ვლადიმერ სვანიძე – ენგელსის პირველი ნაბიჯები

(ნაწყვეტი წიგნიდან გენიოსის სიჭაბუკე)

  კრიტიკული დამოკიდებულება მამათა რწმენისა და არსებული წყობილებისადმი ფ. ენგელსმა პირველად გამოამჟღავნა გრებერებთან მიმოწერასა და ლიტერატურულ დებიუტში — „წერილები ვუპერტალიდან“. ეს წერილები დაიბეჭდა კ. გუცკოვის „გერმანული ტელეგრაფის“ 1839 წლის მარტისა და აპრილის ნომრებში, პირველი ორი — ანონიმურად, სოლო მესამე — ფ. ოსვალდის ხელმოწერით.

  „წერილებში“ ახალგაზრდა ენგელსმა ფარდა ახადა ვუპერტალის[1] „წყვდიადის სამეფოს“, სადაც ომობენ მხოლოდ თეოლოგიური კალმები და ჭორიკანა ბებრუცუნები, ხოლო პიეტისტი პასტორები გონებას უბნელებენ თავიანთ მრევლს. ფ. ენგელსი გულისტკივილით აღწერს ელბერფილდისა და ბარმენის მოსახლეობის დაბალი ფენების სიღატაკეს, მათ აუტანელ ეკონომიურ მდგომარეობას, ფაბრიკის მუშებისა და საკუთარ ბინებში მომუშავე ფეიქართა უმწეო შრომას, რომელებიც დილიდან საღამომდე სულს ღაფავენ ლუკმაპურისათვის შრომაში, მაგრამ მაინც არ გააჩნიათ არც მუდმივი საცხოვრებელი და არც მუდმივი საარსებო წყარო, რის გამოც ყოველი ხუთი კაციდან სამი, როგორც წესი, ჭლექით კვდება. ქალაქის მდაბიონი სრულიად დემორალიზებულნი არიან; ისინი ან ლოთობენ, ან ბილწობენ, ან მისტიციზმის კლანჭებში ექცევიან. ამ საშინელ სურათს ენგელსი ხატავს არა როგორც უღიმღამო მიმომხილველი, არამედ როგორც მგზნებარე მებრძოლი, რომელიც მთელი სიმპათიებით ჩაგრულთა მხარეზეა. ჭაბუკი მოურიდებლად ააშკარავებს მეფაბრიკის საზიზღარ საქმიანობას, რომელსაც ელასტიური სინდისი აქვს და იმის გამო, რომ საშინელი ექსპლოატაციის შედეგად ერთ ან ორ ბავშვს უდროოდ მოუსწრაფებს სიცოცხლეს, ამით მისი სული ჯოჯოხეთში არ მოხვდება, მით უმეტეს, თუ კვირაობით ორჯერ მაინც დადის ეკლესიაში.[2] ფ. ენგელსმა დაუნდობლად ამხილა რელიგიური ფარისევლების — პიეტისტების ურჯუკობა, ის დამღუპველი გავლენა, რასაც მათი საქმიანობა ახდენს ცხოვრების ყველა მხარეზე – სკოლაზე, პრესაზე, ლიტერატურაზე. განათლება, პრესა და ლიტერატურა გამსჭვალულია პიეტიზმის სულისკვეთებით. აქედან გასაგებია, თუ რა დონეზე დგანან ისინი ბარმენსა და ელბერფელდში, — ირონიულად შენიშნავს ენგელსი, ახალგაზრდობას