კარლ მარქსი – ფილოსოფიის სიღატაკე (შვიდი შენიშვნა)

კ. მარქსის ნაშრომთაგან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე, რომელიც იდეათა ისტორიამ, ერთი შეხედვით, მეორე პლანზე გადაისროლა, მარგინალიაზე მიჩქმალა, თუმცა მარქსისტული აზრის და მსოფლხედვის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ მივიწყებული ფრაგმენტები ხელახლა გამოამზეუროს და კვლავ გამოიტანოს განმსჯელი გონების წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ 1847 წელს გამოცემული ნაშრომი, „ფილოსოფიის სიღატაკე“, ამ შედარებით არაპოპულარული ტექსტების რიგშია. ხსენებული ნაშრომი მიმართულია ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – პრუდონის წინააღმდეგ. მარქსი პრუდონს ჯერ კიდევ 1844 წელს გაეცნო პარიზში. ურთიერთობის პროცესში თანდათანობით მომწიფდა მათ შორის უთანხმოება. დაპირისპირებამ კი პიკს მიაღწია 1846 წელს პრუდონის ნაშრომის – „ეკონომიურ წინააღმდეგობათა სისტემა, ანუ სიღატაკის ფილოსოფია“ – გამოცემისას. აქ პრუდონი ეკონომიკის დარგში გამოდიოდა წვრილი საკუთრების დამცველად, პოლიტიკის სფეროში ქადაგებდა უხელისუფლებობას, ის უარყოფდა კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობას კაპიტალიზმის დამხობის მიზნით, და, მაშასადამე არც ცნობდა პროლეტარიატის გამათავისუფლებელ პოლიტიკურ მისიას.

   მარქსის წინამდებარე ტექსტი (ნაწყვეტი) სწორედ პრუდონის ნაშრომზე გამოპასუხებაა. მარქსის აზრით, პრუდონი ვერ გვიხსნის ეკონომიკურ წინააღმდეგობათა სისტემას, იგი გვარწმუნებს არა სიღატაკის ფილოსოფიაში, არამედ იმაში, თუ რამდენად ღატაკია მისი ფილოსოფია ეკონომიკურ წინააღმდეგობათა ასახსნელად.

   მიუხედავად იმისა, რომ პრუდონს სურდა იმდროინდელი ეკონომისტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეკონომიკური კატეგორიები მარადიულად და ურყევად მიაჩნდათ, აეხსნა ეკონომიკური კატეგორიების წარმოშობის აქტი, მისი ცდა აბსტრაქტული და უნაყოფო აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის არის, რომ პრუდონი ეკონომიკური კატეგორიების წყაროდ სახავდა არა ობიექტურ, რეალურ ეკონომიკურ ურთიერთობებს, არამედ მითიურ გონებას. მარქსი მიუთითებს, რომ პრუდონამდე დიდი ხნით ადრე ისტორიის, რელიგიის და სხვ. ასახსნელად ასევე იქცეოდა ჰეგელი. ჰეგელის ეს აბსტრაქტული მეთოდი, გონების გააბსოლუტება და ყოველგვარი წინააღმდეგობის, ისტორიის მსვლელობის მისგან გამოყვანა, პრუდონმა პოლიტიკურ ეკონომიას მიუყენა. შესაბამისად, პრუდონს არ ესმის ლოგიკურისა და ისტორიულის  რეალური კავშირი, მათი ერთიანობა და ამ ერთიანობის საფუძველი. ლოგიკური სხვა არაფერია, თუ არა ისტორიულის, განვითარების პრცოესში ფაქტიურად მოცემულის ცნებითი გამოხატვა. სწორედ ეს დაშვებაა სახელმძღვანელო ძაფი იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ რაკი ეკონომიკური კატეგორიები რეალურ საზოგდოებრივ ურთიერთობებს ასახავენ, ეს უკანასკნელნი კი ცვალებადნი არიან, ისტორიული და გარდამავალია თვით ეკონომიკური კარგორიებიც. შეცვლილ საზოგადოებრივ ურთიერთობებს შეცვლილი პრინციპები, იდეები და კატეგორიები შეესაბამებიან.

    მარქსმა თავისი შეხედულებები პრუდონის (ჰეგელის) მეთოდის შესახებ შვიდ შენიშვნად დააჯგუფა. ამ შენიშვნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მარქსთან დიალექტიკური მეთოდის გაგებისათვის. ჩვენ სწორედ ამ შვიდ შენიშვნას წარმოგიდგენთ, რომელიც „ფილოსოფიის სიღატაკის“ მხოლოდ ნაწყვეტს და მის ერთ მცირე მონაკვეთს შეადგენს.

 აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკა

S 1. მეთოდი

ახლა ჩვენ შიგ გერმანიაში ვართ! პოლიტიკურ ეკონომიაზე მსჯელობისას ჩვენ იმავე დროს მეტაფიზიკაზე უნდა ვიმსჯელოთ. და აქაც ჩვენ მხოლოდ მივყვებით ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს „წინააღმდეგობებს“. მან ეს არის გვაიძულა ინგლისურად გველაპარაკნა, რამდენადმე ინგლისელიც გავმხდარვიყავით. ახლა სცენა იცვლება. ბ-ნ პრუდონს გადავყევართ ჩვენს ძვირფას სამშობლოში და გვაიძულებს გერმანელად გადვიქცეთ, — ჩვენი სურვილის წინააღმდეგ.

   თუ ინგლისელი ადამიანებს ქუდებად გარდაქმნის, გერმანელი ქუდებს იდეებად გარდაქმნის. ინგლისელი — რ ი კ ა რ დ ო ა, მდიდარი ბანკირი და გამოჩენილი ეკონომისტი; გერმანელი — ჰ ე გ ე ლ ი ა, უბრალო პროფესორი ფილოსოფიისა ბერლინის უნივერსიტეტში.

   ლუი მე-XV-ს, უკანასკნელ აბსოლუტურ მეფეს, რომელიც საფრანგეთის მონარქიის დაცემის წარმომადგენელია, ჰყავდა სატახტო ექიმი, რომელიც საფრანგეთის პირველი ეკონომისტი იყო. ეს ექიმი, ეს ეკონომისტი წარმომადგენელი იყო საფრანგეთის ბურჟუაზიის ახლობელი და უცილობელი ძლევამოსილობისა. დოქტორ კენემ (Que Say) მეცნიერებად გახადა პოლიტიკური ეკონომია; მან ამის რეზიუმე მოგვცა თავის განთქმულ „Tableau économique“-ში. გარდა ათას-ერთი კომენტარისა, რომელიც ამ „Tableau“-ს შესახებ დაწერილა, ჩვენ გვაქვს ერთი კომენტარი თვით დოქტორ კენესი. ეს არის „L’Analyse du tableau économique“, რომელსაც დართული აქვს შვიდი მნიშვნელოვანი შენიშვნა“.

   ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი მეორე დოქტორი კენეა. იგია კენე პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკისა.

   მაგრამ მეტაფიზიკა, მთელი ფილოსოფია, ჰ ე გ ე ლ ი ს აზრით, გამოისახება მეთოდში. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ გავაშუქოთ ბ-ნი პრუდონის მეთოდი, რომელიც „Tableau économique“-ზე ნაკლებ ბუნდოვანი არ არის. ამისათვის ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მეტ-ნაკლებ მნიშვნელოვან შენიშვნას. თუ ბ-ნი პრუდონი ჩვენი შენიშვნებით კმაყოფილი არ იქნება, მას შეუძლია აბატ ბ ო  დ ო ს (Baudeau) წაჰბაძოს და დასწეროს „ეკონომიურ-მეტაფიზიკური მეთოდის განმარტება“.

პ ი რ ვ ე ლ ი     შ ე ნ ი შ ვ ნ ა

„ჩვენ არ ვიძლევით ისტორიას დროის რიგის მიხედვით, არამედ — ი დ ე ე ბ ი ს თანამიმდევრობის მიხედვით. ეკონომიური ფაზები ანუ კატეგორიები ხან თანამედროვეა თავიანთი გამოხატულებით, ხანაც არეული რიგისა არის… მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომიურ თეორიებს აქვს მაინც ლ ო გ ი კ უ რ ი    თ ა ნ ა მ ი მ დ ე ვ რ ო ბ ა   დ ა    დ ა მ წ კ რ ი ვ ე ბ ა     გ ო ნ ე ბ ა შ ი, აი, ეს რიგი, — ვიმედოვნებთ სიამოვნებით, — ჩვენ მიერ არის აღმოჩენილი (პრუდონი, ტ. 1, გვ. 146)

   ჭეშმარიტად, ბ-ნ პრუდონს ფრანგების დაშინება სურდა, როდესაც მათ ვითომდა ჰეგელის ფრაზები სახეში მიაყარა. ჩვენ საქმე გვაქვს, ამრიგად, ორ ადამიანთან: ჯერ ბ-ნ პრუდონთან და მერე ჰეველთან. რით განირჩევა ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი სხვა ეკონიმისტებისაგან? და რა როლს ასრულებს ჰ ე გ ე ლი  ბ ა ტ ო ნ ი   პ რ უ დ ო ნ ი ს –  პოლიტიკურ ეკონომიაში?

   ეკონომისტები ბურჟუაზიული წარმოების ურთიერთობათ, შრომის დანაწილებას, კრედიტს, ფულს და სხვ., სახავენ მტკიცე, ურყევ, მარადიულ კატეგორიებად. ბ-ნ პრუდონს, რომელსაც წინ აქვს ეს მზამზარეული კატეგორიები, სურს აგვიხსნას ამ კატეგორიების, პრინციპების, კანონების, იდეების, აზრების შექმნის აქტი, აგვიხსნას მათი წარმოშობა.

