რონალდ გრიგორ სიუნის წიგნმა „სტალინი: გზა რევოლუციისკენ’’ – რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2020 წელს გამოსცა, რამდენიმე დღის წინ პრესტიჟული ჯილდო მიიღო, რომელსაც ისტორიკოსებს გადასცემენ გამორჩეული ნაშრომის შექმნისათვის და რომელიც ცნობილი ისტორიკოსის და რუსეთის რევოლუციური ეპოქის მკვლევარის, ისააკ დოიჩერის სახელს ატარებს.
რონალდ გრიგორ სიუნი სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერია, რომელმაც თავისi აკადემიური კარიერა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის რუსეთის იმპერიის და სსრკ-ს კვლევას დაუთმო. ცხადია, მის ფოკუსში რუსეთის პერიფერიებიც მოექცნენ. აღსანიშნავია, რომ ავტორს განსაკუთრებული ინტერესი რუსეთის რევოლუციის ორივე ეპიზოდის (1905 და 1917) მიმართ აქვს და ასევე, ის ცნობილია მისი მნიშვნელოვანი ნაშრომით ‘ქართველი ერის შექმნა’, რომელშიც განხილულია ქართველი ერის თანამედროვე სახით ჩამოყალიბების პროცესი მოდერნისტული პერსპექტივიდან.
რონალდ გრიგორ სიუნის ხელმძღვანელობით გამოიცა რუსეთის ისტორიის რამდენიმე ტომეულის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი – მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ისტორია. აგრეთვე, მისი ნაშრომები შეეხება რუსეთის მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს, როგორებიცაა ბაქოს კომუნა ‘’The Baku Commune, 1917-1918: Class and Nationality in the Russian Revolution (Princeton University Press, 1972)’’; სომეხი ერის ისტორია ‘’Armenia in the Twentieth Century (Scholars Press, 1983)’’; “They Can Live in the Desert but Nowhere Else”: A History of the Armenian Genocide. Princeton, NJ: Princeton University Press, 2015.’’
სტალინის – როგორც რევოლუციონერის ბიოგრაფიაზე მუშაობა ავტორმა ათწლეულების წინ დაიწყო, თუმცა მხოლოდ ორიოდე წლის წინ მოახერხა მისი სრული სახით შეკვრა და გამოქვეყნება.
რამდენიმე თვის წინ, გამოვნახე დრო, რომ ეს საკმაოდ მოცულობითი ნაშრომი (896 გვერდი) წამეკითხა. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მე აქამდე წაკითხული მქონდა სტალინის ბიოგრაფია – საბჭოთა გამოცემა, რომელიც უფრო ჰაგიოგრაფიის სტილში იწერებოდა და განადიდებდა იოსებ სტალინს, როგორც ყველა რევოლუციური პროცესის ორგანიზატორს და ერთადერთ, გამორჩეულ და განსაკუთრებულ ფიგურას. ასევე, არსებობს ცნობილი ნაშრომი ფილიპ პომპერის მიერ დაწერილი ‘ლენინი, სტალინი და ტროცკი – ინტელიგენცია და ძალაუფლება’ (ინგლისურ ენაზე, 1989 წელს გამოცემული), რომელიც წლების წინ ჩამივარდა ხელთ და რომელიც ავტორს ფსიქობიოგრაფიის მეთოდოლოგიით აქვს შექმნილი. აქ ის უდიდეს ყურადღებას უთმობს სამივე რევოლუციონერის ბავშვობას, მათ ოჯახურ გარემოს და რევოლუციურ გზაზე მათ პერსონალურ კონფლიქტებს.
ჩემი აზრით, პომპერის ნაშრომი რამდენადმე სუსტია, რადგანაც ზედმეტ აქცენტს სვამს ლენინის, სტალინის და ტროცკის ფსიქოპორტრეტებზე, ის ისტორიული კონტექსტი კი, რაშიც ამ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება და საქმიანობა, ნაკლებად არის წინ წამოწეული და გათვალისწინებული.
