღია არეში გაეშურა გერმანიის მძიმე ინდუსტრიის კაპიტალი სხვა იმპერიალისტურ კონკურენტებთან ერთად. (საფრანგეთი, ბელგია და განსაკუთრებით შეერთებული შტატები).
კონტინენტალური ფოლადის ტრესტმა (სადაც გერმანიას უდიდესი წილი უდევს) გააფართოვა წარმოება და 29 მილიონი ტონით გადააჭარბა ხელშეკრულებაში განსაზღვრულ თავისი წარმოების მაქსიმუმს. რურის მონტან ტრესტი (სამთო-სამადნო ტრესტი) დატვირთულია მთელი 100%-ით. გერმანიის ნახშირის მრეწველობამ ბევრად გაუსწრო 1914 წლისას, საკვირველი არაფერია, თუ არ დავივიწყებთ, რომ ინგლისში მხოლოდ 5 ღუმელი მუშაობდა და 1 მაისიდან ყველა მაღაროები დაყრუებული იყო.
ინგლისის სამთო-სამადნო წარმოების შეჩერებამ გამოიწვია: მოთხოვნილება– მიწოდების კანონის თანახმად და – ქვანახშირის, რკინის და ფოლადის ფასების აწევა.
გერმანიის მძიმე ინდუსტრიის კაპიტალმა ისარგებლა ინგლისის კონკურენციის შეფერხებით და ფასები ასწია. თუ რამდენად ზღაპრული იყო მათი მოგება, შემდეგი რიცხვები გვიჩვენებს:
2 40
3 44
4 54
ოქტომბრის 1 57,6
2 62,6
3 65
4 80
იგივე ნახშირი შინაურ ბაზარზე ღირდა ტონა 19,8 მარკა; ნოემბერში კი ის 80 მარკად იყიდებოდა. ეს შეადგენს 60 მარკის განსხვავებას ტონა ნახშირზე. თუ აქედან გამოვაკლებთ საფრახტო ხარჯებს (რაც შეადგენს 3,50 როტერდამამდე +9 მარკა როტერდამიდან ლივერპულამდე = მაქსიმუმ 14 მარკას) მაშინ მივიღებთ, რომ მაღაროს პატრონს თითო ტონა ნახშირზე 46 მარკა წმინდა მოგება დარჩა, რაც თვიურად 24 მილიონ წმინდა მოგებას შეადგენს.
ამ ზღაპრულმა მოგებამ, რომელიც ნაყიდია ინგლისის მუშების და საერთაშორისო სამთო-სამადნო მუშების გაუგონარ გაყვლეფით, გამოიწვია ნახშირის აქციების კურსის ასეთივე ზღაპრული ზრდა. „ბერლინერ ტაგებლატის“ ცნობით ნახშირის საზოგადოება აქციების კურსი ინგლისის გაფიცვის შემდეგ გაიზარდა 100 და ზოგან 150 % -ით.
ამგვარად, გერმანიის მძიმე მრეწველობის კაპიტალისათვის 1926 წელი ოქროს ხანა იყო. მან გააფართოვა წარმოება და განაღდების ბაზარი მისთვის ხსნილი იყო; მისი მოგება 250% უდრიდა.
მაგრამ 1926 წელთან ერთად თავდება გერმანიის მძიმე ინდუსტრიის ოქროს ხანაც. საჭიროა გვახსოვდეს, რომ გერმანიის კაპიტალიზმის ზემოაღნიშნული მაღალი კონიუნქტურა გამოწვეული იყო არა საერთაშორისო ბაზრის გაფართოებით, არამედ ინგლისის მეტოქეობის დროებითი შეჩერებით. ეხლა არავისათვის საეჭვო არ არის, რომ ინგლისის მუშების გაფიცვა საერთაშორისო რეფორმიზმის ლიდერების შემწეობით იქნა წაგებული. ინგლისელ მუშების მიერ გაფიცვის წაგებით ინგლისური კაპიტალი ამცირებს ნახშირის თვითღირებულებას 17,45 შილინგიდან 14,2 შილინგამდე ტონაზე, მუშის ხელფასის შემოკლების ხარჯით, ასე რომ ინგლისის მძიმე მრეწველობას შეუძლია იაფი ნახშირით გამოვიდეს საერთაშორისო ბაზარზე, და როგორც მეტოქეს, დიდი შანსებიც აქვს.
როგორც კი ინგლისელი კონკურენტი ისევ აქტიურად გამოვა საერთაშორისო ბაზარზე და ფასების ბრძოლა გაჩაღდება, ჩვენ უკვე საქმე გვექნება ნახშირის ზედმეტ მიწოდებასთან, რადგან საერთაშორისო ნახშირის ბაზარი არ გაფართოებულა, არამედ შემოკლდა, ხოლო ნახშირის კონკურენტი მაზუთი და ელექტრონი თანდათანობით უფრო ფართე არეს იკავებს წარმოების ყველა დარგში.
