თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტის ტალღა, სულ ახლახან, კიდევ ერთხელ აგორდა. ამჯერად სტუდენტები განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. ადრესატი კვლავაც ხელისუფლების მიერ ხელდასხმული რექტორია, რომელიც უნივერსიტეტს მართავს, როგორც კერძო კორპორაციას, როგორც რიგით კანტორას. მისთვის უნივერსიტეტი მორიგი „კარიერული გამოწვევაა“, როგორც სამამულო „კარიერული წინსვლის“ მანიით შეპყრობილი და შემთვრალი უსახო მავანები იტყვიან ხოლმე. რთული დასაჯერებელია, უნივერსიტეტის რექტორმა არ იცოდეს, რომ რაიონებში მცხოვრებ სტუდენტებს მართლაც გაუჭირდებათ თბილისში სახლის ქირაობა და დედაქალაქში თავის გატანა; რთული დასაჯერებელია ისიც, რომ უნივერსიტეტის რექტორს არ ჰქონდეს ოდნავი წარმოდგენა მაინც სტუდენტების სოციალურ სტატუსსა და მდგომარეობაზე; მაშ, რატომ უკრძალავს ის რაიონში მყოფ სტუდენტებს ინტერნეტის მეშვეობით ლექციებზე დასწრებას? რატომ აღუდგა წინ „ჰიბრიდული“ სწავლების იდეას? შესაძლოა, უნივერსიტეტის რექტორში ფეოდალი სენიორის სული ჩასახლდა, რომელიც მხოლოდ გაბატონებული კლასის პრივილეგიად თვლიდა წერა-კითხვის ცოდნასა და განათლების მიღებას. უნივერსუმის ჭვრეტის ფუფუნება განმანათლებლობამდე სამყაროში სწორედაც გაბატონებულ კლასს ჰქონდა. თუმცა თუ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვს გადავხედავთ, ამ მხრივ, ვითარება თითქოს არც ახლა შეცვლილა, ბურჟუაზიული განათლების სისტემა პრივილეგიას კვლავაც მაღალი სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტებს ანიჭებს. ძველი წეს-წყობა და წოდებები ფულის ძლევამოსილებას წარუხოცავს და პოსტ-განმანათლებლურ ეპოქაში პატივდებული და დაფასებული არა წარმომავლობა, არამედ ფულია. შესაბამისად, უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებაში – რომელიც თითქოს იმ არგუმენტით მყარდება, რომ სწავლის ხარისხის ზრდა სააუდიტორიო სწავლებასთან პირდაპირ კავშირშია – სწორედ კლასობრივი სარჩული შეგვიძლია ამოვიკითხოთ. უნივერსიტეტის რექტორი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, ისევე როგორც პროფესორები და სტუდენტები. ამგვარად, შიდა საუნივერსიტეტო დაძაბულობები სწორედ ზოგადი სოციალური და ეკონომიკური დაძაბულობების მინი მოდელია.
სამოქალაქო საზოგადოება ეს საყოველთაო ეგოიზმის განსხეულების არეალია, რომელშიც თითოეული ინდივიდი სხვებს მხოლოდ საკუთარი პირადი მიზნების მიღწევის საშუალებად განიხილავს. აქ არ არსებობს იდეალი, რომელიც უხეში მოთხოვნილებებისა და პირუტყვული ჟინიანობის მოჯადოებულ წრეს არღვევს. ურთიერთშორის საერთო ცნებების მოძებნისაკენ სწრაფვას, ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ ანაცვლებს. კლასობრივი ცხოვრება ეს არის ძალადობა, განუწყვეტელი დაძაბული კონკურენცია ადამიანის მიერ ადამიანის საექსპლუატაციოდ. შესაძლოა, სწორედ ამითაც აიხსნას ის, რომ სტუდენტურ პროტესტზე მხოლოდ რამდენიმე პროფესორი ვიხილეთ. საინტერესოა, რა პასუხი აქვთ ჩვენს პროფესორებს სტუდენტის საკმაოდ ხმამაღლა ნათქვამ ფრაზაზე – „თქვენ ლათინურით მომწამლეთ, თქვენ სასკოლო სახელმძღვანელოების სისულელეებით დამიმახინჯეთ ტვინი, თქვენ არ დამეხმარეთ, როცა ვშიმშილობდი, როცა გადასახადის შეუტანლობისთვის უნივერსიტეტიდან მაგდებდნენ… მაშ, აღარ გაბედოთ მომთხოვოთ რაიმე, – მე თქვენი მოვალე არა ვარ!“[1]