   ეკონომისტები გაგვიმარტავენ, თუ როგორ ხდება მოცემულ ურთიერთობათა პირობებში წარმოება, მაგრამ არ გაგვიმარტავენ, თუ როგორ ხდება თვით ამ ურთიერთობათა წარმოება, ე. ი. არ გაგვიმარტავენ იმ ისტორიულ მოძრაობას, რომელიც მათ წარმოშობს. ბ-ნ პრუდონს, რომელსაც ეს ურთიერთობანი მიჩნეული აქვს პრინციპებად, კატეგორიებად, აბსტრაქტულ აზრებად, მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ რიგზე დააწყოს ეს აზრები, რომლებიც ანბანზე დალაგებული მოიპოვება პოლიტიკური ეკონომიის ყოველი ტრაქტატის ბოლოში. ეკონომისტების მასალას შეადგენს მოძრავი და მოქმედი ცხოვრება ადამიანთა: ბ-ნი პრუდონის მასალას შეადგენს დოგმები ეკონომისტთა. მაგრამ როდესაც ჩვენ მხედველობის გარეშე ვტოვებთ საწარმოო ურთიერთობათ, რომელთა მიმართ კატეგორიები მარტოოდენ თეორიულ გამოსახულებას წარმოადგენს; როდესაც ჩვენ ამ კატეგორიებში მხოლოდ თვითწარმომდგარ იდეებს, რეალური უროიერთობათაგან დამოუკიდებელ აზრებს ვხედავთ, მაშინ იძულებული ვხდებით ამ აზრების სათავედ, წმინდა გონების მოძრაობა დავსახოთ. როგორ წარმოშობს ამ აზრებს წმინდა, მარადიული, უპიროვნო გონება? რა გზით, წარმოშობს იგი მათ?

   ჰეგელიანობის საკითხებში რომ ჩვენ ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს გამბედაობა გვქონდეს, ვიტყოდით წმინდა გონება განირჩევა თავისში თავის თავისაგან. რას ნიშნავს ეს? რადგან უპიროვნო გონებას თავის გარეშე არა აქვს არც ნიადაგი, რომელზედაც შეიძლება დადგეს, არც ობიექტი, რომელსაც შეიძლება წინაღუდგეს, არც სუბიექტი, რომელსაც შეიძლება შეუერთდეს, ამიტომ იგი იძულებულია ნახტომები აკეთოს, თვით დადგინდეს, თავის თავს წინ აღუდგეს და თავის თავს შეუერთდეს. ესაა: მდგომარეობა, წინაღმდგომარეობა და შედგენილობა, ანუ ბერძნულად – თეზისი, ანტითეზისი და სინთეზი. იმ მკითხველებისათვის, რომელთაც ჰ ე გ ე ლ ი ს ენა არ იციან, ჩვენ გავაღებთ იდუმალ ფორმულას, ეს არის: მტკიცყოფა, უარყოფა და უარყოფის უარყოფა. აი, რას ნიშნავს ის სიტყვები. ეს არ არის, რასაკვირველია, ებრაული ენა, თუ ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ც დაგვეთანხმება; მაგრამ იგია ინდივიდუუმისაგან განცალკევებული წმინდა გონების ენა. ჩვეულებრივი ინდივიდუუმის და მისი ლაპარაკისა და აზროვნების ჩვეულებრივი მანერის მაგივრად ჩვენ გვაქვს აქ მარტოოდენ ეს ჩვეულებრივი მანერა მისი წშინდა სახით, – უინდივიდუუმოდ.

    განა საკვირველია, რომ ყოველი საგანი, საბოლოო აბსტრაქციით, — ვინაიდან აქ არის აბსტრაქცია და არა ანალიზი, გვევლინება როგორც ლოგიკური კატეგორია? განა საკვირველია, რომ, როდესაც თანდათან განვარიდებთ ყველაფერს, რაც სახლის ინდივიდუალობას შეადგენს, როდესაც მხედველობის გარეშე ვტოვებთ მასალას, რომლისგანაც სახლი შესდგება, ფორმას, რომელიც მას განასხვავებს, ბოლოს ჩვენს წინ მარტოოდენ სხეული რჩება, — რომ, როდესაც მხედველობაში არ ვიღებთ ამ სხეულის მოხაზულობას, გვრჩება მხოლოდ სივრცე, – რომ, როდესაც, დასასრულ, სივრცის მოცულობასაც განვირიდებთ, დაგვრჩება მხოლოდ რაოდენობა წმინდა სახით, კატეგორია ლოგიკური? თუ ასე თანდათანობით აბსტრაქციასვყოფთ ყოველი სუბიექტისას, ყველა მის, ვითომდა შემთხვევითი ნიშნისას, სულიერის თუ უსულოსას, ადამიანთა თუ ნივთებისას, ჩვენ უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ საბოლოო აბსტრაქციით სუბსტანციად მხოლოდ ლოგიკური კატეგორიები გვრჩება. ასევე მეტაფიზიკოსებს, რომელნიც ფიქრობენ ანალიზს აწარმოებენ ასეთი აბსტრაქციების გზით, რომელთაც ჰგონიათ, რომ, რაც უფრო შორდებიან ობიექტებს, მით უფრო უახლოვდებიან ამ ობიექტთა განჭვრეტას, — ამ მეტაფიზიკოსებს, თავის მხრივ, უფლება აქვთ თქვან, — ამქვეყნიური ნივთები არის მხოლოდ ნაქარგი, რომლის კანვას ლოგიკური კატეგორიები წარმოადგენსო. აი, რა განასხვავებს ფილოსოფოსს ქრისტიანისაგან. ქრისტიანმა იცის Logos-ის სიტყვის მხოლოდ ერთი განხორციელება, წინააღმდეგ ლოგიკისა; ფილოსოფოსისთვის კი განხორციელების რიცხვი უამრავია. აბა ვის უნდა გაუკვირდეს, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, ყველაფერი, რაც მიწაზე და წყალში ცოცხლობს, შეიძლება აბსტრაქციის გზით ლოგიკურ კატეგორიამდე იქნეს დაყვანილი, რომ ამნაირად მთელი რეალური სამყარო აბსტრაქციების, ლოგიკური კატეგორიების სამყაროში შეიძლება შთაინთქას?

      ყველაფერი, რაც არსებობს, ყველაფერი, რაც ცოცხლობს მიწაზე და წყალში, არსებობს, ცოცხლობს მხოლოდ რაიმე მოძრაობის გზით. ამგვარად, ისტორიის მოძრაობა წარმოშობს სოციალურ ურთიერთობას, სამრეწველო მოძრაობა გვაძლევს სამრეწველო პროდუქტებს და სხვა.

    ისევე, როგორც აბსტრაქციის საშუალებით ჩვენ ყოველი ნივთი ლოგიკურ კატეგორიად გარდავქმენით, საკმარისია აბსტრაქციავყოთ სხვადასხვა მოძრაობის ყველა განმასხვავებელი ხასიათი, რომ მივიდეთ აბსტრაქტული მდგომარეობის მოძრაობასთან, წმინდა ფორმალურ მოძრაობასთან, მივაღწიოთ მოძრაობის წმინდა ლოგიკურ ფორმულას. თუ, ერთი მხრივ, ლოგიკურ კატეგორიებში პოულობენ ყოველი ნივთის სუბსტანციას, მეორე მხრივ, — ლოგიკურ ფორმულაში ფიქრობენ ჰპოვონ მოძრაობის აბსოლუტური მეთოდი, რომელიც არა თუ გვიხსნის ყოველ საგანს, არამედ შეიცავს აგრეთვე საგნის მოძრაობასაც. ამ აბსოლუტურ მეთოდზეა, რომ ჰ ე გ ე ლ ი ამ სიტყვებით ლაპარაკობს: „მეთოდი არის აბსოლუტური, ერთადერთი, უმაღლესი, უსასრულო ძალა, რომელსაც არავითარ საგანს არ შეუძლია წინაღუდგეს; ეს არის გონების ტენდენცია ყოველ ნივთში თავის თავის კვლავ პოვნისა, თავის თავის ცნობისა“ („Logik“, ტ. III). თუ ყოველი ნივთი ლოგიკურ კატეგორიაზე დაიყვანება და ყოველი მოძრაობა, ყოველი აქტი წარმოებისა — მეთოდზე, აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ნაწარმოებთა და წარმოების, ობიექტთა და მოძრაობის ერთობლივობა გამოყენებითს მეტაფიზიკაზე დაიყვანება. რაც ჰ ე გ ე ლ მ ა შეასრულა რელიგიისა, სამართლისა და სხვ. შესახებ, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი აპირებს იმის შესრულებას პოლიტიკური ეკონომის შესახებ.

    ამგვარად, რა არის ეს აბსოლუტური მეთოდი? მოძრაობის აბსტრაქცია. რა არის მოძრაობის აბსტრაქცია? მოძრაობა აბსტრაქტულ მდგომარეობაში. რა არის მოძრაობა აბსტრაქტულ მდგომარეობაში? მოძრაობის წმინდა ლოგიკური ფორმულა, ანუ წმინდა გონების მოძრაობა. რაში მდგომარეობს წმინდა გონების მოძრაობა? იმაში, რომ თვით დადგინდეს, თავის თავს წინაღუდგეს და თავის თავს შეუერთდეს, ჩამოყალიბდეს როგორც თეზი, ანტითეზი, სინთეზი, ანუ, სხვა სიტყვებით კიდევ, როგორც მტკიცყოფა, თავის აუარყოფა და თავისი უარყოფის უარყოფა.

   მაგრამ როგორ ახდენს გონება თავის მტკიცყოფას, თვითდადგინებას განსაზღვრული კატეგორიის სახით? ეს საქმეა თვით გონებისა და მის აპოლოგეტთა.

     მაგრამ, რაკი უკვე თვით დადგინდა თეზად, შემდეგ ეს თეზი, ეს აზრი, თავის თავისადმი წინაღდგომილი, ორ ერთმანეთის მოწინააღმდეგე აზრად იყოფა, დადებითად და უარყოფითად, ჰოდ და არად. ბრძოლა ამ ორი ანტაგონისტური ელემენტისა, რომელიც ანტითეზშია მოქცეული, შეადგენს დიალექტიკურ მოძრაობას. ჰო იქცევა არად, არა იქცევა ჰოდ, ჰო იქცევა ერთსა და იმავე დროს ჰოდ და არად, არა იქცევა ერთსა და იმავე დროს არად და ჰოდ; ამ გზით წინააღმდეგობანი ერთმანეთს აწონასწორებენ, თავიანთ თავს ანეიტრალებენ, აუქმებენ. ამ ორი ანტაგონისტური აზრის ერთად შედუღება ჰქმნის ახალ აზრს, რომელიც მათ სინთეზს წარმოადგენს. ეს ახალი აზრი კვლავ ორ საწინააღმდეგო აზრად იშლება, რომელიც, თავის მხრივ, ახალ სინთეზად გადადუღდება. დაბადების ეს პროცესი შობს აზრთა ჯგუფს. აზრთა ეს ჯგუფი იმავე დიალექტიკურ მოძრაობას მიჰყვება, როგორც მარტივი კატეგორია, და მას თავის ანტითეზად აქვს საწინააღმდეგო ჯგუფი. აზრთა ამ ორი ჯგუფიდან წარმოიშობა აზრთა ახალი ჯგუფი, რომელიც მათ სინთეზს წარმოადგენს.

