კარლ მარქსი – ბრიტანეთის ბატონობა ინდეოთში/მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში

 საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მარქსისტულ ტრადიციაში არ არსებობდა ცნობა იმის შესახებ, რომ კარლ მარქსს ინდოეთზე საერთოდ რაიმე დაეწეროს. მაგალითად, როზა ლუქსემბურგს კაპიტალის აკუმულაციის, ხოლო ლენინს იმპერიალიზმის შესახებ ტექსტის წერისას წარმოდგენა არ ჰქონდათ ინდოეთის შესახებ დაწერილ წერილებზე. ტრიბუნში გამოქვეყნებული წერილები მხოლოდ მას შემდეგ გამომზეურდნენ, რაც მარქსისა და ენგელსის ნაშრომების აკადემიურ გამოცემას ჩაეყარა საფუძველი. და თუმცა, შესაძლოა, მარქსის ამ სტატიების აღმოჩენით ბევრ საკითხს მოეფინა ნათელი (რომელზეც ქვევით გვექნება საუბარი), დღეს პოსტკოლონიური თეორიით დაფრთიანებული მთელი რიგი წვრილ-ბურჟუა ავტორები, ინდოეთის შესახებ წერილებს „ევროპაცენტრულობის“ თუ „იმპერიალისტურობის“ იარლიყს აკრავენ. მიუხედავად ამ ტექსტების იდეოლოგიურ საბურველში გახვევის მცდელობებისა, ჩვენ ისინი ყოველგვარი წინარესჯების გარეშე უნდა წავიკითხოთ, რაშიც, პირველ რიგში, იმ ატმოსფეროს მიმოხილვა დაგვეხმარება, რომელშიც ეს წერილები შეიქმნა. 1850-იან წლებში ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში საკმაო ადგილი ეჭირა კოლონიალიზმის საკითხის განხილვას და მათ შორის ინდოეთის საკითხსაც. ერთი მხრივ, არსებობდნენ კოლონიალისტური პოლიტიკის უპირობო აპოლოგეტები, ხოლო, მეორე მხრივ, ბრიტანეთის აღმოსავლური პოლიტიკის კრიტიკოსები. ტრიბუნში გამოთქმული მარქსის პოზიცია ორივე მხარისათვის მეტად მიუღებელი მსჯავრი აღმოჩნდა. მარქსისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო რეფორმისტების უილაჯო მორალისტური პოზა, რომელიც ბრიტანეთის კოლონიალისტურ პოლიტიკას გაუმართლებელ დანაშაულად თვლიდა. ცხადია, ასევე, მიუღებელი გახლდათ ბურჟუაზიის ინტერესებს ამოფარებული რეალისტების პოზიცია, რომელთათვისაც ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში „აუცილებელ ბოროტებას“ წარმოადგენდა. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ხშირად მარქსის თვალსაზრისს ე.წ „აუცილებელ ბოროტებასთან“ არა მარტო პოსტკოლონიური თეორიის წარმომადგენლები, არამედ ისეთი გამოჩენილი თეორეტიკოსებიც კი ათანაბრებენ ხოლმე, როგორიც, მაგალითად, შლომო ავინერია. ამ უკანასკნელის მიხედვით, მარქსმა ჰეგელისგან ისტორიის შესახებ მორალისგან დაცლილი, წმინდად პრაგმატისტული ხედვა იმემკვიდრევა. აქედან გამომდინარე, მარქსისთვის, ინდოეთის საკითხის განხილვისას ერთადერთ კრიტერიუმად ის უნდა მივიღოთ, თუ რამდენად წასწია წინ ბრიტანეთის ბატონობამ ინდოეთის ეკონომიკური განვითარების შეუქცევადი პროცესი. ამავე მოსაზრების გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ იტალიელი სოციოლოგის უმბერტო მელოტის პოზიცია, რომლის მიხედვით, თუმცა შესაძლოა მარქსი სუბიექტური ასპექტების გათვალისწინებით ბრიტანეთის კოლონიალისტურ პოლიტიკას  მტანჯველად და დამანგრევლად მიიჩნევდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისტორიის ობიექტური მსვლელობის გადმოსახედიდან ის პროგრესული მოვლენა გახლდათ. მაშასადამე უნდა ვიკითხოთ, არის კი მარქსის ხედვები ინდოეთის შესახებ მართლაც ამ „ეკონომიზმის“ სულით გაჟღენთილი?

      პოსტკოლონიური თეორიის მიმდევრებისა და მთელი რიგი მარქსოლოგების პასუხი ამ კითხვაზე, ცხადია, დადებითია. პირველს მიაჩნია, რომ ინდოეთში ბრიტანეთის ბატონობას აბსოლუტურად, ტოტალურად დამანგრეველი შედეგი მოჰყვა, რასაც „ინდოეთის ოქროს ხანის“, საზოგადოების პრიმიტიული ორგანიზაციის, ნატურალური მეურნეობის ფეტიშიზაცია და ხოტბა სდევს თან. მეორე კი თვლის, რომ მთავარია ეკონომიკური წინსვლა, კაპიტალიზმის განვითარება და ახალი საზოგადოებრივი ფორმაციის დაბადება. რაც უნდა ირონიული იყოს, თავის დროზე, მარქსსაც სწორედ ამ ორ, ერთმანეთის შემავსებელ პოზიციებს შორის უწევდა გზის გაკვალვა. მარქსისთვის უკიდეურესად ნაივური გახლდათ რევანშისტულ-რეაქციონერული მიდგომა, რომელიც ბრიტანელების ბატონობის ალტერნატივად, გარდასული დროის საზოგადოებრივი ორგანიზაციის აღდგენას ეტრფოდა და ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება ეწადა. თუმცა ამ ნაივური თვალთახედვის წინააღმდეგ გალაშქრება, როგორც ეს პოსტკოლონიური თეორიის მიმდევრებს ჰგონიათ, სულაც არ ნიშნავს კოლონიალიზმის ხოტბას. პირიქით, მარქსს მიაჩნდა, რომ სწორედ საზოგადოების ძველებურმა ორგანიზაციამ უზრუნველყო ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში და ამ უკანასკნელის ალტერნატივა არა ტრადიციული დესპოტიზმის აღდგენა, არამედ ადგილობრივთა მასობრივი სოციალური მოძრაობების გაშლა და გაფურჩქვნა გახლდათ. მარქსი ამხელდა კოლონიალიზმის ფსევდო-უარმყოფლებს, როდესაც ისინი ლიბერალურ-მეშჩანური პოზით მორალისტურად გმობდნენ ბრიტანელების სიმხეცეებს, თუმცა ვერ სახავდნენ ამ სისასტიკის მსხვერპლთათვის კოლონიალიზმისგან თავის დაღწევის გზას (ცხადია, მარქსი ალტერნატივად ვერ მიიღებდა ინდოელი ხალხის ისევ ისტორიის უკუნეთში გადასროლას). როგორც დღეს, ასევე შორეულ 1850-იან წლებში, დასავლელი მემარცხენეების გარკვეული ნაწილი აიდეალიზებდა ტრადიციული არა-ევროპული საზოგადოებების ცხოვრების წესს, თუმცა მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. საბოლოოდ, „რეფორმისტებსა“ და „საქმოსნებს“ შორის გაჩაღებული კამათი ბრიტანეთის პარლამენტში იქამდე მივიდა, რომ დღის წესრიგში მთავარ განსახილველ საკითხად ის იქცა, შეენარჩუნებინათ თუ არა ინდოეთის ადგილობრივი არისტოკრატიისთვის პრივილეგიები და ავტონომია. როგორც მარქსი ერთგან მიუთითებს, ბრიტანელი „რეფორმისტების“ „ნამდვილი სიმპათია ინდოელთა მიმართ“, მათ უბიძგებდა, რომ დაეცვათ ადგილობრივი არისტოკრატია, რათა მის მოშლას მთელი ინდური საზოგადოების დაცემა არ მოჰყოლოდა. აქედან გამოდის, რომ, არჩევანი ორ უკიდურესობას შორის არსებობდა, ერთი მხრივ, ან ბრიტანელთა ბატონობა, რომელიც „ღორული იყო და ასეთია იგი დღესაც“, ან ინდურ თემებს შიგნით მონობისა და კასტური წყობის შენარჩუნება. მარქსი ნათლად მიუთითებდა, რომ ინდოელი ხალხისთვის მხარდაჭერა არა ძველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შენარჩუნებაზე ზრუნვა, არამედ ახალი სოციალური კლასის წარმოქმნა, მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის დაბადება გახლდათ, რომელსაც შეეძლო, ერთი მხრივ, თავიდან მოეცილებინა ბრიტანელთა უღელი, ხოლო, მეორე მხრივ, ბოლომდე მოემკა ის სარგებელი, რომელიც მომავლის დემოკრატიული წეს-წყობისთვის აუცილებელი იქნებოდა. კოლონიზებული ხალხის თვითგამორკვევა ვერ მიიღწევა იმაზე ჯიუტი დაჟინებით, რაც კოლონიზატორმა უკვე ფერფლად აქცია. თვითგამორკვევის პროცესი გულისხმობს იდენტობის სეპარატისტული პოლიტიკის მოჯადოებული წრის გარღვევას და იმ ხალხის სამომავლო კეთილდღეობაზე ზრუნვას, იმ მასების გარევოლუციურებას, რომელნიც კოლონიზატორის მოსვლამდეც პირუტყვებამდე დამდაბლებულნი და უაღრესად ექსპლოატირებულნი იყვნენ. მარქსის აზრით, ინდოეთის თვითგამორკვევისთვის აუცილებელი გახლდათ რიგითი ინდოელებისთვის სამხედრო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშვნის შესაძლებლობა, რათა შექმნილიყო „ახალი კლასი“ პოლიტიკურად ცნობიერი ინდოელებისა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებოდნენ ადმინისტრაციული მართვისთვის საჭირო უნარებით და ევროპული მეცნიერებით. ცხადია, არც აქ უნდა ვიგულისხმოთ რაიმე პატერნალისტური მოტივი, რადგან მარქსისთვის სრულიად მიუღებელი იყო ბრიტანელთა ეგიდით ინდოელთა „განათლება“ და ინდოელი ხალხის ევოლუციურად გაცივილიზებულება. ინდოეთის ძველი სოციალური ბორკილებისგან დახსნა ბრიტანელთა ხელით, თუმცა მათი ნებისგან დამოუკიდებლად, მათი შეგნებისა და განზრახულობისგან განცალკევებით მოხდა: „ყველაფერი ის, რასაც იძულებით გააკეთებს ინგლისის ბურჟუაზია არც გაათავისუფლებს ინდოელი ხალხის მასას და არც არსებითად გააუმჯობესებს მის სოციალურ მდგომარეობას, რადგან ერთიცა და მეორეც არა მარტო საწარმოო ძალების განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, დაეუფლება ხალხი ამ ძალებს თუ არა. მაგრამ იგი ყოველ შემთხვევაში გააკეთებს იმას, რომ შექმნის მატერიალურ წინაპირობებს ამ ორივე მიზნის განსახორციელებლად. განა ბურჟუაზიას ოდესმე გაუკეთებია მეტი? განა ბურჟუაზიას ოდესმე განუხორციელებია პროგრესი უიმისოდ, რომ როგორც ცალკეული ადამიანები, ისე მთელი ხალხები სისხლისა და ჭუჭყის, უბედურებისა და დაცემის გზით არ გამოეწრთო?“ თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ, მარქსის აზრით, ინდოელები მანამდე ვერ იგემებენ ევროპული ტექნოლოგიებისა და წარმოების წესის სიამეებს, სანამ ისინი ამ ყველაფერს საზოგადოებრივ კონტროლს არ დაუქვემდებარებენ. ასევე საგულისხმოა, რომ „აზიატური დესპოტიზმის“ მორღვევა ნამდვილად იძლევა დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის შესაძლებლობას, მაგრამ ეს ვერ გაკეთდება კოლონიური ან კაპიტალისტური ფორმაციის პირობებში. არსებული ვითარებიდან გამოსავლად მარქსს მიაჩნდა, რომ ინდოეთის გათავისუფლება შეიძლება ინგლისში პროლეტარული რევოლუციის გზით ან კოლონიზატორთა ბატონობის წინააღმდეგ თვით ინდოელი ხალხის გამათავისუფლებელი ბრძოლის გზით.

