დავიდ რიაზანოვი  –   კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის  ახალი მასალები

„აჩრდილის“ სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ გამოჩენილი რუსი რევოლუციონერისა და პიონერი  მარქსოლოგის,  დავიდ რიაზანოვის (გოლდენდახის)  მოხსენებას მარქსისა და ენგელსის არქივის  მოკვლევა/ძიების შესახებ.  კოლოსოლურია დავიდ რიაზანოვის  წვლილი  მარქსისა და ენგელსის შემოქმედებითი დანატოვარის გადარჩენასა  და შენახვაში; მის  სახელთანაა დაკავშირებული  კლასიკოსების არაერთი დაკარგული თუ  მივიწყებული ტექსტის აღმოჩენა და  გამოქვეყნება, თუნდაც  ისეთი ფუნდამენტალური ნაშრომებისა, როგორიცაა „გერმანული იდეოლოგია“, „1844 წლის ხელნაწერები“ , „ბუნების დიალექტიკა“.  რიაზანოვის სახელს უკავშირდება  ასევე 1921 წელს მარქს-ენგელსის ინსტიტუტის დაფუძნება, სადაც მან,  კოლეგებთან ერთად,  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; მათ შორის აღსანიშნავია მარქსისა და ენგელსის შრომათა  გერმანულ ენაზე ორმოცდაორ ტომად  გამოქვეყნება. 1931 წელს რიაზანოვი გადააყენეს მარქს-ენგელსის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან,  ინსტიტუტს  კი მარქს-ენგელს-ლენინის სახელი მიენიჭა.  მალე რიაზანოვი დააკავეს  მენშევიკური კონტრ-რევოლუციური აქტივობების  დახმარებისთვის და გადაასახლეს სარატოვში.  ხოლო 1938 წელს  რიაზანოვს,  როგორც ტროცკისტ მემარჯვენე ოპორტუნისტს,  სიკვდილი მიუსაჯეს. წინამდებარე ცნობაში, რიაზანოვი, შეძლებისდაგვარად, დეტალურად გადმოსცემს მარქსისა და ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის მოძიებისა და გამოცემის პერიპეტიებს.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

    სანამ იმ სიახლეზე გადავიდოდე, რაც  მარქსისა და ენგელსის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ეხება,  მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო,  თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ლიტერატურული მემკვიდრეობა უკანასკნელ დრომდე.  მარქსისა და ენგელსის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე საუბარი ენგელსის გარდაცვალების შემდგომ  იწყება. ყველაზე უფრო არამიზანშეწონილი განკარგულების გაცემა, რომელიც  ენგელსს ამ საქმესთან დაკავშირებით შეეძლო, მან უკვე მანამდე მოასწრო. მას რომ რამე  განკარგულება  არ დაეტოვებინა, უნდა ვიფიქროთ, რომ მემკვიდრეობა გადარჩებოდა.  მისი ყველა სურვილიდან მხოლოდ ერთი შესრულდა და ისიც, დიდი შრომის შედეგად: ნაცვლად იმისა, რომ დაემარხათ, ის დაწვეს და ნაშთი  სადღაც,  ჩრდილოეთის ზღვაში გადაყარეს. ეს ერთადერთი თხოვნა დიდი პოლემიკის შემდეგ აღსრულდა. სხვა პირობებში, ალბათ, ერთს ან ორ წელიწადში დაიწყებდნენ  ცოცხალი ვარდების მიტანას მის საფლავზე, შემდეგ დაივიწყებდნენ  და ამით ყველაფერი გათავდებოდა. მაგრამ, რადგან მისთვის უკვე აღარაფრის გაკეთება  იყო საჭირო, რჩებოდა სულ რამდენიმე მოვალეობა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. თუმცა, სწორედ ამას  მიხედეს ცუდად. მარქსის და ენგელსის საკმაოდ  დიდი ბიბლიოთეკა თითქმის განადგურდა. ის ანდერძით  გერმანიის სოციალ-დემოკრატებს დარჩათ  ისევე, როგორც – ენგელსის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველა ის მემკვიდრეობა, რაც მისი   ხელნაწერების სახით  შემოგვრჩა. რადგან გერმანიის კანონმდებლობამ ენგელსს ნება არ მისცა, ეს ქონება უშუალოდ ეანდერძა გერმანიის პარტიისათვის, ის იძულებული გახდა, კერძო მესაკუთრეებად დაენიშნა ორი რწმუნებული პირი – ბერნშტეინი და ბებელი (რომლებიც სწორედ ამიტომ თვლიდნენ თავს  მემკვიდრეობის მესაკუთრეებად 1896 წლიდან), რომლებსაც ამ საკუთრების განწესრიგების  უფლება ჰქონდათ. მაგრამ აქ ერთი ცუდი რამ მოხდა: მათ არ უშრომიათ იმისათვის, რომ დარწმუნებულიყვნენ,  დარჩათ თუ არა  ეს მემკვიდრეობა  სრულად, და  შეეძლო თუ არა სხვას ამ მემკვიდრეობიდან რისიმე გადამალვა. სინამდვილეში, მოხდა რაღაც, რაც მოულოდნელი იქნებოდა  ენგელსისათვის: საკმაოდ დიდი ნაწილი მისი მემკვიდრეობისა, მარქსისა და ენგელსის ბიბლიოთეკასთან ერთად, რაღაც შემთხვევით,  ბერლინში აღმოჩნდა. კარგად მახსოვს,  1900 წელს  ეს ბიბლიოთეკა ბერლინში ვნახე,  მოუწესრიგებლად დაყრილი  რამდენიმე ოთახში. განსვენებულმა ფრანკუხმა მაჩვენა ენგელსის  დატოვებული სამხედრო ბიბლიოთეკა და როგორც პრაქტიკოსმა თეორეტიკოსების შესახებ, მეტად სკეპტიკურად და დაუდევრად გამოთქვა თავისი შეხედულება ამ წიგნებზე,  ზედმეტ ბალასტადაც კი მოიხსენია. მართლაც, სამხედრო ბიბლიოთეკიდან ახლა აღარაფერია  დარჩენილი, შემთხვევითი წიგნების გარდა. წიგნების დიდი ნაწილი,  ერთ მუშათა სამკითხველოს  გადასცეს, რადგან არ იცოდნენ, რა ექნათ მისთვის, თავიც არ შეიწუხეს, რომ გადაეთვალიერებინათ, რამდენად ატარებდნენ ეს წიგნები მარქსისა და ენგელსის სულიერი მემკვიდრეობის კვალს. ამრიგად, ათი ათასობით  წიგნი, რომლებიც  მათ ეკუთვნოდათ, ვიდრე უფრო ხელსაყრელ დრომდე, მარქსისა და ენგელსის შენიშვნებთან ერთად, მეცნიერ-მკვლევართა თვალსაწიერიდან გაქრა. ხელნაწერების და რვეულების ნაწილი, რომლის გადაცემა ბერლინში შესაძლებლად სცნეს, გაიგზავნა, თუმცა, ბერნშტეინი შეძლებისდაგვარად თვალყურს ადევნებდა, რომ ეს წერილები ლონდონიდან არ წაეღოთ.

   ქვემოთ შევეხები მარქსისა და ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის იმ ნაწილს, რომელიც  ბერლინში  მოხვდა. ლონდონში მის  უდიდეს ნაწილს არ გაცნობიან, მაგრამ რაღაც საშუალებით, 1911 წელს,  ვიყავი ლაფარგთან და სრულიად მოულოდნელად  ვნახე ენგელსისა და მარქსის ქაღალდების უდიდესი ნაწილი. როგორ გაჩნდა ისინი იქ, ძნელი ასახსნელია. ალბათ, ნაწილი ელეონორა მარქსის გარდაცვალების შემდეგ  გადაიგზავნა. ამრიგად, მარქსისა და ენგელსის არქივი  სამ ნაწილად გაიყო: ერთი ნაწილი მოხვდა დრაივეილში, მეორე ნაწილი დარჩა ლონდონში, ბერშტეინთან, მესამე – პარტიის არქივს  ჩაბარდა. არქივის  ნაწილი მალე გახდა მისაწვდომი მისი გაცნობის მსურველთათვის. პირველი, ვინც ვალდებული იყო გაცნობოდა მარქსისა და ენგელსის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, იყო მერინგი, რომელსაც 1898 წელს პარტიამ დაავალა   მარქსისა და ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემა. ჩვენ ყველა, განსაზღვრული ხარისხით, აღვიზარდეთ მათზე  და ყველა ვსწავლობდით მერინგის მიერ გამოცემულ მარქსისა და ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობის სამ  ტომს. ჩემთვის ეს სამი ტომი ნიშნავდა შრომას, რომელიც ამოწურავდა ყველაფერს, რაც შეიძლებოდა მოცემული მიმართულებით გაეწიათ, და რომლის ავტორი, ყოველ შემთხვევაში, გაარჩევდა ყველაფერ იმას, რაც შეეძლო ჰქონოდა მხედველობაში. მერინგმა  ეს დავალება გერმანიის პარტიის ც. კ.-საგან მიიღო, რომელშიც   ბებელიც იყო. ბებელი ასეთ შემთხვევაში გასაკვირვად თავაზიანად იქცეოდა, ხალისით ხვდებოდა  ყოველ მეცნიერ-მუშაკს… ის შემდეგაც აღმოჩნდა მეტად თავაზიანი ისე სრულიად უცნობი ახალგაზრდა ამხანაგის მიმართ, როგორიც  მე ვიყავი მაშინ, ე. ი. ჩემ მიმართ. უნდა განვაცხადო, რომ არანაკლებ თავაზიანი იყო   მერინგიც. მიუხედავად ამისა, რაღაც მიზეზების გამო, ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც მერინგმა მოამზადა 1898-1902 წლებში,  საგრძნობი დანაკლისი აქვს.  ამ სამი ტომის ყველა მკითხველისთვის ერთი საკითხი წამოიჭრება.