   როგორც მარტივი კატეგორიების დიალექტიკური მოძრაობიდან წარმოიშობა ჯგუფი, ისევე ჯგუფთა დიალექტიკური მოძრაობიდან წარმოიშობა მწკრივი და მწკრივთა დიალექტიკური მოძრაობიდან მთელი სისტემა ერთობლივ.

   მიუყენეთ ეს მეთოდი პოლიტიკური ეკონომიის კატეგორიებს, და თქვენ მიიღებთ პოლიტიკური ეკონომიის ლოგიკას და მეტაფიზიკას, ანუ, სხვა სიტყვებით, მიიღებთ ეკონომიურ კატეგორიებს, ყველას მიერ ცნობილს, გადათარგმნილს ნაკლებად ცნობილ ენაზე, რომელიც მათ ისეთ სახეს აძლევს, თითქოს ეს არის ახლა იყოს წმინდა გონებიან თავში გამოჩეკილი: იმ ზომამდე ეს კატეგორიები გვეჩვენება ერთი მეორის წარმომშობელად, ერთმანეთზე გადაბმულად და გადახლართულად მარტოოდენ დიალექტიკური მოძრაობის მოქმედების გამო. მკითხველს ნუ შეეშინდება ამ მეტაფიზიკის მთელი მისი კატეგორიების, ჯგუფების, მწკრივების და სისტემების ხარაჩოებითურთ. მიუხედავად დიდი მეცადინეობისა, რომელიც ბ-ნმა პ რ უ დ ო ნ მ ა გასწია წინააღმდეგობათა სისტემის მწვერვალზე ასასვლელად, მან ვერასოდეს ვერ მოახერხა მარტივი თეზისა და ანტითეზის პირველ ორ საფეხურზე ზევით აწევა, და აქაც მან მიაღწია მხოლოდ ორჯერ, მათში ერთხელ ძირს ჩამოვარდა ყირამალა.

    აქამომდე ჩვენ გადმოვეცით მხოლოდ ჰეგელის დიალექტიკა. ქვევით ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ მოახერხა ბ-ნმა პრუდონმა ამ დიალექტიკის საშინლად დაკნინება. ამგვარად, ჰ ე გ ე ლ ი ს თ ვ ი ს ყველაფერი, რაც მომხდარა და რაც ხდება, სწორედ ისაა, რაც მის საკუთარ აზროვნებაში წარმოებს. ამის თანახმად, ისტორიის ფილოსოფია წარმოადგენს მხოლოდ ისტორიას ფილოსოფიისას, მისი საკუთარი ფილოსოფიისას. არ არსებობს „ისტორია დროის რიგის მიხედვით“, არსებობს მხოლოდ „იდეათა თანამიმდევრობა გონებაში“ იგი ლამობს ქვეყნიერობის აგებას აზრის მოძრაობის საშუალებით, მაშინ როდესაც ნამდვილად იგი აგებს სისტემატიურად და აწყობს აბსოლუტური მეთოდის მიხედვით იმ აზრებს, რომლებიც ყველას თავში მოიპოვება.

მ ე ო რ ე   შ ე ნ ი შ ვ ნ ა

    ეკონომიური კატეგორიები მარტოოდენ თეორიული გამოსახულებაა, აბსტრაქციებია წარმოების საზოგადოებრივ ურთიერთობათა. ბ-ნი პ რ უ დ უ ნ ი, როგორც ნამდვილი ფილოსოფოსი, იღებს რა საგნებს უკუღმა, ხედავს მათში მხოლოდ იმ პრინციპების, იმ კატეგორიების განხორციელებას, რომლებიც, გვეუბნება კვლავ ფილოსოფოსი ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი, სთვლემდა „კაცობრიობის უპიროვნო გონების“ წიაღში.

    ეკონომისტი ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი კარგად მიხვდა, რომ ადამიანები მაუდის, ტილოს, აბრეშუმის ქსოვილებს ამზადებენ განსაზღვრულ წარმოების ურთიერთობათა პირობებში. მაგრამ რასაც იგი ვერ მიხვდა, ეს არის ის, რომ ეს განსაზღვრული საზოგადოებრივი ურთიერთობანიც ისევე ადამიანთა მიერ არიან წარმოებული, როგორც ტილო, სელი და სხვ. საზოგადოებრივი ურთიერთობანი მჭიდროდ არიან დაკავშირებული საწარმოო ძალებთან. ახალ საწარმოო ძალთა შეძენასთან ერთად ადამიანები სცვლიან თავიანთ წესს წარმოებისას, და წარმოების წესის, თავიანთი არსებობის საშუალებათა მოპოვების წესის ცვლილებით ისინი სცვლიან თავიანთ საზოგადოებრივ ურთიერთობათ. ხელის წისქვილი იძლევა ფეოდალ-ბატონიან საზოგადოებას, ორთქლის წისქვილი — მრეწველ-კაპიტალისტიან საზოგადოებას.

  იგივე ადამიანები, რომელნიც აწესებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათ თავიანთი წარმოების წესის შესაბამისად ჰქმნიან აგრეთვე პრინციპებს, იდეებს, კატეგორიებს, თავიანთ საზოგადოებრივ ურთიერთობათა შესაბამისად.

    ამგვარად, ეს იდეები, ეს კატეგორიები ისევე ნაკლებ არის მარადიული, როგორც ის ურთიერთობანი, რომელთაც ისინი გამოსახავენ. ისინი ი ს ტ ო რ ი უ ლ    და   გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ  პ რ ო დ უ ქ ტ ს წარმოადგენენ.

   ადგილი აქვს შეუწყვეტელ მოძრაობას საწარმოო ძალთა ზრდისას, საზოგადოებრივ ურთიერთობათა რღვევისას, იდეათა წარმოშობისას; უმოძრაოა მხოლოდ მოძრაობის აბსტრაქცია, — nors immortalis [უკვდავი სიკვდილი].

მ ე ს ა მ ე   შ ე ნ ი შ ვ ნ ა

     ყოველი საზოგადოების საწარმოო ურთიერთობანი ერთ მთელს შეადგენენ. ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი განიხილავს ეკონომიურ ურთიერთობათ როგორც სათანადო რაოდენობის სოციალურ ფაზებს, რომელნიც ერთი მეორეს წარმოშობენ, ერთი მეორისგან გამომდინარეობენ, როგორც ანტითეზი თეზიდან, და თავიანთ ლოგიკურ თანამიმდევრობაში კაცობრიობის უპიროვნო გონებას განახორციელებენ.

    ერთადერთი უხერხულობა ამ მეთოდის გამოყენებისას არის ის, რომ, როდესაც ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს უნდა გაარკვიოს მარტო ერთი რომელიმე ფაზა, მას არ შეუძლია მისი ახსნა, თუ ყველა დანარჩენ საზოგადოებრივ ურთიერთობათ არ მიმართა, ურთიერთობათ, რომელნიც მას ჯერ კიდევ არ წარმოუშობინებია თავისი დიალექტიკური მოძრაობისათვის. როდესაც, შემდეგ, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი, წმინდა გონების საშუალებით, სხვა ფაზების წარმოშობას იწყებს, იგი მათ ისე ექცევა, თითქოს ახლად დაბადებული ბავშვები იყვნენ, ავიწყდება, რომ ისინი იმავე ასაკის არიან, როგორც პირველი.

    ამგვარად, ღირებულების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ყველა ეკონომიური ევოლუციის საფუძველს წარმოადგენს, იგი ვერ აღწევს უიმისოდ, რომ არ გამოიყენოს შრომის დანაწილება, კონკურენცია და სხვ., მაშინ როდესაც მ წ კ რ ი ვ შ ი, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს გ ო ნ ე ბ ა შ ი, ლ ო გ ი კ უ რ  თ ა ნ ა მ ი მ დ ე ვ რ ო ბ ა შ ი ეს ურთიერთობანი ჯერ კიდევ სრულიად არ არსებობენ.

        როდესაც პოლიტიკური ეკონომიის კატეგორიებით იდეოლოგიური სისტემის შენობას ვაგებთ, ჩვენ ვაცალკევებთ სოციალური სისტემის ორგანოებს. საზოგადოების სხვადასხვა ორგანოებს ჩვენ ვაქცევთ მათი სათანადო რაოდენობის განცალკევებულ საზოგადოებებად, რომელნიც ერთი მეორეს მიჰყვებიან, მართლაც, როგორ შეიძლება, რომ მოძრაობის, თანამიმდევნობის, დროის მარტოოდენ ლოგიკურმა ფორმულამ აგვიხსნას საზოგადოებრივი სხეული, რომელშიაც ყველა ურთიერთობანი იმავდროულად თანარსებობენ და ერთმანეთს ეყრდნობიან?

მ ე ო თ ხ ე   შ ე ნ ი შ ვ ნ ა

ვნახოთ ახლა, რა ცვლილებებს ახდენს ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ჰ ე გ ე ლ ი ს დიალექტიკაში, როდესაც მას პოლიტიკური ეკონომიისათვის გამოიყენებს.

ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს თვალში ყოველ ეკონომიურ კატეგორიას ორი მხარე აქვს, ერთი – კარგი, მეორე – ცუდი. იგი კატევორიებს განიხილავს ისე, როგორც წვრილი ბურჟუა განიხილავს ისტორიის დიდ ადამიანებს: ნაპოლეონი დიდი ადამიანია; მან ბევრი კარგი რამ გააკეთა, ბევრი ცუდიც გააკეთა.

