უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. ჩვენი ყოველდღიურობა დასახიჩრებული სხეულებისა და ფსიქიკის, გაუდაბურებული ემოციების სივრცის მომიჯნავე, ჩვენდა უნებურად გახდა. განურჩევლობის იმ უფსკრულში, რომელშიც სისასტიკე და ზრუნვა, უკიდურესობამდე მიყვანილი დესტრუქციულობა და სიცოცხლის წყურვილი ერთმანეთში გადაზელილა, კორპორაციული მედიები და მათი დამკვეთები ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში ხელების ფათურს ისევე მიზანმიმართულად აგრძელებენ, როგორც ეს სკალპერ მომარჯვებულ ქირურგს სჩვევია. საგულისხმოა, რომ აქ ორი სახეხატი ერთმანეთში ირევა. ერთი მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის დაქირავებული ექსპერტების, ტვინისმრეცხავების გულისგამაწვლილებელი პროგნოზები, აზარტსა და ეშხში შესულნი, წინარესჯების კორიანტელს რომ აყენებენ, დამწვარ-დაბუგული არეალებისა და სამხედრო ტექნიკის შესახებ რომ გვესაუბრებიან. მეორე მხრივ, ვხედავთ აფექტში მყოფი ადამიანების ზეცისაკენ ავლენილ წყელვა-კრულვას, დახოცილთა უსიცოცხლო გვამებს. მშრალ სტატისტიკურ გაანგარიშებას, გონების დამაბნელებელი ხატებები ენაცვლებიან. კორპორაციები ცხელ ემპირიულ შინაარსს უკვე დიდი ხნის წინ კონსტრუირებულ ყალიბებში ტენიან და კარგად გაზეპირებული ფორმულებით გვესაუბრებიან.
წინამდებარე ტექსტი უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ განსხვავებული ენით საუბრის მცდელობაა. ეს ენა, შესაძლოა მთელი რიგი ნაკლოვანებებით, მაგრამ მაინც არ უშინდება ძალაუფლების, კაპიტალის, გაბატონებული ენის მიერ აღმართულ კედელს, რომლის მიღმაც ყურთასმენა ან სულ დახშულია, ანდაც მხოლოდ კანტი-კუნტად და გაფანტულად ისმის ისტორიის მარგინალიებზე გადასროლილი ადამიანების ხმები.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
2011 წელს სირიაში დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ პროტესტმა იფეთქა. ასადმა მთელი თავისი ძალმოსილება რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად მიმართა; გარკვეული ხანი, ისე ჩანდა, რომ ჩვენ შეგვეძლო მისი მთავრობის დამხობა. შემდეგ, სცენაზე ვლადიმერ პუტინმა შემოაბიჯა, მან ასადს, განუზომელი მსხვერპლის ფასად, საშუალება მისცა ხელისუფლება შეენარჩუნებინა და, ამავე დროს, რეგიონში რუსული პოზიციები გაიმყარა. წინამდებარე ტექსტში, სირიიდან იძულებით გადასახლებულნი და მათი ამხანაგები ეცდებიან, სირიის რევოლუციაში მიღებული თავიანთი გამოცდილება უკრაინელ ხალხს გაუზიარონ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის წინააღმდეგობას და რუსეთში არსებულ ანტი-საომარ მოძრაობას.
ბოლო ხანებში მთელი ყურადღება რუსეთსა და უკრაინაზეა მიმართული, რამაც შესაძლოა თავ-გზა აგვიბნიოს და გლობალური კონტექსტის შეგრძნება დაგვაკარგვინოს. ეს ტექსტი კი ღირებულ რეფლექსიას გვთავაზობს იმპერიალიზმის, საერთაშორისო სოლიდარობის და კომპლექსური/წინააღმდეგობრივი ბრძოლების ნიუანსების შესახებ.
ათი გაკვეთილი სირიიდან
ჩვენ ვიცით, რომ ასეთ დროს თქვენი პოზიციის გამოხატვა მეტად სამძიმოა. მეინსტრიმული მედიის ერთსულოვნებისა და იმ ხმების პირობებში, რომლებიც კრემლის პროპაგანდას უსირცხვილოდ იმეორებენ, რთულია იცოდე თუ ვის მოუსმინო. საზიზღარი რუსული რეჟიმისა და NATO-ს ბინძური საცეცების ატმოსფეროში, ჩვენ უკვე აღარ ვიცით, ვის ვებრძოლოთ და ვის მხარი ავუბათ.
როგორც სირიის რევოლუციის მონაწილენი და მეგობრები, ჩვენ გვსურს დავიცვათ მესამე ალტერნატივა, გთავაზობთ თვალთახედვას, რომელიც სირიაში ათი წლის განმავლობაში მიმდინარე აჯანყებისა და ომის გამოცდილებიდან მომდინარეობას.
