ა.მ კოლონტაის არქივიდან (დღიურები, წერილები)

„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ლიდერის, მარქსისტისა და ფემინისტის,  ალექსანდრა კოლონტაის  წერილებს, მათ შორის, ვლადიმერ ლენინისადმი გაგზავნილს. კოლონტაის წერილებში ჩანს როგორც ამერიკული სოციალისტური პარტიებისა და სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფის ანალიზი და შეფასებები, ასევე  ავტორის  პირადი დამოკიდებულება  იმ ვითარებისა  და მდგომარეობისადმი, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა შექმნა. ვფიქრობთ, ამ ისტორიული პიროვნების პირადი განცდები და დამოკიდებულებები, შესაძლოა, საინტერესო იყოს იმ უკუნი რეაქციის და უიმედობის პირობებში, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვენს საზღვრებთან ძალიან ახლოს გაჩაღებული ომიც ამწვავებს.

ალექსანდრა კოლონტაის შემოქმედება  ქართულ ენაზე საკმაოდ მწირადაა წარმოდგენილი, რაც მისი ფიგურის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მიგვაჩნია. შესაბამისად, იმ მასალის  გამოქვეყნებას, რომელიც ქართულად მოგვეპოვება, აუცილებელ საქმედ ვთვლით.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

1915 წელი, დეკემბრის მიწურული. ნიუ-იორკი.

 მთელი დღე ხალხში ვტრიალებდი: ინტერვიუერები, საუზმე ამერიკელ ჟურნალისტ ქალებთან, გასეირნება გერმანელ ამხანაგთან ერთად და წერილები, ბევრს იწერებიან ჩვენები: მიშა, სანია, ზოია, ლენინი და სხვები. ამ ამბებმა ამაფორიაქა და ამომაგდო კალაპოტიდან. საღამო ხანს უკვე არაფრის თავი აღარ მქონდა.

 ალექსანდრე რუსეთშია. როგორც იქნა, გააღწია! ყოჩაღ! პატივს ვცემ ამის გამო. ლენინის წერილი კარგია, ზოიასი და მიშასი კი უწინდებური.

 სამოცდაცამეტი დღის განმავლობაში სამოცდახუთჯერ გამოვედი სიტყვით. ვაგონში თითქმის ჩვიდმეტი დღე-ღამე გავატარე. ახლა 5 იანვრამდე დავისვენებ და მერე კვლავ — ტური! თითქოს ყველა კმაყოფილია ჩემი მოგზაურობის შედეგებით. კარგია, მართლა თუ ასეა.

 ამ დღეებში კვლავ ვგრძნობ ომის მეუფებას. ახლა შობაა.  მაგრამ, ცხადია, რომ ეს ევროპისთვის ყოველდღიური ტკივილების გამწვავებას ნიშნავს. წამდაუწუმ სისხლისღვრა და დანაშაული… ომია ყველას ბატონი. ის ფარულად განაგებს თითოეული ჩვენთაგანის ბედს. ომის წინაშე ინდივიდუალური ნება უძლურია. დიახ, უმწეობის სწორედ ეს გრძნობა, რომელიც ომის წინაშე — და ომიანობის დროს — ეუფლება ადამიანს, გამოხატავს საერთო განწყობილებას, ერთიან სულიერ მდგომარეობას. ესაა რაღაც გარდაუვალი და მბრძანებლური, რაც პირველსავე დღეებში მაგრძნობინა ომმა, ჯერ კიდევ ბერლინში ყოფნისას.

 ყოველივე ეს მძიმე ღრუბელივით აწვება ატმოსფეროს და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ იძლევა. ომი რომ დამთავრებულიყო, რომ ეთქვათ, მშვიდობა დგებაო, ალბათ სიხარულის ცრემლები წამოგვცვივდებოდა. ვინ აღარ დაღვრიდა ბედნიერების ცრემლს, მაგრამ აღარც გჯერა, რომ ამ საშინელებას როდესმე, ბოლო მოეღება. მთავრობებს თავს გაუვიდათ და დაღმა დაქანდნენ. დაე, რევოლუციური ბრძოლები და სამოქალაქო ომი მოჰყოლოდეს ამ დაქანებას.

 ჩვენ გიპასუხებთ ჩვენი ომით. ვითარებას სამოქალაქო ომისათვის გამოვიყენებ! მთელი ტაქტიკა ამ ხაზით უნდა წარიმართოს, სოციალისტების მთელი შრომა-გარჯა იმას უნდა მოხმარდეს, რომ იმპერიალისტერი ომი მუშათა კლასის განმათავისუფლებელი ომად, სამოქალაქო ომად გადაიქცეს.

25 იანვარი, 1916 . ნიუიორკი.

 ვცდილობ შევეგუო იმ აზრს, რომ ამერიკიდან გამგზავრებას ეერ მოვახერხებ… ამას ხომ „წინასწარ ვგრძნობდი“. არ მქონდა იმის შინაგანი რწმენა, რომ აქაურობას დავტოვებდი. რა გაეწყობა! ასეა ალბათ საჭირო! ცხოვრება რაღაცას აშენებს, აკოკოლავებს! მზად ვარ ყველაფერი გადავიტანო, ოღონდაც მჯეროდეს, რომ ამაოდ არ მიცხოვრია. მწამდეს, ჩემი გამოცდილება ვიღაცას გამოადგება. მაგრამ გამოადგება კი ვინმეს იმ ადამანის გამოცდილება, ვინც ასეთ გარდამავალ ისტორიულ ეპოქაში ცხოვრობს? მე მგონი, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელიც ჩამოჰგავს რეფორმაციას, რელიგიური ომების ეპოქას, ეპოქაში, რომელიც მსგავსია იმ დროისა, როცა გამოვლინდა ახალი ნიშანსვეტები და ყალიბდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმი. ამჟამად კაცობრიობა კვლავ გარდატეხის ხანაშია, რა ელის მას? იმპერიალიზმი? ურიცხვი ხოცვა-ჟლეტა? საშინელებათა საუკუნე, ერებს შორის სისხლის ღვრა? დაბოლოს, როგორც ამ საშინელების დასასრული — კაპიტალისტური სამყაროს ვაი-ვარამით კვდომა და დაბადება ახალი ეპოქისა, — სოციალისტური წყობის პირველი ჩანასახებისა, სოციალისტური გადატრიალების პირველი ცდებისა…

  ყოველ შემთხვევაში, რაღაც ახალი იზრდება, იქნება და მტკიცდება. ირყევა კაპიტალისტური წყობის საყრდენები. ისტორიკოსი უსათუოდ დასძენს: ადამიანები დიადი ომის ეპოქაში ცხოვრობდნენ და არ ესმოდათ, რომ ეს ეპოქა მსოფლიო ისტორიული ძვრების კვირაძალი იყო, რომ ეს იყო ახალი ერის დასაწყისი. ახლა უფრო ღრმად ვირწმუნე ისტორიული მატერიალიზმის მეცნიერული ღირებულება. რაოდენ დახმარებას გვიწევს მეცნიერული კომუნიზმი, რათა სწორად გავიგოთ მოვლენათა მსვლელობა, დავინახოთ შორეული მომავალი და აწმყოსთან შერიგება მერმისში ვპოვოთ — შემდგომი ისტორიული ეპოქების ფართო თვალსაწიერზე.