    კ ა რ გ ი   მ ხ ა რ ე  და  ც უ დ ი   მ ხ ა რ ე, უპირატესობა ნ ა კ ლ უ ლ ე ვ ა ნ ო ბ ა, ერთად აღებული, შეადგენს, ბ-ნი პრუდონის აზრით, წინააღმდეგობას ყოველ ეკონომიურ კატეგორიაში.

   გადასაჭრელი პრობლემა კარგი მხარის შენარჩუნება, ცუდის მოშორება.

    მონობა ეკონომიური კატეგორიაა, როგორც ყოველი სხვა, მაშასადამე, იმასაც აქვს ორი მხარე ნუ შევჩერდებით ცუდ მხარეზე და ვილაპარაკოთ მონობის კარგ მხარეზე. თავის თავად იგულისხმება, აქ ლაპარაკია პირდაპირს მონობაზე, შავკანიანთა მონობაზე სურინამში, ბრაზილიაში, ჩრდილო-ამერიკის, სამხრეთის შტატებში.

     პირდაპირი მონობა ბურჟუაზიული მრეწველობის დასაყრდენია, ისე როგორც მანქანები, კრედიტი და სხვ. უმონობოდ არ იქნებოდა ბამბა, უბამბოდ არ იქნებოდა თანამედროვე მრეწველობა. მონობამ მისცა კოლონიებს მათი ღირებულება, კოლონიებმა შეჰქმნეს მსოფლიო ვაჭრობა, მსოფლიო ვაჭრობა პირობაა მსხვილი მრეწველობისა. ამრიგად, მონობა უაღრესი მნიშვნელობის ეკონომიური კატეგორიაა.

     უმონობოდ ჩრდილო-ამერიკა, ეს ყველაზე უფრო პროგრესიული ქვეყანა, პატრიარქალურ ქვეყანად გადაიქცეოდა. ამოშალეთ ჩრდილო-ამერიკა მსოფლიო რუკიდან და — თქვენ მიიღებთ ანარქიას, თანამედროვე ვაჭრობისა და ცივილიზაციის სრულ დაცემას. მოსპეთ მონობა და თქვენ ამოშლით ამერიკას ხალხთა რუკიდან.[1]

   და ასე, მონობას, რადგან იგი ეკონომიური კატეგორიაა, ყოველთვის ადგილი ჰქონდა ხალხთა დაწესებულებებს შორის. თანამედროვე ხალხებმა თავიანთ ქვეყანაში მონობას მხოლოდ ნიღაბი ააფარეს, ხოლო „ახალ ქვეყანაში იგი დაუფარავად შემოიღეს. რას იზამს ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი იმისათვის, რომ მონობა იხსნას? იგი დაადგენს პრობლემას: შენარჩუნებულ იქნეს ამ ეკონომიური კატეგორიის კარგი მხარე და მოშორებულ იქნეს ცუდი მხარე.  

    ჰ ე გ ე ლ ს არ აქვს პრობლემები დასადგენი, მას მხოლოდ დიალექტიკა აქვს, ბ-ნ პრუდონს ჰეგელის დიალექტიკის მხოლოდ სიტყვები აქვს. მისი საკუთარი დიალექტიკური მეთოდი მარტოოდენ კარგისა და ცუდის დოგმატიურ გარჩევაში მდგომარეობს.

    თვით ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ავიღოთ ერთ წუთს კატეგორიად. გავარკვიოთ მისი კარგი და ცუდი მხარე, მისი უპირატესობა და მისი ნაკლულევანობა.

   თუ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს ჰ ე გ ე ლ თ ა ნ შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ პრობლემებს დაადგენს, რომელთა ახსნას, კაცობრიობის საკეთილდღეოდ, თავისთვის იტოვებს, მას აქვს ნაკლულევანობაც, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ იგი სრულიად უნაყოფოა, როდესაც საქმე შეეხება ახალი კატეგორიის წარმოშობას დიალექტიკური მშობიარობის პროცესის გზით. სწორედ ორი ერთიმეორის მოწინააღმდეგე მხარის თანარსებობა, მათი ბრძოლა და მათი ახალ კატეგორიად შედუღება შეადგენს დიალექტიკურ მოძრაობას. როდესაც ჩვენ ცუდი მხარის მოშორების პრობლემას ვისახავთ, — შუაზე ვწყვეტთ დიალექტიკურ მოძრაობას. აქ აღარ არის კატეგორია, რომელიც თვით დაიდგინება და თავის თავს წინაღუდგება თავისივე წინააღმდეგობის შემცვლელი ბუნების გამო; აქ არის ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი, რომელიც კატეგორიის ორ მხარეს შორის მიიწ-მოიწევს, ფართხალობს, წვალობს.

    და ასე ჩიხში მომწყვდეული, საიდანაც ძნელია გამოსვლა კანონიერი საშუალებით, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ნამდვილ მოზიდულ ნახტომს აკეთებს და ხელად ჩნდება ახალ კატეგორიაში და, აი, მაშინ ცხადდება მის გაკვირვებულ თვალთა წინაშე მწკრივობა აზროვნებაში.

    იგი იღებს, განურჩევლად, ერთ-ერთ კატეგორიას და მას მიაწერს თვითნებურად ისეთ თვისებას, რომლის წყალობით მან უნდა უწამლოს კატეგორიის ნაკლულევანობას, რომელიც განწმენდილ უნდა იქნეს. ასე: ხარკი, თუ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს დავუჯერებთ, ასწორებს მონოპოლიის ნაკლულევანობას; სავაჭრო ბალანსი-ხარკის ნაკლულევანობას; მიწის საკუთრება კრედიტის ნაკლულევანობას.

     იღებს რა ასე ერთი მეორის მიყოლებით, ცალ-ცალკე, ეკონომიურ კატეგორიებს და ხდის რა ერთს მეორის თრიახად, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ამ წინააღმდეგობების, წინააღმდეგობების და თრიახების ნარევისაგან ადგენს წინააღმდეგობათა ორ ტომს, რომელსაც სამართლიანად უწოდებს: ეკონომიურ წინააღმდეგობათა სისტემას.

მეხუთე შენიშვნა

    „აბსოლუტურ გონებაში ყველა ეს იდეა თანასწორი მარტივი და ზოგადია… მართლაც, მეცნიერებას ჩვენ მივაღწევთ მხოლოდ ჩვენი იდეებისგან ერთგვარი ხარაჩოების აგების გზით. მაგრამ ჭეშმარიტება თავისთავად დამოუკიდებელია მისი დიალექტიკური სახეებისა და ჩვენი გონების კომბინაციებისგან“ (პრუდონი, ტ. I, 83-97).

     აქ ჩვენ ვხედავთ, — მოულოდნელად, ერთგვარი მობრუნების წყალობით, რომლის საიდუმლოებას ჩვენ ამჟამად ვიცნობთ, პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკა ილუზიად იქცა. ასეთი სიმართლე ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს არასოდეს უთქვამს. თავისთავად გასაგებია, რომ იმ მომენტიდან, როდესაც დიალექტიკური პროცესი იმ უბრალო პროცედურაზე დაიყვანება, რომ კარგი ცუდს დაუპირისპირდება, რომ პრობლემები დაისვას ცუდის მოსპობის მიზნით და ერთი კატეგორია თრიახად გაუხდეს მეორეს, – ამ მომენტიდან კატეგორიებს აღარ აქვს თვით მოქმედება; იდეა „აღარ მოქმედებს“; მასში აღარ არის სიცოცხლე. იგი აღარც დაიდგინება და აღარც დაიშლება კატეგორიებად. კატეგორიების თანამიმდევრობა რაღაც ხარაჩოებადაა გადაქცეული. დიალექტიკა აღარ წარმოადგენს აბსოლუტური გონების მოძრაობას. დიალექტიკა გამქრალია, რჩება — დიდი-დიდი მხოლოდ წმინდა სახის მორალი.

    როდესაც ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი გველაპარაკებოდა მ წ კ რ ი ვ ო ბ ა ზ ე ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა შ ი, კ ა ტ ე გ ო რ ი ე ბ ი ს ლ ო გ ი კ უ რ თანამიმდევნობაზე, იგი გადაჭრით აცხადებდა, რომ აზრად არა აქვს მოგვცეს ისტორია დროის მიხედვით, ე. ი. მოგვცეს, მისივე აზრით, ის ისტორიული თანამიმდევრობა, რომელშიაც გამომჟღავნებულა კატეგორიები. მისთვის მაშინ ყველაფერი გონების წმინდა ეთერში სრულდებოდა. ყველაფერი ამ ეთერიდან უნდა ყოფილიყო დიალექტიკის საშუალებით გამომდინარე. ახლა კი, როდესაც საქმე ამ დიალექტიკის პრაქტიკულად გამოყენებას შეეხება, გონება მას ღალატობს, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს დიალექტიკა სიტყვას ატეხინებს ჰ ე გ ე ლ ი ს დიალექტიკას, და, აი, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი იძულებულია გვაცნობოს რომ ის რიგი, რომლის მიხედვით იგი ეკონომიურ კატეგორიებს იძლევა, არ არის რიგი, რომლის მიხედვით ეს კატეგორიები ერთი მეორისგან წარმოიშობა. ეკონომიური ევოლუციები აღარ წარმოადგენს წმინდა გონების ევოლუციებს.

     რაღას გვაძლევს, მაშ, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი? ნამდვილ ისტორიას, ე. ი., ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს გაგებით, 5% თანამიმდევნობას,  რომლის მიხედვით კ ა ტ ე გ ო რ ი ე ბ ი გ ა მ ო მ ჟ ღ ა ვ ნ დ ა დროის რიგში? არა ისტორიას, როგორც იგი თვით იდეაში სრულდება? ამას კიდევ ნაკლებ. მაშ, არც კატეგორიების ჩვეულებრივ ისტორიას, არც მათ საღვთო ისტორიას! ჰოდა, რაღა ისტორიას გვაძლევს იგი, ბოლოს და ბოლოს? თავის საკუთარ წინააღმდეგობათა ისტორიას. ვნახოთ, როგორ მიმდინარეობენ ეს წინააღმდეგობანი და როგორ თან მიათრევენ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს.

    ვიდრე ამ გამოკვლევას შევუდგებოდეთ, რომელიც საბაბს იძლევა მეექვსე მნიშვნელოვანი შენიშვნისათვის, ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა გვაქვს გასაკეთებელი.