უფლება მოგვეცით თავიდანვე ნათლად ვთქვათ: დღეს, ჩვენ კვლავ ვიცავთ სირიის რევოლუციას და კვლავაც ვამბობთ, რომ ის იყო სახალხო, დემოკრატიული, ემანსიპატორული ამბოხი, განსაკუთრებით, ხაზს გავუსვამ რევოლუციის საკოორდინაციო კომიტეტებსა და ადგილობრივ საბჭოებს. მაშინ როცა ბევრს უკვე დაავიწყდა, ჩვენ კვლავაც ვიმეორებთ, რომ ვერც ბაშარ ალ-ასადის მხეცურ მოქმედებებს, ვერც მის პროპაგანდას და ვერც ჯიჰადისტებს ძალუძთ ამ ხმის მიჩუმება.
ჩვენ, ცხადია, ვერ შევადარებთ უკრაინაში მომხდარსა და სირიას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს ომი რევოლუციით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი აგრესორი იგივეა, სიტუაცია მაინც განსხვავებულია. თუმცა, იმაზე დაყრდნობით რაც ჩვენ სირიის რევოლუციამ და მისგან გამოწვეულმა ომმა გვასწავლა, ვიმედოვნებთ, რომ, მათ ვინც ემანსიპატორულ პრინციპებს მხარს უჭერს, შემდგომი წინააღმდეგობისთვის გარკვეულ წანამძღვრებს შევთავაზებთ.
1. მოუსმინეთ მათ, ვინც მომხდარით უშუალოდ დაზარალდა.
არა გეოპოლიტიკის ექსპერტებს, არამედ სწორედ მათ უნდა ვუსმინოთ, ვინც 2014 წლის რევოლუციითა და ომით იცხოვრა; ჩვენ მათ უნდა მივუგდოთ ყური, ვინც – რუსეთში თუ სხვაგან – პუტინის რეჟიმის პირობებში ცხოვრობს. ჩვენ გთავაზობთ უპირატესობა იმ ხალხს მივანიჭოთ, ვინც, ამ კონტექსტში, მხარს უჭერს პირდაპირი დემოკრატიის, ფემინიზმის, ეგალიტარიანიზმის პრინციპებს. მათი პოზიციებისა და მოთხოვნების მოსმენა, უკრაინაში თუ მის გარეთ, დაგვეხმარება, რომ სწორ დასკვნებამდე მივიდეთ.
სირიაში ამ მიდგომის მხარდაჭერამ აამაღლა – და ვგონებ მხარიც დაუჭირა – შთამბეჭდავ და იმედისმომცემ ექსპერიმენტებს თვითორგანიზების კუთხით, რამაც მთელი ქვეყანა მოიცვა. მეტიც, უკრაინიდან მომავალი ხმების მოსმენა, კვლავაც გაგვახსენებს, რომ ეს ყველაფერი სწორედ მაიდანის ამბოხებიდან მომდინარეობს. როგორი არასრულყოფილი თუ „დაუწმინდავიც“ უნდა იყოს ეს პოზიცია, მოდით არ დავუშვათ შეცდომა და უკრაინის სახალხო ამბოხი დიდი ძალების ინტერესტთა კონფლიქტამდე არ დავიყვანოთ. ზოგიერთი ასე განზრახ იქცეოდა, რათა სირიის რევოლუცია გაებუნდოვანებინა.
2. უფრთხილდით აბსტრაქტულ გეოპოლიტიკას.
თქმა არ უნდა, რომ დიდი ძალების ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო ინტერესების შეცნობა სასურველია; თუმცა საკუთარი თავის ვითარების აბსტრაქტული გეოპოლიტიკური ჩარჩოთი დაკმაყოფილებამ, შესაძლოა არსებულის აბსტრაქტულ, დანაწევრებულ აღქმამდე მიგიყვანოს. არსებულის შეცნობის ეს გზა კონფლიქტის რიგით პროტაგონისტებს ჩქმალავს, მათ – ვინც ჩვენი მსგავსია, მათ – ვისთანაც თავს გავაიგივებდით. და რაც ყველაზე მთავარია, არ დაუშვათ, რომ დაივიწყოთ: რაც უნდა მოხდეს ხალხი მმართველთა არჩევანის გამო იტანჯება, მმართველების, რომლებიც სამყაროს საჭადრაკო დაფად, მოსახმარი რესურსების რეზერვუარად აღიქვამენ. ეს არის ხედვის ის წერტილი, საიდანაც მჩაგვრელები იცქირებიან. ჩვენ, ხალხმა – ვინც ხიდების გადებასა და საერთო ცნებების მონახვას უნდა ვცდილობდეთ – ეს არასოდეს უნდა მივიღოთ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სტრატეგიას უარვყოფთ, არამედ – იმას, რომ ჩვენი სტრატეგია ჩვენივე ცნებებით იგება, იმ მოედანზე, სადაც ქმედება ძალგვიძს. ჩვენი სტრატეგია არ ეხება სატანკო დივიზიებისა თუ გაზის იმპორტირების საკითხებს. იხ. ჩვენი შეთავაზებები ამ სტატიის ბოლოს უფრო ვრცლად.
