ლევ ტროცკის 1901 წელს დაწერილი ტექსტი, „ოპტიმიზმსა და პესიმიზმზე“, ახალ დიდ ეპოქასთან, მეოცე საუკუნესთან, ერთგვარი შეგებებაა. ახალგაზრდა ავტორი, ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის შინაგანი წარმოსახვითი დიალოგის გზით ცდილობს, ადამიანთა მუდმივი სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, რეაქციულ პოზიციებსა და მეშჩანურ ყოველდღიურობას დაუპირისპიროს.
ტექსტის გაცნობისას, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს მსგავსება წინა საუკუნის გარიჟრაჟზე არსებულ სულიერ მდგომარეობასა და თანამედროვე საზოგადოების მორალურ პრინციპებს შორის; დღესაც ფართოდაა გავრცელებული მეშჩანურ წვრილ-ბურჟუაზიული ხედვები პირადი ინტერესების აბსოლუტურობაზე, დღესაც გადააწყდებით იპოლიტ ტენის მსგავს იდეოლოგებს, რომლებსაც მასებისა და მათი კოლექტიური ბრძოლის მიმართ სიძულვილი ამოძრავებთ, და დღესაც შეხვდებით უამრავ მითოლოგ ირაციონალისტს, რომლებიც გეტყვიან, რომ სამყაროში არაფერი იცვლება და ამ წუთისოფელში ყველაფერი ცირკულირებს.
დღევანდელი კაპიტალიზმი, თავისი გავეშებული ომის მანქანით, შიმშილით, იდეოლოგიური აპარატებით, რომლებიც რასიზმისა და შოვინიზმის დროშას აფრიალებენ, მეოცე საუკუნის დასაწყისის გარემოპირობებს შემთხვევით როდი ჰგავს. დღესაც საზოგადოებრივი ცხოვრების სტრუქტურა თვისობრივად არ გარდაქმნილა, ადამიანი უპირისპირდება ადამიანს და ადამიანი უპირისპირდება ბუნებას ისევე, როგორც ასი წლის წინ.
ცხადია, სხვაობა მაინც არსებობს, და ეს სხვაობა თანამედროვე ადამიანისთვის კიდევ უფრო სავალალოა – ჩვენ ატომურ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც კაცობრიობის ბედი მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, ორი პოზიტიური გამოსავალი – რევოლუცია, როგორც იმპერიალისტური ომის პრევენცია, ან იმპერიალისტური ომი, რომელსაც რევოლუცია დაასრულებს – პრაქტიკულად აღარ ჩანს. ოცდამეერთე საუკუნეში დიდი იმპერიალისტური ომის რევოლუციით დასრულება თითქმის წარმოუდგენელია. ამდენად, რევოლუცია რჩება პრევენციის მთავარ საშუალებად. ახალგაზრდა ტროცკის გონების ნაყოფი – მომავლის ოპტიმისტი – კი ისაა, ვინც ბნელ ეპოქაში მხნეობას და გაბედულებას ინარჩუნებს, აწყმოს მიმართ პესიმისტურად განწყობილი, მომავალს მაინც იმედით შესცქერის.
აჩრდილის სარედაქციო ჯგუფი
მე რომ ნამდვილი, დაპატენტებული მეცნიერი ვიყო და პესიმიზმსა და ოპტიმიზმზე წერა გადამეწყვიტა, რა თქმა უნდა, კლასიფიკაციით დავიწყებდი. ეს ნაშრომს მატებს აუცილებელ სოლიდურობას, ხშირად შინაარსის მონაკლისების გამოსასყიდად… მაგრამ რადგან არ ვარ მეცნიერი, არამედ მხოლოდ ერთი უცნობი პირი და ვწერ არა მონოგრაფიას, არამედ „წერილებს“, აქედან გამომდინარე… და მაინც დავიწყებ კლასიფიკაციით: ეს რა თვითგანადგურებაა!
