ჯეკ ლონდონის გამორჩეულად საინტერესო მოთხრობაში „სიცოცხლის წყურვილი“ ველური ბუნების წიაღში, „ოქროს ციებ-ცხელებას“ გადევნებული ადამიანისა და მასთან დამარტოხელებული მგლის ამბავი დაახლოებით იმ სიმძლავრის მითოლოგემაზე მიგვანიშნებს, როგორზეც ოდისევსისა და ციკლოპის ისტორია გვიყვება, თუმცა იმ სხვაობით, რომ ლონდონისეული „იგავის“ მთავარი პერსონაჟი ბილი ცბიერების ბურჟუაზიულ ტექნიკებს არ ფლობს და არც მასთან შეპირისპირებული მგელია მარტოოდენ ბუნების სიმბოლო და, მით უმეტეს, – არც დაქვემდებარებული კლასისა.[1] მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარე ოქროს ციებ-ცხელება ათასობით უმუშევარ ან მძიმე და დაუფასებელ შრომას შეჭიდებულ მეზღვაურს, ხელოსანს, მეტყევესა თუ გლეხს მაგიური ძალმოსილებით იზიდავდა თავისკენ იმ იმედით, რომ არსებულ მძიმე ცხოვრებას შორეულ, ნატვრისეული წარმოდგენის მიწებში მიმოფანტული და აღმოსაჩენად გამზადებული განძის დასაკუთრება – მაძიებელთა ყოფის სირთულეს, საამო და უზრუნველი ცხოვრებით ჩაანაცვლებდა. უეცარი გამდიდრების იმედი, რომელსაც ჯეკ ლონდონისა და ჩარლი ჩაპლინის გმირები იზიარებენ, სხვა არაფერია, თუ არა მოგვიანებით „ამერიკულ ოცნებად“ სახელდებული მანტრა – დაქვემდებარებული კლასების დაცალკევებისა და გადამტერების ერთგვარი კატალიზატორი. ამერიკული ოცნება, როგორც ამერიკის ცაზე გამოკიდებული „იდეოლოგიზებული სანთელი“, რომლის შუქზეც ყველას, როგორც არავის და არავის, როგორც ყველას, შესაძლებლობათა ფართო და ულევი გზა ეფინება. ამერიკული ოცნების, როგორც სასტიკი, კაპიტალისტური ლოგიკის იდეოლოგემის უკან ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ორი მოვლენა იმალება. თითოეულ მათგანს კლასობრივი მსგავსება და ნატვრისეული, უდროო მომავლის განცდა აერთიანებს. ერთიცა და მეორეც გადარჩენისა და არსებულის გაუმჯობესების იმედებს სხვა ადგილისა თუ სხვა დროის ძიებისაკენ მიაპყრობს. პირველი მათგანი უკვე დასახელებული ოქროს მაძიებლობა გახლდათ, ხოლო მეორე, დიდი დეპრესიის ჟამს, სამხრეთის შტატებიდან დასავლეთისაკენ სიკვდილის კარეტებივით მიმავალ, ცარიელი, დაჟანგული ქვაბებით სავსე ძველ სატვირთოებში შეყუჟულ ოჯახებს ეხებათ – ადამიანებს, რომლებიც დროებითი სამსახურის შოვნის იმედად მშობლიურ სახლებს ტოვებენ და უცნობ, თუმცა, დაპირებისამებრ ხვავრიელსა და სამუშაო ადგილების სიუხვით გამორჩეული მიწებისაკენ მიემართებიან. სწორედ ხსენებულ პროცესზე გვიამბობენ წინამდებარე ტექსტში შერჩეული და ისტორიული სინამდვილის ერთგული მხატვრული ნამუშევრები.
