ალექსანდრე წულუკიძე – ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში[1]

„ფირალი დავლაძე“ ლალიონისა[2][3]

(„მოამბე“ 1895 წ. IV — V)

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია მკითხველს სთავაზობს ქართველი მარქსისტი პუბლიცისტისა და რევოლუციონერის ალექსანდრე წულუკიძის (1876-1905 წწ.) წერილს ლალიონის „ფირალი დავლაძის“ შესახებ, რომელიც თავის დროზე გაზეთი კვალის ფურცლებზე გამოქვეყნდა. მხატვრული ნაწარმოების გავლით წერილის ავტორი მსჯელობს მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის საქართველოს კლასობრივი და სოციალური დაძაბულობების შესახებ. წულუკიძე შემთხვევით არ ირჩევს ლალიონის ტექსტს, როგორც საზოგადოების მეტ-ნაკლებად ამრეკლავ სარკეს, რომელშიც, ერთი მხრივ, გაშუქებულია აწ უკვე ღონემიხდილი თავადაზნაურული კლასის მზის ჩასვენება და, მეორე მხრივ, აღწერილია ახალი ბურჟუაზიული კლასის სოციალურ სცენაზე გამოსვლა, მისი გაფურჩქვნა და აღმავლობა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი მთელი რიგი სოციალური დაძაბულობები და ცვლილებები საკმაო გავლენას ახდენენ მხატვრულ ლიტერატურაზეც. ა. წულუკიძე სწორედ ამ გარდატეხას უსვამს ხაზს, როდესაც წერს, რომ 1890-იან წლებში ქართულ სამწერლო ასპარეზზე გამოჩდნენ ისეთი მწერლები (ეგნატე ნინოშვილი, დავით კლდიაშვილი, შიო არაგვისპირელი), რომლებმაც საზოგადოებრივი მოვლენების, სოციალური კლასების ყოფა-ცხოვრების ასახვა რეალისტური მეთოდით დაიწყეს. სოციალური დიფერენციაციის გაღრმავებას, კლასობრივი ბრძოლის გამწვავებას თან ახლავს კრიტიკული რეალიზმის განვითარებაც. სულ უფრო მეტმა მწერალმა მოჰკიდა მათ წინ მიმდინარე მოვლენების ასახვას ხელი. რეალობა კი სქემატურად რომ ვთქვათ შემდეგი იყო: ერთ მხარეს ორივე ფეხზე მყარად დგებოდა კაპიტალი მთელი თავისი დიდებულებით, ხოლო მის მოპირდაპირედ რჩებოდნენ საკუთარი სამუშაო ძალის ამარა დარჩენილი გაღატაკებული, დეკლასირებული ელემენტები. ამასთანავე, ძველ წოდებრივ პრივილეგიებს განუხრელი სისწრაფით ემშვიდობებოდნენ თვით თავადაზნაურობის წარმომადგენელნი. თავადაზნაურობის მატერიალურ დაკნინებას, თან სდევდა მათი მორალური დეგრადაციაც. ამის მიზეზი ის იყო, რომ ძველ წოდებებს ჩაბღაუჭებულ თავადაზნაურულ კლასს აღარ ჰქონდა ის ეკონომიკური ბაზისი, რომელზედაც მათი სოციალური პრივილეგიები იდგა, შესაბამისად, თუკი ფეოდალიზმის ხანაში თავადაზნაურებს გარკვეული სოციალური ფუნქცია ჰქონდათ, უკვე იმ პერიოდისთვის ისინი პარაზიტ კლასად გადაიქცნენ. თავადაზნაურობა, ერთი მხრივ, კარგად ხვდებოდა, რომ ისინი წარმავალი კლასის კუთვნილებანი იყვნენ, თუმცა სოციალური და ეკონომიკური კანონზომიერებით ნაკარნახებ ცვლილებებს მაინც არ ეგუებოდნენ და ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება ეწადათ. სწორედ ამ კლასობრივ სურათს აღგვიწერს ლალიონის „ფირალი დავლაძე“, ხოლო ალექსანდრე წულუკიძე მარქსისტული თეორიული ჩარჩოს მომარჯვებით ცდილობს იმ მთავარი მომენტების გამოკვეთას, რომელიც მკითხველს უკეთ აღაქმევინებს ეპოქის სულსა და კანონზომიერებას.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის სამდურავი ჩვენს მწერლობაზე; მას დაწვრილმანებას, დაკნინებას, უშინაარსობას წამებენ. უმეტესად მე-90-ე წლების ბელეტრისტიკას მე-60-ე წლების ნაწერებს ადარებენ; მწუხარებით და გოდვით აღნიშნავენ პირველის დაქვეითებას, აღტაცებით იგონებენ მეორეს დიდ-აზროვნებას, დიდ-შინაარსიანობას, მხოლოდ დასაბუთებით არავის წარმოუთქვამს ჯერ ამის შესახებ თავისი აზრი; თითქმის ყველა უცხო ქვეყნების იმავე მოვლენაზე გვითითებენ, და მწერლობის საზოგადო რეაქციას გვიმტკიცებენ (რასაკვირველია უსაბუთოთ).

 რაში გამოიხატება ეს რეაქცია, სინამდვილე მოწმობს ამას თუ არა? ეს კითხვები თითქო უკვე გადაწყვეტილი იყოს, მასზე არავინ პასუხს არ იძლევა. ჩვენ სრულიად ფიქრად არ გვაქვს ამაზე საუბარი; გაკვრით ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ბრალდება სიმართლეს მოკლებულია, მას არავითარი ფაქტიური დამტკიცება თან არ სდევს, იგი მხოლოდ საგნის შეუსწავლელობის მიზეზია და არა მეცნიერული კრიტიკის დასკვნა; იგი მხოლოდ თავისებური სიმპატიითა და ანტიპატიით ხელმძღვანელობს და არა ცხოვრებისა და მწერლობის შინაარსით, მათი შედარებით და აწონ-დაწონვით. აბა გადაფურცლეთ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები, თუ დინჯ მიუდგომელ, ცნობიერ კრიტიკას იპოვით. ყველგან და ყოველთვის საზოგადო ფრაზებს ამოიკითხავთ: ჩვენი მწერლობა დაეცა, ის აჩრდილიც აღარ არის თავისი წინაპრისაო და სხვ. განა ეს ასეა? მოვიგონოთ უკანასკნელი წლების მოთხრობები: ე. ნინოშვილისა, მელანიასი, დ. ერისთავისა, დ. კლდიაშვილისა, შ. არაგვისპირელისა და სხვა. გავიხსენოთ რა სინამდვილით და ზოგი ხელოვნურადაც[4] ხატავს ცხოვრების სურათებს, რა სიმარტივით და ნათლად აღნიშნავს დიდმნიშვნელოვან ფაქტს! ხშირად, თუ რომელიმე მოთხრობის დაფასება გვიჭირს, ამის მიზეზი თვით ჩვენ მიერ ცხოვრების უცოდინარობაა. ამნაირი გულგრილობა ჩვენი ბუნების ბრალი როდია, მას თვისი ქვეყნის შეუსწავლელობა უდევს სარჩულად; ამის მიზეზი გარემო პირობათა შეუგნებლობა გახლავთ.