    მივიჩნიოთ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ თ ა ნ ერთად, რომ ნამდვილი ისტორია, ისტორია დროის რიგის მიხედვით, იმ ისტორიულ თანამიმდევნობას წარმოადგენს, რომელშიაც იდეები, კატეგორიები, პრინციპები გამომჟღავნდა.

    თითოეულ პრინციპს თავისი საუკუნე ჰქონდა, რომელშიაც იგი მჟღავნდებოდა: ავტორიტეტის პრინციპს, მაგალითად, ჰქონდა მე-XI საუკუნე, ასევე ინდივიდუალიზმის პრინციპს მე-XVIII საუკუნე. მაშასადამე, საუკუნე ეკუთვნოდა პრინციპს და არა პრინციპი საუკუნეს. სხვა სიტყვებით: პრინციპი ჰქმნიდა ისტორიას და არა ისტორია — პრინციპს, თუ, შემდეგ, რათა დავიხსნათ როგორც პრინციპები, ისე ისტორია, ვიკითხავთ, რატომ ესა თუ ის პრინციპი გამომჟღავნდა XI ან XVIII საუკუნეში და არა სხვაში, ჩვენ აუცილებლობის გზით იძულებული ვართ დაწვრილებით გამოვიკვლიოთ, რა ადამიანები იყვნენ XI ან XVIII საუკუნის ადამიანები, როგორი იყო მათი მოთხოვნილებები, მათი საწარმოო ძალები, მათი წარმოების წესი, მათი წარმოების ნედლი მასალა, დასასრულ, როგორი იყო ადამიანის მიმართ ადამიანის ურთიერთმიმართება რომელიც არსებობის ყველა ამ პირობათაგან გამომდინარეობდა. განა ყველა ამ საკითხთთა გარკვევა არ ნიშნავს ნამდვილი ისტორიის, თითოეული საუკუნის ადამიანთა ჩვეულებრივი ისტორიის მოცემას, ამ ადამიანთა დასახვას ერთსა და იმავე დროს ავტორებად და მსახიობებად მათი საკუთარი დრამისა? მაგრამ როგორც კი ადამიანთ დასახავთ მათი საკუთარი ისტორიის ავტორებად და მსახიობებად, თქვენ უბრუნდებით, მოხვეული გზით, ნამდვილ გამოსავალ წერტილს, ვინაიდან თავს ანებებთ მარადიულ პრინციპებს, რომლებსაც გამოსავალ წერტილად იღებდით უწინ. მაგრამ ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი არც კი წაწეულა წინ საკმაოდ იმ სამარჯვო ბილიკზე, რომელსაც დაადგება ხოლმე იდეოლოგი ისტორიის ფართო შარაგზაზე გამოსასვლელად.  

მ ე ე ქ ვ ს ე    შ ე ნ ი შ ვ ნ ა

    დავადგეთ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ თ ა ნ ერთად სამარჯვო ბილიკს.

    ვიგულვოთ, რომ ეკონომიური ურთიერთობანი, გ ა რ დ უ ვ ა ლ ი  კ ა ნ ო ნ ე ბ ი ს , მა რ ა დ ი უ ლ ი პ რ ი ნ ც ი პ ე ბ ი ს, ი დ ე ა ლ უ რ ი კ ა ტ ე გ ო რ ი ე ბ ი ს სახით განხილულნი, წინ უსწრებდენ მოძრავ და მომქმედ ადამიანებს: ვიგულვოთ ისიც, რომ ეს კანონები, ეს პრინციპები, ეს კატეგორიები ჟამთა დასაბამიდან სთვლემდა „კაცობრიობის უპიროვნო გონებაში“. ჩუენ უკვე ვნახეთ, რომ ყველა ამ გარდუვალი და უცვლელი მარადიულობის დროს ადგილი აღარ აქვს ისტორიას; ისტორია რჩება მხოლოდ დიდი-დიდი – იდეაში, ე. ი. რჩება ის ისტორია, რომელიც აირეკლება წმინდა გონების დიალექტიკურ მოძრაობაში. მით, რომ ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ამბობს, დიალექტიკურ მოძრაობაში იდეების „ დ ი ფ ე რ ე ნ ც ი ა ც ი ა“ აღარ ხდებაო, იგი სპობს მოძრაობის ჩრდილსაც და ჩრდილთა მოძრაობასაც, რომელთა საშუალებით კიდევ ჰო შეიძლებოდა ისტორიის რაიმე ნასახის შექმნა,   ნაცვლად ამისა, იგი თავის საკუთარ უძლურებას თავს ახვევს ისტორიას, ბრალს სდებს ყველას და ყველაფერს, ფრანგულ ენასაც კი. „არაა სწორი იმის თქმა, ამბობს ფილოსოფოსი ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი, რომ რაიმე ხდება, რაიმე წ ა რ მ ო ს დ გ ე ბ ა: ცივილიზაციაში, ისე როგორც მსოფლიოში, ყველაფერი არსებობს, ყველაფერი მოქმედებს დასაბამითვე. ასეა ეს მთელი სოციალური ეკონომიის შესახებაც“ (ტომი II, გვ. 102).

    ასეთია მწარმოებელი ძალა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ბ ა თ ა, რომელნიც მოქმედებენ და ამოქმედებენ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს; ეს უკანასკნელი, როდესაც მას სურს ახსნას ისტორია, იძულებულია უარჰყოს იგი; როდესაც სურს ახსნას სოციალურ ურთიერთობათა თანამიმდევნობითი მსვლელობა, იგი უარჰყოფს, რომ რაიმე შეიძლება მოხდეს; როდესაც სურს ახსნას წარმოება ყველა მისი ფაზითურთ, იგი უარჰყოფს, რომ რაიმე წარმოება შეიძლებოდეს.

     ამგვარად, ბ-ნი პრუდონისთვის აღარ არსებობს ისტორია, აღარც იდეათა თანამიმდევნება, მაგრამ მისი წიგნი მაინც განაგრძობს არსებობას და სწორედ ეს წიგნია მისი საკუთარი სიტყვების თანახმად, „ი დ ე ა თ ა თანამიმდევრობის შესაბამისი ისტორია“. როგორ უნდა იქნეს პოვნილი ისეთი ფორმულა, ვინაიდან ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი  ფორმულების კაცია, რომელიც მას დაეხმარება ერთადერთი ახტომით თავს გადაახტეს, ყველა თავის წინააღმდეგობათ.

    ამისთვის მან ერთი ახალი გონება გამოიგონა, რომელიც აბსოლუტური, წმინდა და უმანკო გონება არ არის, არც სხვადასხვა საუკუნეებში მოძრავ და მომქმედ ადამიანთა ჩვეულებრივი გონება, არამედ სრულიად განსაკუთრებული გონება, საზოგადოება პიროვნების, სუბიექტი – კაცობრიობის გონება, რომელიც ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს კალამს ქვეშ ხანდახან აგრეთვე საზოგადოებრივი გენიის“, „საყოველთაო გონების და, ბოლოს და ბოლოს, „კაცობრიობის გონების“ სახით გვევლინება. მაგრამ მაინც ეს გონება, ესოდენ მრავალი სახელწოდებით დატვირთული, ყოველ წამს თავს გვამცნობს, როგორც ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს ინდივიდუალური გონება თავისი კარგი და ცუდი მხრით, თავისი თრიახებითა და პრობლემებითურთ.

       „ადამიანის გონება არ ჰქმნის ჭეშმარიტებას“, რომელიც აბსოლუტური, მარადიული გონების სიღრმეშია დამალული. მას მხოლოდ მისი გამოააშკარავება შეუძლია. მაგრამ ის ჭეშმარიტებანი, რომელნიც მან დღემდე გამოააშკარავა, არ არიან სრულნი, საკმაონი და ამის გამო ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ამიტომ თვით ეკონომიური კატეგორიებიც, რომელნიც ადამიანის გონების, საზოგადოებრივი გენიის მიერ აღმოჩენილი ჭეშმარიტებათ წარმოადგენენ, არაა სრული და წინააღმდეგობის ჩანასახს შეიცავს. ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ა მ დ ე საზოგადოებრივი გენია ხედავდა მხოლოდ ა ნ ტ ა გ ო ნ ი ს ტ უ რ ე ლ ე მ ე ნ ტ ე ბ ს და ვერ პოულობდა ს ი ნ თ ე თ ი უ რ ფორმულას, თუმცა ორივე ეს ერთსა და იმავე დროს აბსოლუტურ გონებაში იმალება. ეკონომიურ ურთიერთობაში, რომელნიც ამ უსრულო ჭეშმარიტებათა, ამ არა საკმაო კატეგორიათა, იმ მოწინააღმდეგე ცნებათა ქვეყნად განხორციელებას წარმოადგენენ მხოლოდ, თავისში წინააღმდეგობის შემცველნი არიან და ორ მხარეს გვივლენენ: ერთს – კარგს და მეორეს – ცუდს.

   პოვნა სრული ჭეშმარიტების, სრული ცნების, პოვნა სინთეთიური ფორმულის, რომელიც გააქარწყლუბს ანტინომიას, — აი, ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა ახსნას საზოგადოების გენიამ. ამიტომაცაა რომ ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს ილუზიაში საზოგადოების ეს გენია ერთი კატეგორიიდან მეორეს აწყდებოდა, მაგრამ დღემდე, მის კატეგორიათა მთელი ბატარიის მიუხედავად, ვერ შესძლო ღმერთისთვის, აბსოლუტური გონებისთვის, გამოეგლიჯა სინთეთიური ფორმულა.

