ჯონ სტაინბეკის ეპოქალური რომანის „მრისხანების მტევნების“ დასაწყისში გარემოს ვრცელი და მრავლისმეტყველი აღწერა არც უბრალოდ მკითხველის სიუჟეტში შეტყუებისა, მით უფრო, არც მხოლოდ ესთეტიკური სხეულის გამოძერწვის მიზანს ემსახურება. შრომის, ადამიანისა და ბუნების დაკავშირებულობის ამსახველი მონაკვეთი შესაძლოა მონათხრობის მარქსისტული პერსპექტივიდან დახასიათებას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ გარემოებებთან ერთად ადამიანის განსაზღვრაში, მისი გზისა და ბედისწერის გამოძერწვაში მიწისა და ბუნების მეტისმეტი „ბრალეულობა“ იკითხება. და თუ კითხვა დაესმის დოვლათის გადანაწილების პოლიტიკას, – კაპიტალიზმში გამეფებულ უსამართლო და მჩაგვრელობით ლოგიკას, არანაკლებ მნიშვნელოვანია უტყუარი ცოდნისა და ეჭვნარევი გრძნობიდან მომართული მზერა, შემთხვევითობის პრინციპზე დამყნობილი დაბადების ადგილისა და ცხოვრების მომავლობის თანაზომადობის საკითხსაც მიემართოს. სიმართლის გამორკვევისაკენ მიმართულმა აზრმა, ყოველდღიურობაში გადამალული სინამდვილის მარცვლები აირეკლოს და გამოარკვიოს თუ ვინ რამდენს და რა ხერხებით ისაკუთრებს. დაადგინოს თუ რარიგ განსაზღვრავს მომავალს, შემთხვევითობის პრინციპით წილხვდომილი საცხოვრებელი სივრცე და მასთან აუცილებლობით დადუღაბებული ურთიერთობათა ხასიათი. რომანის დასაწყისში აღწერილი თემატიკა, – კლიმატური სირთულეებითა თუ კლასობრივი ფაქტორებით დანაწევრებული სამხრეთის მიწები, ქარით ამოვსებული სახლები და არსებულისაგან დაზაფრული ოჯახები, ადამიანები, ვისთვისაც ძნელბედობის ატანის ძალა ოჯახური ერთიანობისა და მომავლის რწმენიდანაა ამოზრდილი, დიდი დეპრესიის სიმძიმესა და მასთან გამკლავების გზებზე მოგვითხრობენ.
ნაწარმოების დასაწყისში აღწერილი საგზაო მანაკვეთი თითქოს თავიდანვე გვამცნობს, რომ ეს არის სამყარო, სადაც ადამიანისათვის სხვა ადამიანი უნდობლობითაა დადაღული. ეჭვის საყოველთაობაში დაკრისტალებული მზერის სინათლეზე სხვა არის ის, ვინც მოგატყუებს, დაგჯაბნის, შეურაცხგყოფს ან უბრალოდ, ისეთ უვნებელ, თუმცა უსარგებლო დიალოგში შეგიტყუებს, როგორიც ტომი ჯოუდისა და ტრაილერის მძღოლის სიტყვათცვლაში ისახება. ადამიანებს შორის დავიწყებული კავშირის მოხაზულობაში, გარდა ნაგულისხმები დანაკარგისა, ამავდროულად, ტრაილერის მძღოლობის სავსებით თავისებური სამუშაოს ხასიათია აღწერილი, რომელიც თხრობის ძირითად ხაზში აქა-იქ შემომავალ მეორეულ პერსპექტივას წარმოგვიდგენს, მაგალითად, უიმედობასა და შრომის რუტინაში გამოჭედილი ადამიანების ყოველდღიურ ერთფეროვნებას, გრძელ გზაზე მუდმივად მავალი ადამიანების შრომისა და გართობის თავისებურებებს, მძღოლებისა და გზებზე ჩამწკრივებულ კაფეებში მომუშავე პერსონალის ურთიერთობის ხასიათს. ემოციური და ექსისტენციალური გახუნებულობისათვის განწირული ცხოვრების ფლირტით წამიერი გამოკაჟების მნიშვნელობას, სადაც ორივე მხარემ იცის მისი სიყვარულში გადაზრდის შეუძლებლობა, თუმცა, შეუძლებლობის გაკეთილშობილება