  ჩვენ ყველა ვკითხულობდით მარქსის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის“ წინასიტყვაობას, ყველა  ვკითხულობდით ორი მსხვილი ტომის შესახებ, რომელშიაც მარქსმა და ენგელსმა გააკრიტიკეს  გერმანული იდეოლოგია, ე. ი. მთელი ჰეგელის შემდგომი  ფილოსოფია და „ჭეშმარიტი სოციალიზმი“ ყველა მათ გამოსახვაში. ყველა ჩვენგანს გვაწუხებდა კითხვა, სად არის ეს ორი დიდი ტომი? პასუხს   მერინგთან ვეძებდით. „ლიტერატურულ მემკვიდრეობაში“ თქვენ ნახავთ პატარა თავს, რომელიც ეხება „გერმანულ იდეოლოგიას“, მაგრამ ამავე თავიდან  სრულიად მოულოდნელად გაიგებთ, რომ „ლიტერატურულ მემკვიდრეობაში“ უნდა იყოს  გამოქვეყნებული მარქსისა და ენგელსის მხოლოდ დასტამბული საგნები და არა დარჩენილი ხელნაწერი; და ამიტომ  ხელნაწერს მერინგი არ ბეჭდავს. მას დაავიწყდა, რომ  პირველ ტომში დაბეჭდა მარქსის სადოქტორო დისერტაცია.[1] ამას მოჰყვა უცნაური განცხადება, რომ „გერმანული იდეოლოგია“ საერთოდ არ წარმოადგენს ინტერესს, მით უფრო,რომ მარქსი და ენგელსი მას წერდენ არსებითად თვითგამორკვევისათვის. ამავე დროს, მეორე ტომში თქვენ ნახავთ პატარა პარაგრაფს „ლაიფციგის ტაძარს“.

   ირკვევა, რომ მერინგის განკარგულებაში ყოფილა პატარა ხელნაწერი „ლაიფციგის ტაძარი“, რომელიც ეხება ბრუნო ბაუერსა და მაქს შტირნერს. მერინგმა არ იცის,  რას წარმოადგენს ის,  თუმცა მას  ეს ხელნაწერი ჰქონდა. აგიხსნით ამ საიდუმლოებას. ის ჩემთვის ცხადი გახდა მხოლოდ ახლა, ბერლინში ხელახალი მგზავრობის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ მერინგი ძალიან ცდილობდა მიეღო „გერმანული იდეოლოგია“. მან საუცხოოდ იცოდა და გადაეწყვიტა კიდეც, რომ მას არ დაბეჭდავდა. შეუძლებელი იყო მის გარეშე გაერკვია  „წმინდა ოჯახის“ მთელი გარდამავალი პერიოდი, სადაც მარქსმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ბრუნო ბაუერი. მხოლოდ ამ ორი ტომის გახსნით შეიძლებოდა იმ უფსკრულის ამოვსება, რომელიც  მარქსისა და ენგელსის ლიტერატურული მოღვაწობის ორ ფაზას შორის ძევს. მერინიგი ცდილობდა, მიეღო ეს ხელნაწერი, უთხოვია კიდეც ბერნშტეინისათვის, მიუმართავს დასახმარებლად ლაურა ლაფარგისათვისაც. მისი თხოვნა  იმ დროინდელია, როდესაც ბერნშტეინი  უკვე რევიზიონიზმის თეორეტიკოსი  გახდა და როდესაც ლაურა ლაფარგი მას რენეგატად თვლიდა. ბერნშტეინს უარი უთქვამს, მაგრამ არა ბოლომდე, მერინგისაგან რომ თავი  დაეღწია, მას მისცა პატარა ხელნაწერი ბრუნო ბაუერზე. ეს არის  ხელნაწერი სწორედ „ლაიფციგის ტაძრის“ შესახებ. ამ ნაწილის საფუძველზე, მერინგი მისულა იმ დასკვნამდე, რომ „გერმანულ იდეოლოგიას“ მართლაც არ შეეძლო ბევრის მოცემა. ბოლოსდაბოლოს, მას უნდა განეცხადებინა,  საშუალებას არ მაძლევენ მარქსისა და ენგელსის ლიტერატურული მემკვიდრეობა გამოვცე ისე, როგორც  საჭიროაო, და მკითხველები ვალდებული იქნებოდნენ, მისთვის ანგარიში გაეწიათ. მაგრამ მერინგი, თურმე თვითონაც ატყუებდა ბერნშტეინს. როდესაც საქმე მქონდა ბერნშტეინთან, ვკრებდი სხვადასხვა ნაშთს „გერმანული იდეოლოგიიდან“, მაგრამ ვერ შევძელი იმ ხელნაწერის მიღება, რომელიც ეხება მეორე ნაწილს ბრუნო ბაუერის შესახებ. ჩემს დაჟინებულ კითხვებზე ბერნშტეინმა მიპასუხა, რომ მგონი, ის 1900 წელს გადასცა მერინგს, რომელსაც აღარ დაუბრუნებია. ამაზე ვკითხე ედუარდ ფუკს, მერინგის ახლანდელ სულიერ ნოქარს, თუმცა, – არავითარი კვალი. ბოლოს და ბოლოს, ეს დაკლებული ნაწილი ყოფილა. ვნანობ, რომ  „ლაიფციგის ტაძრის“ ხელნაწერით  განსაკუთრებით  არ დავინტერესდი ომამდე. მაგრამ მასზედ გუსტავ მაიერს მივუთითე და წინადადება მივეცი, დაებეჭდა. მაშინ მარქსისა და ენგელსის ცხოვრების უფრო შემდგომ  პერიოდზე ვმუშაობდი.  ახლა მივიღე  ხელნაწერი, და უფრო ყურადღებით გავარჩიე. აღმოჩნდა, რომ უკანასკნელ გვერდზე ენგელსის ხელით არის წაწერილი: II ბრუნო ბაუერი. 1845-46.

   ეს ყოფილა „გერმანულ იდეოლოგიის“ ნაწილი, რომელიც ბერნშტეინს 1900 წელს მერინგისათვის გადაუცია, ხოლო მერინგს გადაუწყვეტია მისი არქივისთვის გადაცემა. ენგელსი „ლუდვიგ ფოიერბახის“ წინასიტყვაობაში წერს, რომ ფოიერბახზე მიმოხილვის მზადებისას, გადაწყვიტა,   ამ ძველი ხელნაწერისათვისაც გადაეხედა, და აცხადებს, რომ  ფოიერბახზე განყოფილება არ არის დასრულებული. ხელნაწერმა მას უჩვენა, თუ რამდენად არასაკმარისი იყო მაშინ მათი ეკონომიკური ცოდნა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენში ენგელსის ამ განცხადებას სულ ანტიმარქსისტულად იყენებდნენ. მაგრამ ის არ ლაპარაკობს, თუ რა არის ამ ხელნაწერში. 1918 წელს მერინგმა გამოსცა მარქსის ბიოგრაფია. იქ აგრეთვე ნახავთ პატარა თავს „გერმანულ იდეოლოგიაზე“. მერინგი მიდის გერმანულ იდეოლოგიის მნიშვნელობის კიდევ მეტად უარყოფის გზით, ვიდრე – მის შენიშვნებში „ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე“. ეს არის თითქმის ამ საგნის მნიშვნელობის უარყოფა მარქსისა და ენგელსის ბიოგრაფიისათვის, მარქსისა და ენგელსის სულიერი განვითარების დახასიათებისათვისაც კი. ეს იყო 1918 წელს. მომდევნო წელს მაიერმა გამოუშვა ენგელსის ბიოგრაფია. უნდა აღინიშნოს, რომ მაიერის  დამსახურებაა ენგელსის ბიოგრაფიის ზოგიერთი ფაქტის აღმოჩენა ორმოცდაორ წლამდე. მაგრამ გუსტავ მაიერი ბურჟუაზიული მწერალია.  დიდი ხანი არ არის, რაც ის სოციალ-დემოკრატი გახდა, უფრო სწორედ, იგი იქცა გერმანიის ნაციონალურ სოციალ–დემოკრატად. ამ ადამიანს ორგანულად არ შეუძლია გაიგოს მარქსიზმი, როგორც ფილოსოფიური და რევოლუციური მოძღვრება. მას  შეუძლია გაიგოს ენგელსი, როგორც კარგი გერმანელი პატრიოტი. თუმცა,  მის წიგნში ჩვენ ვნახულობთ საინტერესო პატარა თავს.

    ის დაახლოებით 240 -დან -261 გვერდამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფურცლები ყველაზე მეტად საინტერესო ადგილია, ყველაზე საინტერესო განყოფილებაა ამ წიგნში. ის რაღაც სრულიად ახალს წარმოადგენს. ამ წიგნის ეგზემპლარი შემთხვევით ჩამივარდა ხელთ, რომელიც ეკუთვნის კაუცკის და მის შენიშვნებში  დავინახე, რომ ეს საგნები მისთვისაც სრულიად ახალია.  დავინტერესდი,  თუ როგორ შესძლო მაიერმა ამ ცნობების მიღება „გერმანულ იდეოლოგიაზე“. შენიშვნებში ის გვაცნობებს, რომ ბერნშტეინი იმდენად თავაზიანი იყო, რომ  მას ენგელსის რამდენიმე ხელნაწერი გადასცა. გუსტავ მაიერი ჟურნალისტია, გაზეთის ძველი კორესპონდენტი და აქამდე შეინარჩუნა ჟურნალისტის და გაზეთის კორესპონდენტის ჩვეულებანი. ჟურნალისტის პირველი მოვალეობაა, დამალოს ყველა ამხანაგისაგან ის წყარო, საიდანაც ცნობებს იღებს. მაშინაც კი, როდესაც  მეცნიერულ თხზულებას წერს, ის არ აღნიშნავს დაწვრილებით,  რა ხელნაწერებით სარგებლობდა.  ამაოდ ეძებთ შენიშვნებში მართალ  ცნობებს. „ვსარგებლობდი „გერმანული იდეოლოგიის“ ამა და ამ „ნაწილებიდან“ „ხელნაწერი №1“. ასეთი ციტატები კი ამოღებულია ამა და ამ ხელნაწერით, ამა და ამ ბიბლიოთეკიდან, ამა და ამ გვერდიდან. მათ შესახებ არც ერთი სიტყვა. მიუხედავად ამისა, მაინც ჩანს, რომ მას ჰქონია რამდენიმე ხელნაწერი.

