ლევ ტროცკი – რევოლუციის ახალი ეტაპი

გთავაზობთ ლევ ტროცკის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წინააღდეგობრივი პიროვნების, 1924 წელს ჟურნალ „მნათობში“ ქართულად თარგმნილ და გამოქვეყნებულ მოხსენებას, „რევოლუციის ახალი ეტაპს“.  მოცემული ტექსტი  ერთგვარ გზამკვლევადაც შეიძლება გამოგვადგეს  20-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა ძალაუფლების ვერტიკალში დასავლური კულტურის და  მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მიმართ დამოკიდებულების  გასაგებად.

მოხსენების პირველი ნაწილი, რომელშიც  ტროცკი ინგლისის, იმ დროინდელი დასავალური კაპიტალიზმის ლოკომოტივის  კულტურის  შესახებ მსჯელობს, მეტად  საინტერესოა  თავისი კრიტიკული მიდგომით. რევოლუციონერი მშვენივრად ამჩნევს ბრიტანულ იმპერიალიზმში გამეფებულ დუალიზმს:  როგორაა  ევროპის წამყვანი სახელმწიფო ერთდროულად რეაქციის და  პროგრესის ცენტრი. თუ პროგრესი ტექნიკის განვითარებას გულისხმობს, რეაქციულობის დასაყრდენი ეს –  მისი პოლიტიკურ-რელიგიური ნაწილი, იგივე ზედნაშენია.

მოხსენების მეორე ნაწილი კი, დიდწილად, იმ პერიოდის ახალ ფენომენზე, ფაშიზმის შესახებ მსჯელობას ეხება. უნდა ითქვას, რომ  დასავლეთის ქვეყნებში ფაშისტური მოძრაობების ლევ ტროცკისეულ შეფასებებში მათი დაუფასებლობა და მათი როლის დაკნინება შეიმჩნევა, რაც პრინციპში, ტროცკის მიღმაც, შემდგომი ათწლეულის განმავლობაში, არც სხვადასხვა ქვეყნის კომუნისტური პარტიისთვის  იყო უცხო. აქვე, საინტერესოდ გვეჩვენება, ტროცკის თვალთახედვა რევოლუციურ ვითარებაზე, მისი კრიტიკული მსჯელობა მეორე ინტერნაციონალის ეკონომიზმისა და დეტერმინიზმის შესახებ. გარდა ტექსტის ისტორიული მნიშვნელობისა, ასევე აღსანიშნია, დიალექტიკური მეთოდის გამოყენების უნარი და ისტორიული ჭარბგანსაზღვრულობის მოხელთების შეძლება, რომელიც თანამედროვე ეპოქის ავტორებში სულ უფრო და უფრო ნაკლებად და კანტი-კუნტად შეიმჩნევა.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

კომუნისტური პარტიის სიძლიერე და ქვეყნის კულტურის დონე

ერთ-ერთი უკანასკნელი მოხსენების დროს სოკოლნიკში, განათლების მუშაკთა საიუბილეო კრებაზე,   მე დამისვეს შეკითხვა, რომელსაც უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს და რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც საერთაშორისო მდგომარეობასთან,  ამ სიტყვის ფართე მნიშვნელობით, ისე კომუნისტური ინტერნაციონალის მიმდინარე, მე-V კონგრესთან.

და იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთხელ, ეგრეთ წოდებული „საერთაშორისო მდგომარეობის“ კონსპექტური სახე მოგცეთ,  შევეცდები,  ზოგადად მაინც მოვხაზო იმ პრინციპული საკითხის პასუხი, რომელც სოკოლნიკში ვერ მოვასწარი და, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, — ეს შეკითხვა ასეთია: „ამხ. ტროცკი, გთხოვთ, აგვიხსნათ,  რატომ არის, რომ უაღრესად განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში (ამერიკა, ინგლისი) ასე სუსტია კომუნისტური პარტია და თან ეს ქვეყნები ყველაზე უფრო დაშორებულია სოციალურ რევოლიუციასთან. ეს საკითხი ძლიერ გვაწუხებს. გთხოვთ, აგვიხსნათ“. ასეთია შეკითხვა, ამ კითხვაზე პასუხი – ეს საერთაშორისო მდგომარეობის ახსნაც იქნება, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ე.ი  როგორც სხვადასხვა სახელმწიფოთა ურთიერთობის და კაპიტალისტური ქვეყნების საბჭოთა რესპუბლიკასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ისე მსოფლიო რევოლიუციის განვითარების თვალსაზრისითაც. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ერთი და იმავე საკითხის ორი მხარეა. რასაკვირველია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი დიპლომატია იურიდიულად დამოუკიდებელია კომინტერნისაგან და კომინტერნიც დამოუკიდებელია ჩვენი დიპლომატიისაგან, მაგრამ, ამავე დროს, არც ისაა საიდუმლო, რომ კომინტერნის წარმატება პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს საბჭოთა დიპლომატიაზე და წარმატებაც გავლენას ახდენს მსოფლიო რევოლუციურ მოძრაობაზე. ეს არასოდეს  უნდა გავიგოთ ისე, თითქოს კომუნიზმის ზრდა,  ყველგან და ყოველთვის,  პირდაპირ და უშუალოდ,  ჩვენს საერთაშორისო მდგომარეობას აუმჯობესებდეს. არა – გერმანიის ცხოველი მაგალითი იმას მოწმობს რომ, კომუნიზმის ზრდა  კაპიტალისტურ ქვეყნებში  ჩვენდამი დამოკიდებულებას ამწვავებს.  ამ შემთხვევაში,  ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობისა და  რევოლიუციის კავშირი ცხადია და ამაში ჩვენ „დამნაშავე“ არა ვართ, ვინაიდან ეს კავშირი ჩვენი პროპაგანდით კი არ განისაზღვრება, არამედ მთელი ისტორიული განვითარების მიმართებით. ჩვენი საბოლოო  და სრული განმტკიცება კი მხოლოდ კომუნიზმის გამარჯვების დროს მოხდება.

მაშ რით აიხსნება ის,  რომ ყველაზე უფრო მოწინავე  და კულტურულ ქვეყნებში სუსტია კომუნისტური პარტია და პირიქით- ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ არ შეიძლება ევროპის ყველაზე კულტურულ მხარედ ჩაითვალოს,  ასე ძლიერია კომუნისტური პარტია, რომ მთელ სახელმწიფოს სვებედს განაგებს? შეკითხვაში მოხსენებულია, რომ ეს საკითხი აწუხებთ. ეს სავსებით გასაგებია. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო მენშევიზმი, ჩვენი, რუსეთის მენშევიზმდან დაწყებული, აი ამ წინააღმდეგობებზე აშენებს თავის უმთავრეს  ბრალდებას საერთაშორისო კომუნისტური პარტიისა  და საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ.

ეს წინააღმდეგობა უბრალოდ, ასე ვთქვათ, ფორმალურად, მექანიკურად  რომ ავიღოთ,  მას მოჰყვება შესაფერი დასკვნა, რომ  კომუნიზმი ჩამორჩენილობისა და ბარბაროსობის გამოსახულებაა. ერთის შეხედვით  იმ დასკვნადე მივალთ, რომ რაც მეტად ჩამორჩენილია ქვეყანა, იმდენად ძლიერია მასში კომუნიზმი. იმ დროს,  როდესაც არქიცივილიზაციურ ქვეყნებში – ინგლისსა და ამერიკაში – ყველაზე უფრო სუსტია კომუნისტური პარტია, რომელიც თითქოს მათი მცირე ბარბაროსობის პროპორციულია. ნება მიბოძეთ, ამ უაღრესად საყურადღებო კითხვაზე ზოგადი პასუხი გაგცეთ.

კომუნისტური ინტერნაციონალის კონგრესზე ევროპის ყველაზე სუსტი პარტიათაგანი -ინგლისის კომუნისტური  პარტიაა; თუმცა ამერიკის  კომპარტია უფრო სუსტია, მაგრამ ჯერ ჩვენ მხოლოდ ევროპის შესახებ ვლაპარაკობთ. ყველაზე უფრო ძლიერი პარტია – ეს ჩვენი პარტიაა. შემდეგ მოდის გერმანიისა და საფრანგეთის კომპარტიები. მართლაც, რით შეიძლება ავხსნათ ის მოვლენა,  რომ ამ უძლიერეს ქვეყანაში, კულტურის მქონე  განათლებულ და  ცივილიზებულ  ინგლისში – კომუნიზმი ჯერ კიდევ საპროპაგანდო საზოგადოების  მდგომარეობაში იმყოფება. რომელსაც ჯერ კიდევ საშუალება არა აქვს,  აქტიური   პოლიტიკური როლი შეასრულოს.

იმისათვის,  რომ თავიდან ავიცილოთ ერთის შეხედვით მისაღები  და სწორი შეხედულება, საერთაშორისო მენშევიზმის მთელი სიბრძნე: კომუნიზმი თითქოს ჩამორჩენილობისა და ბარბაროსობის პირდაპირპროპორციულია, მე მოგაგონებთ ცოტა რამეს დიდი ბრიტანეთის ცხოვრების მოვლენათა  და დაწესებულებათა შესახებ.  ინგლისში – გთხოვთ არ დაივიწყოთ – მონარქიაა, ჩვენში ეს არ არის, არ არის საფრანგეთში და არც გერმანიაში, ხოლო  მონარქია – როგორიც არ უნდა იყოს ის,— არც ერთი თვალსაზრისით არ შეიძლება, რომ  როგორც უმაღლესი კულტურის სახე, როგორც კაცობრიობის უმაღლესი მიღწევა,  ისე დავსახოთ. ამას თვით მაკდონალდიც არ იზამს, – ის დადუმდება, ზრდილად და  დიპლომატიურად ენაზე იკბენს, მაგრამ არ იტყვის, რომ „ბარბაროსულ“ რუსეთთან შედარებით,  ინგლისის კულტურულობა იმაში გამოიხატება, რომ იქ მონარქიაა. ინგლისში ახლაც კი არსებობს წოდებრივი პრივილეგიებით აღჭურვილი არისტოკრატია, არის ლორდთა პალატა და ბოლოს ეკლესიის კოლოსალური ძალადობა. ევროპის არც ერთი ქვეყანა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ოჯახურ ცხოვრებაზე ეკლესიის ისეთი ძლიერი გავლენის სურათს არ გვაძლევს, როგორც დიდი ბრიტანეთი. იმისათვის,  რომ იქ ვინმემ თქვას, რომ ის ეკლესიას არ ეკუთვნის, საეკლესიო წესებს არ ასრულებს და მით უმეტეს, აღიაროს, რომ მას ღმერთი არ სწამს, საჭიროა, იშვიათი პირადი გამბედაობა. ასევე ძნელია იქ ყოველ ცალკე შემთხვევაში კავშირი გაწყვიტო პირმოთნეობასა, საკლესიო ცრუმორწმუნეობსა და „მეშჩანურ“ ცხოვრებასთან, რომელიც ისევ და ისევ, ამ პირმოთნეობასა და ცრუმორწმუნეობას ემყარება. იმედია, არც ერთი თქვენგანი არ იტყვის, რომ საზოგადოებრივ შეგნებაზე ეკლესიის ძალადობა პროგრესის გამომხატველია. ამრიგად, ინგლისში, კომპარტიის სისუსტესთან ერთად, სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტები ყოფილა, როგორიც არის, მონარქიის, არისტოკრატიის და ლორდთა პალატის არსებობა, თან რელიგიის კოლოსალური გავლენა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ახლა თუ ინგლისს ცალმხრივად მივუდექით, იქედან დავიწყოთ, რომ იქ მონარქიას, ლორდთა პალატას, არისტოკრატიას, აზნაურთა მიწითმფლობელობას, და ეკლესიის ძალადობას და სხვ. აქვს ადგილი, მაშინ ხომ, დიახ იტყვით, რომ ინგლისი ევროპის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი და ბარბაროსული ქვეყანაა, მაგრამ ეს ისე მართალი იქნება,  როგორც მენშევიკების მტკიცება, რომ კომუნიზმი ჩამორჩენილობის პროექტია. ეს უმართებულო, ცალმხრივი, ყალბია. შეიძლება განა იმის დაშვება რომ ინგლისი — ევროპის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი ქვეყანაა? არა, ეს არასგზით არ შეიძლება ინგლისზე ჩვენი საერთო წარმოდგენების ჩარჩოებში მოთავსდეს. ინგლისში უაღრესად განვითარებული ტექნიკაა, რასაც ადამინთა ცხოვერებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მართალია, რომ  ამერიკამ ტექნიკის სფეროში ინგლისს გაასწრო. ინგლისის ტექნიკის შვილმა – ტექნიკის გზაზე მამას გასწრო. ომამდე ინგლისს გერმანია ემუქრებოდა ტექნიკის განვითარებით. გერმანია, ამ მხრივ, ინგლისის პირველი მეტოქე იყო და მრეწველობის  ზოგიერთ დარგში კიდევაც გაუსწრო მას. გერმანიის დამსხვრევის შემდეგ ინგლისი ეკონომიკურად პირველობს ევროპაში. ადამიანის აზროვნების და შემოქმედების განვითარების სფეროში, ინგლისის  მეცნიერება, ლიტერატურა და ხელოვნება უდიდეს როლს ასრულებდა და ახლაც ასრულებს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ წინააღმდეგობას? წინააღმდეგობა ნათელია: ერთის მხრივ,  უმაღლესი ტექნიკა, მეცნიერება და სხვ. მეორე პოლუსზე მონაქია, არსისტოკრატია, ლორდთა პალატა და  რელიგიური ცრუმორწუნეობის სასტიკი ძალადობა, აქედან დასკვნა როგორია? დასკვნა ის არის,  რომ არ შეიძლება ქვეყნის განვითარებას ყოველ სფეროში ერთი და იგივე საზომით მივუდგეთ და ამ გაზომვის საფუძველზე საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ყოველ მხარეს ერთნაირი შეფასება მივსცეთ. განვითარება წინააღმდეგობებით სავსეა. ზოგიერთ სფეროში ქვეყანა კოლოსალურ წარმატებას აღწევს, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, რომ სწორედ ამ წარმატებით ქვეყანა თავის საკუთარ განვითარებას სხვა სფეროებში აფერხებს. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად ვიტყვი.