წარმოდგენაც არა აქვს ახალ გერმანული ლიტერატურაზე. თუ რამე იციან — ისიც პიეტისტების ჩაგონებით; განათლებულ ადამიანად ითვლება ის, ვინც ბილიარდსა და ბანქოს თამაშობს, ვისაც შეუძლია პოლიტიკაზე მსჯელობა ან კომპლიმენტის თქმა. ბარმენის ერთ გაზეთს ადარებს ღამის ჩაჩს, რომელსაც ბელეტრისტული ლომის ტყავიდან მუდამ მოუჩანს „პიეტისტური ვირის ყურები“ და სხვ. ფ. ენგელსმა განსაკუთრებით მკვეთრად გაილაშქრა კალვინისტური გარდაუვალი ბედისწერის თეორიის წინააღმდეგ, რომელსაც ფ. კრუმახერი ქადაგებდა. ბედისწერის კალვინისტური თეორია ფანტასტიკურად ასახავდა კაპიტალისტურ სინამდვილეს, სადაც პიროვნების წარმატება ან წარუმატებლობა წინასწარ განსაზღვრულია უხილავი ძალებით და დამოკიდებულია ამ ძალების მოწყალებაზე. ფ. კრუმახერმა მოძღვრება ბედისწერის შესახებ უაზრობამდე მიიყვანა. ამ მოძღვრების მიხედვით ადამიანს, პირველი ცოდვის გამო, არათუ სიკეთის ქმედება, არამედ ისიც კი არ შეუძლია, რომ სიკეთეს ესწრაფოდეს, თუ ამას ღვთაება არ შთააგონებს, კრუმახერი ქადაგებდა, რომ მხოლოდ რჩეულნი იქნებიან მარად ნეტარნი, უმეტესობა კი დასაბამიდან ტანჯვისათვის არის განწირული. ფ. ენგელსი ვერ ურიგდება კრუმახერის მტკიცებას კაცობრიობის დიდი ნაწილის აბსოლუტური ცოდვილიანობისა და მუდმივი სატანჯველისათვის განწესების შესახებ. ენგელსს მიაჩნია, რომ ვუპერტალის ფანატიკური პიეტიზმი ეწინააღმდეგება როგორც გონებას, ისე თვით ბიბლიას. ენგელსის აზრით, ძველი ობსკურანტიზმის კლდეს უთუოდ ჩამოანგრევს და წალეკავს დროის მძლავრი ნიაღვარი. ჭაბუკი პირველად ემიჯნება რწმენას და თითქოს ლამობს გაგლიჯოს მართლმორწმუნეობის დამაწყნარებელი პერანგი, მაგრამ მძიმე ეჭვები, რითაც შეპყრობილია მთელი მისი არსება, ხელს უშლის თავი დააღწიოს რელიგიურ ბურუსს. სახარებისადმი რწმენას და თავის თავს პატიოსან სუპერნატურალისტად თვლის. ამ წერილების მთავარი ღირსება ის არის, რომ მათში ურჯუკი პასტორებისა და საერთოდ პიეტიზმის კრიტიკა დაკავშირებულია სოციალური ურთიერთობის კრიტიკასთან. ახალგაზრდა ენგელსმა აქ პირველად მიუთითა, რომ კაპიტალისტური ექსპლოატაცია აუცილებლობით იწვევს ორგვარ სოციალურ უბედურებას — ლოთობას და გონების დამაჩლუნგებელ მისტიკას.