   ამ დარბაზში არიან ამხანაგები, რომლებმაც, ალბათ, ყურადღება მიაქციეს მაიერის წიგნში ამ საოცარ ფურცლებს. ამ აღმოჩენამ მაიძულა, გადამედო მარქსის თხზულების სათანადო ტომის გამოცემა, სანამდე შევძლებდი, და ბოლოს გავიგებდი, სად იმყოფებოდა „გერმანული იდეოლოგია“ — მართლაც მთლიანად დაიკარგა იგი თუ არა. რეზულტატი, რომელიც  ბერლინში ამ მიზნით მგზავრობის შედეგად მივიღე, მდგომარეობს მასში, რომ  ბოლოს, დიდი სიძნელით შევძელი გამომეტანა სინათლეზე მთელი „გერმანული იდეოლოგია“.  აი, აქ მაქვს ამ ხელნაწერის ფოტოგრაფია. პროლეტარული რევოლუციის მესამოცე წელს,  იმედი მაქვს,  გიამბობთ თქვენ, თუ რამდენი შრომა გავწიე ოთხი კვირის განმავლობაში, რომ ბერნშტეინისაგან სათითაოდ გამომეტანა ხელნაწერები.  განვუცხადე, რომ მან ამა და ამ წიგნაკში აღნიშნა კიდევ ერთი ნაწილის არსებობის შესახებ.

   უპირველესად,  მინდოდა მქონოდა „წმინდა მაქსი“.  მახსოვდა, რომ  „გერმანული იდეოლოგიის“  ნაწილი დაბეჭდილია, და  ვფიქრობდი, რომ ყველაზე უფრო ადვილად მივიღებდი  მისგან ამ დაბეჭდილ  ნაწილს. მივიღე თუ არა ის,  ბერნშტეინს განვუცხადე, რომ მან ამა და ამ წიგნაკში აღნიშნა, რომ არის კიდევ ერთი ნაწილი და იგი მას გამოაქვეყნებს.  მას ეს არ ახსოვდა. მაშინ ვუჩვენე  სათანადო ადგილი და რამდენიმე დღის დავის შემდეგ, მაინც შევძელი მიმეღო ხელნაწერის მეორე ნაწილი. აღმოჩნდა, რომ „წმინდა მაქსი“ მის მიერ დაბეჭდილ ნაწილში არის ნამდვილი ხელნაწერის არა უმეტეს 1/5-ისა. ხელნაწერის უფრო ყურადღებით შესწავლამ  მალევე მიმიყვანა მოულოდნელ შედეგებამდე. აღმოჩნდა, რომ ის (ხელნაწერი; აჩრდ. რედ) „თაგვების დამხვრელი კრიტიკით“[2] უფრო ნაკლებ დაზარალდა, ვიდრე ეს ბერნშტეინს ეგონა, როდესაც  „წმინდა მაქსს“ ბეჭდავდა.

   თაგვებმა გაცილებით ნაკლები  შეჭამეს, ვიდრე ბერნშტეინს ეგონა. ასე მაგ. ბერნშტეინი „წმინდა მაქსში“ „რეალური ჰუმანიზმის“ სახელწოდებით განთავსებული თავის შესახებ სწერს შემდეგს:

„რადგან შენახულია მხოლოდ სამი პატარა ფურცელი — სხვა დანარჩენი 41 — 42 ფურცელი  თაგვების  შეჭმულია, – ამიტომ ვამჯობინებ, სრულიად არ დავბეჭდო ეს თავი. მაგრამ ხელნაწერის ყურადღებით გადაფურცვლამ დამანახა, რომ რაც თითქოს სრულიად შეეჭამა თაგვებს, დაზიანების ყოველ კვალს მოკლებული იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია „გერმანული იდეოლოგიის“, თუმცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ჩემი დაახლოებითი ანგარიშით, ეს ნაწილი ეხება შტირნერს, და უკავია არა ნაკლები ფურცელი, ვიდრე მის „ერთადერთ და  საკუთრება“. 

    გაკვრით აღვნიშნავთ, რომ, როდესაც მარქსი მუშაობდა “წმინდა ოჯახზე“, მისთვის ბრუნო ბაუერი ითვლებოდა ფილოსოფიურ აზრის რადიკალური ნაწილის ყველაზე  პოპულარულ გამომხატველად. მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც  „წმინდა ოჯახი“ იბეჭდებოდა, გამოვიდა შტირნერის წიგნი. ამ წიგნმა ერთი დაკვრით უეცრად მიაგდო გვერდზე ბრუნო ბაუერი. შტირნერი შეიქმნა 1845 წლის ზრახვათა ბატონი, ამასთან ერთად, იგი გერმანიის ინტელიგენციისათვის გახდა ბრუნო ბაუერზე უფრო რადიკალური. მარქსი და ენგელსი აღდგნენ შტირნერის წინააღმდეგ, რომ  დაემტკიცებინათ უკიდურესი ლიბერალურ-ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის უსაფუძვლობა. ამით აიხსნება ის არაპროპორციულად დიდი ადგილი, რომელიც მათ დაუთმეს თავის შრომაში მაქს შტირნერს, მაგრამ „გერმანულ იდიოლოგიაში“ მარქსი და ენგელსი ეხებიან არა მარტო შტირნერს, არამედ აგრეთვე ბრუნო ბაუერს და ფოიერბახს. პირველს შედარებით მცირე ადგილს უთმობენ (რადგან მას მარქსი და ენგელსი უკვე გაუსწორდნენ „წმინდა ოჯახში“), თუმცა გაცილებით მეტს, ვიდრე ეს ეჩვენება ბერნშტეინს, რომელიც მეტად ცუდად არის გარკვეული ხელნაწერში. ხელნაწერის ბაუერისადამი მიძღვნილი ნაწილი შეუერთეს იმ თავებს, სადაც მარქსი და ენგელსი აკრიტიკებენ ფოიერბახს. უკანასკნელი თავები წარმოადგენს სწორედ ხელნაწერის იმ ნაწილს, რომლის შესახებ ენგელსი  „ლუდვიგ ფოიერბახის“ შესავალში სწერს, არ არის დასრულებულიო. ამ ხელნაწერზე  კიდევ იქნება საჭირო მუშაობა. სწორედ ამ ნაწილიდან  ამოიღო მაიერმა ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნული საოცარი ფურცლები. სამწუხაროდ, მან ვერ შესძლო მისი გამოცემა ისე, როგორც საჭიროა. გამოდის, რომ მარქსი და ენგელსი, ამ დაუსრულებელ ნაწილებში, შტირნერსა და ბაუერს  ისე იქცევიან, როგორც თავის მოწაფეებს -შეუბრალებლად დამტუქსავი გაჯავრებული მასწავლებელი, ხოლო ფოიერბახს კი მიმართავენ, როგორც მოწინააღმდეგეს, რომელსაც ისინი უცქერენ უაღრესი პატივისცემით, და რომლის პიროვნებას არ ეხებიან. ფოიერბახის შემთხვევაში, ისინი აუცილებლად თვლიან იდეალისტურ მსოფლმხედველობას დაუპირისპირონ თავიანთი მატერიალისტური  მსოფლმხედველობა. მოცემულია ადამიანის ფოიერბახისეული გაგების კრიტიკა.  ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვასწარი ამ საღამოსთვის, – ხელი ავადმყოფობამ შემიშალა –  ამ ხელნაწერიდან მნიშვნელოვანი ნაწყვეტები გადმომეთარგმნა. ეს ადგილი მოყვანილია მაიერის გამოცემაში. ჩვენი ამოსავალი წერტილი, ჩვენი ამოსავალი დებულება არ არის რაღაც განყენებული რამ, არამედ ნამდვილი ინდივიდუუმები და მათი ქცევები, მათი მოქმედება, პირობები, რომლებიც მათ დახვდა მომზადებული, და ის პირობები, როგორადაც  ისინი იცვლებიან ადამიანთა საქმიანობით. ყველა, ვისაც სურს ადამიანის ისტორიის გამოკვლევა, ვალდებულია პირველად დააყენოს ამოცანა, რომ გამოიკვლიოს თვით ადამიანის ორგანიზმი, გამოიკვლიოს თვითონ პიროვნება, შემდეგ ის სფერო, რომელშიაც ის მოქმედებს, გამოიკვლიოს მის ირგვლივ არსებული გეოლოგიური, გეოგრაფიული, კლიმატური და სხვა პირობები.

   ყველა ეს საუცხოოდ, კონკრეტულად და ცხადად გადმოცემულია სწორედ იმ თავში, სადაც ლაპარაკია ფოიერბახზე.  შევეცდები, ის რაც შეიძლება მალე გამოქვეყნდეს, მანამ, სანამ   წიგნად  გამოვაცალკავებ. საკმარისია ამის აღნიშვნა, რომ დავინახოთ, როგორი კოლოსალური მნიშვნელობა აქვს ხელნაწერს „გერმანულ იდეოლოგიის“ მთელი რიგი საკითხების გადაჭრისათვის. ერთ ასეთ საკითხზე  უკვე მიგითითეთ. ჩვენთვის,  „რეალური ჰუმანიზმიდან“ რევოლიუციურ კომუნიზმამდე არსებული პერიოდი რჩებოდა შემაერთებელი კავშირის გარეშე, რჩებოდა აუხსნელი მარქსისა და ენგელსის განვითარების ორი სტადია. არა მარტო მარქსისა და ენგელსის პიროვნულ განვითარებაში, არამედ მთელი გერმანულ იდეოლოგიის განვითარებაში რჩებოდა სრულიად აუხსნელი და გამოურკვეველი მთელი პერიოდი ჰეგელიდან ფოიერბახამდე, მარქსამდე და ენგელსამდე; რჩებოდა აუხსნელი ის გარემოებაც, რომ მარქსმა და ენგელსმა თითქოს ამ დროიდან თავი მიანებეს ფილოსოფიას. ამ ხელნაწერში ჩვენ ვხვდებით ცნობებს, რომ მარქსმა და ენგელსმა უკვე მაშინ შეიმუშავეს შეხედულება ფილოსოფიაზე, რომელიც ცნობილია ჩვენთვის იმ ფორმულირებით, რაც მას შემდეგომში მისცა ენგელსმა. ფილოსოფიიდან რჩება მხოლოდ დიალექტიკა და ფორმალური ლოგიკა, ყველა დანარჩენი გადადის სათანადო მეცნიერებათა სფეროში. მაგრამ ხელნაწერში ვხვდებით აგრეთვე დიდ განყოფილებას, რომელიც ეხება გერმანიის „ჭეშმარიტ სოციალისტებს“. აქამდე ჩვენ განკარგულებაში იყო მხოლოდ მეტად მოკლე დახასიათება, მოცემული „კომუნისტურ მანიფესტში“.