3. არ მიიღოთ რაიმე განსხვავება „კარგ“ და „ცუდ“ ლტოლვილებს შორის.
მოდით პირდაპირნი ვიყოთ – მიუხედავად იდეალურობისგან დაშორებულობისა, სირიელი ლტოლვილები ევროპაში უფრო უკეთ მიიღეს, ვიდრე ეს მოხდა საჰარელი აფრიკელების შემთხვევაში. შავკანიანი ლტოლვილების ხატებანი, ისინი, ვინც უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან გააბრუნეს და ამ ხდომილების კომენტირება კორპორაციულ მედიაში, რომელიც „მაღალი ხარისხის“ უკრაინელი ლტოლვილების მიღებას ამჯობინებდა ბარბაროს სირიელ ლტოლვილებს, იმის მტკიცებულებაა, რომ ევროპა სულ უფრო მზარდ, შეუბოჭავ რასიზმს განუმსჭვალავს. ჩვენ ვიცავთ უკრაინელი ლტოლვილების უპირობო უფლებას გამოექცნენ ომის საშინელებებს, მაგრამ უარვყოფთ ლტოლვილებს შორის რაიმე იერარქიას.
4. უფრთხილდით კორპორაციულ მედიას.
თუკი, როგორც ეს სირიაში ვიხილეთ, კორპორაციული მედიები თავს მოიკატუნებენ ჰუმანისტური და პროგრესული დღის წესრიგის მხარდაჭერით, მათი გამოშვებების უმეტესობა საკუთარ თავს უკრაინელების დეპოლიტიზირებული და მსხვერპლად ქცეული დაპორტრეტებით შემოიზღუდავს. ისინი საკუთარ თავს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების, ხალხის სახლებიდან გაქცევის, ბომბების წინაშე ძრწოლისა და სხვა ამგვარი რამეების შესახებ საუბრის უფლებას მისცემენ. ეს მაყურებლებს ხელს უშლის იმაში, რომ უკრაინელები სრულფასოვან პოლიტიკურ აქტორებად აღიქვან, რომელთაც, მიუხედავად მათ ქვეყანაში დატრიალებული უბედურებისა, მაინც ძალუძთ საკუთარი აზრის გამოთქმა და პოლიტიკური ანალიზი. მეტიც, ასეთი გამოშვებები პრო-დასავლურ პოზიციებს ავრცელებენ დასავლური მთავრობების წარმმართველი ინტერესების ყოველგვარი ნიუანსირების, ისტორიული სიღრმის, თუ გამოკვლევის გარეშე. ისინი (დასავლეთი) წარმოჩენილნი არიან თავისუფლების, კეთილშობილების მხარდამჭერებად, იდეალიზებულ ლიბერალურ დემოკრატიებად.
5. ნუ აღწერთ დასავლურ ქვეყნებს სიკეთის ბურჯებად.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი პირდაპირ არ შეჭრილა უკრაინაში, გთხოვთ ნუ ვიქნებით NATO-სა და დასავლური ქვეყნების მიმართ გულუბრყვილონი. ჩვენ უნდა ვიუაროთ მათი „თავისუფალი სამყაროს“ დამცველებად წარმოჩინება. გახსოვდეთ, დასავლეთმა საკუთარი ძალაუფლება კოლონიალიზმზე, იმპერიალიზმზე, ჩაგვრასა და მსოფლიოს ასეულობით ხალხისგან ნაძარცვ რესურსზე ააგო და ის დღემდე აგრძელებს მთელს ამ პროცესს.
მხოლოდ 21-ე საუკუნის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ერაყისა და ავღანეთის თავს დატეხილი უბედურებანი. უფრო უკანასკნელ ხანს, 2011 წლის არაბული რევოლუციების დროს, ნაცვლად დემოკრატიული და პროგრესული დინებების მხარდაჭერისა, დასავლეთი, უმეტესად, საკუთარი ბატონობის და ეკონომიკური ინტერესების დაცვით იყო დაკავებული. ამავე დროს, ის აგრძელებდა არაბი დიქტატორებისთვის და ყურის მონარქიებისთვის იარაღის მიყიდვას. საფრანგეთის სამარცხვინოდ, მათ ლიბიაში თავიანთი ინტერვენცია, რომელიც ეკონომიკური მიზეზებით იყო განპირობებული, დემოკრატიისთვის ბრძოლის საბურველით შეფარეს.
ამ საერთაშორისო როლის მიღმა, ამ ქვეყნებში არსებული ვითარება ავტორიტარიზმამდე, თვალთვალამდე, უთანასწორობამდე და რასიზმამდე დაშვებას აგრძელებს.