 მე მსურს დღეს გესაუბროთ ერთ ქართულ ხელოვნურ ნაწარმოებზე, რომელიც აგერ მესამე წელიწადია, რაც ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მაგრამ სრულიად შეუმჩნევლად დარჩა უმრავლესობისაგან[5]. მე მაქვს მხედველობაში ლალიონის „ფირალი დავლაძე“ 1895 წლის „მოამბის“ IV — V ნომერში მოთავსებული. ამ მოთხრობის გარჩევა, მისი სურათების გამორკვევა დაგვანახვებს, თუ რამდენად სინამდვილით არის იგი ცხოვრების გულის-პასუხის გამომთქმელი, რა საყურადღებო და დიდ შინაარსიანი მოვლენაა მასში აღნიშნული, რა ღრმათ და სიმარტივით აქვს ავტორს იგი გადმოცემული. მაშ პირ-და-პირ ლალიონის მოთხრობას მივმართოთ. ავტორი „სათამაშოში“ გამოსულა და აგონდება რა თვისი წარსული ბავშვობა, ის ნეტარი დრო, როდესაც ისიც მოუთმენლად გარბოდა „სათამაშოში“, თვალ-ყურს ადევნებს ამ განახლებულ სურათს, აგერ ყმაწვილი კაცი და ქალი ლეკურს უვლიან. „გატაცებით ადევნებს თვალს მათ მოხდენილ მოძრაობას, მაგრამ ამ დროს ერთმა სხვა მოულოდნელმა სანახავმა უეცრად ბოლო მოუღო მის სიამოვნებას: გზაზე გამოჩნდა ოთხი კაცი. სამი მათგანი თოფით შეიარაღებული გლეხები იყვნენ, ხოლო მეოთხე 22 — 23 წ. ახალგაზრდა იყო. ეს უკანასკნელი კარგათ გამოწყობილ იყო ჩოხაში, მის ლამაზ სახეზე სიამაყე და გამბედაობა იხატებოდა“. ეს იყო პატიმარი, ავტორის ნაცნობი ივანე დავლაძე. ავტორი პატარაობისას იცნობდა ვანოს, „ახლა კი ეს ვანო უკვე წვერ-ულვაშ აშლილი, სიცოცხლით სავსე ჭაბუკი, სატუსაღოში მიჰყავდათ“. ავტორი იგონებს მის წარსულ ცხოვრებას და მკითხველსაც შემდეგ ამბავს მოუთხრობს:

  ივანე იყო იმ გიორგი დავლაძის შვილი, რომელმაც მთელი თვისი ყმაწვილობა „დრუჟინაში“ გაატარა და სამსახურიდან დათხოვნილ იქნა „პრაპორშჩიკობის“ ეპოლეტების შოვნის შემდეგ. დაბრუნდა თავის სოფელში, სადაც იმდენი მამული კი ჰქონდა, რომ ერთ დროს ღარიბ აზნაურათ არ ჩაითვლებოდა. პატარა ვანოს „მშობლები თავს ევლებოდნენ და ნებივრობაში ზრდიდენ. ბავშვს რომ თავი წამოსტკენოდა, ერთ ალიაქოთს ასტეხდენ. ათას რასმე შემოარებდენ თავზე“, წირვას გადაუხდიდენ „ნაბრალევი“ არ იყოსო. კარგა მოჩიტებული ვანო, ერთი ნაცნობი ქალის რჩევით ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. „ვანო ბუნებით ნიჭიერი ყმაწვილი იყო, მაგრამ სკოლა ამ თავიდანვე შეიძულა. ბოლოს დედ-მამას გამოუტყდა „მე სასულიერო კლასი მირჩევნია, იქინე უფრო კარგათ ვისწავლიო, ამაზე მშობლებიც დათანხმდენ, და ვანო სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ სასწავლებლის გამოცვლამ საქმეს ვერ უშველა რა. ვანო აქაც ცუდათ სწავლობდა, ცუდი ყოფაქცევის ბავშვათ ითვლებოდა და სამოსწავლო წლის ბოლოში ვანოს ცუდი ნიშნები მისცეს. ამისათვის ვანომ მასწავლებელს შეურაცყოფა მიაყენა და დაემუქრა, რის გამოც 18 წლის ვანო სასწავლებლიდან დაითხოვეს. სამი წლის შემდეგ ვანო ბათომში წავიდა, თითქოს სამსახურის საშოვნელად, მხოლოდ მალე დედის სიკვდილის ამბავმა ის სახლში დააბრუნა. „ვანო მამის თხოვნით სახლში დარჩა. და ვითომ ოჯახობას ხელი მიჰყო, მაგრამ უფრო დასაძინებლათ თუ მოდიოდა შინ, დანარჩენ დროს კი მეზობლებში ატარებდა“. ერთხელ ის მიპატიჟებული იყო გლეხის სამსონ ტარაძისას ნათლობაში, სადაც ნათლიათ გლეხი ტიმოთე კალაძის შვილი ნიკო იყო მიწვეული. 12 წლის ნიკო მამამ ერთ ვაჭარს მიაბარა ოზურგეთში შემდეგი სიტყვებით: „შენი ღვთის გულისათ, აი ბაღანაი გამიზარდე, ვაჭრობაში გამოაჩვიე და ხუთი-ექვსი წელი ტყუილათ იმსახურე; ეგება რამე დროში კაცი შეიქნეს“. ვაჭარმა ბავშვი მიიბარა. ნიკომ ჩქარა შეისწავლა ვაჭრობის წესრიგი. ვაჭრობაში კარგათ გავარჯიშდა, მაგრამ ამასთან ბევრი არა სასიამოვნო თვისებაც დასჩემდა. ამხანაგების წახედვით მან კარგათ შეამჩნია, ვისგან შეიძლებოდა უვარგის საქონელში მეტი ფასის აღება. მან იცოღა, რომ სოფლელი ვერ არის დახელოვნებული ვაჭრობაში და სრულიად უბრალო ნივთსაც მამასისხლათ ასაღებდა. „ხაზეინს ძლიერ მოეწონა ნიკოს ერთგულება და ორის წლის შემდეგ ჯამაგირა გაუჩინა. ნიკო სულ იმაზე ოცნებობდა, რომ ფულიანი კაცი გამხდარიყო როგორმე; ხუთი წლის შემდეგ ნიკო უკვე ვაჭრობაში დახელოვნებული ახალგაზრდა, ბათომში გადავიდა. იქ ერთ მდიდარ ვაჭართან კარგს ჯამაგირში დადგა და შემდეგ მასვე გაუამხანაგდა. დღეს ნიკო 27-28 წლის ახალგაზრდა კაცია და თავისი საკუთარი ვაჭრობა აქვს ბათომში. იმას ძალიან უნდოდა ყველასათვის მდიდრათ ეჩვენებია თავი და ყოველთვის თავმომწონეთ გამოდიოდა, ის უფრო ევროპიულ ტანსაცმელს ხმარობდა. აი ეს ნიკო იყო ს. ტარაძის ნათლია. სხვა სტუმართა შორის ტარაძისას დიასახლისის დისწულიც იყო, ახალგაზრდა, ლამაზი ნინო. ივანეს ეს ქალი უყვარდა და დღეს მოუსვენრათ ადევნებდა თვალს იმას, ყოველთვის და ყველაფერში გაბედული და შეუპოვარი, ამჟამად სულ უღონობას, დამცირებასაც კი გრძნობდა. ვინ იცის, როგორ შეხედავს დღეს ნინო ნიკოს; იგი ხომ მდიდარი კაცია და კიდეც ეცდება მოაწონოს თავი ყველას“, — ფიქრობდა ვანო. მას ძულდა და ეჯავრებოდა ამ ჟამათ ნიკო. „მე საჩქაროთ ფული უნდა ვიშოვნო და მაშინ ყველაფერს ვიზამო“, გაუელვა მას თავში უეცრათ. ამასობაში ნიკოც მოვიდა.