ის კლასიფიკაციები, რომელთა შემოთავაზების უფლებასაც თავს მივცემ, საფუძველშივე აკავშირებს ოპტიმიზმსა და პესიმიზმს საკრალურ ელემენტებთან – წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან. ოპტიმიზმი და პესიმიზმი, მიუხედავად ლოგიკური წინააღმდეგობისა, ფსიქოლოგიურად, თითქმის ყოველთვის არსებობს ერთი და იმავე სახით, ერთსა და იმავე მიმართულებაში, კლასში: იმ დროს, როცა ოპტიმიზმი მიემართება სამების ერთ-ერთ ელემენტს, პესიმიზმი სხვა რამეზე კონცენტრირდება. აქ შესაძლებელია რამდენიმე კომბინაცია, რამდენიმე ძირითადი ტიპი, რომელთაც აქვთ ღრმა საზოგადოებრივი აზრი. შევჩერდეთ მათზე, პირველ რიგში, წარსულის ოპტიმისტის ტიპზე.
ბრაზით, სიძულვილითა და სისასტიკით სავსე მზერით უცქერის ის, თუ როგორ „დატბორავს მოედნებსა და ქუჩებს მდაბალი სურვილების ტალღა, ადიდებული კლოაკის[1] მსგავსად“ და როგორც „ყველაზე უსირცხვილო ლანძღვა, შეურაცხყოფს მის სალოცავს“… ცდილობს, მასაც გადმოედოს სატანური სიცილი, „როცა მეჯინიბეთა გამების ერთობლიობაში დიდი ცხოველის – ბრბოს ხმაური“ ესმის, მაგრამ ამაოდ. ეს სიცილი ავადმყოფურად და არადამაჯერებლად გაისმის… მაშინ, დადარდიანებული, ალერსიანი სიყვარულით მიმართავს თავის მზერას წარსულისაკენ, სადაც „ბატონყმური წყობილების ჩუმი სიხარულების“ მკრთალი გამოსახულებით ტკბება.
ეს არის საზოგადოებრივი იდეოლოგიის ყველაზე საბრალო ტიპი. მისი წარმომადგენელია – ტენი.[2] მისი სიმბოლოა თავის ქალა, ჩაცვენილი კბილებითა და ჩავარდნილი თვალის ბუდეებით, ისტორიის უაპელაციო სასამართლომ მას, მომავალზე ყოველგვარი უფლების ჩამორთმევით, განაჩენი გამოუტანა…
მეორე ტიპი, დღევანდელობის ოპტიმისტი, არც თუ ისე ხშირად იხედება წარსულისკენ და ბევრს არ ვარაუდობს მომავალზე: ის მთელი თავისი ოცნებებითა და იმედებით, სურვილებითა და შიშებით, თანამედროვეობის საზღვრებს მიღმა არ გადის. ის სამოქალაქო თვითკმაყოფილების, მეშჩანური სიბრიყვისა და შეზღუდულობის განსახიერებაა. სწორედ ის ამტკიცებდა დოქტორ პანგლოსის[3] პირით, რომ ჩვენი სამყარო საუკეთესოა ყველა სამყაროთა შორის. ის გერმანულ რაიხსტაგში ოცდახუთი წლის წინ ხორხოცებდა გამძღარი სიცილით, სულელი თავი უკან გადაეგდო და მსუქანი მუცელი უთახთახებდა, როდესაც მარტოხელა „მეოცნებე“ დეპუტატი შთაგონებულ სიტყვას ამბობდა ამ სამყაროთა შორის საუკეთესო სამყაროზე.
დაბოლოს, მესამე ტიპი, რომელიც – მკითხველს ვურჩევთ, მას განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს – არ არის დაკავშირებული წარსულთან ანტიპათიით ან სიმპათიით: მას წარსული აინტერესებს იმდენად, რამდენადაც წარსულისგან დაიბადა აწმყო, ხოლო აწმყო – რამდენადაც ის იძლევა ძალთა მოდების საკვანძო წერტილებს, რომლებიც ქმნიან მომავალს. ეს მომავალი, კი – ო! ის მთლიანად აკონტროლებს მის სიმპატიებს, იმედებს, ფიქრებს… მესამე ტიპი შესაძლოა დახასიათებული იყოს, როგორც აწმყოს პესიმისტი და მომავლის ოპტიმისტი.