    ფ. ენგელსის სიმპათიები „პლებსისადმი“, რომელსაც არაფერი აბადია, მაგრამ საუკეთესოა მთელ სახელმწიფოში, კიდევ უფრო ძლიერდება ბრემენში, სადაც, „ეპოქის იდეებით“ შეპყრობილი, მოწყურებული ეწაფება გერმანიაში აკრძალულ ლიტერატურას. ამ ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელმაც განსაკუთრებით გაიტაცა ენგელსი, შეადგენდა „ახალგაზრდა გერმანელთა“ ლიტერატურა.

    „ახალგაზრდა გერმანია“ ლიბერალურ-დემოკრატიული ბურჟუაზიის მედროშე იყო ლიტერატურაში და, როგორც თავისი დროისა და კლასის პირმშოს, უკანასკნელის სისუსტისა და ორჭოფობის დაღი ესვა. ენგელსის აზრით, ამ ლიტერატურული ჯგუფის ესთეტიკური იდეალი და მხატვრული სტილი სავსებით შეეფერებოდა მის უმწიფარ პოლიტიკურ იდეებს. ეს ლიტერატურული ახალგაზრდობა საკუთარი სიტყვებით და ბუნდოვანი ოცნებებით იყო გაბრუებული. ამ ჯგუფის თითქმის ყველა მწერალი ქადაგებდა უნდილ კონსტიტუციონალიზმს. ლიტერატორთა ეს პოლიტიკური ოპოზიცია ცდილობდა, ხელში აეღო გერმანული ფილოსოფიისა და ფრანგული სოციალიზმის, განსაკუთრებით სენ-სიმონიზმის დროშა, მაგრამ ეს მისთვის მეტად ძნელი ტვირთი აღმოჩნდა. „ახალგაზრდა გერმანიის“ მთელი ლიტერატურული პროდუქცია სავსე იყო ეგრეთ წოდებული „ტენდენციურობით“, ე.ი. ხელისუფლების საწინააღმდეგო სულისკვეთებათა მხდალი გამოთქმებით. შემდგომში ამ ჯგუფმა აღიარა ახალგაზრდული ცოდვები, მაგრამ ოდნავაც კი ვერ გაიუმჯობესა სტილი.

  გერმანული კლასიკური ლიტერატურის გოეთესა და შილერის ტრადიციებზე აღზრდილი ენგელსი, რომელიც ყრმობიდანვე გამოირჩეოდა ფაქიზი ლიტერატურული გემოვნებით, პირველად ცივად შეხვდა „ახალგაზრდა გერმანიის“ მოდურ ლიტერატურას. პირველ ხანებში მკვეთრად აკრიტიკებს ვინბარგის აბსტრაქტულ და ბუნდოვან ესთეტიკურ თეორიას მახინჯი სინამდვილის ესთეტიკური გარდაქმნის შესახებ, დასცინის ამ ჯგუფის ლიტერატორთა ფსევდონოვატორობას, რომლებიც „ყოველგვარ სისულელეს გვთავაზობენ… წერენ ყველაფერს, რაც თავში მოუვათ…“ გერმანული ლიტერატურის ისტორიული ბედით და ამ „ახალი სკოლის“ უსუსურობით შეშფოთებული ენგელსი სხარტად და მოხდენილად ახასიათებს ამ სკოლის ფსევდოისტორიულ და ანტიმხატვრულ ბუნებას. „ნაკლებად საინტერესო თ. მუნდტი, — წერს იგი, — ჯღაბნის ყველაფერს, რაც კი თავში მოუვა, და დედაბერივით კოპწიაობს ახალ ტანსაცმელში, ხოლო გ. კიუნე ყოველგვარ სისულელეს გვთავაზობს და არარსებულ ხასიათებს ქმნის. შემდგომში ენგელსი იცავს „ახალგაზრდა გერმანიას“ პოლიციური კრიტიკოსის ვ. მენცელის თავდასხმებისაგან და დადებითად აფასებს სახელმწიფო მმართველობაში ხალხის მონაწილეობისა და ებრაელთა ემანსიპაციის იდეებს, რელიგიური ძალადობის, არისტოკრატიისა და თავადაზნაურობის ბატონობის მოსპობის მოთხოვნებს, რომლებსაც ეს ჯგუფი ქადაგებდა, მაგრამ ემიჯნება ამ ჯგუფის წარმომადგენელთა რიტორიკას, მსოფლიო სევდასა და იუდეველთა გოდებას; თანამედროვე პოეტებს შორის ყველაზე მაღლა აყენებს ჰაინეს და ლენაუს, ხოლო „ახალგაზრდა გერმანიის“ წარმომადგენლებიდან (კ. გუცკოვი, ვინბარგი, ლაუბე, მუნდტი, კიუნე) მხოლოდ გუცკოვს თვლის ასე თუ ისე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად. თუმცა არც მის მოღვაწეობას ღებულობს უკრიტიკოდ და მკვეთრად გმობს სქესის ემანსიპაციის გუცკოვისებურ ინტერპრეტაციას, როგორც თავგასული ახალგაზრდობის წინდაუხედაობას.