კაპიტალისტური განვითარების გზას პირველად ინგლისი დაადგა და ამის წყალობით მეცხრამეტე საუკუნეში მსოფლიო ბაზრის ჰეგემონია შეიქმნა. ისევ და ისევ ამის წყალობით ინგლისის  ბურჟუაზია ყველაზე ძლიერი, მდიდარი და განვითარებული შეიქმნა. ამ პირობებში, მას საშუალება მისცეს ინგლისის  მუშათა კლასის  მეთაურებისათვის პრივილეგირებული მდგომარეობა შეექმნათ და ამით კლასობრივი ანტაგონიზმი ჩაეხშოთ.

ინგლისის მუშათა კლასი თავის დამოუკიდებლობას და ბურჟუაზიასთან ანტაგონისტურ განწყობილებას უფრო მძიმედ ითვისებს, ვინემ სხვა ისეთი ქვეყნის მუშათა კლასი, რომლის ბურჟუაზია შედარებით სუსტია. ამრიგად,  ცხადია, რომ ევროპის ბურჟუაზიის ყველაზე უფრო მოწინავე ინგლისის ბურჟუაზიამ, რომელიც განსაკუთრებულ ხელმისაწვდომ პირობებში გაიზარდა და განვითარდა, — ინგლისის პროლეტარიატის განვითარება დიდი ხნით შეაჩერა. ინგლისის ტექნიკის ნელმა და „ორგანულმა“ ზრდამ, ბურჟუაზიული რევოლუციისა და ბურჟუაზიული რეფორმაციის დაახლოვებამ – ეკლესიის მიმართ კრიტიკული აზრის მუშაობა შეაჩერა. ინგლისის ბურჟუაზია ძველ დაწესებულებათა ჭერქვეშ ვითარდებოდა, ერთის მხრივ, მას შეეგუა და მეორე მხრივ, თანდათან, ორგანულად, „ევოლუციურად“ იმორჩილებდა.  მე-XVII საუკუნის რევოლუციური მოძრაობა არსებითად მივიწყებულია. სწორედ ამაშია ეგრეთ წოდებული  ინგლისური ტრადიცია, მისი არსებითი ნიშანი – კონსერვატიზმია.

ინგლისის ბურჟუაზია ყველაზე უფრო მეტად ამაყობს იმით, რომ მას არ დაუნგრევია ძველი შენობა და სარწმუნოება. არამედ — სამეფო – სააზნაურო ციხე თანდათან თავის სავაჭრო ფირმის საჭიროებას შეუთანხმა. ამ ციხის კუთხეებში იყო ხატები, საკუთარი სიმბოლოები, საკუთარი ფეტიშები — ბურჟუაზიას ის გამოუტანია, მან ის თავის ბატონობის გასამტკიცებლად გამოიყენა და  პროლეტარიატს თავზე კულტურული კონსერვატიზმის მძიმე სახურავი გადაამხო.

ჩვენი და ინგლისის პროლეტარიატი

ინგლისის მუშათა კლასის განვითარებას, სულ სხვა ხასიათი აქვს,  ვიდრე ჩვენი მუშათა კლასის განვითარებას. ჩვენი ნორჩი პროლეტარიატი, სულ რაღაც 50 წლის განმავლობაში შეიქმნა. სოფლის ეკონომიკურ ჩამოქვეითების და რელიგიური ცრუმორწმუნეობის პირობებში,  ის უმთავრესად კუსტარულ ხელოსანთა და გლეხობის წიაღიდან წარმოიშვა. კაპიტალიზმი შეუბრალებლად ყელში სწვდა გლეხობის ნორჩ თაობას და ქარხნის ქვაბებში მოაქცია იგი. პირობების შეცვლა კატასტროფული გამოდგა. როდესაც ახალგაზრდა გლეხი  ქარხნის ორთქლს  გაეცნო, ის იმ წამსვე იმაზე დაფიქრდა თუ ვინ და სად არის – იმ დროს მას მიეგება  რევოლიუციური პარტია, რომელმაც აუხსნა და განუმარტა მისი რაობა. ამ განმარტებას ის იოლად დაეუფლა, რადგან მასში არავითარი კონსერვატიული არ იყო: ძველი სოფლის შეხედულებანი სრულიად არ ვარგოდა – საჭირო იყო მთელი მსოფლმხედველობის არსებითი, რადიკალური შეცვლა. ინგლისის მუშის მდგომარეობა სულ სხაგვარი იყო. მისი მამა-პაპა ისეთივე მუშები იყვნენ, როგორც თვითონ და მხოლოდ მისი შორეული წინაპარი იყო წვრილი ხელოსანი. ეს მისი საგვარეულო ტრადიციაა. ესეც თავისებური „კულტურულობაა“, რომელიც იმის გამომხატველია, რომ მისი შეგნება წინაპართა ცრუმორწმუნეობას ატარებს. ინგლისის მუშა ისე უეცრად, კატასტროფულად არ გადასულა კარაჩაკეტილ სოფლის ცხოვრებიდან ახალი ინდუსტრიისაკენ. ქარხნის ცხოვრებისა და ქალაქის კულტურის ცვალებად პირობებში, ის ორგანულად ვითარდებოდა. მისი შეგნება აქამდე ატარებდა შუა საუკუნების ცეხურ შეხედულებას და ცრუმორწმუნეობას, რომელიც,  რასაკვირველია, სახეშეცვლილია და კაპიტალისტურ ცხოვრების პირობებთან შეგუებული. ცეხური ცხოვრება და ცეხური დღესასწაულები არსებითად რელიგიურ ცრუმორწმუნეობით გაჟღენთილია. დღესასწაულობენ შვილის დაბადებას, მის შეგირდად მიბარებას, ხელოსნის დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლას და სხვ.  ეს რელიგია შეიჭრა  ტრეიდუნიონებშიც, რომელიც თავისი მძიმე კონსერვატიული კუდით შუა საუკუნეებისაკენ მიექანება.

ინგლისის ტექნიკა ძირითადი კაპიტალისტური ტექნიკაა. ის უცხოეთიდან არ შემოჭრილა ინგლისში, არ გაუნადგურებია მისი ნაციონალური მეურნეობის ფორმები, არამედ თვით ამ ნაციონალური მეურნეობის ფორმათა  ნიადაგზე ვითარდება. მუშათა კლასის შეგნებაზე გავლენას ახდენს ტექნიკის ასეთი ორგანული ზრდა, თუმცა  მეტად შორდება ხოლმე მას. აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოებრივი მასშტაბით აღებული ადამიანის შეგნება სასტიკად კონსერვატიული და უძრავია.

მხოლოდ იდეალისტებს წარმოუდგენიათ, თითქოს ქვეყანა  ადამიანის  აზრის თავისუფალი ინიციატივით ვითარდება, ნამდვილად, საზოგადოებრივი ან კლასობრივი აზრი ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამს, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს. ძველი ტრადიციული აზრი ახალ ფაქტებს ეგუება, სადაც ეს შესაძლო არის. უბრალოდ რომ ვთქვათ, ხალხი და ყოველი კლასი გადამწყვეტ ინიციატივას მანამდე არ იჩენს, სანამ მას ისტორია თავის დარჯაკში არ მოაქცევს. საქმე  რომ სხვანაირად იყოს, მაშინ განა ხალხი იმპერიალისტურ ომამდე მივიდოდა?! ომი ხომ ყველას თვალწინ ახლოვდებოდა; ორი მატარებელი ერთმანეთის დასაჯახებლად მიდიოდა, მიდიოდა, მაგრამ ხალხი სდუმდა,  უცქეროდა და ჩვეულებრივ კონსერვატიულ ცხოვრებას განაგრძობდა. საჭირო გახდა  იმპერიალისტური ომის სასტიკი შენჯღრევა და აბობოქრება, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადამიანის შეგნებაში ცოტაოდენი ცვლილება მომხდარიყო. რუსეთის მშრომელებმა უკუაგდეს რომანოვი,  დაამსხვრიეს ბურჟუაზია და ძალაუფლება ხელში აიღეს. გერმანიაში გააძევეს ჰოჰენცოლერები და შუა გზაზე შეჩერდნენ. ამ ცვლილებისათვის საჭირო შეიქმნა ათეული მილიონობით მსხვერპლი, სასტიკი განადგურება … განა ეს  ნათლად არ  მოწმობს იმას, თუ  რამდენად კონსერვატიული და უძრავია ადამიანის გონება, რომელიც ჯიუტად ებღაუჭება ყოველივე ძველს, ნაცნობს, შეჩვეულს, მამა- პაპისეულს, სანამ მას ხელახლა მუჯლუგუნს წაჰკრავდნენ.

ასეთი მუჯლუგუნი ინგლისსაც ახსოვს. წარსული სუკუნის მეორე მესამედში, ინდუსტრიის ჩქარი განვითარების შემდეგ, ფეხი მოიდგა ძლიერმა მუშათა მოძრაობამ, ე.წ ჩარტისტებმა, მაგრამ ბურჟუაზიული საზოგადოება საკმაოდ მაგრად იდგა და ჩარტისტული მოძრაობაც უარყოფითად დამთავრდა. ინგლისის ბურჟუაზიის ძალა იმაში იყო, რომ  ზდის პროცესში, ის მდიდარი და მსოფლიოში პირველი  შეძლების იყო… ის  ნასუფრალს უნაწილებდა მუშათა კლასის ზედა ფენებს და ამით მასაც აუძლურებდა და შლიდა. საკმარისია, როგორც საჭიროა ისე ჩავუფიქრდეთ ამ პროცესებს, რომ ჩვენი მეტად დაგვიანებული და მაშასადამე წინააღმდეგობით აღსავსე განვითარება გავიგოთ. აიღეთ ჩვენი სამხრეთი თავის ქვანახშირით და მეტალურგიით; ესოდენ თხლად დასახლებულ თვალუწვდენელ მინდვრებში. აქა-იქ მინდვრის ქოხებში, რომელსაც თან გაზაფხულის და  შემოდგომის გაუვალი ტალახი ახლავს… და აი, ამ მინდვრებზე უზარმაზარი მეტალურგიული წარმოება. რასაკვირველია, ის ჩვენი ეკონომიკის წიაღიდან არ წარმოშიბილა, არამედ უცხო კაპიტალის მეოხებით შემოიჭრა  ჩვენში. ჩამორჩენილ, აქა-იქ გაფანტული სოფლებისაგან, ევროპის და ნაწილობრივ ამერიკის კაპიტალმა შექმნა მუშათა ახალი კადრი, რომელიც მოსტაცა იმ პირობებს, რომელსაც ერთხელ მარქსმა  „სოფლის ცხოვრების იდიოტიზმი“ უწოდა. აი, ამ დონის ოლქის, კრივოი როგისა და სხვა ახალ პროლეტარებს, — მაღაროებსა და ქარხნებში, არავითარი მემკვიდრეობითი ტრადიცია, არავითარი ცეხური კონსერვატიზმი ან სხვა მტკიცე სარწმენობა არ შეუტანიათ.

