გეორგ ვეერთი- „გერმანელი პროლეტარიატის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი”

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია ახალი სერიის – რევოლუციური პოეზიის – ფორმატში გთავაზობთ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი პოეტის, გეორგ ვეერთის (1822-1856), ლირიკულ ნაწარმოებებსა და ფრ. ენგელსის „სოციალ-დემოკრატში“ გამოქვეყნებულ წერილს. ენგელსი ვეერთს იხსენიებს, როგორც „გერმანელი პროლეტარიატის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პოეტს“. გეორგ ვეერთს პირადი მეგობრობა ჰქონდა მარქსსა და ენგელსთან. ის ჩართული იყო 1848 წლის რევოლუციურ მოვლენებში და გახლდათ „ახალი რაინის გაზეთი“-ს რედაქციის წევრი. ვეერთმა საკუთარი ლიტერატურული მოღვაწეობა მარქსისა და ენგელსის გაცნობამდე დაიწყო. საწყის ეტაპზე ვეერთი თავის ლირიკულ ნაწარმოებებში უმღეროდა სიყვარულის გრძნობას და ღვინით გატაცებას, მშვენიერ იდილიას ბუნების წიაღში, აიდეალებდა ხელოსანთა ყოფას და გერმანიის გარდასულ ჟამთა ეპიზოდებს. სწორედ ენგელსთან დაახლოებამ და რევოლუციურ საქმიანობაში ჩართვამ შეცვალა ვეერთის ლიტერატურული მიმართულება. იქიდან გამომდინარე, რომ ვეერთს ხშირად უწევდა ყოფნა ინგლისის მიწაზე, მან დაიწყო ჩარტისტული მოძრაობის აქტუალურ პრობლემებზე წერა. ვეერთი ნახულობდა ინგლისის სამრეწველო ქალაქების მუშათა ყოფას, ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს, ერთი სიტყვით, ბოლომდე იყო ჩართული ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ენგელსის თხოვნით ვეერთმა (1845) დაწერა ნარკვევი „პროლეტარები ინგლისში“, რომელშიც აჩვენებდა მშრომელების არაადამიანურ ყოფას. საგულისხმოა, რომ ვეერთის შემოქმედებაში დახატული მუშები და პროლეტარები არ არიან მხოლოდ ტანჯული, ჩაგრული ადამიანები, არამედ ეს მუშები ემზადებიან ძველის დასანგრევად და მყობადი სოციალისტური საზოგადოების ასაშენებლად. „ჭეშმარიტი სოციალიზმის“ სხვა პოეტებისგან განსხვავებით, ვეერთი გამოდის ჩაგრულთა ქომაგად და მიუთითებს მუშათა სიამაყეზე, იმაზე, რომ ეს უბრალო ადამიანები მომავალში აუცილებლად იძიებენ შურს.

  საგულისხმოა, რომ 40-იან წლებში ენგელსის გავლენით, ვეერთი გაეცნო ფოიერბახის ფილოსოფიას. სწორედ ამიტომაც არის, რომ ვეერთის ლირიკაში დიდ ადგილს იკავებს ბუნება, რომელიც ადამიანური არსებობის საფუძველი და წყაროა. ვეერთის აზრით, ბუნება მას შემდეგ სრულიყო, რაც საკუთარი თავი ადამიანში განასახიერა და სრულ თვითშეგნებას მიაღწია. ადამიანს ბუნებაში გამორჩეული ადგილი უკავია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მან საბოლოოდ შეძლოს განთავისუფლება. ვეერთის აზრით, განთავისუფლების პროცესი საკმაოდ ხანიერია, კეთილის ბოროტზე გამარჯვებას უზღვავი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება. თუმცა ვეერთი გამოთქვამს ოპტიმისტურ აზრს, რომ ბუნების მოვლენათა მარად ცვალებადობასთან ერთად ადამიანი ხდება სულ უფრო დიადი, რადგანაც უგუნურებასთან ბრძოლაში გონიერება მიაღწევს საუკუნო ზეიმს (იხ. ქვემოთ „გონიერება და უგუნერება“).

   უნდა აღინიშნოს, რომ ვეერთის ლირიკაში, თანდათანობით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა პროლეტარიატის, როგორც რევოლუციური სუბიექტის დახატვა. ვეერთს მიაჩნდა, რომ კაცობრიობის გარდაუვალ პროგრესთან, გონიერების უგუნურებაზე გამარჯვებასთან ერთად, პროლეტარიატი მოიშუშებს კაპიტალიზმისგან მიყენებულ იარებს, საუკუნეების განმავლობაში დასადგურებული უკუნი და ბინდი კვლავ მზის სინათლითა და სხივებით გაიფანტება. „ინდუსტრიაში“ (იხ. ქვემოთ) ვეერთმა განავითარა ის აზრი, რომ გაბატონებული კლასები უნდა ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციების შიშით. ამ რევოლუციაში პროლეტარები შეიძენენ მთელ კაცობრიობას დაკარგული ბორკილების საფასურად. ამ ლექსში ვეერთი მიდის დასკვნამდე, რომ რევოლუცია გარდაუვალია და რომ რევოლუციის იდეის მატარებელი აუცილებლად პროლეტარიატია. კომუნისტურ საზოგადოებაში შრომისა და ინდუსტრიის ნაყოფი არა ერთეულთა ხელში მოიყრის თავს, არამედ მთელი საზოგადოების საკუთრება იქნება. ვეერთი ხედავს, რომ შესაძლოა, კაპიტალისტურ საზგოადოებაში ინდუსტრია ადამიანებს იმონებს, მაგრამ მას აქვს, ასევე, ადამიანის განთავისუფლების პოტენციალი. როგორც მერინგი აღნიშნავდა, ვეერთმა უმღერა მრეწველობას, როგორც კაცობრიობის დამმონებელსა და იმავე დროს განმათავისუფლებელს.

