ვ. ი. ლენინი – გერცენის ხსოვნას[1]

100 წელი გავიდა გერცენის[2] დაბადებიდან. მის ხსოვნას აღნიშნავს მთელი ლიბერალური რუსეთი, თანაც დაკვირვებულად უვლის გვერდს სოციალიზმის სერიოზულ საკითხებს, გულმოდგინედ ფარავს, რით განსხვავდებოდა რევოლუციონერი გერცენი ლიბერალისგან. გერცენს იხსენიებს მემარჯვენე პრესაც, რომელიც ცილისწამებით ირწმუნება გერცენი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში მოშორდა რევოლუციასო, ხოლო საზღვარგარეთულ, ლიბერალურ და ნაროდნიკულ სიტყვებში გერცენის შესახებ ფრაზების მეტი არაფერია.

  მუშათა პარტიამ უნდა მოიხსენიოს გერცენი არა ობივატელური ქება-დიდებისათვის, არამედ თავისი ამოცანების გასარკვევად, იმ მწერლის ნამდვილი ისტორიული ადგილის გასარკვევად, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა რუსეთის რევოლუციის მომზადებაში. გერცენი ეკუთვნოდა გასული საუკუნის პირველი ნახევრის თავადაზნაურულ-მემამულურ რევოლუციონერთა თაობას. თავადაზნაურებმა მისცეს რუსეთს ბაირონები და არაკჩეევები, უამრავი „ლოთი ოფიცრები, შფოთისთავები, ბანქოს მოთამაშეები, ბაზრობათა გმირები, მეძაღლეები, მოჩხუბრები, მათრახისა და ჰარამხანის გმირები“ და ყოვლადკეთილი მანილოვები. „და მათ შორის — წერდა გერცენი – განვითარდნენ 14 დეკემბრის ადამიანები, ფალანგა გმირებისა, რომლებიც რომულისა და რემის მსგავსად გამოზრდილი იყვნენ ნადირის რძით… ესენი იყვნენ რაღაც დევგმირები, თავით ფეხამდე წმინდა ფოლადისაგან გამოჭედილნი, თანამებრძოლნი, რომლებმაც შეგნებულად გასწირეს თავი, არ მოერიდნენ უეჭველ სიკვდილს, რათა ახალი ცხოვრებისათვის გაეღვიძებინათ ახალი თაობა და განეწმინდათ ჯალათობისა და მონური ქედმოხრილობის წრეში შობილნი”.[3]

  ასეთ ახალგაზრდათა რიცხვს ეკუთვნოდა გერცენი. დეკაბრისტების აჯანყებამ გამოაღვიძა და „განწმინდა“ იგი. XIX საუკუნის 40-იანი წლების ბატონყმურ რუსეთში მან შეძლო ასულიყო ისეთ სიმაღლეზე, რომ თავისი დროის უდიდეს მოაზროვნეებს გაუტოლდა.

   მან შეითვისა ჰეგელის დიალექტიკა. მან შეიგნო, რომ ეს დიალექტიკა წარმოადგენს „რევოლუციის ალგებრას“. იგი წავიდა ჰეგელზე შორს მატერიალიზმისაკენ, გაჰყვა ფოიერბახის კვალს. პირველი წერილი „წერილებიდან ბუნების შესწავლის შესახებ“, ემპირია და იდეალიზმი“, — რომელიც დაწერილია 1844 წელს, გვიჩვენებს მოაზროვნეს, რომელიც ახლაც კი მთელი თავით მაღლა დგას უამრავ თანამედროვე ბუნებისმეტყველ-ემპირიკოსზე და აურაცხელ ახლანდელ ფილოსოფოსსა, იდეალისტსა და ნახევრადიდეალისტზე. გერცენი უშუალოდ მივიდა დიალექტიკურ მატერიალიზმამდე და შეჩერდა – ისტორიული მატერიალიზმის წინაშე.

