მოსე გოგიბერიძე – “ორგანოტროპიზმი”

წინამდებარე ტექსტი ქართულ სააზროვნო სივრცეში იმ მივიწყებულ ეპიზოდს ეხება, რომელიც იდეოლოგიური ურთიერთბრძოლის, აზრთა ნაკადების სიუხვით გამორჩეულია. მეოცე საუკუნის 20-იანი წლები ქართული აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პერიოდია. გამონაკლისს არ წარმოადგენს არც ქართული ფილოსოფიური აზრი, რომელზეც ევროპიდან მომავალი თითქმის ყველა სააზროვნო ხაზი ახდენდა გავლენას. ამ წლებში ევროპასა და რუსეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა ქართველი ფილოსოფოსები აქტიურად რეფლექსირებენ ევროპაში მიმდინარე ფილოსოფიურ დისპუტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, უსადაგებენ ადგილობრივ იდეოლოგიურ ვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, იწყებენ ფილოსოფიის ისტორიის მთელ რიგ პრობლემებზე სისტემატიურ მუშაობას.

აქვე გამოსაყოფია მესამე ნაწილი, რომელიც საკუთარი ფილოსოფიური სისტემების შექმნას ცდილობს. ამის მაგალითია ქართველი ფილოსოფოსი, კონსტანტინე კაპანელი (1889-1952), რომელმაც 20-იან წლებში ორგანოტროპიზმად წოდებული ფილოსოფიური სისტემა შეიმუშავა. კაპანელი მოღვაწეობის ადრეულ საფეხურზე ფ. ნიცშეს ფილოსოფიის გავლენის ქვეშ ექცევა. მისი მოღვაწეობის პირველი ეტაპი სწორედ ნიცშეს ფილოსოფიის გადმოცემას ეთმობა (“ნიცშეანობის ლეიტმოტივი”). უკვე ოციანი წლების დასაწყისში ის იწყებს საკუთარი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შემუშავებას (“შემოქმედება და ტანჯვა” (1917), “სული და იდეა” (1923), “სოციალური ესთეტიკის საფუძვლები ორგანოტროპიზმი” (1925)). ამ პერიოდში უკვე აშკარაა კაპანელის მსოფლმხედველობრივი მახასიათებლები: ანტილოგიციზმი, ირაციონალიზმი, პესიმიზმი, რელატივიზმი. კაპანელის ორგანოტროპიზმის მიხედვით, სამყაროში არ არსებობს უნივერსალური ისტორია, ის განცალკევებულ კულტურათა და ხალხთა აგრეგატია. ასევე კაპანელი უარყოფს მეცნიერული ცოდნის, ისტორიის საზრისის, პროგრესის, კოლექტივიზმისა და ჰუმანიზმის იდეებს. ფილოსოფოსი ადამიანს ბედისწერის უბრალო სათამაშოდ თვლის და ადამიანის, საზოგადოების ცხოვრებას ართმევს ყოველგვარ საზრისს, რადგან მისთვის სამყარო აბსურდული, შემთხვევითობებით სავსე, სასტიკი და უმოწყალო სატანჯველია: “ადამიანის ყოფიერებას აბრუნებს უმოწყალო ბედისწერა, ადამიანი საცოდავი ეფემერიდია (ფარვანაა) არარაობითი სათამაშოა დროისა და შიშის ხელში, სამყაროს მოვლენათა შემთხვევითობების და თვითნებურობის ატმოსფეროში. ადამიანი მტვერია დედამიწაზე, წერტილია უსასრულობაში” (კ. კაპანელი, ფილოსოფიური შრომები, 1989, გვ. 53). აზრობრივი ევოლუციის მესამე ეტაპზე კ. კაპანელი მარქსისტულ მეთოდთან მიახლოებით ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის წაკითხვას ცდილობს.

ჩვენ აქ აღარ შევჩერდებით კაპანელის მსოფლმხედველობის მიმოხილვაზე, რადგან წინამდებარე ტექსტი მეტ-ნაკლები წარმატებით სწორედ კაპანელისეული სააზროვნო საყრდენების მიმოხილვით მის კრიტიკას ცდილობს. ტექსტის ავტორი, ფილოსოფოსი მოსე გოგიბერიძე (1897-1949), კაპანელის კრიტიკისას იცავს რაციონალიზმის, პროგრესის, ისტორიის მატერიალისტური გაგების პოზიციებს. თუმცა გოგიბერიძის მიერ გადმოცემული მარქსისტული პრინციპები ზოგ შემთხვევაში მეტად სქემატური და დოგმატურია, ჩვენ ამ ტექსტის “გაცოცხლება” მაინც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ. ცხადია, 20-იან წლებში, იდეოლოგიური დომხალის პერიოდში დაწერილ ტექსტს ვერ მოვთხოვთ იმ თეორიულ და მეცნიერულ სიზუსტეს, რომელიც, წესითა და რიგით, ჩვენს თანამედროვეს უნდა მოეთხოვებოდეს (თუმცა, სამწუხაროდ, დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევს ერთი შეხედვით იმ პარადოქსულ ვითარებას, რომ თანამედროვე აკადემია არათუ ბევრით ჩამორჩება ქართული აკადემიის პიონერებს, არამედ ჩვენში თითქმის საერთოდ აღარ არსებობს ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის და სხვათა მეცნიერული კვლევა-ძიების ნიშანწყალიც კი). ამ ტექსტის გამოქვეყნება ორ მიზანს ემსახურება. ვფიქრობთ, აუცილებელია, სულ მცირე, ზედაპირული წარმოდგენის შექმნა იდეათა ისტორიის იმ პერიოდზე, რომლის გადმოცემაც დღეს მხოლოდ მითოპოეტურ სამოსელშია გახვეული. მეორე მხრივ, წინამდებარე ტექსტი ერთგვარი ბიძგი უნდა იყოს კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიის კრიტიკულად შესწავლისკენ. ამის თქმის მიზეზი ის არის, რომ ჩვენში არსებული სააზროვნო სივრცე რეაქციული ფილოსოფიის აღორძინების აქამდე არნახულ მასშტაბებს აღწევს. კაპანელის ფილოსოფიის მთელი რიგი მომენტები იმ ირაციონალისტურ, პესიმისტურ, მისტიკურ, ანტიჰუმანისტურ და ინდივიდუალისტურ იდეებს ენათესავებიან და ხშირ შემთხვევაში იმეორებენ კიდეც, რომელთა ამსახველი ტექსტებით დახუნძლულია ქართული სააზროვნო ველი. ერთი სიტყვით, წინამდებარე ტექსტი ერთგვარი გაგრძელებაა შალვა ნუცუბიძის წერილისა, მით უმეტეს, რომ კაპანელის მოძღვრებაში ბევრ საერთოს ვნახავთ ოსვალ შპენგლერის იდეებთან.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

Amicus Plato, magis amica veritas.

  მე ვერ დავეთანხმები პატივცემულ კონსტანტინე კაპანელს იმაში, რომ ქართველებს სკანდალებისა და ჭორიკნობის მეტი არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ჩემი აზრით ამა თუ იმ ერის ისტორიული ნაკლი ისტორიული კანონების და პირობების პირმშო შვილია და შეიცვლება თუ არა ეს პირობები, თანვე შეიცვლებიან ეს თუ ის სოციალური რეფლექსები. ძველის ძველ შემჩნეული, აზიური კულტურის დამახასიათებელი სახე, სიძულვილი თეორიისა და გადახრა პრაქტიკისაკენ, ერთი მხრით, ხოლო არ-დანდობა ლოგიკური აზრისა და თაყვანის ცემა მისტიკურ-მეტაფიზიკური რელიგიური კულტისა, არ შეიძლება ჩაითვალოს აზიური სისხლის დამახასიათებელ ატრიბუტად. აქ სისხლი არაფერ შუაშია, არამედ თავისებური ისტორიული პირობები. დღეს დასავლეთის ისტორიკოსებს შორის გამეფებული კულტურული დაყოფა „აზიური“ და „ევროპული“, ყოველივე ისტორიულ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული საქმეა. აზიას შესაფერ პირობებში გაუკეთებია ისეთი, რასაც დასავლეთი აკეთებდა და აკეთებს. ამის საუკეთესო მაგალითია ახლო წარსულში შესწავლილი აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ინდოეთისა და შუა აზიის ფილოსოფოსთა მონუმენტალური შრომები. ჩემს საწერ მაგიდაზე დევს ბუდისტი დიდი ფილოსოფოსი, დ ა რ მ ა კ ი რ ტ ი ს სქელტანიანი ლოგიკის სახელმძღვანელო. გასაკვირია, რომ ეს შრომა, თუმცაღა სხვა ფერებით და სახეებით, მაგრამ უკანასკნელ სიტყვამდე იმ ამბავს შეიცავს, რასაც კონსტანტინე კაპანელის მიერ ათასჯერ დაწყევლილი არისტოტელის ორგანონი და დასავლეთელ მეცნიერების მონუმენტალური ლოგიკის შრომები.

  ერთხელ მეც მეგონა, რომ ეს ლოგიკა და ეს გნოსეოლოგია  დასავლეთის ბერძნენ-გერმანელების – „სისხლის“ საკუთრება იყო, მაგრამ ინდოეთისა და საშუალო აზიის წარსულის ფილოსოფიური კულტურის ზერელე გაცნობისთანავე დავრწმუნდი, რომ სასტიკად ვცდებოდი და მგონია, თუ პატივცემული ავტორი „ორგანტროპიზმისა“, მეცნიერებისა და ფილოსოფიური პრობლემების ძიებას სერიოზულად შერჩება, ბოლოს და ბოლოს დარწმუნდება იმაში, რომ მის ახირებულ ომს ლოგიკის „საროსკიპოს“ წინააღმდეგ სწორედ ისე აკლია ისტორიული საფუძველი, როგორც მის უსაზღვრო პესიმიზმს ქართველი ხალხის შემოქმედებით უნარიანობაში.

  ეს უკანასკნელი პრობლემა დღესაც გადაჭრილად უნდა ჩაითვალოს და თუ გსურთ იმ ფაქტითაც, რომ ახლო წარსულში კონსტ. კაპანელმა ორი ნაშრომი ქართულ ენაზე გამოსცა. ამისათვის საჭირო იყო, არა ორგანოტროპიული მეტაფიზიკური გავლენები უხილავ სულზე, არამედ უბრალოდ შემოქმედებითი დატრიალება ისტორიისა ე. ი. რევოლუცია. ყოველივე ცხოველყოფილი რევოლუცია საუკეთესო მაგალითია ამა თუ იმ ხალხის ისტორიული გადახალისების და გაახალგაზრდავების, რისი საუკეთესო მაგალითიც ისტორიის ყველა კუთხეში მოიძებნება. ეს კანონი ამ ახლო წარსულში ჩვენ ქართველებმა საკუთარ თავზე განვიცადეთ, რუსეთის „ცარის“ ტახტის დანგრევისთანავე რევოლუციამ ხალხის შეკვეცილი ფრთები გაანთავისუფლა და იმ დღიდანვე იწყება ჩვენში აუწერელი სიჩქარით წინ მიმავალი კულტურული რენესანსი, პატივცემულ კაპანელს არ სწამს შეიძლება არც ჩვენი მეცნიერება, არც ჩვენი კულტურა და არც ჩვენი უნივერსიტეტი, მაგრამ მან ის ხომ მაინც კარგად იცის, რომ რევოლუციის წინა კვირაში მან პირველი თავისი ნაშრომი რუსულ ენაზე დაწერილი გამოაქვეყნა, ხოლო რევოლუციამ ისიც – ნებით თუ უნებლიეთ, — მოაქცია ეროვნულ შემოქმედების ორბიტაში და მან სულ მცირე დროის განმავლობაში ორი ასე ვთქვათ ფილოსოფიური შრომა გამოაქვეყნა ქართულ ენაზე, სადაც ავტორი— ის კი არა — საბოლოოდ გადაჭრას გვპირდება ყველა იმ უკუღმართი პრობლემებისა, რომლებიც კაცობრიობას მისი კულტურის პირველ დასაბამიდან დღემდე აწუხებდა და აწუხებს.