  და მაინც! შეუძლებელია თავი დააღწიოთ ომის საშინელებას. ცხოვრობ, ჭამ, სვამ, მუშაობ, გულზე კი მძიმე ლოდი გაწევს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ვეღარ გაუძლებს გული  ყველასთვის ტანჯვას… ღამღამობით ომის სურათები მელანდება, თითქოს ფრონტზე ვიყო ნამყოფი. დღევანდელი სიზმარი ცხადივით იყო, დათოვლილი ველები მესიზმრა მკვდრებით და დაჭრილებით მოფენილი. ფუთფუთებდნენ, გმინავდნენ და მიფორთხავდნენ. ვერეშჩაგინის[1] ტილოები მოგაგონდებოდათ. ღამით ამგვარი სანახაობა შიშის ზარს დაგცემს. მაგრამ ის ხომ ნამდვილად არსებობს, არის. როგორ შეძლოს გულმა ყველაფრის დატევა?

  გულისცემამ გამომაღვიძა, სული მეხუთებოდა, უნებურად გამიელვა: თუ შესძლო მიშამ ჩემთან ჩამოსვლა, თუკი ამით ომს თავი დააღწია, მას ვეტყვი, რომ ცხოვრება ჯერ კიდევ წყალობის თვალით მიცქერის. სწორედ მაშინ მოვისურვებ თავგანწირვას ტანჯულ დედათა გამო.

28 იანვარი.

ბოსტონის მატარებელი. წუხელ მოულოდნელი სიხარული განვიცადე: სოციალისტ ქალთა კრებაზე ვიყავი. თავიდან ფეხს ვითრევდი. გამეგონა, ხშირად კინკლაობენო, მაგრამ ეს სათნო, ახლობელი, ნატანჯი და მაინც რაღაცისთვის მებრძოლი მოფუსფუსე მუშა– ქალები რომ ვნახე, გული შემიქანდა. თითქოს შეყვარებულს შევხვედროდი. მუშა ქალების ნადვილად უკეთ მესმის! ისინი ენერგიულად იბრძვიან Preparedness-[2]ის წინააღმდეგ. პარტია (ე.ი. ცენტრალური კომიტეტი) კი მიიჩნევს, რომ ეს სრულიადაც არ არის ქალების საქმე, ქალთა სექცია არ უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, ცენტრალურმა ორგანომ თვითონ უნდა იბრძოლოს მილიტარიზმის წინააღმღეგ. არ კი იბრძვის, მუშა ქალებს რატომღა უნდა შეუშალოს ხელი?

  მარტო ომზე არ მილაპარაკია, მუშა ქალთა ორგანიზაციაზეც ვისაუბრე. ჩემი თვალსაზრისი გამოვთქვი. თითქოს ხვდებიან რაღაცას, გუშინ რუსეთიდან ჩემი წიგნი მომივიდა „საზოგადოება და დედობა“[3] სქელი წიგნია. ცნობარს წააგავს.

  დღეს ჩემთან მუშები იყვნენ „ნოვი მირიდან.[4] მთავაზობდნენ, იქნებ დარჩეთ და გაზეთის რედაქტორობა ითავოთო?  ამჟამად სოციალ-პატრიოტები არიან გაზეთის ბატონ-პატრონნი. მიმზიდველი სამუშაოა, ოღონდ საჩემო არ არის. გამოცდილება არა მაქვს. დავთანხმებოდი, თანამშრომელ-ინტერნაციონალისტთა ჯგუფი რომ იქნებოდეს, მაგრამ სად იპოვი ასეთებს ამერიკაში?

2 თებერვალი.

 ძველი ქვეყნის მკვიდრი, რომელიც მხოლოდ წიგნებიდან იცნობს ამერიკას, ფიქრობს, რომ ამერიკა ჭეშმარიტად ახალი ქვეყანაა!

 ზოგს ამერიკა დიადი რესპუბლიკის ძალისხმევით და მისი დემოკრატიული წყობის მეშვეობით მოპოვებული უზარმაზარი ტექნიკური მიღწევების ქვეყნად ესახება. ზოგს სძაგს იგი, როგორც ქვეყანა, სადაც ბიზნესი ბატონობს, სადაც დოლარებია ყველაფერი, სადაც ცოცხალი გონი ვერ ვითარდება, ზოგს მისი „შესაძლებლობების“ და პერსპექტივების სიფართოვე იზიდავს. ერთისთვის ამერიკა ქვით ნაგები ცათამბჯენების ქვეყანაა, სხვებს უაზრო კინო-კადრები ჩარჩენიათ მეხსიერებაში: დაქრიან მოხდენილი კოვბოები და ბათქაბუთქით იკლებენ უკაცრიელ პრერიებს. როგორიც არ უნდა იყოს მომხვდურთათვის ამერიკა, ერთ რამეს ყველა დაადასტურებს: აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, უკეთესია თუ უარესი ევროპულზე, სხვანაირია, განსხვავებულია ევროპულისაგან.