პირიქით, მათ აქ, ახალი, უჩვეულო და სასტიკ პირობებში პირველად იგრძნეს ისე,  როგორც უნდა, მტკიცე რწმენის საჭიროება, ისეთი რწმენის, რომელიც მათი იდეური დასაყრდნობიც იქნებოდა. აქ მიეშველა სოციალ-დემოკრატია, რომელიც ასწავლიდა მათ, რომ ძველ ცრუმორწმუნეობასთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ და ის ამრიგად რევოლიუციონური გზით წარმოშობილ კლასს, რევოლუციურ შეგნებას აძლევდა. ასეთია ამ საკითხის ძირითადი შტრიხებით ახსნა, რომელიც ჩემს წინაშე იყო დასმული. შეიძლება ითქვას, რაც უფრო მდიდარი, ძლიერი და ჭკვიანი იყო ბურჟუაზია, იმდენად იოლი იყო მისთვის – პროლეტარიატის იდეური და მაშასადამე რევოლუციური მოძრაობის შეფერხება. ეს იმავე აზრის სხვანაირი გამოთქმაა. დიდი ბრიტანეთის ბურჟუაზია შეეჩვია ეგრეთ წოდებულ მუშათა პარტიის ლიდერების მლიქვნელობას, რომელიც თვით ამ ბურჟუაზიის აღზრდილია. აი, საინტერესო ციტატა ინგლისის სადღესასწაულო გაზეთ „ტაიმსიდან“.

გაზეთი იმაზე სჩივის, რომ ახლა, მაკდონალდის მთავრობის დროს ძლიერ გაფიცვებს აქვს ადგილი და ამბობს: „ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, გამოცდილი, პატრიოტული სულით აღსავსე რეალური პასუხისმგებლობის გრძნობის მატარებელი, ეკონომიკის  ფართე ცოდნით აღჭურვილი, მსოფლიოს საუკეთესო მუშათა ლიდერები მოგვეპოვება, მაგრამ მიუხედავად ამისა,  ცნობილი რევოლიუციონერები მათ თავიდან იცილებენ“.  სიტყვა-სიტყვით რომ ვთქვათ: იმის შესახებ, რომ ისინი ცნობილ რევოლუციონერთა მიერ მიჩქმალულნი არიან და მათი ყურადღების მიღმა რჩებიან, – ეს,  სამწუხაროდ,  ჯერ კიდევ გადამეტებულია. რასაკვირველია,  ინგლისში იზრდებიან რევოლიუციონერები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არასაკმარისად იცილებენ თავიდან იმ ლიდერებს, რომელთაც „ტაიმსი“ ჭკვიან პოლიტიკოსებად და სიბრძნით და პატრიოტიზმით აღსავსედ აცხადებს.

საიდან მოდის ყოველივე ეს? მუშათა ლიდერები, რომელთაც ბურჟუაზიისაგან ასეთი ქება დაემსახურებინოს, თუ გინდა ესერებისა და მენშევიკების ცნობილი პერიოდი ავიღოთ, როდესაც ისინი საკმაოდ დიდ როლს ასრულებდენ, ჩვენს მუშათა კლასში არ ყოფილან  და არც არიან. ვინაიდან ჩვენი ბურჟუაზია,  მწვავე და გადამწყვეტ მომენტთა გარდა, — როდესაც ისინი ძლიერ შევიწროებას გრძნობდნენ,  — თვით ესერების და მენშევიკების უკმაყოფილო იყო. ხოლო იქ, ინგლისში,  საიდან შეიქმნა ბურჟუაზიის ასეთი კმაყოფილება მუშათა ლიდერებით? სწორედ იქედან, რომ ინგლისის ბურჟუაზიამ თვით აღზარდა ეს ლიდერები. როგორ შესძლო მან მუშათა „ლიდერები“ აღეზარდა? იმით, რომ ის, როგორც მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნის მმართველი კლასი, ძლიერი და კულტურული იყო. მუშათა კლასის ნიადაგიდან ახალგაზდა ლიდერები როგორც კი წამოიჭრებოდა, იმ წამსვე მას ინგლისის ბურჟუაზიის ყოველგვარი „სპეცი“ თავს ესხმოდა,  იტაცებდა და მის წარმოდგენებზე, ბურჟუაზიული კულტურის სიძლიერით გავლენას ახდენდა. ჩვენში საშუალო „მეშჩანი“, ლიბერალი თუ რადიკალი ინტელეგენტი დიდი ხანია ინგლისს — უკულტურეს მხარედ თვლიდა, რომ ყოველივე ის, რაც ინგლისში ან ინგლისიდანაა არის პლუსი, პროგრესი, დოვლათი და სხ.

ამაში გამოიხატება დიალექტიკური აზროვნების „მეშჩანური“ უვიცობა, რომ დაანაწილო მოვლენები და საკითხი მისი ისტორიული კონკრეტული სახით განიხილო. ჩვენ მივისწრაფით, ნამდვილი დოვლათი –  ინგლისის ტექნიკა გადმოვიტანოთ ჩვენში, პურის, ხე-ტყის და სხ. ძვირფასი საქონლის მაგივრად. ხოლო ინგლისის სამეფო ძალაუფლება ინგლისის ფარისეველური კონსერვატიზმი, რელიგია, მონობა, ცრუმორწმუნეობა, ეს ხარახურა,  საუკუნეთა ნაგავი ჩვენ საჩუქრადაც არ გვინდა. თუ ჩვენს საშუალო „ობივატელზე“  შორიდან მოქმედებდა ინგლისის კულტურა, რომელიც მასში რაღაც ბრმა სათნოებას იწვევდა, მით უმეტეს გაცილებით ძლიერ, კონკრეტულ, უშუალო გავლენას განიცდის თვით ინგლისის „მეშჩანი“ და ინგლისის მუშათა კლასის ნახევრად „მეშჩანური“ წარმომადგენელი. ის, რის შექმნაც შესძლო ბრიტანეთის ბურჟუაზიამ, მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის, მისი კულტურის ჰიპნოზია. ინგლისის ბურჟუაზია სწორედ ამ ხელოვნურად მოწყობილ ჰიპნოზით მოქმედებდა მუშათა ლიდერებზე, რომელთაც ის ყოველთვის თავის რეპორტიორების, ფოტოგრაფების, სპორტსმენების, მღვდლების, ლექტორების და სხვ.  წრეში მოაქცევდა.

ამ გზით,  ახალგაზრდა ლიდერი, ერთბაშად,  ბურჟუაზიულ გარემოში ვარდება და მისი გავლენის ქვეშ იმყოფება. მას ხან შეაქებენ, ხან წააქეზებენ, თუ მათ გამოეთამაშა, ხან კიდევ თავზე ხელს გადაუსვამენ, თუ ბურჟუაზიის წინააღმდეგ პატარა ნაბიჯი გადადგა. და ყოველივე ეს არა ერთხელ, არამედ დღითიდღე, კვირეობით, წლიდან წლამდე. ახალგაზრდა ლიდერს, რომელიც ხალხში გამოდის, რცხვენია, რომ მისი სადღესასწაულო ტანსაცმელი საკმაოდ კარგი შეკერილი არ არის, სადღესასწაულო სეირნობისათვის მისი საოცნებო საგანი ცილინდრია, რომ ნამდვილ ჯენტლმენისგან განსხვავებული არ იყოს. ეს თითქოს წვრილმანებია, ნამდვილად კი ამაშია ცხოვრება. და სწორედ ამ ჰიპნოზში — მმართველი, ძლიერი, კულტურული, ფარისევლური, ხარბი და გაიძვერა კლასის დახელოვნება გამოიხატება. დახელოვნება, რომელიც იმაში შედგება, რომ ყოველდღიურად გადაამუშაო და დაიმორჩილო ყოველივე ის, რაც მუშათა კლასის წიაღიდან წამოიჭრება, ყოველივე, რაც ერთი თავით მაღლა დგას თითოეულ ქარხანაში, რაიონში, ქალაქში თუ მთელ მხარეში. ალბათ, მრავალი თქვენგანი ხედავს თუ რა არის „ტაიმსი“? ეს ყოველდღიური ათეული სტრიქონი, მშვენიერი წვრილი შრიფტი, სხვადასხვანაირი ილუსტრაციები, მრავალი სხვადასხვა განყოფილება, ისე, რომ დაწყებული პოლიტიკიდან, მოდის, საეკლესიო საქმეების გავლით დამთავრებული, სპორტის ყოველგვარ სახეებით, იქ ყველაფერს თავისი ადგილი მოეპოვება და რა თვალსაზრისით? რასაკვირველია ბურჟუაზიის თვალსაზრისით.

ინგლისის სხვა ბურჟუაზიული გაზეთები არ არიან იმდენად დარბაისლურნი, მაგრამ იმავე ტიპისანი არიან და მკითხველის ყურადღებას ყოველმხრივ იტაცებს და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ტრადიციის წინაშე, ე.ი. ბურჟუაზიის წინაშე მუხლმოდრეკამდე მიყავს იგი. მუშათა პრესა ძლიერ სუსტია და ამის გარდა, კომუნისტურ გამოცემათა გამოკლებით, სავსებით ბურჟუაზიულ კულტურის ჰიპნოზით გამსჭვალულია. ეს ჰიპნოზი პირდაპირი ტერორით ბოლოვდება. ეკუთვნოდე ინგლისის ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ სიშიშვლეს სამოსელით ფარავდე ან მეწვრილმანე ანგარიშით გაისტუმრო, განა შესაძლოა ქუჩაში შიშველი იარო? განა შესაძლოა ეკლესიას არ ეკუთვნოდე?  აქ დიდი თავგანწირვაა საჭირო, განაცხადო რომ შენ ეკლესიას არ ეკუთვნი ან მით უმეტეს, ის აღიარო, რომ ღმერთი არ გწამს.  მუშათა ლიდერების ამ საუკუნეებით აღზრდის შედეგი და ნაყოფი მაკდონალდის ეგრედწოდებული მუშათა მთავრობა გახლავთ. აი რატომ არის ძლიერი ინგლისის მენშევიზმი, ხოლო კუმუნიზმი კი- სუსტი.

კულტურის განყენებული ორიგინალი არ არის.

ახლა გავიმეოროთ კითხვა: კომუნიზმის სისუსტე ინგლისში, ეს ქვეყნის კულტურულობას თუ ჩამორჩენილობას აღნიშნავს? ჩვენი ანალიზის შემდეგ ჩვენ უკვე არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ საკითხის ასე მექანიკურად დასმის მახეში გავებათ. ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ერთი და იმავე დროს დიდ განვითარებას და ჩამორჩენილობასაც აღნიშნავს, ვინაიდან ისტორია, მოქმედებს არა მექანიკურად, არამედ დიალექტიკურად: ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის ერთ სფეროში მოწინავე, ხოლო მეორეში  საშინელ ჩამოქვეითების ტენდენციებს ერთად აჯგუფებს. თუ ჩვენ მსოფლიო ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, მაკდონალდის „მუშათა“ მთავარობა ოსმალეთის ბურჟუაზიულ ნაციონალურ მთავრობას შევადარეთ (ამის შესახებ მე თბილისის მოხსენებაში ვამბობდი), მაშინ დასკვნა მაკდონალდისთვის სასარგებლო არ იქნება. თქვენ გახსოვთ, რომ ინგლისის „დიადი“ ლიბერალი ლიდერი გლადსტონი, ნამდვილად კი ლიბერალური ფილისტერი იყო და მარქსს სრულიად სამართლიანად სძაგდა იგი. „დიადმა“ გლადსტონმა მუქარის სიტყვით მიმართა ერთხელ სისხლიან სულთანს, ფანატიკური ბარბაროსულ ისლამის და სხვა წარმომადგენლებს. თუ ავიღებთ საშუალო „ობივატელს“ და შევეკითხებით მას ინგლისის და ოსმალეთის შესახებ, დიახ, რასაკვირველია ინგლისი — ცივილიზაცია, პროგრესია, ოსმალეთი კი — ჩამორჩენილობა, ბარბაროსობაა. მაგრამ დახეთ,  რა გამოდის.