საერთაშორისო ნახშირის კრიზისი კი გერმანიის მძიმე მრეწველობისათვის (რომელიც ეხლა უიმისოდაც დაქვეითებულია და მესამე ადგილი უჭირავს) კატასტროფული იქნება და ამაში ეჭვი არავის შეაქვს.
ასეთივე მდგომარეობაა რკინის მრეწველობაში და ფოლადის მრეწველობაშიც. ამას ემატება კიდევ ის მოვლენა, რომ ინგლისში მეტად ჩქარი ნაბიჯებით ხდება კონცენტრაცია ფინანსური კაპიტალის ისეთივე ‘რაციონალიზაციის’ შემწეობით, რომელიც გერმანიაში ტარდება.
რა შედეგები მოჰყვება ამას გერმანიის სახალხო მეურნეობის კონიუნქტურისათვის და რა შედეგები ექნება ამას ინგლისის კაპიტალიზმისათვის?
ორთავე ეჯახება საერთაშორისო ბაზრის სივიწროვეს და მის შეზღუდულობას, ორთავე ცდილობს „რაციონალიზაციის“ საშუალებით შეეგუოს ბაზრის დადებულ საზღვრებს, მაგრამ, რადგან 8 თვის განმავლობაში გაჩუმებული ინგლისელი კონკურენტი, რომლის ადგილი გერმანიამ დაიჭირა, უკვე აქტიურად გამოდის სავაჭრო არენაზე და გამოაქვს თავისი საქონელი, შეზღუდული ბაზარი გაივსება საქონლით და კატასტროფა აუცილებელი გახდება თავდაპირველად გერმანიისათვის.
და ამასთანავე ინგლისის გაფიცვის დამთავრების შემდეგ საჭირო შეიქნება გერმანულ მძიმე მრეწველობის განმეორებითი და ულმობელი შემოკლება და ეხლანდელ 3 მილიონ უმუშევარს კიდევ ახალი მილიონები მიემატება.
უმუშევართა რიცხვი გერმანიაში უკვე ეხლაც კატასტროფულად იზრდება. მხოლოდ ბერლინს ყოველ კვირაში საშუალოდ 4500 ახალი უმუშევარი ემატება (ისინი, ვინც ქარხნებიდან დათხოვილ იქნენ).
პრუსიის შრომის სამინისტროს მოხსენება შემდეგ სურათს იძლევა:
1926 წ. 14 ნოემბერს ბერლინის შრომის ბირჟაში ირიცხებოდა 229.267 უმუშ.
„ 21 ნონმბერს „ „ 232.895
„ 27 ნოემბერს „ „ 237.768
მაშასადამე, დღეს მხოლოდ ბერლინს ჰყავს 237.768 უმუშევარი, თუ მხედველობაში არ მოვიღებთ იმათ, რომლებიც აღრიცხულნი არ არიან; მათ შორის 150,915 მამაკაცი და 86.853 დედაკაცები. მათგან მხოლოდ 150.004 უმუშევარი იღებს უმუშევართა ფონდიდან დახმარებას.
6. ბაზრის პრობლემა, მონოპოლისტური მისწრაფებანი და ახალი იმპერიალიზმის ხანა
ჩვენ მიერ გარჩეული თითოეული საკითხი ცალ-ცალკე და ყველა ერთად მოწმობდა იმას, რომ მთავარი და მასთან მტკივნეული პრობლემა გერმანიის კაპიტალიზმისა არის ბაზრის საკითხი.
არსებობს ორი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია გერმანიის მეურნეობას ამ უნუგეშო მდგომარეობიდან გამოსვლა. უკეთ რომ ვთქვათ არსებობს ერთი გზა, რომელზედაც უკვე შედგა გერმანიის კაპიტალიზმი და რომელსაც, როგორც ქვემოთ ნაჩვენები იქნება, გერმანია ეკონომიურ ჩიხში შეჰყავს, და არსებობს მეორე მხოლოდ თეორია, სოციალ-დემოკრატიული თეორია, რომელიც თვით სოციალ-დემოკრატიასაც არ სწამს და არც მის განხორციელებაზე ფიქრობს.
სოც-დემოკრატია პოლიტიკურად სავსებით შეურიგდა „ჰინდენბურგის რესპუბლიკას“. ის მხარს უჭერს აგრეთვე ყველა ეკონომიურ ღონისძიებებს, რომელსაც გერმანიის კაპიტალიზმი ცხოვრებაში ატარებს. მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანია ერთი დოკუმენტი, რომელიც სოც-დემოკრატიის ოფიციალურ თეორეტიკოსს რ. ჰილფერდინგს ეკუთვნის. ჰილფერდინგი მადლობას უცხადებს სრულიად გერმანიის მრეწველთა ხელმძღვანელთ სილვებერგს და ლიუსბერგს, რომლებმაც ის აზრი გამოთქვეს, რომ სასურველი და აუცილებელია სოც -დემოკრატიის უმჭიდროეს თანამშრომლობაში შესვლა მთავრობის პარტიებთანო. ჰილფერდინგი შეეცადა იგივე მოსაზრება სოც-დემოკრატიულ ტაქტიკის მხრივ ეკონომიურად დაესაბუთებია. ეს დოკუმენტი არსებითად არაფერ ახალს არ წარმოადგენს: სოც-დემოკრატია 1914 წლიდან ასეთ გზას – ბურჟუაზიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზას- უკვე ადგას. ჰილფერდინგის წერილი „პოლიტიკური პრობლემები“ (იხ. Geselschaft # 10 1926 წ.) მხოლოდ ოფიციალური და საჯარო აღიარებაა იმ პოლიტიკური შანტაჟისა, რომელსაც სოც-დემოკრატია მრავალ წელს ეწევა.
