დევიდ ალფარო – ფაშიზმის დაბადება
ისტორიულ სინამდვილეში განმანათლებლობამ, დიდმა რევოლუციებმა და მათგან მონაბერმა სოციო-კულტურულმა ფაქტორებმა, მე-19 საუკუნეში სხვადასხვა იდეოლოგია წარმოშვა. თითოეულ მათგანს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და ცხოვრების ყველა დიდი თუ პატარა შემადგენლის მიმართ, თვითმყოფადი შეხედულებები/იდეები აქვს. ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი სამყაროს სისტემურ დახასიათებას გვთავაზობს, რომელშიც მეტ-ნაკლები სიცხადით წარსული/აწმყო/მომავალია წარმოდგენილი. დასახელებული კლასიკური იდეოლოგიებისგან განსხვავებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, ფაშიზმი ანტიიდეოლოგიად, ანტითეორეტიკულ იდეოლოგიად ან საერთოდაც, პოლიტიკურ რელიგიადაა სახელდებული, რომელიც მომავლის წარმოსახვასა და გარკვეული პოლიტიკური პროექტის შექმნის ნაცვლად, წარსულის გაყალბებულ წაკითხვაზე, უარყოფასა და რეაქციულ განწყობებზეა ორიენტირებული. ამიტომაც, ერთ-ერთ განსაზღვრებით, ფაშიზმი „იდეების აბდაუბდაა“. მაგალითად, ნაცისტების დევიზი „1789 გაუქმებულია“, ისტორიული რეალობისგან მოწყვეტასთან ერთად, უარყოფს ყველაფერს, რაც საფრანგეთის რევოლუციამ კაცობრიობას შესძინა — პოლიტიკურ უფლებებს, სოციალური სამართლიანობის იდეებს, ინდივიდუალიზმს, განსხავავებულობის მიმღებლობასა და ცხოვრების მრავალფეროვანი წარმართვის შესაძლებლობას. ერთი სიტყვით, ფაშიზმი ცალკეულის უფლებების უარყოფით, კაცობრიობას წარმოიდგენს როგორც უპიროვნო, განუსაზვრელი ძალის დადგენილ ერთობად, რომელიც სახელმწიფოს უზენაესობისა და უპირველესობის წინაშე მარადიულ ქედმოხრილობაში ფუძნდება.
ფაშიზმი რეაქციული „იდეოლოგიაა“. თანამედროვეობაში ფორმის გამოძებნის სირთულე და სიცარიელე, ინტელექტუალური ვაკუუმის გარკვეული შინაარსებით ამოვსებას მოითხოვს, სწორედ აქ ცხადდება ფაშიზმის თეორიული სიბლაგვე და მოუქნელობა, მისი ანტიისტორიული, მითოლოგიური ცნობიერება რეალობის აუხსნელობასა ან მისსავე გაყალბებაში მდგომარეობს. მითო-რელიგიური ცნობიერება, პრიმიტიულ რელიგიებთან ალუზიები, ფაშიზმის შინაგან ლოგიკას ამზეურებს და გვიცხადებს, რომ ომის, წესრიგისა და მორჩილების კულტი მაშინ იბადება, როდესაც ისტორიული უძალობა ეუფლება მოსახლეობას, როდესაც ომთან, უთანასწორობასთან, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებთან გამკლავების იმედი მიმქრალია. კრიზისებისას რეაქტუალიზებული „ძლიერი მამის“ მოთხოვნილება ფაშისტურ სიბრტყეზე პიროვნების გაკერპებით ნაცვლდება — ერის მამის, მხსნელისა თუ სახელმწიფოს მარადიული სიძლიერის სახებით.
ფაშიზმი მოდერნულობისა და სეკულარიზმის წინააღმდეგ ჯანყია, რომელიც განმანათლებლობიდან მომზირალი რაციონალიზმის უარყოფით მითო-რელიგიურ ცნობიერებას ამკვიდრებს. „ტექნიკა დაცემის ინსტრუმენტია“, აღორძინება კი მხოლოდ განუსაზღვრელ ძალასთან შეკავშირებით მიიღწევა. პრიმიტიულ რელიგიურ ცნობიერებაში ყოველდღიურობა „მანას“ შუქზე ხილვადდება. მანა უპიროვნო, განუსაზღვრელი, დაუკონკრეტებელი ძალაა, საკრალურისა და პროფანულის საზღვრების დამდგენელი, დაშვებულისა და აკრძალულის ცნობიერების განმცხადებელი. ფაშიზმში მანა სახელმწიფოს ან ძლიერი მამის სახეში იძერწება, რომელიც ერთადერთ სუვერენად ცხადდება და ფართო მასების უწესრიგო, განუსაზღვრელ მყოფობას იდეასა და საზრისს სთავაზობს, მიზანი კი საყოველთაო საომარი მობილიზაციის კულტივირებაა – უცხოს, უჩვეულოს, განსხვავებულის „ხელკეტის ფილოსოფიით“ (ჯოვანი ჯენტილე) დამორჩილება/განდევნა. ესე იგი, საზოგადოებრივი სხეულიდან ყველაფერი იმის მოცილება, რაც ფაშიზმის ერთგვაროვან პოლიტიკურ ფიქციას საფრთხეს უქმნის, რაც ძალაუფლების ვერტიკალურ განმტკიცებას უპირისპირდება.
