ბენიტო ბუაჩიძე ქართული საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკის პირველი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ბენიტო ბუაჩიძე წლების განმავლობაში სათავეში ედგა პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას და თავის კრიტიკულ წერილებში იცავდა ლიტერატურის პარტიულობის პრინციპს. ბუაჩიძის წერილები, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევენ მძაფრი პოლიტიკური პათოსით, მისწრაფებით, რომ ლიტერატურაში დამკვიდრდეს კომუნისტური თვალსაზრისი, იდეურობა. ბუაჩიძე, ასევე, აქტიურად ამხელს ყოველგვარი ანტირეალისტურ ტენდენციებს. ბენიტო ბუაჩიძის კრიტიკული წერილები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევიან იმ პროცესებზე, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში ხდებოდა 20-იან და 30-იან წლებში. ბუაჩიძე ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან კომუნისტთა და მარქსისტ მოღვაწეთა შორის, რომლებიც სტალინის რეპრესიებმა შეიწირეს. ის ‘კონტრრევოლუციონერობის’ ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს 1937 წელს.
წინამდებარე ტექსტში ბუაჩიძე, მარქსისტული პრიზმიდან, აშიშვლებს ქართული სიმბოლიზმის კლასობრივ და იდეურ წანამძღვრებს/ფესვებს. ტექსტი საინტერესოა, როგორც იდეათა ისტორიის კონტექსტში, ასევე ყურადღებას იქცევს ის მეთოდი და სახელმძღვანელო ძაფი, რომელსაც კრიტიკოსი მთელი რიგი ავტორების კრიტიკისას მიჰყვება.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
„ცისფერი ყანწები“
უკანასკნელი ათი წლის ქართული ლიტერატურის სინამდვილეში, საგრძნობი ადგილი ეჭირა „ცისფერ ყანწელების“ შემოქმედებას ანუ ქართულ სიმბოლიზმს. ამ მიმართულების წარმოშობას და განვითარებას ჰქონდა ნიადაგი თვით ჩვენი ცხოვრების მსვლელობაში. ამ დროის სოციალური სახე საკმაო სიმწვავით დასერილი და კლასობრივი დიფერენციაციით ჩამოყალიბებული იყო. ბურჟუაზია გრძნობდა თავს მეთაურ ფენად, რის გამოც ლიტერატურაც გადაიქცა მისი სულისკვეთების გამომჟღავნებელ სახედ. მაგრამ ეს მიზეზი საბოლოოდ ვერ საზღვრავს სიმბოლიზმის წარმოშობას, რადგან მაშინ არც ბურჟუაზია იყო განვითარების იმ წერტილზე, როდესაც მისი წრიდან გამოსულ ხელოვანთ იპყრობს მოდუნების დამთხვეული ჰალუცინაციები; არც ქალაქები იყო საქართველოში, მთელი თავისი უკიდურესობათა საშინელებებით, რაც უმთავრესი სტიმული და გამომწვევი მიზეზია სიმბოლისტური მიმართულებისა.
ერთ-ერთი მიზეზი „ცისფერ ყანწელების“ დიდი პრეტენზიებით და პოეზიის „რევოლუციონურ“ ნიღაბებით გამოსვლისა, იყო არსებული ლიტერატურის რაობა, სადაც დიდ როლს თამაშობდა: პოეზია ლიტერატურულ ქალიშვილების, „ვარდ-ბულბულიანის“ და ნამულ სინაზის, ფეოდალურ კოშკებში ჩარჩენილ მეჩონგურეების, სანტიმენტალურ კვნესის და პოეტების ლაშქარი, მუზის ზეშთაგონებული იდილიის პრიმიტიულ მესტვირეებათ იყვნენ გადაქცეულნი.
ქართული პოეზიის ზემდგომი განვითარება ითხოვდა შედარებით მაღალ საფეხურს და ამ მხრივ სიმბოლისტებს გამოსვლის სრული საფუძველი ქონდათ. ეს მიზეზები კიდევ ვერ სწურავს იმ მიმართებას, რომლითაც წავიდა წვრილბურჟუაზიის, ყანწებით მოქეიფე აზნაურების და ღმერთის კალთების ქვეშ შეფარებული წარმომადგენლების „ცისფერი ყანწები“.