  ამ წერილის მიზანს სწორედ პატივცემული ავტორის ამ ახალი თეორიის ჯეროვანი განხილვა-დაფასება შეადგენს. შევეცდები ბოლომდე დავრჩე სამართლიანი და მოწინააღმდეგის აზრის საფუძვლიანი მომსმენი, თუმცაღა აქედან უნდა გავაცხადო, რომ არ შემიძლია ვუღალატო იმ აკადემიზმს, რომელიც ასე საშინლად სძაგს ორგანოტროპიზმის პატივცემულ ავტორს, ის კი არა თავი უნდა ვამხილო და ვთქვა, რომ კონსტ. კაპანელის წიგნის ყოველივე მეხუთე გვერდს დაჟინებით ვუმეორებ იმ ყველა მეცნიერისათვის საბედისწერო ფრაზას, რომელიც პირველი აკადემიის შესასვლელ კარებზე ეწერა…

  1. ორგანოტროპიზმის ზოგადი პრინციპები.

ა) აზროვნების ფორმალურ — ლოგიკური პრინციპები.

 ყოველივე სწავლას – – ახალი იქნება ის თუ ძველი ეს სულ ერთია, — რამდენიმე საფუძველმდებელი ზოგადი ხასიათის პრინციპი უნდა ახასიათებდეს. რომელიმე მსოფლმხედველობის ავტორი ყოველივე პრინციპის მიღმა დგომას რომ სცდილობდეს, მის კონცეფციაში მაინც შეიპარება პრინციპი და მას ბოლომდე წითელ ზოლად გადაევლება. მთავარი პრინციპის სიახლესა და სიძლიერეზეა დამყარებული ამა თუ იმ სწავლის გამძლეობა, სიღრმე და გავლენა. პრინციპის სიძლიერეზე უნდა ემყარებოდეს ავტორის პრეტენზიები, მასზევე დაემყარება ახალი სწავლის სოციალური შედეგიც.

  საჭიროა ორგანოტრიპიზმის საფუძველმდებელი პრინციპების სიახლისა და სიღრმის მხრივ ჯეროვანი განხილვა. ჩვენ არ შევუდგებით ორგანოტრიპიზმის ჭეშმარიტების მხრით განხილვას, რადგან მისი ავტორი ჭეშმარიტების დაუსვენარი მტერია და მისთვის ჩვენთვის ცნობილი აზრის ნორმებით შემუშავებული ჭიშმარიტების საზომი მისაღები არ არის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ორგანოტროპიზმის ავტორი თავის პრინციპების პრეტენზიებზე განვიხილოთ და შევამოწმოთ, თუ რამდენად კანონიერია მისი თამამი განცხადება:

 „ჩვენ სრული სიამაყით აღვნიშნავთ იმ დიდ ფაქტს, რომ ქართული აზროვნება, რომელიც წარსულში კომენტარებსა და თარგმანებს ვერ გაშორებია, რომელიც დღესაც ქართულ უნივერსიტეტში ჩვეულებრივი იდეოლოგიური ტრაფარეტებით იკვებება, ჩვენ მიერ აწყობილ ორგანოტროპიზმის ფილოსოფიურ სისტემაში იძლევა აზროვნების სრულებით ახალ ფორმას არა მარტო ქართული კულტურის გასაქანით, არამედ ევროპის მასშტაბითაც“.[1]

  როგორც ხედავთ ორგანოტროპიზმს პატარა პრეტენზიები არს აქვს. ის სიამაყით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მასში აზროვნების სრულიად ახალი ფორმაა მოცემული, რომლის მნიშვნელობა გეოგრაფიის საზღვრებით არ შემოიფარგლება და სხვ. და სხვ.  

   ჩვენი აზრით ყველა ავტორს სრული უფლება აქვს სთქვას, რომ მის ნაწერში მოცემულია აზრის სავსებით ახალი შინაარსი, მაგრამ განცხადება, რომ ამა თუ იმ სწავლაში მოცემულია აზროვნების სრულიად ახალი ფორმა, ერთობ პასუხსაგები საქმეა და თანაც სახიფათოც. პატივცემული კონსტ, კაპანელი ღრმად დარწმუნებულია იმაში, რომ მის ორგანოტროპიზმში მოცემულია აზროვნების ისეთი ახალი ფორმა, რომელიც სილოგიზმებსაც კი არარაობად აქცევს. ასეთი გაბედული აზრი მე არ მახსოვს, რომ ჯერ რომელსამე სერიოზულ მოაზროვნეს გამოეთქვას. ჰეგელი, რომელმაც მართლა საფუძვლიანად შეარყია ჩვეულებრივი ფორმალური აზრის სააზროვნო საშუალებანი, არსად არ ამტკიცებდა, რომ ის უარყოფს და უკუაგდებს ჩვენი აზროვნების ფორმალ-ლოგიკურ მოაზრებას, არამედ ის ამტკიცებდა, რომ შემეცნების გასამართავად ეს უკანასკნელი სამყოფი არ არის, რომ ის ძალიან შემოფარგლული და ახლოსმჭვრეტელია და რომ მის მიღმა და მის მაღლა არსებობს უფრო ღრმა აზროვნების ფორმა, დიალექტიკური გააზრება და სხვ. ის კი არა ისეთი ყოველმხრივი რევოლუციონერი, როგორიც ფრიდრიხ ენგელსი იყო ფორმალურ ლოგიკას არამც თუ არ უარყოფდა, არამედ მას დიალექტიკასთან ერთად ფილოსოფიური სისტემების და მეტაფიზიკური კონცეფციების ნანგრევზე იტოვებდა, როგორც ფილოსოფიურად და მეცნიერულად საჭირო და აუცილებელ დისციპლინას.

  კონსტ. კაპანელი არამც თუ უარყოფს ფორმალურ ლოგიკას და დიალექტიკას, არამედ ის პირველ აზრს შემდეგნაირად ასაბუთებს: „ლოგიკა თავის სილოგიზმებით და ვერბალური იმპერატივებით წააგავს იმ როსკიპს, რომელიც დღეს ერთს ეკუთვნის, ხვალ მეორეს და ამავე დროს ურცხვად სდგას ორლეანის ქალის რაინდულ პოზაში. (იქვე. გვ. 38).

   რაც შეეხება დიალექტიკის უარყოფას, ამის შესახებ ავტორს არგუმენტები არ მოჰყავს, ხოლო ორგანოტროპიზმის საფუძვლებად გამოცხადებული ანტი- ინტელექტუალიზმი და ვოლუნტარიზმი ნათლად მოითხოვს ამას.

  ზემოთ მოყვანილი არგუმენტი, რასაკვირველია ვერც ერთ ინტელექტუალისტს ვერ დაარწმუნებს იმაში, რომ მისი აზროვნების ლოგიკური მოაზრების ფორმები „ქალწულის პოზაში გამოწყობილი როსკიპია“ და ორგანოტროპიზმის ავტორი უფრო სარწმუნო არგუმენტს მიმართავს. მაგრამ საუბედუროდ ეს ახალი არგუმენტი შეიძლება გენიალურია, მაგრამ მაინც არ ეხება იმ საქმეს, რასაც ლოგიკა ეხება, ინტელექტუალისტი იძულებულია ქვევით მონახოს საფუძვლები და ის დასახელებული წიგნის ბოლოში ნახავს, რომ „ლოგიკა თავის სილოგიზმებით და იმპერატივებით, თავის „მარადიული“ პრინციპებით და ალეთოლოგიით, როგორც როსკიპი, ხან ანტიკურ ქვეყანას ეძლევა, სან ქრისტიანულ თეოლოგიას, ან პოზიტივისტებსა და სოციალისტებს“ (გვ. 208). უნდა გამოვტყდე და ვთქვა, რომ კაპანელის წიგნში ამაზე უფრო მძლავრი არგუმენტი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ვერ ვნახე. ასეთი არგუმენტაციით კი, არ მგონია, რომ ის პრობლემა გადაიჭრას, რის არსებობა თავის ისტორიული წარსულში რამდენიმე ათასეულ წელს ითვლის.

   მთელი დანაშაული სილიოგისტური ლოგიკისა თურმე იმაში მდგომარეობს, რომ ის მდგომარეობის განცდას ვერ სახავს. სწორი მეტყველების ფორმით, მას სუბიექტსა და პრედიკატს შორის სტატიკური ურთიერთობა დაუმყარებია. მას არ სცოდნია, რომ ცხოვრების საჭიროებიდან წარმოშობილი განცდის ინტენსიობა არღვევს ამ სტატიკურობას. ეს არის კაპანელის წიგნის ის ერთად ერთი ადგილი, რომელიც ცდილობს დისკურსიული წესით რაიმე დაამტკიცოს. სინამდვილეში კი ის არაფერს არ ამტკიცებს, რადგან ეს სავსებით არ ეხება ლოგიკის საგანს, არამედ გრამატიკის იმ ნაწილს, რომლის საფუძველი ფსიქოლოგიაში დევს და რომელიც ლოგიკის საქმეს გარეგნულად და მართლაც ფორმალისტურად ჰგავს. ამის დასამტკიცებლად ავიღოთ და გავარჩიოთ კაპანელის მიერ მოყვანილი მაგალითი. „მე ვიყიდე წითელი ქათამი“, ამ წინადადებაშიო გვასწავლის კაპანელი, ლოგიკის აზრით „მე“ სუბიექტია, „ვიყიდე“ პრედიკატი, „წითელი“ განმარტება და სხვ. რეალურ ცხოვრებაში თურმე ასეთი შემეცნების ვალდებულება არ არსებობს, აქ თურმე დამოკიდებულება სუბიექტსა და პრედიკატს შორის საჭირო განცდის მიხედვით იცვლება და მასთან ერთად მეტყველების ფორმებიც ცვალებადი ყოფილა. მეტყველების ფორმის ცვალებადობასთან ერთად იცვლება აზრის მიმართება და ამიტომ ყოველმა სიტყვამ წინადადებაში შეუძლია მიიღოს, როგორც სუბიექტის, ისე პრედიკატის ხასიათი. წინადადებაში მე ვიყიდე წითელი ქათამი წინადადების აზრი შეიძლება იყოს წითელი“ ე. ი. წინადადების სუბიექტი „მე“-ს მაგივრად „წითელი“ იქნება, ასეთ შემთხვევაში ჩემ სულიერ განცდას სურს აუხსნას იქ მყოფთ, რომ მიყიდია სახელდობრ წითელი და არა თეთრი ქათამი. თუ მე მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მე ვიყიდე ქათამი და არა ლორი, მაშინ მდგომარეობის განცდა ინტენციას ახდენს სიტყვაზე „ქათამი“ და ეს სიტყვა იჭერს სუბიექტის ადგილს. ასეთია კაპანელის ლოგიკის სისტემა.

  დავუშვათ, რომ ეს მართალი მოსაზრებაა, ამ შემთხვევაშიაც დამტკიცებული იქნებოდა მხოლოდ სუბიექტის ადგილის შეცვლის შესაძლებლობა, ის კი რასაც ორგანოტროპიზმი დაგვპირდა ე. ი. წინადადებაში სუბიექტისა და პრედიკატის ურთიერთ ადგილის შეცვლა, დაუმტკიცებელი კი არა, დაუსახელებელი დარჩა. სტატიკური და თუ გნებავთ დინამიკური სუბიექტის გარშემო რომ პრედიკაცია ხდება ეს უცვლელი დარჩა. სამივე შემთხვევაში ყოველთვის ყიდვაზე არის მასლაათი. და რომ ორგანოტროპისტი ბაზრიდან დაბრუნებისას პრედიკატზე „ვიყიდე“ ახდენდეს რაღაც უცნაურ მდგომარეობის გამომხატველ ინტენციას, აქ ლოგიკური აუცილებლობით არაფერი არ იქნება გამოთქმული, არამედ რეალურით, თუ გნებავთ მისი ოჯახური საქმიანობის ანალოგიით: მას სურს ნამდვილად თავის ცოლს ანიშნოს, რომ მან დღეს ქათამი იყიდა და არ მოუპარავს.