-რა ამბავია, კაცო, ამდენ ხანს რომ გვაცთიე! პაწაი ადრე არ გეკადრებოდა მოსვლა, სიდაური დიდი კაცი შენ ხარ, ძალდატანებულის ხუმრობის კილოთი უთხრა ივანემ. — შენთან კი ვარ უკაცრავათ, ირონიულათ უპასუბა ნიკომ. — უკაცრავათ კი ხარ, ყაზახო, მეტი არაფერი! — წარმოსთქვა ივანემ გაბრაზებით, მხოლოთ სხვები ჩაერია და სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ შუა სადილობის დროს ივანე ნიკოსთან ღვინით „ალავერდი“ გადავიდა ვერ დავლევ, არ მწყურიაო, უპასუხა ნიკომ, ამ პასუხმა პასუხი გამოიწვია და გაბრაზებულმა ივანემ ღვინით სავსე ბოთლი, შიგ თავში მიარტყა. გავიდა ხანი ამ შემთხვევის შემდეგ გურიაში ავაზაკობა მოხდა; სხვათა შორის, იჭვი ივანეზეც მიიტანეს; სოფელში ამბობდენ, ს. ტარაძის „დანოსითო“, რომელიც ზემო აღწერილ შემთხვევით იყო გამოწვეულიო. მალე ივანემ სატუსაღოდან გაქცევა მოახერხა, ფირალათ გავარდა და „საშინელი“ ბრბოს მეთაური გახდა. ამ ხანებში ნიკომ ნინო ცოლათ შეირთო. თუმც ეს ქალის სურვილის წინააღმდეგ მოხდა, მაგრამ მოყიდულმა მამამ ქალს ძალა დაატანა და ჯვარი დაწერა. ცოლ-ქმრობა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტათ ცუდი ჰქონდათ. შემდეგ ივანე თავს დაესხა ნიკოს და სიცოცხლეს გამოათხოვა; ამის შემდეგ აღარც ფირალს დასცლია ბევრი, ღამე მიმავალ ივანეს ჩასაფრებულმა ჯარისკაცებმა თოფები დაუშინეს და ვაჟკაცი ფირალი სამუდამოთ წუთისოფელს გამოასალმეს.

***

ამნაირათ „დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა”. მხოლოთ მისი ცხადი შინაარსი, შეუბღალველი და უმწიკვლო ფაქტია, ცხოვრების გულიდან ამოგლეჯილი. ივანე დავლაძე — ეს „ნაშთი ძველის დიდებისა“, კანონიერი შვილი ხანგადასული აზნაური გიორგისა, თანამედროვე ცხოვრების მოძულებული გერი სრულიად ახალგაზრდა ესალმება ამ „ტკბილ-მწარე წუთი-სოფელს“. ნინოშვილის ტარიელი, დ. ერისთავის ნესტორი ამნაირათვე ცუდუბრალოთ, უაზროთ, უშინაარსოთ აბოლოვეენ თავის ხანმოკლე სიცოცხლეს. იბრძვიან მკლავ-ღონიერნი მხოლოთ ყველგან და ყოველთვის მარცხდებიან. ნუ თუ ეს უბრალო შემთხვევით გამოწვეული დამარცხებანია? განა აქამდისაც ვერ მოიკიდეს ფეხი ცხოვრების სრიალა იატაკზე? ვერა! რადგან ცხოვრება მათ ვერ ჰგუობს და ისინი ცხოვრებას. იყო დრო, როდესაც მკლავ-ღონიერობა, სიჩაუქე, ხმლის მომარჯვებული ხმარება იცავდა მტრისაგან ჩვენ პატარა ქვეყანას, ის დრო იყო მხედრობისა, როდესაც თავად-აზნაურობა სამშობლოს მცველობდა, მტერს იგერიებდა და შინ განცხრომითა და ზეიმით ატარებდა დროს, შრომა მისთვის სავალდებულო არ იყო, რადგან მშრომელი ელემენტი — გლეხობა მის საკუთრებას შეადგენდა და თავის მცირე, პატრიარქალურ მოთხოვნილებას ყმების ძალ-ღონით იკმაყოფილებდა. სამაგიეროთ იგი ყმებს პატრონობდა, ხმლით დარაჯობდა სამშობლოს კარებს და მთელი მისი წარსული სისხლით არის შეღებილი. „გამოიცვალა ქვეყანა, ჩარხი უკუღმა ტრიალებს“, თავად-აზნაურობას ფარხმალი დაჟანგებული უკიდია კედელზე. მხოლოთ ხან-და-ხან სავარჯიშოთ თუ ვინმე ისევ ძმაზე გაილაშქრებს, თორემ გარეშე მტრებთან ბრძოლა აღარ ჭირდება, იგი სხვის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ოთია მესხი რაშზედაც რომ შეაჯინოთ, ის აღარ იქნება, რაც ოდესმე ჯორზე მჯდომი იყო. რაღა თქმა უნდა, სამაგიერო სამადლობელი სამსახურიც დაეკარგათ. ყმები ჩამოეცალენ და ყველა იძულებულია თავის თავს ეყმოს. ხშირათ გუშინდელი ბატონი იმის ყმაა ეკონომიურათ, რომელსაც გუშინ თვითონ ბატონობდა. თავად-აზნაურობა, როგორც წოდება, დღევანდელი ცხოვრების ხორც-მეტია, მას მხოლოთ სახელი შერჩენია, უშინაარსო, უაზრო, სახრავი მისი აღარ არის. დღეს ის ხრავს, ვინც უფრო მარჯვეთ, მოხერხებულათ შეეწყობა თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებას. მაგრამ ძველი დიდების სიამაყე, წარსულის მოგონებით გაამპარტავნებული დღევანდელი „ჩვენი ქვეყნის რაინდები“ ვერ შერიგებიან თავის არარაობას, ვერ უწყობენ ხმას დღევანდელ ჩანგის ჟღერას, იგინი უნებურათ უნდა განშორდენ საამდროვო ნადიმს, მათი სტუმრობა აღარავისთვის სასიამოვნო არ არის. ასეთია ლალიონის გმირიც. ივანე, რომელიც სინაზით და სიფაქიზით აღზრდილა, უშრომლად ქეიფსა და სიამოვნებას ჩვევია, თავისი უფროსობა ტრადიციულათ შეუთვისებია, ვერ ითმენს ნიკოს მედიდურობას, ეჯავრება მისი სიამაყე. ნიკო ტიმოთეი გლეხის შვილია და აბა რა რჯის მას ივანე დავლაძესთან მედიდურებას, თავისუფალ აზროვნებას.