დღეს, თუკი ჩვენ გვჯერა, რომ პუტინი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ხალხთა თვით-გამორკვევისთვის, ეს სულაც არ ხდება იმიტომ, რომ დასავლური ქვეყნები უცაბედად „გაკეთილშობილდნენ“, არამედ იმიტომ, რომ დასავლურ ძალებს მეტად აღარ აქვთ იმდენი საშუალება თავიანთი ბატონობისა და ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. თუმცა ამ ჰიპოთეზას ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ, რადგან თუკი პუტინი დასავლური ქვეყნების მიერ დამარცხდება, ეს მათ გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ უკრაინელებს, არ დაეყრდნონ „საერთაშორისო საზოგადოებას“ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის – რომლებიც, როგორც სირიაში, თვალთმაქცობით გამოირჩევიან და ადამიანებს ქიმერების რწმენისკენ მოუწოდებენ.
6. ებრძოლე ყველა იმპერიალიზმს!
„კემპიზმი“ ის ცნებაა, რომელსაც ჩვენ წინა ეპოქის დოქტრინის აღსაწერად ვიყენებთ. ცივი ომის მიმდინარეობისას, ამ დოგმის ერთგულნი ამბობდნენ, რომ – ნებისმიერ ფასად – კაპიტალიზმისა და იმპერიალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის ბრძოლისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი. ეს დოქტრინა კვლავაც ძალაშია და მას ის რადიკალი მემარცხენეები აცოცხლებენ, რომლებიც პუტინის უკრაინაში შეჭრას უჭერენ მხარს და მიმდინარე ომის ფარდობითობებამდე დაყვანას ემსახურებიან. როგორც ეს სირიის შემთხვევაში მოხდა, ისინი იყენებენ ქვეტექსტს, რომ რუსული ან სირიული რეჟიმები განასხეულებენ ანტი-იმპერიალიზმის და ატლანტიკური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. სამწუხაროდ, მანიქეანური ანტი-იმპერიალიზმი, რომელიც წმინდად აბსტრაქტულია, იმპერიალიზმის დანახვას, გარდა დასავლეთისა, ყველგან უარყოფს.
აუცილებელია გავაცნობიეროთ თუ რას სჩადიან რუსული, ჩინური და თუნდაც ირანული რეჟიმები მთელი ამ დროის განმავლობაში. მათ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თვით-გამორკვევის უფლების წართმევის მეშვოებით, საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ბატონობა მთელ რიგ რეგიონებში განავრცეს. და თუკი „იმპერიალიზმი“ მათ ყურს ჭრის და მათთვის არაადეკვატურია, დაე, „კემპისტებმა“ რაც უნდა ის ცნება გამოიყენონ, მაგრამ ჩვენ, ფსევდო-თეორიული დაზუსტებების სახელით, ხალხზე მხეცურ ძალადობასა და ბატონობას ვერ მივიღებთ.
უფრო უარესი წინაა. ეს პოზიცია ამ „მემარცხენეებს“ უბიძგებს ამ რეჟიმების პროპაგანდას იმ ზომამდე შეყვნენ, რომ კარგად-დოკუმენტირებული მხეცობებიც კი უარყონ. ისინი საუბრობენ რაღაც „coup d’etat“-ის შესახებ, როდესაც მაიდანის ამბოხებას აღწერენ, ან უარყოფენ ომის იმ დანაშაულებს, რაც რუსულმა არმიამ სირიაში ჩაიდინა. ეს მემარცხენეები ისე შორს მიდიან, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასაც კი უარყოფენ და ამ ტყუილების გასავრცელებლად მეინსტრიმული მედიის (ხშირად გასაგებ) არასანდოობას იშველიებენ.
ეს ზიზღის აღმძვრელი და უპასუხისმგებლო მიდგომაა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ შეთქმულების თეორიების გავრცელება არასოდეს ეხმარება ემანსიპატორულ პოლიტიკას, არამედ ყოველთვის უკიდურეს მემარჯვენეებს და რასიზმს უწყობს ხელს. უკრაინის ომის შემთხვევაში, ეს უგუნური ანტი-იმპერიალისტები, რომელთაგან ზოგიერთი მაინც ამტკიცებს, რომ ანტიფაშისტია, უკიდურესი მემარჯვენეების დიდი ნაწილის სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან.
სირიაში, სუპრემასისტული ფანტაზიებითა და ისლამის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ოცნებებით გაბრწყინებულნი, ულტრა მემარჯვენეები უკვე იცავდნენ პუტინსა და სირიის რეჟიმს ჯიჰადიზმის წინააღმდეგ მათი სავარაუდო ქმედებებისთვის – ისე, რომ არ ესმოდათ პასუხისმგებლობა, რომელიც ასადის რეჟიმს სირიაში ჯიჰადისტების აღზევებისთვის აკისრია.