    „პირველად საზოგადოება (საზოგადოების გენია) ადგენს პირველ ფაქტს, წამოაყენებს ჰ ი პ ო თ ე ზ ა ს… ჭეშმარიტ ანტინომიას, რომლის ანტაგონისტური შედეგები საზოგადოებრივ ეკონომიაში იმგვარადვე ვითარდება, როგორც მისი შედეგები შეიძლებოდა გამომდინარე ყოფილიყო გონებაში; ასე რომ სამრეწველო მოძრაობა, მისდევს რა ყველაფერში იდეათა დედუქციას, ორ მიმდინარეობად იყოფა: ერთია მიმდინარეობა სასარგებლო შედეგთა და მეორე — საზიანო შედეგთა, რათა ჰარმონიულად ჩამოაყალიბოს ეს ორსახიანი პრინციპი და ახსნას ეს ანტინომია, საზოგადოება მას წარმოაშობინებს მ ე ო რ ე ანტიონომიას, რომელსაც მალე მესამე მოჰყვება, და ასეთი იქნება საზოგადოების გენიის მსვლელობა მანამდე, როდესაც იგი, ყველა თავის წინააღმდეგობათა ამოწურვის შემდეგ, — ვგულისხმობ, თუმცა ეს არაა დამტკიცებული, რომ წინააღმდეგობას კაცობრიობაში ბოლო აქვს, — როდესაც იგი ერთის ნახტომით დაუბრუნდება ყველა თავის უწინდელ პოზიციას და ე რ თ ა დ ე რ თ ი ფორმულით ახსნის ყველა თავის პრობლემას“ (1.83 135).

   როგორც წინად ა ნ ტ ი თ ე ზ ი თ რ ი ა ხ ა დ გადაიქცა, ისევე ახლა თეზი ჰიპოთეზად იქცევა. მაგრამ ეს სიტყვების გამოცვლა არაფერია ისეთი, რამაც გაგვაკვირვოს ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს მხრივ. ადამიანის გონება, რომელიც ნაკლებად წმინდა გახლავთ, ვინაიდან მისი თვალსაზრისით ფრიად შეზღუდულია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება ახალ პრობლემებს გადასაჭრელად. ყოველი ახალი თეზი, რომელსაც იგი აბსოლუტურ გონებაში აღმოაჩენს და რომელიც პირველი თეზის უარყოფას წარმოადგენს, მისთვის იქცევა სინთეზად, რომელსაც იგი საკმაო გულუბრყვილობით მიიჩნევს მოცემული პრობლემის ახსნად. და ასე, ეს გონება მაშვრალობს სულ ახალ-ახალ წინააღმდეგობებში, ვიდრე იგი, წინააღმდეგობათა დასასრულს მიღწეული, არ შეამჩნევს, რომ ყველა მისი თეზი და სინთეზი მხოლოდ ერთი მეორის საწინააღმდეგო ჰიპოთეზები ყოფილა. სახტად დარჩენილი „ადამიანის გონება, საზოგადოების გენია, ერთის ნახტომით უბრუნდება ყველა თავის უწინდელ პოზიციას და ერთადერთი ფორმულით ახსნის ყველა თავის პრობლემას“. ეს ერთადერთი ფორმულა, ვამბობთ სხვათა შორის, წარმოადგენს ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს ჭეშმარიტ აღმოჩენას, იგია ჩამოყალიბებული ღირებულება.  

     ჰიპოთეზებს აკეთებენ რაიმე მიზნისათვის. მიზანი, რომელსაც პირველ რიგში ისახავდა ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი ს პირით მოლაპარაკე საზოგადოების გენია, იყო ის, რომ განერიდებია ყველაფერი ცუდი, რაც ყოველ ეკონომიურ კატეგორიაში მოიპოვება, და დაეტოვებინა მხოლოდ კარგი. ამ გენიისთვის კარგს, უმაღლეს სიკეთეს, ჭეშმარიტ პრაქტიკულ მიზანს შეადგენს თანასწორობა. და რატომ საზოგადოების გენია რჩეობს უფრო თანასწორობას ვიდრე უთანასწორობას, ძმობას, კათოლიზმს ან სხვა რომელსამე პრინციპს? იმიტომ, რომ „კაცობრიობამ ამდენი ცალკე ჰიპოთეზები მხოლოდ ერთი უმაღლესი ჰიპოთეზის გულისთვის განახორციელა“, რომელიც სწორედ თანასწორობაა სხვა სიტყვებით იმიტომ, რომ თანასწორობა ბ-ნი პრუდონის იდეალია. მისი წარმოდგენით, შრომის დანაწილება, კრედიტი, კოოპერაცია სახელოსნოში, ერთის სიტყვით ყველა ეკონომიური ურთიერთობა მხოლოდ თანასწორობის სასარგებლოდ იყო გამოგონილი, თუმცა ყველა ამან ყოველთვის თანასწორობის წინააღმდეგ იბრუნა პირი. იქიდან, რომ ისტორია და ბ-ნი პრუდონის ფიქცია ყოველ ნაბიჯზე ერთი მეორეს ეწინააღმდეგება, ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი დაასკვნის, რომ არსებობს წინააღმდეგობა. მაგრამ თუ წინააღმდეგობა არსებობს, იგი არსებობს მხოლოდ მის აკვიატებულ იდეასა და ნამდვილ მოძრაობას შორის.

    ამიერიდან ამა თუ იმ ეკონომიური ურთიერთობის კარგი მხარე ყოველთვის ის მხარეა, რომელიც განამტკიცებს თანასწორობას; ცუდი მხარე ისაა, რომელიც მას უარჰყოფს და უთანასწორობას აძლიერებს. ყოველი ახალი კატეგორია ჰიპოთეზაა საზოგადოების გენიისა წინა ჰიპოთეზის მიერ წარმოშობილი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ერთი სიტყვით, — თანასწორობა არის თავდაპირველი განზრახვა, მისტიური ტენდენცია, განგებითი მიზანი, რომელიც საზოგადოების გენიას მუდამ თვალწინ აქვს, როდესაც იგი ეკონომიურ წინააღმდეგობათა წრეში ტრიალებს. ამიტომაც განგება ის ორთქლმავალია, რომელიც ბ-ნი პ  რ უ დ ო ნ ი ს ეკონომიურ ბარგს უკეთ ამოძრავებს, ვიდრე მისი წმინდა და ჰაეროვანი გონება. მან განგებას უძღვნა მთელი თავი, რომელიც ხარკების შესახებ თავის შემდეგ არის მოთავსებული.   

   განგება, განგებითი მიზანი, აი, ეს არის ის დიადი სიტყვა, რომელსაც ამჟამად ხმარობენ ისტორიის მსვლელობის ასახსნელად. ნამდვილად კი ეს სიტყვა არაფერს ხსნის. ეს არის დიდი-დიდი, — რიტორული ფორმა, ერთ-ერთი წესი სხვა მრავალთაგან ფაქტების სიტყვიერ აღსანიშნავად.

   ფაქტია, რომ შოტლანდიაში საადგილმამულო საკუთრებამ ახალი ღირებულება მიიღო ინგლისის მრეწველობის განვითარების წყალობით. ამ მრეწველობამ ახალი ბაზრები გაუხსნა მატყლს, მატყლის დიდი მასშტაბით წარმოებისათვის საჭირო იყო სახნავი მიწების გადაქცევა საძოვრებად. ამ გარდაქმნის განსახორციელებლად საჭირო იყო საკუთრების კონცენტრაცია. საკუთრების კონცენტრაციისთვის საჭირო იყო წვრილი ფერმების მოსპობა, ფერმერების განდევნა ათასობით მათ სამშობლოდან და მათ ადგილას რამდენიმე მწყემსის დაყენება მილიონობით ცხვრების მოსავლელად. ამგვარად, საადგილმამულო საკუთრებას შოტლანდიაში, თანამიმდევნო გარდაქმნათა გამო, შედეგად ჰქონდა ადამიანების განდევნა ცხვრების მიერ. თქვით ახლა, შოტლანდიაში საადგილმამულო საკუთრების განგებითი მიზანი ცხვრების მიერ ადამიანების განდევნა იყოვო, და — თქვენ იქნებით განგებითი ისტორიის გადმომცემი.

    ცხადია, თანასწორობისადმი მისწრაფება ახასიათებს ამ ჩვენს საუკუნეს. მაგრამ ამის თქმა: ყველა წინანდელი საუკუნენი, სრულიად განსხვავებულნი მოთხოვნილებებისა, საწარმოო საშუალებებისა და სხვ. მხრივ, განგების თანახმად თანასწორობის განხორციელებას ემსახურებოდენო, — ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, წარსული საუკუნეების ადამიანთა და საშუალებათა ადგილას ჩვენი საუკუნის აღამიანთა და საშუალებათა გულისხმობას ისტორიული მოძრაობის არ ცნობას, რომლის საშუალებით შემდგომი  თაობათა მიერ მოპოვებული შედეგების გარდაქმნას აწარმოებდნენ. ეკონომისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ იგივე საგანი რაც ერთისთვის გადამამუშავებელ პროდუქტს წარმოადგენს, მეორისთვის ნედლი მასალაა ახალ წარმოებაში.

იგულისხმეთ, როგორც ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი სჩადის, რომ საზოგადოების გენიამ ფეოდალური მებატონეები შეჰქმნა, ანუ უკეთ, დააყენა ანაზდეულად იმისათვის, რომ მათ, განგების მიზნის თანახმად, ყმა გლეხები გარდაექმნათ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ე ლ და თ ა ნ ა ს წ ო რ ო ვ ა ნ მ შ რ ო მ ე ლ ე ბ ა დ, და თქვენ მოახდენთ მიზანთა და პიროვნებათა შენაცვლებას, ღირსეულს იმ განგებისას, რომელმაც შოტლანდიაში საადგილმამულო საკუთრება დააწესა, რათა მის ბოროტ გულს სიამოვნება ეგრძნო ცხვრების მიერ ადამიანების განდევნის გამო.

    მაგრამ, რახან ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი შეპყრობილია ასეთი ნარნარი გრძნობით განგებისადმი, ჩვენ მას მივუთითებთ „L’Histoire de l’Economie politique“-ზე ბ-ნი ვ ი ლ ნ ე ვ  ბ ა რ ჟ ე მ ო ნ ი ს ა (Willeneuve-Bargemout), რომელიც აგრეთვე დასდევს განგების მიზანს, მხოლოდ: ეს მიზანი არის არა თანასწორობა, არამედ – კათოლიციზმი.