   ახლა ჩვენ გვაქვს „ჭეშმარიტ სოციალისტთა“ ყველა ნაწერის დეტალური კრიტიკა. თქვენ ახლა ხედავთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელნაწერს, როგორც მარქსისა და ენგელსის ბიოგრაფიის, ისე გერმანიის იდეოლოგიის ისტორიის, გერმანიის საზოგადოებრივი, პოლიტიკურ-ეკონომიური აზრის და საერთოდ, მე-19 საუკუნის აზროვნების ისტორიისათვის. ყოველი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა ამხანაგებისათვის, რომლებიც ხდებიან მარქსისტები, მეტად მნიშვნელოვანია, თვალი გადაავლონ მარქსის და ენგელსის ხელნაწერებს იმ მძიმე, ჩვენ მიერ აუცილებელ საფეხურებად დაყოფილ გზაზე, რომლის გავლითაც  მარქსი და ენგელსი, ჰეგელით და ფოიერბახით, ინგლისის პოლიტიკური ეკონომიითა და განვითარებული კლასთა ბრძოლით, მივიდნენ დიალექტიურ მატერიალიზმთან.

   მაგრამ არა მარტო „გერმანული იდეოლოგიის“ ხელნაწერია ჩვენს განკარგულებაში. მე შევძელი მარქსის სხვა ხელნაწერებიც მომენახა არა ბერნშტეინთან, არამედ გერმანიის სოციალ-დემოკრატების არქივში,  რომელიც მიეკუთვნება 1848 წლამდე პერიოდს. თუმცა ომამდე საკმაოდ რეგულარულად ვმუშაობდი ამ არქივში, პირველმა მოვიყვანე წესრიგში იქ თავმოყრილი მარქსის ქაღალდები, მაგრამ არ მქონდა საშუალება შემესწავლა ისინი, რადგან ვმუშაობდი მასალებზე ინტერნაციონალის ისტორიიდან, აგრეთვე გამოვდიოდი იმ დებულებიდან, რომ მერინგმა ისარგებლა ყველაფრით, რაც მიეკუთვნებოდა 1848 წლამდე პერიოდს. ამასთანავე, ვფიქრობდი, რომ ბიბლიოთეკასთან ერთად გამოგზავნილი იყო მხოლოდ მარქსის ნაწერი რვეულები. ისინი მაშინაც გადავათვალიერე, ცოტა რამ ჩემთვის კიდევ აღვნიშნე, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი — მარქსის ნაწერი რვეულებია.  ვიცოდი,  რომ ამ  რვეულებში არის მისი შენიშვნები, მაგრამ ვეძებდი მხოლოდ იმას, რაც საჭირო იყო ჩემი შრომისათვის. ახლა გადავათვალიერე რვეულები განსაკუთრებული ყურადღებით და წავაწყდი ერთ დიდ ხელნაწერს. ის  მე-5 გვერდით იწყება. პირველად მეჩვენებოდა, რომ ეს მხოლოდ ამონაწერებია. მარქსს მოჰყავს პარაგრაფი რაღაც წიგნიდან და მას   შენიშვნებს  უკეთებს.  ვიფიქრე: ეს მოსამზადებელი სამუშაო ხომ არ არის ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკის სფეროდან-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს მოსაზრება სწორია. ხელნაწერის (მას მალე გამოვაქვეყნებ) თითქმის ყველა პარაგრაფი შეიცავს ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკას 261- 262-დან დაახლოებით 311-მდე. ეს ხელნაწერი შეადგენს დაახლოებით ას გვერდს. ამ რვეულებში სრულიად  შემთხვევით წავაწყდი ერთს. იმ გარემოებამ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში  მიხდებოდა მუშაობა „კომუნისტურ მანიფესტზე“, შეაჩერა ჩემი ყურადღება ერთ ასეთ ხელნაწერზე. შევამოწმე და შევამჩნიე თარიღი – „ნოემბერი, 97 წელი“-  წაკითხვისას დავინახე, რომ ეს არის „კომუნისტური მანიფესტის“ თავი, შედგენილი კონსპექტად თავისთვის, იქ ნაჩვენებია პარაგრაფები, სადაც კრიტიკაშია გატარებული მთელი სოციალისტური ლიტერატურა.  გამიხარდა და ვიფიქრე, რომ შეიძლება ვიპოვო ამ რვეულში იმ შავი დედნის ფურცლები, რომლებიც გვაქვს „კომუნისტურ მანიფესტში“. მაგრამ ჩემი იმედი არ გამართლდა.

    აღმოჩნდა რომ, ეს არის „კომუნისტური მანიფესტიდან“ ერთი ადგილის მცირე  ვარიანტი,   მაგრამ ამ რვეულში  ვიპოვე რაღაც, კონსპექტის მსგავსი, ახალი ლექციების შესახებ დაქირავებულ შრომასა და კაპიტალზე. ეს მუშაობა კიდევ მოითხოვს გარჩევას. ამასთან ერთად, ამავე რვეულში  ვიპოვე ფრაგმენტი, რომელიც უკავშირდება მარქსის მეცადინეობას ბერძნულ ფილოსოფიაში, და კიდევ ერთი ეკონომიკური ხელნაწერი, შედგენილი მარქსის ნაწერების მსგავსად. როგორც ხედავთ, ახალ ხელნაწერთა რიცხვი, „გერმანული იდეოლოგიის“ პერიოდიდან ორმოცდაშვიდ წლამდე, დიდი არ არის. ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს იმ ხელნაწერს,  სადაც  გვაქვს ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის მოკლე კრიტიკა და ხელნაწერი ხელფასის შესახებ. ახლა გადავიდეთ რევოლუციის შემდგომ პერიოდზე. მარქსს მთლიანად იტაცებს პოლიტიკური ეკონიმიის შესწავლა. ენგელსის წინასიტყვაობიდან „კაპიტალის“ II ტომში, ჩვენ ვიცით იმ ხელნაწერების საერთო მდგომარეობა, რომელიც მარქსს დარჩა და რომელზედაც მუშაობდა ენგელსი,  შემდეგ კი- კაუცკი. ენგელსი სწერს, რომ მარქსს დარჩა 23 დიდი რვეული, 1472 გვერდით, ეს რვეულები დაწერილი იყო 1861 წლის  აგვისტოდან 1863 წლამდე. იქვე ის დასძენს, პირველი 5 რვეული (270 გვერდით) და რვეულები 13-23 (1159—1472 გვერდი) წარმოადგენს „კაპიტალის პირველი ტომის პირველ რედაქციას. მან გადაწყვიტა მისით ჯერ არ ესარგებლა. 973 გვერდიდან 1150 გვერდამდე. მე-16,მე- 17 და მე-18 რვეულებში განხილულია შემდეგი საკითხები: „კაპიტალი, მოგება, მოგების ნორმა, სავაჭრო კაპიტალი, ფული და კაპიტალი“. ეს ყველა ის საკითხია, რომლებიც გარჩეულია მესამე ტომში. მე-6 და მე-15 რვეულების 223—973 გვერდები, წარმოადგენს ზედმეტი ღირებულების თეორიის ისტორიას, სწორედ იმას, რისი გამოკვლევაც მარქსს სურდა „კაპიტალის“ მე-4 ტომში. უკვე 80-იან  წლებში, როდესაც ის შეუდგა მარქსის ლიტერატურული მემკვიდრეობის შემუშავებას, ენგელსი ლაპარაკობს ამ მე-4 ტომის შესახებ. ის შემდეგ, ამის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებდა კაუცკისთან.

მარქსის ხელნაწერის 750 გვერდმა მოგვცა ყველა თქვენგანისთვის ცნობილი ოთხი ტომი „ზედმეტი ღირებულების თეორია“, ამასთან ერთად დარჩა დაუბეჭდავი 45-ზე მეტი. ამრიგად, ამ 23 რვეულში, სადაც ჩვენ გვაქვს „კაპიტალის“ პირველი ტომის რედაქცია და ნაწილობრივ „კაპიტალის“ მესამე ტომის რედაქციაც, გვაქვს გამოუქვეყნებელი დაახლოებით 6 ტომი „ზედმეტი ღირებულების თეორია“.

   „კაპიტალის“ მეორე ტომის ამავე წინასიტყვაობაში ენგელსი გვაცნობებს, რომ მან ნახა ერთი ხელნაწერი,  მარქსის მიერ 1864-65 წლებში დაწერილი, რომელიც, მისი აზრით, წარმოადგენს „კაპიტალის“ მე-3 ტომს. ამის შემდეგ ის გადადის იმ მასალების აღნიშვნაზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა „კაპიტალის“ მე-2 ტომის შედგენის დროს. ენგელსის განკარგულებაში იყო მარქსის 8 ხელნაწერი. უნდა აღინიშნოს, რომ მარქსის მე-8 ხელნაწერი, ერთერთი ყველაზე უფრო საინტერესოთაგანია, და, როგორც ჩანს, ის  „კაპიტალის“ მე-2 ტომიდან დაიკარგა და, მიუხედავად ჩემი ყოველგვარი მცდელობისა, მისი მონახვა ვერ შევძელი. იმ ხელნაწერთაგან, რომლებიც   კაპიტალის მე-2 ტომის სხვადასხვა რედაქციას წარმოადგენს,  ენგელსმა სრულად მხოლოდ ორი გამოიყენა. თუმცა, ეს ორი ხელნაწერი იმდენად დიდია, რომ ისინი თავისი მოცულობით წარმოადგენს „კაპიტალის“ მე-2 ტომის ნახევარზე მეტს. სრულიად გამოუყენებელია პირველი 150 გვერდი და მესამე ხელნაწერი,  მცირედ არის გამოყენებული მეოთხე ხელნაწერიც. ამრიგად, ხელნაწერთა ამ გროვაში, რომელნიც  მე-3 ტომს ეკუთვნის, გარდა მთლიანად მე-2 ტომისა, ვნახე ხელნაწერთა მთელი რიგი, რომელიც წარმოადგენს „კაპიტალის“ პირველი ტომის ზოგიერთი თავის ახალ რედაქციას.