კლასიკური იდეოლოგიებისათვის პოლიტიკური მრწამსის გავრცელების საშუალება ენაა (სიტყვა, ტექსტი, ხელონების ნიმუში), მარქსიზმში აზრისა და ქმედების ერთიანობაა, ხოლო ფაშიზმში — ცარიელი, შიშველი ქმედითობის დიქტატი (ძალადობრივ, გმირულ სულისკვეთებაზე აქცენტირებით). ერთგვაროვნება რელიგიური, ეთნიკური, რასიული ნიშნებიდანაა ამოზნექილი, სხვა (მტერი) ისაა, ვისაც წესრიგსა და ერთხმიანობაში დისონანსი შემოაქვს, ვინც ფაშისტურ კორპორატიულ სახელმწიფოში დაეჭვების, არეულობის შემოტანის შესაძლებლობას ატარებს. დღევანდელ ქართულ რეალობაში, ამგვარ „მტრის ხატად“, „გლობალური ომის პარტია“ გამოცხადდა, რომელიც, აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ძალაა, მოქნილი და ღია შაბლონია იმისათვის, რომ მიაკუთვნო ნებისმიერი, ვინც ბიძინა ივანიშვილს („ერის მამის“) ძალაუფლებრივ ინტერესებთან თანხვედრაში არ მოვა, ვინც მძიმე რეალობის ახსნას არა აბასტრაქტული და მისტიფიკაციური ხერხებით, არამედ ხელშესახები, ცხადი შინაარსებით შეეცდება. ერთი სიტყვით, ყველა, ვინც ერთპიროვნული მმართველობისა და ავტორიტარული მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, სახელმწიფოს მტრად გამოცხადდება.
საგულისხმოა, რომ ფაშიზმში სამი ტიპის ადამიანია წარმოდგენილი, ერთგვარი სამი კასტა, თითოეული ბუნებითი მოცემულობითაა დადგენილი. პირველი მმართველთა კასტაა, ჭეშმარიტი „ზეკაცების“ სამყოფლო, რომელიც ბუნებითი ქარიზმით იბადება, რომ მართოს, მბრძანებლობდეს უგვან და დასამორჩილებლად გამზადებულ მასებს. ბიძინა ივანიშვილის „ვნებიანი“ საუბარი ნიცშეზე, შესაძლოა, სწორედ იმ მნიშვნელობას ატარებდეს, რომ მას თავი „ღვთაებრივ“ ლიდერად (ზეკაცად, გაპიროვნებულ მანად) წარმოუდგენია. მეორე კასტა მეომრებისაა, „ხელკეტის ფილოსოფიის“ უშუალო გამტარების, მათი, ვინც ზეკაცის დადგენილი წესები უნდა სრულყოს, დაუეჭვებლად, გმირული სულისკვეთებით შეებრძოლოს ჰეტეროგენულ (სხვადასხვაგვარ) ელემენტებს, რათა ძალაუფლების ერთგვაროვნებას საფრთხე არ შეექმნას. მესამე კასტა, „უგვანი“, ყოველმხრივ დამცრობილი ადამიანებისაგან შედგება, ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. მესამე კასტამ ყოველთვის მცირეთა დიქტატის ქვეშ უნდა იცხოვროს და იმსახურებს ზუსტად იმდენს, რამდენსაც ზეკაცი — ერის მამა აკმარებს.