ვერც ქუთაისის[1] იდილიური და პრიმიტიული უცოდველობის სახე იქნებოდა განმსაზღვრელი და მთავარი იმპულსი „ყანწელების“ შემოქმედებისა. აქ ადგილი აქვს უცხოელთა, მაგრამ კლასობრივად მონათესავე ფსიქოლოგიით ზედმეტად გაბრჯნას და წამბაძველობას, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ხშირად დადის ეპიგონობამდის. არ იყო შემთხვევითი, რომ „ყანწელების მანიფესტი“, პ. იაშვილის ავტორობით, რამოდენადმე გამოდიოდა ფუტურიზმის, მარინეტის მანიფესტებიდან და პირველ ხანებში მათ ემჩნეოდათ პირველყოფილ ფუტურიზმის საგრძნობი გავლენა; მაგრამ ქართულ ლიტერატურას არ ჰქონდა გავლილი სიმბოლიზმის სტადია და „ყანწელების“ შემოქმედებას უფრო ეგუებოდა.
მაშასადამე: „ცისფერი ყანწების“ წარმოშობის მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა ვეძიოთ ევროპის ხელოვნებაში, მთავარი წყარო ამ მიმართულებისა არის ფრანგული სიმბოლიზმი, რომლის მამამთავარმა ბ ო დ ლ ე რ მ ა, მისი ყველა დამახასიათებელი თვისებანი გამოაფინა თავის წიგნში — „ბოროტი ყვავილები”; არანაკლები მძაფრი მატარებელია სულის სიმახინჯის, არა ბუნებრივი გრძნობებით დატვირთული ვერლენი, რომელიც გაიძახის:
„მთვრალი სიმღერა არის ძვირფასი ნათელ ბოდვაში მიექანება“.
ეს „ნათელი ბოდვა“ კიდევ მეტი სიბნელით, კოშმარულ აბურდულობით და ხელოვნური ნიღბებით ახასიათებს ბოდლერ-ვერლენის თანმიმდევნო მალლარმეს. აქვეა ბელგიელი მორის მეტერლინკი და სხვა მრავალრიცხოვანი მწერლები და პოეტები, რომელთაც დაიწყეს და დაასრულეს სიმბოლიზმი. ამ მიმართულების დასაყრდნობი ფუძე არის, ნიცშეს, უაღრესად ინდივიდუალიზმით გაბრჯნილი, —ზეკაცობის — ფილოსოფია, უკანასკნელი რწმენა ბურჟუაზიისა თავის არსებობის გასამართლებლად. სინამდვილის დასაფარავად მოშველებულია ეგზოტიურ მისტიციზმის ნარკოტიული ნისლი, რომელიც ასე ესაჭიროება ბურჟუაზიას არსებობის უკანასკნელ ხანებში, საკუთარ თავის გასაბრუებლად. სიმბოლიზმ-დეკადენტიზმი მთელი თავის უფსკრულების სიღრმით აღსასრულის საზღვართან მდგომი კლასის სულისკვეთებაა.
რით აიხსნება, თუ არა ამ მიზეზებით, რომ პოეტ ლაფორგს, საკუთარი ფენის აღსასრულის მოახლოვების დროს, იპყრობს ფიქრი მიწის დაღუპვაზე და სწერს „სამგლოვიარო მარშს, მიწის გარდაცვალებაზე“.
„მიწა მკვდარია და შესრულდენ ყველა დროები. შენ უკანასკნელ დაიკვნესე ავი ხროტინით (…) დაეხეტები როგორც კუბო და მძორი შავი“.
ამ სიკვდილის განცდას, რომელიც მძაფრად შეიგრძნო ლაფორგმა, ატარებს მხოლოდ ხორცმეტი კლასი; მთლიანად კი, იმ მიწისათვის, რომელიც წარსულში დაითვლის მხოლოდ „ავ პოემის“ ფურცლებს, ეს ნაადრევია; მიწა ჯერ ახალგაზრდაა და მასში კვდება მხოლოდ ბებერი ფენა, რომელმაც დაასრულა თავისი არსებობის ხანა და ახლა ბოდვის მირაჟებში ესახება აღსასრულის საშინელება. ამიტომაა რომ, სიმბოლიზმი, სქემატიურ სიმბოლოების ძიებით, გაურბის ცხოვრების სინამდვილეს, რომელიც ბადებს მასში მხოლოდ აღსასრულის განცდას, ამასვე აღიარებს და ადასტურებს რუსი სიმბოლისტი პოეტი ბალმონტი, როგორც უმთავრესად თავის პირვანდელ შემოქმედებით, ისე თეორიულ ნაწერებითაც:
„როგორც გვიჩვენებს თვითონ სიტყვა—გვაუწყებს ავტორი—დეკადენტები წარმოადგენენ დაცემის ხანის წარმომადგენლებს, ეს ის ხალხია, რომელიც აზროვნობს და გრძნობს ორი ხანის საზღვარზე, ერთის დასრულებულისა, მეორეს ჯერ კიდევ დაუბადებლისა. ისინი ხედავენ, რომ დღის სხივები დაიფერფლა, მაგრამ განთიადს სძინავს სადღაც დეკადენტთა ათვისების ჰორიზონტს იქით. ამიტომაა რომ დეკადენტების სიმღერები სიმღერებია დაისების და ღამეების“.