  ახლა გადავდივართ  საინტერესო კითხვაზე. ყოველ რუს მარქსისტს, რომელსაც საქმე ჰქონდა „კაპიტალის“ მე-2 ტომთან, ყოველთვის მოსდიოდა აზრად, რომ „კაპიტალის“ მე-2 ტომის მიღება არ შეიძლებოდა ისე, როგორც ის დატოვა მარქსმა, დაუმუშავებელი სახით, და მის გვერდით მისი ენგელსისეული გადამუშავება კომენტარების სახით. ბევრ ჩვენგანს ებადებოდა აზრი, რომ შეიძლება ენგელსი იყო რამდენადმე სუბიექტიური. ამ ხელნაწერების უფრო დაკვირვებით შესწავლამ ჩემში ეს აზრი განამტკიცა,  განსაკუთრებით „კაპიტალის“ მე-3 ტომის შესახებ.

  როდესაც ენგელსმა „კაპიტალის“ მე-2 ტომი გამოსცა, ის ფიქრობდა მე-3 ტომის გამოცემასაც რამდენიმე თვეში. სინამდვილეში კი „კაპიტალის“ მე-3 ტომის გამოცემამ მას წაართვა 9 წელიწადი. ხელნაწერებში იმდენად ბევრი რამ იყო გამორჩენილი, რომ რამდენიმე ნაწილის შემუშავება მოუხდა თვითონ ენგელსს. ერთი ნაწილი მან შეიმუშავა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ ბოლოს  მიატოვა, რადგან დაინახა, რომ არაფერი  გამოვიდოდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „კაპიტალის“ მესამე ტომი წარმოადგენს ვარიაციას იმ თემაზე, რომელიც მოხაზა და შეიმუშავა მარქსმა, მაგრამ მაინც ენგელსის ვარიაციით.

  მაგრამ ენგელსმა  კიდევ რამდენიმე ხელნაწერს გადახედა. დაავიწყდა თუ არა მას ისინი,  ძნელი სათქმელია, მაგრამ მარქსის რვეულებს შორის მე ვნახე კიდევ ერთი რვეული, რომელშიც არის ეკონომიური შრომები.  ამ რვეულში მე წავაწყდი მარქსის საინტერესო შენიშვნას, რომლისათვის მაშინ მას კიდევ არ მოენახა სათაური და რომელიც გამოვიდა პირველი რედაქციით „პოლიტიკურ ეკონომიის კრიტიკა“.

  თუ რა არის ამ რვეულებში,  შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ცნობაში — კაუცკიმ ერთ მათგანში იპოვა „პოლიტიკურ ეკონომიის კრიტიკის“ შესავალი. ამრიგად, ჩვენ მარქსის ეკონომიური მემკვიდროების გამოცემის დროს გვესახება შემდეგი ამოცანა. პირველად საჭიროა  „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის“ პირველი რედაქციის  დასტამბვა,  რომელიც მიეკუთვნება 50-იანი წლების შუა ხანას. მეორე დიდი შრომა – გამოქვეყნება მარქსის 23 რვეულისა, როგორადაც ისინი შენახულია, შემდეგ მოდის „კაპიტალის“ პირველი ტომი, ყველა ვარიაციით, ყველა რედაქციით, „კაპიტალის“ მე-2 ტომი, როგორც ის დატოვა მარქსმა და როგორც ის გადაამუშავა ენგელსმა. მე-4 ტომი კი გაქრა ჩემთვის მეტად სამწუხაროდ და ივანე პავლეს ძესათვის მეტად სასიხარულოდ, რომელიც ემზადებოდა მისი თარგმნისათვის. ასეთი გეგმის მიხედვით, ის სრულიად ჩამოცილებული იქნება.

  უკვე აღვნიშნე, რომ რვეულებში, რომლებშიაც თითქოს  მხოლოდ ამონაწერებია, არის მარქსის დამოუკიდებელი შენიშვნები. თუ რა საგნები გვხვდებიან აქ, „კაპიტალის“ მე-2 ტომის მცოდნენი გაითვალისწინებენ იმით, რომ ამ ტომში ენგელსის მიერ ამოღებულ 89 – 92 გვერდები, მოყვანილია არა ხელნაწერებიდან, არამედ ერთერთი ასეთი რვეულიდან.

   დიდი შრომის გაწევა, რომლის შესრულება საჭირო გახდა ხელნაწერების ფოტოგრაფიული გადაღებით და რომლებიც ინახებოდნენ ბერნშტეინთან, ასევე მარქსის უმთავრესი ეკონომიური ხელნაწერები, ახლა არ იძლევა საშუალებას გადავიღო მარქსის ყოველი ნაწერი რვეული. მაგრამ ამ მუშაობის შესრულება აუცილებლად საჭირო იქნება, ვინაიდან ეს რვეულები წარმოადგენს მარქსის სულიერი განვითარების ისტორიისათვის დიდ ინტერესს, ინტერესს მისი მუშაობისა და შესწავლის მეთოდთა დახასიათებისათვის.

 ახლა გადავდივარ ხელთნაწერთა მე-3 ჯგუფზე. 1870 წლის დასაწყისში ენგელსი გადასახლდა ლონდონში. მისი  მარქსისადმი წერილებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ენგელსს დარჩა ძველი ინტერესი ქიმიაში საღებავ ნივთიერებათა მიმართ, ქიმიის, ფიზიკის და საერთოდ ბუნებისმეტყველების მიმართ, რომლებშიაც ის მეცადინობდა ჯერ კიდევ რეალურ სასწავლებელში. მანჩესტერში მან, თავისი მეგობრის, ცნობილი ქიმიკოსის ბორლემერის დახმარებით, განაგრძო სხვა მეცნიერებთან ერთად ქიმიისა და ბუნების მეტყველების შესწავლაც. ლონდონში გადასვლის შემდეგ ის ინტენსიურად მუშაობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ზოგ ჩვენგანს შეიძლება ახსოვს მისი წერილი 1873 წლის მაისში, რომელშიაც ის აცნობებს მანჩესტერში გადასულ მარქსს იმ რეზულტატებს, რომელსაც მან მიაღწია, და თხოვს თავის მეგობარს აცნობოს მას მანჩესტერელ ნაცნობთა შეხედულებანი. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ენგელსი რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე დაიწყებდა პოლემიკას დიურინგთან, საფუძვლიანად მუშაობდა ბუნებისმეტყველების სფეროში. „ანტიდიურინგის“ შესავალში იგი იმედს გამოთქვამს, რომ ალბათ, ის შეძლებს თავისი მუშაობის გაგრძელებას. 1882 წლის ნომრებში, მარქსისთვის მიწერილ ბარათში, ვხვდებით საინტერესო ცნობას ელექტროობაში ერთ ახალ გამოკვლევასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი აზრით, ამტკიცებს მის თეორიას. ის წერს მარქსს, რომ იმედი აქვს, დაასრულებს თავის შრომას ბუნების დიალექტიკაზე. რა მოუვიდა ამ შრომას, რამდენად  დაასრულა ენგელსმა ის, არ იყო ცნობილი.

  ამ შრომის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს არც კაუცკის და არც მერინგს, მის შესახებ არ არის ნახსენები ენგელსისადმი მიძღვნილ არცერთ სტატიაში, ამის შესახებ ბერნშტეინიც კი გაჩუმებულია მიწერ-მოწერის შენიშვნებში. წარმოიდგინეთ ახლა ჩემი გაკვირვება, როდესაც ბერნშტეინმა სრულიად შემთხვევით, მასთან შენახული ხელნაწერების გადმოწყობის პროცესში, რომელიც ერთ თვეს  გაგრძელდა— მომიტანა  ენგელსის დიდი ხელნაწერი ბუნების დიალექტიკაზე. სათაურიდან, რომელიც ეწერა გარშემორტყმულ ქაღალდს, ჩანდა, რომ ხელნაწერი შედგებოდა 6 ნაწილისაგან, რომელშიც დამუშავებული იყო მატერიის მოძრაობის კანონები, ელექტრობა, მაგნეტიზმი და სხვა. სამწუხაროდ, მე-4 ნაწილი — „ბუნებისმეტყველება სამყაროს ზმანებაში“ დაკარგულია. ჩემი დაჟინებითი თხოვნა, რომ ის მენახა, დიდხანს უშედეგოდ რჩებოდა.  უკვე ვემზადებოდი რუსეთში დასაბრუნებლად ამ ნაწილის გარეშე, თუმცა, თითქმის გამომგზავრების წინა დღით, ის ბოლოს მოინახა. მაგრამ არა მარტო ეს ხელნაწერი, ამ ჯგუფში შედის აგრეთვე რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც ატარებს შემდეგ სახელწოდებას: „ბუნება და ბუნებისმეტყველება“, „მათემატიკა და ბუნებისმეტყველება“. სჩანს, ენგელსს თავისი მუშაობა ამ სფეროში მალე არ შეუწყვეტია, ის არ მოელოდა, რომ მარქსის ხელნაწერების შემუშავება მას ამდენ დროს წაართმევდა. მხოლოდ 80-იანი წლების შუა რიცხვებში იგი კარგავს იმედს, რომ  შეძლებს თავისი მუშაობის დასრულებას და  წერს „ანტიდიურინგის“ ახალი გამოცემის წინასიტყვაობაში 1885 წლის დასასრულს— სადაც იხსენიებს თავის შრომებს ბუნებისმეტყველების სფეროში, რომლის შედეგების გამოქვეყნებას იგი ეცდება მარქსის მათემატიკურ შრომებთან ერთად, რომ შესაძლებელია ბუნებისმეტყველებაში შემდეგი მიღწევები. მის შრომას აქცევენ ნაწილობრივ ან სავსებით ზედმეტად. კაპიტალის“ შემდეგი ტომების გამოცემას კი ენგელსი თვლიდა უფრო რთულ ამოცანად.