მითოლოგიურ დროში ადგილის შეცვლა/გადანაცვლება, გარკვეულწილად, „შესაქმის“ მნიშვნელობით ველში ინიშნება, სადაც, ახალ საცხოვრებელ ადგილად გამიზნული ტოპოსი „აღთქმული მიწის“ სამოთხისეულ პარადიგმაში თავსდება. ხსენებული მითო-რელიგიური ცნობიერება პატარა, პერიფერიული ქალაქებიდან აბარგებული ადამიანებისათვის განახლებისა და უკეთესი ცხოვრების დასაწყისის იმედს წარმოადგენს. დიდი დეპრესიის ჟამს, სამხრეთიდან დასავლეთისაკენ მიმდინარე შრომითი მიგრაციის ხასიათი სწორედ ამგვარი, ისტორიის სიმძიმის გადამტანი ა(ი)ლუზიებით იყო ნაკვები. თავის მხრივ, ბასტერ კიტონისეული დასავლეთისაკენ მიმავალი ფათერაკებით აღსავსე გზა გვაფრთხილებს, მიგვანიშნებს და გვიჩვენებს იმას, რომ არც გზის ბოლო იქნება მეტისმეტად დალხენილი. დასავლეთში, სადაც სამუშაოდ ჩასულ ათასობით თანამოქალაქეს, კიტონ-ჩაპლინისეული გმირების კეთილი დასასრულების ნაცვლად, სხვადასხვა დამამცირებელ ზედმეტსახელს უწოდებენ და ხეხილის ბაღებში იაფ მუშახელად ასაქმებენ. როგორც ძველი პოლიტიკური სიბრძნე გვასწავლის, გაბატონებული კლასი საკუთარ დანაშაულს საზოგადოების დანაწევრებისა და შიდა შუღლის გაღვივებით ნიღბავს. ჯეკ ლონდონისა და ჩარლი ჩაპლინის გმირები თუ ოქროსაკენ მიმავალი გზა-კვალის ძიებისას გვევლინებიან, მათგან განსხვავებით, ჯონ სტაინბეკისა („მრისხანების მტევნები“) და ბასტერ კიტონის („დასავლეთისაკენ“) მთავარი გმირები მცირე, მიტოვებული ქალაქების გაუდაბურებული, უნაყოფო მიწებიდან დარიგებული ბუკლეტებიდან მომზირალი, უხვი და დასამუშავებელი ადგილებისაკენ მიემართებიან, სადაც შრომისა და მოცალეობისათვის საკმარისი დრო და ენერგია ეგულვებათ.
ჯონ სტაინბეკის ნაწარმოები „მრისხანების მტევნები“ იმედისა და სასოწარკვეთის ზღვრული მნიშვნელობების გადათამაშებით იწყება. პირველ მათგანს, ოჯახისა და ერთადობის განცდა კვებავს, მეორეს კი – რთული გარემოული პირობებისაგან მომდინარე განსაცდელი. წიგნის მორიგი მონაკვეთი ტრაილერის მძღოლისა და მისი მგზავრის დიალოგს ეთმობა, მოგვიანებით ვხვდებით, რომ ტრაილერის მძღოლობის რადიკალურად განსხვავებული შრომითი გამოცდილების შემოტანით, ავტორი გზის ორგვარი მნიშვნელობით გააზრებას გვთავაზობს. ერთი მხრივ, გზისა, რომელიც სასურველ ტოპოსს გაშორებს და რომლის რიგიანად განსრულებაც საცხოვრებელი ადგილისა და ახალი სამსახურის პოვნას გპირდება და, მეორე მხრივ, გზისა, რომელიც თავისთავად შრომასთან კავშირში ყალიბდება. და მართლაც, ტრაილერის მძღოლებისათვის გზაზე გადებული მანძილის საზომი ერთეულები სამუშაო საათების მნიშვნელობებს იძენენ. გზაზე მოძრაობა თუ შრომის დროის აღმნიშვნელია, გზის მიმდებარე კაფეებში თავის დროებითი შეფარება დასვენებისა და გართობის მნიშვნელობისაა. ტრაილერის უსახელო მძღოლები, რომლებიც ნაწარმოებში აქა-იქ, ეპიზოდურად გვევლინებიან, ერთგვარად მეორეულ სიუჟეტურ ხაზს ავითარებენ, სადაც მათი სახეები, ერთი მხრივ, მოგებასა და ყვლეფაზე ორიენტირებულ ბიზნესთან[2] კავშირში იკვეთება, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი თანაგრძნობისა და ყოფის იმპულსურ ნამდვილობას გამოხატავენ. სტაინბეკის შემოქმედებაში, ეპიზოდური პერსონაჟები გაფრთხილების, რაიმეზე მინიშნებისა ან თანაგრძნობის გამოხატვის ფუნქციას კისრულობენ. დაუსრულებელი, დაუბოლოებელი გზა ილოზორული, ფუჭ იმედებზე დამყარებული მომავლის მიღმა იკვეთება, განსხვავებით „ამერიკული ოცნებისა“ კატეგორიისა, რომელიც მშრომელ კლასს, იმედგადაწურულ ადამიანებს, არსებულის მიტოვებისა და ახლის მოძიებისაკენ უბიძგებს იმ წინასწარგანწყობით, რომ სხვა დროსა და სხვა ადგილზე ყველაფერი უკეთ იქნება. რეალობის ეკლიანი გამოცდილება თუ პოლიტიზების უხვ იმპულსებს აფრქვევს, მის საპირისპიროდ, ნატვრისეული სივრცისა და დროის წარმოდგენა სუბიექტების დეპოლიტიზების ფუნქციას ატარებს. სამხრეთის რანჩოებში დასახლებული კაპიტალისაგან შევიწროებული ოჯახები, ბანკებისაგან საიჯარო გადასახადის შემცირებისა და სახელმწიფოსაგან სამუშაო რესურსების მოთხოვნის ნაცვლად, გამოსავალს დასავლეთის დიდი და ინდუსტრიული ქალაქებისაკენ გაქცევაში ხედავენ. ქალაქებისაკენ, სადაც ქარხნებში დასაქმებული მშრომელი კლასი გაუცხოებას ყველა იმ ფორმით განიცდის, როგორზეც კარლ მარქსს გამოუთქვამს და ჩაპლინის კინოსურათებში -„ახალი დროება“, „პატარა – გვინახავს“.