   აი რა ხელოვნებით გადმოგვცემს ავტორი ერთ ფსიქოლოგიურ მომენტს.

   სადილის დროს ერთი სტუმართაგანი დაეკითხა ნიკოს: ერთი მოყვარე კაცი მყავს ბათომში, თუ იცნობ, ივლიანე გ — ძე, ნეტაი რას შობა?

— რა უჭირს, ქია კარგათ, — მიუგო ნიკომ.

— მაგინი რეიზა არ იქნებიან კარგათ, თუ ღმერთი გწამს! ფული მაგენს არ აკლია, თეთრი და საქონელი, რა ენატრებიან ღვთის გაჩენილი! დაიწყო სამსონმა.

—ეხლანდელ დროში ფული ვისაც აქვს, კაციც იგია, დაემოწმა მასპინძელს მეორე სტუმარი.

— ოჟო, ცარიელი ფულიც აფერი არაა, თუ კაცი თითონ არ ვარგა და პაწაი განათლება არ ახლავს! — შენიშნა მესამემ.

— „ნეუჟელი“ შენ უფულოთ გააკეთებ რასმე, კაი განათლებულიც რომ იყო? — თავმომწონეთ დაიწყო ნიკომ: — შეძლება თუ გაქ, განათლებულიც მაშინ ხარ, რავა, რას უძახი შენ განათლებას? იგი კაცი კას სვამს, კას სჭამს, კარგათ აცვია და ახურავს, მტერს რიგიანით დაუხვდება და მოყვარეს. ერთი სიტყვით, განათლებული ცხოვრება აქ, ფული რომ არ ქონდეს, ამას ხომ ვერც ერთს ვერ იზამს? ბევრი ვიცი მე იმისთანა კაცი, რომ განათლებულათ მოაქვს თავი და მჭადი ქე ენატრება.

—აბა, მე გეტყვი შენ, — დაიწყო ივანემ ათრთოლებული ხმით: კაცი თუ ჩამომავლობით ჯალაბია, იმას ვერც ფული მოარჯულებს და ვერც ვერაფერი. კისრამდი ოქროში რომ ჩასვა იმისთანა კაცი, მაინც თავის ზნეს არ მეიშლის!

— კი მარა ამ ცალიერმა, გაფხეკილმა აზნაურიშვილობამ რა მოუტანა ვინმეს? ვინ უყურებს ახლა ჩამომავლობას? რამდენია იმისთანა აზნაური, რომ მჭადს არ წაუტეხს კაცი, ორი კაპეიკიზა ცოლ-შვილს დააწინდრებს. კაი ხანია წავიდა უწინდელი დროი! ახლა კაცი იგია, ვინც თვითონ ვარგა, ვისაც რამე გააჩნია; მარტუაი აზნაურიშვილობა სულ არაფერი არაა, იგი ტყუილათ არ თქვას ვინმემ! — ცხარობდა ნიკო.

   ხედავთ, როგორი ანტაგონიზმია ამ ორ ქართველთა შორის. ერთი წუხს ძველი დროის დაკარგვას, ცდილობს წარსული დაიბრუნოს, ეჯავრება ყველაფერი, რაც მის დიდებას უარჰყოფს, ბრაზმორეული ამტკიცებს: „კაცი თუ ჩამომავლობით ჯალაბია, იმას ვერც ფული მოარჯულებს და ვერც ვერაფერი“, არ უნდა გამოტყდეს ხმამაღლა, რომ ჩამომავლობა სულ არაფერია, თუმცა „ყოველთვის და ყველგან გაბედული და შეუპოვარი სულ უღონობას, დამცირებასაც კი გრძნობდა“, როდესაც ს. ტარაძისას ნიკოს მოელოდა: „ვინ იცის როგორ შეხედავს დღეს ნინო ნიკოს; იგი ხომ მდიდარი კაცია და ეცდება კიდევაც მოაწონოს თავი ყველასო“, „საჩქაროთ ფული უნდა ვიშოვნო და მაშინ ყველაფერს ვიზამო“, გაუელვა მას თავში უეცრათ. მეორე კი დაცინვით იხსენიებს წარსულს, წიხლს ჰკრავს იმას რაც პირველისთვის წმიდათა წმიდაა, სიამოვნებით აღნიშნავს ახალი დროის უპირატესობას და თავმომწონეთ ღაღადებს: „ამ ცარიელმა, გაფხეკილმა აზნაურიშვილობამ რა მოუტანა ვინმეს? ვინ უყურებს ჩამომავლობას? რამდენია იმისთანა აზნაური, რომ მჭადს არ წაუტეხს კაცი, ორი კაპეიკიზა ცოლ-შვილს დააწინდრებს. კაი ხანია წავიდა უწინდელი დრო! ახლა კაცი იგია, ვისაც რამე გააჩნია“. ივანესი და ნიკოს მორიგება შეუძლებელია, რადგან თვით ცხოვრებას გადაუმტერებია ერთი მეორესათვის. ერთია ძველი, ფეოდალური დროის წარმომადგენელი, მეორე — ახალი, ფულის მეურნეობის ხანის შვილი; ერთია რაინდი, მეორე — წვრილფეხა ბურჟუა, რომელიც გამსხვილფეხებას, გადიდებას აპირებს. ამ ორ ტიპთა შორის მოურიგებელი ბრძოლაა გამართული. ივანე გრძნობს კიდეც თავის უძლურებას, სხვა ღონისძიებას, ბოთლზე უფრო ბასრ იარაღს ეძებს, და ეს იარაღი, მისი აზრითაც, „ფულია“! მაგრამ, რაფერ შეიძინოს ეს იარაღი? მამას მიმართავს და ეუბნება: „ნასახლევზე რომ მიწაა, იგი უნდა გავყიდოთ. ახლა რომ ერთი ოც-და-ხუთი თუმანი არ ვიშოვნო არ იქნება, იმისთანა საქმე მაქვს.

—რა საქმეა ახლა იმისთანაი, ოჟო? აი ადგილი. ამასობაში ქე ჩაგელია ხელში! საჭმელი ჭადი აღარ გვექნება, თვარა სხვას ვინ ჩივა! — სასოწარკვეთილებით შენიშნა გიორგიმ.

—მჭადი, თვარა გააკეთებს იგი მჭადი, მე ვიცი! მეტი რაღა გინდა ქვეყანაზე ღორმა კი ჩააკტა ამ ი ს თ ა ნ ა სიცოცხლეს ერთი თუმანი რომ გინდოდეს, იმას ვერ იშოვნი, ქვეყანა რომ დეიქცეს! — წამოიძახა გაჯავრებულმა ივანემ.