წამში ასახული სიამეებით ნაზღაურდება. ტრაილერის მძღოლი უსახლკარობისთვის, მუდმივი „არაშინაობისთვისაა“ განწირული, მისი სამუშაო თუ დასვენების დრო, მთლიანად კაპიტალს მიბარებული გზებისაგან დაყოფილი სივრცითაა დაკავებული, მძღოლების ლიმიტირებულ დასვენების პირობას ისიც ემატება, რომ ბიზნესის დიქტატში მათ, მგზავრების თავისუფლად აყვანა არ შეუძლიათ, დროებით თანამეგზურთან გამოლაპარაკების შესაძლებლობაწართმეული მძიმე საგზაო ყოფა, ნუგეშს, მარტოობიდან ამოზრდილ ოცნებანარევ ფიქრებში პოულობს. პოეტის შემთხვევაში მარტო ყოფნა და მომავალზე მიპყრობილი ფიქრი თუ შთამაგონებელი ენერგიის მატარებელია, მარტოობის რუტინულ, არაორგანულ შრომაში გადატანით, ადამიანების დეპოლიტიზების, დაყოფისა და საბაზრო მექანიზმის ჭანჭიკებად განპირობების ეფექტებს ვღებულობთ. თუმცა, ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ ნორმალურ შრომით პირობებსა და ურთიერთობებს მონატრებული ადამიანები თანადგომისა და ზრუნვის მნიშვნელობებს განსაკუთრებული მიზიდულობით გრძნობენ და აფასებენ ხოლმე, როგორც ეს ნაწარმოებში ასახულ ამაღელვებელ და გულწრფელ თანაგანცდაზე აგებულ არაერთ შემთხვევაში გვესახება.
ნაწარმოების პროტაგონისტი ტომი ჯოუდი, ციხისაგან თავდაღწევის შემდგომ მშობლიური სახლისაკენ მიემართება განცდით, რომ დახვდება ის, რაც ოჯახთან, სახლთან და მოგონებებში შემორჩენილ გარემოსთან კავშირდება. ტომის ციხეში ყოფნისას კი ბავშვობიდან მომდინარე შეჩვეული ყოველდღიურობა ქარიშხლებისა თუ ფერმების ქირავნობის მომატებული გადასახადებისაგან შეილახა. სახმრეთელებისათვის ხსნა, ბუკლეტებიდან მომზირალ, დასავლეთში გაშენებულ ვრცელ ხეხილის ბაღებში ისახება, რომელიც პროპაგანდის დამაიმედებელი ეფექტით, უხვსა და ნორმალურ სამუშაო ადგილებს მოიაზრებს. ხისტ და სასტიკ სინამდვილეს მიჩერებული ჯოუდი, წარსულ სიმძიმეებში გამოკვეთილი გამოცდილებისა და ოჯახის სიყვარულის ძალით, გრძელ გზას მხნე განწყობით ეგებება, მშობლიური ადგილის მიტოვების მწველი განცდები, ერთადობისა და სამომავლო მშვიდი ცხოვრების იმედით ნაცვლდება.
სახლისაკენ მიმავალ გზაზე, ჯოუდის, აწ უკვე ყოფილი მქადაგებელი ჯიმ კეისი შეხვდება, შემდგომ საუბრებში ვხვდებით, რომ სასულიერო ცხოვრების მიტოვების მოტივი, ეკლესიის არსებულ კლასობრივ უსამართლობასთან თანამონაწილეობის მიზეზებთანაა წილხვდომილი და იმასთან, რომ ამქვეყნიური სიმძიმე, იმქვეყნიური სიმსუბუქის იმედებით ვერ წონასწორდება. სახლში დაბრუნებისა და ემოციური შეხვედრის შემდგომ ირკვევა, რომ დასავლეთისაკენ მიმავალ ფათერაკებით აღსავსე გზაზე, საკმაოდ მოზრდილ ოჯახს მეგზურობას კეისიც გაუწევს. ძველისძველ სატვირთოში შეყუჟული ჯოუდების საგზალს, 150 დოლარი და ორი კასრი ჩამარილებული ღორის ხორცი შეადგენს, რომელიც დანიშნულების ადგილამდე უნდა იკმარონ. მიუხედავად საგზლის სიმწირისა, ჯოუდების ოჯახი ახალი თანამგზავრის შემომატებას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეგებება.