მ ე შ ვ ი დ ე  დ ა  უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი  შ ე ნ ი შ ვ ნ ა

   ეკონომისტებს მსჯელობის უცნაური წესი აქვთ. მათთვის მხოლოდ ორგვარი დაწესებულება არსებობს, ხელოვნური და ბუნებრივი. ფეოდალური დაწესებულებები ხელოვნურია, ბურჟუაზიული კი—ბუნებრივი. ამ მხრივ ისინი თეოლოგებს მოგვაგონებენ, რომელნიც აგრეთვე ორგვარ სარწმუნოებას ანსხვავებენ: ყოველი სარწმუნება, რომელიც მათი არ არის, ადამიანის გამოგონებაა, ხოლო მათი საკუთარი სარწმუნოება — ღვთიური გამოცხადება. როდესაც ეკონომისტები ამბობენ, თანამედროვე ურთიერთობანი, ბურჟუაზიული წარმოების ურთიერთობანი, ბუნებრივიაო, ისინი ამით გვამცნობენ, რომ ესაა ურთიერთობანი,  რომლებშიაც სიმდიდრე იქმნება და საწარმოო ძალები ვითარდება ბუნების კანონების თანახმად. მაშ, თვით ეს ურთიერთობანი დროის გავლენისაგან დამოუკიდებელ ბუნებრივ კანონებს წარმოადგენენ. ეს მარადიული კანონებია, რომელნიც მუდამ განაგებენ საზოგადოებას. ამგვარად, წინად კი იყო ისტორია მაგრამ დღეს იგი აღარ არის. იყო ისტორია, ვინაიდან არსებობდა ფეოდალური დაწესებულებები, და ამ ფეოდალურ დაწესებულებებში ჩვენ ვპოულობთ საწარმოო ურთიერთობათ, სრულიად განსხვავებულთ ბურჟუაზიული საზოგადოების საწარმოო ურთიერთობათაგან, რომელნიც ეკონომისტებს სურთ აღიარებულ იქნენ ბუნებრივად და ამიტომ მარადიულად.

    ფეოდალიზმსაც ჰყავდა თავისი პროლეტარიატი, – ყმების მასა, რომელიც თვისში შეიცავდა ბურჟუაზიის ყველა ჩანასახს. ფეოდალურ წარმოებასაც ჰქონდა ორი ანტაგონისტური მხარე, რომელსაც აგრეთვე ფეოდალიზმის კარგ მხარეს და ცუდ მხარეს უწოდებენ, მხედველობაში მიუღებლად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს ყოველთვის ცუდი მხარეა კარგის დამძლევი. ცუდი მხარე წარმოშობს მოძრაობას, რომელიც ჰქმნის ისტორიას, იმით, რომ შეიცავს ბრძოლას. ფეოდალიზმის ბატონობის ხანაში ეკონომისტებს, აღფრთოვანებულებს რაინდული სათნოებით, მშვენიერი ჰარმონიით უფლებათა და მოვალეობათა შორის, ქალაქების პატრიარქალური ცხოვრებით, სოფლად ოჯახური მრეწველობის განვითარების მდგომარეობით, კორპორაციებისა, გილდებისა და ამქრების მიერ მოწესრიგებული მრეწველობის განვითარებით, ერთი სიტყვით, ყველაფრით, რაც ფეოდალიზმის კარგ მხარეს წარმოადგენს, ამოცანად რომ დაესახა. მოსპობა ყველაფრის, რაც ამ სურათს ჩრდილს აყენებს, – მოსპობა ბატონყმობის პრივილეგიების, ანარქიის, რა შედეგი ექნებოდა ამას? მოისპობოდა ყველა ელემენტი, რომელიც ბრძოლას იწვევდა და ბურჟუაზიის განვითარება ჩანასახშივე დაიხშობოდა. ეს იქნებოდა სულელური ამოცანა ისტორიის მოსპობისა. როდესაც ბურჟუაზია ცხოვრების სათავეში მოექცა, ლაპარაკი აღარ იყო ფეოდალიზმის არც კარგი, არც ცუდი მხარის შესახებ. საწარმოო ძალები, რომლებსაც მის მიერ განვითარება მიეცა ფეოდალიზმის ხანაში, მას დარჩა, დაიმსხვრა ყველა ძველი ეკონომიური ფორმა, მისი შესაბამისი სამოქალაქო ურთიერთობა, პოლიტიკური წყობილება, რომელიც ძველი სამოქალაქო საზოგადოების ოფიციალური გამოხატულება იყო. ამგვარად, თუ ჩვენ გვსურს სწორად განვსაჯოთ ფეოდალური წარმოება, იგი უნდა განვიხილოთ როგორც ანტაგონიზმზე დამყარებული წესი წარმოებისა. უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ იქმნებოდა სიმდიდრე ამ ანტაგონიზმს შიგნით, როგორ ვითარდებოდა საწარმოო ძალები პარალელურად კლასთა ანტაგონიზმის განვითარებასთან, როგორ თანდათან იზრდებოდა ერთი კლასი, საზოგადოების ცუდი მხარე, ნაკლულევანობა, ვიდრე მისი განთავისუფლების მატერიალური პირობები სავსებით მომწიფდებოდა. განა ეს საკმაოდ გარკვევით არ გვეუბნება იმას, რომ წარმოების წესი, ურთიერთობანი, რომლებშიც საწარმოო ძალები ვითარდება, სრულიადაც მარადიულ კანონებს არ წარმოადგენენ, არამედ ადამიანთა და მათ საწარმოო ძალთა განსაზღვრულ განვითარებას შეესაბამებიან, და რომ ადამიანთა საწარმოო ძალებში წარმომდგარი ცვლილება აუცილებლად იწვევს ცვლილებას მათ საწარმოო ურთიერთობაში? რადგანაც აუცილებლად საჭიროა ცივილიზაციის ნაყოფი, მოპოვებული საწარმოო ძალები შენარუნებულ იქნეს, ამიტომ უნდა დამსხვრეულ იქნეს ის ტრადიციული ფორმები რომლებშიაც ისინი შეიქმნენ. ამ მომენტიდან რევოლუციონერი კლასი კონსერვატორად იქცევა. ბურჟუაზია განვითარებას იწყებს პროლეტარიატთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, ფეოდალური დროის პროლეტარიატის ნაშთია.[2]  თავისი ისტორიული განვითარების მსვლელობაში ბურჟუაზია აუცილებლობის გზით ანვითარებს თავის ანტაგონისტურ ხასიათს, რომელიც დასაწყისში მეტ-ნაკლებად დაფარულია, რომელსაც მხოლოდ მალული არსებობა აქვს. იმ ზომით, რა ზომითაც ბურჟუაზია ვითარდება, იგი თავის წიაღში ანვითარებს ახალ პროლეტარიატს, თანამედროვე პროლეტარიატს: ვითარდება ბრძოლა პროლეტართა და ბურჟუათა კლასს შორის, ბრძოლა, რომელიც, ვიდრე იგი ორივე მხარის მიერ შეგრძნობილი, შემჩნეული, შეფასებული, გაგებული, ცნობილი და ხმამაღლა აღიარებული იქნებოდეს, წინასწარ მჟღავნდება მხოლოდ ნაწილობრივ და წარმავალ კონფლიქტებში, გამანადგურებელ მოქმედებებში. მეორეს მხრივ, თუ თანამედროვე ბურჟუაზიის ყველა წევრთ ერთი და იგივე ინტერესი აქვთ, რამდენადაც ისინი ერთ კლასს შეადგენენ მეორე კლასთან დაპირისპირებით, მათ აქვთ მოწინააღმდეგე, ანტაგონისტური ინტერესები, რამდენადაც ისინი თვით ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ინტერესთა წინააღმდეგობა გამომდინარეობს მათი ბურჟუაზიული ცხოვრების ეკონომიური პირობებიდან. დღითი-დღე უფრო ცხადი ხდება, რომ საწარმოო ურთიერთობას, რომელშიაც ბურჟუაზია მოძრაობს, აქვს არა მთლიანი, მარტივი ხასიათი, არამედ – ორმაგი; რომ იმავე ურთიერთობაში რომელშიაც იწარმოება სიმდიდრე, იწარმოება აგრეთვე სიღატაკე; რომ იმავე ურთიერთობაში, რომელშიაც ხდება საწარმოო ძალთა განვითარება, ვითარდება აგრეთვე დაჩაგვრის ძალა; რომ ეს ურთიერთობა წარმოშობს ბურჟუაზიულ სიმდიდრეს, ე. ი. ბურჟუაზიული კლასის სიმდიდრეს, მხოლოდ–ისე, რომ მუდამ ანადგურებს ამ კლასის ცალკე წევრთა სიმდიდრეს და ჰქმნის მუდამ ზრდაში მყოფ პროლეტარიატს.  

   რაც უფრო გამოდის დღის სინათლეზე ეს ანტაგონისტური ხასიათი, მით უფრო ეკონომისტები, ბურჟუაზიული წარმოების მეცნიერული წარმომადგენელნი, ვარდებიან წინააღმდეგობაში თავიანთ საკუთარ თეორიასთან; იქმნებიან სხვადასხვა სკოლები. ჩვენ გვყვანან ფ ა ტ ა ლ ი ს ტ ი ეკონომისტები, რომელთაც ისევე აინუნში არ მოსდით ის, რასაც ისინი ბურჟუაზიული წარმოების ნაკლულევანობას უწოდებენ, როგორც პრაქტიკაში თვით ბურჟუებს – ტანჯვა პროლეტარების, რომელნიც მათ სიმდიდრის შეძენას შველიან. ამ ფატალისტურ სკოლაში არიან კლასიკოსები და რომანტიკოსები. კლასიკოსები, როგორც ა დ ა მ ს მ ი ტ ი და რ ი კ ა რ დ ო, წარმოადგენენ იმ ბურჟუაზიას, რომელიც, ებრძვის რა ფეოდალური საზოგადოების ნაშთებს, ცდილობს ფეოდალური ლაქებისაგან გასწმინდოს ეკონომიური ურთიერთობანი, გაადიდოს საწარმოო ძალები და მრეწველობასა და ვაჭრობას მისცეს ახალი სტიმული. ამ ბრძოლაში მონაწილე პროლეტარიატი, ამ გაცხოველებულ მუშაობაში გართული, განიცდის მხოლოდ წარმავალ, შემთხვევითს ტანჯვას და თვითონაც მას ასეთად სთვლის. ეკონომისტებს, როგორიცაა ა დ ა მ ს მ ი ტ ი და რ ი კ ა რ დ ო, რომელნიც ამ ეპოქის ისტორიკოსები არიან, მარტოოდენ ის მისია აქვთ, რომ გაარკვიონ, თუ როგორ შეიძინება ბურჟუაზიული წარმოების ურთიერთობაში სიმდიდრე, ჩამოაყალიბონ ეს ურთიერთობანი კატეგორიებად, კანონებად და დაგვანახვონ, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვთ ამ კანონებს, ამ კატეგორიებს სიმდიდრის წარმოებისთვის ფეოდალური საზოგადოების კანონებსა და კატეგორიებთან შედარებით. სიღატაკე წარმოადგენს მათ თვალში მარტოოდენ ტკივილს, რომელიც ახლავს ყოველ მშობიარობას, როგორც ბუნებაში, ისევე მრეწველობაში.