   მე ჯერ არაფერი შემიძლია გაცნობოთ ამ ხელნაწერების შინაარსის შესახებ. ისინი მოითხოვს გარჩევას. უნდა აღინიშნოს მხოლოდ, რომ ენგელსის ხელნაწერები, განსაკუთრებით თუ მათ შევადარებთ მარქსის ზედმეტად გაურკვეველ ხელნაწერებს, იკითხება საკმაოდ თავისუფლად. ალბათ, ჩვენ დაგვეხმარებიან ჩვენი არა მრავალრიცხოვანი ფიზიკოსები და ქიმიკოსები, რომლებიც დიალექტიურ მეთოდს იცნობენ, თუ კი ის საჭირო იქნება ხელთნაწერების გარჩევისათვის, ისევე, როგორც ქიმიური და ფიზიკურ მოვლენების ახსნისათვის. რამდენადაც ვიცი  მეტად გამბედავ ხალხსაც ხელნაწერების ძალიან ეშინიათ, ისე როგორც ცრუმორწმუნე ხალხს – მოჩვენების.

 დავსძენ, რომ ენგელსის ხელნაწერთა შორის არის ერთი დიდი შრომა გერმანელების შუა საუკუნეების ისტორიიდან, რომელზედაც, როგორც ეს ჩანს მისი წერილებიდან მარქსისადმი, ის მუშაობდა 80-იანი წლების დასაწყისიდან, გერმანული მარკის ისტორიასთან დაკავშირებით.

   ახლა შეუწყვეტლივ გადავალ, თუ  ნებას მომცემთ, მარქსისა და ენგელსის ლიტერატურულ მემკვიდრეობის მეორე მსხვილ ნაწილზე, მათ მიწერ-მოწერაზე, იმ ფორმაში, როგორადაც თქვენ მას იცნობთ. ბურჟუაზიული მწერლების შმოლერის, ონკენის და სხვების აღიარებით, ის წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან წყაროს მე-19 საუკუნის პოლიტიკური, სოციალური და ინტელექტუალური ისტორიის შესწავლისათვის. შეიძლებოდა იმედი გვქონოდა, რომ ეს ოთხი ტომი ნაწილ-ნაწილ გამოიცემოდა მეცნიერულად, შეურაცხყოფა რომ არ მიგვეყენებინა მარქსისა და ენგელსის ხსოვნისათვის. სინამდვილეში კი, ეს გამოცემა, რომელზეც პასუხისმგებლობა ბერნშტეინსა და მერინგს ეკისრება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემს ხელშია მარქს-ენგელსის მიმოწერის პირველი ტომი. ყველა ეს მრავალრიცხოვანი ჩანაწერები, რომლებსაც თქვენ ხედავთ, წარმოადგენს წერილებიდან ამოღებულ/გამოკლებულ, გამომცემლობისაგან შეუნიშვნელ ადგილებს, რომლებიც ორიგინალებთან გადავამოწმეთ. მაგრამ ეს დიდი გამონაკლისია.  არ არის თითქმის არც ერთი წერილი, რომელშიაც უღვთო ხელის მიერ არ იყოს შეტანილი ცვლილებანი. მკაცრი გამოთქმები ან შეცვლილია რბილად, ან სრულიად ამოღებულია. თუ მარქსი ვინმეს უწოდებს ვირს, ჩვენი გადიები ცვლიან ამ გამოთქმებს უფრო რბილი სიტყვათ — უგუნური. გამომცემლებს ყოველი მაგარი სიტყვის ეშინიათ. სინამდვილეში კი მარქსისა და ენგელსის წერილები, ბელინსკის წერილებთან შედარებით, რომელიც იზრდებოდა რუსეთის მატრიარქატის ტრადიციებზე, ინსტიტუტის მოწაფე ქალის წერილებია. როდესაც მერინგი გვიცხადებს ჩვენ, მარქსის ბიოგრაფიის წინასიტყვაობაში, რომ მას მიმოწერის გამოცემის დროს, არავითარი უთანხმოება არ ჰქონია ბერნშტეინთან, არც საბაბი, რომ მისთვის შეეშალა ხელი ამ მუშაობაში, რჩება მხოლოდ ის, რომ ხელები ძირს ჩამოუშვიათ. ძნელი წარმოსადგენია უფრო მეტად ფილისტერული და მეშჩანური რამ, ვიდრე მარქსისა და ენგელსის წერილების ასეთი გაწმენდა. მაგრამ სამაგიეროდ, არ არის გაშვებული არც ერთი შილინგი, არც ერთი პენსი, გაგზავნილი ენგელსის მიერ მანჩესტერიდან, არ არის არც ერთი ადგილი გამოტოვებული მარქსის წერილებიდან, რომელიც მას ჩრდილს აყენებს ფილისტერების თვალში. თუ გამომცემლები ცდილობენ თავი დაიფასონ მოხუცი ლიბკნეხტის, ან ლასალის ავტორიტეტით, რომ  არბილებდნენ მათი მისამართით ეპიტეტებს, ისინი ულმობელი არიან თვით მარქსის კერძო ცხოვრების მიმართ. მართალია, შედეგი გამოდის არა ისეთი, როგორსაც გამომცემლები მოელოდნენ.

  შეიძლება ითქვას, რომ მე ვღებულობდი მონაწილეობას ამ დანაშაულში. ჩემი სახელი იხსენება ჩემთვის მეტად სათნოდ მიმოწერის გამომცემელთა წინასიტყვაობაში. მაგრამ მთელი ჩემი დახმარება არ ითვალისწინებდა მხოლოდ ორიგინალებს. მე მაძლევდენ მარტო კორექტურას და  მქონდა შესაძლებლობა მხოლოდ ჩამომეყალიბებინა ის, რასაც გამომცემლები იღებდნენ პირველი და მეორე კორექტურიდან. ერთ შემთხვევაში  რუსი ბარბაროსივით მოვიქეცი. დავბეჭდე მარქსის წერილების ამონარიდები პირველი კორექტურით. ატყდა დიდი სკანდალი, იმიტომ, რომ ვაიძულე გამოეცვალათ პირველი ტომის ანაწყობი, რადგან არ შეიძლებოდა უკვე იმის ამოჭრა, როცა  დავბეჭდე. შემდეგ  გამოვაქვეყნე მარქსისა და ენგელსის რამდენიმე წერილი ორიგინალიდან პირდაპირ რუსულ ენაზე. ჯერ კიდევ ომამდე  ვიყავი ბებელთან და შევძელი ჩემი შრომისათვის ინტერნაციონალის შესახებ, მარქსისა და ენგელსის წერილების სათანადო წლების ორიგინალთა მიღება.  ვუთხარი ბებელს, რომ მათ გარეშე არ ვიმუშავებდი ამ შრომაზე, რომ  ვთვლიდი პატივისცემის დარღვევად, მესარგებლა ასეთი გამოცემით. ბებელის დაჟინებით, ბერნშტეინმა მომცა  ეს წერილები. სანამ დავუბრუნებდი ბერნშტეინის ამ წერილებს, რომ არა ვთქვა ცუდი სიტყვა, ყველა წერილების ფოტოგრაფია გადავიღე. საჭირო იყო ასეთივე ოპერაციის გაკეთება ყველა დანარჩენისთვისაც. ახლა  შემიძლია ვთქვა, რომ ეს შესრულებულია — ჩვენ გვაქვს ფოტოგრაფიული ასლები  მარქსის წერილებისა ენგელსისადმი და ენგელსისა მარქსისადმი, რომელიც კი აქვს ბერნშტეინს, ხოლო ჩვენ გვაქვს აგრეთვე ისეთი წერილებიც, რომელიც ბერნშტეინს არა აქვს.

   მარქსის წერილები ენგელსისადმი წარმოადგენს ლიტერატურული მემკვიდრეობის არანაკლებ სამ მეოთხედს, დიდ ნაწილს, რომელიც არის მარქსის წერილებში. ყველა თქვენგანს ახსოვს მარქსის უფრო საინტერესო ადრესატები — კუგელმანი, ზორგე, ვეიდებეიერი და სხვა. ზორგეს წერილების გამოკლებით, ჩვენ გვაქვს ყველა დანარჩენი წერილი ფოტოგრაფიულად გადაღებული. გვაქვს აგრეთვე მარქსის წერილები არნოლდ რუგესა და თავის უფროს ქალიშვილთან. ყველაფერი, რის გაკეთებაც კი შეიძლებოდა ამ მიმართულებით, უკვე შესრულებულია, და  შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ხელშია მარქსის წერილების არა ნაკლებ 90 პროცენტი. დარჩენილია მხოლოდ ორიგინალების ან ფოტოგრაფიების შეკრება და იმ წერილებიდან, რომლებიც არის გაგზავნილი სხვადასხვა პირთან, რომლებიც მარქსს მიმართავდნენ სხვადასხვა შეკითხვით.

    უფრო ცუდად იყო ენგელსის წერილების საქმე. როდესაც 1883 წელს მარქსი გარდაიცვალა, მისი კორესპონდენტების წრე შედარებით დიდი არ იყო, გაცილებით ფართოა ეს წრე – ენგელსთან. 1883 წლიდან 1895 წლამდე ის იზრდებოდა მუშათა საერთაშორისო მოძრაობის ზრდასთან ერთად. აქ მნიშვნელოვანია იმ კორესპონდენტების განსაზღვრა, რომელზედაც, გარდა მარქსისა და ენგელსის ნათესავებისა, მოდის წერილების დიდი რაოდენობა. სინამდვილესთან უფრო ახლოსაა ის მოსაზრება, რომ ყველაზე მეტად ენგელსი სწერდა, თუ რომ არ მივიღებთ მხედველობაში ბებელს, ვიქტორ ადლერს, კაუცკის და ბერშტეინს. მნიშვნელოვანი იყო ცდა, რომ მიგვეღო ეს წერილები. ამოცანა იყო ძნელი, მაგრამ იგი მთლიანად შესრულებულია. ჩვენ გვაქვს ყველა წერილის ფოტოგრაფია ენგელსისა კაუცკისადმი, რომლებიც კაუცკიმ მომთხოვა. ერთი პირობით — მე არ შემიძლია ისინი გამოვაქვეყნო 1924 წლის ზაფხულამდე.