 ამგვარი წარმოდგენა მცდარზე მცდარია, ლეგენდას ამერიკის თავისებურებაზე ისევე გაუვიდა ყავლი, როგორც თქმულება, ამერიკული „თავისუფლების“ სიდიადეზე. ეს განსხვავება ოდესღაც მართლაც არსებობდა, მაგრამ წარსულს ჩაბარდა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, კულტურა და ყოფა მაშინ იყო ორიგინალური და თავისთავადი, როცა „ინდუსტრიის მეგობართა ლიგას“ სამამულო მრეწველობის ფაქიზი ყლორტების დასაცავად აგიტატორების დაგზავნა, პამფლეტების და ბროშურების გამოცემა უხდებოდა. ეს პამფლეტები და ბროშურები ანადგურებდა ამა თუ იმ მხარის ეკონომიკური პოლიტიკის გაბატონებულ კურსს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მომავალს სოფლის მეურნეობის უწყვეტ განვითარებაში ხედავდა, თავისებური იყო ამერიკა მაშინ, როცა „მისი სახელოვანი ადამიანები“ პირველ დიდ სამრეწველო საწარმოებს ათვალიერებდნენ და მიღწეული წარმატებები ანცვიფრებდათ, თავისთავადი კი მაშინ იყო, როცა მთავრობა და კომუნალური ხელისუფლება ქვეყნის „ინდუსტრიალიზაციის“ მიზნით ხელს უწყობდნენ იმას, რომ ბავშვებს ფაბრიკებში ემუშავათ. როცა პატივცემული ფერმერები შვილებს საფეიქრო მანუფაქტურებში სამუშაოდ აგზავნიდნენ. ხოლო ჰანილტონს კონსერვატორი ფერმერების, ჯიუტი წინააღმდეგობის  გადალახვა უწევდა, ქვეყნის მრეწველობა რომ წარმატების გზაზე დამდგარიყო…

 იმ ხანებში ამერიკას ჯერ კიდევ წმინდად ჰქონდა დაცული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისდროინდელი ანდერძები და ტრადიციები. ევროპიდან წვეული კაცი ადვილად შეამჩნევდა ქვეყნის თავისებურებებს, იგრძნობდა, რომ ახალ მატერიკზე შედგა ფეხი, მაგრამ დარჩა რამე იმ ძველთა ამერიკიდან? დღეს ევროპელ კაცს ამ ქვეყნის თავისებურება კი არ ანცვიფრებს, არამედ თავისებურების უქონლობა უკვირს. აღარ არის ის ნიშანდობლივი ახალი, ორიგინალური, მოულოდნელი, რაც ევროპელთა წარმოდგენით ამერიკას ჭკუაზე გადამცდარი ბებრუხანა ევროპისგან უნდა ანსხვავებდეს. უცქერ ამერიკას, აკვირდები აქ მიმდინარე პროცესებს და ერთი რამ გიკვირს: რაოდენ ერთფეროვანი და ერთსახოვანი გახდა ქვეყანა. იგივე ტენდენციები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგივე ყოფითი ნიშნები ოჯახურ წყობაში, იგიეე კურსი მართველ სფეროთა პოლიტიკაში, იგივე ბრძოლა ურთიერთდაპირისპირებულ სოციალურ ჯგუფებში, ადამიანთა იგივე ტიპები, იგივე დამახასიათებელი თავისებურებები და ნიშნები, განსაზღვრული არა ერით, არა ქვეყნით ან მატერიით, რომელზეც იშვა ადამიანი, არამედ იმ საზოგადოებრივი კლასით, რომელსაც იგი ეკუთვნის.

 კაპიტალიზმი თავბრუდამსხმელი სისწრაფით ახორციელებს ქვეყნების და ერების უგულებელყოფის პროცესს. უმოწყალო გულგრილობით ანადგურებს ყოფით ნიშნებს, სპობს ეროვნულ თავისებურებებს, მუსრს ავლებს ხალხის ყველა იმ ტრადიციას, რომელიც მის მიზნებს არ ემსახურება. თავისი განვითარების უმაღლეს სტადიაზე კაპიტალიზმი ერთ თარგზე ჭრის სხვადასხვა ხალხსა და ქვეყანას. ამახინჯებს ყველა წარმოდგენას ეროვნული და რასობრივი თავისებურებებისა და საზღვრების შესახებ. ხალხთა ყოფით ნიშნებს ნაჩქარევად ცვლის ქცევის კოსმოპოლიტური წესებით, აძევებს ეროვნულ კულტურას და მის ადგილს მსოფლიო კულტურას უთმობს, თანდათანობით შლის ხალხთა „ეროვნულ სახეს“.

21 თებერვალი, საღამოს 6 საათი.

  ეს-ესაა მივატოვეთ ნიუ-იორკის უკანასკნელი ფორტები. წინ ოკეანეა, უკან კი ამ ოთხთვენახევრის ამერიკაში გატარებული, ხმაურიანი და შრომა-გარჯით სავსე  ცხოვრება.

 აი, ისევ ის „Bergensfiord“. ჩემთვის უკვე ნაცნობი. აქა-იქ ის ადამიანებიც შევნიშნე, რომლებთან ერთადაც ნიუ-იორკში მივემგზავრებოდი, მაგრამ განწყობა, ახლა სულ სხვაგვარი მაქვს. ცხოვრების კიდევ ერთი მიჯნა გადაილახა, გასრულდა პასუხნაგები შრომატევადი ხანა…

 ვტოვებ ამერიკას, თუმცა ამერიკიდან გამგზავრება სულაც არ მწყინს, პორიქით, მიხარია. რა მელის ნეტავ? ვის შევხვდები? იქაც ხომ მარტოობაა, მაგრამ თითქოს იქ უფრო ახლოს ვიქნები იმათთან, ვინც მიყვარს.

 ახლა ჩემ ირგვლივ ისეთი სილამაზეა! – ბინდი ჩამოწვა. ზღვა კი მშვიდია, თითქოს ნახატი იყოს, ისე მშვიდია და საღამოს ცას ირეკლავს. უყურებ ზღვის მშვიდ ზედაპირს და არც კი გჯერა, რომ შეიძლება ერთხელ კიდევ მაგრად შეგვანჯღრიოს ძალუმი ზვირთების სიბობოქრემ. უფრო ფიზიკურ დაღლილობას ვგრძნობ, ვიდრე მორალურს. ვმუშაობდი ბოლო დღემდე, დღეს თითქმის თვალი არ მომიხუჭავს — „ქალთა დღისათვის“ ვწერდი სტატიას. გაცურავენ კაშკაშა სინათლეებიანი გემები და ფანჯრებთან შუქურები ციმციმებენ… მალე დაგვიმარტოხელუბს მედიდური და მრისხანე ოკეანე. მშვიდობით, ამერიკავ!

. . კოლონტაი — ვ. . ლენინს და  ნ. . პრუპსკაიას

ქრისტიანია, 1916 . 14 მარტი.

 ძვირფასო ნადეჟდა კონსტანტინეს ასულო და ვლადიმერ ილიას ძევ!

 მადლობას გწირავთ „სოციალ-დემოკრატისა“, „Gorter’a-ისა”,[5] და ჩემი ბროშურის ორი ეგზემპლარისათვის[6].

აი, უკვე ერთი კვირაა, რაც კვლავ ევროპაში ვარ. ახლა იმედი მაქვს, ჩვენ შორის უფრო რეგულარული ურთიერთობები დამყარდება. ამერიკიდან გამოგზავნილი წერილები ალბათ იკარგებოდა. ფულმა თუ მოაღწია? ყოველთვის „ნოვი მირის“ სახელით ვაგზავნიდი.

17 დოლარი გამოვგზავნე ნიუ-იორკიდან

26 Hartford’a-დან

30 ნიუ-იორკიდან.

ამთავითვე, ე. ი. მანამ, ვიდრე ამერიკაში არ გამქრალა ჩემი კვალი, გაგზავნეთ ბროშურა „ვის სჭირდება ომი“ — იქ, სწრაფად გასაღდება. გირჩევთ გაგზავნოთ არა მხოლოდ ნიუ- იორკის ბოლშევიკურ ჯგუფში, არამედ უშუალოღ ამ მისამართითაც;

  1. Mr. Nycolyei, Russian Library, 947 Webster str. San-Francisco (Call.)
  2.  Mr. Lisovsky, 193 Wilkins Street, Detroit (Mich.).

მე თვითონაც მივწერ მათ ბროშურის შესახებ და ვთხოვ სასწრაფოდ გამომიგზავნონ ფული. ჩემი გამომგზავრების წინ შედგა ნიუ-იორკის ბოლშევიკური ჯგუფის კრება. ეს ჯგუფი ათი თვის უკან შეიქმნა. ცუდი ხალხი როდია, მაგრამ ძალზე ინერტულნი არიან. მე ვეცადე მათთვის განმემარტა — დიდ სამსახურს გასწევენ, თუკი ამერიკაში დაქსაქსული ბოლშევიკურ-ინტერნაციონალისტური ელემენტების გამაერთიანებელი ცენტრის ამოცანა იკისრეს.

ამერიკაში ცხოვრობს უამრავი რუსი მუშა, მაგრამ ისინი ძალზე გაუნათლებელნი, უბირნი და უვიცნი არიან. სექტანტიც ბევრია და მათთან თავისებური მიდგომაა საჭირო. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შტატებში არის რამდენიმე მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ მათ თითქმის არა აქვთ ერთმანეთთან კავშირი და ამიტომ ძალზე ძნელია საგანმანათლებლო იდეური მუშაობის წარმართვა. ხშირად რუს მუშათა მოსახლეობაში მღვდლები უძღვებიან საქმეს.

 „ნოვი მირის“ რედაქციის შემადგენლობა ძალზე ჭრელია. აქ მუშაობენ ინტერნაციონალისტებიც, მაგრამ უმრავლესობა პლეხანოველობისაკენ იხრება…

 რედაქციის ერთი ნაწილი ებრძვის ინგერმანებს,[7] ჯემსს და K°-ს, როცა ამერიკას ვტოვებდი, რედაქციის თანამშრომელთა გადარჩევის საკითხი იდგა. „მემარცხენეები“ მთავაზობდნენ მათთან დავრჩენილიყავი, იმედი ჰქონდათ, რომ „ნოვი მირის“ მდივნად ამირჩევდნენ. მთხოვეს მეპოვა ვინმე, ვინც ჩავიდოდა იქ, მუდმივად ითანამშროლებდა და შესძლებდა მოეხდინა იდეური ზემოქმედება. ხომ არ გეგულებათ ასეთი პიროვნება? თუმცა ანგერმანებს და K°-ს დიდი გავლენა აქვთ რედაქციაში, მაგრამ ენერგიული ადამიანი, რომელსაც კალამი უჭრის (ინგერმანი და ჯემსი „ნოვო მირს“ ძალიან მცირე დროს უთმობენ), უეჭველად შეძლებდა წამყვანი ადგილი დაეკავებინა „ნოვი მირში“ და ორგანოსათვის უფრო გარკვეული სახე მიეცა.

 ალექსანდრე ჯერ არ მინახავს. ის ჯერ კიდევ სტოკჰოლმშია. ამერიკელ სოციალისტებთან მჭიდრო კავშირის დამყარება არ მოხერხდა. ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოდგეს. ამერიკაში ჯერ კიდევ ცუდად ერკვევიან მოძრაობის წვრილმანებში. ეს რაც შეეხება ამერიკელ სოციალისტებს. გერმანულმა ფედერაციამ უფრო კარგად იცის, რა სურს. „New York Volkszeitung“-ს თავის რედაქციის შემადგენლობაში ჰყავს ძალზე კარგი და თავისი შეხედულებებით ჩვენთან ახლოს მდგოში კაცი L. Lore,[8] ფაქტიურად ის რედაქტორობს გაზეთს. მოხუცი შლუტერი[9] კაუცკის მისჩერებია. მაგრამ ციმერვალდელთა ოპოზიციის მკაფიო ხაზმა მასზეც მოახდინა გარკვეული შთაბეჭდილება. ხალხი ფიქრს იწყებს.

 პილკვიტს გამომგზავრების წინ კვლავ ვეკამათე და მოხუცმა შლუტერმა მოულოდნელად მე დამიჭირა მხარი.

 „სამშობლოს დაცვაზე“ გვქონდა ლაპარაკი — ამერიკაში ეს ახლა მტკივნეული საკითხია. პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა მეიერ ლონდონმა[10] თავიდან იმით დაიწყო, რომ უარყო ამერიკის სამხედრო მზადყოფნის აუცილებლობა, დასასრულ კი შეგვპირდა, თუ შეერთებულ შტატებს თავს დაესხმებიან, მე და ჩემი „სოციალისტი-მეგობრები“ იარაღს ავიღებთ ხელში ამერიკელი კაპიტალისტების ინტერესების დასაცავადო.

 ახლა მე ნორვეგიაში ვრჩები, ჩემი მისამართი არ შეცვლილა. იქნებ აქაც გამომიგზავნოთ გასაყიდად ასამდე ბროშურა?

 ძვირფასო ნადეჟდა კონსტანტინეს ასულო, როცა წერილს მომწერთ, არ დაგავიწყდეთ შემატყობინოთ თქვენი ჯანმრთელობის ამბავი.

 საერთოდ ამერიკაში ყოფნით კმაყოფილი ვარ. სასარგებლო საქმე გაკეთდა. ხალხი შოვინიზმის ბურანიდან გამოერკვა. სიმართლე რომ თქვას კაცმა, დავიღალე. კი, ოთხთვენახევარში ას ოცდასამი რეფერატი წავიკითხე ოთხ ენაზე. ხშირად ერთსა და იმავე საღამოს სამ ენაზე მიხდებოდა ლაპარაკი. ახლა დისკუსია, ყოველდღიური მგზავრობა… ამერიკა მაინც დიდი მომავლის ქვეყანაა. ჩადიხარ ამერიკაში და ხედავ, როგორ ფართოვდება თვალწინ ჰორიზონტი. მთელი არსებით გრძნობ, რომ ევროპა მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს პაწაწინა კუთხეა… ახლა ვეებერთელა ამერიკას გამოღვიძებული, მღელვარე, სწრაფი ნაბიჯით გაჩქარებული აზია ადევნებს თვალს. ამერიკაში ნამყოფი კაცი უფრო თვალნათლივ ხედავს კაცობრიობის ისტორიულ ბედს და უფრო ფხიზლად იყურება საუკუნეთა სიშორეში, მომავლისაკენ. აბა, კარგად იყავით, ძალზე მიხარია, რომ ისევ ახლოს ვარ თქვენთან.

გულითად სალამს გიძღვნით,

ალექსანდრა .

. . კოლონტაი — ვ. . ლენინს და   . . კრუპსკაიას

ქრისტიანიიდან ციურიხში გაგზავნილი წერილებიდან

 ძვირფასო ვლადიმერ ილიას ძევ, დღევანდელი ჩემი წერილი — მხოლოდ „წინასწარი“ პასუხია თქვენს შეკითხვებზე. აქამდე ამაზე არაფერს გწერდით, რადგან საბოლოო პასუხი არ გამაჩნდა არც „Internationale Flugblätter“-ის და არც თქვენი ბროშურის თაობაზე. თქვენი ბროშურა გადაეცა Ch. Kerr-ს[11]: და მათ გადაწყვიტეს ნაწილი (ზოგადი და მანიფესტი) „lnterrational Socialist Review“-ში დაბეჭდონ. ამასთანავე ცდილობენ გაარკვიონ: მოხერხდება თუ არა მისი ცალკე წიგნად გამოცემა? მათგან ჯერაც არ მიმიღია პასუხი. მე იმთავითვე თქვენი წერილის მიღებისთანავე მივწერე მათ წერილი, სადაც კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი ბროშურის ინლისურ ენაზე გამოცემის დიდ მნიშვნელობას.

 ამერიკელთა აზრით, „Inter. Flug”-ი № 1 და თქვენი ბროშურა მკითხველთა ფართო წრეებში არ გავრცელდება. ეს გარემოება აფერხებს მათ გამოცემას. ამერიკაში მცირე მოთხოვნილებაა ლიტერატურაზე. თეორიული ხასიათის ბროშურები კი ძალიან ძნელად ვრცელდება, მხოლოდ და მხოლოდ პოპულარულ სააგიტაციო ლიტერატურას აქვს გასავალი. რაღა თქმა უნდა, საკუთარ მიტინგებზე და კრებებზე არ არის ძნელი ისეთი ბროშურების გავრცელება, როგორიც თქვენია, ანდა „Inter. Flug“-ი — ესაა უკვე ნათქვამის დამატება. მაგრამ მიტინგების გარეშე გავრცელების იმედი ნაკლებია და ეს ქმნის ალბათ მთავარ დაბრკოლებას. რასაკვირველია, დავუკაშირდი Socialist Labour Party[12]-ის, ვიყავი მათთან Office-ში. ვილაპარაკე, ვიკამათე… გადავეცი თქვენი ბროშურა და „Inter. Flug”-ი. მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხებენ გამოცემას. Socialist Party, როგორც ოფიციალური ერთეული, რა თქმა უნდა, არ დაბეჭდავს ციმერვალდის ოპოზიციის ფურცელს. Eugene Dubs-ის და მისი რამდენიმე მეგობრის იმედიღა უნდა ვიქონიოთ. ისინი – St. Louis-ში სცემენ არცთუ ისე დიდ ყოველკვირეულ „მემარცხენე“ ორგანოს. მე მათ გადავეცი ბროშურა და „Int. Flug.“-ი. მაგრამ მათგან ჩამიჩუმი არ ისმის.

 დრო უქმად რომ დავკარგო, გავიგებ „Int. Flug“-ის ინგლისურ ენაზე გამოცემის პირობებს და დაუყოვნებლით შეგატყობინებთ. „Int. Flug“-ის თარგმნას მე ვიკისრებ. მასაჩუსეტსელი სოციალისტ-ინტერნაციონალისტების მისამართები გამომიგზავნეთ. იქნებ მათ შორის ნაცნობებიც არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი კარგად მიცნობენ. მე მასაჩუსეტსშიც ვმუშაობდი. საჭიროა მათთან დაკავშირება.

 „New Review“, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნებს ციმერვალდელთა წერილებს, ის დაუკავშირდა „Vorbote“-ს, მაგრამ ეს ორგანო ფინანსური თვალსაზრისით არასაიმედოა — საცაა დაიხურება.

 ამ ორგანოში სხვადასხვა ჯურის ხალხია, თუმცა კარგი ყმაწვილებიც არიან, ინტერნაციონალისტები. სამწუხაროდ, მათთანვეა თავგზააბნეული Enge Walling-ი.

 მათ პლეხანოვის მანიფესტიც კი დაბეჭდეს. ასე რომ, კამათიც კი მომიხდა. რუსი სოციალისტების საქმეებზე რომ მქონდა, იმ სტატიასაც მიუჩინეს ადგილი. მაგრამ ბოლო ხანს, განსაკუთრებიიი მას აქეთ, რაც „Vorbote“-ს დაუკავშირდნენ, მგონი, უფრო მტკიცენი გახდნენ.

 ციმერვალდთან დაკავშირების თაობაზე ველაპარაკე Olaussen–ს და მას ამ დღეებში უნდა განეხილა ეს საკითხი ახალგაზრდათა ორგანიზაციაში (ქრისტიანიაში).

 ჰეგლუნდი[13] დააპატიმრეს, წაიკთხავდით ალბათ გაზეთში. მაგრამ ახლა მათი ბრწყინვალე რევოლუციური ყრილობის შემდეგ ისინი ალბათ ოფიციალურად შეუერთდებიან ციმერვალდელებს…

 ოლაუსენი დაჟინებით მოითხოვს, რომ ნორვეგიის პარტიამ ინტერნაციონალისტების შემდგომ კონფერენციაზე გააგზავნოს პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი. მოლაპარაკება გრძელდება.

რამდენადაა ეს სასურველი?

 თუ ტრანმელს გააგზავნიან („NY Tid“-ის რედაქტორს, მემარცხენე რევოლუციონერ და საქმიან კაცს) — გამარჯვება განაღდებული იქნება. მაგრამ ვინმე ზომიერი მემარცხენე თუ გააგზავნეს — „ოპოზიცია“ ვერ გაიმარჯვებს. შემატყობინეთ თქვენი აზრი. თუ საჭირო იქნება, საქმე მე მომანდეთ…

 მივიღე ჩემი ბროშურა — ასი ეგზემპლარი. „Vorbote“ არ მიმიღია, მოაღწია თუ არა თქვენამდე ფულმა, რომელიც მე ამერიკიდან გამოგიგზავნეთ? გთხოვთ შემატყობინოთ. ამერიკაში „ლენინის აგენტი“ შემარქვეს (რა თქმა უნდა, რუსებმა). ამერიკის საორგანიზაციო კომიტეტს „საჩივარი“ გამოუგზავნეს ჩემზე. მოერიდეო, როგორც „ლენინის მიმდევარს“, „განხეთქილების ხაზს“ ატარებს არა მხოლოდ რუსებში, არამედ ინტერნაციონალისტებს შორისაცო.

 ჯერჯერობით აქ დავსვამ წერტილს. როდესაც შემეძლება დადებითად ვუპასუხო თქვენი წერილის ერთ-ერთ პუნქტს — უსათუოდ შეგატყობინებთ.

მხურვალე სალამს გიგზავნით თქვენ და ძვირფას ნადეჟდა კონსტანტინეს ასულს,

თქვენი ა. კოლონტაი.

ვ. ი. ლენინი — ა. მ. კოლონტაის

9. XI. 1915.

ძვირფასო ა.მ.! მხოლოდ გუშინ მივიღეთ თქვენი, 18 X-ის წერილი Milwaukee-დან, წერილებს საშინლად აგვიანდება! თქვენ ჯერ კიდევ  არ მიგიღიათ ჩემი წერილი (და სოციალ-დემოკრატისა — № 45- 46 და 47) ციმერვალდის  შესახებ და ყველა პასუხით თქვენს კითხვებზე; ეს წერილი კი ერთ თვეზე მეტი ხნის წინათ დავწერე. ეცადეთ ივარაუდოთ მაინც (დაახლოებით 1 1/2 თვის შემდეგ), სად იქნებით და მომეცით ისეთი მისამართები (თქვენთვის გამოსაგზავნი წერილებისათვის), რომ თქვენთან რაც შეიძლება ახლოს მოდიოდეს.

 ნიუ-იორკის „Volkszeitung“-ის  შესახებ გრიმი დღეს მარწუნებდა, რომ ისინი თითქოს სავსებით კაუცკელები არიან! ვითომ ასეა? მე ვფიქრობ, ჩვენი გერმანული ბროშურა დაგეხმარებოდათ ინტერნაციონალიზმის სიმტკიცის განსაზღვრაში. გაქვთ ბროშურა? (500 ცალი გამოგეგზავნათ.).

ჩვენ აქ ამ დღეებში გამოვცემთ (გერმანულად, ხოლო შემდეგ იმედია გავუშვებთ ფრანგულად და, ფულის საქმეს თუ მოვაგვარებთ, იტალიურად) პატარა ბროშურას ციმერვალდის მემარცხენე ჯგუფის სახელით. ამ სახელით ჩვენ გვინდა საერთაშორისო მიმოქცევაში რაც შეიძლება ფართოდ გავუშვათ ციმერვალდის ჩვენი მემარცხენე ჯგუფი (ცენტრალური კომიტეტი + P.S.D.[14], + ლატვიელები + შვედები + ნორვეგიელები + 1 გერმანელი +1 შვეიცარიელი) რეზოლუციისა და მანიფესტის მისი პროექტით (დაბეჭდილია სოციალ-დემოკრატის № 45—46-ში). პატარა ბროშურაში (20-30-35 ათასი ასო) იქნება ეს 2 დოკუმენტი და პატარა შესავალი. თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამას ამერიკაში გამოსცემთ ინგლისურადაც (ვინაიდან ინგლისში ამის გაკეთება უიმედო საქმეა: იქ  ამერიკიდან უნდა წავიღოთ) და, თუ შესაძლებელია, სხვა ენებზეც. ეს უნდა იყოს პირველი გამოსვლა ყველა ქვეყნის მ ე მ ა რ ც ხ ე ნ ე  სოციალ-დემოკრატების ბირთვისა, რომლებსაც აქვთ ნათელი, ზუსტი, სრული პასუხი კითხვაზე, რა ვაკეთოთ და საით წავიდეთ. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმას, თუ მოხერხდებოდა გამოგვეცა ეს  ამერიკაში, ფართოდ გაგვევრცელებინა და მტკიცე საგამომცემლო კავშირი, დ ა გ ვ ე მ ყ ა რ ე ბ ი ნ ა (Charles Kerr (NB) Chicago-ში; „Appeal to Reason-ში და ს ხ ვ.), ვინაიდან საერთოდ ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ენაზე გამოსვლას (ამ მხრივ თქვენ ბევრის გაკეთება შეგიძლიათ).

 სცადეთ დაუკავშირდეთ მათ — თუნდაც წერილობით, თუ კანზასში არ იქნებით. მათი გაზეთი ზოგჯერ ცუდი როდია. უთუოდ სინჯეთ, როგორ მოეკიდებიან ისინი ციმერვალდის მემარცხენე ჯგუფის ჩვენს რეზოლუციას. რას წარმოადგენს Eugene – Debs-ი? იგი ხანდახან რევოლუციურად წერს, თუ ისიც ჩვარია à la კაუცკი?

 მომწერეთ, კიდევ როდის იქნებით ნიუ-იორკში და რამდენ დღეს. ეცადეთ ყველგან ინახულოთ ხოლმე (თუნდაც 5 წუთით) ადგილობრივი ბოლშევიკები, გამოაცოცხლოთ და ჩვენ დაგვიკავშიროთ ისინი.