ორი სიტყვა ძალაუფლების შენარჩუნების ფაშისტურ ხერხებზეც უნდა ითქვას, „დაძაბულობის პოლიტიკა“ ფაშისტური „იდეოლოგიის“ მასულდგმულებელი მეთოდია, ომის შიშის, გარე გავლენების, აგენტების მოჩვენებათა გამრავლება მხსნელის (ზეკაცის) მოთხოვნილებას აჩენს, განსაკუთრებით ქრისტიანულ იდეებზე დამყნობილ კოლექტიურ არაცნობიერში. ფაშიზმში პირველადი, ბაზისური მოთხოვნილებები მეასეხარისხოვნად ცხადდება, მთავარი მიღმიერის მოლოდინია, მაგალითად, „მარადიული გერმანიის“ (ზეციური საქართველო), სადაც ცალკეულის ტანჯვა გაქრება და ავტორიტარი მმართველის ნებელობასთან შეზრდილი სახელმწიფოს ყოვლადძლიერებაში აღორძინდება. თუმცა, როგორც ყოველ უკიდურესად კრიზისულ ვითარებაში (რაც ფაშიზმის დაბადების ან გაცხადების პირობაა), მტრის ხატების წარმოების თანადროულად (ებრაელი, ბოშა, ფერადკანიანი, მასონი, კომუნისტი, სექსუალური უმცირესობა, აგენტი, უცხოური ძალის გამტარი პირი და ა.შ.), მასების ხელკეტით დამორჩილების პოლიტიკაც მძლავრობს. ბენიტო მუსოლინიმ 1919 წელს ქუჩაში კონტროლისა და „წესრიგის“ დასამყარებლად, „სკვადრისტების“ გაერთიანებას დაუდო სათავე, სკვადრიზმი პარამილიტარული დაჯგუფებების სახელია, რომელთა რიგებსაც ჯარისკაცები, სტუდენტები, გლეხები და სხვა იდეოლოგიურად დამუშავებული ადამიანები შეადგენენ, მათი მიზანი ყველა განსხვავებული ელემენტის მოშთობაა — დაშინების, ცემის, მოკვლისა და სხვა ძალადობრივი გზებით. ფაშისტური ხელკეტი ქართულ რეალობაში ტაბურეტში, კომბალში, ცრემლსადენ გაზში, მედიამანიპულაციებსა და სხვა საგნებში იხატება, რომელთა სამიზნეც ყველა ის ინდივიდია, ვინც ძალაუფლების დადგენილი ერთგვაროვნების წინააღმდეგ ილაშქრებს — სიტყვით, საქმით, ქცევით თუ სხვა ქმედებით.
დაბოლოს, 17 მაისის „ოჯახის სიწმინდის დღედ“ ცნობა და მისი საკრალიზება, რომელიც მორიგ უქმე დღედ გამოცხადებასა და არქაულ რიტუალურ ფორმებში (ცხენებით სიარული რუსთაველზე, როგორც არქაული ფაშიზმიდან მომავალი ობსკურანტიზმის ნიშანი) ვლინდება, ქართული ოცნების ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმისა და ფაშისტური რიტორიკისაკენ გადახრაზე მიგვანიშნებს. მმართველი ძალის პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენის ქვეშ მოყოლილი „ორგანული ინტელექტუალებიც“ გაურკვეველ პოლიტიკურ სინკრეტიზმს გვთავაზობენ, რომელშიც ქრისტიანული, სოციალისტური, კონსერვატიული და ფაშისტური იდეები ერთმანეთის გვერდით მშვიდად თავსდებიან. მიწაზე, სუვერენტიტეტსა და სიწმინდეზე საუბარი, ყოველგვარი ეკონომიკური სინამდვილისგან დაცლილ მითო-რელიგიური ლოზუნგების სიბრტყეზე მიედინება. როგორც კი, „ოჯახის სიწმინდეს“ ოჯახის სიმტკიცით ჩავანაცვლებთ, მყისვე საკრალური ენიდან პროფანულ ენაში გადავინაცვლებთ, ამგვარად, თვალსაჩინოვდება ემიგრაციის საზარელი ციფრები, ჭარბვალიანობა, უმუშევრობა, შერყეული ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და ათასი სხავ რამ, რაც ოჯახის სიმტკიცეზე საუბარს თვითდამავალდებულებელ სახეს შესძენდა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამოსწორების პასუხიხმგებლობას აიკიდებდა. სიწმინდეზე აქცენტირება ეკონომიკურიდან რელიგიურ სფეროზე ანაცვლებს ნიშნულს, ამრიგად, ცოცხლდება ქრისტიანული დათმენისა და იმქვეყნიური ჯილდოს მიღების ფენომენი, რომლის მიხედვითაც, მიწიერი კეთილდღეობის, სიმშვიდისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ნაცვლად, ცალკეული ადამიანი ეწინააღმდეგება აფექტებიდან და წინასწარგანწყობებიდან ამოზრდილ ქიმერებს, ფიქციებს, რომლებიც ისტორიის სიმძიმის ღირსეული დათმენის ნაცვლად, მარადიულ სამკვიდროს სთავაზობს. მაშასადამე, ქართული ოცნების პოლიტიკური დისკურსი, ზურგს რელიგიური, ფაშისტური და ნებისმიერი დღეისათვის გამოსადეგი იდეებით გაიმაგრებს, იმ მიზნით, რომ ძალაუფლების განმტკიცება, დოვლათის დაგროვება და გავლენების გამრავლება შეუბრკოლებლად გაგრძელდეს.