  ეს სიტყვები ივანეს დიდი ხნის მოგუბებული გრძნობაა. „მეტი რაღა გინდა ქვეყანაზედაო“, — ეუბნება იგი მშობელს: „ერთი თუმანი რომ გინდოდეს, იმას ვერ იშოვნი“ თითონვე გამოთქვამს თავის არარაობას დღევანდელ ცხოვრებაში: „ღორმა კი ჩააკტა ამისთანა სიცოცხლეს“. ხედავს, რომ უიარაღობის გამო დამარცხება მოელის, თავის სატრფო — ნინოს, რომელიც მისთვის მთელი სიცოცხლეა, თავი უნდა დაანებოს. თუ ფული ვერ იშოვნა. გაიგო საიდან აქვს ცხოვრების სალაროს შესავალი კარები, მაგრამ გასაღები კი არა ჩანს, ეძებს და ვერ პოულობს; ახალი იარაღის შესაძენათ ძველ იარაღს მიმართავს, ძალადობას. მკლავ-ღონიერებას ხმარობს, ავაზაკობას ჩადის და 80 თუმანს შოულობს. მე არ ვიცი სხვაფრივ, როგორ მოქცეულიყო ივანე? შრომა, ვაჭრობას შეუჩვეველი, იგი კანონიერის ხერხით ვერას გახდებოდა; ეს რომ მოეხერხებია, მაშინ ივანე დავლაძე, როგორც წოდებრივი უძლურების წარმომადგენელი, აღარ იქნებოდა. ვაჭრობით იგი ვაჭარი გახდებოდა. მეორე წვრილფეხა ბურჟუა ამოუდგებოდა ნიკოს გვერდით. მაშასადამე, ივანემ ერთადერთ საშუალებას მიმართა ფულის შოვნისათვის. დანაშაულს სასჯელი მოჰყვა, სასჯელს ფირალობა და ჩვენი გმირი სამუდამოთ მოწყდა ცხოვრებას. ივანეს ბრძოლა სუსტი, უნაყოფო, მხოლოთ უკანასკნელი გაბრძოლებაა მომაკვდავისა. სულ სხვანაირათ იბრძვის და მოქმედებს ნიკო კალაძე: დღევანდელი წეს-წყობილების შესაფერ იარაღს ხმარობს ცხოვრებაში. უეჭველია, ის იმარჯვებს და ავტორმა თუ ნიკო ფირალის მსხვერპლი გახადა, ეს ფაქტია, საზოგადო ცხოვრების შინაარსს დაშორებული. ჩვენის აზრით, ლალიონს, რომ ამ ორ ტიპთ შორის ბრძოლა, რომლითაც თითქმის იწყება მისი მოთხრობა, ბოლომდის ლოღიკურათ გაეტარებინა, არ აჰყოლოდა ფანტასტიურ გულის თქმას, არამედ ცხოვრებას ბოლოშიაც დაჰკითხებოდა. იგი ნიკოს არ მოაკვლევინებდა ივანეს. გამარჯვებას ბოლომდე ამ ახალ ტიპს შეარჩენდა. თუმცა აქ გამარჯვება მხოლოდ ფიზიკურია, მაგრამ მოთხრობა, რომელიც ამ ორ ტიპთა ბრძოლის დამახასიათებელია, იმით უნდა ბოლოვდებოდეს, რითაც თვით ცხოვრებაში ბოლოვდება. თუმცა ამნაირი შემთხვევა შესაძლებელია ხშირათაც ხდებოდეს, მხოლოთ იგი მაინც არ არის დღევანდელი ჩვენი საზოგადოების კლასიური ბრძოლის დასკვნა: იგი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილ სურათს არ წარმოადგენს.

  მართლაც ვინ უნდა იყოს ეს ყოვლად ძლიერი ნიკო, რომელსაც ივანეს ბასრი ხანჯალიც კი ვერ უნდა ჰკლავდეს? ავხსნათ ეს საკვირველება. უწინდელი ნატურალური მეურნეობა ფულის მეურნეობამ შეცვალა: საჭირო საგნის შესაძენათ, არსებითი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლათ ფულია საჭირო. წინათ, როდესაც მოთხოვნილება კარჩაკეტილი ცხოვრების გამო მეტათ მცირე, განსაზღვრული იყო, ყველა ოჯახშივე ნაწარმოებით იკმაყოფილებდა თავის საჭიროებას არაფრისთვის გადაღმა გადასვლა არ სჭირდებოდათ. დღეს რაკი ძველი, პატრიარქალური წეს-წყობილება გართულდა, ყველაფერს თითონ ვეღარ იმზადებენ გადაღმა გადასვლა აუცილებელია, ბაზარი საყოველთაო მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი გახდა. ამ ხანაში ფულიც საჭირო ხდება, როგორც საყოველთაო საზომი საქონელი. „ლითონი“ ყველასათვის გამოსადეგი ნივთია, რადგან მით ყველაფრის შეძენა შეიძლება. ფული აუცილებელი ხდება იმ მეურნეობაში, სადაც საქონლის წარმოება დაიწყეს. იგი ყველასათვის კერპია, ყველა მისკენ მიისწრაფის, ყველა მის მოპოვებას ცდილობს, რომ ცხოვრება გაუჭირვებლათ გაატაროს. ამ სურვილს საზღვარი არა აქვს, იგი დღითიდღე მატულობს, მის დასაკმაყოფილებლად ყოველნაირ საშუალებას იგონებენ. ზოგი ძალით ცდილობს ამას, ზოგი შრომით და ზოგი ხერხით, მოტყუებით. პირველს ეკუთვნის ივანე დავლაძე, მეორეს მწარმოებელი მუშა და მესამეს ნიკო კალაძე. უკანასკნელი ორი თანამედროვე ეკონომიური ცხოვრების ღვიძლი შვილია, მხოლოთ პირველი „ნაშთი ძველის დიდების“, საზოგადო ცხოვრების ნადიმზე შეუფერებელი, უცხო სტუმარია; ცხოვრებას მისთვის გაუსწრია ბევრათ წინ, ის ჯერ კიდევ ძველ საზღვარს ვერ გადმოცილებია და უნებურათ უნდა დაივიწყოს წარსული ბატონობა. დინჯი სიარული სირბილათ უნდა შეცვალოს, თუ უნდა დღევანდელი ცხოვრების საზოგადო ფერხულში ჩაერიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დღეები დათვლილია, მისი არსებობა მეტად ხანმოკლეა და „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „სადაც შობილა, გაზრდილა“, იმ მხარეს სამუდამოთ უნდა გამოესალმოს. ივანე სანამ მამა-პაპეული ჰყოფნის, ადგილებს ჰყიდის და ფულს შოულობს, რომ თვისი ფუქსავატი ცხოვრების მოთხოვნილებანი დაიკმაყოფილოს, ზეიმი და ლხინი განაგრძოს, ქორ-მეძებრები შეიძინოს და სხვა. მხოლოთ, როდესაც მამული ხელიდან ეცლება, ავაზაკობის გარდა სხვა საღსარი აღარ რჩება ფულის საშოვნელათ. ის ამ საშუალების მიმართავს, უკანასკნელ ცდასაც აღარ აკლებს, მაგრამ ამაოთ! სხვის საკუთრების ძალადობით მოპოვება აკრძალულია. იგი ვერ ეწყობა თანამედროვე წეს-წყობილების მოთხოვნილებას და ცხოვრება მას ისტუმრებს.