 რაც შეეხება ფულს, მეწყინა, როცა თქვენი წერილიდან დავინახე, რომ ცენტრალური კომიტეტისათვის ჯერჯერობით ვერაფრის შეგროვება ვერ მოგიხერხებიათ. იქნებ ეს მემარცხენეთა მანიფესტი დაგეხმაროთ…

ჰილკვიტი კაუცკის რომ დაუჭერდა მხარს და მასზე მემარჯვენეც რომ იქნებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, ვინაიდან მინახავს იგი შტუტგარტში (1907) და გ ა მ ი გ ო ნ ი ა, მას შემდეგ როგორ იცავდა იგი ამერიკაში ყვითლების ჩაყვანის აკრძალვას (ინტერნაციონალისტი)…

 თვით ციმერვალდის მანიფესტი საკმარისი არ არის; კაუცკი და კომპანია მზად არიან შეურიგდნენ მას პირობით: „არც ერთი ნაბიჯი შემდგომ“. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ვინაიდან ეს სრული ფარისევლობაა, ისე რომ, თუ ამერიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც ციმერვალდის მანიფესტისაც კი ეშინიათ, მიაფურთხეთ მათ, ხოლო შეარჩიეთ მხოლოდ ისინი, ვინც ციმერვალდის მანიფესტზე უფრო მემარცხენეა.

მაგრად გართმევთ ხელს და გისურვებთ ყოველგვარ წარმატებებს!

თქვენი ლენინი!

(Ulianow. Seidenweg. 4-a III. Bern.)

გაგზავნილია ნიუ-იორკში პირველად დაიბეჭდა 1924 წელს.

იბეჭდება ხელნაწერის მიხედვით

ა. მ. კოლონტაი — ვ. ი. ლენინს და ნ. კ. კრუპსკაიას

ქრისტიანიიდან ბერნში გაგზავნილი წერილებიდან

 ძვირფასო მეგობრებო, ნადეჟდა კონსტანტინეს ასულო და ვლადიმერ ილიას ძევ! სამი დღის წინ დავბრუნდი ნორვეგიაში, შვილი ამერიკაში დავტოვე გზად თავგადასავალი გადაგვხდა: ალყაშემორტყმულ ზონაში მოვხვდით. ახლა უფრო მწვავედ დადგა საკითხი ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარების თაობაზე. ეს საქმე უეჭველად უნდა მოგვარდეს, ამერიკაში ყოფნისას ერთხელაც არ მიმიღია თქვენი წერილი. იქ საერთოდ ყველა გარიყული და მოწყვეტილია ევროპას, არავინ უწყის ევროპის ასავალ–დასავალი. ალექსანდრემ ნორვეგიისა და ამერიკის ურთიერთობის მოგვარების საქმეს მიჰყო ხელი, მაგრამ ისე გაემგზავრა, რომ არაფერი გაუკეთებია. ელოდნენ, რაღაცას მაინც გააწყობდა. მარტო ნორვეგიაზე რომ აღარა ვთქვათ, შვეიცარიის ფოსტაც უხეიროდ მუშაობს, მაინტერესებს მიიღეთ თუ არა ჩემი წერილები? საქმეებზე ვწერდი, პასუხები კი არ მიმიღია. ახლა ვეცდები ზოგადად მაინც აღგიწეროთ ამერიკის მდგომარეობა.

 ჩემს გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე — ჩამოვიდა ტროცკი. ინგერნამებს და K°-ს გული მოეცათ. მაგრამ ტროცკი აშკარად ემიჯნება მათ და ალბათ „თავის“ არცთუ ისე გამოკვეთილ ხაზს გაატარებს, შეძლებენ თუ არა „მემარჯვენეები“ ტროცკის მეშვეობით ჩვენებს „ნოვი მირი“ გამოგლიჯონ ხელიდან — ჯერ არავინ იცის…

 ახლა ჩვენები აპირებენ რუსულ ენაზე გამოსცენ ინტერნაციონალური კრებული. ეს კრებული თავს მოუყრის ამერიკაში მყოფ ინტერნაციონალისტურ ძალებს. აქ, რა თქმა უნდა, მარტო რუსებზე არ არის ლაპარაკი… მოითხოვენ თქვენს სტატიებს და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კრებული შეგნებულად აუვლის გვერდს ყველა საკამათო საკითხს. და სავსებით არ შეეხება „თვითგამორკვევას“.

 ჩვენ ვეცადეთ ამერიკელ ინტერნაციონალისტთა ორგანიზება. რამდენიმე კრება ჩავატარეთ, დისკუსია პლატფორმის საკითხს ეხებოდა. ჰოლანდიელი ამხ. Rutgers (ტრიბუნისტი), კატაიამა და ჩვენი კომპანია „მემარცხენე ციმერვალდის“ მხარდაჭერას ცდილობენ. ტროცკის ჩამოსვლამ ძალა შემატა ჩვენი კრებების მემარჯვენე ფრთას და ჩემი გამომგზავრების წინ პლატფორმა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. გადაწყდა ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა ინგლისურ ენაზე. ჟურნალი თავს მოუყრის შეერთებული შტატების ინტერნაციონალისტურ ელემენტებს და იმავდროულად ციმერვალდთან დაკავშირებული და ჰააგის ბიუროსადმი დაპირისპირებული ცენტრი იქნება. ვშიშობ, რომ ეს წამოწყება ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს, რადგან „მემარცხენე ციმერვალდთან“ შეერთებამ ტროცკის მძაფრი წინააღმდეგობა გამოიწვია. ჩვენები მირჩევენ Socialist Propaganda League-ში შესვლას და „ინტერნაციონალისტ“-ში თანამმშრომლობას, Interrationalist-ის პირველი ნომერი იანვრის თვეში გამოიცა. რედაქციაში ადგილობრივი ამერიკელების გარდა მუშაობს Rutgers-ი და ლატვიელი Rosin-ი. „SPL“-მა განაცხადა (ნახავთ ალბათ მათ მანიფესტს), „მემარჯვენე ციმერვალდის“ თვალსაზრისს ვიზიარებო. ჩემი აზრით „SPL“-ის პოზიცია სხვა საკითხებში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, ამიტომ თავი შევიკავე და აღარ შევედი ამ ჯგუფში. უნდა ითქვას, რომ მის სათავეში დგანან „The Industrial Workers of the World“-ის ახლობელი ელემენტები, რომლებსაც ანარქიული სინდიკალიზმის ქაოსი შეაქვთ ყველაფერში, თუკი „მემარცხენე ციმერვალდი“ დამოუკიდებელი ცენტრია, მთლიანად უნდა დაშორდეს IWW-ის თავგზააბნეულ ხალხს.