მიწასა და დაბადების ადგილთან მიჯაჭვულობა, მაცხოვრებლების მცირე ნაწილს გამგზავრებაზე უარს ათქმევინებს, მიუხედავად იმისა, რომ დარჩენა გარდაუვალ სიდუხჭირესა და სახლების მიწასთან გამსწორებელ ტრაქტორებთან „დონ კიხოტური“ ბრძოლის პერსპექტივიდან იმზირება. მიული გრეივსიც მშობლიურ ადგილებს დასტრიალებს და კაპიტალის ინტერესებისაგან გახუნებულ ყოფას, სხვადასხვა უვნებელი ოინებით დაატარებს, როგორც ბედისწერას, რომელსაც ვერ გაექცევი, თუმცა, მისი აღიარების განაპირება ყოველთვის ძალგიძს. მიული, ყველა იმ დავიწყებული ადამიანის კრებსითი სახეა, რომელიც ისტორიული ქარტეხილებისა თუ ძალაუფლების ინტერესებისაგან იჭყლიტება, უფერულდება, უიმედობასა და მარტოობაში ბერდება და სიკვდილის შემდგომ მისი სახელიც სამუდამო დავიწყებას მიბარდება. „მრისხანების მტევნები“, შესაძლოა, სწორედ ამგვარი ნების საპირისპიროდ იმზირება და დაცალკევაბასა თუ გადამტერებაზე მომართულ გაბატონებულ კანონიკას, გაერთიანებისა და თანაგრძნობის კატეგორიებით ანაცვლებს. გრძელი გზისა და ბუნდოვანი მომავლის მიმართ გაბედულება, ერთადობის მტკიცე ნებელობიდანაა ამოზრდილი და იმ რწმენისგან; რომ ისტორიის ატანის სიმძიმე, – მხოლოდ ზრუნვაში განხორციელებული სიცოცხლით დაიძლევა. მიული თუ მძიმე ბედისწერას ნოსტალგიის საძირკვლებთან მიმაგრებით უპირისპირდება, ტომის ძმა, ნოა ჯოუდი ნიჰილიზმისა და აპათიის მორევშია გადაშვებული და გარდაქმნის ნებელობას, შეგუებისა და დინების მიყოლის ინერციებში ანაცვლებს. თავის მხრივ, ძია ჯონი ალკოჰოლის მომენტალური დამბანგველი ეფექტის ტყვეობასაა შეფარებული და სინამდვილისთვის თვალის გასწორების სირთულეს, თრობის ღმერთებთან წამიერი შეამხანაგებით ივიწყებს. უიმედობა, ნიჰილიზმი და უნდობლობა, კლასობრივი მტრობისა და კაპიტალიზმში გამეფებული მზარდი უთანასწორო მდგომარეობის პირდაპირი შედეგებია, „როცა ურჩხული არ იზრდება, ის კვდება, სხვანაირად არ შეუძლია“ კეისის პირით ამოთქმული ჭეშმარიტი სიტყვები – კაპიტალის შეუქცევადი და დამანგრეველი ბატონობის მოხერხებული აღწერაა, არსებული ეკონომიკური სისტემის შინაგანი ლოგიკის ორგანული გამოსახვაა, რომლის მიხედვითაც, არსებული ძალაუფლებრივი მიმართებების აუცილებელ შემანარჩუნებელ პირობად კლასობრივი უფსკრულის მუდმივი გაღრმავება მიიჩნევა.
ნაწარმოებში მეტისმეტად მნიშვნელოვანი პერსონაჟი დედა ჯოუდი გახლავთ, გულითადი და მებრძოლი ადამიანი, რომელიც ყოველ მძიმე და უიმედო მდგომარეობაში, ხელახალი გამთლიანებისა და მომავლის რწმენის ძალას ატარებს. დედა ჯოუდის მტკიცე ხასიათი და ურყევი ნებელობა, ერთი მხრივ, რთული ცხოვრებისეული გამოცდილებითაა დადაღული, მეორე მხრივ კი, ოჯახის სიყვარულის ძალით საზრდოობს, ყველა ამქვეყნიური უკეთურება ერთადობისა და სიყვარულის შუქზე გადალახვად მდგომარეობადაა წარმოდგენილი. სიყვარულისა და ერთიანობის სიღრმე გზაზე წამომართული წინაღობების მზერიდან დაიკითხება, ყველა სირთულის გადალახვა თითქოს გვახსენებს, რომ განურჩევლად ადგილისა, განწყობისა და ეკონომიკური მდგომარეობისა, არსებობს შეულახავი იდეალები, რომელთა ერთგულებაც გადარჩენისა და წინაღობების დაძლევის ძირისძირს წარმოადგენს. დედა ჯოუდი, სწორედ ამგვარ, უკომპრომისო და გულწრფელ გრძნობებს მანიფესტირებს, რაც თავის მხრივ, მცირე ულუფის სხვისთვის წილადობისა და უსამართლო, ძალმომრეობით გარემოში, – სამართლიანობის მატარებელ განწყობებში იძერწება.