  დაბოლოს, ორი სიტყვით შევჩერდებით ყბადაღებული, მარქსი-ენგელსისა და ევროპაცენტრიზმის საკითხის შესახებ. სინამდვილეში, ნაწერთა ძალიან მცირე რაოდენობა არსებობს, რომელზე დაყრდნობითაც, შესაძლოა, მავანმა განაცხადოს, რომ მარქსი-ენგელსი მიესალმებიან „ევროპული ცივილიზაციის“ გამარჯვებას არა-ევროპულ „ბარბაროსობაზე“. და ეს, მეტწილად, ენგელსის 1848-1849 წლებში დაწერილი წერილების კისერზეა, როდესაც ენგელსმა (ისტორიული და არაისტორიული ერების კონცეფციის ეგიდით) გაამართლა საფრანგეთის შეჭრა ალჟირში და შტატების ომი მექსიკის წინაღმდეგ (იხ. საფრანგეთის ბატონობა ალჟირში), თუმცა შემდგომ 1857 წელს ენგელსმა უარყო მისი ეს პოზიციები და დაგმო საფრანგეთის სიმხეცე ალჟირში, აღფრთოვანება გამოხატა არაბული და კაბილის ტომების მიმართ, რომელთა „დამოუკიდებლობა შესანიშნავი, ხოლო უცხოური დომინაციისადმი ზიზღი თვით სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი გახლდათ“. მეტიც, მარქსმა და ენგელსმა თავდაყირა დააყენეს „ცივილიზებული“-„ბარბაროსის“ შეპირისპირება იმაზე მითითებით, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა არ განსაზღვრავს უცხოზე მორალურ უპირატესობას. მარქსისთვის, მეცნიერული ცოდნა კაპიტალისტთა ხელში წარმოადგენდა სწორედაც რომ „მეცნიერულ ბარბაროსობას“. ბურჟუაზიული ცივილიზაციის ბარბაროსობა და უღრმესი პირმოთნეობა იმაშიც ვლინდებოდა, რომ ევროპაში, მის სამშობლოში თუკი მას შედარებით მოკრძალებული იერი ჰქონდა, სამაგიეროდ ის თავის მთელს სისასტიკეს კოლონიებში აშიშვლებდა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ძველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამორჩენილობას და ნაკლოვანებებს მარქსი და ენგელსი ასევე უკომპრომისოდ აკრიტიკებდნენ ფეოდალიზმთან მიმართებითაც. და, შესაბამისად, მათი კრიტიკული მიმართება წარსულის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ფორმაციასთან არ იყო მხოლოდ „აზიატური დესპოტიზმით“ შემოზღუდული, არამედ მათი კრიტიკა ვრცელდებოდა თავიანთ სამშობლოზე, საფრანგეთზე, პოლონეთსა და ა.შ. ცხადია, ამ კრიტიკას თავისი პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა, მაგალითად, ინდოეთში ძველი ყაიდის დესპოტიზმის შენარჩუნება არა მხოლოდ ინდოელთა უმეტესობის ისევ დამამცირებელ მდგომარეობაში დატოვებას გულისხმობდა, არამედ ანტი-კოლონიალისტური წინააღმდეგობის მოძრაობის შებორკვასაც. ამან შესაძლოა გაგვახსენოს მარქსის და ენგელსის დამოკიდებულება პოლონეთის არისტოკრატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლონეთის დამოუკიდებლობას ზურგში ლახვარს, პირველ რიგში, თვით ეს არისტოკრატია ჩასცემს და პოლონეთის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ მანამ იდგება, სანამ ეს კლასი იქნება ძალაუფლების საჭეთმპყრობელი. ერთი შეხედვით, მარქსის წინააღმდეგობრივი განცხადება, რომ ინდოეთი „წინასწარგანსაზღვრული მსხვერპლი გახლდათ“ სულაც არ ნიშნავს არა-ევროპული კულტურებისადმი ზიზღს, არამედ – დიალექტიკურ მსჯელობას იმის შესახებ, რომ დესპოტიზმი და პოლიტიკური ფრაგმენტაცია, ერთი მუჭა ადამიანების მიერ მთელი საზოგადოების დამონება – იქნება ეს პოლონეთი, გერმანია თუ ინდოეთი – მეტად აადვილებს გარეშე მჩაგვრელის ბატონობის თავს მოხვევას ადგილობრივ მოსახლეობაზე. ასევე სიყალბეა სხვადასხვა ჯურის მორალისტის თუ „ჰუმანისტის“ გმინვა იმის შესახებ, რომ მარქსსა და ენგელსს სოციალიზმისკენ სავალ გზაზე აუცილებელ საფეხურად კაპიტალიზმი ესახებოდათ. ჯერ კიდევ 1850 წელს მარქსი მიუთითებდა, რომ „ჩინური სოციალიზმი, შესაძლოა, იმ მიმართებით იდგეს ევროპული ყაიდის სოციალიზმთან, როგორც ჩინური ფილოსოფია დგას ჰეგელიანურთან მიმართებით“. ამგვარად, ამ ფრაზის გათვალისწინებით, მარქსი აშკარად ხედავდა იმ შესაძლებლობას, რომ ერთი გვარის ქვეშ ორი სახეობა თანაბარი წარმატებით განვითარებულიყო. აქ აღარ შევჩერდებით მარქსის და ენგელსის ხედვებზე რუსეთის შესახებ, რომელიც გაშლილია მათ პირად მიმოწერებში ვერა ზასულიჩთან, კარლ კაუცკისთან და ა.შ. რედაქცია ამ საკითხის შესახებ სხვა დროს დაწვრილებით ისაუბრებს. ერთიც არის, მიუხედავად იმ ფაქტების სიუხვისა, რომლებიც „ევროპაცენტრულობის“ თუ სხვა ტიპის გამოგონილ დამღას არგუმენტირებულად აქარწყლებენ, ჩვენი პოსტკოლონიური თეორიის მეხოტბეები მაინც იტყვიან: „მით უარესი ფაქტებისთვის“.