   ნიკოს მამა-პაპეული არ გააჩნდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო ის, როდესაც მამამ ერთ ვაჭარს მიაბარა და თხოვა: „შენი ღვთის გულისა, აი ბაღანაი გამიზარდე, ვაჭრობაში გამოაჩვიე და ხუთი-ექვსი წელიწადი ტყუილაი იმსახურე: ეგება რამე დროში კაცი შეიქნესო“. ტიმოთესაც უკვე შეუგნია, იმისათვის რომ კაცი შეიქნე, ვაჭრობაში გამოჩვევაა საჭირო, ფული უნდა შეიძინოო; სხვა ღონისძიებას ვეღარ ხედავს დღევანდელ ცხოვრებაში წელის გასამაგრებლათ წინეთ თუ ტიმოთეი შვილს არ შეელეოდა, დღიური შრომის შესამსუბუქებლათ იტოვებდა სახლში, დღეს უფრო მოსაგებიან საქმეზე ისტუმრებს. აქ ელის შველას, როგორც შვილისას, აგრეთვე თავისასაც. მიწა იმდენს არას აძლევს, რომ დღევანდელი რთული, მრავალგვარი მოთხოვნილებანი დაიკმაყოფილოს; იგი სხვა გზას პოულობს — ეს გზა კომერციაა და ამ გზაზე ისტუმრებს თავის საიმედო შვილს.

   შვილმაც არ უმტყუნა მამის იმედს. ნიკომ მალე შეისწავლა ვაჭრობის წესრიგი და შემდეგ დამოუკიდებელი ვაჭარიც გახდა, ე. ი. ფულის პატრონი შეიქნა, კაპიტალი შეიძინა. ნიკოს ხელობაა — ყიდვა-გაყიდვა. ამისთვის საკმაო გამოცდილებაც შეიძინა სიყმაწვილეში; კარგათ იცოდა, ვისგან „შეიძლებოდა უვარგის საქონელში მეტი ფასის აღება. მან იცოდა, რომ სოფლელი ვერ არის დახელოვნებული ვაჭრობაში და სწორეთ ამით სარგებლობდა ჩვენი პატარა მოვაჭრე; სრულიად უსარგებლო ნივთსაც კი მამასისხლათ ასაღებდა“. ეს თვისება მას სიდიდეშიაც გაჰყვა, რადგან ის ფრიად საჭიროა ვაჭრისათვის. მისი დევიზია: რაც შეიძლება იაფად იყიდოს და მეტ ფასათ გაასაღოს. რაკი საზოგადოებაში საქონლის წარმოება იწყება, ე. ი. ფულის მეურნეობა გამეფდება, ნიკოც აუცილებელი შუამავალია მხმარებლებს და მსხვილ კაპიტალს, სოფლელსა და მეფაბრიკეს შორის. სოფლელის ნაწარმოებს, შალს, დარაიას და სხვას, იაფად ყიდულობს, რადგან სოფლელს არ ძალუძს პირდაპირი დამოკიდებულება იქონიოს მეფაბრიკესთან; ჰყიდის ერთი-ორათ; ფულით ფულს იძენს, თავის კაპიტალს ამნაირი ოპერაციით სარგებელს გამოაღებინებს. ქარხნიდან საქონელს ბაზრის ფასათ იბარებს, რადგან ნიკომ კარგათ იცის როდის რა ღირს ეს და ეს საქონელი; მხოლოთ იმავე საქონელს ერთიორათ ასაღებს; სოფლელმა საქონლის ნამდვილი ფასი არ იცის, „მსოფლიო ბაზრის ფასების რყევის“ მას არა გაეგება რა. გლეხს საქონელი ეჭირვება და ყიდულობს. აქაც ნიკო რჩება, აქაც მის კაპიტალს ემატება. თუ ბანკში ვისიმე გაღატაკებული თავადის მამული იყიდება, ნიკო იქითკენ მიეშურება და დაუყოვნებლივ ახალ ქონებას იძენს, აგერ ერთ აზნაურს თამასუქის ვადა გაუვიდა, რომელსაც ნიკომ საჭიროების დროს სარგებლით ფული ასესხა; ნიკოს საჩივარი შეაქვს, აღმასრულებელი ფურცელი გამოაქვს და ას თუმანში ათასი თუმნის მამულს ინარჩუნებს; გაჭირვებული გლეხი, რომელსაც მრავალი გადასახადი კარზე მოდგომია, ხოლო გადასახდელი კი არა აბადია-რა, ნიკოსკენ გარბის, ორიოდე ქცევა ადგილი აქვს, იმასაც იმას უგირავებს და ვალს ისტუმრებს, რამდენსამე წლის განმავლობაში ნიკო ადგილის მოსავლით სარგებლობს და შემდეგ კი მთლათ ისაკუთრებს. ნიკო მამულის პატრონიც გახდა, ერთ თავადს არ აქვს ახლა იმოდენი მიწა-წყალი; სამაგიეროთ მოვლაც შეუძლია; ხეხილები გააშენა, ვენახი მშვენივრად მოაწყო, ერთი სიტყვით, კულტურული მეურნეობა დაიწყო ყველაფრისთვის საშუალება აქვს. მუშა მის განკარგულებაშია, ყველა სოფლის ბობოლები მას ფეხქვეშ ეგებიან უკანონო საქციელს დაუკანონებენ. თუ რამე დახარჯავს, მხოლოთ იმიტომ, რომ იმედი აქვს ერთიორად დაიბრუნებს, ყველგან ის რჩება მოგებული. მის კაპიტალს თანდათან ემატება, სხვისი გაღარიბებით ის მდიდრდება.

    ამნაირია უფრო სავსე სურათი ნიკოსი. ლალიონმა მხოლოთ ეპიზოდი მოგვითხრო მისი ცხოვრებიდან და არა მთელი ცხოვრება. ავტორი ნიკოს ნათლობაში და მის სახლში გვაცნობს და არა ბაზარში, აღებ-მიცემობის დროს. ვნახოთ, როგორია ნიკო შინ ანუ სტუმრათ? როგორია იგი და ლონის მოთხრობაში?