გადანაცვლება, როგორც გარკვეული ზღვრული მნიშვნელობის მატარებელი მოვლენა, რელიგიურ პარადიგმასთან ერთად, ფილოსოფიურ მნიშვნელობასთანაც კავშირდება. მოძრაობის, როგორც ბუნებისა და ისტორიის შინაგანი კანონის გაგება, ჰერაკლიტეს ფილოსოფიიდან წარმავალისა და წარუვალის კატეგორიებში წარმოგვიდგება, სადაც მოძრაობა ცვალებადობა/უცვლელობის დიალექტიკაში ფუძნდება, რაც იმ ტიპის სააზროვნო წერტილს გამოხატავს, როცა არც არსებულია ურყევ მექანიკას დაქვემდებარებული და არც ის, რაც არსებულის მიღმა, წარმოსახვისეულ ველში მოინიშნება. ისტორიულ და ბუნებისეულ სინამდვილეში, ქმნადობისა და ცვალებადობისაკენ მიმართული მოძრაობის პრიმატი „ამერიკული ოცნების“ მიერ დასახული უდროო მომავლისა და უადგილო ტოპოსის ორიენტირზე გამრუდებული სახით გვევლინება. „მრისხანების მტევნებში“ მოთხრობილი ჯოუდების ისტორია არც უკეთესობისაკენ მიმართულ ცვლილების ღერძზეა შემდგარი და არც სხვა, თანამყოფ ოჯახებთან ერთად დასავლეთისაკენ მოძრაობა უქადის მათ „ამერიკული ოცნების“ გამრუდებულ სარკეში არეკლილი სურვილების აღსრულებას. თუმცა, ერთი, რაც ნამდვილი და ცვალებადობაში უცვლელია, არის ის, რომ თანაგრძნობა და ერთადობის განცდა ისევე გადაარჩენს ცრუ იმედებსა და მოლოდინებს ჩაბღაუჭებულ ადამიანებს, როგორც ეს ახალგაზრდა დედის რძით გამოკვებილი, შიმშილით სიკვდილისათვის განწირული უცნობი მცირეწლოვანი ბავშვის მამასთან ისახება.
[1] ველურ ბუნებაში, მარტოობაში, შიმშილით სიკვდილის სიმძიმეს შეგუებული ბილი გადარჩენის ძალას ჰორიზონტზე გამოჩენილ, მშიერსა და ბებერ მგელთან პაექრობაში პოულობს. თვითგადარჩენის ბუნებითი ინსტინქტი განძის ძიებისას მიღებულ იმედგაცრუებას გადარჩენის შედეგად მოპოვებული სიხარულით ანაცვლებს. ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელებაში“, ძიებისას გაჩაღებული ველური კონკურენცია თუ კაპიტალიზმის საბაზრო ლოგიკას გამოხატავს, ბილისა და ბებერი მგლის შემთხვევაში, ურთიერთჭიდილი არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ არსებობის გამნიშვნელების ფუნქციის მატარებელიცაა. ერთიცა და მეორეც, ურთიერთმიმართებაში პოულობენ ცხოვრების საზრისს.
[2] წიგნის დასაწყისშივე გამოჩენილ ტრაილერზე მისი მფლობელი კომპანიის მოთხოვნით აწერია, რომ ვერავის დაიმგზავრებენ. მგზავრის აყვანა და მასთან საუბარი მძღოლისათვის ხშირად მანუგეშებელი ეფექტის მქონე და ერთფეროვნებისაგან გაქცევის საშუალებაა, თუმცა, ზოგჯერ გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული. კომპანია დასაქმებულის გუმანსა და ინტუიციას სრულად აბათილებს რისკების მართვის განაწესში გაწერილი მითითებებით.
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა სინექსპრესის ელ. ჟურნალში (https://cinexpress.ge/wp-content/uploads/2022/01/CinExpress-magazine.pdf).