ბერტოლტ ბრეხტი გერმანელ მწერალთა შორის პოლემიკური სატირის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ორიგინალური ოსტატია თავისი მარჯვე სარკაზმისა და გონებამახვილობის შეუდარებელი ძალით. ბრეხტი დაიბადა 1898 წელს აუგსბურგში. მან ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა თეატრალური ხელოვნებისადმი მისწრაფება. იგი უბრალო სცენისმოყვარეობიდან მივიდა პროფესიულ თეატრთან და 1918 — 1922 წლებში იყო გერმანიის მთელი რიგი თეატრების რეჟისორი და ლიტერატურული ნაწილის გამგე. სცენა აღმოჩნდა ის გზა, რომელმაც ახალგაზრდა ბრეხტი ლიტერატურასთან მიიყვანა. 1923 წელს დაიდგა მისი პირველი პიესა — „ღამის დაფდაფები“. მას მოჰყვა სხვებიც: „ქალაქთა ტევრში“, „ადამიანი ადამიანია“ და „გლახაკთა ოპერა“. ბრეხტის პიესების პრემიერებს დიდი სკანდალები და ობსტრუქციები მოსდევდა ხოლმე „პატივცემული“ ხალხის მხრიდან, რომელიც ახალგაზრდა დრამატურგს „საფუძვლების შემრყევ“ და საშიშ ადამიანად თვლიდა. და მართლაც, ბრეხტის პიესები გაჟღენთილი იყო ბურჟუაზიული საზოგადოების მხილებისა და სოციალური პროტესტის სულით. ბრეხტი მასში ჰგმობდა „ნაღდი ურთიერთობის“ კულტს, რომლის დროსაც „ფულის უქონლობა ამ ქვეყანაზე უდიდესი უბედურებაა“, და ბურჟუაზიული მორალისა და იუსტიციის ფარისევლურ ბუნებას. მაგრამ ბრეხტის 20-იანი წლების პიესებსა და ბალადებში ჯერ კიდევ არ ჩანდა მწერლის ნათელი – პოლიტიკური მსოფლმხედველობა. იგი ბურჟუაზიულ „წესრიგს“ უპირისპირებდა დეკლასიურ ელემენტებს — ბანდიტებს, მაწანწალებსა და სხვა მისთანებს. მხოლოდ მუშათა კლასის პოლიტიკურ ბრძოლასთან დაახლოებით ბრეხტი თავის შემოქმედებაში თანდათანობით სძლევს წვრილბურჟუაზიულ ინდივიდუალიზმს, იგი უახლოვდება კომუნისტურ პარტიას და კომპოზიტორ ჰანს აისლერსა და მომღერალ ერნსტ ბუშთან ერთად ებმება პარტიის პროპაგანდისტულ მუშაობაში. ოციანი წლების ბოლოდან ბრეხტის შემოქმედებაში პროლეტარიატის ბრძოლის თემა უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. 1929 წელს იგი წერს პიესას „ღონისძიება“, რომელშიც აყენებს პარტიული დისციპლინისა და რევოლუციური ტაქტიკის პრობლემებს. 1932 წელს ბრეხტმა პიესად გადააკეთა მაქსიმ გორკის „დედა“. ამ ნაწარმოებებით ბრეხტი უკვე მიმართავს არა ბურჟუაზიულ საზოგადოებას, არამედ პროლეტარულ მაყურებელს და მიისწრაფის მასზე პოლიტიკურ აღმზრდელობითი გავლენა მოახდინოს რევოლუციური ხელოვნების საშუალებით.
ჰიტლერის ძალაუფლების დამყარების შემდეგ ბრეხტი იძულებული შეიქნა სამშობლო დაეტოვებინა. მისი სახელი პირველ ადგილზე იყო ჩაწერილი პირველსავე სიაში იმ გერმანელი მწერლებისა, რომელთაც ერთმეოდათ გერმანიის მოქალაქეობა და რომელნიც ფაშისტებს უნდა დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინათ. ბრეხტის წიგნები კი საჩქაროდ დაწვეს. ემიგრაციაში ყოფნის დროს ბრეხტმა დაწერა პოლიტიკური და მხატვრული თვალსაზრისით უფრო მომწიფებული ნაწარმოებები: მებრძოლი, ანტიფაშისტური სიმღერები, ბალადები და ლექსები, მომაკვდინებელი სატირული ირონიით აღსავსე — „გლახაკთა რომანი“, ისტორიული დრამები: „გალილეის ცხოვრება“ და „დედა კურაჟი და მისი ბავშვები“, სატირული პამფლეტები ფაშისტურ გერმანიაზე: „შიში და მესამე იმპერიის არარაობა“, „მკერავი“ და „კავკასიური ცარცის წრე”. 30 — 40-იანი წლების მღელვარე ისტორიულმა ამბებმა ბრეხტი აიძულა ეხეტიალა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მაგრამ ანტიფაშისტი ემიგრანტის ბედს სადაც არ უნდა გადაესროლა, იგი ყველგან იბრძოდა იმპერიალისტური რეაქციის წინააღმდეგ. 1948 წელს ბრეხტი სამშობლოში დაბრუნდა. 1950 წელს ბრეხტი აირჩიეს გერმანიის ხელოვნებათა აკადემიის წევრად.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
როცა, მწერალს კითხეს, რატომ ლაპარაკობდა თავის ნაშრომებში მხოლოდ უბედურების შესახებ, რატომ იკვლევდა ადამიანებზე უბედურების გამანადგურებელ გავლენას და წარმოსახავდა მას, რატომ არასდროს აღწერდა ადამიანური ცხოვრების იმედით სავსე და სასიხარულო სურათებს, მან შემდეგი ამბავი მოყვა.
კაცთან, რომელიც უკვე კარგა ხანი თავს შეუძლოდ გრძნობდა და საწოლს, მძიმე დაავადების ყველა ნიშნით, იყო მიჯაჭვული, ექიმი მიუყვანეს, რომელმაც, როგორც სნეული, ასევე მისი დანაღვლიანებული ნათესავები, უმალვე დააწყნარა და სწრაფი გამოჯანმრთელების იმედით აღევსო. ექიმმა დაასახელა ავადმყოფობის სახელი და ის შედარებით ადვილ შემთხვევად განსაზღვრა, რომელიც დროთა განმავლობაში გადაივლიდა. ექიმმა კონკრეტული მითითებები გასცა, სხვადასხვა მედიკამენტი გამოწერა და ძალისხმევას არ იშურებდა, დღეში რამდენჯერმე მოენახულებინა ავადმყოფი, რის გამოც ის ამ ოჯახში სასურველ სტუმრად იქცა.
მაგრამ კაცის ავადმყოფობა მწვავდებოდა და სიცხემ ისე დაასუსტა, რომ მალე თითის აწევაც კი აღარ შეეძლო. ექიმი კი კვლავ ზაფხულზე, მოგზაურობებსა და ისეთ დროზე აგრძელებდა ლაპარაკს, როცა ავადმყოფი ისევ ჯანმრთელი იქნებოდა და ბედნიერად განაგრძობდა ცხოვრებას.
იმ დღეებში, ოჯახს ძველი მეგობარი ეწვია, რომელიც თავადვე ცნობილი ექიმი იყო, ზუსტად იგივე ქალაქში, სადაც ავადმყოფი ცხოვრობდა. როცა მან ავადმყოფი იხილა, შეძრწუნდა, რადგან მიხვდა, რომ მისი ძველი მეგობარი დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. ავადმყოფის დიდხნიანი და საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, ნათესავებს თავისი შიშები მაინც არ დაუმალა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ამბობდა, არ შეეძლო ავადმყოფობის ზუსტი მიზეზი დაესახელებინა.
და როცა, კაცი ორ დღეში, მართლაც გარდაიცვალა, დაბნეულმა დედამ მეგობარს კითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი ვაჟის გადარჩენა, რადგანაც როგორც იცოდა, ავადმყოფობა, რომელიც მას ექიმმა დაუსახელა, იშვიათად თუ მთავრდებოდა სიკვდილით. მეგობარი ცოტას დაფიქრდა და შემდეგ უთხრა: „არა, მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა“. თუმცა გარდაცვლილის ძმა, ამ ქალის უმცროსი ვაჟი, გარეთ გაიხმო და უთხრა: „თქვენი ძმა მაშინვე ქირურგთან, რომ მიგეყვანათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. მე ასე ვთვლი და თქვენც გეუბნებით. დედათქვენი მოხუცია და მას სიმართლე აღარ სჭირდება – მხოლოდ ნუგეში. თქვენ ახალგაზრდა ხართ და სიმართლე საჭიროა თქვენთვის“. – „და რატომ არ მიუყვანა ექიმმა, რომელსაც მაშინ დავუძახეთ, მაშინვე ქირურგს?“ იკითხა ახალგაზრდამ. „რატომ ლაპარაკობდა, ყოველთვის მხოლოდ ჩემი ძმის გამოკეთებასა და ჯანმრთელობაზე? და რაში იყო საჭირო ძვირიანი მედიკამენტები და კონკრეტული მითითებები, თუკი არანაირი სიკეთე არ მოჰქონდათ მათ?“
„ძვირიან წამლებსა და ზუსტ მითითებებს ყოველთვის არ მოაქვთ სიკეთე, ჩემო უმცროსო მეგობარო, მაგრამ რაც ექიმისგან უნდა მოითხოვო ისაა, რომ მან ავადმყოფობის ზუსტი მიზეზი დაადგინოს. ვინმე რომ გამოაჯანმრთელო, პირველ რიგში, ამისთვის სწორი დიაგნოზია საჭირო. და სწორი დიაგნოზის დასადგენად, აუცილებელია არა მხოლოდ საფუძვლიანი სამედიცინო ცოდნა, არამედ დაავადების მკურნალობის ჭეშმარიტი ინტერესი. ექიმობა საკმარისი არაა, ექიმს დახმარების გაწევაც უნდა შეეძლოს. ის ექიმი, გამოჯანმრთელებაზე ისე საუბრობდა, რომ დაავადების ნამდვილი მიზეზი არ ჰქონდა გარკვეული. მე კი, იმდენ ხანს ვსაუბრობ ავადმყოფობაზე და მხოლოდ ავადმყოფობაზე, სანამ ავადმყოფობის ნამდვილ მიზეზს არ გავიგებ და ზუსტი საშუალება არ მეცოდინება, ქმედითად რომ შევებრძოლო მას და გამოჯანმრთელების პირველი ნიშნები ვაჩვენო. აი, ამის შემდეგ შეიძლება განკურნებაზე დავიწყო ლაპარაკი.“
„აი ასე, ან დაახლოებით ასე იყო ეს ამბავი.“ თქვა მწერალმა და ამბის მოყოლა შეწყვიტა.
„მაგრამ შენ ხომ ექიმი არ ხარ?“ იკითხა გაკვირვებულმა კაცმა, მოკლე ზრდილობიანი სიჩუმის შემდეგ.
„არა. მაგრამ მწერალი ვარ“ უპასუხა მან.
გერმანულიდან თარგმნა ლევან შატბერაშვილმა