   შევძელით ენგელსის წერილების მიღება ბერნშტეინისადმი. თუ რა მნიშვნელოვანი მასალაა ეს ენგელსის ბიოგრაფიის და 80-იანი წლების ისტორიისათვის, ამას  დაინახავთ რამდენიმე კვირის შემდეგ, რადგან ბერშტეინმა  უფლება მომცა  გამოვაქვეყნო ეს წერილები უკლებლივ რუსულ ენაზე ორი თვის შემდეგ. უფრო მეტიც, ბერნშტეინი დამპირდა, რომ ის დაწერს შესავალს თავის დამოკიდებულების შესახებ ენგელსის მიმართ და გაარჩევს ყველა ადგილს და ინიციალს, რომლებიც გაუგებარი აღმოჩნდება. რჩება მხოლოდ იმ წერილების მოკრება უახლოეს წლების განმავლობაში, რომლებსაც ენგელსი უგზავნიდა თავის მრავალრიცხოვან კორესპონდენტებს რუმინეთში, სომხეთში, იტალიაში, პორტუგალიაში და შვეიცარიაში. ეს მუშაობა მსუბუქდება იმით, რომ ენგელსი, სანამ წერილებს აგზავნიდა, მანამ იტოვებდა მათ წინასწარ კონსპექტს. მრავალი ასეთი შავად ნაწერის მონახვა შევძელი. ეს შავად ნაწერები მეტად საინტერესოა. შესაძლებელი გახდა შავად ნაწერის მონახვა ენგელსის მეტად დიდი წერილისა ზასულიჩისადმი, ლორიასა და მთელი რიგი სხვა პიროვნებათა მიმართ, რომლებიც გვაძლევენ სხვა ადრესატების მონახვის საშუალებას.

   მაგრამ მარქსისა და ენგელსის კორესპონდენტები გვაძლევენ სხვა საინტერესო ცნობებსაც. მარქსი და ენგელსი სწერდენ ბევრს, მაგრამ ასევე ბევრსაც იღებდნენ. ამ მემკვიდრეობის განხილვა მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა. მე მოვიტანე ლაბრიოლას ყველა წერილის ფოტოგრაფიული გადაღებანი ენგელსისადმი. ეს არის დაახლოებით 160 გვერდი. არის ენგელსის მიმართ რუსეთის სხვადასხვა რევოლუციონერის წერილები, არის საინტერესო წერილები მარქსისადმი, რომლებიც ცნობებს იძლევა  სულ უცნობ ფაქტებზე. მალე გამოვაქვეყნებ ლორიას წერილებს მარქსისადმი. ისინი მეტად დამახასიათებელია ბურჟუაზიულ მეცნიერების წარმომადგენლისათვის, რომლებიც წერილებში დიდ პირფერობით მიმართავენ მარქსს. ამ წერილებს შორის არის ნაცნობი წერილები ჩარლზ დარვინის და უცნობი ლანკასტერის, ჯონ მორლეის;  ყველასათვის საინტერესო იქნება, რომ კარლს პირსონს, ინგლისის ერთ-ერთ მსხვილ მეცნიერს, რომლის სახელი ყველამ კარგად იცის, ვინც მუშაობს ევგენიკასა და ბიომეტრიკაში, რომელიც ყოფილა მაშინ კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი, მიუმართავს მარქსისათვის წინადადებით, რომ ინგლისურად გადაეთარგმნა „კაპიტალი“. ის ეყრდნობა იმ დებულებას, რომ უნივერსიტეტიდან მის ამხანაგთა შორის არის ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია „კაპიტალით“ და კითხულობს მას უმეტესად ფრანგულ ენაზე. თავისთავს ის თარგმნისათვის მზად თვლის, რადგან ის სწავლობს გერმანული აზროვნების ისტორიას, არის ნამყოფი ორი წლის განმავლობაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და იღებს სოციალიზმის ყველა ძირითად პრინციპებს. მის პირველ შრომებში თქვენ შეხვდებით მთელ რიგ ისეთ საკითხებს, რომლებიც არა აქვთ ჩვეულებრივ ინგლისის მეცნიერებს და რომლებიც ახლა აიხსნება განსაზღვრულ იდეოლოგიური ზეგავლენით.

   ახლა გადავდივარ უკანასკნელ ჯგუფზე. რამდენიმე სიტყვით შევჩერდები რვეულების შესახებ, ისინი  ფოტოგრაფს არ გადაუღია, რადგან დრო არ მყოფნიდა.  მაქვს იმ რვეულების და წიგნების სია, რომლებსაც მარქსი კითხულობდა. ისინი იძლევა საინტერესო მასალას იმის შესახებ, თუ რა აინტერესებდა მარქსს მისი ცხოვრების რამდენიმე პერიოდში. არის რამდენიმე რვეული 33—45 -იანი წლების და სამი რვეული 50 – 60-იანი წლების, აგრეთვე 70-იანი წლების. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა სამი დიდი რვეული- 75 წლის კრიზისის ისტორია; შემდეგ- რვეულები, რომლებიც წარმოადგენს ოთხ ტომიან თხზულებას და რომლებიც იძლევა მსოფლიო ისტორიის მიმოხილვას მე-17 საუკუნის ნახევრამდე. არის აგრეთვე მარქსის მათემატიკური სავარჯიშოების რვეულები. უნდა დავძინო, რომ უკვე 9 წლის წინათ  ვნახე მარქსის მათემატიკური შრომა, რომელიც გადავეცი ფრიც ადლერს დასაბეჭდად. ახლა  კიდევ მივიღე ბერნშტეინისაგან ერთი მათემატიკური ხელნაწერი. მარქსისა და ენგელსის ლიტერატურულ მემკვიდრეობის ეს ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ის განსაკუთრებით საინტერესოა – მარქსის ბიოგრაფებს  გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა მარქსი, როგორ მეცადინობდა, როგორ სინდისიერად ეპყრობოდა ყოველ ახალ საკითხს, რომელსაც  სწავლობდა. მუშაობაში ეს მეთოდურობა და სისტემატურობა მან სიკვდილამდე შეინარჩუნა. თუ 81 – 82 წლებში მან დაკარგა დამოუკიდებელი მეცნიერული შემოქმედების თვისება, მას არ დაუკარგავს შესწავლის თვისება. ზოგჯერ ამ რვეულების გადარჩევის შემდეგ ისმება საკითხი:   რისთვის კარგავდა ის დროს ასეთი სისტემატურ და საფუძვლიან კონსპექტირებაზე, რადგან  ის შრომა, – რომელსაც ის ეწეოდა ჯერ კიდევ 1881 წელს, ერთ მსხვილ შრომასთან დაკავშირებით გეოლოგიაში, თავიდან ბოლომდე ადგენდა კონსპექტს – ეს იყო მიუტევებელი პედანტიზმი. მეორე მაგალითი: მორგანი მან მიიღო 78 წელს, 98-ე  გვერდზე წვრილი ხელნაწერით გადმოღებულია მორგანის კონსპექტი დაწვრილებით (თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მისი ჩქარი ხელით ნაწერის ერთი გვერდი იძლევა მინიმუმ 2,2 გვერდს ნაბეჭდს). ასე მუშაობდა უკვე მოხუცი მარქსი ამ კონსპექტების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო. გამონაკლისის სახით, ფოტოგრაფიულად გადავიღე მორგანისა და ორი წიგნის, ლემოკლისა და მენის კონსპექტი. ამ რვეულებით ჩანს, რომ მარქსის 70 წლების მეორე ნახევარში მუშაობდა ფეოდალიზმის და მიწის მფლობელობის ისტორიაზე.

   აი, საერთო სურათი იმ ახალი მასალებისა, რაც გვაქვს მარქსისა და ენგელსის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. კითხვა, რომელიც ამ დაწესებულების კედლებში პრაქტიკულად უნდა დაისვას, შეეხება იმას, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ,  არ გადავდოთ საქმე კიდევ 30 – 40 წლით, გამოვიყენოთ ამ აზრთა, ფიქრთა და მოსაზრებათა კოლოსალური გროვები, რომლებიც გვაქვს ამ გამოუქვეყნებელ ხელნაწერების სახით.

პირველ რიგში, უნდა დაისვას საკითხი ყოველივე ამის გამოქვეყნების შესახებ რუსულ ენაზე. უნდა დავძინო, რომ, სამწუხაროდ, ბერნშტეინთან შეთანხმებით მაქვს ხელნაწერების მხოლოდ რუსულ ენაზე გამოცემის უფლება. რაც შეეხება მათ გამოქვეყნებას ორიგინალის სახით, ამის შესახებ დაგვჭირდება ცალკე მოლაპარაკების წარმოება. ეს გადადებულია შემდეგი წლისათვის, მაგრამ რუსულ ენაზე გამოცემის უფლება კი გვაქვს.

 თავს ნებას მივცემ, ცოტა გაგრძელებული ცნობა და არა მოხსენება ახალ მასალების შესახებ — დავასრულოთ შემდეგი სურვილით: დაე, მოინახოს ახალგაზრდები, ენერგიული, მტკიცე და მუყაითი მუშაკები, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენ, მე-6 გაწვევის კომკავშირლებს, დავასრულოთ ეს მუშაობა.