  ვეერთის გარდაცვალების შემდეგ ენგელსმა მის ხსოვნას უძღვნა სპეციალური სტატია 1883 წელს (იხ. ქვემოთ). ენგელსი აქ ვეერთს ფრაილიგრათსა და ჰაინეზე წინ აყენებს. ფრაილიგრათისგან განსხვავებით, ვეერთი რევოლუციას ეხმაურებოდა მთელი გატაცებით, დარწმუნებული ბურჟუაზიული საზოგადოების გარდუვალ დაღუპვაში და მუშათა კლასის აუცილებელ გამარჯვებაში. მარქსსა და ენგელსთან ერთად ვეერთი სულდგმულობდა რევოლუციური იდეებით.

ქვემოთ თავმოყრილი ლექსები ვეერთმა დაწერა 1840-იან წლებში. შერჩეული ლექსებიდან პირველი სამი მშრომელის მძიმე ყოფას გვიახატავს, ხოლო ბოლო ორი ნაწარმოები ვეერთის კაცობრიობის პროგრესისადმი უპირობო რწმენას გვიმჟღავნებს.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

ფრიდრიხ ენგელსი ვეერთის შესახებ

აყვავებულ ალუბლის ქვეშ თბილი ბინა ვნახეთ, აყვავებულ ალუბლის ქვეშ ის ფრანკფურტში ვნახეთ.

მედუქნემ თქვა: „თქვენ ეს ჩვრები მოგყოლიათ დიდხანს…“ „ჩუმად ეგდე, ნუ ეჩრები, შენ არავინ გკითხავს!

ჩქარა ღვინო, მიკიტანო! ჩამოასხი ლუდი! შემწვარიც რომ მოგვიტანო, არ იქნება ცუდი“.

გასწევს ონკანს, გვასმევს ღვინოს, იფანტება დარდი, ღვინის ნაცვლად ყელში თითქოს

ჩადის მღვრიე შარდი.

აი, მოდის კურდღლით ხელში დუქანდარი მწყრალი. აი, მოაქვს კურდღლის ლეში შემწვარი და მყრალი.

ლოგინშიაც ჩაგვყვა ჯავრი, თუმცა ღმერთი გვწამდა, ბაღლინჯოთა უნდო ჯარი მთელი ღამე გვჭამდა.

ასე მოხდა ფრანკფურტ — ქალაქს, ვიცნობთ იმის კლანჭებს, ესმის ყველას, ფრანკფურტ — ქალაქს ვინც ჩვენსავით ტანჯეს.

   ჩვენი მეგობრის ვეერთის ეს ლექსი ხელახლა ვიპოვნე მარქსის ქაღალდებში. ვეერთი გერმანიის პროლეტარიატის პირველი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პოეტი, დაიბადა რაინის დეტმოლდში, სადაც მისი მამა სუპერინტენდანტად[1] იყო. როცა 1843 წელს მანჩესტერში ვიმყოფებოდი, ის ჩამოვიდა ბრადფორდში თავისი გერმანული ფირმის რწმუნებულად, და ჩვენ ერთად გავატარეთ მრავალი მხიარული კვირა დღე. 1845 წელს, როცა მე და მარქსი ბრიუსელში ვცხოვრობდით, ვეერთმა იკისრა თავისი სავაჭრო სახლის კონტინენტალური აგენტურა და საქმე ისე მოაწყო, რომ თავის ძირითად ადგილსამყოფელად შეეძლო სწორედ ბრიუსელი გაეხადა. 1848 წლის მარტის რევოლუციის შემდეგ ჩვენ ყველანი კელნში ვიმყოფებოდით, რათა საფუძველი ჩაგვეყარა „ახალი რაინის გაზეთისათვის“. ვეერთმა ჩაიბარა ფელეტონის განყოფილება, და მეეჭვება, რომ რომელიმე სხვა გაზეთს ასეთი მხიარული და გონებამახვილური ფელეტონები ჰქონოდეს. მისი მთავარი შრომა იყო „სახელოვანი რაინდის შნაპჰანსკის ცხოვრება და საქმენი საგმირონი“, რომელშიაც აღწერს ჰაინეს მიერ „ატატროლში“ ასე წოდებულ თიკად ლიხნოვსკის თავგადასავალს. როგორც გავარკვიეთ, მასში ყველა ფაქტი სიმართლეს შეეფერება, ამაზე, ალბათ, შემდეგ ვილაპარაკებთ. ეს შნაპჰანსკის ფელეტონები 1849 წელს ცალკე წიგნად გამოსცეს ჰოფმანმა და ამპემ, და დღესაც უაღრესად ცხოველი ინტერესით იკითხება. 1848 წლის 18 სექტემბერს შნაპჰანსკი-ლიხნოვსკი, პრუსიის გენერალ ფონ აუერსვალდთან (იმავე დროს პარლამენტის წევრთან) ერთად, ფრანკფურტის ბარიკადებზე მებრძოლების დასახმარებლად მიმავალ გლეხთა რაზმების დასაზვერავად მიემართებოდა; ამ დროს ისა და ფონ ზაუერსვალდი გლეხებმა მოკლეს, სრულიად დამსახურებულად, როგორც ჯაშუშები. გერმანიის საიმპერიო სამმართველომ აღძრა საჩივარი ვეერთის წინააღმდეგ მოკლულ ლიხნოვსკის შეურაცხყოფისათვის, და ვეერთმა, რომელიც ინგლისში იმყოფებოდა, მიიღო სამი თვის პატიმრობა, მას შემდეგ, რაც რეაქციამ „ახალი რაინის გაზეთი“ დიდი ხანია დახურა. ეს სამი თვის პატიმრობა მაინც პირნათლად მოიხადა, რადგან საქმეები აიძულებდნენ ხოლმე დროდადრო გერმანიაში ჩასულიყო.