7. უკრაინას და რუსეთს ერთსა და იმავე პასუხისმგებლობას ნუ მიაწერთ.
უკრაინაში აგრესორის ვინაობა ყველასთვის ცნობილია. თუ პუტინის შეტევა, გარკვეულწილად, ნატოს ზეწოლაზე პასუხია, ეს, უპირველეს ყოვლისა, იმპერიული და კონტრრევოლუციური შეტევის გაგრძელებაა. ყირიმში შეჭრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის სირიაში (2015-2022), ბელორუსიასა (2020) და ყაზახეთში (2022) აჯანყებების ჩახშობას დაეხმარა, ვლადიმერ პუტინი აღარ მოითმენს იმ პროტესტის ქარს – მაიდანის ამბოხებისას პრო-რუსული პრეზიდენტის დამხობაში რომ გამოიხატება – რაც მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში უბერავს. მას სურს ჩაახშოს ნებისმიერი ემანსიპატორული სურვილი, რომელსაც მისი ძალაუფლების შესუსტება შეუძლია.
სირიაშიც ეჭვგარეშეა, თუ ვინ არის ომზე უშუალოდ პასუხისმგებელი. სირიის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა პოლიციას პროტესტის პირველივე დღეებიდან მომიტინგეების დახვრეტა, დაპატიმრება და წამება უბრძანა, ცალმხრივად აირჩია მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დაწყება. ჩვენ გვსურს, რომ ისინი, ვინც თავისუფლებას და თანასწორობას იცავენ, ერთსულოვნად იკავებდნენ პოზიციას ასეთი დიქტატორების შესახებ, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ ომებს აწარმოებენ. და რაც შეეხება სირიას, ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს უკვე ასე ყოფილიყო.
თუ ჩვენ გვესმის და ვუერთდებით მოწოდებას ომის დასრულების შესახებ, ჩვენ ასევე დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ეს აგრესორის ვინაობის გაბუნდოვანების გარეშე უნდა გაკეთდეს. არც უკრაინაში, არც სირიასა და არც სხვაგან მსოფლიოში არ შეიძლება, რომ უბრალო ადამიანები საკუთარი და ოჯახების სიცოცხლის დასაცავად იარაღის აღებაში დავადანაშაულოთ.
ზოგადად, ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან თუ რა არის დიქტატურა (თუნდაც გვესმოდეს, რომ დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო ღიად ავტორიტარულნი ხდებიან) ან რას ნიშნავს დაბომბვა, უნდა ვურჩიოთ, თავი შეიკავონ უკრაინელების მისამართით იმის თქმისგან, – როგორც ზოგიერთმა უკვე უთხრა სირიელებს ან ჰონ-კონგელებს – არ სთხოვონ დახმარება დასავლეთს ან არ სურდეთ ლიბერალური, ან წარმომადგენლობითი დემოკრატია, როგორც პოლიტიკური სისტემის მინიმუმი. ამ ადამიანთაგან ბევრმა უკვე ნათლად იცის ამ პოლიტიკური სისტემების არასრულყოფილება და მათი პრიორიტეტი, ამჟამად, სულაც არ არის უნაკლო პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნება, არამედ – მეორე დღის დაბომბვისგან გადარჩენა და ისეთ ქვეყანაში ცხოვრებისგან თავდახსნა, რომელშიც უყურადღებოდ ნათქვამ სიტყვას შეუძლია მავანი ოცი წლით ციხეში გაისტუმროს. ამ სახის პურისტულ დისკურსზე დაჟინება იმას აჩვენებს, რომ ჩვენ საკუთარ თეორიულ ანალიზს იმ კონტექსტს ვახვევთ თავს, რომელიც ჩვენი არ არის. ეს სინამდვილისგან მოწყვეტაზე და ძალიან დასავლურ პრივილეგიაზე მიუთითებს.
ამის ნაცვლად, უკრაინელი ამხანაგების სიტყვებს მოვუსმინოთ, რომლებმაც მიხეილ ბაკუნინის გამეორებით თქვეს: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველაზე არასრულყოფილი რესპუბლიკა ათასჯერ უკეთესია, ვიდრე ყველაზე განმანათლებლური მონარქია”.
8. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინული საზოგადოება, როგორც ეს სირიისა და საფრანგეთის შემთხვევაში იყო, განსხვავებული დინებებით არის დასერილი.
ჩვენ კარგად ვიცნობთ პროცედურას, რომლის დროსაც მმართველი პოტენციური მხარდამჭერების დასაშინებლად სერიოზულ საფრთხეს ასახელებს. ეს მოიცავს რიტორიკას „ისლამისტური ტერორიზმის“ შესახებ, რომელსაც ბაშარ ალ-ასადი სირიაში რევოლუციის პირველივე დღეებიდან იყენებდა; ანალოგიურად, დღეს „ნაციზმი“ და „ულტრანაციონალიზმი“ პუტინის და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად გამოიყენება.