სოც-დემოკრატიული „თეორია“ ამბობს: ჩვენი საქონელი თავდაპირველად შინაურ ბაზარზე უნდა გასაღდეს. შინაური ბაზარი კი საერთო სიღატაკის გამო შევიწროვებულია. საჭიროა შრომის ხელფასის ამაღლება და ამით გაფართოებულ იქნება შინაური ბაზრის სყიდვის ძალა. სოც-დემოკრატიის ეს ცარიელი ფრაზა წინააღმდეგობაშია მისივე მეორე პრინციპთან, რომელიც მხარს უჭერს კაპიტალისტურ რაციონალიზაციას და რომლის შედეგად გერმანიას უკვე 3 მილიონი უმუშევარი ჰყავს.
ეს წინადადება მხოლოდ დემაგოგიური ფრაზაა, რადგან სოც-დემოკრატიამ კარგად იცის, რომ შინაური ბაზრის გაფართოება შრომის რეალური ხელფასის ამაღლების საშუალებით კაპიტალისტისათვის არასოდეს მისაღები არ იქნება, რადგან ეს ნიშნავს შემდეგს:
კაპიტალისტი აჩუქებს მუშას ზედმეტი ღირებულების ნაწილს, რათა მას ამ ფულით შემდეგ საქონელი მიჰყიდოს. კაპიტალისტს ასეთი ანგარიშით ვერ მოატყუებ, მას მოგება წაგების საქმე კარგად ესმის.
გერმანიის ბურჟუაზია გერმანიის სოც-დემოკრატიასთან ერთად ეხლა პირიქით საწინააღმდეგო ზომებს ატარებს. რაციონალიზაცია ნიშნავს ხელფასის ხარჯების შემოკლებას, ე.ი მუშების სყიდვის ძალის შემცირებას. რაც შეეხება შრომის ხელფასის გადიდებას, უნდა აღნიშნოს შემდეგი: გერმანელი მუშის ხელფასი ფულად ოფიციალური ცნობების თანახმად, უცვლელი დარჩა. სააკორდო ფასები კი შემოკლებულია და პირველ აუცილებელი საგნების ღირებულების ინდექსი 3%-ით აიწია,– ისე რომ მუშის რეალური ხელფასი დაეცა 5%-ით, სოც-დემოკრატიის ლიდერებმა ეს არითმეტიკა ჩინებულად იციან და ნაცვლად იმისა, რომ მუშის ხელფასი დაიცვან, ისინი შეთანხმებაში შედიან მთავრობის პარტიებთან, რათა რაიხსტაგში 8 საათის სამუშაო დღის საწინააღმდეგო კანონი იქნეს გატარებული.
გერმანელმა კაპიტალისტმა თავისი საქმე იცის. მას ისიც ესმის, თუ რამდენად აუცილებელი და სასარგებლო ელემენტია მის პოლიტიკაში გერმანიის რეფორმისტული პროფკავშირები და გერმანიის სოც-დემოკრატია. ამიტომ ის ყურსაც კი არ ათხოვებს სოც-დემოკრატიის „პლატონურ თეორიებს“ და მასთან ერთად, უმრავლეს შემთხვევაში მათივე ხელით, გერმანულ მსხვილ მრეწველთა პოლიტიკას ატარებს, როგორც შინაურ, ისე გარეშე ბაზარზე, ქარხანაში, პროფკავშირებში, რაიხსტაგში და ყველგან.
გერმანიის ბურჟუაზიის ამოცანაა შევიწროებული ბაზრიდან უდიდესი მოგება ამოიღოს: 1. შეამციროს საწარმოო ხარჯები, შრომის ხელფასი, დამატებითი ხარჯები და 2. საქონელი მაღალ ფასებში გაყიდოს.
პირველი მიზნის მისაღწევად ის ატარებს „რაციონალიზაციას“, რისი შედეგებიც ჩვენ ნაწილობრივ უკვე დავინახეთ. მეორე მიზნის მისაღწევად კი (საქონლის ფასების გადიდება) კაპიტალისტები იკრიბებიან მონოპოლისტურ ორგანიზაციებად.