   1850/51 წლებში ბრადფორდის ერთ-ერთი სხვა ფირმის საჭიროებისათვის ვეერთი მოგზაურობდა ესპანეთში, მერე დასავლეთ ინდოეთში, და თითქმის მთელი სამხრეთი ამერიკა მოიარა. ევროპაში მცირე ხნით ჩამოსვლის შემდეგ უკანვე დაბრუნდა თავის საყვარელ დასავლეთ ინდოეთში. იქ მას სულმა წასძლია ესარგებლა სასიამოვნო შემთხვევით, რომ ერთხელ მაინც ენახა ლუი ნაპოლეონ III-ის ნამდვილი ორიგინალი, ზანგების მეფე ზულუკ ჰაიტელი. მაგრამ, როგორც 1856 წ. 28 აგვისტოს ვოლფი სწერდა მარქსს, „ის წააწყდა სიძნელეებს საკარანტინო ხელისუფალთა მხრით, და იძულებული გახდა თავის განზრახვაზე ხელი აეღო. ამ მოგზაურობის დროს ვეერთს გამოაჩნდა (ყვითელი) ციების პირველი ნიშნები, რაც ჰავანაში ჩამოჰყვა. აქ დაწვა, ტვინის ანთება მიიღო და 30 ივლისს ჩვენი ვეერთი ჰავანაში გარდაიცვალა“.

   მე მას ვუწოდე გერმანიის პროლეტარიატის პირველი და უმნიშვნელოვანესი პოეტი. მართლაც, მისი სოციალისტური და პოლიტიკური ლექსები ორიგინალობითაც, მახვილგონიერებითაც და გრძნობის ცეცხლითაც ფრაილიგრათისას[2] დიდად აღემატებიან. ის ხშირად იყენებდა ჰაინეს ფორმებს, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რათა ისინი სრულიად ორიგინალური დამოუკიდებელი შინაარსით შეევსო. ამასთან ის განირჩეოდა მრავალი პოეტისაგან იმითაც, რომ თავისი ლექსების მიმართ, რომელთაც ერთხელვე ჩაწერდა, სრულიად გულგრილი ხდებოდა. გამოგვიგზავნიდა ასლს მარქსს ან მე და მერე აღარც მოგვაკითხავდა ლექსების შესახებ, ხშირად ძნელიც ხდებოდა მისი იძულება, რომ სადმე დაებეჭდა. მხოლოდ „ახალი რაინის გაზეთის“ დროს სულ სხვა იყო. თუ რატომ, ამაზე მიუთითებს შემდეგი ნაწყვეტი ვეერთის წერილისა მარქსთან, ჰამბურგში, 1851 წ. 28 აპრილს:

„გარდა ამისა, იმედი მაქვს, რომ ივლისის ბოლოს ლონდონში ისევ გნახავთ, რადგან მეტად აღარ შეძიძლია ამ ჰამბურგელი კუტკალიების (grasshoppers) ატანა. აქ მომელის ბრწყინვალე კარიერა, მაგრამ ამისი მეშინია. სხვა მაშინვე ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა, მე კი უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ საიმისოდ, რომ ფილისტერი გავხდე, და ოკეანის მიღმა ხომ შორეული დასავლეთია გადაშლილი…

უკანასკნელ ხანს ბევრ რამეზე ვწერდი, მაგრამ არაფერი დამიმთავრებია, რადგან არა ვხედავ მწერლობაში არავითარ აზრსა და მიზანს. თუ შენ პოლიტიკურ ეკონომიაზე რამეს წერ, ამას აქვს აზრი და გამართლება. მე კი? უგემური ნაკვესები, უხეირო ხუმრობა იმ მიზნით, რომ სამშობლო ქვეყნის მოქალაქეთა სახეებს ღიმილი მოჰგვარო — ამაზე მეტი უბადრუკობა სწორედ ვერ წარმომიდგენია! ჩემი სამწერლო მოღვაწეობა სამუდამოდ დასრულდა „ახალი რაინის გაზეთთან“ ერთად.

უნდა გამოვტყდე: რარიგ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის უკანასკნელი სამი წლის ამაოდ დაკარგვა, სიხარულით ვიგონებ იმ დროს, რაც კელნში გავატარეთ. ჩვენ თავი არ შეგვირცხვენია, ესაა მთავარი! ფრიდრიხ დიდის დროიდან არავინ მოქცევია გერმანიის ხალხს ისე en canaille (შეუბრალებლად), როგორც „ახალი რაინის გაზეთი“. არ მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი დამსახურება იყო, მაგრამ მე ამაში ვმონაწილეობდი.

ო, პორტუგალიავ! ო, ესპანეთო! (ვ. იმხანად დაბრუნდა იქიდან) რომ გვქონდეს შენი მშვენიერი ცა, შენი ღვინო, შენი ნარინჯები და მირტები![3] მაგრამ აღარც ეს არის! არაფერი, გარდა წვიმისა, გრძელი ცხვირებისა და ლორისა! წვიმაში, გრძელი ცხვირით — შენი გ. ვეერთი“.