  რა სოციალური საჭიროებაც არ იდგეს აზროვნების წინაშე, ის ისე არ აიბნევა, რომ ყიდვა და მყიდველი ერთი მეორეში აურიოს. სუბიექტი პრედიკატზე არასდროს არ გადავა, იმიტომ, რომ ისინი ორივე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ, არც ერთ წინადადებაში ორი ამბავი არ არის გამოხატული, არამედ მხოლოდ ერთი. არც „მე“ და „ვიყიდე“, არც „წითელი“ და „ვიყიდე“ არ გამოხატავენ ორ რაიმეს, წინადადების აზრში ორი ამბავი კი არ არის გამოთქმული, არამედ ერთი. აქ ქათამზე და ყიდვაზე, ან წითლის ყიდვაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ერთ განსაზღვრულ აქტზე, ვიდრე ეს აქტი არ განსაზღვრულა, მანამდე არც ლოგიკისთვისაა საინტერესო საკითხი დასმული. რომ კაპანელი მართალი იყოს და მის მიერ მოყვანილი წინადადების დაშლა სინამდვილეს უდრიდეს, ვარწმუნებ, რომ ამ შემთხვევაშიც ეს ამბავი ლოგიკას არ შეეხებოდა, ჯერ უნდა დაშალო წინადადების აზრი, საჭირო ინტენცია მოახდინო და მერე უნდა მიმართო ლოგიკას. ის, რაზეც კაპანელი ლაპარაკობს, ფსიქოლოგიის საგანია და არა ლოგიკის. ლოგიკის სფეროში მოქცეული წინადადების აზრს არავითარ ორ ერთეულს შორის მსვლელობა არ შეუძლია, რადგან ის მხოლოდ ერთად ერთ ერთეულს გამოხატავს. ლოგიკის დღევანდელ ძიების დონეზე ამის არცოდნა არ მგონია, რომ რაიმე ახლისა და პროგრესულის მაჩვენებელი იყოს.

  კონსტ. კაპანელის ლოგიკის კრიტიკა საუბედუროდ ემყარება იმ ძველ სქოლასტიკურ აზრს, რომელსაც ლოგიკა რაღაც აზროვნების მეგზური და დარაჯი, ან კიდევ კოდექსების მწერალი ეგონა. აზროვნების შესაძლებელ პროცესებს დღეს ფსიქოლოგია შეისწავლის და ლოგიკა უკვე ფაქტად ქცეული აზროვნების არქიტექტონიკის შესწავლით და ანალიზით კმაყოფილდება. თუ ამაში ვერ შევთანხმდით, ჩვენ ისევ ნეტარ ხსენებულ ჩელპანოვის ლოგიკის სახელმძღვანელოს ვერ გავშორდებით და ყოველი პრინციპიალური დავა ამაო და ფუჭი იქნება.

  კონ. კაპანელი რამდენიმეჯერ იმეორებს, რომ ორგანოტროპიზმი მოითხოვს სილოგისტური მსჯელობის რეფორმასო, მაგრამ როგორი იქნება ეს რეფორმა, ამის შესახებ გარკვეულ აზრს ვერ ვნახულობთ მის ნაწერებში. სილოგისტური ფორმულების მაგიერ ჩვენ შემოვიტანთ სოციალური საჭიროების კოროლარიებსო, გვეუბნება ავტორი და იქვე შენიშვნაში დასძენს: „სოციალურ საჭიროებათა კოროლარიებს ჩვენ დეტალურად ვაწყობთ წიგნში: „ცხოვრება როგორც ესთეტიური ფენომენი“, სადაც ვარღვევთ სილოგიზმის აქსიომებს“. (გვ. 131).

   ასე რომ, ამ წიგნში მოთავსებული განცხადების დასაბუთებას მეორე წიგნის გამოსვლამდე უნდა ვუცადოთ. საუბედუროდ ამ განცხადების ტექსტში შეპარულია ერთი ისეთი შეცდომა, რომელიც მცოდნის თვალში ძალიან ამცირებს მომავალი გამოკვლევის ღირებულებას. ავტორი აცხადებს, რომ ის არღვევს სილოგისტიკის აქსიომებს. ეს სავსებით აზრს მოკლებული თქმა არის. ფილოსოფიური სისტემების ავტორს უნდა მოეხსენებოდეს ის ანბანური ჭეშმარიტება, რომ აქსიომის დარღვევა შეუძლებელია. თუ ჩვენი შემეცნების ჯაჭვულში თანმიმდევარი გამოყვანის რგოლი გაწყვეტილია და შემაერთებელ ელემენტის როლში აქსიომა გამოდის, თუ აქსიომის აუცილებლობა აღიარებულია, მაშინ არავითარ ახალ თეორიას არ შეუძლია აქსიომის დარღვევა. აქსიომა შეიძლება მოიხსნას, მაგრამ მის ადგილს ახალი აქსიომა დაიჭერს. მეცნიერება, რომლის ცოდნით ჩვენ ვამაყობთ, მთელი თავისი კონსტრუქციით აქსიომების ასეთ ვარიაციას ემყარება, მაგრამ მე არ გამიგონია ვისმეს დღემდე რიცხვის თეორიის, ან და გეომეტრიული პოსტულატების აქსიომების „დარღვევის“ შესახებ სერიოზულად ელაპარაკოს. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად თანამედროვე აქსიომატიკიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ მე პატივცემულ კაპანელს ვერ დავავალებ აქსიომატიკის „ინტელექტუალიზმის“ ცოდნას, მაგრამ მან, როგორც ფილოსოფიური წიგნის მწერალმა, კარგათ უნდა იცოდეს სამგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი გეომეტრიის აქსიომათა ბედი. ლობაჩევსკის, რამანის, ლის და სხვების გეომეტრიებმა რათ ვერ „დაარღვიეს’ ევკლიდეს გეომეტრია? იმიტომ რომ, გეომეტრიული შემეცნების ასაშენებლად ყველა შემთხვევაში აუცილებელი დარჩა აქსიომა და აქსიომის „დარღვევა“ შეუძლებელი საქმეა. რამდენიმე საუკუნე კაცობრიობა ერთადერთ გეომეტრიას იცნობდა, დღეს კი სხვა და სხვა გეომეტრიათა რიცხვი უთვალავია, მაგრამ ერთი მეორეს ვერ არღვევს იმიტომ, რომ ყოველგვარი გეომეტრია აქსიომატური მეცნიერება არის.

  უნდა დაგვერწმუნოთ, პატივცემულო კონსტანტინე, რომ აქსიომის დარღვევა შეუძლებელი საქმეა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შემეცნების საერთო პირობა უნდა დაგერღვიათ. ეს ძალიან ახირებული საქმე იქნებოდა, თუმცაღა ორგანოტროპიზმი არც აქ დაიხევს უკან, რადგან მისი ავტორის პირით მან განაცხადა:

 „საროსკიპოში ვინც შედის საკუთარი პრინციპით, მას დარჩენია მხოლოდ შეებრძოლოს უზნეობას, მაგრამ რასაც ჩვენ უზნეობას ვეძახით, ვაი თუ უდიდესი ჭეშმარიტი ზნეობა არის“ (გვ. 165).

  ორგანოტროპიულ გონებას თუ ამდენი აქსიომატიური განსჯის უნარი არ აქვს, რომ განსაზღვრული დროისა და პირობისათვის ზნეობა და უზნეობა გაარჩიოს, მაშინ მართლაც რომ ძნელია ჩვეულებრივი გონებისთვის შეკამათება. ეს ხომ რაღაც საზღაპრო ინდეფერენტიზმია ყოვლის შემძლე და უცნობ მდგომარეობის მიმართ და გასაკვირია რათ სჭირდება ორგანოტროპიზმს მარქსიზმთან რაღაც ნათესაური კავშირის მონახვა. მარქსიზმი ხომ არამც თუ ზნეობასა და უზნეობას ერთი მეორედან არჩევს, არამედ მთელ ისტორიულ ფორმაციას, სახელმწიფოს და საზოგადოებას გარკვეულად ეუბნება: „მე ვიცი შენ სიკვდილისა და განადგურების ღირსი ხარო“.

ბ. აზროვნების დიალექტიკური ფორმები და ინტელექტუალიზმი.

   უცვლელი ამა ქვეყნად არაფერია და არც აზროვნების ფორმალ-ლოგიკური პრინციპები დარჩებიან უცვლელად, ხოლო ორგანოტროპიზმი არ იძლევა არავითარ საბაბს იმისა, რომ ისინი მალე შეიცვლებიან. ის ამბავი, რომ modus barbara, რომელიც არავითარი ჯადოსნობა არ არის, არამედ ყოვლად უბრალო ნორმალური სახე ყოველივე კანონისა, როდისმე ორგანოტროპიული კოროლიარებით შეიცვლება, ჯერჯერობით დაუმტკიცებელი დარჩა. ამის დასამტკიცებლად ფსიქოლოგიზმისა და სუბიექტიური რელატივიზმის უსაფუძვლო სიტყვები კი არ არის საკმარისი, არამედ ჩვენი აზროვნების შესაძლებლობის უმაღლესი რეგიონების განხილვა.

  მსჯელობის შემსრულებელი აზრის მიერ სილოგიზმის მოხდენა სავსებით არ ამოწურავს აზრის ბუნებას სერთოდ. არამც თუ სილოგისტიკა, არამედ ლოგიკური მოსაზრებების მთელი ის ნაწილი, რომელიც ფორმალურ ლოგიკაში განიხილება, არ შეადგენს ჩვენი აზროვნების ერად ერთ დამახასიათებელ თვისებას. აზროვნებას აქვს სულ სხვა და ამათზე უფრო მაღალი ატრიბუტები და ვისაც აზროვნების ფორმების რეფორმა სურს მოახდინოს, მან ამ ძველის ძველ შემჩნეულ მაღალ ფორმებს უნდა გაუწიოს ანგარიში.

  დისკურსიული ანგარიშების მწარმოებელი ინტელექტი გაშორდება თუ არა შემოფარგლულ და დაბოლოვებულ თვალთახედვის არეს ე. ი. მოექცევა თუ არა დაუბოლოვებელი აზრის ორბიტაში, ის ხელად იქცევა დაუბოლოვებელ ანუ დიალექტიკურ გონებად. ფორმალ-ლოგიკური გონება გვაძლევდა საშუალებას განგვეხილა მყარი მდგომარეობა რომელიმე საგნისა,—საგანი როგორც გაჩერებული და განსაზღვრული ობიექტი. მაგრამ მის ფორმებს არ აქვს საშუალება განიხილოს საგანი მოძრაობის და განვითარების პროცესში. ფორმალ-ლოგიკურ გონებას არ ევალება მოახდინოს არც წარსულის პრეზენტაცია და არც მომავლის გამოანგარიშება. ყველა ეს დიალექტიკური გონების საქმეა. ორივე ფორმა გონებისა ისევე აუცილებელი ნაწილებია ერთი მეორისა, როგორც დაბოლოვებული და დაუბოლოვებელი. თუ აზრმა კონკრეტულად და სტატიკურად ვერ განიხილა საგანი, ის მაშინ თავის დღეში ვერ მოგვცემს გამოცალკევებული მთლიანობის შემეცნებას და კოსმიურ კალეიდოსკოპად გადაიქცევა; მეორე მხრივ, თუ მან ცალკეული მთლიანი ერთი მეორეს ვერ გადააბა და ის საერთო განვითარების პროცესში ვერ ამოიკითხა, ის მაშინ აივსება ერთი მეორესაგან დამოუკიდებელი ნაგლეჯებით და ვერ მიაღწევს ვერავითარი კანონიერების და აუცილებლობის იდეას ვერც ადამიანთა და ვერც ბუნების ისტორიაში. დიალექტიკური გონება აკეთებს ამ უკანასკნელ საქმეს და ამით ის იქცევა განვითარებისა და მოძრაობის გონებად. და რადგანაც კერძო საგანი ნაწილია საერთო საგანთა ჯაჭვეულისა, რადგანაც მყარი კერძო შემთხვევაა მოძრაობისა, ამიტომაც სტატიკური ფორმები გონებისა კერძო შემთხვევა და ნაწილია დიალექტიკური ანუ დაუბოლოვებელი აზრისა.

