რუსი პოლიტიკური პატიმარი, სოციოლოგი ბორის კაგარლიცკი ციხის საკნიდან აღწერს იმ პლანეტარულ ხდომილებას, რასაც რიგი მიმომხილველები „მულტიპოლარულ“ სამყაროს უწოდებენ. მულტიპოლარული სამყაროს უსახობა და უსამართლობა კაგარლიცკიმ თავის თავზე გამოსცადა. ამა წლის თებერვალში მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პუტინის რუსეთმა, „ტერორიზმის გამართლების“ აბსურდული ბრალდებით. მიუხედავად დაპატიმრებისა, კაგარლიცკი მაინც ახერხებს გარესამყაროსთან კონტაქტს და არსებული ვითარების ანალიზს. წინამდებარე წერილში ავტორი ლაპარაკობს შედარებით ბოლო ხანებში მომძლავრებულ კონსერვატორულ ტალღაზე, რომელიც მისივე სიტყვებით, „ტოტალიტარულად აგრესიულია“. კაგარლიცკის წერილი, ბოლო ჟამს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მით უფრო საინტერესო უნდა იყოს. ავტორის აზრით, შეჯიბრებითობის, ინდივიდუალიზმის კულტი ე. წ. ტრადიციული ღირებულებების დაცვისაკენ მოწოდებებს შეერწყა. სინამდვილეში ვერც კრიზისში მყოფი ლიბერალიზმი და ვერც ყალბი, ჩანასახშივე განწირული კონსერვატორული შემობრუნება ვეღარ იქნება არსებული „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ ვითარებიდან გამოსავალი. კაგარლიცკი მიიჩნევს, რომ გლობალური პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ახალი, თანამშრომლობისა და სოლიდარობის, კულტურის აღმოცენებაა.
აჩრდილის სარედაქციო ჯგუფი
დღევანდელი რუსეთის საპყრობილეებში, კეთილმოწყობილი საკნის ნიშანი ტელევიზორის არსებობაა, რომელსაც, როგორც წესი, მაცივარი ახლავს ხოლმე თან. როგორც უკვე რამდენიმეჯერ ვთქვი, ჩემთვის, ტელევიზორი უფრო მეტად ტანჯვის წყაროა, ვიდრე – სიამოვნების. პროპაგანდისტების მკივანა და გულღრძო ხმები ყურებს მიხვრეტენ, ხოლო ვულგარული ოინბაზობა გულზიდვას იწვევს. მაგრამ მუდმივად ჩართულ ტელევიზორს, პოზიტიური გავლენაც აქვს. მეცნიერულად რომ ვთქვათ, ის დომინანტურ დისკურსში გასასვლელი ერთგვარი სარკმელია.
ამ მხრივ, მე განსაკუთრებით მომწონს [ანდრეი] ნორკინის „შეხვედრის ადგილი“, NTV-ს არხზე რომ უჩვენებენ. აქ შენ ინტელიგენტურად, მშვიდად, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე – სხვა სატელევიზიო პროგრამებს რომ ახლავს ხოლმე თან – გიხსნიან, თუ რატომ არის გამართლებული და აუცილებელი დახოცო ხალხი, დაიპყრო სხვა მიწა, განძარცვო ისინი საკუთრებისგან და, ამავე დროს, მოაშთო ყველა ის, ვინც არსებულ ავტორიტეტებს არ ეთანხმება. ყველაფერი ეს, კეთილგანწყობილებაში გახვეული, მოგვეწოდება სასიამოვნო ღიმილით, ზრდილობიანად და მეგობრულად.
მაუწყებლობის დროს, ერთ-ერთი მოწვეული ექსპერტი მასპინძლებსა და მაყურებლებს „მულტიპოლარული სამყაროს“ ავან-ჩავანს უხსნის. ამ ღრმად პატივცემული ექსპერტის წარმოდგენით, მულტიპოლარული სამყარო ისეთი ადგილია, სადაც არ ვრცელდება საყოველთაოდ გაზიარებული წესები ან მორალური საზღვრები, ნორმები ან პრინციპები, სადაც ყველა ისე მოქმედებს, როგორც მოესურვება და თავის უპირატესობას იმ საზღვრებამდე მიელტვის, სადამდეც ძალაუფლება გაუშვებს. პროგრამის სხვა მონაწილეები ალერსიანად იღიმიან და დასტურის ნიშნად თავს აქნევენ. საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზეა.