ასეთია სამი მთავარი ტიპი. მათ გვერდით, მთლიანი სურათის მისაღებად, ასევე დავაყენოთ აბსოლუტური ოპტიმისტი და აბსოლუტური პესიმისტი.[4]
პირველი, ჩვეულებრივ, ოპტიმიზმს მისტიციზმთან აერთიანებს: არაფერია იმაზე მოსახერხებელი, ვიდრე პასუხიმგებლობა დააკისრო სუპრანატურალისტურ ძალებს მიწიერი საქმეებისათვის, მთლიანად დაეყრდნო მათ კეთილგანწყობას, გულხელდაკრეფილმა იმსჯელო თემაზე, რომ „სამყარო არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება“… ამ კატეგორიას მიეკუთვნება აწ გარდაცვლილი ვლადიმერ სოლოვიოვი.
აბსოლუტური პესიმისტი ეს უარყოფის სული, ეჭვის სული, მძიმე ისტორიული მომენტების პროდუქტი, როდესაც მომავალი უცნობია, ხოლო აწმყო – „ან ცარიელია, ან ბნელი“, როდესაც საზოგადოებრივი დისჰარმონია აღწევს უმაღლეს დაძაბულობას… ამგვარ პესიმიზმს შეუძლია შექმნას ფილოსოფოსი, ლირიკოსი პოეტი (შოპენჰაუერი, ლეოპარდი), მაგრამ ვერ შექმნის საზოგადოებრივ მებრძოლს. Les extremites se touchent (უკიდურესობები თანხვდებიან), ეს ორი უკანასკნელი ტიპი, რომლებიც თითქოსდა, წარმოადგენენ ერთმანეთის აბსოლუტურ წინააღმდეგობას, თანხვდებიან ერთ რამეში, საკმაოდ მნიშვნელოვან პუნქტში: ორივენი პასიურები არიან.
თავად აქტიურობა, არც მთლად მომავლის ოპტიმისტია. მისი პესიმიზმი და ოპტიმიზმი არ შეადგენს „zwei Seelen in einer Brust“, ორ ერთმანეთთან მებრძოლ სულს, რაც მას რეფლექსიის მსხვერპლად აქცევდა (ფაუსტი, ჰამლეტი). არა, ისინი შეერთდნენ აქტიურობის ჰარმონიულ მთლიანობაში: მომავლის ოპტიმიზმი მხოლოდ მაშინ ემსახურება მაღალი იდეების მქონე საზოგადოებრივი აქტივობის იმპერატივს, როდესაც მისი ფესვები აწმყოს პესიმიზმით იკვებება.
სინამდვილე არა მხოლოდ ხორხოცებდა მომავლის ოპტიმიზმზე, არამედ გასაოცარ გამოცდებსაც უტარებდა მას. სწორედ მან, წმინდა ინკვიზიციის დაკითხვის ქვეშ, ჭეშმარიტების ტრიუმფის რწმენით, წამოიძახა: E pur si muove! (ის მაინც ბრუნავს!) სწორედ ის, „სწრაფად და სისხლის ღვრის გარეშე“ დაწვეს 1600 წლის 17 თებერვალს რომში, კამპოფიორეზე და შემდეგ ფერფლიდან აღდგა, როგორც ფენიქსი. და ის, კვლავაც ვნებით შეპყრობილი, მორწმუნე და მებრძოლი, მტკიცედ აკაკუნებს ისტორიის კარიბჭეზე. მან თავისი მკერდით დაიცვა და მოიპოვა უფლება, აღმოეჩინა ციური სხეულების მოძრაობა, მაგრამ როდესაც მზერა მოწყვიტა კოსმოსს და დედამიწისკენ მიმართა, „ჭუჭყის ამ საცოდავი ნაგლეჯისაკენ“ და დაიწყო საზოგადოებების მოძრაობათა მმართველი კანონების აღმოჩენა, – კოლექტიურმა ტორკვემადამ[5] მას არაერთხელ მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. E pur si muove! კვლავ ამას პასუხობდა ტორკვემადას, მორწმუნე და მოქმედი, მოქმედი და მორწმუნე…
ერთი მხრივ, მომავლის ოპტიმისტს უპირისპირდება ფილისტერი. ძლიერი თავისი მასითა და ვულგარულობის ქალწულობით, შეიარაღებული გამოცდილებით, რომელიც არ სცილდება დახლს, საკანცელარიო მაგიდასა და ორსაწოლიან საძინებელს, სკეპტიკურად აქნევს თავს და გმობს „იდეალისტურ მეოცნებეს“ ფსევდორეალისტური მტკიცებებით: „არაფერია ახალი მზის ქვეშ, სამყარო წარსულის მარადიული განმეორებაა“.
მეორე მხრივ, ამავე ოპტიმისტის წინააღმდეგ ჯანყდება ბუნებრიობის დიპლომირებული მშთანთქმელი, რომელიც მეცხრამეტე ასწლეულში კიდევ უფრო გრანდიოზულ დაპყრობებს ახორციელებდა.
– პროფანო! – მიმართავს ქურუმი „მორწმუნეს“, დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის ასაკად ასი მილიონი წელი რომ მივიჩნიოთ, – ეს არის მინიმალური რიცხვი, რომელსაც უშვებს მეცნიერება, – ადამიანის სახეობისთვის მოგვიწევს მილიონის მეათედი წილის მიცემა, ხოლო იმ წილზე, რომელსაც ასე გაბრწყინებული თვალებით უწოდებ „მსოფლიო ისტორიას“, მხოლოდ ექვსი ათასწლეულის საბრალო მონაკვეთი მოდის. ან იმისათვის, რომ უფრო მკაფიოდ აღვბეჭდო შენი უღირსი ფიქრები, რომლებიც მიუჩვეველია იმუშაოს ასეთ კოლოსალურ პერიოდებზე, ამ ურთიერთობებს, გადავთარგმნი შენთვის ყველაზე ნაცნობი დროითი განზომილების ენაზე! თუ ორგანული სიცოცხლის წილზე დავუშვებდით 24 საათს, ადამიანის სახეობაზე მოდის 2 წუთი და მთელ შენ „ მსოფლიო ისტორიაზე“ – არც მეტი, არც ნაკლები, 5 წამი… არსებობს გლოვის, ტანჯვის მიზეზი, არსებობს ის, რაზეც ილოცებ, რისთვისაც იბრძვი, როდესაც მთელი ეს ისტორიული ცხოვრების პერიოდი – სხვა არაფერია თუ არა, მარადიულობის წამი, კოსმოსური ევოლუციის უბადრუკი ეპიზოდი, მექანიკური ძალების გარდამავალი კომბინაცია, მსოფლიო მატერიის წარმავალი სპაზმი! შეეგუე, მეოცნებევ, უსასრულობისა და მარადისობის უსაზღვროობას!
–Dum spiro, spero! სანამ ვსუნთქვავ, ვიმედოვნებ! – ამბობს მომავლის ოპტიმისტი. ციური სხეულების ცხოვრებით რომ მეცხოვრა, სრული გულგრილობით მივუდგებოდი ჭუჭყის საცოდავ ნაგლეჯს, რომელიც დაკარგულია უსაზღვრო სამყაროში, ერთნაირად გავუნათებდი ბოროტსაც და კეთილსაც… მაგრამ მე ადამიანი ვარ! და „მსოფლიო ისტორია“, რომელიც შენ, მეცნიერების ვნებებისაგან დაცლილო ქურუმო, მარადიულობის ბუღალტერო, მხოლოდ წამი გგონია დროის ბიუჯეტში, ჩემთვის – ყველაფერია! და სანამ ვსუნთქავ – ვიბრძოლებ მომავლისთვის, იმ გაბრწყინებული და ნათელი მომავლისთვის, როდესაც ადამიანი, ძლიერი და მშვენიერი, დაეუფლება თავისი ისტორიის სტიქიურ დინებებს და მიმართავს მას მშვენიერების, სიხარულისა და ბედნიერების უსაზღვრო ჰორიზონტებისაკენ!… Dum spiro, spero!
საბრალო ფილისტერს კი, რომელიც მზისქვეშეთში ცვლილებებს უარყოფს, მომავლის ოპტიმისტი უპირისპირებს მისკენ მიმართულ მეცნიერების ბუღალტრულ გამოთვლებს. – შეხედე! – ამბობს ის – მსოფლიო ისტორიის 5 წამიდან მთელ მეშჩანურ ყოფაზე დათმობილია ნახევარწამზე ნაკლები და, შესაძლოა, მხოლოდ წამის ერთი მეათედიღაა დარჩენილი შენი ისტორიული არსებობის დასასრულამდე. გაუმარჯოს მომავალს!
ერთმანეთის მიჯრით გადიოდა საუკუნეები, გულგრილად, ისევე, როგორც დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო და მხოლოდ მომავლისათვის შეუწყვეტელი ბრძოლის დრამატული ეპიზოდები ანიჭებდა ნათელ ფერებს ამ შიშველ არითმეტიკულ პირობითობებს, ამ კალენდარული წარმოშობის გიგანტებს.
მეცხრამეტე საუკუნე, რომელმაც მომავლის ოპტიმისტის მოლოდინები მრავალმხრივ დააკმაყოფილა და უფრო მეტად კი მოატყუა, აიძულა მისი იმედების მთავარი ნაწილი მეოცე საუკუნეში გადაეტანა. როდესაც ის ეჯახებოდა რომელიღაც აღმაშფოთებელ ფაქტს, გაიძახოდა: როგორ? მეოცე საუკუნის მიჯნაზე!… როდესაც ის ჰარმონიული მომავლის საუცხოო ნახატებს გაფენდა, ის მათ მეოცე საუკუნეში განათავსებდა…
და აი, – ეს მეოცე საუკუნეც დადგა! რა დახვდა მას ზღურბლზე?
საფრანგეთში – რასობრივი სიძულვილის შხამიანი ქაფი; ავსტრიაში – ბურჟუაზიული შოვინისტების ნაციონალისტური კინკლაობა; აფრიკის სამხრეთში – მცირე ერის აგონია, რომელიც კოლოსმა გაჟლიტა; „თავისუფლების“ კუნძულზე – საზეიმო ჰიმნები ჯინგოისტ-ბროკერების გამარჯვებული სიხარბის საპატივცემულოდ; აღმოსავლეთში –დრამატული „გართულებები“; იტალიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში – მშიერი ხალხის მასების აჯანყებული მოძრაობები… სიძულვილი და სიკვდილი, შიმშილი და სისხლი…
ჩანს, თითქოს ახალი საუკუნე, ეს ახალმოსული გიგანტი, მისი გამოჩენის მომენტშივე ჩქარობს განაჩენი გამოუტანოს მომავლის ოპტიმისტს აბსოლუტური პესიმიზმის სამოქალაქო ნირვანაში გადავარდნით.
– სიკვდილი უტოპიებს! სიკვდილი რწმენას! სიკვდილი სიყვარულს! სიკვდილი იმედს! – ქუხს თოფის ზალპებითა და ქვემეხების ღრიალით მეოცე საუკუნე.
-შეეგუე, უსუსურო მეოცნებევ! აი, მე, შენი დიდი ხნის ნანატრი მეოცე საუკუნე, შენი „მომავალი“!..
–არა! – პასუხობს დაუდგრომელი ოპტიმისტი: – შენ – მხოლოდ აწმყო ხარ!
17 თებერვალი 1901 წელი, „ვოსტოჩნოე ობოზრენიე“, N 36
რუსულიდან თარგმნა საბა კოხრეიძემ.
[1] კანალიზაცია.
[2] იპოლიტ ტენი – ფრანგი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და კრიტიკოსი (მთ. შენ).
[3] ვოლტერის რომანის – „კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი“ – ერთ-ერთი გმირი (მთ. შენ).
[4] აბსოლუტურობა, აქ უნდა გავიგოთ არა ფილოსოფიურად, არამედ ყოფითი მნიშვნელობით, რადგან აქ აბსოლუტურის შემოტანა (ოპტიმიზმისა თუ პესიმიზმის) ფილოსოფიური აზრით, არ არის საჭირო (მთ. შენ).
[5] ჯორდანო ბრუნოს დაწვის დღე, 17 თებერვალი. წერილის დაბეჭდვისას, მოვლენიდან ზუსტად 301 წელი იყო გასული.