აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ დიდი ფრანგი უტოპისტ-სოციალისტის, შარლ ფურიეს, შესახებ დაწერილ პატარა ჩანახატს, რომელშიც ავტორები, ერთი მხრივ, ხაზავენ ფურიეს პიროვნების ზოგიერთ შტრიხს, ხოლო, მეორე მხრივ, მარქსიზმის კლასიკოსების მეშვეობით მწყობრად და ლაკონიურად გადმოსცემენ ფურიეს საზოგადოებრივ და პოლიტ-ეკონომიურ შეხედულებებს.
ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას მარქსიზმამდე არსებული რევოლუციური მოსაზრებების შესახებ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა უღლისგან ხალხის განთავისუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაზე, რომელიც, შესაძლოა, მთელ რიგ საკითხებში მოიკოჭლებდა, მაგრამ, რაც მთავარია, იღწვოდა უკეთესი მომავლისთვის, ადამიანთა ჩაგვრისა და ექსპლოატაციისაგან გამოხსნისთვის. მართალია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ფურიეს ნააზრევი ბევრ ასპექტში მცდარი და მიამიტურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ფურიემ და სხვა სოციალურმა რეფორმატორებმა დაუსახეს კაცობრიობას სამართლიანი საზოგადოებისაკენ სავალი გზა, მათ ნაწარმოებებში გამოთქმული მრავალი იდეა გადაამუშავეს და გაამდიდრეს უკვე შემდგომმა თაობებმა, მათ შორის, მარქსიზმის კლასიკოსებმა. შემდგომში რედაქცია მარქსამდე მოღვაწე რევოლუციონერებისა და სოციალ რეფორმატორების სერიის ფარგლებში, ფურიეს თანამედროვის, სენ-სიმონის, შესახებ წერილს შემოგთავაზებთ.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
შარლ ფურიემ დაინახა, რომ პატრონიკეზე ფიქრებში წასულმა ორღანისტმა თავი უკან გადაიგდო და ნერვიული თითები ორღანის საფეხურებად ჩარიგებულ კლავიშებს შეახო. ძლიერმა ბგერებმა ერთბაშად აღავსეს ეკლესიის მრუმე და ყმაწვილის მთელი არსება მოიცვეს. თვალზე ცრემლი მოადგა. მამა ისე დაიხარა, რომ მის თბილ სუნთქვას გრძნობდა. ჩაესმა მამის სხაპასხუპით ნაჩურჩულევი: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, არა ცილი სწამო წამებითა ცრუით, თქვი მხოლოდ სიმართლე; ასე გვიბრძანებს საღვთო წერილი…“
საკმევლით გაჟღენთილ ჰაერს სიტყვების ტაქტს აყოლილი მძიმე ხმები სჭრიდა: სიმართლე, მხოლოდ სიმართლე…
დილის წირვას რომ მოისმენდნენ, მაღაზიას მიაშურებდნენ და თითქოს არასოდეს ყოფილიყოს არც მგზნებარე ქადაგება, არც მამის დამრიგებლური ჩურჩული. აქ ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ნოქრები ერთმანეთს თვალს ჩაუკრავდნენ და მყიდველს უვარგის საქონელს შეაპარებდნენ, ანგარიშში ატყუებდნენ. მაღაზიის მფლობელი, ბატონი ფურიე-უფროსი კი მხოლოდ თავს გადაიქნევდა და მოწონების ნიშნად ჩაახველებდა ხოლმე. „ამ ოინებისა და სიცრუით აღშფოთებულს მყიდველი განზე გამყავდა და თვალს ვუხელდი, — იგონებდა ფურიე — ერთი მათგანი იმდენად უნიათო გამოდგა, რომ ჩივილ-ვიშვიშში გამცა კიდეც და კარგა მაგრად მომხვდა. მშობლებმა ნახეს ჩემი ალალმართლობა და საყვედურის კილოთი ჩაილაპარაკეს: „ეს ბიჭი ვაჭრობაში არ გამოდგებაო“.
ბატონმა და ქალბატონმა ფურიეებმა ეჭვადაც არ იცოდნენ, რაოდენ მართალი იყვნენ. შვიდი წლის შარლმა დაიფიცა: „ვაჭრობას სამარადისოდ შევიძულებო“ და შესაშური სიმტკიცე გამოიჩინა — მთელი სიცოცხლის მანძილზე ამ ფიცის ერთგული დარჩა. ეს კია, საქმე ისე წავიდა, რომ ფურიეს კარგა დიდხანს მოუხდა დახლთან დგომა, კანტორაში ჯდომა და მოგება-წაგების მწყობრად დაწყობილი ციფრების ანგარიში, მაგრამ მთელ საფრანგეთში კაცი არ მოიძებნებოდა, რომ ასე სძულებოდა ეს საქმიანობა და ჯერ ოცნებაში, შემდეგ კი თავის ნაშრომებში არ ცდილიყო მის დამხობას.
10 წლის შარლი ბეზანსონის იეზუიტთა კოლეჟში მიაბარეს. იგი ერთ-ერთ პირველ მოწაფედ ითვლებოდა. კლასიდან კლასში გადასვლისას მუდამ ჯილდოს იღებდა. ყმაწვილს განსაკუთრებით იტაცებდა გეოგრაფია, მდიდარი ფანტაზია ბიჭუნას სხვადასხვა ქვეყანაში დააქროლებდა. უკანასკნელ ფულს გეოგრაფიული ატლასებისა და რუკების შესაძენად ხარჯავდა.
კოლეჟის დამთავრების შემდეგ, დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, შვილი კომერსანტი რომ უნდოდა გამოეყვანა, ფურიე საინჟინრო სასწავლებელში შესვლას ცდილობდა, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა. ფეოდალურმა საფრანგეთმა, პრივილეგირებულ წოდებათა საფრანგეთმა შარლ ფურიეს — მესამე წოდების შვილს საზოგადოებრივი უსამართლობის გაკვეთილი მისცა — სასწავლებელში მხოლოდ თავადაზნაურთა შვილებს იღებდნენ.
შარლი იძულებული გახდა ჯერ რუანის, შემდეგ კი ლიონის სავაჭრო სახლში ემსახურა. „უღელმა მომახრევინა ქედი… საუკეთესო წლები სიცრუეში დავკარგე, ყოველი მხრიდან მესმოდა… ავის მაუწყებელი სიტყვები: „რაღაც ერთობ პატიოსანია ეს ყმაწვილი!“ — სიმწრით წერდა შემდეგ ფურიე. მაგრამ მის ცხოვრებაში ნათელი წუთებიც იყო: წიგნების კითხვა, იმ ქალაქებისა და ქვეყნების გაცნობა, სადაც მას, როგორც მიმოსვლის აგენტს, უხდებოდა მოგზაურობა.
მალე მამის დატოვებული სახსრებით ფურიემ როგორც იქნა მოიპოვა „დამოუკიდებლობა“ — ლიონში კოლონიური საქონლის სავაჭრო გახსნა.
XVIII საუკუნის დამლევს ლიონი პარიზის შემდეგ პირველი სავაჭრო და სამრეწველო ქალაქი იყო. სწორედ აქ, განვითარებულ კაპიტალისტურ ურთიერთობათა პირობებში, ჩამოყალიბდა ფურიეს კომუნისტური შეხედულებანი.
1789 წლის რევოლუციამ მტკივნეული დარტყმა აწვნია ოდესღაც აყვავებული ქალაქის ბურჟუაზიას — განსაკუთრებით შელახულად იგრძნო მან თავი იაკობინელთა დიქტატურის დროს, ვაჭრობის დაცემა, სპეკულაციის ამკრძალავი მკაცრი „მაქსიმუმის“ კანონი, მდიდარი კომერსანტებისაგან იძულებით აღებული უპროცენტო სესხი — ყოველივე ეს ქალაქის მქონებელთა ფენებს კონვენტის წინააღმდეგ განაწყობდა. 1793 წლის 29 მაისს ლიონელი ჟირონდისტები აჯანყდნენ. იაკობინელთა ძალაუფლება დაემხო, ლიონის კომუნის მერი სიკვდილით დასაჯეს. ამ არეულობაში უნებლიედ ფურიეც ჩაება. ახალგაზრდა ვაჭარს აჯანყებულთა არმიაში უკრეს თავი.
ლიონის კონტრრევოლუციის ჩასახშობად კონვენტმა თავისი გამორჩეული წევრები — კუტონი, კოლო დერბუა, ფუშე და სხვანი გაგზავნა. აჯანყებულებმა დიდხანს ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა — ქალაქი ჩაბარდა.
ფურიე დააპატიმრეს, მაგრამ სასჯელს გადაურჩა და სამშობლოში, ბეზანსონში, დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა აქ ისევ დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ფურიე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც რევოლუციური საფრანგეთის ერთგული, პატიოსანი და გულადი დამცველის სახელი მოიხვეჭა. მან შეიმუშავა რეინსა და ალპებზე ჯარის გადასვლის ნიჭიერი პროექტი, რისთვისაც გენერალ კარნოსაგან მადლობა მიიღო. 1796 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფურიე სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მანაც ისევ მოჰკიდა ხელი საძულველ „სიცრუისა და პირფერობის ხელობას“ — სავაჭრო საქმეს.
ფურიე მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ ავიდა პოლიტიკური ბატონობის ტახტზე ახალი საზოგადოებრივი ძალა — ბურჟუაზია, რომელმაც მშრომელთა გმირული ძალისხმევის მეოხებით დაამხო ფეოდალური წყობილება საფრანგეთში. ახალგაზრდა მოაზროვნე იმ დასკვნამდე მიდის, რომ ფილოსოფოსებისა და ეკონომისტებისაგან ქებული ახალი ბურჟუაზიული წყობილება აღმაშფოთებლად ეწინააღმდეგება ადამიანის არსებობის მიზნებს.
თვით ცხოვრებამ დაადასტურა ფურიეს დაკვირვება. მარსელში ნოქრად რომ იყო, მეპატრონემ უბრძანა, 60 000 ფუთი ბრინჯი, გაფუჭებული იმის გამო, რომ ესაო და გაძვირდებაო და დიდხანს არ გამოჰქონდა გასაყიდად, ზღვაში გადაყარეო. მსგავსი მაგალითები აშკარად მოწმობენ, რომ ადამიანთა შრომის უამრავ ნაყოფს ვაჭრები დანაშაულებრივი სპეკულაციისათვის იყენებდნენ. ფურიე მოწმე იყო იმისა, თუ როგორ ძვირდებოდა წარმოება ნედლეულის, საქონლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასების ხელოვნური აწევით. მის აღშფოთებას იწვევდა თავისუფალი კონკურენცია, რომელიც ადამიანებს ნადირთა ჯოგად აქცევდა.
როცა ამ გარემოში შვება ვერ იპოვა, ფურიე არსებული ბოროტების მიზეზებისა და კაცობრიობის ხსნის გზების ძიებაზე ფიქრმა წაიღო. სამყაროს ბედ-იღბალზე ჩაფიქრებამ იგი „მსოფლიო ერთიანობის“ იდეამდე მიიყვანა. 30-იანი წლებისათვის მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამქვეყნად მისი მოწოდება სოციალური რეფორმატორობა იყო.
სოციალურ გარდაქმნათა გეგმის შემუშავება თვითონ ფურიემ მის ცხოვრებაში მომხდარ ორ ფაქტს დაუკავშირა: მარსელში ბრინჯის ზღვაში ჩაყრას და სადილს პარიზის რესტორანში, სადაც მან ვაშლში თითქმის ასჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე იგი ნორმანდიაში ღირდა. ორივე ამ შემთხვევამ იგი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ბურჟუაზიული წყობილების „ინდუსტრიული მექანიზმი“ ვერ არის სრულყოფილი. მოგვიანებით ფურიე ყვებოდა, რომ მან, ნიუტონის მსგავსად, ვაშლის მეოხებით აღმოაჩინა „ასოციაციის“ იდეა. „მსოფლიოში ოთხი ცნობილი ვაშლი იყო: ორი დამღუპველი — ევასი და პარისისა, რომლის გამოც ტროას ომი ატყდა, და ორიც კეთილის მყოფელი — ნიუტონისა და ჩემი“.
ცხადია, ფურიეს ამ ერთგვარად მიამიტურმა მსჯელობამ მხოლოდ ღიმილი შეიძლება გამოიწვიოს. საქმე მარტო ვაშლი როდია, თუმცა მას შეეძლო „გაენათებინა“ მოაზროვნის გონება. საქმე ის გახლავთ, რომ კაპიტალიზმის მთელ სოციალურ ეკონომიკურ წყობას, რომელიც ესოდენი ძალით გაბატონდა საფრანგეთის ყველა კუთხეში, წყობას, რომელიც სიმდიდრის გარდა არაფერს უწევდა ანგარიშს, ფულის გულისათვის ანგრევდა ყველაფერს, არ შეეძლო არ აღეშფოთებინა ბავშვობიდანვე ბოროტებასა, სიცრუესა და საძრახის სპეკულაციასთან შეურიგებელი ადამიანი. მისდა შეუმჩნევლად იგი სოციალური რეფორმატორობისაკენ მიილტვოდა.
სოციალურ გარდაქმნათა თავისი პირველი პროექტები ფურიემ ორ ნაშრომში გადმოგვცა. ეს იყო „მსოფლიო ჰარმონია“ (1803 წ.) და „ოთხი მოძრაობის და საყოველთაო ბედის თეორია“ (1808 წ.).
„მსოფლიო ჰარმონია“ პატარა, სულ 56-სტრიქონიანი წერილი იყო. იგი 1803 წლის დეკემბერში „ლიონის გაზეთში“ დაიბეჭდა. ამ გაზეთის მკითხველები — ხალხი მდიდარი და კეთილგონიერი — კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ბატონ ფურიეს მიწიერი კაცისა არა ეცხო რა. სტატიაში ლაპარაკი იყო პლანეტებისა და მის მკვიდრთა ბედ-იღბლის რაღაც მათემატიკურ თეორიაზე. ავტორი ამტკიცებდა, კაცობრიობამ, ვიდრე ჰარმონიას მიაღწევდეს, რომლის დროსაც საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა დამყარდება და „მთელ დედამიწაზე ერთადერთი ერი, ერთადერთი ადმინისტრაცია იქნება“, განვითარების სამი ეტაპი: ველურობა, ბარბაროსობა და ცივილიზაცია უნდა გაიაროსო.
ბურჟუაზიულმა შეზღუდულობამ ზრდილ მოქალაქეებს ფურიეს ნაშრომში გარკვევის საშუალება არ მისცა. ამასთან მკითხველებს სტატიის ქედმაღლური და ყოყოჩა კილოც ეჩოთირათ, ვერ მიხვდნენ, რომ აქ ჩამოყალიბებული იყო ფურიეს მომავალი სოციალური ფილოსოფიის ძირითადი დებულებანი.
„მსოფლიო ჰარმონიით“ გამოწვეულმა ქირქილმა და გაუგებლობამ ფურიეს კიდევ უფრო განუმტკიცეს სწრაფვა მთელი მსოფლიოსათვის ემცნო თავისი აღმოჩენა. მაგრამ იგი გრძნობდა, რომ ეს შეხედულებანი უნდა მოეწესრიგებინა, სისტემად დაელაგებინა.
ამას კი სჭირდებოდა არა სტატიები, არამედ საფუძვლიანი წიგნები და ბროშურები, ისეთები, რომლებშიც აზრი ზუსტ ჩარჩოში არ იქნებოდა ჩაჭედილი. ფურიე მუშაობას შეუდგა. 1807 წელს გამოვიდა გესლიანი, მოვაჭრეთა გამმათრახებელი ბროშურა „ვაჭართა თაღლითობაზე“, 1808 წელს კი საფუძვლიანი „ოთხი მოძრაობის თეორია“.
ამ ნაწარმოებში ფურიე მკაცრად აკრიტიკებს ბურჟუაზიული საზოგადოების ბიწიერებათ, ააშკარვებს კაპიტალისტური ვაჭრობის, ქორწინების, „სიყვარულის თავისუფლების“ აღზრდის ბილწ თვისებებს. მართალია, საკმაოდ მოუქნელი ფორმით გადმოცემული მისი აზრები გატენილია რთული გაანგარიშებითა და მის მიერ აღმოჩენილი „ოთხი მოძრაობის“ კანონთა დამოწმებით, მაგრამ „სასაცილო ფანტაზიაში“ გამოსჭვივის გენიალური ვარაუდები. „ჩვენ ბევრად უფრო გვახარებს ფანტასტიკური საბურველიდან ყოველ ნაბიჯზე გამომზირალი გენიალური იდეების ჩანასახები და გენიალური აზრები, რომელთაც ეს ფილისტერები ვერ ამჩნევენ“, — წერდა ფ. ენგელსი უტოპისტ სოციალისტებზე თავდამსხმელთა პასუხად. ფურიეს ნაშრომი კაპიტალიზმისათვის ნასროლი პირველი ყუმბარა იყო, ოღონდ საზოგადოებაში, სადაც აღებ-მეწარმეობის და მოგების სულისკვეთება ბატონობდა, ეს წიგნი ვერ გასაღდა. პარიზშიც კი იგი წლობით იდო ხელუხლებლად მაღაზიის თაროებზე. მაგრამ ამან ფურიეს ენთუზიაზმს ვერაფერი ავნო. იგი კვლავ განაგრძობდა მუშაობას თავისი იდეების გასავითარებლად.
1816—1822 წლები ფურიემ პროვინციაში გაატარა ლიონის მახლობლად. მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. 1822 წელს ფურიემ გამოსცა „ტრაქტტი საოჯახო და სამიწათმოქმედო ასოციაციის შესახებ“. ეს ნაწარმოები ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული თხზულებათა კრებულებში შეტანილია სათაურით „მსოფლიო ერთიანობის თეორია“. „ტრაქტატში“ არის მისი ფილოსოფიური და სოციოლოგიური შეხედულებებისადმი მიძღვნილი თავები და ნაწილები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საზოგადოებრივ კრიტიკას. მაგრამ ყველაზე ვრცლად აღწერილია ჰარმონიული საზოგადოება.
„ოთხი მოძრაობის თეორიის“ საპირისპიროდ ფურიე აქ არ იზღუდებოდა ცალკეული ექსკურსებით და დაწვრილებით აღწერდა შრომითი კოლექტივების ცხოვრებას. იგი ცდილობდა დაწვრილებით შეემუშავებინა და დაესაბუთებინა ძირეული შრომითი უჯრედის აგებულება, რომელსაც ფალანგას უწოდებდა. ფალანგის წევრთა ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შენობას ავტორი ფალანსტერს უწოდებს. ფურიეს იმედი ჰქონდა, რომ ექსპერიმენტული ფალანგების შექმნა დაუყოვნებლივ შეიძლებოდა მთელი საზოგადოებრივი წყობილების შეუცვლელად.
ფურიეს სულის სიღრმემდე სწამდა, მოიძებნება რომელიმე დიდი ან მდიდარი ადამიანი, რომელიც ხორცს შეასხამს ჩემს სისტემასო. იგი რიგრიგობით მიმართავდა ევროპის ყველა თვალსაჩინო პიროვნებასა თუ მილიონერს, ბევრი გვირგვინოსან გვამს. იმდენად მიამიტი კაცი იყო გაზეთშიც კი აცხადებდა, 12-დან 13 საათამდე შინ ველი იმათ, ვინც ფალანგის შესაქმნელად სახსრების გაღებას აპირებსო. მაგრამ ლოდინმა, მრავალი წლის ლოდინმა ფუჭად ჩაუარა.
რაკიღა მილიონერები არ ჩანდნენ, ფურიე კვლავ იძულებული გახდა ლუკმაპური პარიზისა და ლიონის კანტორებში სამსახურით ეშოვა, თუმცა 1828 წელს მიმდევრებმა და მეგობრებმა ხელი გაუმართეს და ერთხანს შეძლო მოძულებული მონობისაგან თავის დახსნა. ამან საშუალება მისცა დაემთავრებინა წიგნი „ახალი სამეურნეო და სოციალური სამყარო“, რომელიც საკუთარი სახსრებით გამოსცა მისმა ერთ-ერთმა მოწაფე ქალმა, ეს ფურიეს საუკეთესო ნაწარმოები იყო. ლიტერატურული მოღვაწეობის მეოთხედი საუკუნის მანძილზე კაპიტალიზმმა ავტორს აუარება ახალი მასალა მისცა კრიტიკისათვის. ამავე დროს ფურიემ განავითარა თავისი შეხედულებანი საზოგადოების მომავალზე, გადმოსცა იგი უფრო პოპულარულად და მისტიკისაგან განწმენდილი სახით. ა. ბებელი ამ წიგნს ფურიეს შეხედულებათა კვინტესენციას უწოდებდა. – „ვისაც პირველი ხუთი ტომის შეუსწავლელად სურს საკმაოდ გაეცნოს ფურიეს იდეებს, რაც სჭირდება ყველაფერს ნახავს „ახალ სამყაროშიო“, — ამბობდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ბელადი.
თავის ნაწარმოებს „ახალი სამეურნეო და სოციალური სამყარო“ ქვესათაურად ავტორმა შეურჩია „გატაცების მიხედვით სესიებად დანაწილებული მიმზიდველი და ბუნებისმიერი შრომის წესის აღმოჩენა“. წიგნის დასაწყისში ავტორი აცხადებს, თუ რა შეუძლია მისცეს კაცობრიობას მისი აღმოჩენის შედეგებმა. ეს გახლავთ იმის საშუალება, რომ ანაზდად ერთი ოთხად გაზარდო – ნაღდი და ოცად პირობითი შემოსავალი, მფლობელებთან შეთანხმებით გაათავისუფლო ზანგები და მონები, საყოველთაოდ აამაღლო ველურები მიწათმოქმედებამდე, ხოლო „ბარბაროსები“ — კულტურულ ზნეობამდე, დაამყარო ერთიანი ურთიერთობა ენის, ფულის, ზომა-წონის, ბეჭდური ნიშნებისა და სხვა სფეროში.
ფურიე მეტად ფანტასტიკურ და საეჭვო სურათს ხატავს. ამიტომ, წერს იგი, „ავტორს უნდა განეჭვრიტა, რომ ბროლის კოშკების დაპირება უნდობლობას გამოიწვევდა. ამიტომაც საკუთარ თავს ეჭვქვეშ არ დააყენებდა, ზომაზე მეტად საჭირო მტკიცება რომ არ ჰქონოდა“. შემდეგ დაწვრილებით აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით ახალი, უფრო სამართლიანი საზოგადოებრივი წყობილება — ფალანგის წყობილება. მაცთუნებელი დაპირებების მიუხედავად ახალი წიგნი საზოგადოებამ ერთობ გულგრილად მიიღო. ფელეტონებიც კი არ დაწერილა ავტორის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, როგორც ერთ დროს ეს მოხდა „ოთხი მოძრაობის თეორიის“ საპასუხოდ. დუმილი, დუმილის შეთქმულება…
20-იანი წლების დამლევს ფურიე პარიზში გადასახლდა. მის ირგვლივ თანდათან შეიკრიბა მიმდევართა წრე. პირველი ყო პროვინციელი მოხელე მიუირონი, ყველაზე ცნობილი და თავგამოდებული კი — ვიქტორ კონსიდერანი, შემდეგ პარლამენტის დეპუტატიც რომ გახდა. 1832 წელს ფურიერისტებმა სცადეს შეექმნათ ექსპერიმენტული ფალანგა და დაიწყეს ხელმოწერით ფულის შეგროვება, მაგრამ მარცხი განიცადეს. მაშინ ფურიემ მოწაფეთა დახმარებით დააპირა გამოეცა ჟურნალი „სამრეწველო რეფორმა“, მაგრამ ამ ჟურნალმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება.
გატეხა ფურიე საქმის წარუმატებლობამ. ვერც მიმდევრებმა და მოწაფეებმა გაუგეს ბოლომდე, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა დაძაბულად შრომას, პედანტურად ასრულებდა წერის ყოველდღიურ ნორმას. ამ შრომის შედეგი იყო წიგნი „ცრუ ინდუსტრია“ და რამდენიმე წერილი, რომლებშიც განხილულია სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფართო წრე და მიუხედავად იმისა, რომ ფურიეს ჯანმრთელობა შეერყა, იგი მაინც წინანდებურად დიდი შემოქმედებითი ენერგიით შრომობდა.
ცხოვრებაში ფურიე კეთილი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, უცნაური კაცი იყო. ბერბიჭად დარჩენილი მარტოდმარტო ცხოვრობდა. ურთიერთობისას მუდამ უბრალო და თავაზიანი იყო. სასიამოვნო და გონებამახვილ მოსაუბრეს, შეეძლო კაცი გაეკვირვებინა და სიცილით დაეოსებინა, თვითონ კი სერიოზული ყოფილიყო. ყველგან და ყველაფერში ასოკირკიტასა და ზუსტს ყველაფრის ანგარიში და გაზომვა უყვარდა. გონებით მუდამ რაღაცას გამოდევნებული, ძალზე დაბნეული იყო.
თვითონ იშვიათად თუ ნახავდით გაცინებულს. სახე ჩვეულებრივ ჩაფიქრებული ჰქონდა, მოაზროვნისა და მეოცნების სახე.
ფურიეს ღრმად სწამდა თავისი განსაკუთრებული მოწოდება. ოცდაათიანი წლების დამდეგს დაწერილ პოემაში იგი წინასწარმეტყველებდა: შთამომავლობა პანთეონში გადაასვენებს ჩემს ნეშტსო.
შენ, საუკუნევ ვულკანის მსგავსო
ხარ, საზიზღარი, შენ პროგრესს არ სცნობ,
გინდა დაფლითო ფრთები ოცნების —
ზეშთაგონება გენიოსების!..
ბედმა ამქვეყნად ვისაც არგუნა, —
შენს დასამხობად და დასათრგუნად —
ედიდებინა სიცოცხლე კაცის,
შენ მას შხამი და სამსალა ასვი.
დრო მოვა მალე — დღე შეცვლის ღამეს,
შვილები შენნი განსჯიან მამებს,
დააფასებენ პატივით დიდით
იმ ადამიანს, აზრით და გონით
უფრო დიადი ვინც არის, ვიდრე
თვით ცეზარი და ნაპოლეონი!..
1837 წლის 10 ოქტომბერს დილით მეკარემ მიაკითხა ფურიეს უბრალო ბინას და ფურიე მკვდარი დახვდა. მონმარტრის სასაფლაოზე რამდენიმე მეგობარმა და მოწაფემ მიაცილა. ფურიეს საფლავზე ძეგლი არ დაუდგამთ. უბრალო ფილაზე ამოტვიფრული იყო სიტყვები.
აქ განისვენებს ნეშტი ეული შარლ ფურიესი
სერია ანაწილებს ჰარმონიას
მიზიდულობა ბედის პროპორციულია.
ფურიემ მთელი ცხოვრება სოციალური წინააღმდეგობებით აღსავსე კაპიტალისტური წყობილების მხილებას მიუძღვნა. თუ რამ დააწყებინა სოციალური რეფორმატორობა, იგი წერდა: „მე ქეზი გამომაბა გონების ცდომილებათა უამრავმა მაჩვენებელმა, მეტადრე იმ ცოდო-ბრალის ცქერამ, რასაც საზოგადოებრივი მეურნეობა განიცდიდა: სიღატაკისამ, უმუშევრობისამ, გაიძვერათა და სავაჭრო მონოპოლიათა წარმატებებისამ და, ბოლოს, ათასი სხვა შავსვიანობისამ“.
ფურიეს მთელი ცხოვრება და შემოქმედება გამსჭვალული იყო ჰუმანისტური პათოსით, იმ მისწრაფებით, რომ ეპოვა და დაემკვიდრებინა წყობილება, რომლის მიზანი იქნებოდა მიეცა „უქონელთა კლასისათვის სამუშაოს გარანტია, არსებობის და კეთილდღეობის სახსარი“. ფურიე გაბედულად ილაშქრებს ბურჟუაზიული საზოგადოების წინააღმდეგ და პირში ახლის მას გამამტყუნებელ განაჩენს. „ამ ცივილიზაციაში, — ამბობდა ის „ახალ სამყაროში“, — ბოროტება რომ ათ ნაბიჯს გადადგამს, სიკეთე მარტო ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ“.
მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები ძალზე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ფურიეს შემოქმედებას. „ფურიემ თავისი ძლიერი გონების ენერგია კაცობრიობის სოციალური წყობის შესწავლას შეალია”, აღნიშნავდა ენგელსი.
ენგელსი აღიარებდა, ფურიეს ნაწარმოებები ერთგვარად ჩამოუვარდება სენ-სიმონისა და ზოგიერთი სენ-სიმონისტის ნაშრომებს, მაგრამ მას მაინც აქვს რაღაცა ისეთი, რასაც სენ-სიმონისტებს ვერ უპოვი, სახელდობრ, მეცნიერული ძიება, ფხიზელი, ცრურწმენისაგან თავისუფალი, სისტემატური აზროვნება, მოკლედ — სოციალური ფილოსოფია. განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევდა ენგელსი ფურიეს გამონათქვამს დაბალი მდგომარეობიდან მაღალ საზოგადოებაზე დიალექტიკურად კანონზომიერი გადასვლის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნავდა, ფურიე ჰეგელის მსგავსად ოსტატურად ფლობს დიალექტიკასო.
„მაგრამ ფურიე ყველაზე უფრო დიდებულად გვეჩვენება, – წერდა ენგელსი, — როცა საზოგადოების ისტორიის კონცეფციას გვაძლევს, იგი მთელ მის ადრინდელ მსვლელობას განვითარების ოთხ საფეხურად ყოფს: ველურობა, ბარბაროსობა, პატრიარქატი და ცივილიზაცია. უკანასკნელი იგივეა, რასაც ამჟამად ბურჟუაზიულ საზოგადოებას ვუწოდებთ“.
ფურიეს აზრით კაცობრიობამ ცივილიზაციის პერიოდში ნარ-ეკლიანი გზით მიაღწია განვითარების ისეთ დონეს, როცა შეიძლება ჰარმონიის განხორციელება. არადა, პირიქით კი ხდება, ადამიანთა არსებობის პირობები არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება კიდეც. იგი ნათლად ახასიათებს ე.წ. ცივილიზებული საზოგადოების მდგომარეობას, მის არაორგანიზებულობას, სიღატაკეს და მშრომელთა ხარჯზე მცხოვრებ უამრავ პარაზიტებს. ფურიე, — აღნიშნავს ენგელსი — „ხატავს გადაულახავ და მარად განახლების პროცესში მყოფ წინააღმდეგობათა მანკიერ წრეს, რომელშიც ცივილიზაცია მოძრაობს და მუდამ იმის საწინააღმდეგო შედეგებს აღწევს, რისკენაც გულწრფელად თუ მოჩვენებით მიილტვის“.
ამასთან მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებლები თავიანთ შრომებში აღნიშნავენ ფურიეს შრომების ღირსებებსაც, ნაკლსაც და ცალკეული დებულებათა გულუბრყვილობასაც. მარქსმა გვიჩვენა, რომ ფურიე ფრანგი მატერიალისტების მოძღვრებას ეყრდნობოდა. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ორ იდეას, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მსოფლმხედველობას. ერთია მსოფლიო ერთიანობის იდეა. იგი ამტკიცებდა, რომ მატერიალური და სულიერი სამყაროს მოძრაობაში არსებობს ერთიანობა. მეორეა საყოველთაო კანონზომიერების იდეა. ფურიე ხაზგასმით აღნიშნავდა სამყაროს და მისი ნაწილების, ბუნებისა და ადამიანთა საზოგადოების ერთიანობას. ბუნებაც და ადამიანთა საზოგადოებაც ექვემდებარება ერთსა და იმავე საყოველთაო კანონს, რომელიც გონიერმა კაცობრიობამ უნდა აღმოაჩინოს. ბუნებასაც და საზოგადოებასაც საფუძვლად მოძრაობა უდევს. დიდმა ნიუტონმა XVII საუკუნეში აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, საბურველი ახადა იმ კანონზომიერებათ, რომლებიც საფუძვლად უდევს მატერიალურ მოძრაობას. ფურიემ კი, როგორც თვითონ ეგონა, ადამიანთა საზოგადოების მოძრაობის კანონები აღმოაჩინა, ის კანონები, რომლებიც სოციალურ სამყაროს მართავენ.
ბუნებისა და ადამიანის ერთიანობისა და საყოველთაო კანონზომიერების იდეიდან გამომდინარე ფურიე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანისათვის დამახასიათებელი ვნებანი მატერიის მიზიდულობის საერთო კანონის გამოხატულებაა, კანონისა, რომელიც გაბატონებულია მსოფლიოში. მაშასადამე, ადამიანისათვის დამახასიათებელი ვნებათა მიზიდულობა მართავს სოციალურ სამყაროს. ამ ვნებათა სააშკარაოზე გამოტანა, აღწერა და განმასხვავებელ ნიშან-თვისებათა მიხედვით ეს დაყოფა, როგორც ფურიე ამბობს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნის და ისეთი ახალი საზოგადოებრივი წყობილების აგების ერთადერთი გზაა, სადაც არ იქნება თანამედროვეობის დამახასიათებელი უბედურებანი. ამასთან, ყველა ეს ვნება ადამიანს ღმერთმა შემთხვევით კი არა, გარკვეული გეგმით ჩაუსახა. სწორედ ამის გათვალისწინებაა საჭირო, როცა საზოგადოებრივი წყობილების ძირეულად გარდაქმნას ვცდილობთ.
მიუხედავად ასეთი ბუნდოვანი და გულუბრყვილო მსჯელობისა, ფურიემ შეძლო შეენიშნა კაპიტალიზმის ზოგიერთი ძირითადი კანონზომიერება და გამოეაშკარავებინა მისი განვითარების ტენდენციები. მაგალითად, მასთან შევხვდებით ღრმააზროვან შენიშვნებს, რომ კონცენტრაციის პროცესი გარდაუვალად იწვევს მონოპოლიას და იმ უფსკრულის გაღრმავებას, რომელიც მდიდრებს ღარიბთაგან ყოფს; რომ კრიზისები დაკავშირებულია სისტემის საერთო არაორგანიზებულობასთან, რომ სოციალური ანტაგონიზმები იზრდება. იგი ნათლად ხედავდა, რომ კაპიტალიზმის პირობებში „სოციალური პროგრესი“ მხოლოდ მოჩვენებითია, რომ მშრომელთა ცხოვრების დონე შეუჩერებლად ეცემა.
ფურიე სწორად ამბობდა, რომ ბურჟუაზიულ წყობილებას თან სდევს უწესრიგობა, ანარქია, ომები, დანაშაულობათა ზრდა. იგი მით უფრო საზიზღარი ხდება, რაც უფრო ვითარდება და თავის აღსასრულს უახლოვდება. თავისი დროის ცივილიზაციის ხრწნის ნიშნებად და მანკიერებად ფურიეს მიაჩნია უპირველეს ყოვლისა ის აღმაშფოთებელი უწესრიგობა, ის ანარქია, რომელიც „ცივილიზაციის“ წყობილებაშია გამეფებული. ძლიერი და ზუსტი შტრიხებით ხატავს ის რევოლუციისშემდგომი საფრანგეთის ვაჭრობისათვის დამახასიათებელ სპეკულანტურ ხრიკებს და წვრილვაჭრულ სულისკვეთებას. კიდევ უფრო მოსწრებულია მის მიერ სატირულად დახატული სქესთა დამოკიდებულება და ქალის მდგომარეობა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. მან პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ამა თუ იმ საზოგადოების მიერ მიღწეული თავისუფლების დონე უნდა განიზომებოდეს იმით, თუ რამდენად თავისუფალია ქალი ამ საზოგადოებაში.
კაპიტალისტურ წყობილებას ფურიე უწოდებს „პირშეცვლილ სამყაროს“. კაპიტალისტურ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას შორის არსებული ანტაგონიზმს საბურველს რომ ხდიდა, იგი ააშკარავებდა „ცივილიზაციის წყობილების საწარმოო ორგანიზაციის მანკიერ წრეს“, ამხილებდა მემამულური მსხვილი მიწათმოქმედების ექსპლოატატორულ ხასიათს და წვრილი გლეხური მეურნეობის უაზრობას.
კაპიტალიზმის ძირითად მანკად, ყველა ბოროტების მიზეზად ფურიეს წარმოების ანარქია მიაჩნდა: „ყველა სოციალური ბოროტების მთავარი მიზეზი წარმოების დაქსაქსულობა ანუ შეუთანხმებელი შრომააო…“ მეწარმეთა შორის არსებული კონკურენცია ძალზე მწვავე ფორმებს იღებს, რადგან „ყოველი მწარმოებელი თავისი კონკურენტის გასრესას ცდილობს“.
თავის შრომებში კაპიტალიზმის მთელ უბედურებად ფურიე მარტოოდენ წარმოების ანარქიას როდი ასახელებდა. იგი ჩამოთვლიდა კაპიტალიზმის 12 უბედურებას, მათ შორის: სიღატაკეს, ჩაგვრას, თაღლითობას, ურთიერთ ხოცვა-ჟლეტას, საჭმელი პროდუქტების ფალსიფიკაციას, საერთო ეგოიზმს. ამასთან, იგი განსაკუთრებით გამოარჩევდა ბურჟუაზიული საზოგადოების ისეთ თვისებას, როგორიც სიცრუეა. კაპიტალისტურ ცივილიზაციას, ფურიეს აზრით, ზუსტად უდგება ანდაზა: „დიდი ქურდები თავისუფლად დასეირნობენ, ქურდბაცაცებს კი საღრჩობელაზე ჰკიდებენო“.
ფურიემ დამაჯერებლად გვიჩვენა, რომ კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად უფსკრული მდიდარსა და ღარიბს შორის ფართოვდება. ამის შედეგია სწორედ ის გასაოცარი ფაქტი, რომ აყვავებული მრეწველობის ქვეყნებში უფრო მეტი მათხოვარია, ვიდრე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამრიგად, ფურიემ გენიალურად განჭვრიტა მარქსის მიერ აღმოჩენილი კაპიტალისტური დაგროვების საყოველთაო კანონი.
უტოპისტ ფურიეს გენიალური ისტორიული დამსახურება იმის დამტკიცებაა, რომ კაპიტალიზმი კერძო საკუთრების ბატონობისა და უმუშევართა უზარმაზარი არმიის არსებობის გამო მშრომელებს შრომის უფლებას ართმევს. ფურიე ნათლად აღწერს უმუშევართა საშინელ, ამაზრზენ სიღატაკეს. დიდი უტოპისტი სოციალისტი ისე ამაღლდა, რომ სოციალური სინამდვილე დიალექტიკურად გაიგო და კაპიტალიზმს ბრალი დასდო: „ცივილიზაციის წყობილების დროს სიღატაკეს თვითონ სიუხვე შობსო“. ფურიე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაპიტალიზმი, როგორც ისეთი მანკიერი სოციალური ორგანიზაციის მქონე წყობილება, რომლის ნახევარზომებით გაუმჯობესება შეუძლებელია, სულ უნდა მოისპოს.
ფურიე ხედავდა, რომ საზოგადოება კლასებად იყო დაყოფილი, აღნიშნავდა „შინაომს“, რომელიც მუდამ არის კლასებს შორის, ამტკიცებდა, „ამ წყობილებაში ღარიბთა კლასი სრულიად მოკლებულია პოლიტიკურ და სოციალურ თავისუფლებასო“. მაგრამ იგი ვერ ხვდებოდა, სწორედ კლასთა ბრძოლა რომ იყო ისტორიის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სენ-სიმონის მსგავსად ფურიე აერთიანებდა მეწარმეებს და დაქირავებულ მუშებს, რადგან ისინი მშრომელ კლასად მიაჩნდა, სწორედ აქედან მომდინარეობდა მისი გულუბრყვილო იდეალისტური რწმენა, თითქოსდა შესაძლებელი იყოს საზოგადოების მშვიდობიანად გარდაქმნა გონიერების წყალობით, კერძოდ, ძლიერთა ამა სოფლისათა მიერ მისი მოძღვრების მიღების გზით.
ამრიგად, ფურიე მართებულად უარყოფდა ტლანქ, გამთანაბრებელ „სიღატაკის სოციალიზმს“ და ცდებოდა, როცა ეგონა, შესაძლებელია სოციალური კლასებისა და უშრომელი შემოსავლის შენარჩუნება მომავალ საზოგადოებაშიო. შრომა, კაპიტალი და ნიჭი მისი ტერმინოლოგიით საზოგადოების პროგრესის განმსაზღვრელი „საწარმოო მონაცემებია“.
ფურიემ ვერ შეძლო სამზეოზე გამოეტანა შრომასა და კაპიტალს შორის წარმოების სფეროში არსებული ღრმა ანტაგონიზმი, მეტწილად მის ყურადღებას იპყრობდა არა სამრეწველო, არამედ სავაჭრო და სავახშო კაპიტალი. მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ შესანიშნავი მოაზროვნის ბევრი შეცდომა კაპიტალისტური ურთიერთობის განუვითარებლობით და იმით იყო გამოწვეული, რომ ფურიეს არ ძალუძდა ერთიანად მოევლო თვალი უფსკრულისათვის, რომელიც პროლეტარს კაპიტალისტისაგან ყოფდა. ფურიეს, – ისევე როგორც სხვა უტოპისტი სოციალისტების, ტრაგედია ის კი არ იყო, რომ იგი კაპიტალისტური საზოგადოების განვითარების კანონზომიერებებში ვერ გაერკვა, არამედ ის, რომ იმ დროს ვერც გაერკვეოდა მათში.
ფურიე წიხლქვეშ იგდებს კაპიტალიზმის განა მარტო ეკონომიკურ წყლულებს. იგი შოლტავს მის პოლიტიკასაც, მორალსაც, კულტურასაც და აღზრდის სისტემასაც. მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ბურჟუაზიული ქორწინების ინსტიტუტი, რომელიც სავაჭრო შეთანხმებად იქცა. მარქსმა და ენგელსმა მაღალი შეფასება მისცეს ამ თამამ, შეურიგებელ კრიტიკას „წმინდა ოჯახში“.
ფურიე მატერიალისტი არ იყო, მაგრამ მაინც კარგად გვიჩვენა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება, მეცნიერება, ფილოსოფია, რელიგია და მორალი მხოლოდ გაბატონებული კლასის, მდიდრების ინტერესებს ემსახურება. ფურიე დიდი ირონიით ლაპარაკობს ბურჟუაზიულ კონსტიტუციებზე და ხაზგასმით აღნიშნავს, ღატაკ კაცს იგი მხოლოდ მოჩვენებით, ეფემერულ უფლებებს აღუთქვამს, მაშინ როცა ყველაზე მთავარს, ლუკმა პურს ართმევსო.
დიდი უტოპისტი სოციალისტი ოსტატურად აკრიტიკებს ბურჟუაზიის მიერ საქვეყნოდ გამოცხადებულ ლოზუნგს: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, რომელიც მაშინდელ საფრანგეთში ერთობ პოპულარული იყო. „რაც შეეხება პოლიტიკურ თუ სოციალურ თავისუფლებებს, — წერს იგი, — მათ ერთიანად მოკლებულია საზოგადოების ღარიბი კლასი, რომელიც იძულებულია დაქირავებული შრომის უღელი დაიდგას ქედზე, ეს უღელი კი სხეულზე ნაკლებად როდი იმონებს სულს“. ასეთ ვითარებაში არაკანონზომიერი იქნებოდა გვეთქვა, ბურჟუაზიულ საზოგადოებაში სოციალური თავისუფლება არსებობსო.
აი, დასკვნა, რომელიც მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან ფურიეს და მის წინამორბედებს, XVIII საუკუნის ფილოსოფოსებს, რომლებიც ბურჟუაზიული ცივილიზაციაზე ამბობდნენ, მის „სრულყოფილების სრულყოფის“ უნარი აქვსო. ფერიე ამ აზრს უარყოფს და კაპიტალიზმს შინაგან წინააღმდეგობათა სისტემით დამძიმებულ საზოგადოებრივ წყობად გვიხატავს. „ფურიეს მაგალითზე… ჩანს, თუ როგორ შეიძლება, არსებული საზოგადოება სრულიად უვარგისად მიიჩნიო და მარტოოდენ ბურჟუაზიის გაკრიტიკებით — სახელდობრ მის შინაგან ურთიერთდამოკიდებულებათა გაკრიტიკებით ისე, რომ არც კი შეეხო პროლეტარიატთან დამოკიდებულებას — ის დასკვნა გამოიყვანო, რომ ამ საზოგადოებას ახლებურად მოწყობა სჭირდება, ფურიეს ეს კრიტიკა დღემდე ერთადერთად რჩება“ — წერდა ფ. ენგელსი.
სოციალური ანალიზისა და კრიტიკის შედეგი იყო, რომ ფურიემ კაპიტალიზმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. „არც სიკეთე, არც სილამაზე არ უთავსდება ცივილიზაციის წყობილებას”, — ამბობს იგი. იმ გაჭირვების გამო, რაც ბურჟუაზიულმა ცივილიზაციამ მშრომელთა მასებს მოუტანა, ფურიემ მას „კვლავ აღმდგარი მონობა“ და „კაცობრიობის თავსლაფის დასხმა“ უწოდა.
მარქსიზმის კლასიკოსები აღნიშნავდნენ, რომ უტოპისტებიდან ფურიემ მოგვცა ბურჟუაზიული ცივილიზაციის ყველა მხარის ძალზე მძაფრი და ორიგინალური კრიტიკა.
ამასთან, თვით ფურიესეული კრიტიკა მთლად ულმობელი და უკომპრომისო იყო. „ჩემი მიზანი ცივილიზაციის წყობილების გაუმჯობესება კი არა, მოსპობაა. მე ვამტკიცებ, რომ ცივილიზაციის წესწყობილება ნაწილობრივაც და მთლიანადაც შეუსაბამობაა“. სწორედ ამ უკომპრომისობამ ათქმევინა მარქსსა და ენგელსს, ფურიე სენს-სიმონისა და ოუენისამებრ ერთ-ერთი იმ სოციალისტ მოაზროვნეთაგანია, რომლებიც „ბევრი მხრივ რევოლუციონერები იყვნენო“.
ფურიე მთელი ცხოვრების მანძილზე უტოპისტად დარჩა. იგი გამგებლებს მიმართავდა და ეგონა, მოიძებნებიან ფილანტროპები, რომლებიც შეძლებენ საფუძველი ჩაუყარონ ასოციაციას, ხოლო შემდეგ ეს ასოციაცია სტიქიურად მოედება მთელ მსოფლიოსო. ფურიემ ულმობლად გააკრიტიკა კაპიტალიზმი, დახატა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებანი და წინააღმდეგობანი, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მთლად სწორად ამოეხსნა და მეცნიერულად დაესაბუთებინა კაპიტალიზმისდროინდელი ყველა მოვლენის კანონზომიერებანი, განემარტა ექსპლოატაციის მიზეზები, ეჩვენებინა მისი აღმოფხვრის გზები.
„როდესაც ბატონყმობა დაემხო და დღის სინათლეზე „თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი“ კაპიტალისტური საზოგადოება გამოვიდა, — წერდა ვ. ი. ლენინი, — მაშინვე გამოაშკარავდა, რომ ეს თავისუფლება მშრომელთა ჩაგვრისა და ექსპლოატაციის ახალ სისტემას ნიშნავდა. დაუყოვნებლივ იწყო წარმოშობა სხვადასხვა სოციალისტურმა მოძღვრებამ, როგორც ამ ჩაგვრის ანარეკლმა და პროტესტმა მის წინააღმდეგ. მაგრამ პირვანდელი სოციალიზმი უ ტ ო პ ი უ რ ი სოციალიზმი იყო. იგი აკრიტიკებდა კაპიტალისტურ საზოგადოებას, გმობდა, წყევლიდა მას, ოცნებობდა მის მოსპობაზე, ფანტაზიორობდა უკეთეს წყობილებაზე, არწმუნებდა მდიდრებს ექსპლოატაციის უზნეობაში. მაგრამ უტოპიურ სოციალიზმს არ შეეძლო ნამდვილი გამოსავალი ეჩვენებინა. მას არ შეეძლო არც ის, რომ განემარტა დედაარსი დაქირავებული მონობისა კაპიტალიზმის დროს, არც მისი განვითარების კანონების აღმოჩენა, არც იმ ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ რ ი ვ ი ძ ა ლ ი ს გამონახვა, რომელსაც უნარი შესწევს ახალი საზოგადოების შემოქმედი გახდეს“.
ასე ხატოვნად დაახასიათა ლენინმა უტოპიური სოციალიზმის ძირითადი ნიშნები, უტოპიური სოციალიზმისა, რომლის წარმომადგენელიც ფურიე იყო.
კაპიტალიზმის კრიტიკასთან ერთად – ფურიე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე დაძაბულად მუშაობს სოციალური გარდაქმნების მისეულ გეგმაზე. მისი ახალი სოციალისტური წყობილების საფუძველია ასოციაცია — საწარმოო კოლექტივი. ასოციაციის ყველა წევრი უპირატესად სოფლის მეურნეობას უნდა მისდევდეს. ერთმანეთთან მათ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული, ამხანაგური დამოკიდებულება აკავშირებთ. ფურიე ასეთ საწარმოო კოლექტივს, რომელშიც 1500—1600 კაცია, ფალანგას უწოდებს.
ფალანგა მწარმოებელთა ასოციაცია ანუ კერძო და საერთო ინტერესების შესაბამისობის პრინციპზე აგებული. განსაკუთრებული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ვნებათა ჰარმონიული მიზიდულობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს შეუძლიათ რაციონალურად გამოიყენონ თავიანთი უნარი და გატაცება საკუთარი თავისა და საზოგადოების სასიკეთოდ. ამ კოლექტივის წევრები დაყოფილი უნდა იყვნენ სხვადასხვანაირი სამუშაოს შემსრულებელ სერიებად და ჯგუფებად. ასოციაციის წევრი მოვალე არ არის შრომობდეს რომელიმე სერიასა ან ჯგუფში. ამა თუ იმ ჯგუფში შესვლა თავისუფალია. ამიტომ, მათში მონაწილეობა ვნებათა დაკმაყოფილებას იწვევს, თითოეული მათგანი ამხანაგად იმას ირჩევს, ვინც მოსწონს.
შრომის ნაყოფიერება „ვნებათა ნორმალური მოქმედების“ შედეგად ფალანგაში იმ ზომამდე იზრდება, რომ მის ყველაზე ღარიბ წევრს გაცილებით უკეთ შეუძლია საკუთარი მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ვიდრე ამა თუ იმ კაპიტალისტს ცივილიზაციის დროს. ასეთი „ჰარმონიული“ წყობილება სასურველი და მიმზიდველ შრომაზეა დაფუძნებული. ხელისუფლების ორგანიზაცია სრულიად ზედმეტია. საქმის წარსამართავად ფალანგაში არეოპაგი იქმნებოდა. არეოპაგი არავითარ მითითებებს და წესებს არ სცემდა, არც ბრძანებებს იძლეოდა. იგი თავისი წევრების გამოცდილებისა და მეცნიერების მონაცემების საფუძველზე იძლეოდა რჩევა-დარიგებას. ჰარმონიის სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს სანიმუშო ფალანგების ორგანიზაციის მშვიდობიანი პროპაგანდის მეშვეობით. ეს ფალანგები თავიანთი მაგალითით აიყოლიებენ მთელ კაცობრიობას.
ფალანგა, მიწა, ინვენტარი, სამშენებლო მასალა — ეს ყველაფერი უნდა შექმნან და შეიძინონ აქციების გაყიდვით ნაშოვნი ფულით. ფალანგის შემოსავალი ნაწილდება არა მარტო შრომის, არამედ შეტანილი კაპიტალის შესატყვისად. შემოსავალი თორმეტ ნაწილად იყოფა. ხუთი მეთორმეტედი შრომის წილ მოდის, სამი — ტალანტის წილ, ოთხი — კაპიტალის წილ. ფურიეს ეგონა, დროთა განმავლობაში – მდიდრებიც ჩაებმებიან საზოგადოებრივ შრომაში და ისეთივე მწარმოებლები გახდებიან, როგორც ყოფილი ღატაკები. ღატაკები კი შეძლებენ აქციების ყიდვას და მიიღებენ შემოსავალს არა მარტო გაწეული შრომით, არამედ კაპიტალიდანაც. ასე გულუბრყვილოდ აპირებდა ფურიე კლასების შერიგებას. ასოციაცია – თანდათან საზოგადოების ყოველგვარ მანკიერებას მოსპობს და სრულ ჰარმონიას დაამყარებს. ფალანგებში მეურნეობა საერთო იქნება და ყველაფერი თავზესაყრელად ექნებათ. ასოციაციის ყველაზე „ღარიბი“ წევრიც კი ყოველგვარი სიკეთით ისარგებლებს, მდიდრული კარეტით ისეირნებს და დღეში 5-ჯერ 40-კერძიან საჭმელს მიირთმევს.
ყოველ ფალანგას უნდა ექნეს დიდებული სასახლე, რომლის ბინებშიც ფალანგის წევრები თავიანთი ოჯახებით იცხოვრებენ. სასახლეში უნდა იყოს შესანიშნავი დარბაზები ლექციების, კონცერტების, მეჯლისების გასამართავად, ბიბლიოთეკა, ობსერვატორია, შუშაბანდებიანი ზამთრის ბაღები. ყველაფერი მარჯვედ და ნატიფად იქნება მოწყობილი. ფალანგაში ექნებათ უდიდესი დანაზოგი კაპიტალისტურ ანარქიასთან შედარებით, სადაც უმოწყალოდ იფლანგება სახსრები და ძალ-ღონე. ენგელსი ხაზგასმით აღნიშნავდა, ფურიეს ერთ-ერთი დამსახურება ის არის, რომ მან გვიჩვენა, რა უპირატესობა აქვს ასოციაციას ადამიანთა საქმიანობის მოწყობაშიო.
თავის თხზულებებში ფურიე დიდ ყურადღებას უთმობდა შრომის ორგანიზაციას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ადამიანთა ისეთ თვისებებს, როგორიც არის შეჯიბრების, მრავალფეროვნების, შემოქმედების წყურვილი. როცა ენგელსი მეცნიერული კომუნიზმის პრინციპების შემუშავებისას პირველ ნაბიჯებს დგამდა, წერდა, ფურიეს იდეები შრომის თაობაზე დიდი შენაძენია მომავალი საზოგადოების თეორიისთვისო.
მომავალი კომუნისტური საზოგადოების ბევრი ნიშნის გენიალური მონახაზებს გაბნეულთ ფურიეს ნაშრომებში, მარქსიზმის კლასიკოსებმა დიდი შეფასება მისცეს. როცა უტოპისტ-სოციალისტების შეცდომებს ეხებოდა, მარქსი წერდა: „მაგრამ თუ სოციალიზმის ეს პატრიარქები – ჩვენ არ უნდა უარვყოთ, როგორც ქიმიკოსები ვერ უარყოფენ ალქიმიკოსებს — თავიანთ მამამთავრებს, ის მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მათი შეცდომები არ გავიმეოროთ, რადგან ეს არ მოგვეტევება“. ფურიეს და ბევრი სხვა უტოპისტი სოციალისტის მრავალი შეცდომა იმის ბრალი კი არ იყო, თითქოს მათ შორსმჭვრეტელობა აკლდათ, არამედ ეპოქის ისტორიული პირობების შედეგი გახლდათ.
თითქმის საუკუნე-ნახევრის წინათ არის გამოთქმული „სოციალური ფილოსოფიის აქსიომა“ (ენგელსი) მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ თითოეულის „თავისუფალ შრომაზე“, მაგრამ რაოდენ თანამედროვედ ჟღერენ ეს სიტყვები! კაპიტალისტურ სამყაროში ასეულ მილიონობით ადამიანი მუდამ უმუშევარი რჩება. ათასჯერ მართალი იყო ფურიე, როცა ამბობდა, რომ თუ შრომის უფლება არ იქნა, ისე კაპიტალისტური ცივილიზაციის ყველა სხვა ნაბოძები „უსარგებლოა“ ანუ „ნულს უდრის“, რომ მხოლოდ ახალ, სოციალისტურ საზოგადოებას ძალუძს უზრუნველყოს მშრომელებისათვის ყველა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლების განხორციელება.
ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემიდან: დ. ვალოვოი, გ.ლაპშინა, წარწერები ობელისკზე, ნაკადული, თბილისი, 1985 წ.