თუ, ერთი მხრივ, ვაღიარებთ, რომ ეს პროპაგანდა მიზანმიმართულად არის გადაჭარბებული და რომ ჩვენ არ უნდა დავაკანონოთ ის, მეორე მხრივ, ჩვენი გამოცდილება სირიაში გვიჩვენებს, რომ ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ სახალხო მოძრაობებში არსებული რეაქციული დინებები.
უკრაინაში, უკრაინელმა ნაციონალისტებმა, მათ შორის ფაშისტებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მაიდანის საპროტესტო აქციებსა და რუსეთის წინააღმდეგ ომში. უფრო მეტიც, აზოვის ბატალიონის მსგავსად, მათ ისარგებლეს ამ გამოცდილებიდან და გახდნენ უკრაინის რეგულარული არმიის ლეგიტიმური ნაწილი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის საზოგადოების უმრავლესობა ულტრანაციონალისტური ან ფაშისტურია. ბოლო არჩევნებზე ულტრა მემარჯვენეებმა ხმების მხოლოდ 4% მოიპოვეს; უკრაინის ებრაელი და რუსულენოვანი პრეზიდენტი 73%-ით აირჩიეს.
სირიაში აჯანყებისას ჯიჰადისტები, თავიდან, მარგინალური აქტორები იყვნენ. მაგრამ მათ მზარდი მნიშვნელობა მიიღეს, ნაწილობრივ, გარე მხარდაჭერის წყალობით, რაც მათ საშუალებას აძლევდათ, სამხედრო გზით, სამოქალაქო მოძრაობებისა და ყველაზე პროგრესული მონაწილეების საზიანოდ ემოქმედათ. უკიდურესი მემარჯვენე ყველგან ემუქრება დემოკრატიებისა და სოციალური რევოლუციების გაფართოებას; ასეა დღეს საფრანგეთშიც. საფრანგეთში იგივე ექსტრემალური მემარჯვენე ცდილობდა ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დროს თავის დამკვიდრებას. თუკი ეს პოზიციები შემდეგ ჩაახშეს, ეს ეგალიტარული პოზიციების არსებობის და ანტი-ავტორიტარული და ანტიფაშისტური აქტივისტების მონდომების გამო მოხდა და არა – ენის მოჩლექით საუბრით.
იზრუნეთ, რომ რუსული შემოჭრის წინააღმდეგ სახალხო წინააღმდეგობა (როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში) არ ნიშნავდეს მაიდანიდან წარმოშობილი პოლიტიკური რეჟიმის მიმართ გულუბრყვილობას. არ შეიძლება ვამბობდეთ, რომ იანუკოვიჩის დაცემამ პირდაპირი დემოკრატიის რეალური გაფართოება ან თანასწორუფლებიანი საზოგადოების განვითარება გამოიწვია, რასაც ჩვენ ვისურვებდით სირიაში, რუსეთში, საფრანგეთსა და ყველგან მსოფლიოში. ჩვენთვის კარგად ცნობილი გამოთქმის მიხედვით, ზოგიერთი უკრაინელი აქტივისტი პოსტ-მაიდანს „მოპარულ რევოლუციას“ უწოდებს. ულტრა ნაციონალისტებისთვის მნიშვნელობის მინიჭების გარდა, უკრაინაში საკუთარი წონა აღიდგინეს ოლიგარქებმა და სხვებმა, რომლებიც ზრუნავდნენ საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დასაცავად და უთანასწორობის კაპიტალისტური და ნეოლიბერალური მოდელის გავრცობისათვის.
სირიაში, ადგილზე მყოფ რევოლუციონერებს სრული უფლება აქვთ, სასტიკად გააკრიტიკონ პოლიტიკური ოპოზიციის არჩევანი, რომელიც სტამბულშია განთავსებული. ჩვენ კვლავ ვწუხვართ მათ არჩევანზე, რადგან მათ არ გაითვალისწინეს ქურთების მსგავსი უმცირესობების ლეგიტიმური პრეტენზიები.
ნეოლიბერალური რეჟიმი და ფაშისტური ელემენტები დასავლური დემოკრატიების უცვლელი ინგრედიენტებია. მიუხედავად იმისა, რომ ემანსიპაციის ეს მოწინააღმდეგეები არ უნდა იყვნენ უგულებელყოფილნი, ეს სულაც არ არის იმის საბაბი, რომ აგრესორის წინააღმდეგ სახალხო წინააღმდეგობას მხარი არ დავუჭიროთ. პირიქით – როგორც ჩვენ ვისურვებდით სხვები მოქცეულიყვნენ სირიის რევოლუციის დროს – მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ თავდაცვის ყველაზე პროგრესულ თვითორგანიზებულ დინებებს.
9. მხარი დაუჭირეთ სახალხო წინააღმდეგობას უკრაინასა და რუსეთში.