ტრესტიფიკაცია და კარტელიზაცია გერმანულ მრეწველობისა დიდი მასშტაბით და სისწრაფად მიდის წინ. გერმანიაში კაპიტალის კონცენტრაციამ უფრო მაღალ დონეს მიაღწია, ვიდრე ომის წინ იყო. ჩვენ მოვიხსენიებთ მხოლოდ რამდენიმე მონოპოლისტურ გაერთიანებას: სრულიად გერმანიის ელექტრო-წარმოება სამი მთავარი ტრესტის ხელშია, რომლებიც მზად არიან ერთი ტრესტი შეადგინონ. მათ შორის საერთო-ელექტრო-საზოგადოებას (AEG) და სიმენს-შუკერტს 300 მილიონი სააქციო კაპიტალი აქვთ.
საღებავების ინდუსტრიის ტრესტი, რომლის კაპიტალი ა. წ. სექტემბერში 1 მილიარდს უდრიდა, გერმანიის ფოლადის ტრესტი თავის 800 მილიონი კაპიტალით და 120 მილიონის აქციებით, ქიმიური ტრესტი, რომლის კაპიტალი 1.100 მილიონს უდრის და სხ. და სხ. და რაც უფრო მეტი ყურადღების ღირსია, არის სრულიად გარკვეული ტენდენცია ისეთი ტრესტების და სააქციონერო საზოგადოებათა გაერთიანებისა, რომლებიც ამდენ ხანს ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მაგალითად უკვე არსებობს ინტერესთა მჭიდრო გადახლართვა ქიმიურ ტრესტის და მიხელსის კონცერნის (ქვანახშირი) შორის ერთის მხრივ და ქიმიურ ტრესტის და ელექტრო წარმოების კაპიტალს შორის, მეორეს მხრივ.
მონოპოლისტური გაერთიანებანი ასევე თავსდება გერმანიის საზღვრებში. უკვე დაარსებულია მთელი რიგი საერთაშორისო ტრესტებისა და განზრახულია კიდევ მთელი რიგი ახალ სინდიკატების დაარსება: კონტინენტალური ფოლადის ტრესტი, ინტერნაციონალური მავთულის ტრესტი, მინების წარმოების საერთაშორისო კარტელი და სხ. გერმანიის ქიმიურ მრეწველობის ტრესტმა რამდენიმე ხელშეკრულება დადო უცხოეთის საღებავთა მსხვილ მრეწველობებთან. იგივე ტრესტი უმჭიდროესადაა დაკავშირებული ასაფეთქებელ მასალის და ხელოვნურ აბრეშუმის დასამზადებელ ინგლისის ნობელის ჯგუფთან და ამერიკულ დიუპონის ჯგუფთან. ამგვარად წარმოიშვა ხელოვნურ აბრეშუმის წარმოების საერთაშორისო კარტელი თავისი 2 მილიარდიანი კაპიტალით.
გერმანიის ქიმიური მრეწველობის ტრესტი (I. g. Intressenqomeinschaft) მოლაპარაკებაშია აგრეთვე ორ უდიდეს ნავთის კონცერნებთან, რომელთაც ხელოვნური ბენზინის კონკურენციის შიში აქვთ. ქიმიურ ინდუსტრიის ტრესტმა პირობა დადო მათთან და 150 მილიონი მარკის ანაზღაურების ფასად უარი განაცხადა, საერთაშორისო ბაზარზე გამოვიდეს თავისი ხელოვნური ბენზინით.
კალიუმის სინდიკატიც უახლოეს დამოკიდებულებაში დგას უცხოელ მრეწველობასთან და რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებაში აქვს დადებული, როგორც მაგალითი მონოპოლიზმის განვითარებისა და ტრესტების სიძლიერისა მოგვყავს გერმანიის ქიმიური ინდუსტრიის მდგომარეობა. ეს ტრესტი დაარსდა 1915 წელში, მისი კაპიტალი უდრიდა 646 მილიონ მარკას, მაშინ ეს ტრესტი უძლიერეს ფინანსიურ ძალას წარმოადგენდა გერმანიაში. 1926 წლის სექტემბერში კი ამავე ტრესტის კაპიტალი შეადგენდა უკვე 1.100 მილიონ მარკას. დღეს მისი აქციების კურსი სდგას 300 %-ით მაღლა 1914 წლისაზე. ეს ზღაპრული ქონება ეკუთვნის რამდენიმე ათეულ კაპიტალისტს. ქიმიური მრეწველობის ტრესტის აქციონერებმა მიიღეს 1925 წელს 10% დივიდენდები. ოფიციალურად გამოქვეყნებული წმინდა მოგება ამ ტრესტის 1925 წელს უდრიდა 68 მილიონს, როდესაც ამორტიზაციისათვის ნაანგარიშევი იყო 55 მილიონი. „როტე ფანეს“ ანგარიშით-კი ქიმიური ტრესტის წმინდა მოგება 1925 წლის განმავლობაში უდრიდა 100 მილიონზე მეტს და 1926 წელში მინიმუმ 200 მილიონს.