ყველა, ვინც ფილოსოფიაში გათვითცნობიერებულია, ადვილად მიხვდება, რომ მულტიპოლარული სამყაროს ეს აღწერა, სრულიად ეთანხმება თომას ჰობსის მიერ თავის 1651 წელს დაწერილ წიგნში – „ლევიათანი“ – აღწერილ მოვლენას: „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“. სწორედ ეს ვითარება ბატონობდა ახალი დროის ევროპაში და მეჩვიდმეტე საუკუნის მოაზროვნეებს გარდაუვალი ქაოსის თავიდან აცილების ერთადერთ გზად, მხოლოდ ცალკეული ავტორიტეტის მიერ დამყარებული უხეში წესრიგი ესახებოდათ, რადგან ავტორიტეტს წესრიგის დამყარება შეეძლო თუნდაც ნებისმიერი პიროვნების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.
ჰეგემონი და სუვერენი, „ლევიათანი“, ვინც თავის წესრიგს აფუძნებს, შესაძლოა, უსიამოდ გვეჩვენოს, მაგრამ ჰობსი სხვა ალტერნატივას ვერ ხედავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო სისხლიან ქაოსში ჩაეშვებოდა. ჰობსის დროიდან მოყოლებული, წესრიგის შენარჩუნების აუცილებლობის არგუმენტი საერთაშორისო ურთიერთობებში გამოიყენება, რათა გამართლდეს ძალაუფლების წამყვანი ცენტრების ჰეგემონია. მას შემდეგ, რაც ცივილიზაციამ წინ წაიწია, ეს წესები ჩამოყალიბდა შეთანხმებებისა და ნორმების სახით, რომლებიც, მავანთა აზრით, არა მხოლოდ ძლიერთა უფლებებს ემსახურებიან, არამედ სუსტებსაც იცავენ და პოლიტიკური პრაქტიკის გაადამიანურებას უწყობენ ხელს. სინამდვილეში, კარგად ვიცით, რომ წამყვანი ძალები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ წესრიგის შენარჩუნებასა და არსებობაზე, მას მუდმივად არღვევენ და, ამავდროულად, თავიანთ ქმედებებს ათასგვარ თვალთმაქცურ გამართლებას უძებნიან. მიუხედავად ამისა, დროდადრო დარღვეული წესების ქონა სჯობს, წესების უქონლობას. ეს აშკარაა და ამას ყველა აღიარებს.
წესრიგის მტერი და დამრღვევი სხვადასხვა ჯურის რევოლუციონერი იყო, ვინც ახლის შექმნის იმედით, „ძალმომრეობის ძველი სამყაროს“ დამხობას გვპირდებოდა. როგორც ვიცით, მათ ეს ყოველთვის კარგად არ გამოსდიოდათ. თუმცა ეს არ იყო, მაინცდამაინც, ძველი სამყაროს დანგრევის ბრალი, ამის მიზეზი უფრო ის გახლდათ, რომ ჟამთასვლისას, ახალი სამყარო ძველთან საეჭვო მსგავსებას ამჟღავნებდა. მაგრამ მაინც, დღეს, ჩვენ სრულიად ახალ ვითარებას ვუმზერთ, რომელშიც ქაოსსა და დესტაბილიზაციას გაუვნებელყოფილი რადიკალები და ანარქისტები კი აღარ ქსოვენ, არამედ – ტრადიციული ღირებულებების დამცველი კონსერვატორები.
ხშირ შემთხვევაში, [კონსერვატორების] რიტორიკა ლამის რევოლუციურად ჟღერს, რადგან მუდმივად გვესმის ლიბერალური წესრიგის უსამართლობის შესახებ ჩივილი, რასაც რთულია, არ დაეთანხმო. პრობლემა ის არის, რომ ამ წუხილში ოდნავადაც არ გამოსჭვივის სოციოეკონომიკური ურთიერთმიმართებების შეცვლის სურვილიც კი. არათუ კაპიტალისტური ფორმაციის ფუნდამენტური წესები დგება მცირედი ეჭვის ქვეშ მაინც, არამედ, პირიქით, ეს წესები ექსტრემალურ ზღვრამდეა მიყვანილი, რადგან ამ შემთხვევაში, არაფერი მნიშვნელობს გარდა შეჯიბრებითობისა.