ლუი ალთიუსერი ფილოსოფიის მასწავლებლებს გაბატონებული იდეოლოგიის გამავრცელებლებსა და ჩამნერგავებს უწოდებდა. შეგვიძლია ფილოსოფიის მასწავლებლების შესახებ თქმული მთლიანად წვრილბურჟუაზიულ ინტელექტუალთა წრეზე განვავრცოთ, რომლებიც დღეს უნივერსიტეტის პროფესორებად გვევლინებიან და საკუთარი კლასის იდეოლოგიას ავრცელებენ და იცავენ. ცხადია, წვრილბურჟუა ინტელექტუალებშიც არსებობენ გამონაკლისები, რომლებსაც ძალუძთ კლასობრივი სოლიდარობის განცდა, კლასობრივ პოზიციაზე დგომა და სტუდენტურ პროტესტში საზოგადოებრივი დაძაბულობების გამოძახილის ამოკითხვა, თუმცა უმეტესობა, პირადი, ეგოისტური მიზნებით შერყვნილი, ივიწყებს რა საკუთარ საზოგადოებრივ როლს და „მეცნიერული ობიექტურობის“ კალთას ეფარება. როგორც მაქსიმ გორკი წერდა, „გამორჩენისადმი უაზრო გაუმაძღრობამ ბურჟუაზიის ინტელექტუალური უნარი მოადუნა და ბეცი, საზიზღრად კონსერვატული გახადა იგი“.[2] არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ არც სტუდენტურ ჯგუფშია ერთიანობა და სტუდენტების გარკვეული ნაწილი უყოყმანოდ ურიგდება უნივერსიტეტის რექტორის დეკრეტს 2 მაისს სააუდიტორიო სწავლების დაწყების შესახებ. ბურჟუაზიული სახელმწიფო ინდივიდუალიზმს ეყრდნობა და ახალგაზრდობას გულმოდგინედ აღზრდის თავისი ინტერესებისა და ტრადიციების სულისკვეთებით. თუმცა, საბედნიეროდ, სწორედ ახალგაზრდების წიაღში წარმოიშვება ხოლმე რადიკალური იდეები, იდეები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიჯნავს ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფს დანარჩენებისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჰოყოფის, მათი დადგენის როლსაც ასრულებს. ისტორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ხდომილება ყოველთვის ერთმანეთისგან განარჩევს ხოლმე სხვადასხვა კლასის წარმომადგენლების შეხედულებებსა და პრაქსისს. შეუძლებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში სტუდენტებსა და პროფესორებზე, როგორც ასეთზე, ერთიან კონტექსტში ვისაუბროთ. ყოველთვის იყვნენ და იქნებიან პოლიტიკურად ცნობიერი სტუდენტები და პროფესორები, პოლიტიკურად ბეცი სტუდენტები და პროფესორები და იდეოლოგი სტუდენტები და პროფესორები. როგორც უადგილოა ხალხის ცნებით კლასობრივი განსხვავებულობის გადაფარვა, ასევე უადგილოა სტუდენტობის თუ პროფესურის სახელით შიდა საუნივერსიტეტო კლასობრივი განსხვავებების ნიველირება: „მარქსი ლაპარაკობს „ხალხზე“. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის ყოველთვის დაუნდობლად იბრძოდა „ხალხის“ ერთიანობის წვრილბურჟუაზიული ილუზიების, ხალხში კლასობრივი ბრძოლის არარსებობის ილუზიების წინააღმდეგ. როცა მარქსი ხმარობდა სიტყვას: „ხალხი“, ის ამ სიტყვის კლასთა სხვადასხვაობას კი არ ჩქმალავდა, არამედ აერთიანებდა გარკვეულ ელემენტებს, რომლებსაც ძალუძთ რევოლუციის ბოლომდე მიყვანა“.[3] უნივერსიტეტში მომხდარი პოლიტიკური ხდომილება კარგად აჩვენებს საზოგადოების გათითოკაცებას და საზოგადოების, თუ ერის ერთიანობაზე მოქადაგე მეშჩანების სიყალბეს: „ბურჟუაზიული დემოკრატის გამაერთიანებელი ფრაზეოლოგიის საუკეთესო უარყოფას წარმოადგენს თვით პოლიტიკური განვითარებისა და პოლიტიკური ბრძოლის მსვლელობა“.