ინგლისში ახლა მენშევიკების მთავრობაა, ხოლო ოსმალეთში კი ბურჟუაზიულ-ნაციონალური მთავრობა. და აი ეს ბურჟუაზიულ-ნაციონალური მთავრობა იძულებული იყო მოესპო ხალიფატი. ხალიფატი – ეს პანისლამიზმის ცენტრალური დაწესებულებაა, ე. ი. უაღრესად რეაქციული მიმდინარეობაა მთელ ქვეყანაზე. ინგლისის მენშევიკურ მთავრობამ კი ხედჟასში ხალიფატი აღადგინა, რომ მუსულმან მონებზე  ბურჟუაზიის ბატონობა განემტკიცებინა. ისტორიული დასკვნა ისეთია, რომ ინგლისის მენშევიკური მთავრობა, მიუხედავად ბრიტანეთის ცივილიზაციისა და სხვ. ამ მსოფლიო ძალთა მიჭრაში რეაქციულ როლს ასრულებს იმ დროს, როდესაც ეროვნულად ჩაგრულ ჩამორჩენილ ოსმალეთის ბურჟუაზიული ნაციონალური მთავრობა პროგრესიულ გზას ადგას. აი, ისტორიის დიალექტიკა. რა თქმა უნდა, ტექნიკის, მეცნიერების და ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით ინგლისი გაცილებით მაღლა დგას ოსმალეთზე. ინგლისის დაგროვილი სიმდიდრე გაცილებით მეტია იმაზე, რაც ამ მხრივ ოსმალეთში იმყოფება. სწორედ ამ სიმდიდრის და საერთოდ, ნაციონალური „კულტურის“ დაცვისათვის, ინგლისის ბურჟუაზია იძულებული იყო არქიკონსერვატიული პოლიტიკა ეწარმოებინა და ამ შემთხვევაში, მუშათა მთავრობა მის ხელში ხალიფატის აღსადგენ იარაღად გადაიქცა. ცხოვრების ყოველ სფეროში გამოსადეგი, კულტურის გაყენებული საზომი არ არსებობს…

უნდა აიღო ცოცხალი ფაქტები მათ ცოცხალ ისტორიულ ურთიერთობაში. თუ ამ დიალექტიკურ თვალსაზრისს შევითვისებთ, მაშინ ჩვენთვის ბევრი რამ გაცილებით ნათელი შეიქმნება. გერმანია, მაგალითად, კომუნისტურ ძალთა და სოციალ-დემოკრატთა ურთიერთობის საკითხში, შემთხვევით კი არ დგას რუსეთსა და ინგლისს შორის, ეს  კაპიტალიზმის განვითარებით აიხსნება. რა თქმა უნდა, აუცილებელია, კომუნისტური პარტიის ნელი და ჩქარი ზრდის მიზეზების გამოსარკვევად, თითოეული ქვეყნის ისტორიის კონკრეტული გამოკვლევა შევძლოთ.

საერთოდ, შესაძლოა გამოვიყვანოთ შემდეგი დასკვნა: ისეთ ქვეყანაში, რომელიც დიდი დაგვიანებით შედგა კაპიტალიზმის გზაზე, როგორც ჩვენი ქვეყანა, პროლეტარიატისათვის ძალაუფლების ხელში ჩაგდება უფრო იოლია, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელსაც დიდი წინამორბედი ბურჟუაზიული ისტორიის და თან უმაღლესი კულტურა აქვს. მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე, არანაკლებად საყურადღებო დასკვნა გულისხმობს, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ უმაღლეს კაპიტალისტურ კულტურის ქვეყნებში, სოციალისტური აღმშენებლობა უფრო იოლი იქნება, ვიდრე ისეთ ეკონომიურად ჩამორჩენილ ქვეყანაში, როგორც ჩვენი ქვეყანაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისის მუშისათვის ნამდვილ პროლეტარულ ძალაუფლებამდე, დიქტატურამდე მისვლა, გაცილებით ძნელი იქნება, ვიდრე ეს ჩვენთვის იყო. მაგრამ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ის უფრო ჩქარა და იოლად წავა სოციალიზმისაკენ, ვიდრე ჩვენ მივალთ. და ჯერ კიდევ უცნობია, ჯერ ისტორიას არა უთქვამს რა იმის შესახებ, თუ ვინ უფრო ადრე ააშენებს სოციალიზმს: ჩვენ თუ ინგლისელები. თუ ინგლისის მუშათა კლასი 10 წლის შემდეგ, მე მაგალითისათვის ვამბობ ციფრებს, საწინასწარმეტყველოდ კი არ მომყავს, არამედ უბრალო არითმეტიკული მაგალითის სახით, თუ 10 წლის შემდეგ ინგლისის მუშათა კლასი ძალაუფლებას ხელში აიღებს, მას კიდევ 10 წლის შემდეგ, ნამდვილი, უმაღლესი სოციალისტური მეურნეობა ექნება, ხოლო ჩვენ ალბათ 20 წლის შემდეგაც  კი არა, არა თუ სადმე იაკუტსკის ოლქში, არამედ უფრო ახლო, გლეხობის ჩამორჩენილთა ბევრი და ბევრი ნაშთები გვექნება… სანამ ჩვენს ჩრდილოეთს და სამხრეთს უმაღლესი ტექნიკის საფუძველზე ცენტრალური სოციალისტურ მეურნეობად გადავაქცევდეთ, აქ ათეული წლებია საჭირო და მოხდება ისე, რომ 20 თუ 25 წლის შემდეგ ინგლისის მუშა მოგვიბრუნდება და გვეტყვის: „ნუ გეწყინებათ, მე თქვენ ცოტა გაგასწარით“. ეს რასაკვირველია არ გვეწყინება ჩვენ,  ე. ი. იმათ ვინც ამას მოესწრება — გაგვასწარით, დაგვავალეთ ამხანაგებო, ინგლისის მუშებო, გაგვასწარით, უმორჩილესად გთხოვთ, დიდი ხანია გიცდით! – ასეთია ისტორიის დიალექტიკა. პოლიტიკამ შეაჩერა, პოლიტიკამ თითქოს შებორკა დიდი ხნით ინგლისის მუშა და ის რაღაც მფრთხალი,  საწყალი, მაკდონალდისებური ფორთხვით მიიწევს წინ. მაგრამ როდესაც ის ამ პოლიტიკისაგან გათავისუფლდება, მაშინ ინგლისური „რისაკი“ გაუსწრებს ჩვენს გლეხის ცხენს. ახლა ჩემგან თეორეტიულად ნათქვამი შერჩეულ მარქსისტულ ტერმინებით რომ განვაზოგადო, უნდა ვთქვათ,  რომ თითოეული საკითხი ჯერ ბაზისის და ზედნაშენის ურთიერთობამდე და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის ბაზისთან და ზედნაშენთან ურთიერთმომქმედებამდე დაიყვანება. ჩვენ ვიცით, რომ ზედნაშენი სახელმწიფო, სამართალი, პოლიტიკა, პარტიები და სხვა, ეკონომიურ ბაზისზე აღმოცენდება, მით საზრდოობს და მით ერკვევა. მაშასადამე ზედნაშენსა და ბაზის შორის შესაბამისობა უნდა არსებობდეს. ეს კიდევაც არსებობს ნამდვილად, მხოლოდ არა უბრალო,  არამედ ძლიერ რთული. ერთი ზედნაშენის (ბურჟუაზიული სახელმწიფოს, ბურჟუაზიული პარტიის,  ბურჟუაზიული კულტურის) ძლიერი განვითარება ზოგჯერ დიდი ხნით აჩერებს სხვა ზედნაშენის (რევოლუციურ-პროლეტარულ პარტიის) განვითარებას, მაგრამ საბოლოოდ,  მხოლოდ სახელდობრ ბოლოს და არა უშუალოდ გადამწყვეტი ძალის სახით, მაინც ბაზისი გვევლინება. ჩვენ სწორედ ეს დავინახეთ ინგლისის მაგალითზე თუ საკითხს ფორმალურად მივუდგებით, შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ინგლისის კომუნისტური პარტიის სისუსტე მარქსისტული კანონს, ბაზისისა და ზედნაშენის ურთიერთობის კანონს ეწინააღმდეგება. მაგრამ ეს,  რასაკვირველია,  ასე არ არის. როგორც ჩვენ დავინახეთ, დიალექტიკურად, ბაზისი მაინც უზრუნველყოფს თავისი თავის გამარჯვებას.

სხვანაირად რომ ვთქვათ: უმაღლესი ტექნიკა, თუ გინდ არქიკონსერვატიულ პოლიტიკით, მაინც გადასძლევს და მიგვიყვანს სოციალიზმამდე უფრო ადრე,  ვიდრე დაბალი ტექნიკის ქვეყნები. აი, როგორ წარმოვიდგენ სოკოლნიკში ჩემს წინაშე დასმულ კითხვის ძირითად პასუხს.

ფაშიზმი და რეფორმიზმი

კომუნისტურ პარტიის ძლიერების და სისუსტის ისტორიულ მიზეზთა ზოგად  მოსაზრებიდან  გადავიდეთ ეხლა საერთაშორისო პოლიტიკის მდგომარეობაზე, ამ სიტყვის უშუალო მნიშვნელობით, თუ როგორ ჩამოყალიბდა ის კომინტერნის მე-V კონგრესისათვის. უკანასკნელ წლებში,  ჩვენი ბეჭდვითი სიტყვა ბევრს ამბობდა იმის შესახებ, რომ ჩვენ ფაშიზმის ეპოქაში შევედით. ზოგიერთს ეგონა,  რომ სწორედ ფაშიზმი მიგვიყვანს უშუალოდ რევოლიუციამდე, ევროპის მუშათა ამბოხებამდე, ხოლო უკანასკნელ ხანებში თვით ფაშიზმის ცნებაც დაქუცმაცდა. ზოგჯერ შემთხვევითი საბაბით ამბობენ, რომ ფაშიზმი ვითარდება, ან ფაშიზმი უტევს.  თუ სადმე გაფიცული დაატყვევეს, ამას ხშირად ფაშისტური რეჟიმის დამკვიდრებით ხსნიან. თუმცა ბურჟუაზია გაფიცულებს  ფაშიზმამდე ატყვევებდა.  ჩვენ გვმართებს ჩაფიქრება: თუ რა არის ეს ფაშიზმი? რით განსხვავდება ის „ნორმალური“ რეჟიმის ბურჟუაზიული ძალადობისაგან? იმის მოლოდინი, რომ გამახვილებული ფაშიზმი პროლეტარიატის ამბოხებამდე მიგვიყვანს, არ გამართლდა და არც ყველა ჩვენგანს გაუზიარებია ეს აზრი.

აქ შეიძლება დავემყაროთ 1922 წელს ნათქვამს, რომ თუ გერმანიის რევოლიუცია პროლეტარიატს უშუალო გამარჯვებამდე არ მიიყვანს, მაშინ ჩვენ ახლო მომავალში ინგლისში მუშათა მთავრობა გვეყოლება, ხოლო საფრანგეთში მემარცხენე ბლოკის გამარჯვება. 1923 წელს IV კონგრესზე ჩვენ ეს გავიმეორეთ. კონგრესის პოლიტიკურ რეზოლიუციაში შესაფერი შესწორება შეიტანეს. ზოგიერთი ამხანაგი ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან მაშინ ცხარედ კამათობდნენ ამის წინააღმდეგ. როგორ! ინგლისში მუშათა მთავრობა, საფრანგეთში მემარცხენე ბლოკის გამარჯვება, მაშ რეფორმიზმის ახალი ეპოქა, მაშ რევოლიუცია ბურუსით მოცულ სიშორეში მიდის და სხ. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა, რომ რეფორმისტული ილიუზიების პროპაგანდასაც კი მაბრალებდა. ეს ამხანაგები ფიქრობდნენ,  რომ თუ წინდაწინ რაიმეს ხედავ, ობიექტური განვითარების აზრით,  ამით იმაზე პასუხისმგებელიც ხარ, რაც უნდა მოხდეს; ამიტომ ყველაზე უკეთესია და არც საშიშია,  წინდაწინ არაფერს შეხედო და მხოლოდ წარსული რიცხვის შესახებ იმსჯელო… სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ ინგლისის მუშათა მთავრობის ეგებისობას და საფრანგეთში მემარცხენე ბლოკის გამარჯვებას ვასაბუთებდით, მხედველობაში გვქონდა მხოლოდ განვითარების ტენდენცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ 100 პროცენტით ვიყავით დარწმუნებული იმაში, რომ ეს ისე ზუსტად მოხდებოდა. განვითარების ტენდენცია ეს ერთია, ხოლო მისი ცხოველი გარდატეხა სინამდვილეში სხვაა. ისტორიაში ფაქტორი ბევრია, ისინი გადაიკვეთებიან, გადაიწნებიან,  ერთი მხრივ, და მერე, სხვა მხრივ მოქმედებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისტორიამ საქმე ისე წაიყვანა, რომ წინასწარმეტყველება სავსებით და მთლიანად განხორციელდა; ინგლისში ჩვენ მუშათა მთავრობა და საფრანგეთში  მემარცხენე ბლოკის გამარჯვება გვაქვს. ეს ცოტაა, მაშინვე ვამბობდით, რომ თუ ინგლისში  მუშათა მთავრობამ და საფრანგეთში მემარცხენე ბლოკმა გაიმარჯვა, ეს იმ წინდაშვებით, რომ თუ გერმანიაში რევოლიუციამ უფრო ადრე არ გაიმარჯვა, მაშინ იქ აუცილებლად სოციალ-დემოკრატიის დროებითი გაძლიერება მოხდება. ეს შეკოწიწებული პარტია, რომელიც შარშან ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო, უაღრესად დასუსტებული ინგლისის და საფრანგეთის „დემოკრატიულ“ გადახრის გამო, ხელახლა გამოცოცხლდება და გერმანიის ხალხს მიმართავს წინადადებით: ეხლა შეიძლება შეთანხმება ინგლისთან.  იქ ხელისუფლებას სათავეში უდგას მაკდონალდი და კომპ. — ჩვენი ნათლიმამები. შეიძლება შეთანხმება საფრანგეთთან, რომელსაც რადიკალ-სოციალისტები მართავენ. ისინი თითქმის ჩვენი ბიძაშვილებია. ჩვენ კი, გერმანიის სოციალისტები, მზადა ვართ, სამსახური გაგიწიოთ ევროპის დემოკრატიებთან შეთანხმებისათვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, მაშინ საქმეს იმგვარი მიმართება ჰქონდა, რომ თუ გერმანიაში რევოლიუციამ ახლო მომავალში არ გაიმარჯვა, მაშინ დროებით  ევროპის პოლიტიკას შეთანხმებლობა დაეუფლება, როგორც ქვეყნების აგრეთვე კლასთა,  რა თქმა უნდა,  უკანასკნელი პერიოდის, „შემთანხმებლობა“ გასალკლდეებული კბილებით და იღლიაში დანით.