 ჩვენ ვეცადეთ ამერიკის პარტია ვილსონის ორჭოფული პოლიტიკის წინააღმდეგ გაგველაშქრებინა. ამასთანავე პარტიას უნდა მოეთხოვა ომის სასწრაფოდ შეწყვეტა. მოლაპარაკება მოგვიხდა პარტიის ოფიციალურ ცენტრებთან, რომლებმაც გამოსცეს ეს უფერული მანიფესტი და გულხელი დაიკრიფეს. Sprachgruppe-სთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეწია აგიტაცია ეროვნულ ფედერაციათა სახელით. გიგზავნით ჩემს შედგენილსა და გერმანულ, ფინურ, ლატვიურ, რუსულ ფედერაციათა მანიფესტს, რომელიც შემდეგ გაეგზაენა ხელმოსაწერად დანარჩენ ეროვნულ ფედერაციებს და სოციალისტური პარტიების, ცალკეულ წევრებს, მანიფესტის განხილვა დაემთხვა ვილსონის მიერ სენატში მშვიდობის მოთხოვნას. აქ მოხდა კურიოზული და სამწუხარო ინციდენტი: გერმანიის ეროვნულმა ფედერაციამ ეჭვი გამოთქვა: იქნებ მიზანშეწონილი არ არის ვილსონის წინააღმდეგ გალაშქრება მაშინ, როცა ის მშვიდობას მოითხოვსო, ამის გამო მანიფესტის მიღება დანარჩენი ეროვნული ჯგუფების მიერ გაჭიანურდა, ისე წამოვედი, რომ ვერც კი გავიგე, ვინ მოაწერა ხელი მანიფესტს. არც ის ვიცი, ოფიციალურად თუ გამოქვეყნდება. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პროექტის სახითაა დაბეჭდილი. ეს ამბები სამზეოზე გამოსატანი არ არის. შგეატყობინეთ, რომ გცოდნოდათ.

არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატებიდან კავშირი დამყარდეს არხანგელსკთან, ამისათვის აუცილებელია: 1) არხანგელსკის სწორი მისამართები; 2) რწმუნებულება ს. კ.-გან, თუნდაც ამხანაგ სენკოვის სახელზე.

 შესაბამისი შეტყობინებები და განკარგულებები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ, ქრისტიანიაში დიდხანს ვიქნები, კოტლიარენკოს ფული უნდა გამოეგზავნა თქვენთვის (მიღებული ლიტერატურისა). ბევრი რამ ჩვენი გამოგზავნილი დაიკარგა, ალბათ ინგლისმა ამოიღო. კოტლიარენკომ მთხოვა თქვენთვის, ორთავესათვის, გულითადი მოკითხვა შემომეთვალა, სოციალ დემოკრატის „კრებული“ ძალზე შეზღუდელი რაოდენობით (მე ვნახე ერთი ეგზემპლარი) მიიღეს შეერთებული შტატებიდან ჩემს გამომგზავრებამდე. თუ შეგიძლიათ გამოგზავნეთ კრებული და სოციალ დემოკრატის უკანასკნელი ნომრები ამ ნომრებს ამერიკაში ოქროს ფასი ადევთ.

 რედაქტორ ვიდნესთან ვიპოვე ოცდაათი კრონი, ეს ფული მას დავუტოვე. გამგზავრებისას ალექსანდრეს ფული რატომღაც არ წაუღია, რა ვუყო ამ ფულს უკეთესი იქნება, თუ მომწერთ: არა „Turisthotels-ის, არამედ „Socialdemokraten“-ის მისამართით, რადგან მე ალბათ ქრისტიანიაში დავრჩები. ალექსანდრეს წერილი ხომ არ მიგიღიათ? რა ხდება საერთოდ ქვეყნად? გინდა ამერიკაში ყოფილხარ, გინდა მთვარეზე.

ძვირფასო ნადეჟდა კონსტანტინეს ასულო, ჯანმრთელობას ალბათ არ უჩივით, მთაში ყოფნა უქმად არ ჩაივლიდა, თქვენი მისამართი არ ვიცი. ამიტომ წერილს ამხანაგ შკლოვსკის ვუგზავნი. პასუხს ალბათ მალე მივიღებ, ჯერჯერობით კი გულითად სურვილებს და სალამს გითვლით.

თქვენი ა. კ.

თარგმნა ანდრო რობაქიძემ  

გამოქვეყნდა  საუნჯეში 1980 წელს მეორე ნომერში.


[1] ვასილი ვერეშჩაგინი (1842 – 1904) – რუსი მხატვარი, ცნობილი ტილოს „ომის აპოთეოზის“ ავტორი (აჩრდ.).

[2] თავდაცვისათვის მზადყოფნა.

[3] ა.მ კოლონტაის წიგნი „საზოგადოება და დედობა“ გამოიცა 1915 წელს პეტროგრადში

[4] „Новый мир“ – სოციალ-დემოკრატიული გაზეთი, გამოდიოდა 1911  წელს ნიუ-იორკში რუსი ემიგრანტების  ინიციატივით.

[5]  ლაპარაკია ალბათ გ. გორტერის ბროშურაზე „Der imperialismus, der Weltkrieg und Sozialdemokratie (ამსტერდამი, 1915 წ.).

[6] ლაპარაკია ა. მ. კოლონტაის ბროშურაზე „ვის სჭირდება ომი“, რომელიც 1916 წლის დასაწისში გამოიცა. ვ. ი. ლენინი ბროშურის რედაქტორი იყო.

[7] ინგერმანი – რუსი სოციალ-დემოკრატი, „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფის წევრი, 1880-იანი წლების ბოლოს გადასახლდა ამერიკაში, 1903 წლის შემდეგ მენშევიკია. ომის წლებში სოციალ-შოვინისტური პოზიცია ეკავა.

[8] ლ. ლორე – გერმანელი სოციალ-დემოკრატი, აშშ-ში იმყოფებოდა, როგორც ემიგრანტი, 1903 წლიდან იყო გერმანული ფედერაციის მდივანი და ამერიკის სოციალისტური პარტიის ეროვნულ-აღმასრულებელი კომიტეტის წევრი

[9] პ. შლუტერი- გერმანმალი სოციალ-დემოკრატი,1898 წლიდან ემიგრანტია ამერიკაში.

[10] მეიერ ლონდონი- ამერიკის სოციალისტური პარტიის წევრი.

[11] ჩ. კერი – სოციალისტური ლიტერატურის გამომცემელი.

[12] ამერიკის მუშათა სოციალისტური პარტია.

[13] ჰეგლუნდი ც. (1884-1956) – სოციალ-დემოკრატილი პარტიის მემარცხენეთა ლიდერი შვედეთში.

[14] პსდ (პოლონელი სოციალ დემოკრატები).