    რაშიაც ვეერთი იყო ოსტატი, რაშიაც ის აღემატებოდა ჰაინეს (რადგანაც იყო მასზე ჯანსაღი და გულწრფელი) და რითაც მას გერმანულ ლიტერატურაში მხოლოდ გოეთემ გადააჭარბა, ესაა ბუნებრივი, ჯანსაღი გრძნობიერების და ხორციელი ვნების გამოხატვა. „სოციალ-დემოკრატის“ მრავალ მკითხველს თავზარი დაეცემოდა, რომ მე „ახალი რაინის გაზეთიდან“ მასში გადამებეჭდა ზოგიერთი ფელეტონი. მაგრამ მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ამის მიუხედავად, არ შემიძლია არ შევნიშნო, რომ ოდესმე გერმანელი სოციალისტებისათვისაც დადგება მომენტი, როცა უკუაგდებენ ამ უკანასკნელ გერმანულ ფილისტერულ ცრურწმენას, ყალბ, მეშჩანურ თაკილსა და სიმორცხვეს, რაც სინამდვილეში მხოლოდ საიდუმლო ავსიტყვაობის საფარველია. როცა კაცი, მაგალითად, ფრაილიგრათის ლექსებს კითხულობს, მართლაც, შეიძლება გაიფიქროს, რომ თითქოს ადამიანებს სულაც არ გააჩნიათ სასქესო ორგანოები. მაგრამ არავის ისე არ უყვარდა ჩუმ-ჩუმად ვნების აღმძვრელი ანეგდოტების მოსმენა, როგორც პოეზიაში თავაზიან ფრაილიგრათს. დროა გერმანელი მუშებიც მიეჩვიონ იმაზე ლაპარაკს მაინც, რასაც თვითონ ისინი აკეთებენ დღითა და ღამით, ბუნებრივ, აუცილებელ და უაღრესად სასიამოვნო საგნებზე ლაპარაკს, ისევე ძალდაუტანებლად, როგორც რომანული ხალხები, როგორც ჰომეროსი და პლატონი, როგორც ჰორაციუსი და იუვენალი, როგორც ძველი აღთქმა და „ახალი რაინის გაზეთი“.

ვეერთი წერდა, მართალია, ნაკლებად მსუსხავ რამეებსაც და მე თავს უფლებას მივცემ მათგან ზოგი რამ ფელეტონებისათვის „სოციალ-დემოკრატში“ გამოვაგზავნო.

ფრ. ენგელსი „სოციალ-დემოკრატი“ 7 ივნისი, 1883, 24.

ი შ რ ო მ ე

იშრომე, ცისფერხალათიანო,

ჩვენთვის შრომაში არ იგრძნობ დაღლას

იშრომე! შრომა, ადამიანო,

ეს სიღატაკის წამალი გახლავს.

სრულ თექვსმეტ საათს — არ შედგე წამით, იშრომე, ვიდრე გაქვს მკლავში ძალა, რომ უფრო რბილი გეჩვენოს ღამით ლეიბის ნაცვლად დამპალი ჩალა.

იშრომე! ღმერთმა შეგქმნა შრომისთვის, დასძარ, დაძაბე შენი კუნთები,

შენს ფეხმძიმე ცოლს, ზრუნვით რომ გიცდის, ცრემლი შეაშრე, შინ რომ ბრუნდები.

მუშა ხარივით სხვისთვის დაშვრები, მაშ რისთვისა გაქვს ეგ შუბლი ფართო? ჩამოკონკილი შენი ბავშვები შემოგხვდებიან ღიმილით მარტო.

დაე, შრომაში მოგწყდეს სხეული! გაგისკდეს გული — ჩვენ არა ვწუხვართ! დე, საფეთქელი, ტანჯვას ჩვეული, ოფლის ნაკადმა დანამოს უხვად!

იშრომე, ძალა ვიდრე გაქვს მკლავში, იშრომე, ვიდრე გაგიწყდეს ქანცი! იშრომე! აკი მყუდრო საფლავში ნახავს სიმშვიდეს მაშვრალი კაცი.

შიმშილის სიმღერა

პატივცემულო მეფე — მცონარავ, იცი, რა მძიმე ტანჯვის ჟამია? ორშაბათს კიდევ ვჭამეთ ცოტა რამ, სამშაბათს ლუკმა არ გვიჭამია.

ოთხშაბათს მთელი დღე ვიმარხულეთ, ხუთშაბათს უზმად დავრჩით სრულებით, პარასკევს ლამის ჩვენ ვინახულეთ შიმშილისაგან მკვდარი სულები…

მაგრამ ვიქცევით რისხვის ზარადა! ხელმწიფევ, ხელი გამოგვიწოდე, მოგვეცი პური შაბათს, არა და კვირას შენ თვითონ შეგჭამთ, იცოდე!

მხოლოდ და მხოლოდ თვრამეტი წლისა

„ამ სასტიკსა და სუსხიან ღამეს — ასე, შუაღამისას ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდგარი სახლის კარის ზღურბლზე იჯდა უცნობი ქალი თავი უკან გადაეგდო და კარისათვის მიეყრდნო, მთვარის შუქზე მისი სახე თეთრ ქვასავით კრიალებდა. საშინელ ამბავს მოგვითხრობდა ეს სახე, ერთიანად დაღარული და დასერილი ორი ტყუპის — ცოდვისა და სიღატაკის — დამღუპველი მოქმედებით ჩავარდნილი საფეთქელი, დამჭკნარი ლოყები, ღრმად დანაოჭებული შუბლი და თხელი, მოღრეცილი ტუჩები, — განა შეიძლებოდა ადამიანს წარმოედგინა, რომ ეს ქალი ოდესმე ბავშვი იქნებოდა?