გამართლდა თუ არა  ეს წინასწარმეტყველება? სავსებით და მთლიანად. რა არის „ექსპერტთა“ გეგმა რეპარაციული საკითხის გადაჭრის გამო? ეს გახლავთ ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ფინანსური ჰეგემონიის ქვეშ გრანდიოზული საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულების ცდა. რურის ოკუპაცია „ჯერჯერობით“ რჩება, მაგრამ ის შეთანხმებით დაფარული და შერბილებულია. მაკდონალდის მთავრობა პოლიტიკურ ხელშეკრულებათა და კლასთა შეთანხმების მთავრობაა. მემარცხენე ბლოკის მთავრობა საფრანგეთში ისევ, ისევ წვრილ ბურჟუაზიული კლასთა შეთანხმების მთავრობაა, ასევეა ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. ასეთია ევროპის მდგომარეობა, სად დაიკარგა ფაშიზმი? არ არის უადვილესი  პოლიტიკაში, რომ შეითვისო სიტყვა, ფრაზა და ის იმეორო, მე უკვე ვთქვი რომ შეგნება  უაღრესად კონსერვატიული ფაქტორია და რომ საჭიროა დიდი მათრახი, რომ ის აამოძრავო. რა არის ფაშიზმი? შეიძლება თუ არა ფაშისტური რეჟიმი განუსაზღვრელ დროს გაგრძელდეს?

ფაშიზმი ბურჟუაზიის დროებითი საომარი ორგანიზაციაასამოქალაქო ომის საჭიროებისათვის – აი რა არის ფაშიზმი. ის ბურჟუაზიისათვის იგივე როლს ასრულებს, როგორც პროლეტარიატისათვის შეიარაღებული აჯანყების ორგანიზაცია. მუშათა კლასი შეიარაღებული აჯანყებისათვის ემზადება, შესაფერად აწყობს თავის ორგანიზაციას, დამკვრელ ასეულებს ჰქმნის, აიარაღებს მებრძოლებს დინამიტებით და ა. შ. შეიძლება თუ არა ასეთი მდგომარეობა სამუდამოდ გაგრძელდეს? ცხადია, არა. ან მუშათა კლასი გაიმარჯვებს და რეგულარულ ჯარს შექმნის ან მისი შეტევა დამარცხდება და მაშინ შეიარაღებული ამბოხების ორგანიზაცია უარყოფითად დამთავრდება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს დრომდე მაინც დაიწყება ისევ პოლიტიკურ აგიტაციის ეპოქა, ქალთა შეკრება და სხვ. რომელიც რამდენიმე ხანს გაგრძელდება, შეიძლება რამდენიმე წლით (1905 წ.  შემდეგ),  ხან,  კი ათეული წლები (პარიზის კომუნის შემდეგ!). პროლეტარიატის ახალი აჯანყება მზადდება. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფაშიზმი არის უშუალო დარტყმითი საომარი ორგანიზაცია ბურჟუაზიისა, რომელსაც არ ჰყოფნის ძველი სახელმწიფოებრივი აპარატი, რომელიც დაკავშირებულია ლეგალობასა და დემოკრატიასთან. აქ მას სჭირდება, ძალით დააღწიოს თავი, მოიგერიოს პროლეტარიატის შემოტევა, და აი, ის ქმნის მებრძოლ ბანდებს, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. შეიძლება ფაშიზმი დიდხანს გაგრძელდეს? არა. თუ ძალაუფლება ბურჟუაზიის ხელში იქნება, როგორც ეს იყო იტალიაში 1920 წ.,  როგორც ეს იყო შარშან გერმანიაში, მაშინ ის გამოიყენებს ფაშიზმის სისხლიან მუშაობას და ეცდება თავისი ბაზა წვრილ და საშუალო  ბურჟუაზიაზე დაყრდნობით გააფართოვოს, მოიგერიოს პროლეტარიატის შემოტევა.  ბურჟუაზიას ფაშიზმის პირობებში დიდხანს სიცოცხლე არ შეუძლია, ისე როგორც პროლეტარიატს არ შეუძლია შეიარაღებული აჯანყების მდგომარეობაში მთელი წლებით ყოფნა. ჩვენ ვხედავთ იტალიაში, რომ მუსოლინი უკანასკნელ თვეებში, გადამწყვეტ საშუალებას და უკანასკნელ ძალას ხმარობს, რომ ფაშისტური ძალაუფლება, ე. ი. არალეგალური საომარი აპარატი, პარლამენტარიზმის ლეგალურ მექანიკას შეუფარდოს. ცოტაოდენის გაკეთება მან მოასწრო, მაგრამ ოპოზიცია უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მისი წარმატება. მან ვერ მოახერხა თავისიანებში დისციპლინა შეექმნა და ისეთი ფაქტი გვაქვს, როგორიცაა სოციალ-დემოკრატ მატეოტის მოკვლა. იტალიის ბურჟუაზიული კლასის უმრავლესობაც ამის წინააღმდეგია.

პროლეტარიატის აჯანყება უშუალოდ არ იმუქრება და ამიტომ კანონიერების შერყევა ბურჟუაზიულ პარლამენტის წევრის მოკვლით არა თუ საჭირო არ არის, არამედ საშიშიცაა. ეს ზედმეტი ფუფუნებაა!

რეფორმიზმის შანსები

თუ ფაშიზმის მიმართ ამ კონკრეტულ ისტორიულ დამოკიდებულებას შევითვისებთ, მაშინ ჩვენთვის გასაგები იქნება, თუ რატომ არ არის უკუგდებული გერმანიის ბურჟუაზია; ეს მოვლენა მასაც დიდად ანცვიფრებს. ბურჟუაზია ცდილობს, ძლევამოსილი რეაქცია პარლამენტარიზმის კალაპოტში მოაქციოს: ისიც გასაგებია, რომ კონსერვატორების შემდეგ ძალაუფლებას „ფაშისტები“ კი არ დაპატრონებიან, არამედ მაკდონალდის მუშათა მთავრობა; გასაგებია საფრანგეთში მემარცხენე ბლოკის გამარჯვებაც და  იტალიაში ფაშიზმის მწვავე კრიზისიც, თუმცა მისი ბელადები ცდილობენ, ის შეუთანხმონ  პარლამენტარიზმს;  ჩვენ აგრეთვე გავიგებთ, თუ რატომ იყო შესაძლებელი გათვალისწინება და წინასწარმეტყველება ყოველივე იმისა, რაც მოხდებოდა. ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლა სწორი გზით კი არ ვითარდება, არამედ თანმიმდევრული  სასტიკი შეჯახების, დროგამოშვებითი ლეგალური „მშვიდობიანი“ ბრძოლის ცოტა თუ ბევრად ხანგრძლივი პერიოდების გზით. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ კაპიტალისტური საზოგადოების არსებობაც შეუძლებელი იქნებოდა. სამოქალაქო ომის ასეთი სასტიკი შეჯახება იყო იტალიაში 1920 წ. სექტემბერში, გერმანიაში – 1918 — 1919 წლებში, 1921 წლის მარტში და 1923 წელს გერმანია რევოლიუციის მომლოდინე ქვეყნების პირველ რიგში იდგა, და ჩვენ ვამბობდით:  პროლეტარიატის ახალი შეჯახება ბურჟუაზიასთან ან ფაშიზმთან საუბედუროდ, პროლეტარიატის გამარჯვებით დამთავრდება, ან ის დამარცხებით დამთავრდება, რაც რევოლიუციას კარგა ხნით შეაჩერებს. და ბურჟუაზიამ უფრო ფართო ბაზა უნდა ეძიოს, მენშევიკებს უნდა დაავალოს იმ წყლულის მოშუშება, რომელიც სამოქალაქო ომში მას ფაშიზმმა მიაყენა. ეხლა მთელი ევროპის მენშევიკები სწორედ ამ საქმეს ასრულებენ. იმპერიალისტური ომის ეპოქის შემდეგ- კოლოსალური შენჯღრევის-  ჯერ არ ყოფილ გაფიცვების და რევოლიუციურ აჯანყებათა შემდეგ, როდესაც ყოველივე ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და პროლეტარიატმა, დროებით, მოწინავე სანგრები დატოვა, მაშინ ბურჟუაზია ეკონომიურ სიმტკიცესთან ერთად, პოლიტიკურ სიმტკიცესაც ეძებს და ამ მიზნით შუა კლასებს, საშუალო და წვრილ ბურჟუაზიას ემყარება, ის ფაშისტს კი არ მოუწოდებს, არამედ მენშევიკს და მას ეუბნება: წაშალე სისხლიანი ლაქები, იარებზე დაწყნარების ბალზამი აპკურე, დაამშვიდე, იცრუე, დემოკრატიის ფერადი  ქსელი გაჭიმე. ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის, არამედ კანონშეწონილია და ამიტომ მისი გათვალისწინება  შეიძლებოდა გაცილებით ადრე, ვიდრე ის მოხდებოდა.

ჩვენ მარქსიზმი ხომ იმისათვის გვაქვს, რომ ისტორიული განვითარების პროცესში გავერკვიოთ და ხვალინდელი დღე ოდნავად მაინც გავითვალისწინოთ. ასეთი გაგების და გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ბრძოლა და გამარჯვება. ამრიგად, ევროპის და ნაწილობრივ მსოფლიოს ისტორიის ახალი რეფორმისტული და პაციფისტური ხანა სავსებით კანონშეწონილია. მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს რომ ის ხანგრძლივი იქნება? და რაც უფრო საყურადღებოა, განა ეს ნიშნავს, რომ ბურჟუაზია მტკიცე კაპიტალისტურ რეჟიმს საბოლოოდ აღადგენს? არა, ამაზე საუბარიც ზედმეტია, პოლიტიკური ზედნაშენის პროცესებს, მთელი თავისი კანონშეწონილებით, გაცილებით უფრო მოძრავი ხასიათი აქვთ, ვიდრე ეკონომიური ბაზისის პროცესებს. აქ კი ჯერ სრულიად არა გვაქვს ისეთი მოვლენები, რომლებიც ევროპის და მსოფლიო კაპიტალისტურ მეურნეობის ახალ მოძრავ წონასწორობასთან სიახლოვეს მოწმობდეს.

დიდი იმპერიალისტური ომი იქიდან წარმოიშვა, რომ კაპიტალიზმის საწარმოო ძალები ნაციონალურ სახელმწიფოებრიობას გასცილდა. თითოეული მეომარი ქვეყნის მილიტარიზმს, სხვა ქვეყნის ხარჯზე საკუთარი ბაზარი უნდა გაეფაროებინა. მაგრამ ომმა ეს ამოცანა ვერ გადაწყვიტა. საწარმოო ძალები, ახლა, ვერსალის ზავით და ახალ მსოფლიო ძალთა ურთიერთობით შექმნილ სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში უფრო შევიწროებულია, ვიდრე ომამდე. აქედან — კაპიტალიზმის ღრმა, გაჭიანურებული, ქრონიკული კრიზისი.