   ამპარტავანია ნიკო ტარაძისას, სადაც თვით მასპინძლები თავზე ევლებიან, სტუმრები თაყვანს სცემენ და მოწიწებით ეპყრობიან ფულიან ნათლიას, ეს ვაჟბატონიც იფერებს ამნაირ მდგომარეობას, იგი ცხადათ ამჩნევს თავის უპირატესობას არა მარტო უმწეო გლეხების წინაშე, არამედ თვით გიორგი დავლაძის შვილთანაც კი, ან მის ნაბატონარ აზნაურიშვილთან; დიდი სიდინჯით ამტკიცებს თავის დიდ ვინაობას: „ახლა კაცი იგია, ვინც თვითონ ვარგა, ვისაც რამე გააჩნიაო“. თუმცა ნიკო ამას თავის საქებრათ, ივანეს წინაშე უპირატესობის დასამტკიცებლათ ამბობს, მაგრამ მის სიტყვებში თანამედროვე ცხოვრების ნამდვილი დედა-აზრია გამოთქმული. ის, რაც პუბლიცისტ-ეკონომისტებს მრავალი კვლევა-ძიებით დაუსაბუთებიათ, ნიკომ მოკლეთ და მარტივათ გამოთქვა. ამ სიტყვებშია მთელი ჩვენი დღევანდელი ცხოვრების შინაარსი. წოდებრივი დანაწილების უარყოფა, კარჩაკეტილი, პატრიარქალური ცხოვრების საუკუნო მოსვენება და მის ნაცვლათ კლასიური დაყოფა ჩვენი საზოგადოებისა, საურთიერთშორის ვაჭრობა-მრეწველობის ფეხის შემოდგმა ჩვენს სამფლობელოში, აი რა არის ჩვენი თანამედროვე ეკონომიური ცხოვრების დედა-აზრი. ეს არის ის ამოცანა, რომლის გამო ივანე სახტათ დარჩა და დღეს ბურთი და მოედანი ნიკოს შეატოვა ხელში. ამას ნიკო კარგათ გრძნობს და ამპარტავნობს, მხოლოთ მისი ამპარტავნობა სულმდაბალია, მისი ზნეობრივი არსება წვრილმანი, ბილწი ანგარებაა, ფულით იმარჯვებს ბაზარში, ფულითვე ცდილობს მოიპოვოს ის გრძნობა, რომლის მოპოვება მხოლოთ სულიერი ერთობით, გონებრივი თანასწორობით, ზნეობრივი სიფაქიზით შეიძლება. მას ნინოს შერთვა უნდა და ამ აზრის განსახორციელებლათ იგი მაკრინეს მიმართავს. მაკრინე თავისი „მწყალობელი“, „შეძლებული“ ნათლიის სასიამოვნოთ ნინოს ოთახში ამწყვდევს, სადაც ნიკო შედის და, საოცარი ვნებით გატაცებული, ქალის დამორჩილებას ცდილობს, ვერავითარი წყრომა, ხვეწნა-მუდარა ქალის მხრივ ვერ უქარვებს გაბოროტებულ ბიწიერ გულისთქმას; ქალის სინაზე, უმწეობა ვერ აშლევინებს მას გადაწყვეტილებას, მაინც ძალას მიმართავს. „რა საკადრისია მაგი, მოწიფულმა კაცმა მომერიე სუსტ ქალს, დამიჯაბნე. გამიშვი ხელი, თუ ღმერთი გწამს“, — ევედრება საბრალო ქალი აკანკალებული ხმით, აქ ნიკო ისევ თავის საიმედო იარაღს მიმართავს და ეუბნება: „შენისთანა ცხოვრება ერთ ქალს არ ექნება გურიაში, სადაც შენ ამოირჩევ, იქინეი გაცხოვრებ; ღვთისაგან გაჩენილი, არაფერი არ მოგაკლდება ქვეყანაზე. საჭმელი კაი გექნება და სასმელი, წასვლა-და-მოსვლა. მამაშენიც მადლიერი იქნება მე იმის პატივისცემას კი შევძლებო“. გაიხსენეთ დ. ერისთავის გმირი — ნესტორ, როდესაც საბრალო გლეხის ცოლს ძალით იმორჩილებს. „ნესტორ! ნესტორ! ნუ დამღუპავთ ნუ ჩადგები ჩემი ქმარ-შვილის ცოდვაში. იწამე მირონობა, იწამე ღმერთიო“… ტირილით ევედრება ქალი. მაგრამ გამხეცებულ ნესტორზე ვერაფერმა გულისდამწველმა სურათმა და სიტყვებმა ვერ იმოქმედა. ჩვენი ნიკოც ნესტორს წააგავს ამ შემთხვევაში, იგიც „რაინდია“, მხოლოდ ნესტორზე უფრო ოსტატი, ხერხიანი, ძალას და შეგონებას ერთად ხმარობს, სიმდიდრეს და ფუფუნებას პირდება ღარიბი აზნაურის ქალს. მან კარგად იცის თანამედროვე ტკივილები, იცის, თუ რა ხორბალი უფრო იტყუებს დღევანდელ შვილებს. რამდენიმე ათი წლის წინათ შეუძლებელი იყო ამნაირი ‘შეურაცყოფა მიეყენებინა გლეხს აზნაურის ქალისათვის, რადგან ჯერ სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა; მაგრამ ვნახოთ, როგორ შეხედა ამ საქციელს ნინოს მამამ, მაქსიმემ. აქ ისე ხელოვნურად და სინამდვილით გადმოგვცემს ავტორი ერთ სცენას, რომ გავკადნიერდები და რამდენსამე ადგილს კიდევ ამოვწერ. მეორე დღეს გაშმაგებული მაქსიმე სამსონისკენ მირბოდა: „რას მიპირობაახლა, რას, შე ქრისტეს ფეხის მჭამელო? — შეჰყვირა გაბრაზებულმა მამამ მაკრინეს, — შენ ჩემს გალანძღვას შეგარჩენ, თუ რავა გგონია?“ — „ბატონო, ჯერ ამბავი შეიტყე და მერე გამიჯავრდი! ― „ელანძე შინ არ დავრჩი და ნიკო შევიდა თურმე ნინასთან, ხელი ჩამოერთმია და ლაპარაკი დაეწყო, ცოლათ წამყევიო, ეთქვა. ახლა ასეა ყველგან განათლებულ ადგილებზე, მაგრამ ქვეყანა კი არ დაქცეულა“. „ვითომ რომ ვქნათ მაი საქმე, ურიგო იქნება თუ? მოგეცა ღვთის წყალობა იგი შეძლებული კაცი იყოს! ვინაა ახლა მაგის ბადალი გურიაში? მე გეტყვი შენ ქალს ვერ შეინახავს განათლებულათ თუ რა გინდა?! —ყაზახს რაფერ მივცე ქალი და ისიც კი მათეი კალაძის შვილს ქვეყანა რას იტყვის? — შე დალოცვილო ახლანდელ დროში ვინღა უყურებს აზნაურიშვილობას! ყოველი კაცი ცხოვრებაზე იკლავს თავს“. „შეძლებული კაცია, ქალს კარგად არჩენს და შენც პატივს გცემს. შვილები გამოსაზარდი გყავს, რომ დაგჭირდეს დღეს ათას მანეთს გიშოვნის“. ამ სიტყვების შემდეგ მაქსიმე დამშვიდდა და გაჯავრების ნაცვლათ, წყნარათ დაეკითხა: „ციცამ რა სთქვაო“? რამდენიმე დღის შემდეგ მაქსიმე ქალს აგონებს. „რა გიჭირს ბაბა, კაი ბიჭია და ძალიან მდიდარი, ბატონსავით გაცხოვრებსო“. „საცოდავო ბაბა, გაგიჭირდა და მყიდი“ – ქვითინით უპასუხ ქალმა. მაქსიმემ ნიკოსგან ორმოცი თუმანი მიიღო და ქალს ჯვარი დასწერა. „გაჭირვებულმა“ მამამ ყველაფერს წიხლი ჰკრა! შეურაცყოფასაც, ქალის სურვილსაც, „ქვეყანა რას იტყვის“ ჯავრსაც და ქალიშვილი ფულათ გაჰყიდა.