  ამიტომაც არის, რომ ფორმალ-ლოგიკური ატრიბუტები სავსებით არ ეწი- ნააღმდეგებიან დიალექტიკურ ლოგიკას. ის ამის მონაწილეა და არა მოწინააღმდეგე. ეს უკანასკნელი პირველისათვის საფუძველი და ნავსაყუდელია და არა მომსპობი. ერთი და იგივე კანონები ამოძრავებენ ორივეს. სწორედ ამიტომ უდიდესი მეცნიერული აღმოჩენები ჩვენი აზროვნებისა ამ დიალექტიკური კანონის ქვეშ მიმდინარეობდნენ: დიფერენციალური აღრიცხვა პირველად იმ მოსაზრებიდან აღმოაჩინა ლაიბნიცმა, რომ დაბოლოვებულის კანონები ტრიალებენ დაუბოლო- ვებელშიაცო და ჩვენი დროის ზუსტი მეცნიერება განვითარდა იმ პრინციპიდან, რომ დაუბოლოვებელში მოთავსებულია დაბოლოვებულის საფუძველი. ე. ი. ფორმალური ლოგიკის საფუძველი მოთავსებულია დიალექტიკური ლოგიკის რეგიონებში. —ვინც ასე არ მიუდგება საკითხს ის ლოგიკის მაგივრად ქარის წისქვილებს ებრძვის, ან და უკეთეს შემთხვევაში საკუთარ თავში შემუშავებულ წარმოსახვას.

   მერმე იმ ახალმა ფილოსოფიამ, რომელსაც ჩვენ ამ წერილში განვიხილავთ გაუწია თუ არა ანგარიში ზემოთ მოყვანილ საქმის მდგომარეობას? ის ინტელექტუალიზმთან ბრძოლის დროს შეეხო თუ არა ინტელექტუალიზმის მთავარ სიმაგრეს ე. ი. დიალექტიკურ გონებას. საუბედუროდ ორგანოტროპიზმი ერთი სიტყვითაც კი არ შეხებია ამ საქმეს. მან ლოგიკასთან ბრძოლა გრამატიკის საშუალებით აწარმოა, სწორედ ამიტომ თვით ლოგიკა ე. ი. დიალექტიკური ლოგიკა, ეს საფუძველი აზრის ყოველივე ლოგიკური მოსაზრებისა, მთელი თავისი ციხე-სიმაგრეებით ხელუხლებელი დარჩა. და ორგანოტროპიზმის რიხიანი განცხადებანი მას სავსებითაც არ შეხებია. ინტელექტუალიზმის გასანადგურებლად ის კი არ არის საკმარისი, რომ თქვენ, შედეგით თუ უშედეგოთ, პრედიკაციას შეებრძოლოთ წინადადებაში, – ეს გრამატიკის საქმეა, არამედ ის, რომ თქვენ არარაობად აქცევთ დაუბოლოვებელი, ანუ დიალექტიკური გონების რეგიონებს. აი, მაგ. ჰეგელის დიალექტიკის ენით რომ დაველაპარაკოთ ორგანოტროპიზმს: ჩვენ მივიღებთ ორგანოტროპიზმს და ანტი-ინტელექტუალიზმს მაშინ, როდესაც ორგანოტროპიზმი დაგვიმტკიცებს, რომ დაუბოლოვებელი სიმცირისა და სიდიდის გადასასვლელ საზღვრებზე რიცხობრიობა არ გადადის თვისობრიობაში, ან ამ შემეცნების გაგრძელების სფეროში არ იწყება აქტუალურად დაუბოლოვებელის არსებობის პრობლემათ წამოჭრა და სხვ. თუ ორგანოტროპიზმი დიალექტიკური გონების, ამ უმაღლეს რეგიონებს მოხსნის და მის ადგილას „სიტყვის გასაჭირში გამოთქმის ინტონაციას“ დასტოვებს და თანამედროვე მათემატიკა მაინც ისე დარჩება როგორც არის – მაშინ ორგანოტროპიზმი მისაღები საქმე იქნება. საბედნიეროდ ჯერ ეს არ მომხდარა და ის რაიც პატივცემული კონ. კაპანელის წიგნში ინტელექტუალიზმის წინააღმდეგ გაკეთებულია, მე მომაგონებს იმ ახირებულ კაცს, რომელსაც სურდა გაენადგურებინა მანქანური წარმოება, ამ მიზნით მან დაამტვრია ყველა საქართველოს გლეხების ოჯახებში არსებული ურმები და დარწმუნდა, რომ ქვეყნად მანქანა აღარ არსებობს; ამ ბედნიერ მოქალაქეს ქ. ნიურბერგში დიზელის ქარხნის და ესსენში კრუპპის ქარხნის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი გაეგონა.

  ორგანოტროპიზმი უპირველეს ყოვლისა თავის თავს ახასიათებს როგორც ანტიინტელექტუალიზმი. მას სძაგს ჩვენი დისკურსიული გონების ანგარიშები და კანონები, მას სურს შეიქნას შემთხვევითობის აპოლოგიად. მისი ავტორი გვარწმუნებს, რომ დასაბამის საკითხში არც თეოლოგები[2] და არც გოეთე, არ იყვნენ სწორნი. მისი აზრით პირველ დასაბამში განცდა ყოფილა.[3] ძალიან კარგი, მაგრამ განცდითვე რომ არ ამოიწურება შემეცნების გაშლა და გასაქანიც? ორგანოტროპიზმის სუბიექტივისტური რელატივიზმი ასეთ რაიმეს უნდა ამტკიცებდეს; ჩვენი ავტორი რამოდენიმეჯერ იმეორებს ამას, მაგრამ მას შემდეგ, რაც კაცობრიობის აზროვნებამ ლაიბნიცის ზეგავლენა განიცადა, ასეთი ახირებული აზრის შენარჩუნება შეუძლებელი საქმეა და ორგანოტროპიზმი, გვერდი რომ აუხვიოს ინტელექტუალიზმს, ვოლუნტარიზმის გაშლილ მკლავებში ნახულობს ნავსაყუდელს. კონ. კაპანელი გვასწავლის: „ჩვენი საუკუნე ინტელექტის მაგიერ ნებისყოფას აქცევს ყურადღებას: ინტელექტის პერიოდი ისტორიაში ტრაგედიის და შეუთანხმებლობის პერიოდია: ყოველთვის, როდესაც ადამიანი ნებისყოფას უმორჩილებს გონებას, იწყება უბედურება ადამიანის ყოფისა“.[4] — დასამტკიცებელი ფაქტი: ჰამლეტს რომ ნებისყოფა გონებისათვის არ დაემორჩილებინა, ის ბედნიერი იქნებოდა. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი არგუმენტაციით ანტიინტელექტუალისტური ფილოსოფია აშენდეს. უპირველეს ყოვლისა, ის განცხადებაც ჭეშმარიტებას მოკლებულია, რომ ჩვენი საუკუნე ნებისყოფის პრიმატის საუკუნე იყოს, პირიქით, ისეთი ინტელექტუალისტური და რაციონალისტური საუკუნე, როგორც ჩვენი, ისტორიას ჯერ არ ჰქონია. ჩვენი დრო დაუსრულებული სისწორით ანგარიშობს ყველა თავის ისტორიულ თუ საერთო კულტურულ ნაბიჯს, ანგარიში კი ინტელექტის საქმეა და ჩვენ ჯერ არაფერი გვსმენია მოანგარიშე ნებისყოფის შესახებ.

  თანამედროვე კულტურული საქმიანობის სათავეში მატერიალური კულტურის წარმოება სდგას, ეს უკანასკნელი კი დაყრდნობილია სწორ და ხაზგამართულ ანგარიშებზე და სწორედ ამ ანგარიშების ფილოსოფიური ანარეკლი არის ინტელექტუალიზმი. ჩვენი დროის ყოველივე ჯანსაღი მოვლენა უსათუოდ ინტელექტუალიზმია. სოციალიზმი უაღრესად ინტელექტუალური დოქტრინა არის, მარქსიზმი აი – უკანასკნელ დასკვნამდე მიყვანილი ინტელექტუალიზმი. მარქსიზმს მაგ. ბურჟუაზიული სოციოლოგია იმაში დებს ბრალს, რომ მას ნებისყოფის მომენტი აკლია, რომ ის მშრალი ინტელექტუალიზმია და სხ. ავტორიტეტის დასახელება საჭირო არ არის, რომელ ბურჟუაზიული სკოლის დიდ მწერალსაც არ აიღებ, ამ ამბავს იქ უსათუოდ ნახავ. რევიზიონისტები სწორედ ნებისყოფის მომენტის შეტანას ცდილობენ მარქსისტულ მსოფლმხედველობის შენობაში. რევიზიონისტების ცდა მარცხით დამთავრდა და არ მგონია, რომ ორგანოტროპიზმის ცდამ ამ მიმართულებით რაიმე გააკეთოს.

  დღემდე კაცობრიობის აზრის განვითარების ისტორიაში ნებისყოფის მეტაფიზიკის პაროლით ყოველთვის უკანსვლა დ რეაქცია შემოსულა დ არ გვგონია, რომ ორგანოტროპიულმა ნებისყოფამ აქ რაიმე ახალი გვითხრას. ნებისყოფა უძლურია ინტელექტთან ბრძოლაში, უძლურია იმიტომ, რომ მას არ შეუძლია ის გააკეთოს, რასაც ინტელექტი აკეთებს, მას არ შეუძლია იანგარიშოს, გამოიყვანოს, დაასკვნას, ის ვერ მოგვცემს ჩვენი დროის მათემატიკისა და ფიზიკის დასაბამს, თუ ეს არ გვექნა — არ გვექნება ტექნიკა, ტექნიკის პროგრესის უქონლობა კი ეკონომიის საფუძვლების დანგრევას მოასწავებს და სხ.

  მე არ მინდა უარვყო ის ფაქტი, რომ ადამიანთა ისტორიაში არის მომენტი, როდესაც ნებისყოფა (მეტნაწილად მასიური) შემომქმედის როლში გამოდის. ეს არის რევოლუციური ეპოქები, მაგრამ ორგანოტროპიზმს არ სურს მარტო რევოლიუციის ფილოსოფია იყოს (ამაზე ერთი სიტყვასაც არ ამბობს მისი ავტორი), არამედ მას სურს იყოს თეორია ყველა კოსმიური თუ სოციალური მოვლენების მიმართ. ამ ფართო და სახიფათო ასპარეზზე ნებისყოფის გამოსვლა კი უსათუოდ ღმერთთან მიგვიყვანდა სათხოვნელად. იქ კი, სადაც ღმერთის ამბავი იწყება, ჩვენ გონებას და მასთან ერთად ჩვენ მეცნიერებას საქმე აღარ აქვს. ამისათვის სავლელი და სამოქმედო გზა იმთავითვე აღკვეთილია.

  • რა არის თვით ორგანოტროპიზმი.

  ჩვენ აქამდე ორგანოტროპიზმის საერთო მეთოდოლოგიური საფუძვლების შესახებ ვილაპარაკეთ, ახლა კი უნდა შევეხოთ ორგანოტროპიზმს, როგორც მთლიან მსოფლგაგებას, როგორც სისტემას და ფილოსოფიურ კონცეპციას. მისი ავტორი გვარწმუნებს რომ ეს სიტყვა მის მიერ არის პირველად ხმარებული, ჩვენ ამის საწინააღმდეგოთ არაფერს ვიტყვით.[5] სიტყვა შეიძლება ახალი იყოს, მაგრამ საკითხავია თუ რამდენად ახალია თვით საქმე?

  მეცნიერული მსჯელობისათვის უცხო, პოეტური ფერებით გალამაზებული და ამიტომ მეცნიერული მოხმარებისათვის ბევრჯერ ბუნდოვანი სტილით მო- გვითხრობს ავტორი, რომ წუთისოფელში არაფერი არ არსებობს დამოუკიდებლად და თავისთვის. ყოველივე არსებობას აქვს რაიმე დამოკიდებულება სხვა არსებობასთან და არის მისგან დამოკიდებული და განსაზღვრული. ერთი მდგომარეობა ახდენს მეორეზე გავლენას, იცვლება და სცვლის მასთან ახლოს მყოფს და ეს ცვალებადობა იქცევა შემოქმედებით ურთიერთობად. მდგომარეობა შემოქმედობს არსებობაზე. „შემოქმედებით ურთიერთობას, მდგომარეობასა და არსს შორის, რომელიც სამყაროს ყოველ კუთხეში თავისებურია, ჩვენ ვეძახით ორგანოტროპიზმს“ (გვ. 20) სწორედ ამიტომ არ არსებობს არავითარი ჭეშმარიტება, არავითარი სავალდებულო ნორმა, არავითარი გონების აუცილებელი კატეგორია; ქვეყნიერების ყველა კუთხეს თავისი საკუთარი ჭეშმარიტება, საკუთარი აუცილებლობა და საკუთარი კანონიერება ახასიათებს. თვით უნივერსი და წუთისოფელი დაკუთხულია და კუთხობრივი თვალსაზრისი ბატონობს ყოველგან და ყოველთვის. რაციონალიზმი და ინტელექტუალიზმი იმიტომ არის უაზრო ბოდვა, რომ მათ ყველასთვის სავალდებულო ნორმა და ჭეშმარიტება სურთ გამოიგონონ. წუთისოფლის ყველა კუთხეს თავისი ჭეშმარიტება და თავისი ნორმა აქვს; ყველასთვის კი არა, ერთიდან მეორე კუთხემდე სავალდებულო ნორმის შესახებაც ზედმეტია ლაპარაკი.