ქვევით გთავაზობთ მარქსის სტატიებს „ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში“ და „ინდოეთში ბრიტანეთის ბატონობის მომავალი შედეგები“.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

ბრიტანეთის ბატონობა ინდოეთში

   ინდოეთი, აზიური მასშტაბის იტალიაა. იქ ალპების ნაცვლად ჰიმალაის მთებია, ლომბარდიის დაბლობის ნაცვლად — ბენგალის დაბლობი, აპენინების ნაცვლად — დეკჰანის ქედი და კუნძულ სიცილიის ნაცვლად — კუნძული ცეილონი, იგივე მდიდარი მრავალფეროვნება მიწის ნაყოფთა და იგივე დაქსაქსულობა პოლიტიკური ფორმების მხრივ. და როგორც იტალიაში დროგამოშვებით დამპყრობლის ხმალი ძალად აიძულებდა სხვადასხვა ეროვნული მასებს გაერთიანებულიყვნენ, ისევე ვხედავთ ჩვენ ინდოეთში — იმ პერიოდებში, როდესაც იგი არ იმყოფებოდა მაჰმადიანების, მოგოლების[1] ან ბრიტანელების უღელქვეშ, ინდოეთი იმდენსავე დამოუკიდებელ და ერთმანეთთან მტრულ ურთიერთობაში მყოფ სახელმწიფოებად იყო დანაწილებული, რამდენიც მასში ქალაქი ან თვით სოფელიც ითვლება. მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით, ინდოეთი წარმოადგენს არა იტალიას, არამედ აღმოსავლეთის ირლანდიას და ეს უცნაური დაკავშირება იტალიისა და ირლანდიისა, ხორციელი სიტკბოების ქვეყნისა და ჭმუნვის ქვეყნისა, წინასწარ მოცემულია ინდოეთის რელიგიის ძველ ტრადიციებში. ეს რელიგია ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ხორციელ სიტკბოებათა სიჭარბის რელიგიას და თვითმგვემი ასკეტიზმის რელიგიას, ლინგამის[2] რელიგიას და ჯაგერნაუტის[3] რელიგიას; მონაზონის რელიგიას და ბაიადერას რელიგიას.

მე არ ვიზიარებ იმათ აზრს, რომელთაც სწამთ ინდოეთის ოქროს ხანის  არსებობა, თუმცა ჩემი აზრის დასადასტურებლად არც ყულიხანის ბატონობის პერიოდს დავიმოწმებ, როგორც ამას სერ ჩარლზი ვუდი[4] სჩადის. გავიხსენოთ, მაგალითად, აურანგზების ხანა:[5] ანდა ეპოქა, როდესაც მოგოლები გამოჩნდნენ ჩრდილოეთში და პორტუგალები სამხრეთში;  ან მაჰმადიანთა შესევის ეპოქა და ეპოქა ჰეპტარქიისა[6] სამხრეთ ინდოეთში, ან, თუ კიდევ უფრო ძველი დროისაკენ წასვლა გნებავთ, აიღეთ თვით ბრაჰმანების[7] მითოლოგიური ქრონოლოგია, რომელიც ინდოეთის უბედურების დასაწყისს იმაზე უფრო შორეულ ეპოქას მიაკუთვნებს, ვიდრე ის ეპოქაა, რომელსაც ქრისტიანობა ქვეყნის გაჩენას უკავშირებს.

    მაგრამ ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ უბედურება, რომელიც ბრიტანელებმა თავს დაატეხეს ინდოეთს, არსებითად სხვაგვარია და შეუდარებლად უფრო დიდია, ვიდრე ყველა ის უბედურება, რაც ინდოეთს წინათ განუცდია. მე არ ვლაპარაკობ აქ ევროპულ დესპოტიზმზე, რომელიც ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ[8] დაამყნა აზიურ დესპოტიზმს და რომელთა შეერთება უფრო საზარელ რამეს იძლევა, ვიდრე ის წმინდა ურჩხულები, სალსეტის[9] ტაძარში რომ გვაფრთხობენ. იგი კოლონიების მმართველობის ინგლისური სისტემის სპეციფიკური ნიშანი კი არ არის, არამედ მხოლოდ ჰოლანდიური სისტემის წაბაძვაა, და ეს იმდენად სწორია, რომ ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის მოქმედების დასახასიათებლად საკმარისია მოვიყვანოთ სიტყვასიტყვით ის, რაც სერ სტამფორდ რაფლსმა, იავის ი ნ გ ლ ი ს ე ლ მ ა გუბერნატორმა, ჰოლანდიის ძველ ოსტ-ინდოეთის კომპანიაზე თქვა:

„ჰოლანდიის კომპანიამ, რომელიც გატაცებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მოგების ძიებით და თავის ქვეშევრდომებს ნაკლებ ზოგავდა, ვიდრე ოდესმე ვესტ-ინდოეთის პლანტატორი მის პლანტაციაზე მომუშავე მონებს, ვინაიდან ამ უკანასკნელს ფული ჰქონდა გადახდილი მის მიერ საკუთრებად შეძენილ ადამიანებში. მაშინ როდესაც პირველს არაფერი გადაუხდია, — ამ კომპანიამ დესპოტიზმის მთელი არსებული აპარატი გამოიყენა, რათა მოსახლეობიდან გადასახადებით უკანასკნელი კაპიკი გამოეწურა და იგი უკანასკნელი ძალღონის გამოლევამდე ემუშავებინა. ამგვარად, მან გააძლიერა უბედურება, რასაც თავს ატეხს ქვეყანას თვითნება და ნახევრად ბარბაროსული მთავრობა, როდესაც თავის მოქმედებაში. პოლიტიკოსის მთელ პრაქტიკულ დახელოვნებას და ვაჭრის მთელ მონოპოლისტურ ეგოიზმს აერთებს.“

სამოქალაქო ომები, შესევები, გადატრიალებანი, დაპყრობანი, შიმშილი, — ყველა ეს ერთიმეორის მომდევნო უბედურება, რაგინდ რთულად, მძაფრად და გამანადგურებლად არ უნდა გვეჩვენებოდეს მათი მოქმედება ინდოეთისათვის, მაინც მხოლოდ მის ზედაპირს შეეხებოდა. ინგლისმა კი, დაარღვია თვით საფუძველი ინდოეთის საზოგადოებისა, ხოლო დღემდე მას არაფერი უცდია, რომ გარდაექმნა იგი. ძველი ქვეყნის დაკარგვა ახლის მოუპოვებლად განსაკუთრებულ ტრაგიკულ ელფერს სძენს ინდოეთის ახლანდელ უბედურებათ და ბრიტანეთის ბატონობის ქვეშ მყოფ ინდოეთს ყველა მისი ძველი ტრადიციისაგან, მთელი მისი წარსული ისტორიისაგან წყვეტს.

   აზიაში საერთოდ უხსოვარი დროიდან არსებობდა მართვა-გამგეობის მხოლოდ სამი დარგი: საფინანსო უწყება, ანუ საკუთარი ხალხის ძარცვის უწყება, სამხედრო უწყება, ანუ სხვა ხალხთა ძარცვის უწყება, და, დასასრულ, საზოგადოებრივ სამუშაოთა უწყება. ჰავის და ნიადაგის თავისებურებამ, განსაკუთრებით ვრცელ უდაბნო ადგილებში, რომელიც საჰარიდან დაწყებული ვრცელდება არაბეთში, სპარსეთში, ინდოეთსა და სათათრეთში აზიის ზეგანამდე, აღმოსავლეთის სოფლის მეურნეობის საფუძვლად გახადა ხელოვნური რწყვის სისტემა არხებისა და ირიგაციულ ნაგებობათა გზით. როგორც ეგვიპტესა და ინდოეთში, ისე მესოპოტამიასა, სპარსეთსა და სხვა ქვეყნებში წყალდიდობით სარგებლობენ. მინდვრების გასანოყიერებლად, აგრეთვე მდინარის მაღალ დონეს იყენებენ სარწყავ არხებში წყლის გადასაგდებად, წყლის ეკონომიური და კოლექტიური გამოყენების ამ ელემენტარულმა აუცილებლობამ აიძულა დასავლეთში კერძო მეწარმეები ნებაყოფლობით ასოციაციებად გაერთიანებულიყვნენ ისე, როგორც ეს ფლანდრიასა და იტალიაშია. აღმოსავლეთში კი, სადაც ცივილიზაცია მეტად დაბალ დონეზე იდგა და ტერიტორიების ფართობი მეტად დიდი იყო, იგივე აუცილებლობა ნებაყოფლობითი ასოციაციების დასაარსებლად მოითხოვდა ცენტრალიზაციის მომხდენი მთავრობის ძალით ჩარევას. აქედან — ის ეკონომიური ფუნქცია, რომელსაც იძულებით ასრულებდა ყველა აზიური მთავრობა, სახელდობრ, საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზაციის ფუნქცია. ნიადაგის ხელოვნური განოყიერების ეს სისტემა, რომელიც ცენტრალურ მთავრობაზე იყო დამოკიდებული და დაუყოვნებლივ დაეცემოდა, როგორც კი ეს მთავრობა მორწყვის და ამოშრობის სამუშაოებს დაუდევრად მოეპყრობოდა, გვიხსნის სხვაგვარად აუხსნელ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ მთელ უნაყოფო და უდაბნო ტერიტორიებს, რომლებიც ოდესღაც საუცხოოდ იყო დამუშავებული, როგორიცაა მაგალითად, პალმირა, პეტრა, იემენის ნანგრევები და ეგვიპტის, სპარსეთისა და ინდოეთის ვეებერთელა პროვინციები. ამით აიხსნება აგრეთვე ის ფაქტი, რომ ერთადერთი გამანადგურებელი ომი კმაროდა ქვეყნის გასაუკაცრიელებლად საუკუნეების განმავლობაში და მთელი მისი ცივილიზაციის მოსასპობად. და, აი, ბრიტანელებმა გადაიღეს ოსტ-ინდოეთში თავიანთი წინამორბედებისაგან საფინანსო უწყება და სამხედრო უწყება, მაგრამ სრულიად უყურადღებოდ დატოვეს საზოგადოებრივ სამუშაოთა უწყება.