   სტატიაში „გერმანული ხალხური წიგნები“ (1839) ენგელსი აგრძელებს „ახალგაზრდა გერმანიის“ კრიტიკას. „ხალხური წიგნების გულღია იუმორი, — წერს იგი, — ჩანაფიქრისა და მხატვრული შესრულების ბუნებრიობა ჯიბეში ჩაისვამდა ჩვენი ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს. რომელ თანამედროვე პოეტს ეყოფა ფანტაზია ისეთი წიგნის შესაქმნელად, როგორიცაა „შილდბიურგერი“? რა პროზაულად გამოიყურება მუნდტის იუმორი „შვიდი შვაბის“ იუმორთან შედარებით“[3] და სხვ. ხალხური წიგნების უმნიშვნელოვანეს ამოცანად ენგელსი თვლის ბრძოლას თავისუფლებისათვის, არისტოკრატიისა და პიეტიზმის წინააღმდეგ. ენგელსი აკრიტიკებს მარბახს ხალხური ეპოსის გადაკეთებისა და დამახინჯებისათვის, იმისათვის, რომ მან გენიალური „ფაუსტი“ კუდიანების ბანალურ ამბად აქცია და „შეამკო“ ჩვეულებრივი ანეკდოტებით ჯადოქრობის შესახებ, რის გამოც მასში ხალხური პოეზიის ნატამალიც აღარ დარჩა.[4] ენგელსს ხალხური წიგნების მთავარ ნაკლად მიაჩნია ის, რომ ისინი ვერ უპასუხებენ თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს. ლიტერატურის დანიშნულებას ენგელსი ხედავს მის ხალხურობაში. ხალხურ წიგნებს და ხალხურ ეპოსს განიხილავს ხალხის ინტერესების თვალსაზრისით, იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოხატავენ ისინი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს და მისწრაფებებს, როგორ ემსახურებიან ხალხის სულიერი ენერგიის განმტკიცებას. – ხალხურმა წიგნმა, — განაგრძობს ენგელსი, — მკითხველს უნდა გაუღვიძოს მშვენიერებისა და ამაღლებულის გრძნობა, შეუმსუბუქოს გლეხს მძიმე შრომა, რომ მან ხრიოკი ველი აყვავებულ ედემად აქციოს, პოეზია უნდა შეიჭრას ხელოსნისა და ქარგლის ბინაში, დაწმინდოს მათი ზნეობრივი გრძნობა, დაარწმუნოს ისინი საკუთარ ძალაში, შეაგნებინოს ადამიანური უფლება, შეაყვაროს თავისუფლება, გააღვიძოს მათში ვაჟკაცური სული და მამულის სიყვარული. ასეთ თვალსაზრისს, რა თქმა უნდა, საერთო არაფერი ჰქონდა „ახალგაზრდა გერმანიის“ მანერულ, ზემოდურ და ფსევდოტენდენციურ ლიტერატურასთან. ენგელსი მკაცრად აკრიტიკებს ვინბარგის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ლირიკისადმი, მუნდტის „წინასწარმეტყველებას“ პროზის ახალი მესიის შესახებ და პოეზიის მაღალი მოქალაქეობრივი დანიშნულების საილუსტრაციოდ მიუთითებს ხალხურ სიმღერებზე, როგორც გერმანელი ხალხის საამაყო ქმნილებაზე.[5]

   გერმანული ხალხური ეპოსიდან ენგელსს განსაკუთრებით იზიდავს უვნებელი ზიგფრიდის ამბავი, რომელშიც ხედავს პროტესტს სულშემხუთავი ტრადიციების წინააღმდეგ. „უვნებელი ზიგფრიდის“ ტრაგიკომიკურ ფრაგმენტებში“ (1839) ენგელსი გვიხატავს ზიგფრიდს რეაქციის წინააღმდეგ მებრძოლი მოწინავე გერმანელი ახალგაზრდობის წარმომადგენლად, იმ ახალგაზრდობისა, რომელიც ზიგფრიდის მსგავსად გრძნობს ზიზღსა და მტრობას ბანალობისა და ფილისტერობის წინააღმდეგ, რამაც აიძულა ზიგფრიდი მამისეული სახლი მიეტოვებინა.