როგორც არაბულმა რევოლუციებმა, ყვითელმა ჟილეტებმა და მეიდანმა დაამტკიცა, 21-ე საუკუნის აჯანყებები არ იქნება იდეოლოგიურად „სუფთა“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, უფრო კომფორტული და გამამხნევებელია ძლიერ (და გამარჯვებულ) აქტორებთან იდენტიფიცირება, ჩვენ არ უნდა ვუღალატოთ ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ მოვუწოდებთ რადიკალ მემარცხენეებს, მოისროლონ ძველი კონცეპტუალური სათვალე, რათა თავიანთი თეორიული პოზიციები სინამდვილეს დაუპირდაპირონ. ეს პოზიციები უნდა ეთანადებოდეს სინამდვილეს და არა – პირიქით.
სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ უკრაინაში ჩვენ ხალხს იმისკენ მოვუწოდებთ, პრიორიტეტი მიანიჭონ მხარდაჭერის ინიციატივებს, რომლებიც ქვევიდან მოდიან: თავდაცვისა და თვითორგანიზაციის ინიციატივები, რომლებიც ამჟამად ყვავიან. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ხშირად ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავებს აორგანიზებენ, შეუძლიათ რეალურად დაიცვან დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის რადიკალური კონცეფციები, მაშინაც კი, თუ ისინი საკუთარ თავს „მემარცხენეებს“ ან „პროგრესისტებს“ სულაც არ უწოდებენ.
ასევე, როგორც ბევრმა რუსმა აქტივისტმა თქვა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთში სახალხო აჯანყებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ომის დასრულებას, ისევე როგორც ეს მოხდა 1905 და 1917 წლებში. როდესაც ომის შემდეგ რუსეთში რეპრესიების მასშტაბებს განვიხილავთ – ათი ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს, მედიის ცენზურა, სოციალური ქსელების და, შესაძლოა, მალე ინტერნეტის დაბლოკვა – შეუძლებელია იმის იმედი არ გქონდეს, რომ პოტენციური რევოლუცია რეჟიმის დაცემას გამოიწვევს. ეს საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ, შეაჩერებს პუტინის დანაშაულებებს რუსეთში, უკრაინაში, სირიასა და სხვაგან.
ანალოგიურად, ჩვენ გვინდა ვიხილოთ რადიკალური რყევები და დემოკრატიის, სამართლიანობისა და თანასწორობის განუხრელი გაფართოება შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელიც თავის ძალაუფლებას სხვა ხალხების ან საკუთარი მოსახლეობის ნაწილის ჩაგვრაზე აფუძნებს.
10. ავაშენოთ ახალი ინტერნაციონალიზმი ქვემოდან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რადიკალურად ვეწინააღმდეგებით იმპერიალიზმის და ფაშიზმის ყველა თანამედროვე ფორმას/გამოვლენას, გვჯერა, რომ არ შეგვიძლია მხოლოდ ანტიიმპერიალისტური ან ანტიფაშისტური პოზებით შემოვიფარგლოთ. მაშინაც კი, თუ ისინი ემსახურებიან მრავალი კონტექსტის ახსნას, ისინი (ანტი-იმპერიალიზმი და ანტი-ფაშიზმი) რევოლუციურ ბრძოლას ნეგატიურ ხედვამდე, რეაქტიულობამდე, მუდმივ წინააღმდეგობამდე ზღუდავენ, რომელიც მოცილებულია პოზიტიურ დღის წესრიგს, წინსვლის გზას.
ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია ისეთი პოზიტიური და კონსტრუქციული შეთავაზების გამოთქმა, როგორიცაა ინტერნაციონალიზმი. ეს ნიშნავს მთელ მსოფლიოში არსებული აჯანყებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლების ურთიერთდაკავშირებას.
ნატოსა და პუტინის გარდა მესამე ვარიანტიც არსებობს: ინტერნაციონალიზმი ქვემოდან. დღეს, რევოლუციურმა ინტერნაციონალიზმმა ხალხს უკრაინაში სახალხო წინააღმდეგობების ყველგან დაცვისაკენ უნდა მოუწოდოს, ისევე როგორც უნდა ისმოდეს სირიის ადგილობრივი საბჭოებისთვის, წინააღმდეგობის კომიტეტებისთვის სუდანში, ტერიტორიულ კრებებისთვის ჩილეში, პალესტინური ინტიფადასთვის, ყვითელი ჟილეტებისთვის მხარდაჭერის მოწოდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ მუშათა ინტერნაციონალიზმის ჩრდილში, რომელსაც მხარს უჭერენ სახელმწიფოები, პარტიები, პროფკავშირები და დიდი ორგანიზაციები და რომელმაც შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა ესპანეთში 1936 წელს და, მოგვიანებით, ვიეტნამსა და პალესტინაში 1960-იან და 70-იან წლები.