ამ საარაკო მოგებას სოც-დემოკრატიის ნაფიცი თეორეტიკოსი ჰილფერდინგი და ბურჟუაზიის ხელმძღვანელები აწერენ მექარხნის მუყიათობას და ტექნიკურად კარგად დაყენებულ წარმოებას. სინამდვილეში კი ეს მოგება შედეგია ქიმიური ინდუსტრიის პროლეტარიატის სასტიკ ექსპლოატაციისა და მექარხნის მიერ იმ ტექნიკურ გაუმჯობესებათა მითვისების, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში მუშების მიერ არის აღმოჩენილი. ასეთი მაგალითები მეტად ბევრია გერმანიის წარმოებაში. 1925 წლის წლიურ ბალანსში ეს ტრესტი უჩვენებს 45 მილიონს, როგორც მთავარ ხარჯებს. რა შეადგენს ამ მთავარ ხარჯებს? – მუშების ხელფასი და ჯამაგირები, რომელშიაც აგრეთვე ქარხნის რექტორების ჯამაგირებიც შედის. მუშების ხელფასი აქედან მაქსიმუმ 40 მილიონს უდრის.
რომ მუშას კვირაში 60 საათიდან 30 საკუთრივ და 30 კაპიტალისთვის ემუშავა, მაშინ ზედმეტი ღირებულების მიმართემა მუშის ხელფასთან 100 % შეადგენდა. აქ კი დამოკიდებულება ასეთია: 100 მილიონი წმინდა მოგება და 40 მილიონი შრომის ხელფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიურ ინდუსტრიის მუმა კვირაში 2 ½ დღეს მუშაობს თავისთვის და 3 ½ დღეს კი კაპიტალისტისათვის.[3]
ასეთი წარმოუდგენელ ექსპლოატაციას და ზღაპრულ მოგებას ბირჟამ, ცხადია, უპასუხა იმით, რომ ქიმიურ მრეწველობის აქციების კურსი საოცარი სისწრაფით გაიზარდა და ქიმიურ ტრესტის მსხვილ აქციონერებში დამატებით კიდევ მრავალი ათეული მილიონი მოიგეს.
ყველა ჩამოთვლილი და მსგავს კაპიტალისტურ გაერთიანებათა მიზანია მონოპოლისტური უფლებების საშუალებით საქონლის ფასების აწევა და მშრომელი ხალხის ორმაგათ გაყვლეფა, ერთი მხრივ წარმოებაში, როგორც მომუშავის და მეორეს მხრივ ბაზარზე, როგორც მომხმარებლის — მყიდველის.
7. „პანევროპეიზმი“ თუ ახალი იმპერიალიზმი?
მონოპოლისტური გაერთიანების და საერთაშორისო სინდიკატების განვითარების ფაქტი სოც.-დემოკრატიამ იმ მიზნით გაშოიყენა, რომ ახალი თეორია შეეთხზა. ამბობენ, რომ კაპიტალიზმის განვითარება სრულიად ახალ პერიოდში შევიდაო. კაპიტალიზმის ეს ახალი ხანა იმით ხასიათდება, რომ კაპიტალისტური მეურნეობა მომავალში ანარქიული კი არ იქნება, არამედ საერთაშორისო სინდიკატების მიერ მოწესრიგებული. კრიზისის საკითხები ომის საშუალებით კი არ იქნება გადაწყვეტილი, არამედ ერთა ლიგის და საერთაშორისო სინდიკატების მიერ, და ევროპაში სამუდამო, საყოველთაო მშვიდობიანობა გამეფდებაო.
ამ თეორიას ამხ. ბუხარინი „ზეიმპერიალიზმის“ თეორიას უწოდებს. ამ თეორიამ თავისი გამოხატულება ნახა ეგრეთწოდებულ „პანევროპიულ“ მოძრაობაში და კონგრესებში. როგორც თეორია, ისე მოძრაობაც ავადმყოფი ტვინის ნაყოფია და მისი დანიშნულებაა ევროპის პროლეტარიატის მოტყუება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ომის წინაც გავრცელებული იყო საერთაშორისო სინდიკატები და საერთაშორისო ხელშეკრულებანი, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ თითოეული მხარე მალულად თუ აშკარად ომისათვის ემზადებოდა. საფრანგეთ-გერმანიას შორის არსებულ წინააღმდეგობებს ვერავითარი სინდიკატები ვერ შეარიგებს. ახალშენების დაკარგვას გერმანიის ბურჟუაზია და გერმანიის ფაშიზმი არ შეურიგდება. დიდი ბრიტანეთის და გერმანიის კაპიტალისტური მეურნეობის ჰომოგენური (მსგავსი) საფუძვლები (ნახშირი, რკინა, ფოლადი, მანქანები) შეუძლებლად ხდის მათ ურთიერთ მეგობრობას, მით უმეტეს, როდესაც ორივე მხარის ინდუსტრია სწრაფად იკიდებს ფეხს და „პანევროპული“ მელოდიის ხმები ვერ დაფარავს იარაღის ჟღარუნს ევროპაში.