  ერთი სიტყვით ფიზიკური მაგალითით ორგანოტროპიზმის დასაბუთება ისეთივე მოუხერხებელი ცდა არის, როგორც კაპანელის სურვილი აინშტაინის სახელის მრავალჯერ გამეორებით რელატივობის თეორია თავის რელიტივიზმს დაუნათესავოს. ამ ორ ამბავს შორისაც მხოლოდ სიტყვების ბგერათა ნათესაობა არსებობს, სხვა კი არაფერი.

  ათასჯერ უფრო ნაყოფიერი იქნება თუ ორგანოტროპიზმს მის კანონიერ წინაპარს ძველ და ახალ ფილოსოფიურ რელატივიზმს შევადარებთ და კრიტიკის ცენტრსაც აქ გადმოვიტანთ.

 რას გვასწავლიან ყველა დროის რელატივისტები? თითქმის იმას, რასაც ორგანოტროპიზმი გვასწავლის, მხოლოდ გამოთქმის საშუალება შეცვლილა. ბერძნების გენიალურ ლოგიკური სოფიზმების, ინგლისელების წმინდა ფსიქოლოგისტურ, მახის ბიოლოგიურ და ავენარიუსის საკუთარ ენისა და გამოთქმის მაგიერ, კაპანელის ორგანოტროპიზმში მოცემულია სოციალურ-ისტორიული თქმის ბადეში გახვეული რელატიური მსოფლგაგება, ეს გადახრა ისტორიისაკენ, ეს ბიოლოგიის ფაქტების სოციალურ ღირებულებებში გათქვეფა, რასაც ორგანოტროპიზმში ვნახულობთ, გასაკვირი აღარ არის იმ კოლოსალურ გავლენის შემდეგ, რაიც ახლო წარსულში ოსვალდ შპენგლერის ისტორიოსოფიამ პოეტურად განწყობილ და რელატივისტურად მოაზროვნე ხალხზე იქონია. კაპანელსაც თავის წიგნის საუკეთესო ადგილებში უაღრესად ემჩნევა შპენგლერის სტილის გავლენა. მე არაფერს იტყვი შპენგლერის იდეების გავლენაზე, რადგან ამ იდეების სესხება შპენგლერიდან საჭირო არ იყო. აზროვნების ისტორიას ის შპენგლერზე უწინ ჰქონდა. შპენგლერში მთავარი მისი გამოთქმის ხერხია და ეს ხერხი ხშირად არ ღალატობს არც კაპანელს. ალაგ-ალაგ გგონია, რომ შპენგლერს კითხულობ, ასე მაგ. 97-ე გვ. ევკლიდეს გეომეტრიის შესახებ გამოთქმული აზრი და ის ამბავი, რომ სოკრატეს დროის ბერძნები 1-სა და 3-ს მხოლოდ ერთ რიცხვს, სახელდობრ 1-ს იცნობდნენ, ოსვალდ შპენგლერის ორიგინალობის ნაყოფია, შეიძლება ეს გარეგნული მსგავსებაც იყოს. მაგ. შპენგლერის ნათქვამს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს კაპანელის თქმა: „ძველ ეგვიპტეში გეომეტრია თავისი დანიშნულებით იყო სოციალური, საშუალო საუკუნეში ფეოდალური, ახალ დროში – ბურჟუაზიული“ (გვ. 215). (სხვათა შორის საშუალო საუკუნეს არავითარი გეომეტრია არ ჰქონია, მხოლოდ მე-13 საუკუნეში არაბმა მათემატიკოსმა ნასირ ედინმა დასწერა ერთი გეომეტრიული გამოკვლევა, რომელიც მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ ევკლიდე მართალი არისო).

   თუ რამდენად ჭეშმარიტია ეს გადაჭარბებული ისტორიციზმი და სოციოლოგიური რელატივიზმი ამას ვნახავთ ორგანოტროპიზმის მარქსიზმთან შედარების დროს, აქ კი რელატივიზმის ფილოსოფიურ უსაფუძვლობასთან გვაქვს საქმე.

  რელატივიზმის მთავარი ნაკლი არის მისი თვალსაზრისის სიმოკლე. ის თავის სამოქმედო ასპარეზს რაიმესადმი უპირატესობის მინიჭებით იწყებს და ათავებს. მას ყველა მოვლენა მეტ ნაწილად ფსიქიურ აქტებში ევლინება, ყველაფერზე ადამიანის თვალსაზრისია გამეფებული და რადგანაც ეს ადამიანის თვალსაზრისი და ცოდნა ერთობ მერყევი და ცვალებადია, ან და კიდევ ის საერთოდ უარყოფს ობიექტური ანუ საგანთა ქვეყნის კანონიერ შემეცნების შესაძლებლობას. ასე განვითარდა რელატივიზმი ისტორიულად, ასეთია ეს სისტემატიური თვალსაზრისითაც.

  ამის საუკეთესო მაგალითია ორგანოტროპიზმის ის ადგილი, სადაც კაპანელი ანტიკურ რელატივისტებისა და სკეპტიკოსების მსგავსად უარყოფს საგნის კანონიერი შემეცნების შესაძლებლობას და აქედან, ცხადია, საკითხი ისმება საგნის არსებობის შესახებაც. „შეიძლება კაცი დაეთანხმოს დროებით იმ აზრს,— ამბობს კაპანელი,– რომ საგანი არსებობს მანამდე, სანამდე ჩვენ მას შევიცნობთ, მაგრამ არავითარი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მიერ შეცნობილი საგანი ისეთია, როგორც ჩვენ შევიცნობთ“ (იხ სული და იდეა, გვ. 70). ეს აზრი მკაფიოდ არის გამოთქმული, ის მარტო ორგანოტროპიზმის ავტორს არ ეკუთვნის, იმას იმეორებს სუბიექტივისტური ფსიქოლოგიზმი და იდეალიზმი დღიდან თავის გაჩენისა.

  ამისვე წინააღმდეგ ილაშქრებს ფილოსოფიური კლასიციზმი, რომელიც ფილოსოფიური რეფლექსიის პირველ დაწყებიდანვე ჩვენს მიერ შეცნობილ საგანსა და ნამდვილ საგანს შორის ნაწილობრივ, თუ სრულ იგივეობას უშვებს. სპინოზა იყო იგივეობის პრობლემის დიდი კლასიკოსი და მან ამ პუნქტში გააერთიანა  ობიექტურ-ლოგიკური იდეალიზმი და რეალისტური მატერიალიზმი. სწორედ ამ მოსაზრებით მიაჩნდა ფრ. ენგელს სპინოზა შემდგომი რეალისტურ-მატერიალისტური ფილოსოფიის მამამთავრად, ხოლო პლეხანოვი მატერიალიზმის სხვა და სხვა სკოლებს სპინოზიზმის სხვა და სხვა სახეებს უწოდებდა.

  მხოლოდ სუბიექტივისტური ფსიქოლოგიზმი ვერ ინელებს იმ აზრს, რომ ჩვენი შემეცნება ცდუნება და გზის აბნევა არ არის, არამედ როგორც კანონიერებაზე აშენებული ფენომენი. ორგანოტროპიზმის რელატივისტური ფსიქოლოგიზმი იმდენად ძველია, რომ მის მიერ წამოყენებული საკითხების სრული გამოშუქება ანტიკური რელატივიზმისა და სკეპტიციზმის არგუმენტების განხილვით შეიძლება.

  როცა ძველი საბერძნეთის ჯანსაღი სხეული სოციალურმა უკუღმართობამ და კლასთა ბრძოლამ საგრძნობლად დაასნებოვნა, როცა ძველი ბერძენის მსოფლმხედველობაში ცენტრალური ადგილი დაიკავა სოციალურმა და აქედან ეთიკურმა საკითხმა, როცა საბერძნეთი სულიერად დაავადმყოფდა, სწორედ მაშინ წარმოიშვა იქ პროტაგორას რელატივიზმი, რომელიც სხვას კი არაფერს ამბობდა გარეშე იმისა, რომ ადამიანი და მისი ყოფა საფუძველია ყოველივესი; და რადგანაც ადამიანის ცოდნა და საფუძვლიანობა მერყევი და ცვალებადია, ამიტომ დროული, გარდამავალი და მერყევია მის მიერ შეცნობილიც და გაკეთებულიც. მთელ ამ დროს ახასიათებს საშინელი რეაქცია ბუნებისმეტყველებისა და სწორი ცოდნის მიმართ. თუ რამდენად მძაფრი იყო ეს რეაქცია იქიდანაც სჩნას, რომ სოკრატე პლატონის ერთ დიალოგში ერთი ძველი სახელგანთქმული ბუნებისმეტყველის შესახებ ამბობს, რომ იქ ქვების ამბების გარდა არაფერი სწორია და იქ ჭკუა არ ისწავლებაო.

  ამასვე მოგვითხრობს ჩვენი ორგანოტროპიზმი მხოლოდ გამოთქმისა და პრობლემისადმი მიდგომის პოზა შეცვლილია. როგორც იქ, ისე აქ მსოფლმხედველობა ემყარება ადამიანის თვალსაზრისს და მის ფსიქიურ შესაძლებლობას. უარყოფილია თვით რეალობის პრობლემა, რადგანაც რეალობაც იმდენ ხანს არის რეალობა, რამდენ ხანსაც მას ადამიანი განიცდის. აქედან, რასაკვირველია, არავითარ გაკვირვებას არ იწვევს ორგანოტროპიზმის მიერ ფსიქოლოგისტებიდან და წინამორბედი რელატივისტებიდან ნასესხები ფორმულა, რომელიც ამბობს, რომ ყველა თეორიული ჭეშმარიტების, თუ სხვა ფილოსოფიური პრობლემის უკანასკნელი გადაჭრისათვის კომპეტენტური მეცნიერება ფსიქოლოგია არის, სხვა კი მოჭორილი ამბავიაო. ასეთ მტკიცებაში მოქცეული ლოგიკური შეცდომა კრიტიკულად მოაზრე მკითხველისათვის თავისთავად ცხადია. ორგანოტროპიზმი ვერ ხედავს პრობლემის სიფართოვეს და სიღრმეს. მისი თვალსაზრისი ჰგავს იმ ახირებული ქიმიკოსის თვალსაზრისს, რომელსაც ბრილიანტი მხოლოდ ქვანახშირის ერთი სახე ჰგონია და სხვა არაფერი. ქიმიკოსი, როგორც ქიმიკოსი მართალია, ბრილიანტი მართლაც ქვანახშირია. ის ქიმიაში სწორედ ასე უნდა განიხილოს, მაგრამ ამით არ ამოიწურება მისი დანიშნულება, ის მეტია ვიდრე ქვანახშირი. მაგ. კრისტალოგიაში ის არის უმაგრესი ქვა, დედაკაცისათვის სილამაზისა და კოპწიაობის გამომხატველი საგანი, ეკონომიაში ღირებულებათა საზომი და სხვ. და სხვ.