დუგლას ჯეროლდი[4]

დღე მიიწურა; ზამთრის ღამის წარმტაცი კალთა გადაეფარა ბრიტანეთის ნაპირებს წყნარად. მთვარის სხივებზე აელვარდა უდაბნო წყალთა, და ბორცვებს თოვლის მოციმციმე ზვინები ფარავთ. სდუმს დაქანცული მეომარი და მეზღვაური, სდუმან გემები, სანაპირო, შრომის ბანაკი… მხოლოდ შორიდან ყრუდ აღვიძებს ღამეს ხმაურით ლონდონი, თემზის გიგანტური მრუმე ქალაქი.

მღელვარე ლონდონს მაშვრალების ძილი რას არგებს? რა ედარდება, თუ დაქანცულ თვალს ეყვინთება? ქუხილი არყევს დღე და ღამე ხიდებს და პარკებს, მისთვის ერთია გათენება და შებინდება. მიღმა მდუმარებს ჯადოსნური და უცხო ველი. მხოლოდ აქ ხალხი — მღვრიე ტალღა გიჟური ღელვის, – იბრძვის, ირევა, ქმნის და ეძებს დაუცხრომელი, ლოთობს, შიმშილობს, ლოცულობს და ხან ბედსა სწყევლის.

განათებულა კარ-ფანჯარა, შუშაბანდები, ფარჩის სამოსელს ეფარება ვნება მზაკვრული! აგერ, დაცინვით ირევიან ოქროს ლანდები, ეგერ, გალეულ მუშტებს კუმშავს ბედით ჩაგრული! კვნესა და კოცნა… ვიღაც უმზერს ქალს ეშმაკურად… ყველგან შენიშნავთ ათასგვარი ვნებით აღძრულებს. — ეს ის ცეკვაა, ლონდონში რომ ასე შმაგურად ყოველდღე ორი მილიონი კაცი ასრულებს!

მიწყდა ხმაური. ლოგინიდან წამოდგა ქალი; ვარსკვლავთა სხივმა გაუნათა სახე გამხდარი, სახე ქვასავით გაყინული, ამო და მკრთალი, წელი, სამკეცად მოხრილი და ჯაფით ჩამწყდარი. შედგა, ჩაფიქრდა — მხოლოდ წუთით… ბავშვი თვალს ახელს. ბავშვი სნეული ტიტველ მკერდში ჩაიკრა მხნედა. ყმაწვილმა ქალმა ჩაუარა სწრაფად სასახლეს, ახ, საით მიდის — თვით არ იცის საბრალო დედამ!

„დედას პური და შვილს კი ტანზე სამოსი უნდა! ოჰ, გული მტკივა, რა გიჟივით დავეხეტები! ო, შვილო ჩემო, გატარებდი ხალისით მუდამ, როგორც ოდითვე ატარებენ ბავშვებს დედები. მაგრამ დრო მოვა, გაიზრდები, ნახავ ხომალდებს, არ გეყოლება დედა, მამა და ნათესავი. ცისფერ ტალღებში მკაცრი ბედი გაგაფოლადებს, იქნები გიჟი მეზღვაური მამაშენსავით!

მამაშენსავით? ჩუ! — ეს იყო ნეტარი დილა, როცა მის მკერდზე გამეღვიძა მე ცრემლის ღვრითა! იდგა მაისი… საიდუმლო ვატარე ფრთხილად, რაც მე უდროოდ ფერს მაცლიდა და წელში მხრიდა. შემოდგომაზე, როცა თემზამ ზვირთების ცემით დასძრა ზვინები მოშრიალე ფოთლებისანი, თითქოს ამიხდა უკეთესი სიზმარი ჩემი, თვრამეტი წლისას ამისრულდა სწორედ მიზანი!

თვრამეტი წლისას! ჩამიმწარდა მე გლახ ცხოვრება, თვრამეტი წლისას! — ხვედრად მერგო კვნესა, შიმშილი მაგრამ მისმინეთ: სიამაყით მემახსოვრება, რომ მამულისთვის მიმიცია ეს ვაჟიშვილი! ჰა, ვერვის ხიბლავს ჩემი ნორჩი სხეული მეტად? ჯაჭვებს და ჯვრებს რომ აჟღარუნებთ — მითხარით, რისთვის? ნუთუ იმდენად გაღარიბდით, რომ ერთი დედა ვერ გამოსტაცეთ ბრიტანეთში შიმშილით სიკვდილს?“

დადუმდა. აღარ აღავლინა მაღლა ვედრება: მისთვის ყრუ იყო თავიდანვე კაცი და ღმერთი. თვალთ უბნელდება. ტანში სისხლი ყინულს ედრება, გული გაქვავდა, გაიყინა, გაცივდა მკერდი! ის ჩაიკეცა, შეეყინა მის ბაგეს მფეთქავს სასტიკი წყევლა, ღიმილი და რაღაც მუდარა, დუმს არემარე, და ბუნებამ საბრალო დედას გადააფარა უწმინდესი თოვლის სუდარა!