მონოპოლისტური გაერთიანებანი, ინტერნაციონალური სინდიკატები, გერმანიის კაპიტალის აჩქარებული ტემპით კონცენტრაცია არის მხოლოდ ბაზისი, რომელზედაც გერმანიის კაპიტალიზმი ახალი იმპერიალისტური დროშის აღმართვას ლამობს. გერმანიის ბურჟუაზია და გერმანიის ფაშიზმი აქტუალურად აყენებენ საკითხებს: უკან დაბრუნება დაკარგულ ინდუსტრიალური რაიონებისა, დაკარგულ ახალშენების, რომელნიც ახლა ინგლისის ახალშენების სისტემაშია მოთავსებული, გერმანიის კაპიტალის ექსპორტის გაფართოება. საკითხების ამგვარი დაყენება ნიშნავს ომზე ლაპარაკს და ვერსალის მიერ განიარაღებული გერმანია უკვე ემზადება ომისთვის.
გერმანიის ოფიციალური სამხედრო ძალა თუმცა მეტის მეტად შევიწროებულია და განსაზღვრული (სახელმწიფო არმია), მაგრამ ფაშისტური სამხედრო კავშირები (ოლიმპია, შტალჰელმ, ახალი გერმანიის ორდენი, კონსულ, O.C. გუშაგი მგელი (Wehrwolf) და მრავალი სხვანი) წარმოადგენს არც მეტი და არც ნაკლები — გერმანიის ბურჟუაზიის არაოფიციალურ, მაგრამ სრულიად გამოცდილ და გაწვრთნილ ჯარს. ტყუილია გერმანიის სამხედრო მინისტრის ფიცი და მტკიცება რაიხსტაგის წინაშე, ვითომ რესპუბლიკის ჯარის ოფიცრობას მთავრობის მიერ აკრძალული ჰქონდეს ფაშისტურ კავშირებთან ურთიერთობა იქონიონო, არაერთი ფაქტი იყო გამომჟღავნებული, რომ სწორედ ეს ოფიცრობა ხელმძღვანელობდა ფაშისტურ ორგანიზაციების სამხედრო ვარჯიშობას და სამხედრო მინისტრის მიერ არც ერთი მათგანი პასუხისგებაში მიცემული და არც სამსახურიდან დათხოვილი არ იყო.
ოპპაუში და ლოინაში (Leuna) ქიმიური მრეწველობის ქარხნები სამხედრო ინდუსტრიის როლს თამაშობენ. ისინი ახალი საომარი ტექნიკის თანახმად უმთავრესად საწამლავი გაზებს ამზადებენ. თუმცა ქიმიური მრეწველობის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ მახრჩობელა გაზები მიწის სანოყიერო ნივთიერების დამზადებისათვის არის საჭიროო, მაგრამ ეს არავის არ სჯერა, სინამდვილეში კი ლოინი გადაიქცა გერმანიის ახალი იმპერიალიზმის, ქიმიურ იმპერიალიზმის ცენტრად. გაზები და ტანკები თანამედროვე საომარი ტექნიკის მთავარი იარაღებია, ტანკებისათვის ბენზინია საჭირო და ქიმიური მრეწველობა ახალი საშუალებებით ხელოვნურ ბენზინს მიაწოდებს გერმანულ იმპერიალიზმს, როგორც ერთ დროს (მსოფლიო ომის დროს) კრუპპი, ეხლა კი ქიმიური ინდუსტრიაც აცხადებს პრეტენზიას გერმანიაში ხელმძღვანელ პოლიტიკურ როლზე.
ახალი იმპერიალიზმის სუნი დგას მთავრობაში, რაიხსტაგში განსაკუთრებით კი ჰინდენბურგის ოფიციალურ და არა ოფიციალურ კაბინეტში. ახალი იმპერიალიზმის ქარტეხილს გრძნობს აგრეთვე ყოველი ადამიანი გერმანიაში. იმართება საჯარო დისპუტები ახალშენების საჭიროების შესახებ. ახალშენების დაბრუნების პროპაგანდა საშუალო სკოლებშიც კი ტარდება. ფაშისტური სამხედრო კავშირები ორკესტრებით მოგზაურობენ სოფლებიდან სოფლებში და გერმანული გლეხობას ახალშენების დაბრუნების საჭიროებას უქადაგებენ, დღევანდელ გერმანული კინოს მთავარი მოტივი ახალშენების საკითხია და გერმანული რეჟისურა მეტად დახელოვნებულია ყოვლად რეაქციონური თემის ზედმიწევნით მხატვრულად დამუშავებაში. თეატრებში და კაფეებშიც კი წააწყდებით ასეთ პროპაგანდას.
„პანევროპიული“ ზრდილობა მაინც მოითხოვდა, რომ „პანიმპერიალიზმი“ ასეთი მყვირალა არ ყოფილიყო!
8. გერმანიის კაპიტალიზმი ჩიხში
გერმანიის კაპიტალიზმი სამ საშუალებას მიმართავს თავისი მდგომარეობის გამაგრებისათვის. ორი ლეგალური და ოფიციალური საშუალებაა:
1. რაციონალიზაცია და მონოპოლისტური უფლებების აღდგენა შინაურ ბაზარზე.