   რომანტიკოსები ეკუთვნიან ჩვენს ხანას, როდესაც ბურჟუაზია პირდაპირს წინააღმდეგობაშია პროლეტარიატთან, როდესაც სიღატაკე ისევე უხვად წარმოიშობა, როგორც სიმდიდრე. ეკონომისტები აქ ხალისდაკარგულ ფატალისტთა როლს თამაშობენ; თავიანთი სიდიადის მაღლობიდან ისინი ზიზღით გადახედავენ მედიდურად ადამიანურ მანქანებს, რომელნიც სიმდიდრეს ჰქმნიან. ისინი, საკითხების გამორკვევის მხრივ, ჰბაძავენ ყველაფერში თავიანთ წინამორბედებს, და ის აინუნში ჩაუგდებლობა, რაც ამ უკანასკნელთა მხრივ გულუბრყვილობას მოწმობდა, პირველთათვის კოკობზიკობად იქცევა.

შემდეგ მოდის ჰუმანიტარული სკოლა, რომელიც გულთან ახლოს იღებს თანამედროვე საწარმოო ურთიერთობათა ცუდ მხარეს. თავისი სინდისის დასამშვიდებლად, იგი ცდილობს, რაც შეიძლება მოაშანდაკოს რეალური კონტრასტები; იგი გულწრფელად დასტირის პროლეტარიატის გაჭირვებას, ბურჟუების აღვირახსნილ კონკურენციას ერთმანეთს შორის; იგი ურჩევს მუშებს, იყონ ზომიერნი, მუყაითნი და ცოტა ბავშვები გააჩინონ: წინადადებას აძლევს ბურჟუაზიას, რომ მან უფრო მეტად დაუთმოს ადგილი გონიერებას თავის საწარმოო გატაცებაში. ამ სკოლის მთელი თეორია დამყარებულია დაუსრულებელ გარჩევებზე თეორიასა და პრაქტიკას შორის, პრინციპებსა და შედეგებს შორის, იდეასა და გამოყენებას შორის, შინაარსსა და ფორმას შორის, არსებასა და რეალობას შორის, უფლებასა და ფაქტს შორის, კარგსა და ცუდ მხარეს შორის.

  ფ ი ლ ა ნ ტ რ ო პ ი უ ლ ი სკოლა წარმოადგენს გაუმჯობესებულ ჰუმანიტარულ სკოლას. იგი უარყოფს ანტაგონიზმის აუცილებლობას; მას სწადია ყველა ადამიანი ბურჟუად გახადოს; მას სურს განახორციელოს თეორია, რამდენადაც იგი განსხვავდება პრაქტიკისაგან და ანტაგონიზმს არ შეიცავს. თავისთავად გასაგებია, თეორიაში ადვილია აბსტრაქციისყოფა წინააღმდეგობების, რომელთაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით სინამდვილეში. ეს თეორია გაიდეალიზაციებულ სინამდვილეს წარმოადგენს. ფილანტროპებს სწადიათ, შეინარჩუნონ ბურჟუაზიული ურთიერთობანი მათ შემადგენელ უანტაგონიზმოდ, რომელიც მათგან განუშორებელია. მათ ჰგონიათ, რომ სერიოზულად ებრძვიან ბურჟუაზიულ პრაქტიკას, და თვითონ კი უფრო ბურჟუები არიან, ვიდრე ვინმე სხვანი.

  როგორც ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ე ბ ი არიან მეცნიერული წარმომადგენელნი ბურჟუაზიული კლასის, ისევე ს ო ც ი ა ლ ი ს ტ ე ბ ი და კ ო მ უ ნ ი ს ტ ე ბ ი არიან თეორეტიკოსები პროლეტარიატის კლასის. ვიდრე პროლეტარიატი ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ განვითარებული, რათა კლასად ჩამოყალიბდეს, და, მაშასადამე, პროლეტარიატის ბრძოლასაც ბურჟუაზიასთან ჯერ კიდევ არ აქვს პოლიტიკური ხასიათი მიღებული, ვიდრე საწარმოო ძალები ჯერ კიდევ საკმაოდ განვითარებული არ არის თვით ბურჟუაზიის წიაღში, რათა დასანახი გახდეს პროლეტარიატის განთავისუფლებისა და ახალი საზოგადოების შექმნისათვის აუცილებელი მატერიალური პირობები, – ეს თეორეტიკოსები მარტოოდენ უტოპისტებს წარმოადგენენ, რომელნიც, დაჩაგრულ კლასთა მოთხოვნილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით, სთხზავენ ანაზდეულად სისტემებს და ეძიებენ განმაახლებელ მეცნიერებას. მაგრამ რაც უფრო წინ მიდის ისტორია და მასთან ერთად უფრო გარკვეულად ცხადდება პროლეტარიატის ბრძოლა, — მათ აღარ სჭირიათ მეცნიერების ძიება თავიანთ გონებაში. საკმარისია თავიანთ თავს იმის ანგარიში მისცენ, რაც მათ თვალწინ ხდება და დაცემის გამომხატველად გახდენ. ვიდრე ისინი მეცნიერებას ეძიებენ და მარტოოდენ სისტემებს სთხზავენ, ვიდრე ბრძოლის დასაწყისში არიან, ისინი სიღატაკეში მხოლოდ სიღატაკეს ხედავენ, ვერ ამჩნევენ მასში რევოლუციონურ, დამრღვევ მხარეს, რომელიც დაამხობს ძველ საზოგადოებას. ამ მომენტიდან, ისტორიული მოძრაობის მიერ წარმოშობილი და მასთან ცნობიერად დაკავშირებული მეცნიერება აღარ არის დოქტრინული, იგი ხდება რევოლიუციონური.

დავუბრუნდეთ ბ-ნ პ რ უ დ ო ნ ს.

ყოველ ეკონომიურ ურთიერთობას კარგი და ცუდი მხარე აქვს: ეს არის ერთადერთი პუნქტი, სადაც ბ-ნი პ რ უ დ ო ნ ი თავის თავს არ ღალატობს. კარგი მხარე, მისი აზრით, აღნიშნულია ეკონომისტების მიერ; ცუდი მხარე ნამხილებია სოციალისტების მიერ. ეკონომისტებისგან იგი სესხულობს მარადიულ ურთიერთობათა აუცილებლობას, ხოლო სოციალისტებისგან სესხულობს ამ ილუზიას, რომ სიღატაკეში მარტოოდენ სიღატაკეა დასანახი, პირველებთანაც და მეორეებთანაც იგი თანხმობაშია, როდესაც ცდილობს მეცნიერების ავტორიტეტს დაეყრდნოს. მისთვის მეცნიერება პაწაწა ზომის მეცნიერულ ფორმულას წარმოადგენს; იგი ფორმულების მაძიებელი კაცია და ასე. ბ-ნი პრუდონი სიამოვნებით იმედოვნებს, რომ მოგვცა კრიტიკა პოლიტიკური ეკონომიისა და კომუნიზმისაც, ნამდვილად კი იგი ორივეზე დაბლა დგას. ეკონომისტებზე დაბლა დგას, ვინაიდან ჰგონია, რომ მას, როგორც ფილოსოფოსს, რომელსაც ხელთ უპყრია მისნური ფორმულა არ ესაჭიროება წმინდა ეკონომიური დეტალების განხილვა; სოციალისტებზე დაბლა დგას, ვინაიდან მას არ აქვს არც საკმაო გამბედაობა, არც საკმაო გამჭრიახობა იმისთვის, რომ აიწიოს, თუნდაც მარტოოდენ სპეკულიატიურად, ბურჟუას ჰორიზონტზე მაღლა.

მას სწადია იყოს სინთეზი, არის კი შეცდომა შეცდომა ასხმული.

მას სურს ინავარდოს, როგორც მეცნიერმა ადამიანმა, ბურჟუებსა და პროლეტარებზე მაღლა; იგი წვრილი ბურჟუაა მხოლოდ, რომელიც კაპიტალსა და შრომას შორის, პოლიტიკურ ეკონომიასა და კომუნიზმს შორის მუდამ მერყეობს.


[1]   1847 წლისთვის ეს სრულიად მართალი იყო, მაშინ შეერთებული შტატების მსოფლიო ვაჭრობა უმთავრესად იმიგრანტებისა და სამრეწვლო პრუდუქტების იმპორტით და ბამბისა და თამბაქოს, ე. ი. სამხრეთის მონური შრომის პროდუქტების ექსპორტით განისაზღვრებოდა. ჩრდილოეთის შტატები უმთავრესად ხორბალსა და ხორცს აწარმოებდენ მონათმფლობელი შტატებისთვის. მონობის მოსპობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა საექსპორტოდ იწყო ხორბლისა და ხორცის წარმოება და ამასთან სამრეწველო ქვეყანად იქცა, და ამერიკის ბამბის მონოპოლიას ინდოეთის, ეგვიპტის, ბრაზილიისა და სხვ. სახით ძლიერი კონკურენცია გამოუჩნდა. და მაშინაც ამ მოსპობას შედეგად მოჰყვა  განადგურება სამხრეთის, რომელმაც ვერ მოახერხა აშკარა ზანგთა მონობის შენაცვლება ინდოელი და ჩინელი კულის ფარული მონობით. – ფრ. ე ნ გ ე ლ ს ი.

[2] მარქსს, როგორც ეს ჩანს მის მიერ არშიაზე გაკეთებული მინიშენებიდან, უნდოდა ამ ტერმინის შეცვლა შემდეგი სიტყვებით: „მშრომელი კლასის”  რუს. გამოც.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია (ქრესტომათია), ტომი II, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1986.