ამ განთიადის შეგრძნობა იმ კლასისათვის და მის წარმომადგენლებისათვის, რომელთათვისაც ის ნიშნავს სიკვდილს, შეუძლებელია.
ყველა ეს მიზეზები, ევროპის ლიტერატურის რაობასთან ერთად, ფარგლავს, ქართულ ლიტერატურის სინამდვილეში, სიმბოლიზმის წარმოშობას, „ცისფერი ყანწების“ სახით.
პარიზის შანტანები და „შავ-ანაფორის“ ასოციაციები
საქართველოს ლიტერატურა, სათანადო კულტურული განსხვავებით მისდევდა უმეტეს შემთხვევაში ევროპის ლიტერატურას. სიმბოლიზმმა ჰპოვა ნიადაგი საქართველოშიაც. საუკუნის პირველ მეოთხედის მეორე ნახევარში გამოდის ლიტერატურული სკოლა. სკოლა მას ეწოდება იმდენად, რამდენადაც ასეთი გარკვეული სკოლა, იმ უახლოეს დროში არ არსებობდა; თუმც ახალი სკოლის „გარკვეულობაც“ საეჭვო იყო.[2] ესენი იყვნენ „ცისფერი ყანწელები“ ფაქტიურად დაგვიანებული გამოძახილი ფრანგული სიმბოლიზმისა. ეს იყო მიმართულება ბურჟუაზიული სულისკვეთების ამსახველი, ხოლო მათი ნაგვიანევი გამოსვლა აიხსნება საქართველოში ამავე ბურჟუაზიის თავისებური განვითარებით. პირველ პერიოდში „ყანწელების“ გამოსვლა წარმოადგენდა ერთგვარ „რევოლუციონურ“ აქტს, ლიტერატურული ფორმის სახით. ეს იყო თავისებური ნაკადი, ლიტერატურულ სინამდვილეში. გარდა სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელ განზრახ ბუნდოვანობისა, სქემატიურ და ხელოვნურ სიმბოლოების უთავბოლო შეჯგუფებისა, მათ ფორმალურ ძიებას დაუთმეს უპირატესი ადგილი.
„ყანწელებმა“ სიმბოლიზმი გადმოიტანეს არა მარტო როგორც მეთოდი, არამედ როგორც მიმართულება, მთელი თავის სიმახინჯის ესთეტიკით, ლანდებით, ორეულებით, ჯანსაღობის სიძულვილით, უფსკრულებით, ქალაქის ჭუჭყის აპოლოგიით, თვითმკვლელობის კულტით, ბოჰემისა და დაუსრულებელ ბაკქანალიის სიყვარულით. ყველა ამით ისინი არიან ამსახველნი თავის კლასის სულიერი ყოფის, მდგომარეობის და მიდრეკილებისა და ამავე კლასის აღსასრულის მაუწყებელი. „ყანწელები“ იყვნენ რეალობას მოცილებული და მისტიურ ნისლის რკალში მომწყვდეულნი. უკანასკნელ ხანამდის მათ ჰქონდათ დიდი სურვილი ყოფილიყვნენ ქართული პოეზიის ავანგარდში, მისი გეზის მიმცემი და ამ მიზნით ებღაუჭებოდნენ დროისა და სივრცის გარეშე აღებულ მემარცხენეობას.
