საბა კოხრეიძე – „რომანის თეორია“  და  ტოტალობა

  გეორგ ლუკაჩის ადრეული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად „რომანის თეორია“ უნდა ჩაითვალოს, თუმცა თავად ავტორს გადაწყვეტილი ჰქონდა,  ხსენებული ტექსტი მხოლოდ ფიოდორ დოსტოევკისადმი მიძღვნილი ნაშრომის შესავალი ყოფილიყო. როგორც თავად უნგრელი ფილოსოფოსი მოგვიანებით იტყვის, „რომანის თეორია“ კანტიანური ფილოსოფიიდან ჰეგელიანურ ფილოსოფიაზე გადასვლა გახლდათ, რაც, პირველ რიგში, გამოიხატებოდა დროის მიღმა მყოფი ფორმის, ესთეტიკის ისტორიულ კატეგორიებად გარდაქმნით. წიგნის პირველი ნაწილი, მაგალითად, ეპიკური ტოტალობისა და დრამის შედარებაა, სხვა სიტყვებით, ეპიკურობისა და რომანის ისტორიულ-ფილოსოფიური მოხელთება. თუმცა, ამასთან ერთად, „რომანის თეორიის“ ავტორი არ ყოფილა ორთოდოქსი ჰეგელიანელი, არამედ მასში უფრო გოეთეს გვიანდელი პერიოდი და ახალგაზრდა შილერის ესთეტიკური თეორიები გამოსჭვიოდა, რაც ზოგად ჰეგელიანურ კონტურებს[1] ავსებდა და აკონკრეტებდა. „რომანის თეორიაში“ ლუკაჩის მთავარი მიზანი ლიტერატურულ ჟანრებში დიალექტიკის აღმოჩენა იყო, რომელიც ესთეტიკური კატეგორიებისა და ლიტერატურული ფორმების არსებით ბუნებას დაეფუძნებოდა, რომელშიც კატეგორიებსა და ისტორიას შორის შინაგანი კავშირი მყარდება. ლუკაჩის თქმით, მან სწორედ ეს შინაგანი კავშირი აღმოაჩინა ჰეგელთან. ავტორი ეცადა პერმანენტული ცვლილებები გონებით განეჭვრიტა. მაგრამ, ამასთან, ეს მეთოდი, დიდწილად, აბსტრაქტული რჩებოდა. ბევრი მიმართულებით, ლუკაჩი დაშორდა კონკრეტულ სოციალურ-ისტორიულ სინამდვილეს. მიუხედავად ამისა, „რომანის თეორია“ მაინც გამოხატავს იმ პერიოდის სასოწარკვეთილ განწყობას, იმ სასოწარკვეთას ევროპის კონტინენტზე რომ გაედგა ფესვი, რომელიც, მეტწილად პირველ მსოფლიო ომს უნდა მივაწეროთ. ომმა ევროპულ ინტელექტუალურ წრეებს სრული ნიჰილიზმი მოჰგვარა. ეს კარგად ჩანს  ლუკაჩის ნაშრომში,  რომელშიც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ.

 „რომანის თეორიაში“ ავტორი ცდილობს ლიტერატურის კატეგორიებს შემდეგნაირად მიუდგეს – მათი ფორმა განიხილოს, როგორც ოპოზიცია არსსა (Wesen) და ცხოვრებას, ან აზრობრიობასა და ყოველდღიური უხეში მატერიების არსებობას შორის. შეიძლება ითქვას, თუკი ჰეგელთან ისტორიული გონი საფეხურებრივად, თანდათანობით მიდის აბსოლუტურ ცოდნამდე და თუკი აქ ისტორიის განვითარება პროგრესული ხაზით მიემართება, ლუკაჩთან ყველაზე სრულყოფილი გამოვლენა ისტორიული გონისა ეპოსის ეპოქას მიეწერება.[2]