2. საერთაშორისო სინდიკატები საგარეო ბაზარზე გავლენის აღსადგენად
და მესამე არაოფიციალური საშუალება: სამხედრო საშუალებათა გაძლიერებით. ჩვენ დავინახეთ, რომ „რაციონალიზაცია“ კრიზისს ამწვავებს. რაციონალიზაციის შედეგია 3 მილიონი უმუშევარი გერმანიაში და 5. 000 ახალი უმუშევარი ყოველ კვირეულად მხოლოდ ბერლინში. ასევე სწრაფად ეცემა შინაგანი ბაზრის სყიდვითი ძალა და კაპიტალისტური მეურნეობა იძულებულია კიდევ უფრო შეამციროს წარმოება.
მონოპოლისტური ღონისძიებანი აგრეთვე ამწვავებენ გერმანიის კაპიტალიზმის კრიზისს, მათი ამოცანა არის საქონლის ფასების აწევა ჩვენ კი დავინახეთ, რომ ბაზრის სყიდვითი ძალა საერთო სიღატაკის გამო მეტად სუსტია. მაღალი ფასები და შემცირებული ხელფასი კიდევ უფრო შეავიწროებს გერმანულ საქონლის განაღდების ბაზარს.
საერთაშორისო სინდიკატების საშუალებით ყოვლად შეუძლებელია, რომ გერმანიამ თავისი მდგომარეობა გამოასწოროს — შემდეგი მიზეზების გამო:
გერმანიის წლიური ექსპორტი და იმპორტის დამოკიდებულება შემდეგი რიცხვებით გამოიხატება:
1922 წ. გერმანიას ჰქონდა 103 მ. მარ. პასიური სავაჭრო ბალანსი.
1923 „ „ 795 აქტიური [4] „ „
1924 „ „ 1.635 პასსიური „ „
1925 „ „ 2.404 პასსიური „ „
1926 წ. პირვ. ნახევარში „ 50 აქტიური[5] „ „
გერმანიის ეკონომიური მდგომარეობა კი მოითხოვს, რომ მისი ქქსპორტი (და გერმანიას უმთავრესად დამზადებულ ფაბრიკატების ექსპორტი შეუძლია) წლიურად 6 მილიარდ აქტიურ ბალანსს უდრიდეს. ეს თანხა საჭიროა სარეპერაციო გადასახადებისათვის, უცხოეთის ვალების პროცენტების — დასაფარავად, შინაგან სამეურნეო დეფექტების გასასწორებლად და სხ., მაგრამ, როგორც ზემომოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, დღესდღეობით გერმანიის კაპიტალიზმის ამოცანას შეადგენს სავაჭოო ბალანსის ელემენტარული გამოსწორება, ხოლო 6 მილიარდით გაფართოებულ ექსპორტზე ლაპარაკიც შეუძლებელია. მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზარი არ იძლევა ამის შესაძლებლობას.
საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილება დამზადებულ ფაბრიკატებზე უდრის 9 ½ მილიარდ დოლარს ანუ 40 მილიარდ მარკას (თუ ჩვენ 1925 წლის საერთაშორისო ექსპორტის რიცხვებს ავიღებთ უმთავრეს მიმწოდებელი ქვეყნებისა: ინგლისი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, იტალია და სხ.). გერმანიის ექსპორტი 6 მილიარდით რომ გაიზარდოს, საჭიროა რომ ან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილება გაფართოვდეს 15% (რაც გერმანიის კაპიტალიზმის ყოველ ძალღონეს აღემატება), ან კიდევ გერმანიის წარმოებამ საერთამორისო ბაზრიდან უნდა გამოდევნოს თავისი კონკურენტები და მსოფლიო მიწოდების ახალი ერთი მეექვსედი ნაწილო ხელში ჩაიგდოს, რაც ყოვლად შეუძლებელია, რადგან მთელი გერმანიის მეურნეობა, სახელმწიფო შემოსავალი, ბანკები, რკინისგზები უცხოელი კონკურენტების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, გერმანიის კაპიტალის ექსპორტი ყოვლად უმწეო მდგომარეობაშია და მას მაღალი საბაჟო გადასახადებით შეკრული აქვს გზა.
ამრიგად, არც ერთი საშუალება რეალური არ არის და გერმანიის კაპიტალიზმი თავდაუღწეველ ჩიხში შედის,
გერმანიის მილიტარისტულ სამზადისის შესახებ ჩვენ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ეს გზა გერმანიის კაპიტალიზმის უკანასკნელი და უვიცი ავანტიურა იქნება:
გერმანიის სამხედრო ძალა, მიუხედავად ფაშისტურ ლეგიონებისა და ლოინის მახრჩობელა გაზების, ბავშური გართობაა სხვა იმპერიალისტური სახელმწიფოების სამზადისთან შედარებით და ახალი ომი გერმანიის კაპიტალიზმს დამარცხებას არგუნებს, რომელთან შედარებით „ვერსალი“ მოსაგონიც არ იქნება.
გერმანიის პროლეტარიატს და გლეხობას მეტად მწარე გამოცდილება არგუნა უკანასკნელმა ომმა, ვერსალის ხელშეკრულობამ, გამარჯვებულთა ოკუპაციამ, ინფლაციის ხანამ, დაუესის გეგმამ და მრავალმა სხვამ, და მხოლოდ უდიდეს სულელს ან ავანტიურისტს შეუძლია იმედი იქონიოს, ვითომ შესაძლებელი იყოს გერმანიის მშრომელი მასების ხელახალი მოტყუება, ახალი პროვოკაციის ანკესზე წამოგება და იმპერიალისტურ ომში ჩაბმა. გერმანიის პროლეტარიატი უმოწყალოთ გათელავს რეფორმიზმის და სოც-დემოკრატიის ფარისევლობას და ერთხმად სამოქალაქო ომით უპასუხებს იმპერიალისტურ ომს .
დასკვნები:
1. გერმანიის კაპიტილიზმის დროებითი სტაბილიზაცია მოხდა არა საკუთარი ძალით, არამედ უცხოელ კაპიტალის შემწეობით.
2. ამით გერმანიის კაპიტალიზმის კრიზისი დროებით შემსუბუქებელი იქნა და არა სამუდამოდ თავიდან აშორებული. წინააღმდეგობანი წარმოებასა და განაღდების შორის დღითი დღე იზრდება. ინგლისის სამთო-სამადნო მუშების გაფიცვის დამარცხების შემდეგ და უცხოეთის კრედიტების შეწყვეტის შემდეგ გერმანიის კრიზისი კატასტროფიულ წერტილს მიაღწევს.
3. გერმანია იძულებულია წლიურად 1 ½ 2 ½ მილიარდი სარეპარაციო გადასაზიდები იხადოს, დღევანდლამდე სარეპარაციო გადასახადები უცხოეთიდან აღებულ სესხით იფარებოდა. გერმანიის მეურნეობას არ შესწევს არავითარი საშუალება საკუთარი ძალით აიტანოს ეს ხარჯები.
4. გერმანიის ექსპორტის გაფართოება ეჯახება საერთაშორისო ბაზრის სივიწროვეს და ევროპის იმპერიალისტურ სახელმწიფოთა ძლიერ კონკურენციას.
5. გერმანიის ბურჟუაზია ფიქრობს, თავი დააღწიოს წარმოებასა და განაღდებას შორის არსებულ წინააღმდეგობას, რაციონალიზაციას, საქონელზე მონოპოლისტური ფასების დადების და საერთაშორისო სინდიკატების საშუალებით. ყველა ღონისძიებანი უშუალოთ გერმანიის პროლეტარიატის გაძლიერებული ექსპლოუტაციას ნიშნავს და კლასობრივ ინტერესების წინააღმდეგობათ წარმოუდგენლად ამწვავებს.
მნათობი N1, იანვარი 1927.
[1] ამ ფაქტის დასადასტურებლად ჩვენ შეგვიძლია მეტად სანდო და საიმედო მოწმე მოვიწვიოთ, ვესტფალია-რეინის მსხვილ მრეწველთა კონგრესზე დიუსელდორფში Guten IIoffnung-hütte-ს გენერალ დირექტორმა როიშმა (Reusch) შემდეგი განაცხადა: უკანასკნელ ხანები გავრცელებული აზრი, ვითომ ეხლა გერმანიის მეურნეობის კრიზისი დამთავრებული იყოს, ყოველ შემთხვევაში ნაჩქარევია და ფაქტებს წინ უსწრებს, გერმანიის მეურნეობის ნამდვილ მდგომერეობას ფარდას აფარებს ბრიტანიის სამთო-მადნო მუშების გაფიცვის გავლენა და გერმანულ მეურნეობაში შემოსული უცხოეთის სესხები. ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმის წინაშე, რომ ჩვენი ექსპორტის ნაწილი საქვეყნო ბაზარზე მეტად დაკლებულია. საჭიროა ხანგრძლივი და მძიმე მუშაობა, რათა მიღწეულ იქნეს მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ომის წინა ეპოქაში გვქონდა.
[2] დიუსბერგი გერმანიის საღებავების უძლიერესი მრეწველობის ტრესტის ბატონია და სრულიად გერმანიის ინდისტრიელ მრეწველთა თავმჯდომარე.
[3] ეს უბრალო არითმეტიკაა და ჰილფერდინგმა ჩინებულად იცის ანგარიში. მიუხედავად ამისა, ის ფარისევლობს, სტყუის და ამბობს ქიმიური ინდუსტრია მუშათა კლასის მოკეთეაო, (იხ. მისი წერილი Twiitisho Problems).
[4] 1913 წლის სავაჭრო ბალანსის აქტივობა აიხსნება იმით, რომ გერმანიის ვალიუტის მამასებით ისარგებლეს უცხოელმა სპეკულიანტებმა და გაარკვეს გერმანიის იაფფასიანი
[5] ინგლისის სამთომადნო მუშების გაფიცვის გავლენა.