კომინტერნის III კონგრესზე ჩვენ დავა გვქონდა ომის შესახებ, რომ ევროპაში, ომის შემდეგ იქნება თუ არა ბაზრის კონიუნქტურული მერყეობა,  დეპრესიის ზრდა, კრიზისი და სხვ. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ სანამ საზოგადოება კაპიტალისტურ საფუძვლებზე დგას, ასეთი მერყეობა აუცილებელია. ბევრ ჩვენგანს ახსოვს, თუ რა ცხარე კამათი იყო ამის გამო, როგორც ინტერნაციონალში, ისე ჩვენს საკუთარ პარტიაში, ზოგიერთი ამ საკითხს ნახევრად აკადემიურად სთვლიდა. დღეს კი უეჭველია იმ კამათის დიდი მნიშვნელობა,  რომელიც III კონგრესზე მოხდა ევროპის კაპიტალიზმის მნიშვნელობის და პერსპექტივების გარშემო. ამ კამათს სრულიად არა აკადემიური, არამედ ღრმა პრაქტიკული, რევოლიუციონურ- პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. სადავო საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: შესაძლოა და უნდა ველოდოთ თუ არა კრიზისის უწყვეტი მრუდის ძირის დაშვებას, თუ უნდა დავუშვათ, რომ კაპიტალიზმის დაშლის პირობებში ცოტაოდენ ციკლურ მერყეობას ექნება ადგილი.

ახლა, რევოლიუციის შემდეგ პერიოდში,  პროლეტარული მოძრაობისათვის ამ კერძო მერყეობის უდიდესი მნიშვნელობა უეჭველია. უახლოეს პერიოდში რევოლიუციური მოძრაობისათვის კონიუნქტურის ამ კერძო მერყეობას არანაკლები მნიშვნელობა ექნება. ამასთან ერთად, კონიუნქტურის დროებით გაუმჯობესება  III კონგრესზე დადგენილი სწორი თეორიული პოზიციის გამო, სრულიად არ გვხდის ვალდებულად, ვაღიაროთ, რომ ევროპის კაპიტალიზმის კრიზისი დასრულებულია. წარსულ წელში ამერიკის ვაჭრობა-მრეწველობის უაღრესი გადიდების უდავო ფაქტი, ინგლისში უმუშევრობის შემცირება, რამოდენიმეჯერ საფრანგეთის მრეწველობის ზრდა. გერმანიის, ავსტრიის და პოლონეთის ვალუტის განსაზღვრული სტაბილიზაცია და სხვა მრავალი ფაქტი სწორი თეორიული ორიენტაციის გარეშე რეფორმიზმის უმართებულო დასკვნებამდე მიგვიყვანდა. ამრიგად, კრიზისის შესახებ მექანიკური წარმოდგენის წინააღმდეგ ბრძოლას, საფუძველად რეფორმიზმისადმი ესა  თუ ის დათმობა კი არ ედო, არამედ პირიქით, ფართო რევოლიუციურ პერსპექტივას ემყარებოდა და ეკონომიური ფაქტორების თეორიულად უმართებულო შეფასებისგან გვაზღვევდა. ჩვენ არავითარი განზრახვა არა გვაქვს ჰილფერდინგს და კ. ო-ს მივეგებოთ იმ საკითხის გამო თითქოს კაპიტალიზმის ძირითადი წონასწორობა აღდგენილია და ბურჟუაზიული საზოგადოებაც  ხელახლად ნორმალურ კალაპოტში მოქცეულია; ამგვარ შეფასებას არავითარი საფუძველი არა აქვს და მისი აზრი აქ კეთილსინდისიერ სურვილის ნაყოფია. ვაჭრობა მრეწველობის კონიუნქტურული მერყეობა საწარმოო ძალთა და მათი ექსპლოტაციის შეუსაბამობას სრულიად არ აბათილებს და სწორედ ამ წინააღმდეგობისგან უშუალოდ იმპერიალისტური ომი წარმოიშვა. ეს კონიუნქტურული კრიზისი ომის იმპულსი იყო, რომელიც 1913 წ. გამოაშკარავდა.

მკაცრად გარჩეულ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, კაპიტალისტური განვითარების ძირითადი ფაქტების მოქმედება და ტენდენცია, და მეორე მხრივ, ციკლური კონიუნქტრული მერყეობა. 1913 წლის კრიზისი თავისთავად ომს არ გამოიწვევდა, რომ ზემოხსენებული შეურიგებელი ძირითადი წინააღმდეგობა არ ყოფილიყო, ომის შემდეგ კი, ეს წინააღმდეგობა უფრო გაღრმავდა და გამახვილდა. უკვე აქედან ცხადია, რომ ოდნავ წინწაწევას არ შეუძლია ამ წინააღმდეგობის მოსპობა, და მაშასადამე ბურჟუაზიული საზოგადოების ეკონომიური გაწონასწორობის აღდგენა. მისი საფუძველთა საფუძველი ეკონომიკა მომავალში უდიდესი სამხედრო და სოციალურ განადგურებით იმუქრება.

VI.

გერმანიის რევოლიუციის გაკვეთილი

მთელი შეკითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა კომუნისტური პარტია ამ მერყეობის გამოყენებას, რომ ძალაუფლება ხელში აიღოს და შემდეგ კაპიტალისტური საზოგადოების ყოველივე წინააღმდეგობა აღმოფხვრას. თუ დასმულია შეკითხვა იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში ჩვენ, როგორც ინტერნაციონალი, უფრო გავძლიერდით თუ არა, მაშინ უნდა ვუპასუხოთ, რომ ჩვენ უეჭველად გავძლიერდით. თითქმის ყველა სექცია უფრო მტკიცე და გავლენიანი შეიქმნა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათი ძალა იზრდება და შემდეგშიც უწყვეტად უფრო მეტად გაიზრდება? არა, ეს ამას არ ნიშნავს. მისი ზრდა ტალღისებურია, არა სწორი — აქაც ზრდის დიალექტიკაა. მისგან არც კომინტერნია თავისუფალი. ასე გასული წლის მეორე ნახევარში გერმანიის კომუნისტური პარტია პოლიტიკურად გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე დღეს. მაშინ ის ძალაუფლების დაპყრობისაკენ მიემართებოდა და გერმანიის საზოგადოებრივი ცხოვრების აფორიაქებაც დიდი იყო. თუკი არა მხოლოდ ყველაზე ჩამორჩენილი მუშათა მასები, არამედ გლეხობის, წვრილი ბურჟუაზიის, ინტელიგენციის დიდი ნაწილიც იმედოვნებდა, რომ აჰა! კომუნისტები ძალაუფლებას ხელში აიღებენ და საზოგადოებასაც გარდაქმნიან. ასეთი განწყობილება თავისთავად რევოლუციურ ნიადაგის მომწიფების ერთ-ერთი საიმედო სიმპტომია, მაგრამ კომუნისტებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება ვერ შესძლეს არა იმიტომ, რომ ობიექტურად ხელსაყრელი პირობები არ იყო, არა, არ შეიძლება ძალაუფლების ხელში ასაღებად უფრო მომზადებული და მომწიფებული პირობების წარმოდგენა. ეს პირობები რომ ზუსტად აღვწეროთ, მაშინ შეიძლება ის, როგორც კლასიკური მაგალითი ისე შევიტანოთ პროლეტარულ რევოლიუციის სახელმძღვანელოებში,  მაგრამ პარტიამ ვერ შეძლო მათი გამოყენება. ამაზედ უნდა შევჩერდეთ.

ინტერნაციონალის ისტორიის პირველი პერიოდი — 1917 წ. ოქტომბრიდან გერმანიაში 1921 წ. მარტის რევოლიუციონურ მოძრაობამდე, -ომით და მისი უშუალო შედეგებით განისაზღვრება. კომუნისტები ევროპის პროლეტარიატის ახლო აჯანყებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას უცდიან. რაში მდგომარეობდა მათი შეცდომა? მათ ვერ დააფასეს პარტიის როლი.

III კონგრესის შემდეგ ახალი პერიოდი იწყება, ლოზუნგი – „მასებისაკენ“ ნიშნავს არსებითად „შექმენი პარტია“. ყველაზე უფრო წარმატებით და სავსებით ეს პოლიტიკა გერმანიაში ტარდებოდა. მაგრამ აქ ის უკვე წინააღმდეგობაში ჩავარდა 1923 წ. რურის ოკუპაციით შექმნილ მდგომარეობასთან, რომელმაც ერთი მოქნევით დაამხო  ევროპის ფიქტიური წონასწორობა.

1923 წ. დასასრულს კომუნისტებმა უდიდესი დამარცხება განიცადეს, არანაკლები, ვიდრე ჩვენი დამარცხება 1905 წელს.  რაშია მაინც განსხვავება? 1905 წ. ჩვენ ძალები არ გვყოფნიდა, რაც ბრძოლის დროს გამოაშკარავდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, დამარცხების მიზეზი ძალების ობიექტურ ურთიერთობაში იყო. 1923 წელს გერმანიაში კომუნისტები მანამდე დამარცხდნენ, სანამ ძალათა შეჯახება მოხდებოდა, მათ არ მოუხდენიათ ძალების მობილიზაცია, არ გამოუყენებიათ ძალები. ამრიგად აქ დამარცხების უშუალო მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობაშია. მართალია, შეიძლება ითქვას, პარტიას სწორი პოლიტიკაც რომ ეწარმოებია, ის მაინც ვერ შეძლებდა საკმარისი ძალის მობილიზაციას და მაინც დამარცხდებოდა. ასეთი მტკიცება მარჩიელობას ემსგავსება. ობიექტურ პირობების, კლასობრივ ძალთა ურთიერთობის, მმართველ კლასთა და ხალხური მასების განწყობილების მხრივ, ე. ი. რევოლიუციის ყველა წინასწარ პირობათა მიხედვით, კომუნისტებს ჰქონდათ უაღრესად ხელსაყრელი პირობები, რის წარმოდგენაც კი შესაძლებელია; ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც ოკუპაციით დაბოლოვდა; სამეურნეო და განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი; პარლამენტარიზმის კრიზისი; გაბატონებულ კლასთა სიმტკიცის დაკარგვა; პროფესიონალური კავშირების და დემოკრატიის დაშლა; კომუნისტური პარტიის გავლენის სტიქიური ზრდა; წვრილ ბურჟუაზიულ ელემენტთა კომუნიზმისაკენ გადახრა და ფაშისტების სულიერი განწყობილების სრული დაცემა –– ასეთი იყო პოლიტიკური წინაპირობები. რას ვხედავთ ახლა სამხედრო სფეროში? უმნიშვნელო მუდმივი ჯარი – ასი-ორასი ათასი კაცი, ე.ი არსებითად, არმიის მსგავსად მოწყობილი პოლიცია. საშინლად გაზვიადებული იყო ფაშისტთა ძალები, რომელიც უმთავრესად მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ივლის-აგვისტოს შემდეგ ფაშისტთა ფაშისტები სასტიკ დემორალიზაციას განიცდიდენ.

ემხრობოდა თუ არა კომუნისტებს მშრომელთა მასის უმრავლესობა? ამ კითხვაზე არ შეიძლება მარტო სტატისტიკის მიხედვით გავცეთ პასუხი. საკითხი რევოლიუციის დინამიკით სწყდება. მასა განუწყვეტლივ მიდიოდა კომუნისტებისაკენ, ასევე განუწყვეტლივ უძლურდებოდა მოწინააღმდეგე ის მასა, რომელიც სოციალ-დემოკრატების რიგებში რჩებოდა. კომუნისტებისადმი არავითარ აქტიურ წინააღმდეგობას არ იჩენდა, როგორც ეს იყო მარტში, 1921 წელს.  პირიქით, სოციალ-დემოკრატ მუშათა უმრავლესობა იმედით ელოდა გადატრიალებას. სწორედ ეს არის ის, რაც საჭიროა.

ჰქონდა თუ არა მასას ბრძოლის განწყობილება? 1923 წლის მთელი ისტორია ამის შესახებ არავითარ ეჭვს არ ტოვებს, მართალია ამა წლის დასასრულს უფრო შეზღუდული, თავშეკავებული განწყობილება იყო, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო? 23 წლის მეორე ნახევარში მასამ გაცილებით მეტი გამოცდილება მიიღო და იგრძნო ან გაიგო, რომ საკითხი სავსებით უნდა გადაწყდეს. ამ პირობებში, მასა მხოლოდ მაშინ გამოვიდოდა, თუ მას ეყოლებოდა მტკიცე რწმენის ხელმძღვანელები, რომლებისადმი ის იქნებოდა ნდობით აღჭურვილი. საუბარი იმის შესახებ, თითქოს მასა საბრძოლველად არ იყო განწყობილი, წმინდა სუბიექტიური ხასიათისაა, რომელიც არსებითად პარტიის მეთაურთა უმტკიცობის გამოხატავს. ჩვენში,  ოქტომბრის წინ არა ერთი მითითება იყო იმის შესახებ, რომ მასებში შეტევითი ბრძოლის განწყობილება არ არისო. ლენინი ამის შესახებ დაახლოებით შემდეგნაირად უპასუხებდა: თუ გინდა დავუშვათ, რომ ეს მითითება სწორია, მაშინ ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ ჩვენ უაღრესად ხელსაყრელი მომენტი გავუშვით. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდება შეუძლებელია. ხომ არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ თითქოს მუშათა მასის უმრავლესობა ან თუ გინდა უმცირესობა გადატრიალების წინააღმდეგ გამოვა. ყველაზე დიდი, რაც სურთ თქვან, არის ის, რომ უმრავლესობა გადატრიალებაში აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ საკმარისია, თუ გადატრიალებაში  აქტიური უმცირესობა მიიღებს მონაწილეობას, უმრავლესობის კეთილ სასურველ ან თუგინდ პასიურ განწყობილების დროსაც,- ასეთი იყო ლენინის არგუმენტაცია. შემდეგმა მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ მებრძოლმა უმცირესობამ თან მუშათა დიდი უმრავლესობა წაიყოლია. არავითარი ეჭვი არ არის იმაში, რომ გერმანიის მოვლენებიც ამრიგად გაიშლებოდა.