  სწორედ ამ „შეჩერებამ“ გამოიწვია გერცენის სულიერი კრახი 1848 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ. გერცენი უკვე წასული იყო რუსეთიდან და ამ რევოლუციას უშუალოდ აკვირდებოდა. იგი მაშინ დემოკრატი, რევოლუციონერი, სოციალისტი იყო მაგრამ მისი „სოციალიზმი“ ეკუთვნოდა 1848 წლის ეპოქაში არსებულ ბურჟუაზიული და წერილბურჟუაზიული სოციალიზმის იმ უამრავ ფორმათა და ნაირსახეობათა რიცხვს, რომლებიც საბოლოოდ ჩაკლეს ივნისის დღეებმა. არსებითად ეს სრულებითაც არ იყო სოციალიზმი, არამედ ყოვლადკეთილი ფრაზა, კეთილი ოცნება, რომლითაც მოსავდა თავის მაშინდელ რევოლუციურობას როგორც ბურჟუაზიული დემოკრატია, ასევე მისი გავლენისაგან გაუთავისუფლებელი პროლეტარიატი.

  გერცენის სულიერი კრახი, მისი ღრმა სკეპტიციზმი და პესიმიზმი 1848 წლის შემდეგ — ეს იყო კრახი ბურჟუაზიული ილუზიებისა სოციალიზმის მიმართ, გერცენის სულიერი დრამა იმ მსოფლიო-ისტორიული ეპოქის ნაყოფი და ანარეკლი იყო, როცა ბურჟუაზიული დემოკრატიის რევოლუციურობა უ კ ვ ე კვდებოდა (ევროპაში). ხოლო სოციალისტური პროლეტარიატის რევოლუციურობა ჯერ კიდევ არ მომწიფებულიყო. ეს ვერ გაიგეს და არც შეეძლოთ გაეგოთ რუსეთის ლიბერალური ენამრუშობის რაინდებს, რომლებიც ახლა თავიანთ კონტრრევოლუციურობას ფარავენ მაღალფარდოვანი ფრაზებით გერცენის სკეპტიციზმის შესახებ. სკეპტიციზმი ამ რაინდებისა, რომლებმაც უღალატეს რუსეთის 1905 წლის რევოლუციას, რომლებმაც რევოლუციონერის დიად წოდებაზე ფიქრიც კი დაივიწყეს, არის დემოკრატიიდან ლიბერალიზმზე გადასვლის ფორმა, — იმ ლაქიურ, საზიზღარ, ბინძურ და მხეცურ ლიბერალიზმზე, რომელიც ხვრეტდა მუშებს 1848 წელს, რომელიც აღადგენდა დანგრეული ტახტებს, რომელიც ტაშს უკრავდა ნაპოლეონ III-ეს და რომელსაც სწყევლიდა გერცენი, თუმცა ვერ გაეგო მისი კლასობრივი ბუნება.

  გერცენის სკეპტიციზმი – ეს იყო ფორმა „ზეკლასობრივი“ ბურჟუაზიული დემოკრატიზმის ილუზიებიდან პროლეტარიატის მკაცრ, განუხრელ, უძლეველ კლასობრივ ბრძოლაზე გადასვლისა. ამის და დამადასტურებელია: „წერილები ძველი ამხანაგისადმი, ბაკუნინისადმი, რომლებიც დაწერილია გერცენის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1869 წელს. გერცენი კავშირს წყვეტს ანარქისტ ბაკუნინთან. მართალია, კავშირის ამ გაწყვეტაში გერცენი ხედავს ჯერ კიდევ მხოლოდ უთანხმოებას ტაქტიკაში და არა უფსკრულს თავისი კლასის გამარჯვებაში დარწმუნებული პროლეტარის მსოფლმხედველობასა და თავისი ხსნის იმედდაკარგული წვრილი ბურჟუის მსოფლმხედველობას შორის. მართალია, გერცენი აქაც კვლავ იმეორებს ძველ ბურჟუაზიულ დემოკრატიულ ფრაზებს, თითქოს სოციალიზმი უნდა გამოდიოდეს „ქადაგებით, რომელიც თანაბრად იქნება მიმართული მუშისა და მეპატრონისადმი, მიწათმოქმედის და ქალაქელი მდაბიოსადმი.“ მაგრამ მაინც, ბაკუნინთან კაშირს რომ წყვეტდა, გერცენმა თვალი მიაპყრო არა ლიბერალიზმს, არამედ ინტერნაციონალს იმ ინტერნაციონალს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარქსი, იმ ინტერნაციონალს, რომელიც შეუდგა პროლეტარიატის „ლაშქრის შეკრებას“, „მუშათა სამყაროს“ გაერთიანებას, რომელიც „ზურგს აქცევს მუქთახორათა სამყაროს“!