  აქედან — დაცემა სოფლის მეურნეობისა, რომელსაც არ შეეძლო განვითარებულიყო თავისუფალი კონკურენციის ბრიტანული პრინციპის თანახმად, ე. ი. თანახმად პრინციპისა laissez faire, laissez aller.[10] მაგრამ აზიის სახელმწიფოებში ჩვენ ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობა ეცემა ერთი მთავრობის მმართველობის დროს და ისევ აღორძინებას განიცდის რომელიმე სხვა მთავრობის მმართველობის დროს. აქ მოსავალიც კარგი თუ ცუდ მთავრობაზეა დამოკიდებული, ისე როგორც ევროპაში იგი დამოკიდებულია კარგ თუ ცუდ ამინდზე. ამგვარად, რაგინდ დიდი არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობისათვის მიყენებული ზარალი და მის მოთხოვნილებათა უგულებელყოფა, ეს თავისთავად მაინც ვერ იქნებოდა საკმარისი მიზეზი – ინდოელთა საზოგადოების დაცემისა, რაც ბრიტანელი დამპყრობლის მიერ იყო გამოწვეული, ამას რომ თან არ ხლებოდა უფრო დიდი მნიშვნელობის გარემოება — ახალი რამ მთელი აზიური ქვეყნიერების მატიანეში. რაგინდ დიდი ყოფილიყო პოლიტიკური ცვლილებანი ინდოეთის წარსულში, მისი სოციალური პირობები უცვლელი რჩებოდა უძველესი დროიდან დაწყებული XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე. ხელის საფეიქრო დაზგა და ხელის ჯარა, რომლებიც წარმოშობენ ფეიქართა და მრთველთა ურიცხვ არმიას, ინდოელთა საზოგადოების სტრუქტურის საფუძველს შეადგენდნენ. უხსოვარი დროიდან ევროპა იღებდა ინდოელი ფეიქრის უმშვენიერეს ნახელავს და სამაგიეროდ აძლევდა თავის ძვირფას ლითონებს — მასალას ოქრო მჭედლისათვის, ინდოელთა საზოგადოების აუცილებელი წევრისათვის, რადგან ამ საზოგადოების სიყვარული სამკაულისადმი ისე დიდია, რომ თვით უდაბლესი კლასის წარმომადგენლებიც კი, რომელიც თითქმის შიშვლები დადიან, ჩვეულებრივ წყვილ ოქროს საყურეს და ყელზე რაიმე ოქროს სამკაულს ატარებენ. საყოველთაოდ გავრცელებული იყო აგრეთვე ბეჭდები ხელ-ფეხის თითებზე. ქალები და ბავშვები ხელებზე და ფეხებზე ხშირად ოქროს ან ვერცხლის მძიმე სამაჯურებს ატარებდნენ. მათ სახლებში შეხვდებოდით ღმერთების პაწია ვერცხლის ქანდაკებებს. ბრიტანეთის მიერ დაპყრობამ დაამსხვრია ინდუსთა ხელის საფეიქრო დაზგა და ჯარა. ინგლისმა საქმე იმით დაიწყო, რომ ევროპის ბაზრებიდან განდევნა ინდური ბამბეულის ნაწარმი, შემდეგ იწყო ნართის შეზიდვა ინდოეთში და დაასრულა მით, რომ ყელამდე გაავსო ბამბეული საქონლით ბამბეულ ნაწარმთა სამშობლო. 1818 წლიდან 1835 წლამდე ნართის ექსპორტი დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთში გაიზარდა შეფარდებით 1:5200. ინგლისური მუსლინის იმპორტი ინდოეთში 1824 წელს თითქმის არც კი აღწევდა 1000000 იარდს, მაშინ როდესაც 1837 წელს იგი აღემატებოდა – 4000000 იარდს. ამავე დროს, დაკას მოსახლეობა 150 000 მცხოვრებიდან 20 000-მდე შემცირდა, მაგრამ ეს დაცემა ინდოეთის ქალაქებისა, რომელნიც წინათ განთქმული იყვნენ თავიანთი ქსოვილებით, ჯერ არ წარმოადგენდა ინგლისის ბატონობის ყველაზე ცუდ შედეგს. ბრიტანეთის ორთქლმა და ბრიტანეთის მეცნიერებამ ძირშივე კიდევ მოსპეს კავშირი სამიწათმოქმედო და სამანუფაქტურო მრეწველობას შორის ინდოეთის მთელს ტერიტორიაზე.

   ამ ორმა გარემოებამ, ერთი მხრივ, იმან, რომ ინდოელები, აღმოსავლეთის ყველა ხალხის მსგავსად, ცენტრალურ მთავრობას მიაკუთვნებდნენ ზრუნვას დიდი საზოგადოებრივი სამუშაოებისათვის, რომელნიც მათი მიწათმოქმედებისა და ვაჭრობის ძირითად საფუძველს შეადგენდნენ და, მეორე მხრივ, იმან, რომ ინდოეთის მოსახლეობა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაფანტული, შეჯგუფებულია პატარა ცენტრებში, რომელნიც სამიწათმოქმედო და სამრეწველო შრომას შორის პატრიარქალური კავშირის საფუძველზე არსებობდნენ, — ამ ორმა გარემოებამ უხსოვარი დროიდან გამოიწვია განსაკუთრებული სოციალური სისტემა, — ეგრეთ წოდებული სათემო სისტემა (village system). იგი თითოეულ ამ პატარა ერთეულს დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხასიათს და თავისებურ განცალკევებულ არსებობას აძლევდა. ამ სისტემის თავისებურ ხასიათს გვაცნობს შემდეგი აღწერილობა, რომელიც მოიპოვება ინგლისის თემთა პალატის ერთ ძველ ოფიციალურ ანგარიშში ინდოეთის შესახებ:

„სოფელი, გეოგრაფიულად თუ განვიხილავთ, წარმოადგენს ტერიტორიის ფართობს, რომელიც რამდენსამე ას ან ათას აკრ დამუშავებულ და დაუმუშავებელ მიწას შეიცავს; პოლიტიკური თვალსაზრისით, იგი ემსგავსება ქალაქის კორპორაციას. ჩვეულებრივ სოფელს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა შემდეგი შტატი ჰყავს: პ ა ტ ე ლ ი, ანუ მამასახლისი, ეწევა რა საერთო ზედამხედველობას სოფლის საქმეებზე, აგვარებს დავას მცხოვრებლებს შორის, განაგებს პოლიციას და ასრულებს გადასახადთა ამკრეფის მოვალეობას თავის სოფელში, — მოვალეობას რომლის შესასრულებლად ის ყველაზე უფრო შესაფერია იმ პირადი გავლენისა დ მცხოვრებთა მდგომარეობის თუ საქმეების ცოდნის გამო, რაც მას გააჩნია. კარნამი თვალყურს ადევნებს მიწათმოქმედებას და აღრიცხავს ყველაფერს, რაც ამას შეეხება. შემდეგ ტალარი და ტოტი: პირველის მოვალეობაა შეკრიბოს ცნობები ბოროტმოქმედებათა და კანონის დარღვევის შემთხვევათა შესახებ, გააცილოს და დაიცვას ის ადამიანები, რომელიც ერთი სოფლიდან მეორეში გადადიან; მეორის მოვალეობანი, როგორც ეტყობა, უფრო სოფლის ფარგლითაა შემოზღუდული და სხვა მოვალეობებთან ერთად ისიცაა, რომ მოსავალს მოუაროს და ხელი შეუწყოს მის აღრიცხვას. საზღვრის მცველი მეთვალყურეობს სოფლის – ზღვრებს ან ცნობას იძლევა, როდესაც საზღვრების შესახებ დავა წარმოიშობა. წყლის აუზებისა და რუების მეთვალყურე ანაწილებს წყალს მიწათმოქმედების საჭიროებისათვის. განსაკუთრებული ბრამინი განაგებს სოფელში კულტის საქმეებს. შემდეგ მოდის სკოლის მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლოს ქვიშაზე, მეკალენდრე ბრამინი, ანუ ასტროლოგი, და სხვ. ეს მაღალი და დაბალი თანამდებობის პირნი შეადგენენ სოფლის ადმინისტრაციას, მაგრამ ინდოეთის ზოგ ნაწილში მათი შტატი ნაკლებია, რადგან ზემო აღწერილ მოვალეობათა და ფუნქციათაგან რამდენიმე ერთი და იმავე პირის ხელშია შეერთებული, სხვა ნაწილები – კი, პირიქით, მათი შტატი უფრო ფართოა, ვიდრე ზემოთ არის აღნიშნული. უხსოვარ დროიდან ცხოვრობდა მოსახლეობა სათემო მართვა-გამგეობის ამ მარტივი ფორმით, სოფლების საზღვრები იშვიათად იცვლებოდა; და თუმცა თვით სოფლები ზოგჯერ ნადგურდებოდნენ ომის, შიმშილის და სენის გამო, მაგრამ მაინც იგივე სახელწოდებანი, იგივე ინტერესები და იგივე ოჯახებიც კი განაგრძობდნენ არსებობას მთელი საუკუნეების განმავლობაში. ამ სოფლების მცხოვრებნი სრულიადაც არ წუხდნენ მონარქიათა დამხობისა და დანაწილების გამო; რამდენადაც მათი სოფელი უვნებელი რჩებოდა, ისინი თავს არ იტეხდნენ იმაზე, თუ რომელი – ხელმწიფის ფარგალში მოხვდა ან რომელ მეფეს დაექვემდებარა იგი, ვინაიდან მათი შინაგანი მეურნეობის საფუძველი არ იცვლებოდა. პატელი ისევ და ისევ თემის მამასახლისი იყო და მოქმედებდა როგორც მომრიგებელი მოსამართლე და ხარჯთამკრეფი.“