ამის მისაღწევად მათ იხმარეს გარეგნული ხერხები, რაც გამოიხატებოდა თეორიულ ნარკვევებში, სხვადასხვა უახლოეს მიმართულებების სახელებთან არშიყობაში. ტიციან ტაბიძე მუდამ ოცნებობდა „სეზონის ფალავანობა“-ზე, მაგრამ შეუძლებელი იყო მისთვის გასცილებოდა საკუთარ თავს.
„მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირში,
სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს,
მე თვითონ მივსდევ ყოველ წასულ დღეს“.
პოეტს, რომელსაც ელანდება „მეფის პორფირი“ და „მისდევს ყოველ წასულ დღეს“, ვერ უშველიდა ვერავითარი ფარიკაობა, ამიტომ რამდენიც არ უნდა ეწერა ამის შესახებ რუსულ თუ ქართულ ჟურნალებში, მაინც ამაო იქნებოდა:
„ამ ოთხი წლის განმავლობაში, ახალმა სკოლამ უკვე მოასწრო გამოეჩინა თავისი შემოქმედებითი გზა და ის გარკვეულად იხრება ფუტურიზმისაკენ, ახლა მზადდება გამოცემა მესამე ჟურნალის, რომელშიაც მოთავსებული იქნება ახალი სკოლის დეკლარაცია და „მანიფესტი აზიისადმი”. (ტ. ტაბიძე „Kypанты N. 2. 1919.)
უკანასკნელ წლებში, როდესაც რუსეთის ჟურნალებით საქართველოში მოვიდა ცნობა დადაიზმის შესახებ, ტ. ტაბიძემ მოიკრიბა ენერგია, ერთ-ერთ ჩვეულებრივ თავის ლექსს დააწერა სათაურად „დადაისტური მადრიგალი“ და საჩქაროდ შეუდგა „ცისფერ ყანწელების“ ისტორიის წერას.
ბოლოს და ბოლოს სხვადასხვა ფორმალურ განსხვავების გარდა, სიმბოლიზმის -ფუტურიზმის – დადაიზმის ღირებულება თანაბარია. მათ შორის უფსკრულები არ არსებობენ. ყველა ეს მიმართულებანი გამომსახველნი არიან ბურჟუაზიის სულისკვეთებისა სხვადასხვა საფეხურებზე ყოფნის დროს! ზემოთ აღნიშნული თვისება დამახასიათებელია უკანასკნელი წლების ქართული ლიტერატურისათვის; თითოეული მიმართულება იჩენს მიდრეკილებას ყველა მიმართულებისადმი (როგორც—„ცისფერი ყანწები“) და სურს დაიტიოს ისინი თავის თავში (როგორც -ქართული ფუტურიზმი, H2OS4). ეს მოვლენა აიხსნება წვრილ ბურჟუაზიულ ინტელიგენციის სულისკვეთების ანარქიულობით; მასში გარკვეულ უკიდურესობით არ მჟღავნდება არც ერთის ხაზი, და ამ მიზეზით ხან ერთს აწყდება და ხან მეორეს. ესევეა მიზეზი იმისა, რომ „ყანწელები“ რევოლუციასაც ეტმასნებოდენ, თავი მოქონდათ და დიდ პრეტენზიებს აცხადებდნენ რევოლუციონერობაზე. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ტ. ტაბიძემ, რომ:
„ყველა პოლიტიკურ რევოლუციებს, წინ უსწრებდა რევოლუციები პოეზიაში“-ო.
(მშვილდოსანი“ N. 1. ტ. ტაბიძე).
მაინც, მიუხედავად ყველა ჰიპერბოლებისა და რევოლუციაზე გაბნეულ სოფისტურ აზრთა ქარაგმებისა, „ცისფერყანწელების“ შემოქმედება სდგას რევოლუციონურობის გარეშე. ეს არის მხოლოდ საკუთარი კლასის, თავის წარმომშობ წრის, სოციალური დაჯგუფებათა, განცდათა და გრძნობების გამოსახვა პოეზიაში და საერთოდ ლიტერატურაში. რევოლუციის მოხდენის პრეტენზიებიც ფორმის მხრივ მოკლებულია დიდ მნიშვნელოვანობას. აქაც შეიძლება იგივეს გამეორება. ფორმის ის სახეები, რომელიც შემოიტანეს „ყანწელებმა“, განვითარებაა არსებული ფორმების, რომლის დასრულებულ სახეს ითხოვდა სათანადო შინაარსი. ის ამბავი, რომ:
„ყანწელები ომებს იძლეოდნენ მართალი სონეტის წერისთვის“ (ტ. ტაბიძე „მეოცნებე ნიამორები“ № 10).
აუცილებელი და ჩვეულებრივია ლიტერატურის თანამიმდევრობითი განვითარებისათვის. სათანადო ხაზზე მსრბოლავი ფორმა უნდა დასრულდეს და საკუთარ შინაარსთან ერთად ამოიწუროს, რათა ლიტერატურასაც რომ მისწვდება ნამდვილი რევოლუცია, დაიშალოს და გადატყდეს შინაარსთან ერთად.
„ცისფერი ყანწელები“-ს მსოფლმხედველობა, თეორიული მრწამსი, ისეა დაცილებული თანადროულ მოვლენათა და რეალურ სამყაროს საღ შეგრძნებას, როგორც მთვარის ტემპერატურა მზისას. ქაოსია სულში, ქაოსია გონებაშიც და გადაშენების დათენთილობით დაავადებული წარმოდგენა ითვისებს გარესკნელს ჰალიუცინაციურ ისტერიკით.
როგორია სიმბოლიზმის ფილოსოფიური გზნება?
ეს არის იდეალიზმის ამოუვსებელი, უაზრო უფსკრულების სიცარიელე. მისნურ რწმენაზე დაყრდნობილი აბდაუბდა. სქოლასტიური ქსელი. მონასტრის საკანში დაბერებული ბერის დაჯერება. დუალიზმის ორჭოფი გზები. რაც ჩვენ გარშემოა, რასაც ვხედავთ, შევიგრძნობთ, ავითვისებთ და ვსწვდებით გონებით, ის „ის“ არ არის, მას აქვს მეორე გამოხატულება; ეს არის მისი ასტრალური სახე. ჩვენი გრძნობებისათვის მისაწვდენი გარემო, მხოლოდ სიმბოლოა იმ მეორის წარმოსადგენად. ადამიანსაც აქვს თავის ასტრალური განსხეულება და ასე მთლიანად სამყარო – მისტიური ფენომენია, რომლის საღი გონებით ათვისება შეუძლებელია და ამიტომ საჭიროა მისტიკის დაუბოლოვებელ სივრცეში აშვებული სადავეები.
აქედან მოდის ვალერიან გაფრინდაშვილის მთელი პოეზია. ორეულების და ფანტასმაგორიულ მისტიფიკაციის. აქ ჩანს პირველყოფილ ოკულტიზმის ბოდვა და შავი მაგიის ნიშნები. „ყანწელები“ ყველა ქრისტიანებია და ხშირად ახსენებენ აპოკალისპსის. რაღა გასაკვირია, რომ ამ ხალხის პოეზია:
„იწვის თავის საკირეში და არაფერს არ სესხულობს ცხოვრებიდან“.
(ვალ. გაფრინდაშვილი. „მეოცნებე ნიამორები“ № 6).
არც ის, რომ გაფრინდაშვილი ჰქმნიდეს მითებს და უკანასკნელი მთელ ლექსებს აშენებდეს, ისტორიის ფურცლებში ჩარჩენილ, ანდა ავტორს დაზმანებულ და მის წარმოდგენაში გამაგიურებელ სახელებით. ეს გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ხსენებულ ჯგუფს ცხოვრების სინამდვილე აცლიდა ნიადაგს და მათ წარსულის გაცოცხლებისა და სახელების მისტიკის მეტი აღარა ფერი რჩებოდათ. საყდარში საკმევლის სუნით და ლოცვებით გაბრუებულ ტ. ტაბიძეს ეზმანება ქალდეას ქალაქები და გულმოდგინედ ამზეურებს დამარხულ ფერფლს. მამამისის წირვას ასოციაციით მიყავს ქალდეას ქალაქებში, მის წინაპარ მოგვის სიმღერასთან.
„ლოცულობს მამა, მწუხრის ლოცვას მუნჯად ვუცქერი
ფსალმუნი სულში შეფრინდება და იმარხება
შავ ანაფორას მეწამული გადაკრავს ფერი
და ვხვდები ახლა, თუ ქალდეა, რად მენატრება“.
პოეტის სული ავსებულია წარსულის კოშმარებით, ის მისტირის და ისწრაფვის მისკენ.
„წინაპართ ჩრდილნო! არ დაგწყვეტთ გულს. ჩამომავალზე
და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურღია მე თავის თავზე
ქვეყანას მაინც გადაუხდი ერთხელ პანაშვიდს“.
დამახასიათებელია: ის ფენები, რომელთაც წარსულში რჩებათ ყველაფერი და თვითონაც აუცილებლობის ძალით უნდა გადაყვნენ ამ წარსულს. უკიდურეს ინდივიდუალისტებს, ამ შემთხვევაში ენანებათ პიროვნული დაღუპვა და მსჯელობენ საერთოდ „ქვეყნის პანაშვიდზე“. ლაფორგმაც ხომ გამოიტირა მიწა „ტრაურულ მარშით“, რომლის გარდაცვალება ხდება მხოლოდ მისი კლასისათვის.
ლანდების ჯირითი და პოეტი მისტიკოსი
სიმბოლიზმის რაობის წარმოსადგენად, საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება ვ. გაფრინდაშვილის პოეზია. ამ პოეტის შემოქმედების რეპერტუარი დაბურულია უკიდურესად გამძაფრებულ მისტიციზმის ნისლით. მარტო ლექსების სათაურები უკვე წინასწარ საზღვრავს იმ არეს, სადაც ტრიალებს პოეტი: „დაისები“, „დუელი ორეულთან“, „საღამო ლორნეტით“, „საღამოს მასკები“, „ქიმერების მარულა“, „მისტიური მარულა“, „ორეულები“ და სხვა მრავალი; მის ავადმყოფ წარმოდგენას შეუქმნია საკუთარი სამყარო დასახლებული ლანდებით, ქიმერებით, მოჩვენებებით და ორეულებით. სპირიტის გულმოდგინეობით ტრიალებს შექმნილ სახელების ირგვლივ: აქ არის ჰამლეტი, ოფელია, კალიოსტრო, პაგანინი, აშორდია და სხვა დაუბოლოებელი ქარავანი ფანტასტიურ მოჩვენებებისა. პოეტი არსებობს ამ მისტიურ სამყაროში, სხვაგვარი ყოფა მის ბუნებას ეჩოთირება:
„სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება“.
ძნელია მისტიკოს პოეტისათვის სინამდვილეში დაბრუნება, რადგან სინამდვილე მისთვის, როგორც ასეთი არ არსებობს. ყველაფერი ის, რაც არის რეალობაში, „რაღაც“ სხვა არის. გაფრინდაშვილი დაისის პოეტია, მისი პოეზია ერთი ფენისათვის, სამუდამოდ ჩასვენებულ მზის გამოტირილია; მთელი სერია ლექსებისა მაუწყებელია ამ დაისის, რომელიც ემთხვევა ღამის კოშმარს, ქაოტურად აშლილ მოჩვენებების ქარავანთან ერთად. ამ დაისის ტრაგედია მასშია, რომ დეკადენტ პოეტისა და მის წარმომშობ კლასისათვის, არ მოდის განთიადი:
„მაგრამ დაისი დაიფერფლა გაუთენარი“.
ამიტომაა, რომ პოეტი არ ეყრდნობა გონებას, შეპყრობილია ბნედიან აგონიით და შეუძლია მხოლოდ ჭვრეტა „იქითური“ სამყაროსი.
„იწვის დაისი, ვით ფრინველი, ვით ფრთა ჯავარი, და იკაზმება სიკვდილის წინ რაგინდრაფერად“.
შალვა აფხაიძე სწერდა:
„არც ერთი არ ეგუება თანამედროვე ფსიქიკას ისე, როგორც გაფრინდაშვილი მისი „შუა გაპობილ სულით“ შემომქმედ ჰალიუცინაციებით (შ. ა. „შვილდოსანი“ — 1).
სრული სიმართლეა — მხოლოდ მაშინ, როდესაც გავასწორებთ ძირეული ცვლილების შემტან კორექტურას: გაფრინდაშვილი არა მარტო ეგუება, არამედ სრული გამომხატველია დეკადანსის. თანადროულობის აღმშენებელ კლასს, პროლეტარიატს, და იმ მასას, რომელიც შეადგენს აწმყოს შინაარსს, არაფერი საერთო არა აქვთ ამ განწირულ ვიწრო ფენის ფსიქიკასთან. პოეტმა იცის ეს ამბავი; ცხადი და ნათელია აგრეთვე მისთვის ის, თუ რას წარმოადგენს ეს მაისის ქარიშხალი:
„საღამო გრიგალს, დაისებით ეხაბარდება, ახვეტს გრიგალი აჩრდილების მშვენიერ ნაგავს“.
ეს ალბათ სიმბოლოების სიმრავლეში თუ წამოცდა, მაგრამ ამ საფრთხის შეგნება, წინამორბედია „გაუთენარ დაისის“ შეგრძნებისა. არ არის უბრალო ჟინი ეს მიდრეკილება:
„მწყურია მუდამ მიცვალებულთ ვიყო გამყოლად“ —
გაფრინდაშვილის პოეზიაში მთელი სიმძიმითაა მოცემული სიმახინჯის ესთეტიკა:
„მახინჯი სახლი და წარწერა: ყანწელთა მორგი“.
მთლიანად „ყანწელთა“ პოეზიას „მორგის“ სუნი უდის. და ეს ცხადია, რადგან ეს პოეზია სრული გადაშენების მოლოდინით დაცემულ განწყობილების გამოფენაა.
გარდა ამ კლასობრივ ბუნებიდან გამომდინარე ტენდენციებისა, გაფრინდაშვილისთვის დამახასიათებელია კულტურული ცრუმორწმუნეობის უკიდურესობა. ერთხელ შევადარე და ძალაუნებურად შეედარება — სოფლის 80 წლის დედაბერს და სოფლისავე პატარაობიდან დაშინებულ ბავშვის წარმოდგენას, რადგან ერთი და იგივეა (მათი წარმოდგენის) ნაძრახი ადგილი, შუაღამისას ღელის პირი, ღამე წისქვილებთან და პოეტის წარმოდგენის გასულიერებული სივრცე. იქ ქაჯი, ტყის კაცი, ჭინკა (…) აქ ლანდი, ორეული, აჩრდილი, მოჩვენება. ამ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვების და თქმის გაარისტოკრატებაა და სხვა არაფერი. გაფრინდაშვილი გაყინულია თავის შინაარსში და მისი შემოქმედება მისტიფიკატორების ქვაბში იხარშება. ნერონ-კალიგულას სახელების პოეზიაში შეყვანის შემდეგ, გადადის ანარქისტების სახელების გამოფენაზე. ამ ბოლო ხანს ჭვარტლიან ბუხრის ჩვარს სიძველის ნახრეშებიდან ამოაყოლა ჩატერტონი. ამით ის „ყანწელთა“ შორის ყველაზე მეტი დეკადენტური სისწორით დაშლილი „ყანწელია“.
როგორც გაფრინდაშვილი ისე მთლიანად „ყანწელები” ამაყობენ ახალი მითოლოგიის შექმნით ქართულ პოეზიაში. უაზრო ზღაპარია და კიდევ მეტად ამტკიცებს, რომ ეს ხალხი იმყოფება არა ნოყიერ მიწაზე, არამედ მეშვიდე ცაზე.
„ყანწელების“ გავლენის არე
„ყანწელებს“ ჰქონდათ გავლენა ახალგაზრდა პოეტებზე, რომელთა ნაწილიც მათ შეუერთდა. ზოგი დარჩა მიმდევრებად და ამზეურებდნენ სიმბოლიზმის ნარჩენებს.ლადო მაჭავარიანი — პოეზია დაწურულია მისი უნებო ჭვრეტით. ლუესის, ჭლექის და ალკოჰოლიზმის აპოლოგიით. გ. საგანელი, რომელმაც პრაქტიკულად განახორციელა „ყანწელების“ იდეალი — თავი მოიკლა, და რომლის დეკადენტური ბუნება, გარდა იმისა, რომ თავი მოიკლა (რაც მთავარია) მჟღავნდება მასში, რომ თავის ლექსების წიგნს „დრუმო“ (ე. ი. ბალღამი) დაარქვა. ი. ჟორდანი (ინ-რე-ჟან), რომელიც დაიკარგა ფურცლებში.
გრ. ცეცხლაძე პირველ ხანებში „ყანწელების“ გავლენის ქვეშ იყო. ის დეკადენტის თავისებური გამეორებაა:
„ოცდაოთხ საათს მოვანდომებ სარკესთან ბრუნვა.“
გადაჭრილი და ნათელია, მისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:
„მოქალაქენო! ნუ მიცქერით ასუ მკაცრათ,
რომ არც ვხნავ და არცა ვკაფავ
თქვენთან საქმე არა მაქვს რა, მე ჰაერს ვყლაპავ“.