  ასეთივეა ჩვენი შემეცნებაც, მართალია რომ მისი პირველი საფუძველი და დასაწყისი ფსიქიურ აქტში უნდა გადაიშალოს, მაგრამ როგორც ბრილიანტი მარტო ქვანახშირის ქიმიური თვისებებით არ განისაზღვრება, ასე არ შეიძლება ჩვენი შემეცნების ფსიქიურ პროცესებად და გენეზისებად დაშლა. ის ყოველთვის მეტია და სხვაა, ვიდრე ის ნიადაგი, საიდანაც ის პირველ ჩასახვაში წარმოშობილა. ორი და ორი ხომ ოთხი არის, ესეც უსათუოდ საერთო ეკონომიურ განვითარებისა და ფსიქიკის განსაზღვრულ ორგანიზაციის ზეგავლენით გაიგო პირველყოფილმა საკაცობრიო კულტურამ, მაგრამ დღეს ჩვენი გონება უბრალოდ აპრიორულად იხმარს ამ ჭეშმარიტებას და არც ერთ ჭკუაზე მყოფ კაცს აზრად არ მოუვა მის სინამდვილეში სოციალური საჭიროების და ამათი განცდის მიხედვით რაიმე შესწორება შეიტანოს. ორგანოტროპიულ სოციალურ კოროლაციებს დიდი არაფერი აქვთ ამ დარგში სათქმელი და ვინმემ თავის განცდების მიხედვით ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი შეიტანა, ჩვენ მაშინ ფილოსოფიას დავეთხოვებით და ამ კაცს ფსიქიატრიული კლინიკისაკენ წავიყვანთ.

  ორგანოტროპიზმის პირველი ნახევარი, ის რომ არსებობასა და მის გარშემო მყოფ მდგომარეობასთან კორელატიური კავშირი არსებობს სწორია, მაგრამ მისი მეორე ნაწილი, რომ ეს ზეგავლენა „დაკუთხულია“ და მასში არავითარი კანონიერება და ვალდებულება არ არსებობს, მცდარი ამბავია. პირველი ნაწილი საერთოდ სწორია, მაგრამ გნოსეოლოგიურად მაინც უკმარი. კ. კაპანელი გვასწავლის, რომ ის ურთიერთობა შემოქმედებითი ხასიათის არისო. სწორედ ეს შემოქმედება არის ძალიან საეჭვო საქმე და თან იმ იდეალისტებიდან ნასესხები ცნება, რომლებსაც ასე ებრძოლებოდა ორგანოტროპიზმი. ეს შემოქმედების აზრი აქ იმიტომ გამოდის ასპარეზზე, რომ ორგანოტროპიზმი, მიუხედავად მისი სოციალობაზე ბევრი ლაპარაკისა, მაინც სუბიექტივიზმია. ადამიანური სუბიექტია ის, რაც ამ სისტემაში ცენტრალურ ადგილზე დგას. ასეთი აზრების აწყობაში ყველაზე უფრო გაუგებარი ჩემთვის ის გარემოება არის, რომ ორგანოტროპიზმის ავტორი მის მიერ გნოსეოლოგიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის მიუხედავად, უეცრად საკუთარი გნოსეოლოგიის ჩამოყალიბებას იწყებს და სწორედ ისე, ვითომც მის მიერ ათვალწუნებული რომელიმე გერმანელი გნოსეოლოგი.

 კაპანელი გვასწავლის, რომ ჩვენს მეობას აზროვნების დაწყების დროს საგანში რყევა შეაქვს და ჩვენი შემოქმედების ზეგავლენით საგანი იშლება და იქცევა საგნობრიობის დროულ მოდუსადო, „სუბიექტი ქურდულად კი არ შედის თავის ინტუიციით საგანში, – გვასწავლის ჩვენი ავტორი, – არამედ რევოლუციურ სპექტრში ითვისებს საგნის ობიექტივობას, ინტეგრალობას, რომელიც ბოლოს და ბოლოს ორგანოტროპული, სუბიექტური და ილუზორულია, იმიტომ, რომ შემეცნების პროცესი ერთგვარი პოემაა და ამ პოემის მთავარი გმირი ვაჟური ელემენტი მხოლოდ სუბიექტია: სუბიექტსა და ობიექტს შორის ფილოსოფიური დიალოგი რომ გაიმართოს, ობიექტი ეტყოდა სუბიექტს მე ეს მინდა, რაც შენ გინდაო“. (იხ. კ. კაპანელი, გვ. 129). ), აქ მოყვანილი დებულების შინაარსი თავიდან ბოლომდე ის არის, რაც რიხარდ ავენარიუსის პრინციპიალი გლორდინაციის შინაარსი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ავენარიუსი არ იტყოდა ობიექტიურობა ბოლოს და ბოლოს ილუზია არისო. რელატივისტური ფსიქოლოგიზმის დიდმა სისტემატიკოსმა ავენარიუსმა მისცა შემეცნებას ასეთი განუყრელი პოემის სახე. სადაც სუბიექტი არის ვაჟური ელემენტი –  ავენარიუსის ენაზე (Zentralglied) და ობიექტური პასიურ-ქალური (Gegenglied), მათი მთლიანობა კი შემეცნება.

  ამასვე ამბობს კაპანელის მიერ ათვალწუნებული შუპპე და ცოტა შეფარდებით, ამასვე იტყოდა ყველა იდეალისტი და სუბიექტივი. კაპანელს აქ ორგინალობა არ ეკუთვნის, ხოლო ორიგინალური ის არის ორგანოტროპიზმში, რომ მისი ავტორი სიტყვებში და განცხადებებში გერმანელ გნოსეოლოგებს ლანძღავს, მაგ. შუპპესა, ხოლო როდესაც თავისი სწავლისათვის პრინციპი სჭირდება, ამას შუპპესა და მისი უფროსი ავენარიუსიდან სესხულობს.

  მთელ ნააზრევს, საერთოდ აღებული, ძალიან ემჩნევა ფრანგი ფილოსოფოსი A. Fouillee და მისი ერთგული მოწაფის J. Guyau ზეგავლენა, როგორც გიუიოს იდეალისტური ევოლუციონიზმი ცდილობს რეალობა ინდივიდის და ქვეყნის სოციოლოგიური სინთეზის საშუალებით გამოთქვას ე. ი. ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის ფენომენით ახსნას, სწორედ ასე სწადს კ. კაპანელის ორგანოტროპიზმს იყოს სიცოცხლის ფილოსოფიად და ცხოვრების აზრის ესთეტიკურ ფენომენში გამოთქმით ახსნას სინამდვილის ყოველივე საიდუმლოება, მაგრამ იქ, სადაც დასახელებული ფრანგები ემყარებიან ერთ განსაზღვრულ პრინციპს, მათ ქართველ მიმდევარს სხვისგანაც უსესხებია პრინციპები, რაც ცოტა არ იყოს გაუგებრობის გამომწვევი ამბავია.

  მოკლედ, ორგანოტროპიზმმა გვითხრა და გვასწავლა ის, რასაც იდეალიზმი და სუბიექტივიზმი სამი ათასი წელია გვეუბნებოდა და გვასწავლიდა. მაგრამ იქ, სადაც ორგანოტროპიზმის დასავლეთელი თანამოაზრენი დიდი სისტემატიურობით და საქმეში ჩახედულობით აშენებენ თავიანთ სისტემებს, ორგანოტროპიზმი მოკლებულია სისტემატურობას და პოეტური გამოთქმებით ცდილობს დააკმაყოფილოს მოაზრე მკითხველის მოთხოვნილება. მან ამით ვერ გამოიჩინა სიახლე და ორიგინალობა, რადგანაც დღეს იდეალიზმის ბანაკი უკვე სდუმს და რეალისტური მსოფლგაგება არის ფილოსოფიური საქმიანობის მორიგი ამოცანა.

  • ორგანოტროპიზმი და მარქსიზმი

  ერთი თავისებურება ახასიათებს ორგანოტროპისტულ რელატივიზმს: მისი დებულებანი მეტწილად ისტორიის და სოციოლოგიის ტერმინებით არის გამოთქმული. ნამდვილად ამიტომ ჰგონია მის ავტორს, რომ მისი სწავლა მარქსიზმის და ბიოლოგიზმის შეერთებაა. ფილოსოფიურ საქმეებში ჩახედული მკითხველისათვის კი თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ორი ჰეტერონომიული და მოურიგებელ პრინციპებზე აშენებული სწავლა, როგორიც არის ორგანოტროპიზმი და მარქსიზმი. მე არაფერს ვიტყვი წმინდა გნოსეოლოგიურ მეთოდოლოგიურ სხვაობაზე, რაც მათ შორის არსებობს – მარქსიზმი აშენებულია დიალექტიკურ ინტელექტუალიზმზე, ხოლო ორგანოტროპიზმი ინტუიტიურ განცდაზე.

 მე მინდა აქ იმაზე ვილაპარაკო, რომ ამ ორი სწავლის მიერ ისტორიული კანონების გაგება და შეფასება დიამეტრიულად ერთი მეორეს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. პირველ შეხედვით, მათ დებულებებში ვითომც არის რაღაც საერთო, მაგრამ ეს არის მხოლოდ გარეგნობა. ნამდვილად ამ გარეგნობამ გადააცდინა სეით დევდარიანი, როდესაც მან გაზ. „კომუნისტში“ კაპანელის წიგნის შესახებ მოთავსებულ რეცენზიაში ორგანოტროპიზმი მარქსიზმს არამცთუ დაუნათესავა, არამედ პირდაპირ გაუთანასწორა. პატივცემულ სეითს უნდა მოვახსენო, რომ ეს ძალიან დაბნეული ამბავია და აი რატომ: ორგანოტროპიზმის ავტორმა თავისი მსოფლგაგების რეზიუმე მოგვცა შემდეგ წინადადებაში: „მიწის ძვრისა, კატასტროფებისა და შემთხვევების წინაშე ლოგიკა თავის სილოგიზმით ისე საცოდავად გამოიყურება, როგორც სოველი ქათამი ქარიშხლის დროს ტრიალ მინდორზე“. აბზაცი რომელშიც ეს დებულებაა მოყვანილი, იწყება სიტყვებით: „ისტორია დემონსტრაციაა კოშმარული შემთხვევებისა, ამორალური გლეჯის გაძღომისა და განდიდებისთვის“ (იხ. გვ. 194).

  თუ პატივცემული სეითი დაამტკიცებს, რომ ამ ორ დებულებას რაიმე საერთო აქვს მარქსის მარქსიზმთან, მაშინ სწორი გითხრათ, მართალი ყოფილა ედუარდ ბერნსტაინი, როდესაც ამბობდა, რომ მარქსით ყველაფრის დამტკიცება შეიძლებაო. მარქსის მარქსიზმი, როგორც სწავლა და მსოფლგაგება სწორედ ამ ისტორიული შემთხვევებისა და კოშმარების საწინააღმდეგოდ განვითარდა. ორგანოტროპიზმი ისტორიულ ფაქტთა მსვლელობაში უარყოფს ერთ პროცესზე დამყარებულ სავალდებულო კანონიერების განვითარებას. მარქსიზმი კი ამ პროცესის აუცილებლობასა და ვალდებულებაზეა დამყარებული. ორგანოტროპიზმი უარყოფს ისტორიაში მოქმედ სავალდებულო კანონს. მარქსიზმი კი ამ კანონის აღმოჩენას უდრის. ორგანოტროპიზმი უარყოფს კაუზალობას, მარქსიზმი ისტორიული ფაქტის კაუზალური წყების შეცნობას ემყარება. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი. ორგანოტროპიზმი ამბობს: ყოველ ეპოქას, ყოველ ტერიტორიას, ყოველ კუთხეს აქვს საკუთარი სტილი და მეობა; ყველაფერი რასაც ისტორიაში ერთხელ დიდი აზრი ჰქონდა, დღეს ის სისულელეა, დრომ და პირობებმა წაიღეს ეპოქის სული, ცხოვრების აზრი. მარქსიზმი ასწავლის: ისტორიაში არ არსებობს ყველა ეპოქებისთვის სავალდებულო ჭეშმარიტება, ყოველი ისტორიული ჭეშმარიტება მოვლინდება განსაზღვრულ დროსა და პირობებში, ამიტომ ჭეშმარიტება არსებობს როგორც კონკრეტული მოვლენა, ისტორიას არა აქვს ყველა დროისათვის სავალდებულო მორალი, განსაზღვრულ ისტორიულ ეპოქას აქვს თავისი საკუთარი მორალი და სხვ. ეს ორი თვალსაზრისი გარეგნულად ერთი მეორეს ჰგავს; ისინი დამყარებულნი არიან ორ სულ სხვადასხვა პრინციპზე და ამიტომ მოურიგებელია მათი საბოლოო თვალსაზრისიც. მარქსიზმის აზრით, თუმცაღა ისტორიული ფენომენების გარეგანი სახე კალეიდოსკოპური და ცვალებადია, მაგრამ ამ ცვალებადობის და ტრიალის უკან იმალება ერთი ურყევი და შეუდრეკელი კანონზომიერება, ამ კანონზომიერებამ არ იცის არავითარი გამონაკლისი, არავითარ შემთხვევითობებს არ აქვს მასში ადგილი. კაცობრიობის ისტორია დღიდან მასში კულტურის ჩანასახის გაჩენისა მიდის წინ და განიცდის სწორედ რომ აპრიორული კანონის რკინისებურ ზეგავლენას. ის იწყება პირველყოფილი კომუნიზმიდან, გაივლის (აუცილებლად) სხვადასხვა ისტორიულ ფორმაციებს და დაუბრუნდება უკან კომუნიზმს; წინააღმდეგობა, რომელიც ამდენ ხანს ადამიანთა ისტორიას ამოძრავებდა აქ მოიხსნება და დაიწყება ე. წ. ნამდვილი ისტორია. თავის უკვდავ 1859 წლის წინასიტყვაობაში, კ. მარქსმა პირდაპირ გენიალური ოპტიმიზმით გამოთქვა ეს აზრი; კაპიტალისტური ეპოქის დამთავრებით, ამბობს აქ მარქსი, დამთავრდება საკაცობრიო ისტორიის წინა პერიოდი და აქედან დაიწყება კაცობრიობისათვის შესაფერი და ნამდვილი ისტორიაო. მთელი მარქსიზმი წარმოადგენს ამ რკინის კანონის ოპტიმისტურ ძიებას და მის აუცილებლობას ამტკიცებს. ამ წინასიტყვაობის აზრით, ადამიანთა ისტორია დღიდან თავისი გაჩენისა თანდათანობით დიალექტიკური აუცილებლობით ემზადება იმისთვის, რომ გადაიქცეს ადამიანისთვის შესაფერ, ან ნამდვილ ისტორიად, ნამდვილ ისტორიაში ე. ი. კომუნიზმთან მისულ ისტორიაში, ადამიანი იგრძნობს თავს სრულ და თავისუფალ ადამიანად, აქამდე მას ბოჭავდა ისტორიის კანონები, ახლა ის თვით გააკეთებს ისტორიას.