კომუნიზმი ყველა ქვეყანაში გაძლიერდა, მათ რიცხვშია საფრანგეთიც. რაში მდგომარეობს გერმანიის კომუნისტური პარტიის დამარცხების ძირითადი მიზეზი?

იმაში, რომ მან ვერ გაიგო რურის ოკუპაციის დროიდან და განსაკუთრებით პასიურ წინააღმდეგობის შეწყვეტის დროიდან (1923 წ. იანვარი — ივლისი) მომავალი რევოლიუციონური კრიზისი. მან ხელიდან გაუშვა მომენტი…. რევოლუციური პარტიისათვის ყველაზე  უფრო დიდ სიძნელეს წარმოადგენს სააგიტაციო -საპროპაგანდო ხანგრძლივი პერიოდისაგან გადასვლა  შეიარაღებული აჯანყების გზით ძალაუფლებისათვის უშუალო ბრძოლაში. ეს გარდატეხა უეჭველად შიდა-პარტიულ კრიზისს შექმნის. ამისათვის უნდა ემზადოს თითოეული პასუხისმგებლი კომუნისტი. მომზადების ერთ-ერთი საშუალებაა ოქტომბრის გადატრიალების ფაქტიური ისტორიის დაწვრილებითი შესწავლა. აქამდე, ამ მხრივ ძლიერ ცოტაა გაკეთებული და გერმანიის პარტიამაც არასაკმარისად გამოიყენა ოქტომბრის გამოცდილება… რურის კრიზისის შემდეგაც, ის ერთი ფრონტის შექმნის ლოზუნგით იგივე სააგიტაციო და საპროპაგანდო მუშაობას განაგრძობდა, იმავე ტემპით და იმავე ფორმებით, როგორც კრიზისამდე. ამავე დროს, ასეთი ტაქტიკა ძირეულად არასაკმარისი გამოდგა. პარტიის პოლიტიკური გავლენა ავტომატურად იზრდებოდა, საჭირო იყო მკაფიო ტაქტიკური მობრუნება, საჭირო იყო, დაენახა მასას და უპირველესყოვლისა, თვით პარტიას, რომ ამ შემთხვევაში საქმე ძალაუფლების დაპყრობას ეხება. საჭირო იყო გავლენის ორგანიზაციულად განმტკიცება და დასაყრდნობი ბაზისის შექმნა სახელმწიფოზე შესატევად. საჭირო იყო მთელი ორგანიზაციის ფაბრიკა-ქარხნების უჯრედებში გადატანა. საჭირო იყო რკინის გზებზე უჯრედების შექმნა. საჭირო იყო არმიაში მუშაობის შესახებ საკითხის გადაჭრით დასმა. საჭირო იყო, კერძოდ ერთიანი ფრონტის ტაქტიკის მთლიანად და სავსებით ამ ამოცანებთან შეთანხმება, მისი გადამწყვეტი მტკიცე და უფრო რევოლიუციური ხასიათი.

უმთავრესი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი ტაქტიკური ნაბიჯი უზრუნველვყოთ, ეს არ იქნა შესრულებული. ამაშია საბედისწერო და მთავარი მიზეზი. აქედან ძირითადი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, პარტია რევოლიუციას ელოდა, ხოლო მეორე მხრივ,  მარტის ამბებით გაწბილებული,  1923 წ. უკანასკნელ თვეებამდე ის რევოლიუციის ორგანიზაციის შესახებ  ე.ი. აჯანყების მოწყობაზე აზრსაც კი უფრთხოდა. პარტიის პოლიტიკა მშვიდობიანი ტემპით მიმდინარეობდა იმ დროს, როდესაც შედეგი ახლოვდებოდა. აჯანყების დრო მაშინ განისაზღვრა, როდესაც მოწინააღმდეგე, რომელმაც პარტიის გაშვებული მომენტით ისარგებლა და უკვე განმტკიცდა, ციებცხელებით დაიწყო პარტიის სამხედრო ტექნიკური მზადება, პარტია  ჩამოშორდა პოლიტიკას, რომელიც ძველი მშვიდობიანი გზით მიდიოდა. მასამ ვერ გაუგო პარტიას და არც გაჰყოლია მას. პარტიამ იგრძნო მასისგან დაშორება და დამბლა დაეცა. ამის გამო უეცრად საუკეთესო პოზიციების დატოვება და უსასტიკესი დამარცხება   იწვნია.

არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თითქოს ისტორია მექანიკურად ჰქმნის რევოლიუციის პირობებს და შემდეგ პირველი მოთხოვნილებისთანვე მას თეფშით მიართმევს: მიიღე და ხელი მოაწერე მიღების გამო, ეს არ იქნება! კლასმა ხანგრძლივი ბრძოლით უნდა გამოჭედოს ისეთი ავანგარდი, რომელიც შეძლებს მოვლენებში გარკვევას, რომელიც იცნობს რევოლიუციას, როდესაც კი ის კარებზე მოადგება, რომელიც თავის დროზე შეძლებს გაიგოს აჯანყების საჭიროება ისე, როგორც გეგმის შემუშავება, როლების განაწილება და  ბურჟუაზიას დაუნდობლად მახვილი ჩასცეს. და სწორედ გერმანიის კომუნისტურ პარტიამ გადამწყვეტ მომენტში ეს უნარი, ეს ენერგია და გამოცდილება ვერ გამოიჩინა. რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ რაშიც არის აქ საქმე, სულ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ 1917 წლის ოქტომბერში ჩვენ მერყეობა, ლოდინი დაგვეწყო, განზე განვმდგარიყავით და გვეთქვა: დავუცადოთ, პირობები ჯერ კიდევ არასაკმარისად გარკვეულია. ერთი შეხედვით, თითქოს რევოლუცია არაა, არ გაიქცევა ტყეში, – ოქტომბერში თუ არა, შეგვეძლო მისი ორი-სამი თვის შემდეგ მოხდენა. მაგრამ ასეთი შეხედულება ძირეულად ყალბია. მას არ მოჰყავს აღრიცხვაში რევოლუციის ფაქტორთა ელასტიური ურთიერთობა. მისი ყველაზე უფრო უშუალო და უახლოესი პირობა არის რევოლიუციისათვის მასის მზადყოფნა.  ეს უკანასკნელი არ შეიძლება კონსერვატიულად ვაქციოთ, არამედ სწორედ იმ მომენტში უნდა გამოვიყენოთ ის, როცა კი გამომჟღავნდება. ოქტომბრის წინ მუშები, გლეხები და ჯარისკაცები ბოლშევიკებს მიჰყვებოდნენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ  ბოლშევიკები იყვნენ, ე. ი. მათ შეეძლოთ ყოველ სხვა პირობებშიც ბოლშევიკებს გაჰყოლოდნენ, მათ იმედი გაუცრუვდათ მენშევიკებზე და ესერებზე და სწორედ ამიტომ გაჰყვენ ბოლშევიკების პარტიას. შემთანხმებულ პარტიებში იმედის გაცრუებამ მათში ახალი იმედი აღძრა იმის შესახებ, რომ ბოლშევიკები უფრო მტკიცენი იქნებიან, რომ ისინი სულ სხვა მასალიდან შექმნილია, რომ მათი სიტყვა და საქმე ერთია. ამ პირობებში  ბოლშევიკებს მერყეობა რომ გამოეჩინათ და ლოდინი დაეწყოთ, ამით ისინი სულ მოკლე დროში მენშევიკები და ესერებს გაუტოლდებოდნენ შეგნებით. მასა ისე სწრაფად გამოგვეცლებოდა, როგორი სისწრაფითაც ის ჩვენთან მოვიდა. ამით რასაკვირველია ძალთა ურთიერთობის რადიკალური შეცვლა მოხდებოდა. რა არის, კერძოდ, ძალთა ურთიერთობა? ცხადია, ის მეტად რთული რამეა და მრავალი  ელემენტისგან იქმნება. ამ ელემენტთა შორის არის მეტად მყარი ელემენტებიც: ასეთია, ტექნიკა და ეკონომიკა, რომელიც კლასობრივ სტრუქტურას განსაზღვრავს; რამდენათაც ძალთა ურთიერთობა პროლეტარიატის, გლეხობის და სხვა კლასთა რიცხობრიობით განისაზღვრება, იმდენად ჩვენ საკმაოდ მყარი ელემენტები გვაქვს. მაგრამ კლასის ერთი და იგივე რიცხობრიობის დროს მისი ძლიერება დამოკიდებულია მისი პარტიის ორგანიზაციასა და აქტიურობაზე, პარტიისა და მასის ურთიერთობაზე, მასათა განწყობილებაზე და სხვ.

ეს ფაქტორები უკვე ნაკლებად მყარია, განსაკუთრებით რევოლუციურ ეპოქაში და ჩვენ სწორედ ამას ვლაპარაკობთ.

თუ უაღრესად რევოლიუციური პარტია, რომელსაც მოვლენათა ლოგიკური სვლა მშრომელთა ყურადღების ცენტრში აქცევს, მომენტს გაუშვებს, მაშინ ძალთა ურთიერთობა რადიკალურად იცვლება, ვინაიდან ამ პარტიის მიერ აღძრული იმედები სასოწარკვეთით ან პასიურობით და ღრმა მწუხარებით იცვლება და პარტია თავის გარშემო მხოლოდ იმ ელემენტებს შეინარჩუნებს, რომელიც მის მიერ მტკიცედ და საბოლოოდ დაპყრობილია. ე. ი. უმცირესობის. სწორედ ეს მოხდა გასულ წელს გერმანიაში. კომუნისტური პარტიისგან სოციალ-დემოკრატ  მუშებამდე ყველა ელოდა, რომ ის ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს; პარტიამ ვერ შეძლო ამ საერთო მოლოდინის გადამწყვეტ რევოლუციურ მოქმედებად ქცევა და პროლეტარიატის გამარჯვებამდე მიყვანა. აი, რატომ იწყება ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ რევოლიუციურ განწყობილებათა შებრუნება. სწორედ ეს ბურჟუაზიული რეაქციის დროებით მოსამაგრებელ საფუძველს ჰქმნის, ვინაიდან სხვა რომელიმე ღრმა ცვლილებები (საზოგადოების კლასობრივად დაყოფაში, ეკონომიკაში) ცხადია, არ შეიძლება მომხდარიყო.

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტურმა პარტიამ 3,700,000 ხმა მიიღო,  ეს, რა თქმა უნდა, პროლეტარიატის საუკეთესო კადრია. მაგრამ, ეს რიცხვი დინამიურად უნდა შევაფასოთ. უეჭველია, რომ წარსული წლის აგვისტო-სექტემბერში კომუნისტურ პარტიას სხვა, შესაფერ პირობებში შეეძლო  გაცილებით მეტი ხმის მიღება.

მეორე მხრივ, ბევრი იმასაც ამბობს, არჩევნები რომ  ორი-სამი თვით გვიან მომხდარიყო, კომუნისტური პარტია გაცილებით ნაკლებ ხმას მიიღებდაო. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მისი გავლენა თანდათან კლებულობს. სასაცილო იქნებოდა ამაზე თვალის ახვევა: სირაქლემის პოლიტიკა – რევოლიუციონური პოლიტიკა არ არის.

საჭიროა, მაინც, ამ ფაქტის მნიშვნელობა ნათლად გავიგოთ, მე უკვე ვთქვი, რომ არც კომუნისტური პარტიაა თავისუფალი დიალექტიკის კანონებისაგან, მისი განვითარებაც  წინააღმდეგობებით  იწარმოება,  დაწინაურებით, კრიზისებით.