   რა გვიტაცებს ასეთი ძალით ზიგფრიდზე თქმულებაში? კითხულობს ენგელსი: „არა თვით ამბავი, არა საზიზღარი გამცემლობა, რისი მსხვერპლიც გახდა ახალგაზრდა გმირი, არამედ მასში ჩაქსოვილი ღრმა აზრი. ზიგფრიდი გერმანელი ახალგაზრდობის წარმომადგენელია. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს, რადგან ვგრძნობთ გმირობის იმავე წყურვილს, ტრადიციის წინააღმდეგ ამბოხების იმავე სურვილს, რამაც ზიგფრიდი მამისეული სახლიდან გააძევა. ჩვენ გვძაგს მუდმივი მერყეობა, ფილისტერული შიში ყოველი ცოცხალი საქმისადმი, გვსურს გავიჭრათ თავისუფალი სამყაროს სივრცეში, გვინდა დავიწყებას მივცეთ კეთილგონიერება და ვიბრძოლოთ ცხოვრების გვირგვინის – გმირობისათვის; დრაკონებსა და გიგანტებზე, რომლებითაც სავსეა საეკლესიო ცხოვრება, საკმაოდ იზრუნეს ჩვენთვის ფილისტერებმა. მაგრამ ეს დრო უკვე წავიდა… ახლა საგმირო საქმეები ელის XIX საუკუნის შვილებს“.[6]

  ამ ფრაგმენტებში ფ. ენგელსს, როგორც ჩანს, უკვე არ აკმაყოფილებს ახალგაზრდა გერმანელთა განყენებული, მხოლოდ ლიტერატურული ბრძოლა; იგი ვერ ურიგდება მათ მუდმივ მერყეობასა და ფილისტერულ შიშს ყოველგვარი ცოცხალი საქმის წინაშე. იგი უაზრობად თვლის ფარიკაობის მთელ ხელოვნებას, როცა ხელში გიჭირავს რაპირა და არა მახვილი. ცხოვრების გვირგვინად მას მიაჩნია მხოლოდ რევოლუციური საქმე. ეს ძლიერი ლტოლვა რევოლუციური საქმისაკენ პრაქტიკულად იმით გამოხატა, რომ კონტრაბანდულად ავრცელებს ბარმენელ ამხანაგებს შორის პრუსიაში აკრძალული ლიტერატურას.[7]

   ასეთი განწყობილების ბუნტარი, ცხადია, თანდათან ზურგს აქცევს „ახალგაზრდა გერმანელებს“, რომლებიც უდროოდ მოლბნენ ლიბერალიზმის ძმარში, და პირს იბრუნებს ბერნესაკენ, რომლის ტიტანურ ბრძოლას თავისუფლებისათვის აღტაცებაში მოჰყავს იგი.