  ასეთია მარქსის მიერ დაწერილი მარქსიზმი. არ ვიცი რა საერთო არის ამასა და იმ კოშმარული შემთხვევის აპოლოგიას შორის, რასაც ისტორიული რელატივიზმი ქადაგებს. ამ უკანასკნელში უარყოფილია ყოველივე კანონი და სავალდებულო განვითარება. აქ ისტორია თავის საქმეს იწყებს, როგორც ეს შემთხვევით დაიწყო, მარქსიზმში კი ისტორია იწყება და ვითარდება ისე, როგორც უნდა დაწყებულიყო და განვითარებულიყო. ფრაზები ისტორიული მორალის ცვალებადობაზე და ჭეშმარიტების არ არსებობაზე, რომ მარქსიზმი იყოს, მაშინ ოსვალდ შპენგლერი უდიდესი მარქსისტი იქნებოდა ამ ქვეყანაზე. პატივცემულ სეით დევდარიანს უნდა მოეხსენებოდეს ის ამბავი, რომ შპენგლერის ორტომიანი წიგნი სწორედ ისტორიის ისეთ დახასიათებას და განმარტებას იძლევა, როგორც ორგანოტროპიზმის ზოგიერთ ადგილებშია მოცემული, გარეგნულად ისიც მარქსიზმს ჰგავს და ესეც, ხოლო იმ განსხვავებით, რომ შპენგლერი თვითონ გარკვეულად გრძნობს, რომ მას მარქსიზმის არაფერი სწამს, ორგანოტროპიზმს კი ჰგონია, რომ ის მარქსიზმით არის გამართლებული.

  ახალი ფილოსოფიური სისტემის ავტორი მგონია უნდა გაერკვეს იმაში, რომ იმისი სწავლის ამოსავალი წერტილი და რომელიმე სხვისის, სულ სხვადასხვა არის. და თუ ეს ასეა მაშინ მარქსიზმი, როგორც სწავლა ჩამოყალიბდა იმ პრინციპებიდან, რაც ორგანოტროპიულ რელატივიზმში იმთავითვე უარყოფილი უნდა იყოს. მარქსიზმი პირმშო შვილი იყო ახალი დროის მეცნიერული მეთოდისა, სწორედ იმ ინტელექტუალიზმის და ნაწილობრივ რაციონალიზმისაც, რაც ასე ათვალისწინებულია კ. კაპანელის წიგნში. ყოველივე მოვლენის და კანონის რიცხობრივ გამოანგარიშებით ახსნა, რაც პირველად ზუსტ ბუნებით მეცნიერებაში შემოვიდა, პირველად მარქსმა შემოიტანა ისტორიის საკითხებში და ამით შეეცადა ისტორიიდან ისეთი მეცნიერება აეშენებინა, როგორიც იყო სხვა მეცნიერებანი. ისტორიაში კლასთა ბრძოლის, როგორც მამოძრავებელი ძალის აღმოჩენა მეთოდოლოგიურად ისეთივე მიღწევა იყო, როგორც ნიუტონის მიერ გრავიტაციის კანონის აღმოჩენა და ისე ემყარებოდა ინტელექტუალიზმს, როგორც ლაიბნიცის დიფერენციალი ქვოციენტი. ფრ. ენგელსი საუკეთესოდ მოგვითხრობ, თუ როგორ ეს ახალი მეთოდი ნელ-ნელა დაეუფლა ცოდნის ყველა დარგს და ბოლოს ის მარქსის მიერ გადატანილი იქნა ისტორიის სარბიელზე, ხოლო დარვინის მიერ ბიოლოგიაში. მეთოდურად ამავე ნაკადს ეკუთვნოდა გერმანული იდეალიზმი და ფრ. ენგელსი საქმის სრული შეგნებით ამბობდა, რომ გერმანიის მუშათა კლასი გერმანული ფილოსოფიის მემკვიდრე არისო. ამას ამბობდა ენგელსი, ხოლო ორგანოტროპიზმი კი გვასწავლის, რომ ამ მეცნიერების და ამ ფილოსოფიის მეთოდიც უვარგისი იყო და მისი შინაარსიცო, შეიძლება ეს ასეა, მაგრამ მაშინ მარქსიზმი იმათი პირმშო შვილიც უვარგისი და ორგანოტროპიზმისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

  და ბოლოს ხომ უნდა გავერკვეთ იმაში, რომ მარქსიზმი მკაცრი ობიექტივიზმია და თუმცაღა ისტორიის ცალკე ფენომენებს ის რელატიურ ღირებულებას ანიჭებს, მაგრამ ყველა ამ რელატივებას ის აგებს ობიექტური განვითარების ერთ დიალექტიკურ ხაზზე, სადაც ყოველგვარი შემთხვევისათვის სავლელი გზა იმთავითვე აღკვეთილია. ისტორიული ეპოქების რელატიური რეფლექსების ერთი მეორეზე გადაჯაჭვა მარქსიზმისთვის იმიტომ არსებობს, რომ აღმოჩენილი იქნას ერთი და ყველა დროისათვის სავალდებულო ისტორიის კანონი, ისტორიული მატერიალიზმი ამ კანონს გამოთქვამს დებულებებით: საწარმოო ძალთა წარმოება საფუძველია ყოველივე ისტორიული განვითარებისა. ორგანოტროპიზმი ამას თუ მოემხრობა, მაშინ მან თავისი საფუძველი უნდა უარყოს, საროსკიპოში პრინციპით შებრძანდეს და იმაშიც უნდა გაერკვეს „ვინ არის მართალი“. ან ისე და ან ასე, tertium non datur.

 ისტორიის შემთხვევებით განვითარება და ორგანოტროპიზმის მიერ შექებული ლოგიკის უძლურება „მიწის ძვრისა და კატასტროფის წინაშე“, ისე მიუღებელია მარქსიზმში, როგორც მარქსიზმისათვის ისეთი ისტორიული წარსულის გაგებაც მიღებულია, როგორსაც ორგანოტროპიზმი მოითხოვს. ისტორიული წარსული კუთხობრივი მოვლენა კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი და აუცილებელი დიალექტიკური განვითარების პროცესი, რომელშიც წარსული არასდროს კატასტროფებს და განადგურებას არ განიცდის, არამედ კანონიერი აუცილებლობით შორდება ისტორიის სარბიელს; შორდება, მაგრამ არ კვდება, არამედ ახალ აშენებულ ორგანიზმში იჭერს საპატიო ადგილს. ეს განვითარება ისტორიული აუცილებლობით „წუთისოფლის ყველა კუთხეში“ დამოუკიდებელი და თავისებური კი არ არის, არამედ ის იმ „კუთხურობას“ უმორჩილებს ისტორიული განვითარების სავალდებულო და რკინის კანონებს. ისტორიის პროგრესი და თუ გნებავთ სოციალიზმი, ისტორიას თავიდან კი არ იწყებს, არამედ ავითარებს და ახორციელებს ძველის ძველ დაწყებულ საქმეს. და ეს აუცილებლობის პროცესი მიმდინარეობს ყოველ ისტორიული მოვლენისათვის ერთნაირი ვალდებულებით. ვინც კი არ უნდა გამოჩნდეს ისტორიის სარბიელზე, მან თავზე უნდა მოიხვიოს ეს აპრიორული კანონი და მას დაემორჩილოს. თუ ლ. კაპანელს არა, მე მგონია სეით დევდარიანს კი უნდა მოეხსენებოდეს კარლ მარქსის უკვდავი ფრაზა:

 „საქმე შეეხება არა იმას, რომ საზღვარი გადებული იქნას წარსულსა და მომავალს შორის, არამედ იმას, რომ წარსულის აზრი განხორციელდეს: კაცობრიობა ახალ მუშაობას კი არ იწყებს, არამედ ძველი საქმე ბოლომდე შეგნებულად მიჰყავს“.

  • ზოგიერთი ინტერპრეტაცია. დასკვნა.

    მთავარი ნაკლი კაპანელის წიგნისა იმაში მდგომარეობს, რომ მის ავტორს არ ემჩნევა ერთი საბოლოოდ გარკვეული პრინციპით ხელმძღვანელობა. საქმეში ჩახედულ მკითხველს ეგონება, რომ ორგანოტროპიზმის ავტორში რამდენიმე ჰეტერონომიულ მსოფლმხედველობას და მსოფლგაგებას უბრძოლია და ამ სხვის აზრთა პლურალიზმს ეკლეკტიციზმის ბეჭედი დაუსვამს მთელი ნააზრევისათვის: აქ სამკვდრო სასიცოცხლო ომი ყოველივე გნოსეოლოგიას, იქ საკუთარი შენობის ვიწრო გნოსეოლოგიის საფუძვლებზე დაშენება, აქ უსაზღვრო ბრძოლა კანტის წინააღმდეგ, იქ საკუთარ მიმოხილვაში რეალობის კანტისებურად ორად გაყოფა (გვ. 128), აქ ბრძოლა ლოგიკის და კანონის აუცილებლობის წინააღმდეგ, ანტი-ინტელექტუალიზმი და ვოლუნტარიზმი, იქ მარქსიზმის მიღება და მისი დებულებების (ვერბალური) გამეორება. და როდესაც ერთი გარკვეული პრინციპით მოაზრე ამ წიგნს გადაიკითხავს, მისთვის მიუღებელი პრინციპის გვერდით ნახავს ისეთსაც, რომელზედაც თვითონვე მოაწერდა ხელს. ასე მაგალითად ყველა მარქსისტი გაიზიარებდა ჰეგელის ძველ აზრს იდეოლოგიის თვითარსებობითი ხასიათის, მაგრამ მაინც მატერიალური ნიადაგიდან წარმოშობის შესახებ (გვ. 179). ან და კიდევ კაპანელის მიერ უთვალავჯერ დაწყევლილი იდეალისტი ფილოსოფოსები ორივე ხელს მოაწერდნენ იმ დიალოგს, რომელიც გაამართვინა ორგანოტროპიზმის ავტორმა სუბიექტსა და ობიექტს! – ობიექტი ეუბნება სუბიექტს: მე ის მინდა, რაც შენ გინდაო. –

  ამ მსოფლგაგებათა პრინციპების არეულობას უნდა მიეწეროს ისიც, რომ ორგანოტროპიზმის ავტორი როდესაც ინტერპრეტაციას უკეთებს ზოგიერთ მეცნიერულ თუ ისტორიულ ფაქტებს, ეს ფაქტები ჰკარგავენ თავიანთ საკუთარ აზრს და ერთობ უცხო სამოსელში გვევლინებიან. ასე მაგალითად, იმის დასამტკიცებლად, რომ იდეალიზმი პრაქტიკას არასდროს ანგარიშს არ უწევს, კაპანელს მოჰყავს ჰეგელის ცნობილი თქმა: თუ ფაქტები ჩემს თეორიას არ ეთანხმება მით უარესი ფაქტებისათვისო. და თან განგვიმარტავს, რომ ამ თქმაში გამოხატულა პრუსიელი ბიურგერის არისტოკრატიზმი და ინდივიდუალიზმი, მართალი მოგახსენოთ, ვინც ჰეგელს იცნობს ძალიან გაკვირვებული დარჩება ასეთი ახსნა-განმარტებით და ის კი არა, პატივცემულ კაპანელს საქმის უცოდინრობაში დასდებს ბრალს. და მართლაც, ჰეგელი მამლაყინწასავით კი არ ამტკიცებდა, რომ რასაც თეორია იტყოდა იმას უნდა დაექვემდებაროს ყველაფერიო, არამედ მის ნათქვამს აქვს სულ სხვა და მოგახსენოთ თუმცა მეტაფიზიკური, მაგრამ ერთობ ღრმა აზრი.