სოციალური ორგანიზმის ეს პატარა, ჩვეულებრივი ფორმები უმეტეს შემთხვევაში დაიშალა და გაქრა არა იმდენად ბრიტანეთის გადასახადთა ამკრეფებისა და ბრიტანეთის ჯარისკაცთა უხეში ჩარევის გამო, რამდენადაც ინგლისის ორთქლის მანქანებისა და ინგლისის თავისუფალი ვაჭრობის გამო. ეს ოჯახური თემები დამყარებული იყვნენ ოჯახურ მრეწველობაზე, ხელით ქსოვის, ხელით რთვის და ხელით მიწის დამუშავების სპეციფიკურ კომბინაციაზე, რომელიც თვითკმარი ხასიათისა იყო ამ თემებისათვის. ინგლისის ჩარევამ, რამაც მრთველებს ლანკაშირში მოუყარა თავი, ხოლო მქსოველებს ბენგალიაში, ანდა როგორც ინდოელი მრთველები, ისე ინდოელი მქსოველები დედამიწის ზედაპირიდან აღგავა, დაანგრია ეს ნახევრად ბარბაროსული, ნახევრად ცივილიზებული თემები იმით, რომ დაარღვია მათი ეკონომიური საფუძველი და ამგვარად მოახდინა უდიდესი და, მართალი უნდა ითქვას, ერთადერთი სოციალური რევოლუცია, რომელიც კი ოდესმე განუცდია აზიას.

  მაგრამ, რაგინდ ბუნებრივიც უნდა იყოს ის, რომ ჩვენ სევდა შეგვიპყრობს ხოლმე, როდესაც ვხედავთ ამ ათიათასობით შრომისმოყვარე, პატრიარქალური და მშვიდი სოციალური ჯგუფების დეზორგანიზაციას და დაშლას, რაგინდ სამწუხაროც უნდა იყოს ის, რომ ისინი ტანჯვის მორევში არიან გადასროლილი, რომ თითოეულმა მისმა წევრმა დაკარგა ერთდროულად, როგორც თავისი ცივილიზაციის ძველი ფორმები, ისე არსებობის ძველისძველი წყაროები, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იდილიური სასოფლო თემები, რაგინდ უმანკოდაც არ უნდა გვეჩვენებოდნენ ისინი ერთი შეხედვით, ყოველთვის შეადგენდნენ აღმოსავლეთის დესპოტიზმის მტკიცე საფუძველს, რომ ისინი ადამიანის გონებას ზღუდავდნენ უაღრესად ვიწრო ფარგლებით, ვინაიდან მას ხდიდნენ ცრურწმენის მორჩილ იარაღად, ტრადიციულ ჩვეულებათა მონად და აცლიდნენ მას ყოველ სიდიადეს და ისტორიულ ინიციატივას. არ უნდა დაგვავიწყდეს ეგოიზმი ბარბაროსთა, რომელთა ინტერესები მიწის მცირე ნაკვეთზე იყო თავმოყრილი და რომელნიც გულმშვიდად უცქეროდნენ, როგორ ემხობოდა იმპერიები, როგორ ხდებოდა ენით გამოუთქმელი სისასტიკე, როგორ წყდებოდა დიდი ქალაქების მოსახლეობა, — გულმშვიდად უცქეროდნენ ყველა ამას და უფრო მეტ ყურადღებას არ აქცევდნენ, ვიდრე ბუნების მოვლენებს, თვითონ ხდებოდნენ უმწეო ნადავლად ყოველი მოძალადისა, რომელიც ინებებდა მათთვის ყურადღების მიქცევას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უღირსი და მცენარეული სიცოცხლე, რომელსაც არავითარი სულიერი ინტერესი არ გააჩნია, არსებობის ეს პასიური ფორმა, მეორე მხრივ, რეაქციის სახით იწვევდა ველურ, ბრმა და შეუკავებელ დამაქცეველ ძალებს და მკვლელობასაც კი რელიგიურ რიტუალად ხდიდა ინდოეთში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პაწია თემები კასტური დაცალკევების და მონობის დაღს ატარებდნენ, რომ ისინი ადამიანებზე გარეშე გარემოებებს აბატონებდნენ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი აეყვანათ გარემოებათა მბრძანებლის სიმაღლეზე, რომ დამოუკიდებლად განვითარებული საზოგადოებრივი წყობილება მათ გადააქციეს უცვლელ ბუნებრივ ბედისწერად და მით შეჰქმნეს ბუნების უხეში თაყვანისცემა, რომლის უღირსობა იმ ფაქტით გამოისახება, რომ ადამიანი, ბუნების ეს მეუფე, მოწიწებით მუხლს იყრიდა მაიმუნი ჰანუმანის და ძროხა საბალას წინაშე.

   როცა ინგლისი სოციალურ რევოლუციას ახდენდა ინდოეთში, იგი, რასაკვირველია, ყოვლად მდაბალი ინტერესით ხელმძღვანელობდა და ამ რევოლუციის გატარების წესში გონებადახშულობასაც იჩენდა, მაგრამ საქმე ეს როდია. საკითხავი ისაა, შეუძლია თუ არა კაცობრიობას თავისი დანიშნულება შეასრულოს საფუძვლიანი რევოლუციის მოუხდენლად აზიის სოციალურ მდგომარეობაში? თუ არა, მაშინ ინგლისი, ყველა მის ბოროტმოქმედებათა მიუხედავად, ამ რევოლუციის შესრულებაში ისტორიის შეუგნებელი იარაღი იყო.

   ეს თუ ასეა, მაშინ რაგინდ სამწუხაროც არ უნდა იყოს პირადად ჩვენთვის ძველი ქვეყნის დაქცევის სანახობა, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ჩვენ უფლება გვაქვს გოეთესთან ერთად წამოვიძახოთ:

მაშ წამებამ რათ გვაწუხოს,

თუ ამრავლებს სიტკბოს ისა,

განა კაცთ მირიადები

თემურლენგმა არ გასრისა?[11]

დაწერილია მარქსის მიერ 1853 წ. 10 ივნისს.

დაბეჭდილია გაზეთ „New-York Daily Tribune”-ის 1853 წ. 25 ივნისის ნომრისათვის.

მომავალი შედეგები ბრიტანეთის ბატონობისა ინდოეთში

   როგორ გაბატონდა ინგლისი ინდოეთში? დიდი მოგოლის[1] შეუზღუდველი ძალაუფლება დაამხეს მისმა მოადგილეებმა, მოადგილეების ძლიერება დაამსხვრიეს. მარატჰებმა,[2] მარატჰების ძლიერება გასტეხეს ავღანელებმა, ხოლო როდესაც ასე ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძოდა, მოვარდა ბრიტანელი და ყველას დაპყრობა მოახერხა. ქვეყანა, სადაც არა მარტო მაჰმადიანებს და ინდუსებს შორისაა ბრძოლა, არამედ, აგრეთვე, ტომსა და ტომს და კასტასა და კასტას შორისაც, საზოგადოება, რომელსაც დასაყრდენად ჰქონდა ერთგვარი წონასწორობა, წარმომდგარი ყველა მის წევრთა საყოველთაო ურთიერთ უკუგდებიდან და მტკიცედ დამკვიდრებული განცალკევებიდან — განა ასეთი ქვეყანა და ასეთი საზოგადოება განწირული არ იყო, რათა დამპყრობლის ლუკმად ქცეულიყო? კიდეც, რომ არაფერი ვიცოდეთ ინდოეთის ისტორიის შესახებ, განა ჩვენთვის საკმარისი არ იქნებოდა ის დიდი და უცილობელი ფაქტი, რომ ინგლისს ამჟამადაც ინდოეთი მონობაში ჰყავს ინდოეთისავე ჯარის დახმარებით, რომელსაც იმავე ინდოეთის ხარჯზე ინახავს? ინდოეთს, ამგვარად, არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ის ხვედრი, რომ დაპყრობილი ყოფილიყო, და მთელი მისი ისტორია, რამდენადაც მას საერთოდ ჰქონდა ისტორია, წარმოადგენს ისტორია თანამომდევნო დაპყრობებისა, რომელთა ობიექტს იგი წარმოადგენდა. ინდოეთის საზოგადოებას არა აქვს, არავითარი ისტორია, ყოველ შემთხვევაში, არავითარი ცნობილი ისტორია. ის, რასაც ჩვენ მის ისტორიას ვუწოდებთ, არის მარტოოდენ ისტორია ერთიმეორის შემცვლელი დამპყრობლებისა, რომელნიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აფუძნებდნენ თავიანთ იმპერიებს ამ პასიური და უმოძრაო საზოგადოების საფუძველზე. საკითხი ამიტომ ის კი არაა, ჰქონდა თუ არა ინგლისს ინდოეთის დაპყრობის უფლება, არამედ ისაა, ვარჩევდით თუ არა, რომ ინდოეთი დაეპყრო თურქებს, სპარსელებს, რუსებს და არა ბრიტანელებს.