   ფრიდრიხ-ვილჰელმ მესამე და მეტერნიხი უძლურნი იყვნენ ჩაეხშოთ ბერნეს „პარიზის წერილების“ მგზნებარე ხმა, რომელიც, ჰაინეს თქმით, რევოლუციის ქარიშხლის ზარივით რეკავდა გერმანიაში. მისი ღრმა სოციალური იუმორით გაჟღენთილი მებრძოლი პუბლიცისტიკა, ბასრი და პლასტიკურად დახვეწილი სტილი გამოხმაურებას პოულობდა პოეტურად განწყობილ ჭაბუკში. მაგრამ ენგელსს, რომელიც ახალი ტიპის მებრძოლად ყალიბდებოდა, ყველაზე უფრო ხიბლავდა ბერნეს რაინდული პატიოსნება, რეაქციასთან შეურიგებლობა და თავისუფლებისათვის თავდადება. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ დროის სტატიებსა და პირად მიმოწერაში ენგელსი გამოდის როგორც მგზნებარე რევოლუციური დემოკრატი, რომელსაც ჭირივით სძულს არა მარტო ისტორიული უსამართლობით „სამართლიანად“ წოდებული პრუსიის ახალგაზრდა მეფე, სულმდაბალი და ღვთისაგან შეჩვენებული ფრიდრიხ ვილჰელმ მესამე, რომელმაც სისხლში ჩაახშო გერმანიისა და ესპანეთის რევოლუციები და საპყრობილეებში ამოალპო ათასობით „დემაგოგი“ და ესპანელი ლიბერალი, არამედ ყველა ტირანი საერთოდ, რადგან არ არსებობს ისეთი მეფე, რომელიც თავისი ბოროტებისათვის ღირსი არ იყოს სიკვდილით დასჯისა, იქნება ეს კარლოს X, ბოროტი ფერდინანდი თუ ავსტრიელი ფრანცი, — ეს უსულგულო ავტომატი, რომელმაც მხოლოდ ის იცოდა, რომ სასიკვდილო განაჩენებზე მოეწერა ხელი და ყველგან კარბონარიებს ხედავდა; მიგუელი, რომელიც საუკეთესო პორტუგალიელების სისხლში ცურავდა და ამით პრუსიის, რუსეთისა და ავსტრიის ნდობა დაიმსახურა, თუ მამისმკვლელი იმპერატორი ალექსანდრე და მისი ბარბაროსი ძმა ნიკოლოზი, რომელთა ბოროტმოქმედებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ენგელსი გესლიანად დასცინის ზღაპრებს კეთილი და კაცთმოყვარე მეფეების შესახებ. მეფეს, — სწერს იგი გრებერს, — მხოლოდ მაშინ შეუძლია რაიმე ხეირიანის გაკეთება, როცა ხალხის მიერ გაწნული სილა თავს გაუბრუებს, ანდა რევოლუციის ქარიშხალი სასახლის ფანჯრებს ჩაულეწავსო.[8]

  ფ. ენგელსის რევოლუციური პათოსი, არსებული წყობილების წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო მებრძოლ და კონკრეტულ ფორმას იღებს. მისი აზრით, ხალხი საკმაოდ დიდხანს ასრულებდა გრიზილდას და გენოვეფის როლს; დაე, მან ახლა ერთხელ მაინც შეასრულოს ზიგფრიდისა და რეინალდის როლიო.[9] სტატიაში „მოგზაურობა ბრემენის ნავთსადგურში“ (1840) მისი მგზნებარე გული აღშფოთებულია პროლეტარიატის არაადამიანური ჩაგვრისა და უუფლებობის სავალალო სანახაობით. სტატიაში „რეკვიემი გერმანული სათავადაზნაურო გაზეთისათვის“ (1840) ენგელსი ილაშქრებს გერმანელი  თავადაზნაურობის შეხედულებათა და ზნეჩვეულებათა იდეალიზაციის წინააღმდეგ, დასცინის იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, მსოფლიო ისტორია არსებობს არა იმისათვის, რო მოახდინოს თავისუფლების ცნების რეალიზება, როგორც შეცდომით ფიქრობდა ჰეგელი, არამედ იმის დასადასტურებლად, რომ საჭიროა არსებობდეს სამი წოდება, რომელთაგანაც თავადაზნაურობამ უნდა იბრძოლოს, ბიურგერობამ იაზროვნოს, ხოლო გლეხობამ იშრომოსო.[10] იმავე წელს ჟურნალ „ტელეგრაფის“ ფურცლებზე იგი თავს ესხმის რეაქციის მეხოტბე პოეტს ი. იაკობის; მკაცრად აკრიტიკებს კარლ ბეკს, როგორც „ახალგაზრდა გერმანიის“ უკანასკნელ წარმომადგენელს, და ხოტბას ასხამს პლატენს, როგორც პოლონელთა ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის მომღერალს.