ის ფენები, რომელთაც ახალ ცხოვრებიდან ვერ მიიღეს შინაარსი, ეძებენ თემებს პოეზიისთვის. გვეტაძემ მიაგნო ჩოჩრებს. ამ ბოლო დროს შაჰრუხ ჩარკვიანმა გამოძებნა განსაკუთრებული თემა ქვემძრომები და ზოოლოგის სითამამით გაატარა გვე ლების და ჭიაღუების პარადი:
„მიწის ნახეთქში— სული პოეტის
დაიწყებს რონინს ქვემძრომთ პარადით“. (შ, ჩარკვიანი).
მარტო ლექსების სათაურები საზღვრავს პოეტის შემოქმედების რაობას: გველები. ხვლიკები. Scarpion. მახრა. ბაყაყები. ძლოკვები. გველი Roa. კუ-ხვითო და სხვა ამის მსგავსი.
გარდა უშუალოდ თანამიმდევარი პოეტებისა, „ყანწელებს“ ჰქონდათ გავლენა ახალგაზრდობის ნაწილზე, რომელთა ლიტერატურული გემოვნება ვითარდებოდა, ყანწელების დეკადენტური აბდაუბდის შხამიან ნიმუშებით.
დ ღ ე ს
დღევანდელ სინამდვილეში „ცისფერი ყანწელები“ როგორც ლიტერატურული მიმართულება აღარ არსებობს. არის მხოლოდ თანამგზავრული ხაზი, რომელიც პიროვნულ იერს უფრო ატარებს, ვინემ ჯგუფურს, დაღუპვის და საბოლოო განადგურების პროცესი ვერ შეაჩერა უცხოეთიდან მოშველებულ, გასაახალგაზრდავებელ რეცეპტებმა, რაც იყო ექსპრესიონიზმით მორიგი გატაცება და რღვევის ბაცილებით გამოხრულ იმაჟენიზმის მონური გავლენა, თვითმიზნური სახეების სიჭარბით. ძირეულად ამოგდებული უნდა იქნეს დეკადანსის ტრადიციებით გაბრჯნილი კლასობრივ ლიტერატურული გემოვნება და აქედან რევოლუციონური ყოფის ფსიქიკა განთავისუფლდეს ამ კოშმარული ატმოსფეროს ოდნავი დაწოლიდანაც კი.
შეუსაბამო და არა ორგანიულია თანადროულობისათვის წარმავალ კლასის სულიერი ნალექი. უაზრო და შეუფერებელია, ქრისტიანულ ორდენის, ეროტომანიული ნისლით და დეკადენტური ერთგულებით შექმნილი პოეზია.
საჭიროა ამ თაობიდან დატოვებული და უახლოეს აწმყოში შექმნილი ლიტერატურული მემკვიდრეობის ნამდვილი რაობის გამოაშკარავება და მისი თანადროულ სინამდვილეში არსებობისა და გავლენის აღკვეთით ისტორიისათვის გადაბარება.
1933 წ.
[1] „ცისფერი ყანწელები“ ლიტერატურულ ასპარეზზე პირველად გამოვიდნენ ქ. ქუთაისში (ავტორის შენიშვნა).
[2] ამ მიმართულების სიახლის შესახებ ჯერ კიდევ კიტა აბაშიძე უმტკიცებდა „ცისფერ ყანწელებს“, რომ ისინი არავითარი ახალი სიტყვის მთქმელი და ლიტერატურის შემქმნელნი არ არიან საქართველოში და მხოლოდ „ნეო რომანტიზმის“ რეალიზმს დაპირდაპირებულ სალიტერატურო მიმართულების ერთ-ერთი სახეა. კიტა აბაშიძე არც ფორმის მხრივ აკუთვნებდა მათ სიახლეს და „პრომეთეში“ მოთავსებულ კ. გამსახურდიას სონეტებს უფრო მაღლა აყენებდა, როგორც ფორმით ისე შინაარსით, ვიდრე „ცისფერ ყანწებში“ დაბეჭდილთ (ავტორის შენიშვნა).
ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: ბ. ბუაჩიძე, კრიტიკული წერილების კრებული, სახელმწიფო გამომცემლობა ‘საბჭოთა საქართველო’, 1960.