ყველაფერთან ერთად, „მრისხანების მტევნები“ მკვეთრად პოლიტიკური ნაწარმოებია, იქნება ეს თანადროული სოციალური ვითარების დეტალებში გამოსახვა, თუ დიდი დეპრესიის ჟამს პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის მანკიერი, დამაზიანებელი პოლიტიკის აღწერა. მაგალითად, იმის, რომ ყველა გაფიცვის, შრომითი მდგომარეობის გამოსწორებაზე მიმართული პროცესების მონაწილეები, „წითლებად“ და „კომუნისტებად“ ცხადდებიან, სახელდების ხსენებული პრაქტიკებით, ბრძოლის სამართლიანი სურვილი ილახება, მჩაგვრელობით ეკონომიკურ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მყოფი ყველა ადამიანი კი, სტიგმის მიწებებით საფუძველშივე ირიყება. ნაწარმოებში, მარგინალიზებისა და ჩაგვრის იერარქიული საშუალებების გარდა, ასევე ჩაგრული კლასის ურთიერთგადამტერების პრაქტიკებს ეყრება საფუძველი, როდესაც დასავლეთის შტატებში, სამხრეთიდან ჩასულ ადამიანებს სხვადასხვა დამამცირებელი სახელდება ეწებებათ, გათითოკაცებული საზოგადოების კონტექსტში კი, ყოველგვარი გაერთიანების შესაძლებლობა ძირშივე მოჭრილია. ატომიზებისა და სტერილური ინდივიდუალიზმის განწყობები, ნოას მსგავსად, უმცროს ძმაზე, ელი ჯოუდიზეც ვრცელდება, რომელიც მარტო გავარდნისკენ მიილტვის და ვისთვისაც ოჯახის საკეთილდღეო, მისი წილი პასუხისმგებლობის ტვირთვა, ზრუნვის მოდუსზე მეტად ვალდებულების ცვეთადი კატეგორიით იფარგლება. წიგნის მეორე ნახევარში, მცირე ხნით გაუჩინარებული კეისი, ტომი ჯოუდს რევოლუციონერის მანტიამოსხმული ევლინება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს არსებული უსამართლობის მიზეზები და თვითგადარჩენაზე მომართული შრომის ნაცვლად, ორგანიზებისა და ბრძოლის აუცილებლობაზე მეტყველებს. პოლიტიკური სინამდვილის ცნობიერება მყისიერი გავრცელების შესაძლობლობას მოიაზრებს, სიკვდილის წინ კეისის ამოთქმული სიმართლეც, ცხოვრების პოლიტიკური მნიშვნელობებით დატვირთვის ძალას ატარებს. ტომი ჯოუდი რწმუნდება, რომ სიმართლის შუქზე, არსებული უკეთურების საფუძვლების მოძიება, ამავდროულად, მისი ძირში მოჭრის ძალმოსილებასაც ატარებს, რომელიც მხოლოდ მტკიცე და ერთიან სულისკვეთებაზე მომართული ბრძოლით თუ მიიღწევა. ნაწარმოების ერთ-ერთ საკვანძო მომენტში ავტორი გვამცნობს, რომ დაცალკევებისა და გადამტერების პრაქტიკები ყველა ადამიანში ვერ მკვიდრდება, მაშინ როდესაც წყალდიდობა დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე დაბანაკებულ ოჯახებს უტევს, ნაწილი მირბის, ნაწილი კი შარონ ჯოუდის მშობიარობას უცდის და ერთობლივი ძალისხმევით, მდინარედ გადაქცეული წვიმის წყლისათვის მიმართულების მიცემას ცდილობს, სხვა, უცხო ადამიანის გულისთვის ბუნებასთან ჭიდილის ამაო, თუმცა დამაიმედებელი ძალისხმევა იმედს ბადებს, რომ უსამართლო და დანაწევრებულ ყოფაში გადარჩენის გზები მოიძიება. იმედისა და თანაგანცდის მანიფესტირება განსაკუთრებით დამამთავრებელ მონაკვეთში იკითხება, სადაც სხვაც, მსგავსი ზრუნვის ობიექტი შეიძლება გახდეს, როგორც ახლობელი და საყვარელი ადამიანი.