    ინგლისს ორგვარი მისია აქვს ინდოეთში შესასრულებელი: დამრღვევი და შემოქმედებითი; ერთი მხრივ, ძველი აზიური საზოგადოების დარღვევა, მეორე მხრივ, დასავლეთის საზოგადოების მატერიალური საფუძვლის ჩაყრა აზიაში. არაბები, თურქები, თათრები, მოგოლები, რომელნიც ერთიმეორის შემდეგ იპყრობდნენ ინდოეთს, მალე ი ნ დ ო ე ლ დ ე ბ ო დ ნ ე ნ რადგან, ისტორიის გარდუვალი კანონის თანახმად, ბარბაროსი დამპყრობლები თვითონ ხდებიან დაპყრობილნი დაპყრობილ ხალხთა მაღალი ცივილიზაციის მიერ. ბრიტანელები პირველნი იყვნენ უფრო მაღალი კულტურის მქონე დამპყრობლები, და ამიტომ ისინი მიუწვდომელნი აღმოჩნდნენ ინდოეთის ცივილიზაციის ზემოქმედებისათვის. მათ გააჩანაგეს ეს ცივილიზაცია მით, რომ დაანგრიეს ადგილობრივი თემები, გაანადგურეს ადგილობრივი მრეწველობა და გაათანაბრეს ყველაფერი, რაც საერთო დონეზე მაღლა იდგა ადგილობრივ საზოგადოებაში. ინდოეთში ინგლისელების ბატონობის ისტორიის კაბადონები სხვას თითქმის არას გვეუბნება, გარდა ამ განადგურებისა; მათი შემოქმედებითი მუშაობა ძლივს ჩანს ნანგრევებს შორის. მაგრამ ეს შემოქმედებითი მუშაობა მაინც დაწყებულია.

   ინდოეთის პოლიტიკური ერთიანობა, დღეს უფრო განმტკიცებული და სივრცობრივად უფრო გაფართოებული, ვიდრე ოდესმე დიდი მოგოლების დროს, მისი აღდგენის პირველი წინაპირობა იყო. ინგლისის ხმლით დამყარებული ეს ერთიანობა ახლა განმტკიცებული და გამარადისებული იქნება ელექტრონის ტელეგრაფით. ბრიტანეთის უნტერ-ოფიცრის მიერ ორგანიზებული და გაწვრთნილი, მკვიდრთაგან შემდგარი არმია, აუცილებელი პირობაა ინდოეთის თვითგანთავისუფლებისა, — ისეთი ინდოეთისა, რომელიც პირველი უცხო დამპყრობლის ლუკმა აღარაა. ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება, რომელიც პირველადაა შეტანილი აზიურ საზოგადოებაში და რომელსაც უმთავრესად ხელმძღვანელობენ ინდუსთა და ევროპელთა შთამომავალნი, წარმოადგენს რეკონსტრუქციის ახალ და მძლავრ ფაქტორს, თვით ზემინდარობა და რაიატვარი,[3] რაგინდ საზიზღარი არ უნდა იყვნენ ისინი, წარმოადგენდნენ ორ სხვადასხვა ფორმას მიწის კერძო საკუთრებისა, ე. ი. იმისა, რასაც ესოდენ ელტვის აზიური საზოგადოება. ინდოეთის მკვიდრთაგან, რომლებსაც ინგლისელთა ზედამხედველობით უხალისოდ და ისიც უაღრესად მცირე მოცულობის განათლებას აძლევენ კალკუტაში, იქმნება ახალი კლასი; ეს კლასი მართვა-გამგეობისათვის საჭირო ცოდნას ფლობს და ევროპული მეცნიერებითაა აღჭურვილი. ორთქლმა დაამყარა რეგულარული და სწრაფი მიმოსვლა ინდოეთსა და ევროპას შორის, დაუკავშირა ინდოეთის ყველა მთავარი ნავსადგური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ზღვების ყველა ნავსადგურს და ამგვარად გამოიყვანა ინდოეთი იმ განცალკევებული მდგომარეობიდან, რომელიც მთავარი საფუძველი იყო მისი უმოძრაობისა. შორს აღარაა ის დღე, როდესაც რკინიგზების და საზღვაო გზების შეერთებით მანძილი ინგლისსა და ინდოეთს შორის, დროით გაზომილი, რვა დღის სავალამდე შემცირდება, და ამგვარად ეს ოდესღაც საზღაპრო ქვეყანა ნამდვილად შეუერთდება დასავლეთის სამყაროს.

   დიდი ბრიტანეთის გაბატონებული კლასები დღემდე მხოლოდ შემთხვევით, დროებით და გამონაკლისის სახით იყვნენ დაინტერესებული ინდოეთის განვითარებით. არისტოკრატიას სურდა მისი დაპყრობა, ფინანსურ პლუტოკრატიას უნდოდა მისი გაძარცვა, ხოლო სამრეწველო ბურჟუაზიის მისწრაფება იყო დაეპყრო იგი თავის საქონელთა დიდი სიიაფით. მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა. სამრეწველო ბურჟუაზიამ აღმოაჩინა, რომ მისი სასიცოცხლო ინტერესები ინდოეთის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევას მოითხოვს და რომ ამისათვის უწინარეს ყოვლისა საჭიროა ინდოეთი შეიარაღებულ იქნეს ხელოვნური მორწყვის საშუალებებით და შინაგანი სამიმოსვლო გზებით. მრეწველებს განზრახვა აქვთ რკინიგზის ქსელით მოჰფინონ ინდოეთი. ისინი ამას შეასრულებენ და ამის შედეგები განუზომელი იქნება.

   ცნობილია, რომ ინდოეთის მწარმოებლური ძალები მოდუნებულია ქვეყნის სხვადასხვა ნაწარმოებთა გადაზიდვისა და გაცვლა-გამოცვლისათვის საჭირო ტრანსპორტის საშუალებათა მეტისმეტი ნაკლებობის გამო. არსად არ ვხედავთ ამ ზომით, როგორც ინდოეთში, ესოდენ ძლიერ სოციალურ გაჭირვებას ბუნებრივი სიუხვის გვერდით; ეს გაჭირვება გაცვლა-გამოცვლის საშუალებების უქონლობითაა გამოწვეული. 1848 წელს ინგლისის თემთა პალატის კომისიაში დამტკიცებული იყო, რომ

„მაშინ როდესაც კვარტერი ხორბალი კანდეიშში 6—8 მილინგად იყიდებოდა, იგი 64—70 შილინგი ღირდა პენაში, სადაც ხალხი შიმშილისაგან ქუჩებში იხოცებოდა, რადგან შეუძლებელი იყო სურსათის მიზიდვა კანდეიშიდან, ვინაიდან თიხნარი გზები გაუვალი იყო.“

   რკინიგზების გაყვანა ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნას მიწათმოქმედების მიზნებისათვის, სახელდობრ, წყალსაცავების გასამართად. იქ, სადაც საჭიროა მიწის ამოთხრა რკინიგზის მიწაყრილის გასაკეთებლად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას, აგრეთვე, რკინიგზის გასწვრივ სხვადასხვა მიმართულებით წყლის გადასაცემად. ამნაირად, შეიძლება ძალიან გაფართოვდეს სისტემა  ხელოვნური მორწყვისა, რომელიც აუცილებელ პირობას შეადგენს მიწათმოქმედებისათვის აღმოსავლეთში და იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ შიმშილობა მოუსავლიანობის გამო, რაც წყლის ნაკლებობით არის ხოლმე გამოწვეული. რკინიგზების უდიდესი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ იმ რაიონებშიც კი, რომელნიც მთის ფერდობებს აკრავენ, მორწყული მიწისათვის სამჯერ მეტ გადასახადებს იხდიან და მას ათჯერ და თორმეტჯერ მეტი მუშახელი ამუშავებს. ამასთან იგი ათჯერ ან თხუთმეტჯერ მეტ მოგებას იძლევა, ვიდრე იმავე ფართობის მოურწყავი მიწა.

    რკინიგზები შესაძლებელს გახდის შემცირებულ იქნას ჯარების რიცხვი და სამხედრო ხარჯები. პოლკოვნიკმა უორენმა, სენ-უილიამმის სიმაგრის უფროსმა ასე გამოთქვა თავისი აზრი თემთა პალატის სპეციალური კომისიის წინაშე:

„შესაძლებლობა ცნობების მილების ქვეყნის შორეული ნაწილებიდან იმდენი საათის შემდეგ, რამდენი დღე და კვირაც სჭირდება ამას ახლა, შესაძლებლობა, რომ ინსტრუქციები ჯარის ნაწილებსა და სურსათთან ერთად უსწრაფესი გზით იქნას გადაგზავნილი — ამ ფაქტორთა დიდი მნიშვნელობის გაზვიადებით შეფასება  შეუძლებელია. გარნიზონები შეიძლებოდა დაბანაკებულიყვნენ ერთიმეორისაგან უფრო დაშორებულ და უფრო ჯანსაღ ადგილებში, ვიდრე ამჟამად. ამით დაიზოგებოდა უამრავი ადამიანი, რომელნიც ახლა ავადმყოფობის გამო იღუპებიან. აგრეთვე, საჭირო არ იქნებოდა ისე ბევრი სურსათის მომარაგება საწყობებში, რითაც თავიდან ავიცილებდით დანაკარგს ლპობისა და ჰავის გამანადგურებელი ზეგავლენის გამო, ხოლო ჯარების რიცხვის შემცირება შესაძლებელი იქნებოდა პირდაპირ იმ ზომით, რა ზომითაც შესაძლებელი გახდებოდა მათი უფრო სწრაფად გამოყენება.“

    ჩვენ ვიცით, რომ სასოფლო თემების მუნიციპალური ორგანიზაცია და ეკონომიური საფუძველი დარღვეულ იქნა, მაგრამ მათი უცუდესი ნიშანი, სახელდობრ, საზოგადოების დაშლა ერთგვაროვან, ერთმანეთთან შეუკავშირებელ ატომებად, ამის შემდეგაც დარჩა. თემების განცალკევებულობამ წარმოშვა გზების უქონლობა ინდოეთში, ხოლო გზების უქონლობა განამტკიცებდა თემების განცალკევებულობას. ასეთ პირობებში თემი არსებობდა ცხოვრების მოცემულ დაბალ დონეზე, თითქმის სხვა თემებთან ურთიერთობის გარეშე. იმ მოთხოვნილებებისა და აქტივობის გარეშე, რაც სოციალური პროგრესისათვისაა აუცილებელი. ახლა, როდესაც ბრიტანელებმა მოტეხეს სასოფლო თემების თვითკმარი ინერცია, რკინიგზებს შეუძლიათ დააკმაყოფილონ ურთიერთობისა და გაცვლა-გამოცვლის მოთხოვნილება, გარდა ამისა,

„სარკინიგზო სისტემის ერთ-ერთი შედეგი ის იქნება, რომ ეს სისტემა ყოველ სოფელში, სადაც იგი გაივლის, გაუმჯობესებათა და პრაქტიკულ მოწყობილობათა ისეთ ცოდნას შეიტანს, რაც სხვა ქვეყნებშია შემოღებული და ისე გაადვილებს მათ შემოღებას, რომ ინდოეთის მემკვიდრეობითი და დაქირავებული ხელოსნების კლასს შესაძლებლობას მისცემს, ჯერ ერთი, სავსებით გამოავლინოს თავისი უნარი, და, მეორე, შეავსოს თავისი ხარვეზები.“ (ჩამპენი, „ბამბა და ვაჭრობა ინდოეთში“).

   მე ვიცი, რომ ინგლისის სამრეწველო ბურჟუაზია, როდესაც იგი მიისწრაფვის რკინიგზებით მოჰფინოს ინდოეთი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით ხელმძღვანელობს, რომ გაიაფდეს მისი ფაბრიკებისათვის საჭირო ბამბის და სხვა ნედლი მასალების მოზიდვა. მაგრამ თუ თქვენ მანქანა შეიტანეთ მიმოსვლა-მიმოზიდვის საშუალების სახით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს რკინა და ნახშირი, თქვენ ხელს ვერ შეუშლით, რომ ამ ქვეყანამ თვითონ იწყოს ამ მანქანის წარმოება. თქვენ არ შეგიძლიათ იქონიოთ რკინიგზები ასეთ ვეება ქვეყანაში მრეწველობის იმ დარგების უორგანიზაციოდ, რომლებიც საჭიროა სარკინიგზო მოძრაობის უშუალო და მიმდინარე მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; ეს კი გამოიწვევს მანქანების გამოყენებას მრეწველობის იმ დარგებშიც, რომელნიც უშუალოდ დაკავშირებული არ არიან რკინიგზასთან. ამგვარად, რკინიგზები ინდოეთში თანამედროვე მრეწველობის ნამდვილ წინამორბედად გახდებიან, ეს მით უფრო მართალია, რომ ინდოელებს, როგორც ამას თვით ინგლისური ხელისუფლება აღიარებს, აქვთ განსაკუთრებული უნარი შრომის სრულიად ახალ პირობებთან შეგუებისა და იმ ცოდნის შეთვისებისაც, რომელიც საჭიროა მანქანის გამოსაყენებლად. ამ ფაქტის დამარწმუნებელ დადასტურებას წარმოადგენს ის უნარი და საქმის ცოდნა, რასაც იჩენენ კალ-კუტის ზარაფხანაში მომუშავე ადგილობრივი მემანქანეები, რომელნიც მრავალი წლის განმავლობაში ორთქლის მანქანებთან მუშაობდნენ. აგრეთვე იმ მკვიდრთა მოსაქმეობა, რომელნიც მუშაობდნენ სხვადასხვა ორთქლის მანქანებთან ჰანდუორის ქვანახშირის ოლქში, და სხვა მაგალითები. თვით ბ-ნი კემპბელი, თუმცა იგი ოსტ-ინდოეთის კომპანიის ცრურწმენის გავლენის ქვეშ ასე ძლიერაა მოქცეული, იძულებულია აღიაროს, რომ

„ინდოელი ხალხის ფართო მასებს დიდი სამრეწველო ენერგია გააჩნიათ აქვთ უნარი კაპიტალის დაგროვებისა და საკვირველი ნიჭი მათემატიკისა თუ ზუსტი მეცნიერებისა.“ „მათი ინტელექტი, — ამბობს იგი,—შესანიშნავია.“[4]

    თანამედროვე მრეწველობა, რომელიც რკინიგზებთან ერთად შევა ინდოეთში, დაშლის ტრადიციული შრომის დანაწილების სისტემას, რომელზედაც დამყარებული ინდოეთის კასტები, ეს ძირითადი დაბრკოლება ინდოეთის პროგრესისა და ძლიერებისა.

   ყველაფერი ის, რასაც იძულებით გააკეთებს ინგლისის ბურჟუაზია არც გაათავისუფლებს ინდოელი ხალხის მასას და არც არსებითად გააუმჯობესებს მის სოციალურ მდგომარეობას, რადგან ერთიცა და მეორეც არა მარტო საწარმოო ძალების განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, დაეუფლება ხალხი ამ ძალებს თუ არა. მაგრამ იგი ყოველ შემთხვევაში გააკეთებს იმას, რომ შექმნის მატერიალურ წინაპირობებს ამ ორივე მიზნის განსახორციელებლად. განა ბურჟუაზიას ოდესმე გაუკეთებია მეტი? განა ბურჟუაზიას ოდესმე განუხორციელებია პროგრესი უიმისოდ, რომ როგორც ცალკეული ადამიანები, ისე მთელი ხალხები სისხლისა და ჭუჭყის, უბედურებისა და დაცემის გზით არ გამოეწრთო?

   ინდოელები ვერ მოიმკიან ახალი საზოგადოების იმ ელემენტთა ნაყოფს, რომლებიც ბრიტანეთის ბურჟუაზიამ გააბნია მათ შორის, მანამდე, ვიდრე თვით დიდ ბრიტანეთში ახლანდელი გაბატონებული კლასი არ იქნება განდევნილი სამრეწველო პროლეტარიატის მიერ, ან ვიდრე თვით ინდუსები არ გახდებიან საკმაოდ ძლიერნი, რომ სამუდამოდ მოიშორონ კისრიდან ინგლისელთა უღელი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია მეტნაკლებად შორეულ მომავალში მოველოდეთ ამ დიდი და საინტერესო ქვეყნის აღორძინებას. — ქვეყნისა, რომლის კეთილშობილი მოსახლეობა თავის უდაბლეს კლასებშიც კი, თავადი სალტიკოვის თქმით, „უფრო დახვეწილი და უფრო დახელოვნებულია, ვიდრე იტალიელები.“[5] — ქვეყნისა, რომლის მცხოვრებნი თავის მორჩილებასაც კი რაღაცნაირი მშვიდი კეთილშობილებით აწონასწორებენ და, თავიანთი ბუნებრივი მოთმინების მიუხედავად, ინგლისელ ოფიცრებს ანცვიფრებდნენ თავისი სიმამაცით, — ქვეყნისა, რომელიც აკვანი იყო ჩვენი ენების, ჩვენი რელიგიების და რომელიც ჯატის[6] სახით გვაძლევს ძველი გერმანელის, ხოლო ბრამინის სახით — ძველი ბერძენის ტიპს.

  მე არ შემიძლია გამოვეთხოვო თემას ინდოეთის შესახებ რამდენიმე საბოლოო შენიშვნის გამოუთქმელად.

   ღრმა ფარისევლობა და ბურჟუაზიული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ბარბაროსობა დაუფარავად წარმოგვიდგება თვალწინ, როდესაც ჩვენ ამ ცივილიზაციას ვუცქერით არა შინ, სადაც მას საპატიო ფორმები აქვს მიღებული, არამედ კოლონიებში, სადაც იგი რეალურად გაშიშვლებული გამოდის. ბურჟუაზიას საკუთრების დამცველად მოაქვს თავი, მაგრამ განა რომელიმე რევოლუციურ პარტიას მოუხდენია ოდესმე ისეთი აგრარული რევოლუციები, როგორიც ბენგალიაში, მადრასში და ბომბეიში განხორციელებული რევოლუციები იყო? განა ინდოეთში ბურჟუაზია არ მიმართავდა, — თუ თვით ლორდ კლაივის, ამ დიდი მძარცველის, გამოთქმას ვიხმართ, — სასტიკ ძალადობას იქ, სადაც უბრალო მოსყიდვა არ კმაროდა მისი მძარცველური მიზნების მისაღწევად? განა იმ დროს, როდესაც ეს ბურჟუაზია ეროვნული ვალის დაურღვეველი სიწმინდის შესახებ ლაქლაქებდა ევროპაში, არ ახდენდა იმ რაჯების დივიდენდთა კონფისკაციას, რომელთაც თავისი კერძო დანაზოგი თვით კომპანიის აქციებში ჰქონდათ მოთავსებული? განა მან იმ დროს, როდესაც იგი იბრძოდა საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ ჩვენი „წმინდა რელიგიის დაცვის“ საბაბით, არ აკრძალა ქრისტიანობის პროპაგანდა ინდოეთში, და განა მან ამ მიზნით, რომ შემოსავალი მიეღო მლოცველებისაგან, რომელნიც ორისის და ბენგალიის ტაძრებს აწყდებოდნენ, შემოსავლის წყაროდ არ გახადა. მკვლელობა და პროსტიტუცია ჯაგერნაუტის ტაძარში? აი, როგორები არიან ეს „საკუთრების, წესრიგის, ოჯახის და რელიგიის“ დამცველები!

   ინგლისის მრეწველობის გამანადგურებელი მოქმედება ინდოეთის მიმართ — ისეთი ქვეყნის მიმართ, რომელიც თავისი ფართობით ევროპაზე ნაკლები არაა და 150 მილიონ აკრს შეიცავს, სრულიად ცხადია. იგი საშინელია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოქმედება მხოლოდ ორგანული შედეგია მთელი ამჟამად არსებული საწარმოო სისტემისა. ეს წარმოება კაპიტალის ყოვლად ძლიერ ბატონობაზეა დამყარებული, კაპიტალის ცენტრალიზაცია განუყრელად დაკავშირებულია კაპიტალის, როგორც დამოუკიდებელი ძალის, არსებობასთან. ამ ცენტრალიზაციის დამრღვევის გავლენა მსოფლიოს ბაზრებზე მხოლოდ გიგანტური ზომით ააშკარავებს პოლიტიკური ეკონომიის იმანენტურ ორგანულ კანონებს, რომელნიც ამჟამად ცივილიზებული ქვეყნიერების ყოველ ქალაქში ცხადყოფენ თავის მოქმედებას. ისტორიის ბურჟუაზიული პერიოდი მოწოდებულია შექმნას ახალი მსოფლიოს მატერიალური საფუძველი: ერთი მხრივ, განავითაროს ხალხთა ურთიერთდამოკიდებულებაზე დამყარებული მსოფლიო ურთიერთობა და აგრეთვე ამ ურთიერთობის საშუალებანი; მეორე მხრივ, განავითაროს ადამიანის საწარმოო ძალები და განაპირობოს მეცნიერების დახმარებით მატერიალური წარმოების გარდაქმნა ბუნების ძალებზე ბატონობად. ბურჟუაზიული მრეწველობა და ვაჭრობა ქმნიან ახალი მსოფლიოს ამ მატერიალურ პირობებს, ისე როგორც გეოლოგიურმა რევოლუციებმა შექმნეს დედამიწის ზედაპირი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი სოციალური რევოლუცია დაეუფლება ბურჟუაზიული ეპოქის მიღწევებს, მსოფლიო ბაზარს თუ თანამედროვე საწარმოო ძალებს და ყველაზე უფრო პროგრესული ხალხების საერთო კონტროლს დაუქვემდებარებს მათ, – მხოლოდ მაშინ აღარ იქნება კაცობრიობის პროგრესი იმ საზიზღარი კერპის მსგავსი, რომელსაც არ სურდა ნექტარი სხვაგვარად შეესვა, თუ არა მოკლულის თავისქალადან.

დაწერილია მარქსის მიერ 1853 წ. 22 ივლისი

დაბეჭდილია გაზეთ “New-York Daily Tribune”-ის 1853 წ. აგვისტოს გამოცემაში.


[1] დიდი მოგოლი- ამ ტიტულს აძლევდნენ ევროპელები მოგოლთა იმპერიის მმართველებს, რომლებიც თავს ფადიშაჰებს უწოდებდნენ.

[2] მარატჰები- ეროვნება ინდოეთში, რომელიც დეკანის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში სახლობდა.

[3] ზამინდარისა და რაიატვარის სისტემები – მიწის ორი საგადასახადო სისტემა, რომლებიც ინგლისის ხელისუფლებამ შემოიღო ინდეოთში მე-18 საუკუნის დამლევს და მე-19 საუკუნის დამდეგს.

[4] G. Campbell. “Modern India: a Sketch of the system of Civil Government.” London, 1852, p. 59-60.

[5] მარქსს ციტატი მოჰყავს ა.დ. სალტიკოვის წიგნიდან „წერილები ინდოეთზე.“

[6] ჯატები- კასტური ჯგუფი ჩრდილოეთ ინდოეთში: მის ძირითადად მასას შეადგენდნენ მიწათმოქმედი გლეხები, მას მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე სამხედრო ფეოდალური ფენის წარმომადგენლები.


[1] მოგოლები- თურქული წარმოშობის დამპყრობნი, რომლებიც XVI საუკუნის დამდეგს შუა აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან შეიჭრნენ ინდოეთში და 1526 წელს ჩრდილოეთ ინდოეთში შექმნეს დიდ მოგოლთა იმპერია, რომელიც გამუდმებული შინაომებისა და ფეოდალურ-სეპარატისტული ტენდენციების შედეგად ფაქტიურად დაიშალა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში.

[2] ლინგამის რელიგია – ღვთაება შივას კულტი; გავრცელებულია სამხრეთ ინდოეთში; არ ცნობს კასტურ განსხვავებებს და უარყოფს მარხვებს, მსხვერპლშეწირვას და სალოცავად სიარულს.

[3] ჯაგერნაუტი (ჯაგანათხი) — ინდუსური ღმერთის ვიშნუს ერთი განსახიერებათაგანია. ჯაგერნაუტის ტაძრის ქურუმები დიდ შემოსავალს იღებდნენ მასობრივი მომლოცველობით (ამასთან ხელს უწყობდნენ ტაძართან მცხოვრები ქალების — ბაიადერების — პროსტიტუციას) ჯაგერნაუტის კულტი გამოირჩეოდა უაღრესად ბრწყინვალე რიტუალებით, აგრეთვე, უკიდურესი რელიგიური ფანატიზმით, რაც ვლინდებოდა მორწმუნეთა თვითგვემასა და თვითმკვლელობაში დიდი დღესასწაულების დღეებში. ზოგიერთი მათგანი ქვეშ უვარდებოდა ეტლს, რომლითაც მოასვენებდნენ ვიშნუ-ჯაგერნაუტის გამოსახულებას.

[4] სერ ჩარლზ ვუდი(1800 – 1885)- 1846-1866 წლებში გახლდათ ვიგების პოლიტიკური პარტიის და ბრიტანეთის პარლამენტის წევრი.

[5] აურანგზები იგივე ალამგირი- დიდ მოგოლთა იმპერიის მე-6 იმპერატორი 1658-1707 წლებში, შაჰ-ჯაჰანის მესამე ძე, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი. 1636-1644 წწ. და 1652-1657 წწ. იყო დეკანის გამგებელი. ტახტზე ავიდა მამამისის დამხობის შემდეგ, „ალამგირის“ („ქვეყნის მპყრობელის“) წოდებით.

[6] ჰეპტარქია (შვიდხელისუფლებიანობა)- ინგლისის ისტორიოგრაფიაში მიღებული ტერმინი ინგლისის პოლიტიკური წყობილების გამოსახატავად შუა საუკუნეების ადრეულ პერიოდში, როცა ქვეყანა შვიდ ანგლო-საქსურ სამეფოდ იყო დაქუცმაცებული; მარქსი ამ ტერმინს ანალოგიით ხმარობს დეკჰანის(ცენტრალური და სამხრეთ ინდოეთი) ფეოდალური დაქსაქსულობის აღსანიშნავად, ვიდრე მას მუსლიმანები დაიპყრობდნენ.

[7] ბრაჰმანები- ერთ-ერთი კასტა ინდოეთის ოთხი უძველესი კასტიდან, რომელსაც თავდაპირველად ძირითადად ეკუთვნოდა ქურუმების პრივილეგირებული ფენა; მოგვიანებით, ისევე როგორც სხვა ინდურ კასტებში, მასში გაერთიანებული იყვნენ ქურუმების გარდა სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური მდოგმარეობის ადამიანები, მათ შორის გაღატაკებული გლეხები და ხელოსნები.

[8] ოსტ-ინდოეთის კომპანია – ინგლისის სავაჭრო კომპანია, ინგლისის კოლონიური პოლიტიკის იარაღი ინდოეთში, ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, დაარსდა 1600 წელს. 1853 წელს მიღებული ქარტიის კანონი კვეცავდა კომპანიის მონოპოლიურ უფლებებს ინდოეთის მართვაზე კომპანია საბოლოოდ გაუქმდა 1858 წელს.

[9] ბომბეის ჩრდილოეთით მდებარე სალსეტის კუნძული განთქმულია თავისი 109 ბუდისტური გამოქვაბული ტაძრით.

[10] მიეცით მოქმედების თავისუფლება (ფორმულა ბურჟუაზიულ ეკონომისტი ფრიტრედერებისა, რომლებიც იცავდნენ ვაჭრობის თავისუფლებას და სახელმწიფო ჩაურევლობას ეკონომიურ ურთიერთობათა სფეროში).

[11] ლექსიდან „ზულეიკას“ („დასავლურ-აღმოსავლური დივანი“).

მარქსის სტატიები ინდოეთის შესახებ გაციფრულებულია შემდეგი გამოცემიდან: კ.მარქსი, ფ.ენგელსი, რჩეული ნაწერები (ტომი I), გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1975.