[4] სინამდვილეში, არ არსებობს ერთიანი საუნივერსიტეტო სივრცე, რადგან თვით უნივერსიტეტიც კონკურენციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლოგიკას ეფუძნება. უნივერსიტეტში არსებობენ კლანები, სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები, რომელთა მიზანიც მხოლოდ ძალაუფლებრივი ვერტიკალის სათავეში მოხვედრაა. თუ სტუდენტები შეძლებენ და შიდა საუნივერსიტეტო სივრცეში გარკვეულ პოლიტიკურ დაძაბულობას შექმნიან, ცხადია, კლანები აფუთფუთდებიან და რექტორისთვის წყლის შეყენებას დაიწყებენ, ეცდებიან პროტესტი სათავისოდ გამოიყენონ, თუმცა ერთია თითოეული ინდივიდის თუ ინტერეს ჯგუფის სუბიექტური მიზანი, მაგრამ მეორეა პოლიტიკური რეზულტატი, რომელიც ამ ინტერესთა შეჯახების შედეგად წარმოიქმნება:
„არსებობენ უამრავი ურთიერთ გადაჯვარედინებული ძალები, ძალთა პარალელოგრამების დაუსრულებელი ჯგუფი, საიდანაც გამომდინარეობს საერთო ტოლქმედი – ისტორიული მოვლენა, – რომელიც კვლავ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი მთლიანი, არაცნობიერად და არანებისმიერად მოქმედი ძალის ნაყოფი. ვინაიდან ის, რაც ერთს სურს, დაბრკოლებას აწყდება სხვისი მხრით, და ის, რაც საბოლოოდ მიიღება, წარმოადგენს ისეთ რამეს, რაც არავის არ სურდა“.[5]
ახლადამოზრდილ სტუდენტურ მოძრაობას უეჭველია, რომ ბევრი დაბრკოლება ექნება გადასალახი. პირველ რიგში, მათ უნდა შეძლონ მასობრივ სტუდენტურ მოძრაობად ქცევა, ამისათვის კი საჭიროა საერთო სტუდენტური გაფიცვისთვის მუშაობა, პოლიტიკური ცნობიერების შეტანა დანარჩენ სტუდენტობაში, მათთვის იმის ახსნა, რომ დღეს განათლება არა უფლება, არამედ პრივილეგიაა. მეორე რიგის ამოცანას იმ პროფესორებთან მუშაობა წარმოადგენს, რომლებიც, თუმცა დღეს მერყევ პოზიციებს იკავებენ, მაგრამ დაძაბულობის ზრდასთან ერთად, შესაძლოა, სოციალური პროტესტის მხარეს გადმოიხარონ. აუცილებელია იდეური ერთიანობა და ერთი კონკრეტული საკითხის მიღმა გასვლა. ის, რომ 2 მაისს სწავლის განახლება სტუდენტების უმეტესობისთვის პრობლემაა, მხოლოდ მრავალი წლის მავნებლური, არაადამიანური, ანტიჰუმანური პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, მოთხოვნების სიაში აუცილებლად უნდა გამოჩნდნენ სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნები, მაგალითად, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი წესით საერთო საცხოვრებლის აშენება, რომელიც რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს უსასყიდლოდ მოემსახურება. მნიშვნელოვანია პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა, რათა სტუდენტებს აღარ უწევდეთ სწავლის საფასურის გადახდა (როგორც ცნობილია უნივერსიტეტის რექტორის ახალი ინიციატივა, პირიქით, საფასურის ზედა ზღვრის მოშლაა). სტუდენტებს ბევრი მუშაობა მოუწევთ იმისათვის, რომ გასცდნენ 2 მაისის კონკრეტულ მოთხოვნას და ჯერ მთლიან საუნივერსიტეტო მოძრაობად იქცნენ, შემდეგ კი საზოგადოებრივი პროტესტის ნაწილად თუკი ასეთი სადმე გაიჭაჭანებს. შესაძლოა, დღევანდელი გადასახედიდან ამ ამოცანების დასახვა მავანში ოლიმპიურ სიცილს იწვევდეს, თუმცა ყოველ დიდ სოციალურ პროტესტს, მასების აზვირთებას დასაწყისში მხოლოდ ჩანასახობრივი, მკრთალი და სუსტი რყევები ახლავს თან. სტუდენტებმა უნდა შეიგნონ, რომ „დიდ საკითხებს ხალხთა ცხოვრებაში მხოლოდ ძალა წყვეტს“,[6] შესაბამისად, კონსტიტუციური ილუზიისთვის თავის შეფარება და საკითხისადმი ფორმალური მიდგომა, არასაჭირო და მომაბეზრებელი დიალოგები და მრგვალი მაგიდები, მხოლოდ მათ ენერგიას გამოფიტავს და ძალაუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ასევე, სახიფათოა პოლიტიკურ ბრძოლაში წინასწარი განწყობით შესვლა, იმ დაშვებით მოქმედება, რომ პროტესტს ვინმე სხვა, ჩრდილში მყოფი ძალა გამოიყენებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ „დამარცხებული არმიები ჩინებულად სწავლობენ“ (ენგელსის ფრაზა); სტუდენტური პროტესტისთვის უფრო მეტად არა გამარჯვება და საკუთარი მცირე მიზნის მიღწევა მნიშვნელობს, არამედ პოლიტიკური ცნობიერების შეტანა ახალგაზრდობასა და მერყევ პროფესურაში. დამარცხება მძიმეა, მაგრამ სამაგიეროდ ის ახალი, უფრო გამობრძმედილი პოლიტიკური ბრძოლის წანამძღვრად იქცევა, როდესაც კი საამისოდ ვითარება საკმარისად მომწიფდება. ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი ადამიანის პრაქტიკული მოქმედებაა. სტუდენტების ახალი თაობა მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს, მხოლოდ ახლა ეჯახება შიდა საუნივერსიტეტო მანკიერებებს და საზოგადოებრივ დაძაბულობებს, მხოლოდ ახლა სწავლობს პროტესტის ორგანიზებას, სხვა თანატოლების წინაშე გამოსვლას და, რაც ყველაზე მთავარია, მედიასთან ურთიერთობას. მაშინათვე, როგორც კი სტუდენტური პროტესტი გარკვეული ნორმის ზღვარს გასცდება, ის მედიის დღის წესრიგში მოხვდება. და ვინაიდან მედიები კორპორაციულ ლოგიკაზე დგანან და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს ემსახურებიან, სავარაუდოა, რომ სტუდენტური ოპოზიციის პროტესტი არსებულ დიქოტომიურ დღის წესრიგში აღმოჩნდება შეთრეული (ვგულისხმობთ ხელისუფლების და ყოფილი ხელისუფლების „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას“).
საქართველოში აქამდე არსებული სტუდენტური მოძრაობები, საბოლოოდ, მაინც სამოქალაქო საზოგადოების კერძოობითმა ბუნებამ გადაყლაპა. სტუდენტი მუდმივად სტუდენტი ვერ იქნება, მას დღეს თუ ხვალ მოუწევს ლუკმა-პურის თავისი ოფლით მოპოვება, თუმცა სტუდენტური მოძრაობა ტოვებს კვალს და საკუთარ ისტორიას, შეცდომებს და მცირე გამარჯვებებს, რომლებიც მომავალი თაობების ინსტრუქციებია. სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციის უწყვეტობა. ყოველ ახალ თაობას სოციალური პროტესტის თუნდაც მიმქრალი კერა მაინც უნდა დახვდეს, რათა მას თავისი ახალგაზრდული სული შთაბეროს და ხელახლა აღმართოს სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლის დროშა.
[1] მ. გორკი, ახალგაზრდობის შესახებ, 1950, გვ. 213.
[2] მ. გორკი, ახალგაზრდობის შესახებ, 1950, გვ. 224.
[3] ვ. ი. ლენინი, თხზ. ტომი 9, მეოთხე გამოცემა, გვ. 153.
[4] ვ. ი. ლენინი, ახალგაზრდობის შესახებ, 1956, გვ. 130.
[5] ფ. ენგელსი, მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია (ტომი I), 1983, გვ. 647.
[6] ვ. ი. ლენინი, თხზ. ტომი 9, მეოთხე გამოცემა, გვ. 152.