   გერცენმა, რომელმაც ვერ გაიგო 1848 წლის მთელი მოძრაობის ბურჟუაზიულ დემოკრატიული არსი და მარქსამდელი სოციალიზმის ყველა ფორმა, მით უმეტეს ვერ გაიგო რუსეთის რევოლუციის ბურჟუაზიული ბუნება. გერცენი „რუსული“ სოციალიზმის, „ნაროდნიკობის“ ფუძემდებელია. გერცენი „სოციალიზმს“ ხედავდა გლეხების, განთავისუფლებაში მ ი წ ი თ, თემურ მიწათმფლობელობაში და „მიწის ფლობის უფლების“ გლეხურ იდეაში. თავის სანუკვარ აზრებს ამ თემაზე იგი მრავალგზის ავითარებდა.

  ნამდვილად გერცენის ამ მოძღვრებაში, ისევე როგორც მთელ რუსულ ნაროდნიკობაში — თვით ახლანდელი „სოციალისტ-რევოლუციონერების“ გახუნებულ ნაროდნიკობამდე – სოციალიზმის ნასახიც არ არის. ეს ისეთივე ყოვლადკეთილი ფრაზაა, ისეთივე კეთილი ოცნებაა, რომელიც მოსავს რუსეთში ბურჟუაზიული გლეხური დემოკრატიის რევოლუციურობას, როგორიც დასავლეთში „1848 წლის სოციალიზმის“ სხვადასხვა ფორმა იყო. რაც უფრო მეტ მიწას მიიღებდნენ გლეხები 1861 წელს და რაც უფრო იაფად მიიღებდნენ მას, მით უფრო ძლიერ გამოეთხრებოდა ძირი მებატონე მემამულეთა ძალაუფლებას, მით უფრო სწრაფად, თავისუფლად და ფართოდ განვითარდებოდა კაპიტალიზმი რუსეთში. „მიწის ფლობის უფლებისა და „მიწის გათანაბრებითი განაწილების“ იდეა სხვა არა არის რა, თუ არა ფორმულირება გლეხების რევოლუციური მისწრაფებისა თანასწორობისაკენ. გლეხებისა, რომლებიც იბრძვიან მემამულეთა ძალაუფლების სრული დამხობისათვის, მემამულური მიწათმფლობელობის სრული მოსპობისათვის.

  1905 წლის რევოლუციამ ეს სავსებით დაამტკიცა: ერთი მხრივ, პროლეტარიატი  სავსებით დამოუკიდებლად გამოვიდა რევოლუციური ბრძოლის მეთაურად და შექმნა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია; მეორე მხრივ, რევოლუციური გლეხები („ტრუდოვიკები“ და „გლეხთა კავშირი“), იბრძოდნენ რა მემამულური მიწათმფლობელობის მოსპობის ყველა ფორმისათვის თვით „მიწის კერძო საკუთრების მოსპობამდე“, იბრძოდნენ სწორედ როგორც მეპატრონენი, როგორც წვრილი მეწარმენი.

ამჟამად კამათი მიწის ფლობის უფლების „სოციალისტურობის“ შესახებ და ა. შ. მხოლოდ იმას უწყობს ხელს, რომ დ ა ა ბ ნ ე ლ ო ს და დაფაროს ნამდვილად მნიშვნელოვანი და სერიოზული ისტორიული საკითხი რუსეთის ბურჟუაზიულ რევოლუციაში ლიბერალური ბურჟუაზიის და რევოლუციური გლეხობის ინტერესთა განსხვავების შესახებ; სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ რევოლუციაში ლიბერალური და დემოკრატიული, „შემთანხმებლური“ (მონარქისტული) და რესპუბლიკური ტენდენციის შესახებ. სწორედ ეს საკითხი დააყენა გერცენის „კოლოკოლმა“, თუ შევხედავთ საქმის არსს – და არა ფრაზებს, — თუ გამოვიკვლევთ კლასობრივ ბრძოლას, როგორც „თეორიათა“ და მოძღვრებათა საფუძველს, და არა პირიქით.

 გერცენმა შექმნა თავისუფალი რუსული პრესა საზღვარგარეთ — ეს მისი დიდი დამსახურებაა. „პოლიარნია ზვეზდამ“ აღადგინა დეკაბრისტების ტრადიცია. კოლოკოლი (1857 — 1867) მედგრად იბრძოდა გლეხობის განთავისუფლებისათვის. მონური დუმილი დაირღვა.

მაგრამ გერცენი მემამულეთა, ბატონკაცთა წრეს ეკუთვნოდა. მან რუსეთი დატოვა 1847 წელს. მას არ უნახავს რევოლუციური ხალხი და არ შეიძლებოდა ჰქონოდა მისდამი რწმენა. აქედანაა ლიბერალური აპელაცია „ზედაფენებისადმი“. აქედანაა მისი ურიცხვი მოთაფლული წერილები „კოლოკოლში“ ალექსანდრე II ჯალათისადმი, რომლებსაც ახლა ისე კერ წაიკითხავ, რომ ზიზღი არ მოგგვაროს.

ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, სერნო-სოლოვიევიჩი, რომლებიც რევოლუციონერ-რაზნოჩინცების ახალ თაობას წარმოადგენდნენ, ათასგზის მართალი იყვნენ, როცა უსაყვედურებდნენ გერცენს ამ გადახვევას დემოკრატიზმიდან ლ ი ბ ე რ ა ლ ი ზ მ ი ს ა კ ე ნ. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ, მიუხედავად გერცენის მთელი მერყეობისა დემოკრატიზმსა და ლიბერალიზმს შორის, მასში მაინც დემოკრატი იმარჯვებდა.

როცა ლიბერალური უხამსობის ერთ-ერთმა უსაზიზღრესმა ტიპმა, კაველინმა, რომელიც წინათ აღტაცებული იყო „კოლოკოლით“ სწორედ მისი ლ ი ბ ე რ ა ლ უ რ ი ტენდენციებისათვის, კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა, თავს დაესხა რევოლუციურ აგიტაციას, გაილაშქრა „ძალადობისა“ და მისდამი მოწოდების წინააღმდეგ, შეუდგა მოთმინების ქადაგებას, გერცენმა ამ ლიბერალ ჭკუის კოლოფთან კავშირი გ ა წ ყ ვ ი ტ ა. გერცენი თავს დაესხა მის „მჭლე, უაზრო მავნე პამფლეტს“, დაწერილს იმ მიზნით, რომ მით „ფარულად ეხელმძღვანელა ლიბერალობის ხასიათზე დამდგარ მთავრობას“, თავს დაესხა კაველინის „პოლიტიკურ-სენტიმენტალურ სენტენციებს“, რომლებიც ხატავდნენ „რუს ხალხს პირუტყვად, მთავრობას კი ჭკვიანად“. „კოლოკოლმა“ მოათავსა სტატია „საფლავზე წარმოთქმული სიტყვა“, სადაც ამათრახებდა „პროფესორებს, რომლებიც ქსოვენ თავიანთი ქედმაღლურ-ნამცეცა უბადრუკი იდეების დამპალ ქსელს, ექს-პროფესორებს, რომლებიც ოდესღაც გულმართლები იყვნენ, შემდეგ კი გაბოროტდნენ, რაკი დაინახეს, რომ ჯანსაღი ახალგაზრდობა ვერ თანაუგრძნობს მათს დაჩიავებულ აზრს“. კაველინმა მაშინვე იცნო თავი ამ პორტრეტში.

  როცა ჩერნიშევსკი დააპატიმრეს, საზიზღარი ლიბერალი კაველინი წერდა: „დაპატიმრებანი მე აღმაშფოთებელი არა მგონია… რევოლუციურ პარტიას მიაჩნია, რომ მთავრობის დასამხობად ყველა საშუალება კარგია, მთავრობა კი თავს იცავს თავისი საშუალებებითო“. ხოლო გერცენი თითქოს ამ კადეტს უპასუხებდა, როცა ჩერნიშევსკის გასამართლების გამო ამბობდა; „აქ კი უბადრუკი ადამიანები, ქონდრის კაცები, ჭიაღუა ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდა ვლანძღავდეთ ავაზაკთა და არამზადათა ამ ხროვას, რომელიც ჩვენ გვმართავსო“.

  როცა ლიბერალმა ტურგენევმა კერძო წერილი მისწერა ალექსანდრე II-ეს, არწმუნებდა მას თავის უქვეშევრდომილეს გრძნობებში და ორი ოქრო შესწირა პოლონეთის აჯანყების ჩაქრობისას დაჭერილი კარისკაცებისათვის, „კოლოკოლი“ წერდა „თმაჭაღარა მაგდალინელზე (მამრობითი სქესისა), რომელმაც ხელმწიფეს მისწერა, ძილი აღარა მაქვს და ვიტანჯები იმის გამო, რომ ხელმწიფემ არ იცის, როგორ მოვინანიე ცოდვაო“. და ტურგენევმა მაშინვე იცნო თავი.

  როცა რუს ლიბერალთა მთელი ხროვა ერთბაშად ჩამოშორდა გერცენს პოლონეთის დაცვისათვის, როცა მთელმა „განათლებულმა საზოგადოებამ ზურგი შეაქცია კოლოკოლს“, გერცენი არ შემდრკალა, იგი განაგრძობდა პოლონეთის თავისუფლების დაცვას და ალექსისდრე II-ის მსახურ დამწყნარებელთა, ჯალათთა ჩამომხრჩობთა გამათრახებას, გერცენმა იხსნა რუსეთის დემოკრატიის ღირსება. „ჩვენ ვიხსენით რუსის სახელის ღირსება — სწერდა იგი ტურგენევს  — და ამისათვის დავისაჯეთ მონური უმრავლესობისაგანო.

როცა მოდიოდა ცნობა, რომ ყმა გლეხმა მემამულე მოკლა ცოლისათვის ნამუსის ახდის ცდის გამოო, გერცენი „კოლოკოლში დასძენდა ხოლმე: „ძალიან კარგადაც მოქცეულაო“, როცა იუწყებოდნენ, სამხედრო უფროსების თანამდებობას აწესებენ „მშვიდი“ „გათავისუფლებისათვისო“, გერცენი წერდა: „პირველი ჭკვიანი პოლკოვნიკი, რომელიც თავისი რაზმით გლეხებს მიემხრობა, ნაცვლად იმისა, რომ ახრჩობდეს მათ, რომანოვთა ტახტზე დაჯდებაო“, როცა პოლკოვნიკმა რეიტერნმა თავი მოიკლა ვარშავაში (1860 წელს), რომ ჯალათების დამხმარე არ გამხდარიყო, გერცენი წერდა: „თუ დახვრეტაა, უნდა დახვრიტო ის გენერლები, რომლებიც ბრძანებას იძლევიან ესროლონ უიარაღოებსო.“ როცა ბეზდნაში 50 გლეხი დახოცეს და მათი მეთაური ასტონ პეტროვი სიკვდილით დასაჯეს (1861 წლის 12 აპრილს), გერცენი „კოლოკოლში“ წერდა:

„ო, ჩემს სიტყვებს რომ შეეძლოს შენამდე მოღწევა, რუსეთის მშრომელო და ტანჯულო!… როგორ გასწავლიდი შეიზიზღო შენი სულიერი მოძღვარნი, რომლებიც დაგიყენეს პეტერბურგის სინოდმა და გერმანელმა მეფემ, შენ გძულს მემამულე, გძულს მოხელე, გეშინია მათი — და სავსებით მართალი ხარ; მაგრ ჯერ კიდევ გჯერა მეფისა და მღვდელმთავრისა. ნუ გჯერა მათი… მეფე მათთანაა და ისინი მისი ხალხია. მას ხედავ შენ ახლა, შენ, ბეზდნაში მოკლული ჭაბუკის მამავ, შენ, პენზაში მოკლული მამის შვილო… შენი მოძღვარნი შენსავით უმეცარნი შენსავით ღარიბნი არიან.. ასეთი იყო სხვა ანტონი (არა ეპისკოპოსი ანტონი, არამედ ბეზდნელი ანტონი), რომელიც ყაზანში შენი გულისათვის აწამეს. შენი წმინდანების სხეულები ორმოცდარვა სასწაულს ვერ მოახდენენ, მათდამი ლოცვა მტკივან კბილებს ვერ განკურნავს; მაგრამ მათმა ცოცხალმა ხსოვნამ შეიძლება მოახდინოს ერთი სასწაული — შენი განთავისუფლება“.

აქედან ჩანს, რა საზიზღრად და სულმდაბლად სწამებენ ცილს გერცენს მონურ „ლეგალურ“ პრესაში მოკალათებული ჩვენი ლიბერალები, რომლებიც განადიდებენ გერცენის სუსტ მხარეებს და ჩქმალავენ მის ძლიერ მხარეებს. გერცენის ბრალი კი არა, მისი უბედურება იყო, რომ მას არ შეეძლო დაენახა რევოლუციური ხალხი თვით რუსეთში 40-იან წლებში. როცა მან დაინახა იგი 60-ი ა ნ წ ლ ე ბ შ ი — იგი უშიშრად დადგა რევოლუციური დემოკრატიის მხარეზე ლიბერალიზმის წინააღმდეგ. იგი იბრძოდა ხალხის გამარჯვებისათვის ცარიზმზე და არა ლიბერალური ბურჟუაზიის გარიგებისათვის მემამულეთა მეფესთან. მან აღმართა რევოლუციის დროშა.

  აღვნიშნავთ რა გერცენის ხსოვნას, ჩვენ ნათლად ვხედავთ სამ თაობას, სამ კლასს, რომლებიც რუსეთის რევოლუციაში მოქმედებდნენ. თავდაპირველად — თავადაზნაურები და მემამულეები, დეკაბრისტები და გერცენი. ვიწროა ამ რევოლუციონერთა წრე. საშინლად შორს არიან ისინი ხალხისაგან. მაგრამ მათს საქმეს ამაოდ არ ჩაუვლია. დეკაბრისტებმა გამოაღვიძეს გერცენი. გერცენმა გააჩაღა რევოლუციური აგიტაცია.

  ეს აგიტაცია განაგრძეს, გააფართოეს, განამტკიცეს, გამოაწრთეს რევოლუციონერმა-რაზნოჩინცებმა, ჩერნიშევსკით დაწყებული და „ნაროდნაია ვოლიას“ გმირებით დამთავრებული. უფრო გაფართოვდა მებრძოლთა წრე, უფრო დაუახლოვდნენ ისინი ხალხს „მომავალი ქარიშხლის ახალგაზრდა შტურმანები“ ასე უწოდებდა მათ გერცენი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო თვით ქარიშხალი.

ქარიშხალი — ეს თვით მასების მოძრაობაა. პროლეტარიატი, ერთადერთი ბოლომდე რევოლუციური კლასი, ჩაუდგა მათ სათავეში და პირველად დარაზმა აშკარა რევოლუციური ბრძოლისათვის მილიონობით გლეხი. ქარიშხალმა პირველად იგრიალა 1905 წელს. შემდეგი შეტევა ჩვენს თვალწინ იწყებს ზრდას.

  აღნიშნავს რა გერცენის ხსოვნას, პროლეტარიატი მისი მაგალითის მიხედვით სწავლობს რევოლუციური თეორიის დიად მნიშვნელობას; — სწავლობს იმის გაგებას, რომ რევოლუციისადმი უსაზღვრო ერთგულება და რევოლუციური ქადაგებით ხალხისადმი მიმართვა მაშინაც კი არ ჩაივლის ამაოდ, როცა მთელი ათეული წლები აშორებს თესვას მკისაგან; — სწავლობს რუსეთის და საერთაშორისო რევოლუციაში სხვადასხვა კლასთა როლის განსაზღვრას, ამ გაკვეთილებით გამდიდრებული პროლეტარიატი გზას გაიკაფავს ყველა ქვეყნის სოციალისტ მუშებთან თავისუფალი კავშირისაკენ, გასრესს იმ ქვეწარმავალს, მეფის მონარქიას, რომლის წინააღმდეგაც გერცენმა პირველმა აღმართა ბრძოლის დიადი დროშა მასებისადმი მიმართული თავისუფალი რუსული სიტყვით.

ვ. ი.  ლ ე ნ ი ნ ი, ტ. 18, გვ. 11-19.


[1] ლენინის ნაშრომი „გერცენის ხსოვნას“ ეძღვნება გერცენის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. მასში ნაჩვენებია გერცენის მოღვაწეობის ორი მხარის: რევოლუციურის და ლიბერალურის შესაბამისად ორი დამოკიდებულება მისდამი. ლენინის თქმით, გერცენი მუშათა პარტიამ უნდაა შეაფასოს იმ როლის მიხედვით, რაც მან შეასრულა რუსეთის რევოლუციის მომზადებაში. ლენინი აჩვენებს გერცენის მსოფლმხედველობის განვითარებას, როგორ შეითვისა მან ჰეგელის დიალექტიკა, შემდეგ როგორ გადალახა ჰეგელი იმით, რომ მატერიალიზმისაკენ იბრუნა პირი, ამავე დროს შეინარჩუნა დიალექტიკა, როგორც „რევოლუციის ალგებრა“. გერცენი უშუალოდ მივიდა დიალექტიკურ მატერიალიზმამდე და შეჩერდა ისტორიული მატერიალიზმის წინაშე. ამ შეჩერებამ და 1848 წლის რევოლუციის დამარცხებამ გერცენის წერილბურჟუაზიული სოციალიზმი ჩაკლა, სკეპტიციზმისა და პესიმიზმის ტყვეობაში მოაქცია იგი. ლენინი თვლის, რომ გერცენმა ვერ გაიგო ვერც 1848 წლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის არსი და ვერც რუსეთის რევოლუცია. იგი იყო რუსული ნაროდნიკობის ფუძემდებელი, რომელიც იდეალად თვლიდა გლეხთა განთავისუფლებას მიწით და თემურ მიწათმფლობელობაში ახალი საზოგადოების კონტურებს ეძებდა. ეს მხოლოდ კეთილი სურვილებია ყოველგვარი სოციალიზმის გარეშე. ლენინი აღნიშნავს, რომ გერცენი ლიბერალიზმის პერიოდშიც დემოკრატი იყო.

[2] ალექსანდრე გერცენი – 1812-1870 წწ.

[3] ლენინს ციტატი მოჰყავს გერცენის ნაწარმოებიდან „დასასრული და დასაწყისი (იხ. — ი. გერცენი, რჩეული თხზულებანი, 1937, გვ. 349).