სიუნის ნაშრომი კი შეიძლება ითქვას, რომ სტალინის ბიოგრაფიის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო აღწერის მცდელობაა, რომელშიც დეტალურად არის განხილული მეცხრამეტე საუკუნის თბილისის გუბერნია და ქალაქი გორი, სადაც სტალინი იზრდებოდა. ასევე, აღწერილია რევოლუციური მოძრაობები თბილისის და ქუთაისის გუბერნიების ქართულენოვან მხარეებში, რომლებიც ყოფილი ქართული სამეფო-სამთავროების ტერიტორიაზე ვითარდებოდნენ. განსაკუთრებით კი, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქართული ქალაქი ბათუმი, სადაც სტალინის ‘რევოლუციური ნათლობა’ შედგა და სადაც ჯუღაშვილმა თავი ყველას დაამახსოვრა, როგორც შეუპოვარმა რევოლუციონერმა და ორგანიზატორმა.
ავტორი დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ახალგაზრდა ჯუღაშვილს ბავშვობიდან – ქალაქ გორიდან – თბილისის სემინარიამდე, შემდეგ ბათუმის და ჭიათურის რევოლუციურ კერებამდე, სადაც სტალინმა სახელი გაითქვა; აქვე ის მიმოიხილავს ტერორის მნიშვნელობას რუსეთის რევოლუციურ მოძრაობაში და დეტალურად აღწერს თბილისის ცენტრში – მაშინდელ ერევანსკის მოედანზე – მომხდარ ბანკის ძარცვას, რომელიც საკმაოდ სისხლიანი გამოდგა და რომლის მთავარი ორგანიზატორიც ჯუღაშვილი იყო. შემდეგ, ავტორს მივყავართ გადასახლებაში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არქტიკული სარტყელის მიღმა, სადაც სტალინი მარადიული ყინულის სამეფოში ცდილობდა გადარჩენას და ამისთვის აბორიგენ მეთევზეებთან ერთად შრომაც უწევდა.
მეორე ასპექტია სტალინის პერსონალური ურთიერთობები რევოლუციონერებთან: კამენეევთან და კამოსთან, სპანდარიანთან და ზინოვიევთან, ლენინთან – რომელიც უზარმაზარი ავტორიტეტი იყო ბოლშევიკურ ფრაქციაში და რომელმაც დიდი როლი ითამაშა სტალინის – როგორც ფიგურის წინ წამოწევაში. ხაზგასმულია სტალინის აკადემიური პრაქტიკის მნიშვნელობაც, მისი თეორიული და ინტელექტუალური შრომა, როგორც მისი ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.
ტექსტი იმდენად მომხიბლავი, სადა და კარგად დაწერილია, რომ 900-მდე გვერდის წაკითხვა (ტექსტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი) სულაც არ წარმოადგენს სირთულეს. ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ ის სტალინის ცხოვრებას აღწერს იმ ისტორიულ კონტექსტში, რომელშიც მიმდინარეობდა რუსეთის რევოლუციის ხმაურიანი და საინტერესო ეპოქა: დისკუსიები ერის ცნებაზე, ფილოსოფიური დისპუტები ბოლშევიკური ფრაქციის შიგნით, მენშევიკურ-ბოლშევიკური გაყოფა და პერიოდული გაერთიანება, სტალინის ურთიერთობა სხვა ქართველ მარქსისტებთან – აქ დეტალურად არის განხილული და მკითხველს ეპოქის ატმოსფეროსა და ელფერს ზუსტად გადასცემს.
წიგნი ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია რევოლუციური ეპოქის სტალინის ცხოვრების შესწავლისათვის, როგორც ადამიანის, რომელიც იყო ახალგაზრდა, შეუპოვარი, საოცრად ბრძოლისუნარიანი და ფანატიკოსობამდე მისული პოლიტიკური იდენტობით – მარქსიზმით, რომელიც სტალინის იდენტობის განუყოფელ ნაწილად მისი სემინარიული წლებიდანვე იქცა.