  ჰეგელი ფიქრობდა, რომ სავსებით ერთი და იმავე კანონისა და პრინციპის მიხედვით აშენებულია ჩვენი ლოგიკურ-დიალექტიკური აზროვნება და გარემდებარე ბუნება. და რადგანაც ლოგიკურ-დიალექტიკური აზროვნების ნამოქმედარი თვით მოაზრეს ხელთ აქვს, გარემყარი კი მისგან უფრო შორს სდგას, ამიტომ თუ ლოგიკურ კანონსა და ბუნების ფაქტს შორის წინააღმდეგობა აღმოჩნდა, მაშინ ნამდვილად ის ბინების მოვლენა არ არის თავის ადგილზე, შეცდომა მასშია და არა გონებაშიო. თავისთავად ეს შეიძლება ჰეგელის პანლოგისტურ-იდეალისტური სიბრიყვე იყოს, მაგრამ ეს ის არ არის, რაიც ორგანოტროპიზმის ავტორს ჰგონებია. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ აუტანელია ის განმარტება, რომ ეს ინდივიდუალიზმი და არისტოკრატიზმია. შეიძლება ეს იყოს ყაზარმა და ეშალონი, ჯოგების და მონების აპოლოგია, მაგრამ აქ არისტოკრატიზმზე და ინდივიდუალიზმზე ლაპარაკი არ არის.

 სრულ გაუგებრობაზეა აგრეთვე აშენებული ყველა ის აზრები, რაც კანტს შეეხებიან. შეიძლება კანტის მომხრე არ იყო, მაგრამ კანტის აზრები მაინც არ უნდა დაამახინჯო. მაგ. პატივცემული კაპანელი უთვალავჯერ იმეორებს: კანტმა ვერ გაიგო, რომ გონება არასდროს წმინდა არ ყოფილაო. მართალი გითხრათ მეც ვერ გავიგე თუ რაშია აქ საქმე. კანტი თავის წინამორბედ მეტაფიზიკას იმას უმტკიცებდა, რომ წმინდა გონება არ არსებობს, მისგან ვერაფერს მეცნიერებისა და სწორი ცოდნისათვის საჭიროს ვერ მივიღებთო და სხვ. ამის დასამტკიცებლად დასწერა თავისი „წმინდა გონების კრიტიკა“ და აღარაფერი გამეგება იმისა, თუ როგორ ვერ გაიგებდა ეს კაცი, რომ წმინდა გონება რეალური მოხმარებისათვის არ არსებობს!

  ასეთივე გაუგებრობას მიეწერება კ. კაპანელის მსჯელობა: კანტი, ბიურგერულ-ინდივიდუალიზმის წარმომადგენელი გეომეტრიას უძახის „წმინდა მეცნიერებას“, მას ვერ გაუგია, რომ გეომეტრიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან აქვს კავშირი ე. ი. ის პრაქტიკული მეცნიერებაა (გვ. 215). მე, მართალი მოგახსენოთ, რომ ერთი რამ ვერ გამიგია, თუ კანტი მართლაც ამდენად ბრიყვი იყო, რომ მან გეომეტრიის პრაქტიკული და სოციალური მნიშვნელობა არ იცოდა, თუ მან, მაგალითად, არ იცოდა, რომ გეომეტრიის საშუალებით მიწას ზომავენ და სახლებს აშენებენ, მაშინ როგორ მოხდა ის, რომ ეს ჭკუათხელი კაცი ევროპის აზროვნებას მთელი ერთი საუკუნით დაეუფლა! მაგრამ საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ, კანტმა ძალიან კარგად იცოდა, რომ გეომეტრია პრაქტიკული და სოციალური მეცნიერება არის და თუ გეომეტრიას „წმინდა მეცნიერებას“ უწოდებდა, აი რა მოსაზრებით. კანტმა მეცნიერებანი ორ ნაწილად გაჰყო, წმინდა და ემპირიული. თუ თქვენ მაგალითადო, – ეტყოდა კანტი პატივცემულ კაპანელს აიღებთ გეომეტრიის საფუძველმდებელ ცნებას, მაგალითად სამკუთხედს, სამკუთხედის ცნებაში იმთავითვე მოცემულია მისი შინაარსი, მაგ. ევკლიდეს გეომეტრიის სამკუთხედის ცნების განმეორებაში უკვე მოცემულია, რომ <a+<b+<c=2d ან და <a+<b=<e და აუარებელი სხვა ამგვარი. ამის მისახვედრად, არავითარი გამოცდის მოწყობა არ არის საჭირო, უდნა იცოდე გეომეტრიული ხერხი და მთელ ამ ამბავს ხელად გაიგებ. ასეთ მეცნიერებას კანტი უწოდებდა აპრიორულს, ან „წმინდას“. მაგრამ თუ თქვენ აიღებთ მამაკაცს, მაგ. კ. კაპანელს, მის ცნებაში არასდროს არ არის მიცემული ის ცოლიანია, თუ უცოლო. ამისათვის ეს უნდა გამოსცადო და შეიტყო. აი, ასეთ მეცნიერებას, რომელსაც თავის საგნის მისაღწევად და გასარკვევად ესაჭიროება ცდა და ექსპერიმენტი, კანტი უწოდებდა ემპირიულ მეცნიერებას. კანტს შეიძლება ჩვენ დავეთანხმოთ ან და არ დავეთანხმოთ ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის კი ნათელია, რომ კანტის ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც ორგანოტროპიზმშია მოცემული, მეცნიერული ბოროტება არის.

  ინტერპრეტაციებსაც რომ თავი დავანებოთ, უნდა აღინიშნოს, რომ რაღაც მოსაზრებით პატივცემულ კაპანელს არც ერთი კანტის ციტატა სისწორით არ მოუყვანია. ასე მაგ. 160-ე გვერდზე კაპანელის კანტი ამბობს: „ვარსკვლავიანი სივრცე მე დამყურებს, მორალური კანონი ჩემშია“. თვითონ კანტს ეს კი არ უთქვამს, არამედ: მე ორი რამ მაოცებს ამ ქვეყნად, ცა მოჭედილი ვარსკვლავებით ჩემს ზევით, მორალური კანონი ჩემშიო“. ეს სულ სხვაა, ის კიდევ სხვა და მათ შორის კარგი მოზრდილი ზღვარი გახლავთ.

  კ. კაპანელის წიგნის უკანასკნელ ნაწილში ორგანოტროპიული მეთოდი გამოცდილია ქართული კულტურის საკითხების გადასაჭრელად და ზოგი ისტორიული საკითხის, თუ პერსპექტივის განსახილველად. საუბედუროდ ქართული კულტურის ისტორიის მცოდნედ თავს არ ვთვლი, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ მე-19 საუკუნეში ჩვენში მეტი „ევროპიელობა“ შემოსულიყო, ვიდრე მე-12 საუკუნეში იყო. თქვენ, რომ მე-12 საუკუნის საფეიქრო წარმოებების შესწავლა გინდოდეთ, ამისათვის ფაქტიურ მასალად საუცხოვოდ გამოგადგებოდათ მაშინდელი საქართველო, ისე კარგად, როგორც მაშინდელი გერმანია, მაგრამ მე-19 საუკუნის წარმოების ფორმები და წესები რომ ვინმემ საქართველოს მაგალითზე შეისწავლოს, სასაცილო კურიოზებს ვერ გაშორდება.

  კ. კაპანელის უსაზღვრო საყვედურები ქართული მეცნიერების და ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ, რაღაც კერძო ხასიათის ამბავი უნდა იყოს და სხვა ქვეყანაში ასეთ საქმეებს „ფილოსოფიური სისტემის“ მომცემ წიგნში მართალი მოგახსენოთ, რომ არ სწერენ. არც ის ამბავია დიდი აზრმახვილობის ნაყოფი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ქართული ისტორიის არქივია, იქ ხალხი ვიღაცების curriculum vitae-ს წერენ და სხვას არაფერს აკეთებსო. ეს ფრაზა გარეგნულად რადიკალიზმის ნაყოფს ჰგავს, სინამდვილეში კი ის ყალბია, როგორც რადიკალიზმის მხრით, ისე მეცნიერულად. ისეთ რადიკალურად მოაზროვნე კაცი, როგორც ფრ. ენგელსი იყო, ამ საქმეში რომ მსჯავრდებლად მოვიწვიოთ, ულაპარაკოდ curriculum vitae-ს მწერლებს გაამართლებს! და მართლაც, ენგელსი „ანტი-დიურინგში“ შეეხო ერთს სავსებით ანალოგიურ საკითხს. აქ მან არისტოტელეს წარსულის უნივერსალური გენია უწოდა და თან განმარტა, შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ არისტოტელს სინთეზის უნარი აკლდაო, ამგრამ კაცობრიობას ჯერ ხომ ცოდნის მასალა უნდა დაეგროვებინა, ისე ყოველივე სინთეზი ხომ ლაყბობა გამოვიდოდაო, არისტოტელე იყო შეუდარებელი მასალის შემკრები და სწორედ ამიტომ მისი დამსახურება კაცობრიობის წინაშე აჭარბებს ყველა სხვის დამსახურებასო. ამისვე თქმა შეეძლო მას (რასაკვირველია სხვა მასშტაბით) ჩვენი curriculum vitae-ბის მწერლების მიმართ. ახირებულმა თავებმა რაც უნდა ილაპარაკონ, მათი დამსახურება განუსაზღვრელად დიდია. ისინი აკეთებენ იმას, რის გაკეთება პირველ რიგში საჭიროა ე. ი. ჩვენი ჯერ კიდევ გაურკვეველი წარსულის მასალებს აგროვებენ, ამუშავებენ.

  ამ რიგად, ჩვენ თითქმის ყველაფერს გავუსვით ხაზი, რაც კაპანელის წიგნში ხაზგასმული იყო. სამართლიანია ეს კრიტიკა თუ არა, ამას საქმის მცოდნე მკითხველი იტყვის.

პირველად დაიბეჭდა ჟურნ. მნათობში, 1925 წ., ნომერი 8.


[1] იხ. კონსტ. კაპანელი, სოციალური ესთეტიკის საფუძვლები, 181.

[2] თეოლოგები კი არა, აქ ნაგულისხმები ეკუთვნის იოანეს სახარების პირველ ფრაზას (ავტ. შენ).

[3] იხ. სული და იდეა, გვ. 45.

[4] სოც. ესთეტ. საფუძვ., გვ. 189.

[5] თუმცაღა ჰანს ფაიჰინგერის ცნობილ წიგნში ჩვენი აზროვნების ტროპიული საქმიანობაზე ერთობ ბევრია დაწერილი!