დღეს, ყველგან მსოფლიოში – სირიიდან საფრანგეთამდე, უკრაინიდან შეერთებულ შტატებამდე – ჩვენ გვაკლია ფართომასშტაბიანი ემანსიპატორული ძალები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან მნიშვნელოვანი მატერიალური ბაზებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ, როგორც ჩანს, ჩილეში ახალი რევოლუციური ორგანიზაციები წარმოიქმნებიან, რომლებიც დაეფუძნებიან ადგილობრივ თვითორგანიზებულ ინიციატივებს, ჩვენ ვიცავთ ინტერნაციონალიზმს, რომელიც მხარს უჭერს სახალხო აჯანყებებს და მიესალმება ყველა ლტოლვილს/გადასახლებულს. ამ ძალისხმევით, ჩვენ ინტერნაციონალიზმში რეალური დაბრუნებისთვის ნიადაგს ვამზადებთ, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ ერთხელაც ალტერნატიულ გზას გამოკვეთს, რაც განსხვავებული იქნება დასავლური კაპიტალისტური დემოკრატიისა და კაპიტალისტური ავტორიტარიზმის მოდელებისგან, იქნება ეს რუსული თუ ჩინური.
ასეთი კონცეფცია, სირიაში, აუცილებლად დაეხმარებოდა რევოლუციას დემოკრატიული და თანასწორუფლებიანი ფერის შენარჩუნებაში. ვინ იცის, შესაძლოა ამან ხელი შეუწყო ჩვენს მომავალ გამარჯვებას. მაშასადამე, ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართ არა მხოლოდ როგორც ეთიკური პრინციპი, არამედ რევოლუციური სტრატეგიის შედეგადაც. ამგვარად, ჩვენ ვიცავთ კავშირებისა და ალიანსების შექმნის აუცილებლობას თვითორგანიზებულ ძალებს შორის, რომლებიც მუშაობენ ყველას ემანსიპაციისთვის განურჩევლად.
სწორედ ამას ვუწოდებთ ინტერნაციონალიზმს ქვემოდან, ხალხის ინტერნაციონალიზმს.
შემოთავაზებული პოზიციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ:
- გამოხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინის ხალხის წინააღმდეგობის მიმართ რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.
- უპირატესობა მიანიჭეთ თვითორგანიზებული ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ემანსიპატორულ პოზიციებს უკრაინაში შემოწირულობების, ჰუმანიტარული დახმარებისა და მათი მოთხოვნების გასაჯაროების მეშვეობით იცავენ.
- რუსეთში პროგრესული ანტი-ომის საწინააღმდეგო და ანტი-რეჟიმული ძალების მხარდაჭერა და მათი პოზიციების გასაჯაროება.
- დაასახლე უკრაინელი ლტოლვილები და მოაწყე ღონისძიებები და ინფრასტრუქტურა მათი ხმის გასაგონად.
- ებრძოლეთ პუტინის მომხრე ყველა დისკურსს, განსაკუთრებით მემარცხენეებს. უკრაინის ომი გადამწყვეტ შესაძლებლობას გვთავაზობს კამპიზმსა და ტოქსიკურ მამაკაცურობას საბოლოოდ მოვუღოთ ბოლო.
- ებრძოლეთ პრო-ნატოს დისკურსს.
- უარი თქვით უკრაინაში თუ სხვაგან მათ მხარდაჭერაზე, ვინც იცავს ულტრანაციონალისტურ, ქსენოფობიურ და რასისტულ პოლიტიკას.
- მუდმივი კრიტიკა და უნდობლობა ნატოს ქმედებების მიმართ უკრაინაში და სხვაგან.
- განაგრძეთ ზეწოლა მთავრობებზე დემონსტრაციების, პირდაპირი მოქმედებების, ბანერების, ფორუმების, პეტიციების და სხვა საშუალებებით, რათა ადგილზე გააძლიეროთ თვითორგანიზებული აქტორების მოთხოვნები.
სამწუხაროდ, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერია, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, მანამ, სანამ აქ ან სხვაგან არ არის თანასწორობისა და ემანსიპაციისთვის მებრძოლი ავტონომიური ძალა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური, პოლიტიკური ან სამხედრო მხარდაჭერა.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ეს პოზიციები დღენაკლულნი არ იქნებიან. თუ ეს მოხდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეს წარმოუდგენელი იყო სირიისთვის და ეს მას ძვირად დაუჯდა.
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა მითითებულ მისამართზე: https://crimethinc.com/2022/03/07/war-in-ukraine-ten-lessons-from-syria-syrian-exiles-on-how-their-experience-can-inform-resistance-to-the-invasion fbclid=IwAR0IiQ84V87W8cHXCi1dqOgKXU5giWRenvGOvo0DycTnl0bzEyh94Mbei8Q
თარგმნა დავით გალაშვილმა