  ლიტერატურის პირველი ფორმა და რომანის წინამორბედი/წინაპარი, ლუკაჩის მიხედვით, სწორედ ძველი ბერძნული დიდი ეპოსია, რომელიც ჰომეროსიდან იღებს სათავეს. ლუკაჩს, ეპოსზე საუბრისას, მხედველობაში აქვს „ილიადა“ და „ოდისეა“. ჰომეროსის შრომები არ არის მხოლოდ ეპოსი, რადგან მან პასუხი მანამ იპოვა, სანამ ადამიანური გონების პროგრესი ისტორიაში კითხვის დასმას შეძლებდა.[3] ლუკაჩთან ისტორიის პირველი საფეხური და ასევე ეპოქა, რომელსაც ოქროს ხანა უნდა ეწოდოს, ძველი საბერძნეთია: „ბედნიერი იყო ის დროება, როდესაც ცაზე ვარსკვლავები  თითოეული შესაძლებელი გზის რუკას წარმოადგენდა – დროება, როდესაც ამ გზებს ვარსკვლავების სინათლე ანათებდა. ყველაფერი ამ ეპოქაში იყო ახალი და ჯერ კიდევ ახლობელი, არ იყო ვრცელი და ჯერ კიდევ სახლს გავდა.“[4]  იმ პერიოდში, რომელსაც ჰომოგენური სამყარო უნდა ეწოდოს, არ არსებობს განსხვავება ადამიანსა და მის გარეთ არსებულ სამყაროს შორის, ასევე არ არსებობს უფსკრული „მე“-სა და „შენ“-ს შორს. ეს არის დროება, როდესაც ცხოვრების საფუძველი ტოტალობაა. ტოტალობის პოზიტიური მნიშვნელობა ის არის, რომ ინდივიდუალური ფენომენის სინამდვილე თავისთავში რაღაც დახურულს/დასრულებულს გულისხმობს, რომელიც შეიძლება სრულყოფილი იყოს, რადგან მასში ყველაფერი სრულყოფილად მოსჩანს. ყოფნის ტოტალობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი ჰომოგენურია, სანამ ტოტალობა შეძლებს ფორმის პოვნას, მის მიღებას და სადაც ფორმა შემზღუდველი კი არ არის, არამედ ის მხოლოდ ცნობიერებაა.[5] ლუკაჩისთვის მსგავსი მდგომარეობა გულისხმობს სახლში ყოფნას ყველგან, რაც ნოვალისის ცნობილი გამოთქმის „ფილოსოფია სინამდვილეში სახლის მონატრებაა, ეს არის მიდრეკილება, ყველგან შინ იყო“-ს ანალოგიაა.

   ბერძნული ეპოსის ფორმა ლიტერატურაში ის საფეხურია, რომელიც ყველაზე განვითარებულია და სადაც მისი საზრისი ან არსი ჯერ კიდევ ყოფის/ცხოვრების იმანენტურია. მაგრამ უტოპიური სამყაროს შემდგომ, სადაც არსი და ცხოვრება (ყოფნა) ერთია, იწყება ჩამოშლა და ნგრევა. ეპოსისგან განსხვავებული პირველი ესთეტიკური ფორმა, რაც ბერძნებშივე ჩნდება, არის ტრაგედია. ტრაგედია სწორედ არსის/აზრის და ცხოვრების/ყოფნის ერთმანეთთან დაპირისპირებად, მათ შორის არსებულ ნაპრალს გულისხმობს. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ტრაგედიის კრიზისის მომენტში ემთხვევიან, როდესაც გმირის წამიერი აგონიურობა ცხოვრებისადმი მის აბსოლუტურ მოთხოვნად იქცევა. მისი მიზანი, იმ უაზრო გარეგანი სამყაროს ნგრევა ხდება, რომელიც მასვე უარყოფს. ეპოსისგან განსხვავებით, რომელშიც დასაწყისი და დასასრული არ არსებობს, ტრაგედია მხოლოდ წამიერ კრიზისს ითვალისწინებს.  

    „რომანის თეორიაში“ ბერძნული ხელოვნების მესამე საფეხურია პლატონური ფილოსოფია, რა დროსაც ყოველდღიურობაში არსებული უხეში მატერიის ღირებულება დაიკარგა. მხოლოდ იდეების, წმინდა გონებრივი სამეფო გამოხატავს საკუთარ თავს. ჯეიმსონის აზრით, ლუკაჩისა და ჰეგელის პოზიციებში ბევრია საერთო მომენტი, თუმცა გვხვდება ბერძნებთან მიმართებით განსხვავებებსაც ვაწყდებით. ცხადია, რომ „ესთეტიკაში“ ჰეგელი ბერძნებს ისეთ ღირებულებას არ ანიჭებს, როგორსაც ლუკაჩი შესძენს მათ. მაგრამ გერმანელი ფილოსოფოსი დასავლური ხელოვნების ისტორიას ზოგად ხაზებში უმზერს, როგორც ორიენტალური ხელოვნების ფორმის სიმბოლურ ფორმაში გადასვლას. ჰეგელთან, საწყის პერიოდში, სული ჯერ კიდევ შეპყრობილია მატერიის მიერ. ეგვიპტისა და ასურეთის მონსტრული ფორმებიდან თანამედროვე საზოგადოებამდე გონი ისე პროგრესირებს, რომ წმინდა გონება საკუთარი თავის გამოხატვას, თანდათანობით, შესაბამის, კონკრეტულ ენაზე იწყებს. ლუკაჩთან კი მსვლელობა საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობს, თხრობა აბსოლუტიდან იწყება და გაუარესებისკენ/რეგრესული ხაზით მიდის.[6] ეპოსის თანდათანობითი შეუძლებლობა იგივეა, რაც „ეპიკური სამყარო, რომელიც ღმერთმა მიატოვა.“ [7] პარკინსონის აზრით, ჰეგელსა და ლუკაჩს შორის მსგავსების მიუხედავად, მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს: ჰეგელი თავისი Aufhebung-ის მეთოდით არა მარტო უარყოფს ადრეულ საფეხურებს, არამედ ასევე ინახავს მათგან იმას, რაც მათში რაციონალურია. ჰეგელი აზროვნების განვითარებას უყურებს ტრიადულად, სადაც მესამე არის სინთეზი. „რომანის თეორიაში“ არ ჩანს ლიტერატურის ისტორიის მსგავსი განვითარება. პარკინსონი „რომანის თეორიას“ უფრო იმდროინდელ გერმანულ აზროვნებაში ტრენდულ Geisteswissenschaften-ს უკავშირებს, ვიდრე ჰეგელს. ამის მაგალითად პარკინსონს მოჰყავს თვითონ ლუკაჩის უფრო გვიანდელი მოსაზრება, რომელიც „რომანის თეორიას“ მისი ნაკლოვანებების გამო უარყოფს. ლუკაჩი ამ ტექსტის 1962 წლის წინასიტყვაობაში წერს, რომ მასთან ლიტერატურული ფორმის მოძრაობა ინტუიტიური იყო. მის ძირითად ფილოსოფიურ გეზს წარმოადგენდა ინდივიდუალური ფენომენების ახსნა მათი განზოგადებებით. „რომანის თეორია“ კი იყო აბსტრაქტული და ზოგადი.[8] ლუკაჩი ასევე აღნიშნავს იმ განსაკუთრებულ ზეგავლენას, რომელიც მასზე დილთაის წიგნმა, „სიცოცხლის გამოცდილება და ლიტერატურა“, იქონია.

    თუმცა, ჰეგელსა და ლუკაჩს ეპოსთან მიმართებით უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე – საპირისპირო. ლუკაჩთან ეპოსის ტოტალობა მსგავსია იმისა, რასაც ჰეგელი ზოგადად პოეზიის შესახებ ამბობს, რომ ტოტალობა არ უნდა შეიზღუდოს მისი მატერიის ცალმხრივობით. პოეზიას, მისი სპეციფიკური ფორმით, აქვს არტისტული ქმნილების სხვადასხვა სახე (მათ შორის  მოიხსენიება ეპოსიც): „პოეზია წარმოადგენს ჩვენი წარმოსახვის სულიერი სამყაროს განვითარებულ ტოტალობას”.[9] ასევე, ჰეგელი, ლუკაჩის მსგავსად, ეპოსს ხელოვნების ერთადერთ პროდუქტს უწოდებს, რომელიც მთლიან სამყაროს აღწერს, სრულყოფილს თავის თავში, რომელშიც მოქმედება მთლიანი წრეა.[10] ჰომეროსი, ჰეგელის შეხედულებით ისე საუბრობს, როგორც სამყაროში სახლში მყოფი, რომელშიც ყველა სხვა ასევე სახლში იმყოფება.[11]

 „რომანის თეორიის“ მეორე ნაწილში, ლუკაჩი რომანის ფორმებს უკვე ტიპებად ყოფს და ამასთან ერთად, სხვადასხვა მწერალსა თუ რომანისტს ამ ტიპების კატეგორიებში აქცევს. უნგრელი მოაზროვნე დაყოფის მარტივ პრინციპებს იძლევა:  მისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული სულის ვიწროდ ან ფართოდ დაყოფაა, ვიდრე გარეგანი სამყაროს კატეგორიებში მოქცევა. გარეგანი სამყარო, ლუკაჩის მიხედვით, ზედმეტად დიდია სულისთვის; ადამიანს უჭირს მთელი სამყაროს გაგაგება და გააზრება. მარტოსულობა, ღვთისგან მიტოვებულად თავის გრძნობა,  რომანის ფორმისთვის ტიპურია. ლუკაჩისთვის ვიწრო სული, ამავდროულად, ფანატიკურიც არის, როდესაც ადამიანი აკვიატებას შეუპყრია. სერვანტესის „დონ კიხოტი“ ლუკაჩისთვის პარადიგმულია ისეთ რომანებთან მიმართებით, რომელშიც ადამიანი ფიქრობს, თუ რა სურს და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად. მისი ვიწრო იდეა არის მთლიანი რეალობა, რომელიც მან უნდა განახორციელოს. ლუკაჩისთვის „დონ კიხოტი“ რომანის დაბადების მომენტია. ესთეტიკის კატეგორიების ისტორიზაცია „დონ კიხოტთან“ მიმართებით გამომდინარეობს იქედან, რომ შუასაუკუნეობრივი სარაინდო რომანების საფუძველი რელიგიაში, ტრანსცენდენტურ არსში იყო. სერვანტესმა კი გზა გახსნა რომანის ფორმისკენ. „დონ კიხოტის“ იდეა კარგად ჩანს მაშინ, როდესაც მას  ფანატიკურად სწამს და, ამავდროულად, აკლია რეალობის განხორციელების ყველანაირი შესაძლებლობა.[12] ბერნშტაინის აზრით, ლუკაჩი „დონ კიხოტში“ ხედავს რომანის „კოპერნიკისეულ გადატრიალებას“. ლუკაჩის სტრატეგია ნაშრომის მეორე ნაწილში დონ კიხოტის პერსონაჟის მეშვეობით რომანის სპეციფიკურობის ჰერმენევტიკული განსაზღვრაა. ლუკაჩი, ამ შემთხვევაში, იდეალური ტიპაჟის შესაქმნელად იღებს არა ისტორიულ, არამედ ნეო-კანტიანურ მეთოდოლოგიას. ამასთან ერთად, ბერნშტაინი თვლის, რომ „დონ კიხოტი“ არ არის რომანი, რადგან ის უგულებელყოფს რომანის აღიარებულ ისტორიულ განვითარებას.

 ლუკაჩი ტექსტს ორი მნიშნელოვანი მწერალ-რომანისტის, გოეთესა და ტოლსტოის, მიმოხილვით აგრძელებს. მისი თქმით, გოეთეს „ვილჰემ მაისტერი“ არის რომანის ორი ძირითადი ტიპის სინთეზისა და, ასევე, ქმედებასა და მჭვრეტელობას შორის ბალანსის პოვნის მცდელობა. ტოლსტოისთან კი ევროპული რომანტიზმის დასასრულია. რუსი მწერლის ტექსტებში, იმ დიდ მომენტში, როდესაც ანდრეი ბოლკონსკი იჭრება აუსტერლიცში, ადამიანს თვალწინ ეშლება რეალობა. შესაბამისად, ტოლსტოისთან ჩანს ფორმის ზრდა ტოტალობამდე, რომელიც რომანის ფორმის კატეგორიებთან შეუსაბამოა, რაც თავისთავში მოითხოვს უკვე ეპიკურ, ახალ ფორმას. ეს არის ახალი სამყარო, რომელშიც ადამიანი არსებობს, როგორც ადამიანი და არა როგორც სოციალური არსება. მსგავსი არსებობა შექმნიდა ახალ ტოტალობას, ახალ მთლიანობას, რომელიც რეალობის განფენილობას და დაყოფადობას გადალახავდა. მაგრამ გარდაქმნა შეუძლებელია ხელოვნების ფორმით. რომანი წარმოადგენს სპეციფიკურ პერიოდს, ხოლო ეს ფორმა ლუკაჩის მიხედვით არის „აბსოლუტური ცოდვის ეპოქა“ და ეს ასე იქნება მანამ,  სანამ არსებული დომინანტური ფორმები იარსებებს. „აბსოლუტური ცოდვის ეპოქა“ ფიხტესგან არის აღებული, რომელიც კაცობრიობის მდგომარეობას სხვადასხვა ეტაპად ყოფს: 1) უცოდველი კაცობრიობის მდგომარეობა, 2) მოხსნილი ცოდვების მდგომარეობა, 3) აბსოლუტური ცოდვის მდგომარეობა, 4) გასამართლების მდგომარეობა, 5) აბსოლუტურად გამართლებული და განწმენდილი მდგომარეობა.[13] მაგრამ ლუკაჩთან ფიხტეს „აბსოლუტური ცოდვის ეპოქა“, როგორც იდეალისტური ფორმულირება, ფიხტეს მიხედვით არ უნდა გავიგოთ. ლუკაჩისთვის მსგავსი მდგომარეობა ახალ სამყაროსთან მიმართებას გულისხმობს. „რომანის თეორიაში“ რომანი არის პოლემიკური, ნოსტალგიური და აბსტრაქტული ფორმა, რომელშიც ყოველთვის ჩანს ტოტალობის სურვილი, მაგრამ სურვილი სურვილად რჩება. ეთიკური ნორმატიულობა, რომელსაც ლუკაჩი რომანში პოულობს, არის ტექნიკური თვისება, რათა სუბიექტის და ობიექტის გამიჯნული მნიშვნელობა პერსპექტივასთან საუკეთესოდ იქნას დაკავშირებული. პერსპექტივიზმი კი შემმეცნებელ ინდივიდს აშორებს სამყაროსგან.[14] რომანში ნებისმიერი მცდელობა, გადმოიცეს უტოპიურობა, ყოველთვის დაანგრევს რომანის ფორმას და თან ვერ შექმნის რეალობას.

 ლუკაჩის და ჰეგელის პოზიცია რომანთან მიმართებითაც ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ, ამასთან ერთად, თვალსაჩინოა მათი განსხვავებებიც. ჰეგელის აზრით, თანამედროვე ბურჟუაზიულ ეპოსი (die moderne bürgerliche Epopoë) მდიდარია ინტერესებით, სიტუაციებით, პერსონაჟებითა და იმ ურთიერთობებით, რომლითაც პერსონაჟები ჩართულები არიან ცხოვრებაში. მაგრამ მასში დაკარგულია ზოგადი პოეტური სიტუაცია, რა დროსაც ეპოსი განგრძობადი ხდება. რომანტიზმი, თანამედროვე თვალსაზრისით, გულისხმობს სამყაროს, სადაც პროზაული წესრიგი არსებობს.[15] ტერი იგლტონის თქმით, ლუკაჩი ეთანხმება ჰეგელის ხედვას რომანის შესახებ – რომანს, როგორც „ბურჟუაზიულ ეპოსს“, მაგრამ ეს ეპოსი წინააღმდეგობაშია მის კლასიკურ წინაპართან, რადგან მასში ჩანს მუდმივი მიუსაფრობა და ადამიანის გაუცხოება.[16]

   ლუკაჩისთვის, ტოლსტოისთან ვხვდებით მხოლოდ ახალ ეპოქასთან მიახლოებას, ხოლო დოსტოევსკისთან ახალი სამყარო თვალშისაცემ ეპოქად მოჩანს. ლუკაჩის თქმით, დოსტოევსკი არ წერდა რომანებს, რადგან ისინი, როგორც რომანები, წარუმატებელი იყვნენ. შესაძლოა, ისინი კიდეც ყოფილიყვნენ რომანები, მაგრამ ეს ტექსტები, უფრო მეტად, სამყაროს აჩვენებენ, განსხვავებულად, ვიდრე არსებული,  „აბსოლუტური ცოდვის ეპოქაა“. ჯეიმსონის თქმით, როცა ლუკაჩი ტექსტის ბოლოს საუბრობს ეპოსში რომანის გარდაქმნაზე, ეს არის არა რომანისტის სურვილი, არამედ მისი საზოგადოებისა და სამყაროს გარდაქმნა. ეპოსის განახლება ვერ მოხდება, სანამ სამყარო თავად არ გარდაიქმნება. ტექსტის ბოლოს დოსტოევსკის შესახებ მისი კომენტარი, რომ მან ტოტალურად ადამიანური უტოპია შემოიტანა, უნდა გავიგოთ, როგორც წინასწარი ვარაუდი და არა ფორმალური ანალიზი.[17]


[1] Lukacs Georg, 1971, Theory of Novel, A Historic-Philosophical essay on the forms of Great epic Literature, The Merlin Press, გვ. 14.

[2] Parkinson G.H.R, 1977, Georg Lukacs, Routledge & Kegan Paul Ltd., London, გვ. 25.

[3] Lukacs Georg, 1971, Theory of Novel, A Historico-Philosophical essay on the forms of Great epic Literature, გვ. 31.

[4] იქვე, გვ. 29.

[5] იქვე, გვ. 34.

[6] Jameson Fredric, 1971, Marxism and Form, Twentieth-Century Dialectical Theories of Literature, Princeton University Press, New York, გვ. 171.

[7]  Lukacs Georg, 1971, Theory of Novel, გვ. 87.

[8] Parkinson G.H.R, 1977, Georg Lukacs, გვ.  33.

[9] Hegel G.W.F, 1975, Aesthetics, Lectures on Fine Art, Volume II , Oxford, at the Clarendon Press, გვ.1037

[10] იქვე, გვ. 1087-1088.

[11] იქვე, გვ. 1048.

[12] Parkinson G.H.R, 1977, Georg Lukacs, გვ. 27.

[13] Rohs Peter, 1991, Johann Gottlieb Fichte, Verlag C.H .Beck, გვ. 144.

[14] Bewes Timoty Timothy Hall, 2011, Georg Lukacs Fundamental Dissonance of Existence, Aesthetics, Politics, Literature, Continuum, გვ. 39.

[15] Hegel G.W.F, 1975, Aesthetics, Lectures on Fine Art, Volume II, გვ. 1092.

[16] Eagleton Terry, 2002, Marxism and Literature, Routledge Classics, London and New York, გვ. 25.

[17]  Jameson Fredric, 1971, Marxism and Form, Twentieth-Century Dialectical Theories of Literature, გვ. 178.