პოლიტიკური გარდატეხის პერიოდში პარტიის მასებზე გავლენა ძლიერ იზრდება; ვითარების შებრუნების პერიოდში გავლენა სუსტდება, პარტიაში შიდა შერჩევის პროცესი ძლიერდება. ყოველივე შემთხვევითი, არასაიმედო მას შორდება, პარტიის გუნდი მჭიდროვდება და მტკიცდება. ამით ის ახალო რევოლუციური მობრუნებისთვის ემზადება. მდგომარეობის სწორი შეფასება და სწორი პერსპექტივა მას შეცდომებისგან და სასოწარკვეთილებისგან იფარავს. ჩვენ უკვე დავინახეთ ეს ომის შემდეგ ეპოქაში სამრეწველო დაწინაურების და კრიზისების საკითხის გარშემო. ჩვენ ვხედავთ ამას ევროპის ახალ-რეფორმისტულ პერიოდში. ახლა ჩვენთვის აუცილებელია მთელი თავისი სიცხადით გავიგოთ ის ეტაპი, რომელსაც გადის გერმანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავიგებთ იმას, რაც ჩვენთვის ხვალინდელ დღეს მოაქვს.

1905 წ. დამარცხების შემდეგ ჩვენ შვიდი წელი დაგვჭირდა, რომ ლენის ამბების ზეგავლენით კვლავ დაგვეჩქარებინა მუშათა მოძრაობა, თორმეტი წელიწადი დაგვჭირდა, რომ მეორე რევოლიუციას პროლეტარიატი გამარჯვებამდე მიეყვანა. გერმანიის პროლეტარიატმა წარსულ წელს უდიდესი დამარცხება განიცადა.

ახლა მისთვის საგრძნობი დროა საჭირო, რომ ეს დამარცხება გადახარშოს, შეითვისოს მისი გაკვეთილები, გამოსწორდეს, კვლავ შემოიკრიბოს ძალები. და კომუნისტური პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გამარჯვებას, თუ თვითონ მთლიანად და სავსებით შეითვისებს წარსული წლის გაკვეთილებს. რამდენი დრო დასჭირდება ამ პროცესს?  ხუთი წელიწადი? თორმეტი? ამაზე არავითარი სწორი პასუხი არ შეიძლება გაიცეს. შეიძლება ზოგადი მოსაზრება გამოვთქვათ, რომ განვითარების ტემპი, პოლიტიკურ მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის  აზრით, ომის შემდეგ გაცილებით ჩქარი გახდება, ვიდრე ომამდე. ეკონომიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ საწარმოო ძალები ძლიერ ნელი ნაბიჯით ვითარდება და ამავე დროს, კონიუნქტურის გაუმჯობესება და გაუარესება ერთი- მეორეს უფრო ხშირ-ხშირად ცვლიან, ვიდრე ომამდე. მსგავს მოვლენებს ვამჩნევთ პოლიტიკაშიც: ფაშიზმი და მენშევიზმი საკმაოდ ხშირად სცვლიან ერთი მეორეს; გუშინდელი მდგომარეობა ღრმა რევოლიუცუონური იყო, დღეს კი ბურჟუაზია მთელი ხაზის გასწვრივ ზეიმობს. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი ეპოქის ღრმა რევოლიუციონური ხასიათი, რომელიც გვაიძულებს ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ გერმანიაში ბურჟუაზიის თარეში არ შეიძლება ხანგრძლივი იყოს. მაგრამ ახლა მიბრუნების მოვლენებს აქვს ადგილი და არა მობრუნების და რა თქმა უნდა, ჩვენი ტაქტიკაც ამის შესაფერი უნდა იყოს.

ევროპა და ამერიკა

ინგლისის მუშათა კლასის კონსერვატიულ – რეფორმისტული და პაციფისტური ილიუზიები ახლა მუშათა მთავრობის სახით უმაღლეს აყვავებას აღწევს. ინგლისის მუშათა კლასის მთელ პოლიტიკურ წარსულს, რამდენათაც ის პოლიტიკურ ზომიერებაში, შეთანხმებლობაში, რეფორმიზმში და ბურჟუაზიის იმპერიალისტური პოლიტიკის თანაგრძნობაში გამოიხატებოდა, ახლა მუშათა პარტიის ძალაუფლების დროს უდიდეს გამოცდას იტანს.

ის თვით აადვილებს თავის გამოცდას, იმაზე დაყრდნობით, რომ მას პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არა ჰყავს და ამიტომ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ არის. მაგრამ ცდა ისტორიამ მაინც სავსებით დააწესა. მაკდონალდის რეჟიმის რეზულტატი, როგორიც არ უნდა იყოს მისი ფორმალური შედეგი  მუშათა კლასის რიგებში, კრიტიკის და თვითკრიტიკის გაღრმავება იქნება. ხოლო კრიტიკა და თვითკრიტიკა მემარცხენე ფრთის ზრდას ნიშნავს. ინგლისში კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბების ეპოქა მხოლოდ ახლა იწყება.

მაკდონალდის მთავრობამ ინგლისის მუშათა კლასის დროებითი დემოკრატიულ — პაციფისტური ილიუზები არა თუ გაამწვავა,  არამედ მისი თვითშეგნებაც აამაღლა. არ შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის პროლეტარი თავისთავს სახლში უფროსად გრძნობდეს, რადგან ეს გრძნობა რომ მას ჰქონდეს, ის მართლადაც უფროსი შეიქნებოდა…  მაგრამ ინგლისის საშუალო მუშა თავისთავს ეუბნება: მაშასადამე, ჩვენც რაღასაც წარმოვადგენთ, თუკი მეფე ჩვენს ტრეიდუნიონელებს ძალაუფლებისკენ მოუწოდებს და სწორედ ეს შეგნება, როგორი კონსერვატიული განსაზღვრაც არ უნდა შეიტანოს მასში წარსულმა, მომავალისკენ ახალ გაქანებას თავისთავად იძლევა. მუშების მოთხვნილება უფრო იზრდება, მათში უფრო ნაკლები მოთმინებაა, ამის შედეგად, ძლიერ გახშირდა ინგლისში გაფიცვები. ტყუილად კი არ ჩივის  „ტაიმსი“, რომ ჩვენ, დიახაც საუკეთესო ლიდერები გვყავს, მაგრამ რევოლიუციoნერები მათ მაინც ჩქარა იცილებენ თავიდანო. თუმცა  არა ჩქარა, მაგრამ მაინც იცილებენ თავიდან და კიდევაც მოიცილებენ.

ევროპის ქვეყნები, თავის ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობით, ინგლისსა და გერმანიის შორის თავსდება, იტალიის გამონაკლისით, რომელიც თითქოს, ხელახლად რევოლიუციის პირველ რიგში იჭრება.

მუსოლინის რეჟიმის დამხობა შეიძლება მეტად ჩქარი ტემპით წავიდეს და თვით ამ რეჟიმის ხასიათის გამო ამ დამხობამ შესაძლოა მეტად ჩქარი, მეტად რადიკალური სახე მიიღოს, პროლეტარიატი ხელახლად ძალაუფლების პრობლემის წინაშე დააყენოს. იტალიაში უმთავრესი ამოცანაა, ამ მომენტისათვის საკმაოდ ძლიერი, ინიციატივის მქონე პარტიის ყოლა. ეს მეტად დიდი და ძნელი ამოცანაა, მაგრამ ის უნდა შესრულდეს.

განსაკუთრებული ადგილი, ძველებურად, ამერიკას უჭირავს. ევროპის და ამერიკის განვითარების ტემპი ომამდეც არ იყო ერთნაირი და ომის შემდეგ განსხვავება უფრო გაღრმავდა. როდესაც  საერთაშორისო რევოლიუციაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ მას მეტად ზოგადად, საერთოდ წარმოვიდგენთ.  აქ იქნება ერთი -მეორესაგან შესამჩნევი დროით დაშორებული, თავისებური ეტაპები.

ყველაფერი იმას მოწმობს,  რომ ამერიკის რევოლუცია გაცილებით გვიან მოხდება, ვიდრე ევროპის რევოლუცია. ისტორიულად მეტად შესაძლოა მოვლენათა ისეთი სვლა, როდესაც აღმოსავლეთი უკუაგდებს იმპერიალიზმის საშინელებას, ევროპის პროლეტარიატი ძალაუფლებას ხელში აიღებს, ხოლო ამერიკა ძველებურად კაპიტალიზმის ნავსაყუდელი დარჩება. ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები შესაძლოა გახდეს და კიდევაც შეიქმნება ისტორიის ძირითად კონტრრევოლუცურ ძალად. ეს მხოლოდ ფილისტერებს არ შეუძლიათ გაიგონ, რომელთათვისაც საკითხი ცრუდემოკრატიული სახით, პაციფისტური ფრაზებით და სხვაგვარი როშვებით  წყდება.

ომის ოთხი წლით გაგრძელება, რომელმაც გამოფიტა მთელი ევროპა, ამერიკის განსაკუთრებული როლის გამო გახდა შესაძლებელი. ომის შემდეგ კი ამერიკა  ევროპის ბურჟუაზიას დაეხმარა თავის პოზიციების დასაცავად. ახლა ამერიკა „ექსპერტთა გეგმის“ საშუალებით, ევროპის მშრომელი მასის ასევე დასამონებლად, ახალ რთულ სისტემის ორგანიზაციას აწყობს.

ამერიკა ყველაზე უფრო ჯიუტად ეწინააღმდეგება საბჭოთა რესპუბლიკების ცნობას. შეერთებული შტატები საოცრად მდიდარია, ამერიკის ბურჟუაზიის განკარგულებაშია აუარებელი რესურსი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მანევრებისათვის. ყოველივე ეს მთლიანად იმას მოწმობს, რომ ძლევამოსილ ევროპის პროლეტარიატს კიდევ მოუხდება ანგარიში გაუწიოს ამერიკის კაპიტალს, როგორც შეურიგებელ და უძლიერეს მტერს.

სოციალ-დემოკრატია, პირველ რიგში გერმანიის სოციალ-დემოკრატია,  ყველაფერს აკეთებს „ოკეანის იქეთა დემოკრატიის“ სადიდებლად. სოციალ-დემოკრატია აშინებს მუშებს ამერიკის რისხვით, მათი უპატივცემულობის გამო, და პირიქით, მათ დიდ  საჩუქარს პირდება, ამერიკული ბურჟუაზიის ბრძანების ქვეშ მყოფ ევროპის დემოკრატიებთან შეთანხმებისათვის.

ევროპის მენშევიზმის მთელი პოლიტიკა ახლა ამაზეა დამყარებული. ევროპის სოც-დემოკრატია, როგორც საერთოდ ბურჟუაზიის აგენტურა, თავისთავად და  აუცილებლად, ყველაზე უფრო მდიდარი და ძლიერი ბურჟუაზიის, ამერიკის ბურჟუაზიის აგენტურა ხდება.  სოც-დემოკრატია ცდილობს ამერიკის კაპიტალისტური სიძლიერის ჰიპნოზით დამბლა დასცეს ევროპის მუშათა რევოლუციონურ ენერგიას. ჩვენ ამას განსაკუთრებით ვამჩნევთ გერმანიაში 1918 წლიდან, როდესაც კაუცკიანური ვილსონიზმი თვით მუშათა კლასის რიგებში უმთავრესი კონტრრევოლუციური ფაქტორი გამოდგა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ექსპერტთა გეგმის გატარებასთან ერთად, სოც-დემოკრატია კიდევ უფრო გააძლიერებს პროლეტარიატის  ტერორიზაციას, ყოვლისშემძლე, ქველმოქმედ, ერთდროულად მრისხანე ჩრდილო ამერიკის მოჩვენებით. ამ ტერორის და ჰიპნოზის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელი პირობაა რევოლუციისათვის ევროპის მუშათა  წარმატებით მოსამზადებლად. მათ უნდა გაიგონ, რომ გაერთიანებულ ევროპას არა თუ არ ძალუძს ეკონომიურად დამოუკიდებელი არსებობა, არამედ ამერიკის კონტრრევოლიუციასთან აშკარა ბრძოლაში თავის დაცვაც შეუძლია.

კომუნისტები ევროპის მუშებს ეუბნებიან: თუ შენ ძალაუფლებას დაეპატრონები, თუ საბჭოთა შეერთებულ შტატებს შეჰქმნი, შენ ამით ორ უძლიერს კონტინენტს გააერთიანებ, ხელთ იგდებ საუკეთესო ტექნიკას, თვალუწვდენელ სივრცეს, ბუნებით სიმდიდრეს და გამარჯვებულ რევოლიუციონურ კლასის უდიდეს ენთუზიაზმს. თუკი  შენ შეიარაღებული მსოფლიო კონტრრევოლუციის პირისპირ შეტაკება მოგინდა, ეს კი მოხდება,  შენ საკუთარ წითელ არმიას შექმნი და მაშინ თავიდან დაწყება არ მოგინდება, ვინაიდან შენ  მზამზარეულად მიიღებ  საბჭოთა კავშირის, ბრძოლაში გამობრძმედილ და გამარჯვებით ფრთებშესხმულ ძლევამოსილ წითელ არმიას.

გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: მნათობი, 1924 წლის მე-5 ნომერი.