მარმარილოზე ცივი იყო სხეული მისი, ბავშვი თვალღია, გაყინული, მის მკერდზე იწვა; ცისკრის ნათელმა რომ გახლიჩა ლონდონის ნისლი, ცხრათვალა მზემ რომ გადაკოცნა სხივებით მიწა, ვესტმინსტერიდან[5]  შემოისმა ზარების რეკა, — ასე სამეფო სამარხებზე რეკავენ მარტო, — თვით შორეულმა გორაკებმა დაიწყეს დრეკა, თითქოს ღარიბთა სვეს დარდობდეს ქვეყანა ფართო!

საბრალო ქალო, დღეს ამ ზარებს რეკავენ სხვისთვის, მაგრამ გამხნევდი! დაიმსხვრევა ბედი მზაკვარი. დაე, ურეკონ ვესტმინსტერში მეფეთა სიკვდილს, შენ, ადრე დამჭკნარს, დაგშვენდება ზარი სხვაგვარი: რისხვად რომ აღძრავს სიღატაკე და გასაჭირი, აღმოსავლეთის, დასავლეთის ხალხთა კავშირი, ათასთა მკერდით მოხეთქილ ხმას ხანძრად აღანთებს, დასცემს შენს მკვლელებს და დასწყევლის ქვეყნად ჯალათებს!

ი ნ დ უ ს ტ რ ი ა[6]

ათასი წლები მის წინაშე დღესავით გაქრა, გუშინ რომ ლაღად წარიტანა ჟამთა იარა; დროთა გრიგალმა, რასაც თან სდევს ნგრევა და ჩაგვრა, მას წინ უძლურად ჩაუქროლა, გადაიარა! მას, კაცთა მოდგმის საოცარ სულს, დროს რომ შეება, ვისაც ადიდებს საკუთარი მისი მშვენება! მას, ვინც გადარჩა ათას ჭირს და განადგურებას, ძლევით იკაფავს თავის გზას და მიმართულებას!

მას უცხოვრია ინდუსების წმინდა მიწაზე, მას უბრძოლია საბერძნეთის მწვანე ველებში, მას განუცდია იტალიურ სხივთა სინაზე და უმღერია გერმანიის უღრან ტყეებში. ის მიარღვევდა ველურ ზღვათა ზვირთებს ბინდიანს, და ნიაგარის ქუხილშიაც არ გრძნობდა დაღლას, ჭექდა მისი ხმა: „თუმცა წლები ასე მიდიან, მე უხსოვარ დროს რაც ვიყავი, ისა ვარ ახლაც!“

დროს მან თავისი სიდიადე საქმით აჩვენა, ადამიანმა, — ვინც ალაგმა სტიქიონები; შეუჩერებლივ წინ რომ იწვდის თავის მარჯვენას, არ იყინება სწრაფვა მისი ფიქრის, გონების. ვარსკვლავთა წყობა მისაწვდომი გამხდარა მისთვის, თითქოს ცა იყოს ყვავილნარი მშობელი მიწის; და ის ყოველდღე თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს, რათა გმირობის და სიამის ჟამი გვახაროს!

ჩვენს დროს წარმართავს მისი ჭკუა უდიადესი. ოცნების მხარის ნათელ ბჭესთან უკვე მივედით! დღეს ნაყოფს ისხამს აკი მისი უხვი ნათესი, რასაც ელოდა საუკუნე ურყევ იმედით! გიჟებო, მუდამ `ძველ ზღაპრებზე ჭკუას რომ კარგავთ, ხოლო ცხოვრებას გაურბიხართ, დაფიქრდით კარგად: სასწაულები, ჩვენს დროში რომ აქ ჩასახულან, ისე დიდია, რომ ჯერ მსგავსი არსად ნახულა!

ადამიანი მწვანე ტყეთა წიაღს უვლიდა, ფხიზლად არჩევდა უზარმაზარ, ასწლოვან ფიჭვებს, რკინის მადანი ამოჰქონდა მიწის გულიდან მხიარულ მზეში, შვებასა და ხსნას რომ გვანიჭებს. შემდეგ ხალისით შეავლებდა მარჯვენას ნაჩვევს, შორეულ მხარეს მიმართავდა ხომალდის საჭეს, ესტუმრებოდა ატლანტიკის მიღმა ქვეყანას, რათა ევროპის ხმა და სიტყვა იქ ჩაეტანა.

ღუმელთა კვამლი გარს ეხვევა ნისლად ქალაქებს, უთვალავ რკინას ალი როგორ ესალბუნება! რა წმინდა ფორმას აძლევს საგნებს, შლის და ალაგებს მას, რაც უფორმოდ შეუქმნია დედა-ბუნებას. ო, დღეს რომ წუთით ნება დართონ და ცეცხლის ღმერთი თავის ნეტარ თავს ხელმეორედ ასწევდეს ერთი, ვეღარ გაუძლებს ჰეფესტოსი ამ მოლანდებას, განცვიფრებული ოლიმპიდან გადმოვარდება!

არ ვსაჭიროებთ უკვე ცისკრის ვარსკვლავთა სხივებს, რათა ბანაკი გაიშალოს ბედნიერების: ჩვენ საკუთარი ხელოვნება დაგვაკავშირებს, ერთ დიად ბაღში შედუღდება ბედი ერების! ერთურთს ესწრაფვის, რასაც ჰყოფდა ზღვა და მდინარე, მილიონ თვალში კრთის შეგნება, დღემდე მძინარე, რომ დღე გათენდა, გაქრა ღამე ღალატიანი, ადამიანმა კვლავ იპოვა ადამიანი!

ასე ზათქით და ზარით დადგა ახალი ერა, და ინდუსტრია ქალღმერთია ჩვენი დროების! გულებს მიაპყრო ბასილისკის მსახვრალი მზერა, ნიშნად სასტიკი რისხვისა და შევიწროების. ზის შავბნელ ტახტზე, შავ შოლტს აქნევს და ახმიანებს, მძიმე შრომაში ერეკება ადამიანებს, საშინელ შუბლზე აზის წყრომის დაღი საზარი, მაშვრალთა რისხვად დგას იმისი ცივი ტაძარი!

ის დგას პირქუში, ნთქავს, რაც კაცთა მონაგარია, გიჟური ჟინით მსხვერპლად ითხოვს ადამიანებს. ტირილით იხვევს ოფლიან თავს მონა — პარია,[7] როცა სხვა იქვე ოქროქსოვილს დააფრიალებს. მაგრამ ცრემლი სდევს ყოველ დიდ ომს — ვინ გადარჩება? სასტიკ შეხლაში ვაღწევთ ყოველ დიდ გამარჯვებას! მახვილს და ბორკილს ვინც ჭედავდა ძალუმი მკლავით, შესძლებს მახვილით ბორკილიდან დაიხსნას თავი!

რაც შეუქმნია კაცის სულსა და მის შეგნებას, ერთის კი არა, მალე ყველას ხვედრი გახდება! უკანასკნელი ბორკილი რომ დაილეწება, უკანასკნელი მუშტები რომ აღიმართება: დგას ნირშეცვლილი ღრჯუ ქალღმერთი, ქანდაკის მსგავსი, ხარობს, ზეიმობს მის გარშემო ყოველი არსი! დღემდე არავინ არ აზიდა მაშვრალთა ტვირთი, დღეს თვითონ დასძრავს კლდეებს მისი ძალუმი ზვირთი!

მაშინ გვაუწყებს სასწაულთა წიგნი დიადი, ცეცხლით რომ დასწერს ისტორია სამართლიანი: „ადამიანმა მეგობრობით დასწვა წყვდიადი, ადამიანით გაიხარებს ადამიანი!“ ბორკილახსნილი დიდების ხმა ჟღერს და ღაღადებს, მიწა ვერ იტევს თავისუფალ ხალხთა ნაკადებს! მომხიბლავ კოცნით ცოცხლებს უხმობს დედა-ბუნება და გამარჯვებულ მაშვრალს ტკბილად ესალბუნება.

გონიერება და სიგიჟე

დღეს ძილშიაც არ ესიზმრება, რას მისცემს ღამე, როს აღმოსავლეთს სხივთა სვეტი ქარგავს დიდებით, როს მისი თვალი ძილგამკრთალი და მოკამკამე, ტკბება სათიბთა ნამის ცინცხალ მარგალიტებით. როცა დღის ნათელს გულამოსკვნით უგალობს შაშვი, მოწყურებული ირმის ჯოგი ჩამოდის ბარად, მთების ზეთავზე ტრიალებენ ორბები ცაში — განა ეს ხილვა სანეტარო არ არის მარად?

მაგრამ თანდათან ცხოველი დღე თავის გზით მიდის, დილის სიტურფე მწუხრის ნისლით დაისუდრება, დღისით გამქრალი შიში, შფოთვა და ნისლი ბინდის ფრთებსა შლიან და ამკვიდრებენ თავის უფლებას; ჭექა-ქუხილი შესძრავს ქუფრი ზეცის ლაჟვარდებს, შეაზანზარებს დედამიწის უღრმეს წიაღებს; დროშებგაშლილი ქარიშხალი შეინავარდებს, მუხებს ამსხვრევს და ჭიუხების ჭიშკრებს შეაღებს.

ასე ტრიალებს ეს ქვეყანა და სახეს იცვლის, ბრუნავს მონურად და დიდების გზა ვერ გაკვალა! სხვა გზა არ იცის ამ ბუნებამ სრულქმნის და წინსვლის, თუ არ დაცემა, აღდგენა და დაცემა კვალად, – გარდუვალობის ყოვლისშემძლე კანონის ძალით შლის სამყაროებს, აჯახებს და ასე მღელვარებს, და მხოლოდ კაცთა მტკიცე ნება, კლდესავით სალი, აღწევს უსაზღვრო სიდიადის ნათელ მწვერვალებს!

სად პატრიარქთა ბაგით ჩქეფდა სიბრძნე ხალასი, სადაც მზე აღწევს, სადაც რისხვით ცა იქუფრება, სადაც დამხობილ მონარქების თავის ქალაზე გადაიქროლა ახალგაზრდა თავისუფლებამ, — საუკუნეებს არღვევს, როგორც მეხთა ქუხილი, ბუნების ხმობა: მხოლოდ მონა ბაძავს ბუნებას! მიჰყევით იმ გზას, სადაც გიწვევთ გულის წუხილი — ვნებათა ღელვა, ბრაზი, ტრფობა, დაძაბუნება.

ის, ვინც უშიშრად სივრცეს სერავს, როგორც თოლია; ის, ვინც ფრთამალი მერცხალივით იკეთებს ბუდეს; ის, ვისი აზრიც იმ ნათელი ელვის ტოლია, მეხის ისრებით რომ გაარღვევს ღრუბელთა ზღუდეს; ვინც თვლემს პალმის ქვეშ; ვინც აქცია საქმედ ნათქვამი, ვინც წევს სათიბში და შეჰხარის ზღაპრულ სამყაროს; ვინც მტერს ვეფხივით ეკვეთება – ყველა მათგანი ემორჩილება მხოლოდ თავის საკუთარ კანონს.

ელავს ბუნება, მოკაზმული მთაში თუ ბარად, კვლავინდებურად მშვენიერი, სადა, მზიანი, მაგრამ ნათელი მიზნისაკენ ისწრაფის მარად მხოლოდ ძალუმი, ფრთაშესხმული ადამიანი. ის ქედს უხრიდა საკურთხეველს, ტახტებს, ღვთაებას, დიდხანს ხოხავდა მტვერში, როგორც მონა, მშიერი, მაგრამ ღმერთებთან გაბედულად ომში ჩაება, თავისუფალი აღსდგა ისევ, მხნე და ძლიერი.

მის სულში ტანჯვა ცვლის სიხარულს, ბრძოლა — თანხმობას, არის სიგიჟის და გონების შეხლა-კამათი! სამეფოების ამაღლებას და მათ დამხობას ათასწლოვანი შეჯახება თან სდევს ამათი. ყველგან, სადაც კი ფეხი შედგეს, ხელი მსახვრალი ფერფლად აქცევდა იავარქმნილ დაბებს, ქალაქებს; მხოლოდ იქ, სადაც ისახება საქმე ახალი, დაზავდებიან, და გონება ქაოსს ალაგებს.

უდაბნოთა და ოკეანის საზღვართა შორის ისმის ხმაური ათას ხმაზე მეტყველი ხალხის, ქუჩას თუ ველებს არყევს ზათქი ბრძოლის და შრომის, დაუსაბამო მისწრაფების ძალუმი ტალღის. დილა თენდება — კვლავ იღვიძებს აზრი საღი და ვინ არ ირწმუნებს, რომ სუფევდა ქვეყნად სავსება, რომ სიყვარული შემოგვცქერის ყოველ სახლიდან, მეფობს გონება, და ქვეყანა ბაღს ემსგავსება!

თუმცა ყვავილმა კაბა კოხტად შეაფრიალა, გულში კი ტანჯვამ გაუწყვიტა ქანცი სრულიად! სიგიჟემ მისცა ხელში შხამით სავსე ფიალა, — და როგორც წინათ, ბრძენი დღესაც განწირულია! სისხლით და ცრემლით გაამაგრეს ბევრი ტაძარი, სასახლეც — მისი ორეული — ტანჯვამ აზიდა. ისმის ღატაკთა წყევლა, გმინვა, მოთქმა და ზარი, ფუფუნება კი შარბათსა სვამს ოქროს თასიდან.

მაგრამ სიგიჟე თუ მიჰყვება საკუთარ აღთქმებს, თუ აქვს უფლება იმძვინვაროს და ინავარდოს, გონებაც უნდა ცეცხლისმტყორცნელ სინათლით აღდგეს, რომ უგნურობის ღამეული თალხი გაფანტოს. სწორად იქცევა, თუ საბრძოლო ქუხილით მთვრალი ძუ ლომის მსგავსად შეირხევა, ყალყზე დადგება, დასცემს სიგიჟეს და მრისხანე გონების თვალით ძლევის სიმღერით გადალახავს ნანგრევთა წყებას!

განქარდა დილაც, მზე რომ ნათელი სხივებში ჰხვევდა, მოდგა შუადღე მეხთამტეხი, გრგვინავს ზღაპრულად, და ყველაფერი, რაც კი დღემდე სიღრმეში თვლემდა, დღეს ხანგრძლივსა და უსასტიკეს ომში ჩაბმულა. დაე, გაგრძელდეს საუკუნო ბორგვა, თარეში, კაცს არ შეშვენის დამშვიდება, არც დაღონება. სიგიჟის სულთან შეჯახების ბორბალქარებში სამარადისოდ გაიმარჯვებს კაცთა გონება!

გეორგ ვეერთის ლექსები და ფრ. ენგელსის წერილი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემიდან: გ. ვეერთი, ლექსები, სახელგამი, თბილისი, 1956. ლექსებისა და ენგელსის წერილის მთარგმნელი გახლავთ აკაკი ჭკადუა.


[1] პასტორი, პროტესტანტთა სასულიერო პირი.

[2] ფერდინანდ ფრაილიგრათი (1810—1876) — ცნობილი გერმანელი რევოლუციონერი პოეტი, მარქსის მეგობარი, „ახალი რაინის გაზეთის“ რედაქციისა და „კომუნისტთა კავშირის“ წევრი. გვიან ბურჟუაზიული დემოკრატი გახდა და გაწყვიტა მარქსთან კავშირი (1868 წლიდან).

[3] ტვია — მარადმწვანე ბუჩქი, ძველთაგანვე ცნობილი, როგორც ცოლ-ქმრული ერთგულებისა და მშვიდობის სიმბოლო.

[4] დუგლას ჯეროლდი (1803 – 1857) – ცნობილი ინგლისელი მწერალი.

[5] ვესტმინსტერი – ლონდონის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, დასახლებულია უმეტესად მდიდრებით.

[6] „ინდუსტრია“ და „გონიერება და სიგიჟე“ ვეერთის ფილოსოფიურ-ლირიკული ლექსებია, რომლებშიც შეინიშნება შილერის ლირიკულ-ფილოსოფიური ლექსების ამაღლებული ტონი. ვეერთი გამოსთქვამს იმ აზრს, რომ კაცობრიობის ბედი სასიკეთოდ მხოლოდ რევოლუციით გადაწყდება და ჰუმანიზმის ყველა პრობლემაც სწორედ მასში მიიღებს თავის პასუხს. „გონიერებაში“ პოეტი ალეგორიულად რევოლუციურ ქარტეხილს გულისხმობს.

[7] პარია – (ინდ.) – მონა, განკიცხული, უფლებააყრილი და დაჩაგრული ადამიანი.