და მაინც, ახლა, რატომ არიან მზად ტრადიციონალისტები, ისეთი მასშტაბის ქაოსის შექმნისთვის, რომელზეც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის თვით ყველაზე გულმხურვალე ანარქისტებიც კი ვერ იოცნებებდნენ? ბოლოს და ბოლოს, ანარქისტებს ძალაუფლება ხელში არ აუღიათ, ხოლო რევოლუციონერები, სათავეში მოსვლის შემდეგ, ძირითადად, საკუთარ თავს იცავდნენ (ამის შედეგად, უმეტესად, ისინი შედარებით ზომიერ სახელმწიფო ლიდერებად გარდაიქმნებოდნენ ხოლმე, რომელთა ინტერესი წესებით თამაში იყო, მათ შორის – იმ წესებით, რომლებიც მათსავე არსებობას უზრუნველყოფდნენ). დღევანდელი კონსერვატორი პოლიტიკოსები სრულიად განსხვავებულნი არიან. ისინი ფლობენ ნამდვილ ძალაუფლებას და რესურსებს, ამიტომ დესტრუქციულად მოქმედება უსაზღვროდ ძალუძთ.
პრობლემა ის არის, რომ ტრადიციული პრაქტიკა და ღირებულებები, რომელთა შენარჩუნებას ან აღდგენასაც კონსერვატორები ცდილობენ, უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან დღევანდელი ეკონომიკისა და საზოგადოების კვლავწარმოების ლოგიკას. შედეგად, ტრადიციონალიზმი არა მხოლოდ არსებული წესრიგის შენარჩუნების იდეოლოგია აღარ არის, არამედ, პირიქით, ამ ღირებულებების ნგრევის იარაღად იქცა.
როგორც ფრედერიკ ჯეიმსონი ამტკიცებს, თანამედროვე ლიბერალიზმი უფრო უკეთ ერგება გვიანდელი კაპიტალიზმის კულტურულ ლოგიკას. არის თუ არა ამ იდეოლოგიისა და მისი ლოგიკის დაცვაში რაიმე საზრისი, ეს სხვა განხილვის თემაა. აქ მნიშვნელოვანი თანამედროვე ლიბერალიზმის შლეგური სიჭარბე სულაც არ არის, ამ თავისი უმცირესობების კულტით და უმრავლესობის ინტერესებისა და საჭიროებების დემონსტრაციული უგულებელყოფით. ცხოვრების პირობები, სოციალური შესაძლებლობები და საჭიროებები მუდმივად იცვლებიან და ლიბერალური იდეოლოგია, როგორც ის 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე განისაზღვრა, კრიზისშია. ბუნებრივია, რომ ამ კრიზისის გადალახვა არ გულისხმობს ტოტალურ ურთიერთშეჯიბრს, რომელიც გაერთიანებულია ყველა იმ პირის რეპრესირების სურვილთან, ვინც „ტრადიციული ღირებულებების“ მიღებისთვის მზად არ არის. „მულტიპოლარული სამყაროს“ იდეოლოგების დევიზი ყველას ომი ყველას წინააღმდეგ მხოლოდ ლიბერალური ცივილიზაციის დასასრულს კი არ ნიშნავს, არამედ ზოგადად მთელი ცივილიზაციის დაისს. საზოგადოება და საერთაშორისო ურთიერთობები უკვე დიდი ხანია ცვლილებებს საჭიროებენ, რისი საფუძველიც ახალ, თანამშრომლობისა და სოლიდარობის, კულტურაში ძევს. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ უამრავი პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც კაცობრიობას არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ პლანეტარულ მასშტაბში აქვს.
გლობალურ დონეზე ახალი ლევიათანის გაჩენა, საეჭვოა, რომ ამ ვითარების გადაწყვეტა იყოს. პასუხი უნდა ვეძიოთ სოციალურ ცვლილებებში, რომლებიც შესაძლებელს გახდიან გადავლახოთ, როგორც თანამედროვე ლიბერალიზმის ინდივიდუალისტური ლოგიკა, ასევე, ახალი კონსერვატიზმის ტოტალიტარული აგრესიულობა.
თარგმნა დავით გალაშვილმა
https://jacobin.com/2024/04/boris-kagarlitsky-multipolarity-social-change