  აი ვინ აუჩნდა ჩვენ სოფელს ზნეობის გამათახსირებელი ტრადიციების წამშლელი; ვინ დაიწყო მშობლიური გრძნობის ვაჭრობა, ვინ დაურღვია მას მშვიდი, მყუდრო ცხოვრება. ვინ წაჰკიდა შვილი მამას, ცოლი ქმარს და მეზობელი მეზობელს — ფულმა და მისმა პატრონმა ნიკომ. ნიკო აღარიბებს გლეხსა და აზნაურს, მერე თვითონვე ყიდულობს მამისაგან ქალს. ეკონომიურმა ევოლიუციამ დღეს მას მიანიჭა უფროსობა. დღემდე, თუ სოფლის ბატონი თავადი ანუ აზნაური იყო, დღეს მისი პატრონი მბრძანებელი ნიკოა. რა რომ სოფელი ამნაირ ეკონომიურ ბადეში გაება, მისი წარსულისაკენ დაბრუნება შეუძლებელია, მან უნებურათ უნდა იაროს ამ გზით. ცხადია, რომ ამნაირი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების შედეგია; სავაჭრო კაპიტალი აუცილებლათ ჩნდება იქ, სადაც საქონლის წარმოება ახალი დაწყებულია. „რაც უფრო ნაკლებათ არის განვითარებული წარმოებაო“, ამბობს კარლ მარქსი, — „მით უფრო მეტი ფული გროვდება ვაჭრის ხელშიო“ (კ. მარქსი, კაპიტალი, ტომი III, გვ. 260, რუსული გამოცემა). მაშასადამე, წარმოების განვითარება, მისი ზრდა ვაჭარს ასპარეზს უპატარავებს, რადგან მის ადგილს მსხვილი კაპიტალისტი იჭერს; მხოლოთ პირველი წინამორბედია მეორესი, ის გზას უკაფავს მეორეს დაახლოვებას. რასაკვირველია, დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც ყველა ქვეყნებმა ერთმანეთში რკინის გზებით გადაბმულებმა, მსოფლიო ბაზრის საბმულში შეყვეს თავი და გაევროპიელების გზას დაადგენ. აი რას ამბობს იგივე ავტორი ამის შესახებ: „მისი (ვაჭრული კაპიტალის) არსებობა და განვითარება, დანიშნულ დრომდე, ისტორიული პირობაა კაპიტალისტური წეს-წყობილების განსავითარებლათ, 1) როგორც ერთ ადგილს მეტი ფულის შეგროვების დასაწყისი ხანა და 2) რადგან კაპიტალისტური წესწყობილების დროს წარმოება სავაჭროთ ხდება, საქონელი ერთბაშათ ბევრი უნდა გასაღდეს და არა თითო-თითო, მაშასადამე, ვაჭარიც საჭიროა; ის თავის საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლათ როდი ყიდულობს, არამედ ის ერთათ მიტომ ყიდულობს, რომ შემდეგ სხვა ბევრს მიჰყიდოს. მეორე მხრით, ვაჭრული კაპიტალის განვითარება ხელს უწყობს იმ გარემოებას, რომ წარმოება თანდათან მხოლოთ საცვლელ საქონელს აკეთებს, მისი მეოხებით უფრო და უფრო მეტი ნაწარმოები საქონლით ხდება“ . რასაკვირველია, მარქსის აზრით, ყველაფერს ამას ხელს უნდა უწყობდეს სხვა პირობები. მხოლოთ ჩვენში, რომ სხვა პირობები ძალიან უწყობენ ხელს, ეს ცხადია, თუ გავიხსენებთ, რა მჭიდროთ ვართ დაკავშირებულნი დასავლეთ ევროპის წარმოებასთან, რამდენს მადნეულობას და სხვა ბუნების სიმდიდრეს აწარმოებენ დღესაც საქართველოში. როგორ დაქსელილია და, უეჭველია, კიდევ უფრო დაიქსელება მომავალში მთელი ამიერ-იმიერ-კავკასია რკინის გზებით, რომელიც საქონლის გადატან-გადმოტანას და ხალხის მიმოსვლას აადვილებს და მით წარმოებასაც ბაზარს უფართოებს.

   ეს მოსაზრებანი, ჩვენი ფიქრით, ნებას გვაძლევენ დავასკვნათ, რომ ნიკო კაპიტალისტური წეს-წყობილების მომასწავებელია, იგი ახალი დროის მერცხალია, რომელიც ასე მშვენივრათ დახატა „ფირალი დავლაძის“ ავტორმა. ლალიონმა გადიღო ის სურათი, რომელიც ცხოვრებაში ჰპოვა და კრიტიკის მოვალეობაა აგვიხსნას და გამოგვირკვიოს მისი აწმყო, მოგვითხროს ამ ცნობილი ფრინველის თავგადასავალი სხვა ერებში, რომ მით საზოგადო ასპარეზზე მოღვაწეობის მსურველს შრომა გაუადვილოს, ნამდვილი მკურნალობა ასწავლოს. ჩვენი სურვილი იყო მხოლოთ საზოგადოების ყურადღება კიდევ მიგვექცია ამ მოვლენისათვის. დაგვენახვებინა, თუ რა საზოგადოებრივ-ეკონომიურ ნიადაგზე აღმოცენდა ჩვენში ამნაირი ხელოვნური ნაწარმოები და ზოგიერთი სურათები გამოგვერკვია. რაც შეეხება მის სავსებით და ცნობიერად დახასიათებას, ეს უფრო მცოდნე და მეცნიერულათ აღჭურვილ კრიტიკისათვის მიგვინდვია, ჩვენ კი ამისთანა მძიმე მოვალეობას ვერ ვიკისრებდით.

გაზეთი „კვალი“, № 44, 45 და 48.

25 ოქტომბერი და 1 და 22 ნოემბერი. 1898წ.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: ალექსანდრე წულუკიძე, თხზულებანი, სახელგამი, 1943.


[1] ალ. წულუკიძის წერილების სერია სათაურით „ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში“ დაიბეჭდა გაზ. „კვალში“ 1898 წ. ოქტომბერ-ნოემბერში. ამავე საკითხზე (ზუსტად ასეთივე სათაურით) ალ. წულუკიძემ მოსკოვში „ქართველთა სათვისტომოში“ წაიკითხა რეფერატი 1898 წლის შემოდგომაზე.

   ალ. წულუკიძის თხზულებათა 1927 წ. გამოცემაში მისი შრომა „ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში“ წარმოდგენილია, როგორც ავტორის პირველი ნაწარმოები. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ალ. წულუკიძის წერილები პრესაში ქვეყნდებოდა 1895 წლიდან, ე. ი. იმ დროიდან, როდესაც იგი „მესამე დასში“ შევიდა.

[2] ლალიონი – მწერალ არსენ მამულაიშვილის ლიტერატურული ფსევდონიმია.

[3] ამ წერილის დაბეჭდვა ძალიან დაგვიგვიანდა. — შენიშვნა გაზ. „კვალის” რედაქციისა.

[4] ხელოვნურობაში აქ (და ტექსტის სხვა ადგილებშიც) ავტორი გულისხმობს მხატვრულობას და არა სქემატიზმს ან ტიპების ხელოვნურ შეთხზვას (აჩრდ. რედ.).

[5] პირველად ბ. ნოე ჟორდანიამ მიაქცია ამ მოთხრობას ყურადღება. იხ. „კვალი“, 1896 წ. სტ. „მესამოცე წლების მოღვაწეები“ — ავტორის შენიშვნა. რ ე დ.