  ამ დროის სტატიებსა და წერილებში ენგელსი შეპყრობილია ახალგაზრდული აღტყინებით, ბრძოლის წყურვილით, ჭრილობებით დაღარული სახე მას მებრძოლის მშვენებად მიაჩნია. მისი აზრით, ავტორი, რომელმაც ოცდაათ წელს მიაღწია, ან სამიოდე წიგნი დაწერა და ერთხელაც არ შესჯახებია ცენზორს, კაპიკად არ ღირს.[11] თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის იდეით არის გაჟღენთილი მისი ლექსები „წიგნის ბეჭდვის გამოგონება“, „ღამით გამგზავრება“ და „საღამო“ (1840).

  „საღამოში“ ჭაბუკი პოეტი სასოებით შეჰხარის თავისუფლების ნათელ მომავალს; მას სჯერა, რომ გულშემხუთავი წყვდიადის შემდეგ

„თავისუფლების განთიადი დადგება ჩქარა;

მზე აინთება, მეწამული იელვებს შუქი,

წავა ღამე და თან წაიღებს საკუთარ ვარამს“.

ეს განთიადი მას ესახება ახალ ედემად:

„მაშინ ახალი ყვავილები თვალს გაახარებს

არა მარტო იქ, სადაც თესლი უხვად ჩაყარეთ;

დაიფარება ყვავილებით სამყარო ვრცელი,

სახეს შეუცვლის დედამიწას მშვენება მათი… “

მის გენიალურ გონებას წინასწარმეტყველურად ესახება, რომ

„მშვიდობის პალმა ჩრდილოეთის შემოსავს ველებს,

გაალამაზებს დამზრალ ყამირს წითელი ვარდი“.

ამ ლექსში იგრძნობა თანასწორობის სოციალისტური იდეის პირველი სუნთქვა. ჭაბუკი უმღერის ნანატრ განთიადს იმიტომ, რომ:

„მაშინ ხომალდი, აღელვებული ტალღების იქით მდიდრებს ოქროებს არ წაუღებს დასაგროვებლად, არც ვაჭართათვის გადაზიდავს ძვირფას ქონებას, თავისუფლების ლამაზ ნაყოფს წაიღებს იგი.“

ახალ განთიადს თან მოჰყვება ახალი კალდერონიც — ტირანთა დამხობის დიდი მაცნე, „თავისუფლების ტოროლა“, რომელიც:

„მოგვითხრობს, ვით გაფანტა ხალხმა ღრუბლები, როგორ შემუსრა მტარვალების სიმძლავრე დიდი, და მიაღწია ნანატრ მხარეს თავისუფლების“.[12]

თავისი თავი ჭაბუკს წარმოდგენილი ჰყავს მამაც ბარტყად, მგალობელ გუნდთან განთიადს რომ ესალმუნება. მას… ურჩევნია, მონავარდე, ლაღი და მარდი, ბეღურა იყოს ქვეყნისათვის ვიდრე ბულბული, ბატონს რომ ართობს, გალიაში გამომწყვდეული.

  ასე ყალიბდებოდა ახალგაზრდა ენგელსის რევოლუციური შეგნება, რამაც გადაწყვეტი გავლენა მოახდინა მთელ მის შემდგომ იდეურ განვითარებაზე.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: ვ. სვანიძე, გენიოსის სიჭაბუკე, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1971.


[1] სახელწოდება ვუპერის ხეობაში მდებარე ორი ქალაქის — ელბერფელდისა და ბარმენისა.

[2]  MЕ, MPП, cтp. 282.

[3] MЕ, MPП, cтp. 335.

[4] იქვე, 348.

[5] იქვე, 348.

[6] იხ. M3C, T. II, cтp. 65.

[7] იქვე, 544.

[8] MЕ, MPП, cтp. 360.

[9] იხ. იქვე, 349.

[10] იქვე, 332.

[11] იქვე, 360.

[12] ლექსების თარგმანი ეკუთვნის პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს.