მაიკლ რობერტსი – სურსათი, შიმშილი და ომი

უკრაინა – რუსეთის ომმა, გლობალური მასშტაბით, ხორბლის წარმოებისა და დისტრიბუციის პრობლემა შექმნა. შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სურსათზე  ფასების  ყველაზე დიდი  ზრდა მივიღეთ. ამ მოვლენის გამო, ზიანი, პირველ რიგში, მესამე სამყაროს ქვეყნებს მიადგათ. ეს კრიზისი, განსაკუთრებით, აფრიკის კონტინენტს შეეხო.  აფრიკულმა კავშირმა აფრიკის რეგიონი ომში დაზარალებულად  გამოაცხადა და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისთვის სანქციები მოეხსნათ, რათა ხორბლის მიწოდების აღდგენა შესაძლებელი გამხდარიყო. სავარაუდო დათვლებით, სასურსათო კრიზისის შედეგად, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყოველდღიურად არასაკმარის საკვებს იღებს, 100 მილიონით გაიზრდება.  

ცნობილი მარქსისტი ეკონომისტი, მაიკლ რობერტსი, თავის სტატიაში სურსათის კრიზისის  გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბრობს.  მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა სულაც არ არის ამ კრიზისის სათავე, არამედ უბრალოდ ამ კრიზისის გამამწვავებელი. ავტორის აზრით, პრობლემის საფუძველი, უპირველესად,  გლობალურ, სურსათის მომწოდებელ  კორპორაციებში უნდა ვეძებოთ.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

თუკი რაიმე ამტკიცებს იმას,  რომ შიმშილი და სურსათის უკმარისობა ადამიანის  მიერ უფროა გამოწვეული, ვიდრე ბუნებისა და ამინდის კაპრიზებით, ეს სწორედ დღევანდელი სასურსათო კრიზისია, რომელსაც, გლობალურად, მილიონობით ადამიანი  შიმშილის ზღვრამდე მიჰყავს.

გლობალური სასურსათო  მომარაგების  კატასტროფა  რუსეთ – უკრაინის ომმა გამოკვეთა, თუმცა არსებული მდგომარეობა ომამდე დიდი ხნით ადრე  მწიფდებოდა. სასურსათო მომარაგების ქსელი სულ უფრო გლობალური გახდა.  2008-09 წლების დიდმა რეცესიამ კი დაიწყო ამ ქსელის ნგრევა, რომელიც მულტინაციონალური სასურსათო კომპანიების მიერ ფერმერთაგან უზრუნველყოფილი მომარაგების მსოფლიოს მასშტაბით კონტროლს ემყარებოდა. ეს კომპანიები ფერმერებს თავის მოთხოვნებს კარნახობდნენ, სასუქით მომარაგებას უზრუნველყოფდნენ და ფლობდნენ  სახნავი მიწების დიდ ნაწილს. როდესაც დიდმა  რეცესიამ  თავი იჩინა, მათ დაკარგეს მოგება, ამიტომაც შეამცირეს ინვესტიციები და „გლობალურ სამხრეთში“ მოქმედ სურსათის მწარმოებლებზე ზეწოლა გააძლიერეს.

სასურსათო მომარაგების საფუძველში არსებულ ბზარებს თან ნავთობზე ფასების ზრდა ახლდა; ერთი სიტყვით, სიმინდზე  დაფუძნებულ  ბიოსაწვავზე ფეთქებადი მოთხოვნა, გადაზიდვის ხარჯები, საფინანსო ბირჟების სპეკულაციები,  მარცვლეულის მცირე მარაგები, მარცვლეულის ზოგიერთ მთავარ მწარმოებელზე ამინდისგან მიყენებული მასშტაბური ზიანი და პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკის გაძლიერება. ასეთი იყო სასურსათო „კლიმატი“ დიდი დეპრესიისას, 2019 წლამდე, მანამ, სანამ პანდემია იფეთქებდა.[1]

დიდი რეცესიის შემდგომ,  სასურსათო კრიზისი შედარებით მცირე ხანს გაგრძელდა, თუმცა  მას, 2011 -2012 წლებში, სურსათის ფასების სწრაფი ზრდა მოჰყვა.  ბოლოს, „სასაქონლო ბუმი“ დასრულდა და  სასურსათო ფასები, რაღაც დროის განმავლობაში, შედარებით სტაბილური იყო. მაგრამ პანდემიურმა შოკმა ახალი კრიზისის პროვოცირება გამოიწვია, რადგან მომარაგების გლობალურმა ქსელმა კრახი განიცადა, გადაზიდვის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო სასუქის მარაგი გამოშრა. მარცვლეულზე ფასების ინდექსმა აჩვენა, რომ 2021 წელს ფასებმა 2008 წლის დონეს მიაღწია.

მსოფლიო არ გამოსულა კოვიდ 19-ის თანამგზავრი ქარიშხლისგან, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ  ყველაზე საშინელი ეკონომიკური კრიზისისგან. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ბევრი ეკონომიკა, ეროვნულ  შემოსავალთან მიმართებით, დიდი დავალიანების სიმძიმეებს ეჯახება. აფრიკა ყველაზე მოწყვლადი რეგიონია. ჩრდილოეთ აფრიკა დიდი  ქსელური იმპორტიორია  ხორბლისა, რომლის უმეტესობა რუსეთიდან და უკრაინიდან მოდის, ამიტომაც დგას ის განსაკუთრებულად მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე. სუბ-საჰარული აფრიკა, ძირითადად, რურალურია, მაგრამ მისი მზარდი ურბანული მოსახლეობა შედარებით ღარიბია და დიდი ალბათობით, იმპორტული ხორბლის მოხმარებას დაიწყებს. გადაზიდვისა და უცხოური ვალუტის პრობლემების გამო, აფრიკის ბევრ ნაწილში ფერმერები,  თუნდაც გაბერილ ფასის სანაცვლოდ, სასუქებზე წვდომის ნებართვის მოსაპოვებლად იბრძვიან. თუმცა მეტისმეტად დიდი ხარჯები ფერმერებს მოგებას  დააკარგვინებს და ამან კი, შესაძლოა,  წარმოების გაზრდისთვის საჭირო სტიმულები შეამციროს, ასევე გამოიწვიოს მაღალი ფასის პროდუქტზე ღარიბთათვის შეღავათების კლება. განსაკუთრებით მოწყვლადები  არიან ქვეყნები, რომელთაც  კონფლიქტები და  კლიმატის ცვლილებები უკვე შეეხოთ. მაგალითად, ომით გაჩანაგებული იემენი ძლიერ დამოკიდებულია იმპორტირებულ მარცვლეულზე.  ჩრდილოეთ ეთიოპია, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი დედამიწაზე,    დაუსრულებელი კონფლიქტის და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.  ასევეა  მადაგასკარი, რომელსაც იანვარსა და თებერვალში ერთმანეთზე მიყოლებით თავს დაატყდა ტროპიკული შტორმები და ციკლონები, რის შედეგად სასურსათო სისტემა მთლიანად მოიშალა. ავღანეთში, ეკონომიკისა და სამედიცინო მომსახურების კოლაფსის გამო, ჩქარი ტემპებით იზრდება ბავშვთა სიკვდილიანობა. მიანმარის მშპ,   2021 წლის თებერვლის  სამხედრო გადატრიალების შემდგომ, მთელი 18 პროცენტით შემცირდა.

კიდევ ერთხელ, რუსეთ-უკრაინის ომმა მხოლოდ გაამწვავა სურსათის და ფასების  კატასტროფა. რუსეთსა და უკრაინაზე  მთელი მსოფლიოს მარცვლეულის ექსპორტის 30 პროცენტზე მეტი მოდის. მხოლოდ რუსეთი გლობალურ ეკონომიკას სასუქის მსოფლიო ექსპორტის 13 პროცენტითა და ზეთის ექსპორტის 11 პროცენტით ამარაგებს,  ხოლო უკრაინაზე მზესუმზირის ზეთის  მსოფლიოს მომარაგების  ნახევარი მოდის. შესაბამისად, ეს არის გლობალური სასურსათო სისტემის უზარმაზარი შოკი, ხოლო გაჭიანურებული ომისა და უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკის მზარდი იზოლაციის გამო, შესაძლოა, სურსათზე, საწვავსა და სასუქზე მრავალი წლის განმავლობაში მაღალი ფასები შენარჩუნდეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სურსათის ფასების მსოფლიო ინდექსი რეკორდულად მაღალ  ნიშნულამდე ასწია. ომმა უკრაინის ერთ დროს მომუშავე  შავი ზღვის პორტის  გაჩერება და ყანების მიტოვება განაპირობა, ამავე დროს, რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობებიც შეაფერხა. პანდემია კვლავ განაგრძობს მომარაგების ქსელების არევას, ამავდროულად, კლიმატური ცვლილებები, თავისი გვალვებით, წყალდიდობებით, სიცხით და ტყის ხანძრებით მსოფლიოს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის რეგიონში არსებულ წარმოებას ემუქრება.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, მილიონობით ადამიანი იძულებულია, იშიმშილოს. 2020 წელს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არასაკმარისად იკვებებიან, 118 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, ამ პერიოდის შემდგომ კი, ეს რიცხვი პრაქტიკულად არ იცვლება. ახლანდელი შეფასებებით, რაოდენობა უკვე 100 მილიონით მეტია.

მწვავე შიმშილის დონე – რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც  საკვებით ხანმოკლე დროით დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ – წინა წელს  40 მილიონით  გაიზარდა. ომი ყოველთვის იყო მწვავე შიმშილის ძირითადი მიზეზი,  ამგვარად, ახლა რუსეთ-უკრაინის ომი ზრდის დამატებით მილიონობით ადამიანის შიმშილისა და  შიმშილით სიკვდილის რისკებს.

აი-ემ-ეფის (IMF) მმართველი დირექტორი კრისალინა გეორგიევა: „რამდენიმე ქვეყნისთვის სასურსათო კრიზისი დავალიანების კრიზისის თავში მოექცევა. 2015 წლიდან დაბალ შემოსავლიანი ქვეყნების წილი,  რომლებიც დავალიანების კრიზისში  ან მასთან ახლოს იმყოფებიან, ორჯერ გაიზარდა, 30-დან 60 პროცენტამდე.  ბევრისთვის ვალის რესტრუქტურიზაცია  გადაუდებელი პრიორიტეტია… ჩვენ ვიცით, რომ შიმშილი  მსოფლიოს უდიდესი  გადაწყვეტადი პრობლემაა. მოსალოდნელი კრიზისი არის  დრო,  რათა ვიმოქმედოთ გაბედულად  და გადავჭრათ ის“.

მაგრამ  ამ კატასტროფის მეინსტრიმული გამოსავლები/გადაწყვეტები ან არადაეკვატურია,  ან  უტოპიური,  ან – ორივე ერთად.  ეს არის მოწოდება,   „მარცვლეულის მსხვილმა  მწარმოებლებმა“  გადალახონ  ლოჯისტიკური სირთულეები, გამოათავისუფლონ აქციები და შეეწინააღმდეგონ სურსათის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების მცდელობას. ნავთობის მწარმოებელმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ საწვავით მომარაგება,  რათა საწვავზე, სასუქსა და გადაზიდვაზე ხარჯებმა იკლოს. მთავრობები, საერთაშორისო ინსტიტუციები და  თვით კერძო სექტორი ვალდებულია სოციალური დაცულობა, სურსათით ან ფინანსური დახმარების მეშვეობით, უზრუნველყონ.

ამ შეთავაზებიდან არცერთი ხორციელდება. მსხვილი კაპიტალისტური ძალები ძალიან ცოტა რამეს  აკეთებენ იმ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, სადაც მილიონობით შიმშილობს ან არასაკმარისად იკვებება. გასული თვის ბოლოს, ევროკავშირში, ფერმერების დასახმარებლად, ევროპის კომისიამ მილიარდ ნახევრიანი  დახმარების პაკეტი გამოყო,   ასევე,  ბლოკის სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი  ნაბიჯების შესახებ განაცხადა.  სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  მსოფლიო ბანკის  ჯგუფის ლიდერები,  საერთაშორისო მონეტარული ფონდი, გაეროს სასურსათო პროგრამა და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია გადაუდებელი, კოორდინირებული ქმედებებისკენ მოწოდებით გამოვიდნენ. თუმცა ამ ლამაზ სიტყვებს  ქმედება არ მოჰყოლია.

ნამდვილი დახმარება ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების ჩამოწერა იქნებოდა. მაგრამ, ყველაფერი,  რაც  აი-ემ-ეფისა და მთავარი ძალების მიერ შეთავაზებულია,  მხოლოდ   დავალიანების სერვისის შეჩერებაა – ვალი დარჩა,   გადახდა გადავადდა.  ეს „შვებაც“  პათეტიკურია. მთლიანობაში, ბოლო ორ წელიწადში, G20-ის მთავრობებმა  მხოლოდ 10,3 მილიარდი დოლარი გადაავადეს. მსოფლიო ბანკის მიხედვით, პანდემიის პირველივე წელს, დაბალ შემოსავლიანმა ქვეყნებმა 860 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აიღეს.

აი-ემ-ეფის სხვა „გამოსავალი“ იყო სპეციალური სესხის მოცულობის გაზრდა, საერთაშორისო ფულისა, რომელიც დამატებითი დახმარებისთვის  უნდა გამოეყენებინათ. აი-ემ-ეფმა, SDR პროგრამის საშუალებით, 650 მილიარდი დოლარის დახმარება გასწია. მაგრამ SDR „კვოტური“ გადანაწილების გამო, კვოტები მდიდარი, ქვეყნების სასარგებლოდ, არაპროპორციულად  გადანაწილდა. აფრიკამ მიიღო უფრო ნაკლები SDR, ვიდრე გერმანიის ბუნდესბანკმა!

მაკროეკონომიკური პირობები  იწვევენ სურსათის აჯანყებებს. უახლეს ანგარიშებში,  სათაურით  „შემცირებები  კონფლიქტის  დროს“, UNCTAD-მა  გამოკვეთა  მომავლის სავარაუდო სცენარები. შრი-ლანკა, რომლის დავალიანების კრიზისი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, კარგად გამოხატავს მთავარ დინამიკას.  პანდემიის დროს გადარიცხვები და ექსპორტი შემცირდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ტურისტული სექტორი დაანგრია. შენელებულმა ზრდამ შეავიწროვა  ბიუჯეტი და ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, რის შედეგადაც კოლომბო უკვე ნავთობის და სურსათის იმპორტირებისთვის იღწვის. ალ ჯაზირას  რეპორტაჟის მიხედვით, სამოცდაათი წლის ორი მამაკაცი გარდაიცვალა საწვავის რიგში ყოფნისას.  რძის  ფასები  გაიზარდა, ხოლო სასკოლო გამოცდები  ფურცლისა  და  მელნის არქონის გამო გაუქმდა. იმის გამო რომ, შრი-ლანკა  მთელი ძალით ცდილობს 45 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი ვალის  გადახდას, რაც წლიურად  7 მილიარდი დოლარზე მეტია, ქვეყანა, შესაძლოა, შეუერთდეს მათ რიგს, რომლებმაც დეფოლტი გამოაცხადეს, მათ შორისაა, არგენტინა და  ლიბანი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ძლიერაა დამოკიდებული  ხორბლის იმპორტზე.

მომარაგების გაზრდის, სურსათის რეზერვების გამოთავისუფლებისა და უკრაინაში ომის დამთავრების ნაცვლად,  მთავრობები და ცენტრალური ბანკები პროცენტულ  განაკვეთს ზრდიან, რაც მოშიმშილე ღარიბი ქვეყნებისთვის სავალო ტვირთს სულ უფრო ადიდებს. როგორც ადრე უკვე ავხსენი და ამას  UNCTAD ეთანხმება, ცენტრალური ბანკის მიერ პროცენტული განაკვეთის ზრდა მომარაგების  შეწყვეტიდან  გამომდინარე,   ვერ ახდენს ინფლაციის კონტროლზე გავლენას, გარდა იმისა, რომ იწვევს გლობალურ რეცესიას და „განვითარებადი ბაზრების“ სავალო კრიზისს.

მზარდი პროტესტი და პოლიტიკური ცვლილებები უფრო მეტად მსხვილ ძალებს  აღელვებს, ვიდრე  იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან. როგორც აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა: „ინფლაცია აღწევს  ბოლო დეკადების ყველაზე მაღალ დონეს. პროდუქტებსა და სასუქზე ფასების სწრაფი ზრდა აწვება ოჯახებს  მსოფლიოს მასშტაბით –  განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბებს.  ჩვენ ვიცით, რომ სურსათის კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს სოციალური მღელვარება“.

ჯერ კიდევ 1840-იან წლებში, როდესაც კაპიტალიზმი, გლობალურად, დომინანტური წარმოების წესი გახდა, მარქსი საუბრობდა ინდუსტრიული კაპიტალიზმის სურსათის წარმოების „ახალ რეჟიმზე“, რომელიც პურის კანონის გაუქმებასა და 1846 წლის შემდგომ თავისუფალი ვაჭრობის  ტრიუმფს ეხებოდა. მან (მარქსმა)  ეს „ახალი რეჟიმი“  „ბრიტანეთის სახნავი მიწების დიდი მონაკვეთის“ გარდაქმნასთან დააკავშირა, რაც  გამოიწვია სურსათის წარმოების „რეორგანიზაციამ“, რომელიც  საქონლის მოშენებითა და მენეჯმენტით იყო განპირობებული, ასევე, მოსავლის როტაციით,  ორგანულ სასუქზე დაფუძნებული ქიმიის განვითარებასთან ერთად.

კაპიტალისტური სურსათის წარმოებამ რადიკალურად გაზარდა პროდუქტიულობა  და სურსათის წარმოება გლობალურ საწარმოდ გარდაქმნა. 1850-იანი წლების შუა პერიოდში მოცემული ტენდენციები თვალსაჩინო გახდა: ბრიტანეთში მოხმარებული ხორბლის 25 პროცენტამდე იმპორტირებული იყო, მისი 60 პროცენტი გერმანიიდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდიოდა. მაგრამ ამან ასევე გამოიწვია რეგულარული და განმეორებადი წარმოებითი და საინვესტიციო კრიზისები, რომელმაც სურსათის დაუცველობის ახალი ფორმა წარმოშვა. საყოველთაო შიმშილსა და საკვების დეფიციტში უკვე შეუძლებელი გახდა   ბუნების და ამინდის დადანაშაულება. ამჯერად, ეს კაპიტალისტური წარმოების უთანასწორობის და საზოგადოებრივი ორგანიზების ცხადი შედეგია. რაც მთავარია, ზარალდებიან ყველაზე ღარიბები. ერთ დროს კარლ მარქსი წერდა , რომ შიმშილმა „მოკლა  მხოლოდ ღარიბი ეშმაკები“.

ინდუსტრიულ ფერმებთან ერთად  წარმოიშვა ცხოველების ულმობელი ექსპლოატაცია და  მათ ახლა ისევე ეპყრობიან, როგორც ადამიანებს.  მარქსი თავის გამოუქვეყნებელ ხელნაწერებში წერდა: „გულისამრევია! საჯინიბოს გამოკვება ციხის სისტემას წააგავს. ამ  ციხეებში ცხოველები იბადებიან და რჩებიან მანამ, სანამ  არ დახოცავენ.  ჩნდება კითხვა – ეს სისტემა დაკავშირებულია  თუ არა მოშენების სისტემასთან, რომელიც ცხოველებს არანორმალური მეთოდით ზრდის და ძვლების დაშლით აქცევს მხოლოდ ხორცად და ქონის მასად; მაშინ, როცა ადრე (1848 წლამდე), ცხოველები აქტიურად რჩებოდნენ ღია ცის ქვეშ რაც შეიძლება მეტ ხანს, –  გამოიწვევს ეს სასიცოცხლო ძალების სერიოზულ გაუარესებას ?“                                          

 ეს არის გლობალური კრიზისი და მოითხოვს გლობალურ ნაბიჯებს, ისეთივეს,  როგორიც საჭირო იყო პანდემიასთან და კლიმატურ  კრიზისთან ბრძოლისას. მაგრამ  მსგავსი გლობალური შეთანხმება შეუძლებელია  იმ დროს,  როდესაც გლობალური სურსათის ინდუსტრია კონტროლდება და ეკუთვნის რამდენიმე მულტინაციონალურ  სურსათის მწარმოებელს და დისტრიბუტორს.  ხოლო მსოფლიო ეკონომიკა  კიდევ ერთი უფსკრულისკენ მიემართება.

თარგმნა საბა კოხრეიძემ

წყარო: https://thenextrecession.wordpress.com/2022/06/03/food-famine-and-war/?fbclid=IwAR2h6apV4uEutJM4pZD-zf7eSwAOml5hg38hHoFG73IxESv1QN5Wge-blho


[1] Food, fuel and fertiliser prices versus GDP growth in low- and middle-income countries, 2000-2022. FAO/IMF/World Bank.