ამხ. რიაზანოვი შემოსულ შეკითხვებზე უპასუხებს შემდეგს:

აქ ამხანაგი — რომლის სახე მახსოვს, ხოლო გვარი არა — მეკითხება: როგორ მოხერხდა, რომ ამხ. რიაზანოვმა შეძლო სოციალ-დემოკრატებისაგან ამ მასალის მიღება, მათ მიერ კომუნისტებისადმი ყველასთვის ცნობილი, მტრული განწყობილების დროსო. ამ შეკითხვას უერთდება ამხ. პრეობრაჟენსკის შეკითხვაც — ვინ გვიწყობდა და ვინ გვიშლიდა ხელს ამ საქმეში. უნდა განვაცხადო, რომ გერმანული ფორშტადტის მხრივ იყო ერთი პატარა დაბრკოლება. გერმანულ ფორშტადტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი ადოლფ ბრაუნისა და რუდოლფ ჰილფერდინგის საშუალებით. ეს ორი სახელი მრავალ ამხანაგს უკვე ანიშნებს, რომ ორივე ისინი იცნობდნენ თუ ვინ არის ამხ. რიაზანოვი, მას აქვს ნაკლი, რომ  კომუნისტია, მაგრამ მარქსისა და ენგელსის თხუზლებათა გამოცემის საქმით დაინტერესებულია, და დაინტერესებულია, როგორც ჩვენში შეეჩვივნენ თქმას, გულწრფელად.

პირობები  წამომიყენეს მხოლოდ გერმანულ ენაზე ნაწილობრივ გამოქვეყნების შესახებ, მაგრამ ფოტოგრაფიული გადაღების უფლება და შესაძლებლობა  მომცეს ყოველივე პირობების გარეშე, გარდა იმ პირობებისა, რომლებიც საერთოდ არსებობს ყველა არქივში.

მაგრამ სრულიად მოულოდნელად, მე წავაწყდი დაბრკოლებათა მთელ რიგს რუსეთის სოციალ-დემოკრატების, მენშევიკების მხრიდან. ისინი აღმოჩდნენ მარქსის ორი წერილის პატრონები. ეს წერილებია მიწერილი ერთი ზასულიჩისა და მეორე თავის უფროს ქალიშვილისადმი. რამდენიმე ამხანაგებმა იციან, რომ უკვე დიდი ხანია აღმოვაჩინე მარქსის წერილის შავი დედანი ზასულიჩისადმი.  ვიპოვე იგი 1910 წელს ლაფარგთან შენახულ ქაღალდებში. ეს წერილი გარჩეულია. გარჩევაში  მეხმარებოდა ამხ. ბუხარინი ვენიდან. როგორც კი ვნახე წერილი, მივმართე ზასულიჩსა და პლეხანოვს.  მახსოვს, რომ „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფში იყო რაღაც მიწერ-მოწერა მარქსთან რუსეთის თემის შესახებ. პლეხანოვმა მიპასუხა, რომ მარქსმა რაღაც წერილი გამოგზავნა, მაგრამ ის მას არ ახსოვს. ზასულიჩსაც დაავიწყდა, დაავიწყდა აქსელროდსაც. სრულიად შემთხვევით, ერთი მენშევიკისგან  გავიგე, რომ აქსელროდის ქაღალდებში უნახავთ მარქსის პასუხი ვერა ზასულიჩისადმი. ეს არის დაახლოებით ერთი პატარა გვერდი, ხოლო ის შავი დედანი, რომელიც  მე მაქვს, შეიცავს 12 გვერდს. ვთხოვე, რომ ჩემთვის ეჩვენებინათ წერილი და აღმოჩნდა, რომ ეს ის წერილი არ არის, რომელიც  მქონდა. მენშევიკები, რომლებსაც ჰქონდათ ეს წერილები, ბოლოს და ბოლოს დათანხმდნენ, რომ  ეს წერილი გადამეღო ფოტოგრაფიულად. ამ წერილის ფოტოგრაფია  მაქვს, მაგრამ ჩამომართვეს სიტყვა, რომ  შემიძლია მისი დაბეჭვდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მას  დაბეჭდავს ბერლინის ერთ-ერთი გამომცემლობა. უფრო ცუდად არის საქმე მარქსის წერილების შესახებ თავის ქალიშვილისადმი. მრავალმა ჩვენგანმა ალბათ იცის, რომ მარქსის წერილები გამოქვეყნდა სმირნოვის მიერ 1897 წელს „ახალ სიტყვაში“. ისინი დაიბეჭდა დიდი შემოკლებით. ამხ. სმირნოვმა ადრე  მიამბო, რომ მარქსის ერთი წერილის დაბეჭვდა მან ვერ გადაწყვიტა. ეს იყო ნაროდნიკებთან გამწვავებული ბრძოლის დრო. ამ დროს მარქსი არასაკმაო პატივისცემით იხსენიებდა კაუცკის. ეს წერილი  წავიკითხე. გავიდა მრავალი წელი. სმირნოვმა დაუბრუნა ყველა წერილები ჟან ლონგეს, მარქსის უფროსი ქალიშვილის შვილს, მაგრამ იმის გამო, რომ ლონგე მაშინ იდგა ოპორტუნიზმის მხარეს, ხოლო სმირნოვი ეკუთვნოდა ორთოდოქსულ მიმართულებას, ამ უკანასკნელმა სიფრთხილე გამოიჩინა, რომ ლონგეს არ გამოეყენებია ეს წერილი კაუცკის წინააღმდეგ და ამიტომ  გადაწყვიტა, ეს წერილი პოლიტიკურ მოსაზრების გამო ლონგესათვის არ დაებრუნებინა. ჟან ლონგემ მიიღო ეს წერილები და თავიც არ შეუწუხებია, რომ შეემოწმებია ისინი, ყველა იყო თუ არა. მან არ იცოდა და აქამდეც არ იცის, რომ ერთი წერილი მას არ აქვს. მე გამოვკითხე სმირნოვს, თუ რა მოუვიდა ამ წერილს.

აღმოჩნდა, რომ მან იგი შესანახად მარტოვს გადასცა, მაგრამ უკანასკნელს წერილი არ დაუბრუნებია. ახლა ის იპოვეს მარტოვის ქაღალდებში. მივმართე მემკვიდრეებს თხოვნით, ჩემთვის გადმოეცათ წერილი, რომ ის ფოტოგრაფიულად გადამეღო, მაგრამ მარქსის წერილის ბედნიერი მფლობელნი, რომელთაც ის არ ეკუთვნით, უარზე დადგენ წერილის ჩვენებისათვისაც კი. ისინი დამეთანხმნენ, რომ გადმომცემდნენ ასლს, გარეშე იმ აბზაცისა, რომელიც კაუცკის ეხება. ფოტოგრაფიას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოგცემთ, რომ ამით კაუცკი არ ჩავაყენოთ უხერხულ მდგომარეობაშიო. ეს ბლაგვი მეშჩანობა და აბსოლუტური გაუგებრობა იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მარქსმეტყველებისათვის მარქსის ყველა წერილის შეკრებას. ეს იმდენად საზიზღრად მეჩვენა, რომ უარი განვაცხადე „გაწმენდილი“ ასლის მიღებაზე და მოვითხოვე ფოტოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ კაუცკის მეუღლე, რომელსაც  ვუამბე საქმის ვითარება, მაშინვე დათანხმდა, მაინც ვერ მივიღე წერილის ფოტოგრაფია. მოგვიხდება ცდა, ვიდრე ლონგე არ მიიღებს მარქსის წერილს, რომელიც მას ეკუთვნის და არ მომცემს, როგორც გადმომცა სხვა წერილები და დატოვა ჩემს განკარგულებაში.

არ უნდა ვიფიქროთ  მხოლოდ, რომ ამ წერილში არის რაღაც საშინელება. მასში არაფერი არ არის, გარდა კაუცკის მიმართ ერთი მკაცრი გამოთქმისა, რომელიც თავისი სიმკაცრით ჩამორჩება იმ სამკაცრეს, რომელსაც ის უშვებდა, სრულიად უხერხულობის გარეშე, ენგელსთან და თავის უფროს ქალიშვილთან მიმართებით. ეს მკაცრი გამოთქმა რომ გავიგოთ, საკმარისია მხოლოდ იმ პირობების ცოდნა, რომლებშიაც მარქსი გაეცნო კაუცკის.

საქმე ისაა, რომ კაუცკი 1881 წელს ჩავიდა ლონდონში, როცა მარქსს  საშინელ დღეები ჰქონდა. ფილისტერი კერძო ცხოვრებაში, როგორც ფიქრობს ზოგი ჩვენი ამხანაგი, მსურველნი რომ მარქსი ცუდად იცნობდა „ახალ მორალს“, იგი მეტად კარგად იყო განწყობილი თავის მეუღლის მიმართ, რომელიც მაშინ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს  ითვლიდა, და ამის გამო მეტად ცუდად და უხალისოდ იღებდა თავის ახალ სტუმრებს. ამ დროს მას ესტუმრა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისთვის საეჭვო იყო: ამას წინათ კაუცკიმ გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიაც მეტად არამოხდენილად აჰყავდა სინთეზში მარქსი და მალთუსი. ამას გარდა, იგი დაკავშირებული იყო ბერნშტეინთან და ძლიერ დასცა თავისი პრესტიჟი მარქსისა და ენგელსის თვალში გეხბერთან კავშირის გამო, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევდა სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას. გეხბერი მეტად კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ამდენადვე ცუდი რევოლუციონერი. ენგელსმა, რომელსაც კაუცკის ახლოს გაცნობის საშუალება ჰქონოდა, შემდეგ გაიგო, რომ მას საქმე აქვს გამოჩენილ ახალგაზრდა მწერალთან, რომელიც 1882 წელს ამზადებდა მარქსისტული ჟურნალის გამოცემას.  ახლა მაქვს მარქსის ორი წერილი კაუცკის მიმართ, რომლითაც მტკიცდება, რომ მისი პირველი გამოხმაურება შემთხვევითი განწყობილების შედეგი იყო. ალბათ, კაუცკი მივიდა მარქსთან განსაკუთრებით რთულ წუთებში. ალბათ ენგელსის სარეკომენდაციო ბარათით და ასეთ გაჯავრებულ წუთებში მარქსმა მისწერა თავის ქალიშვილს, რომ კაუცკი, ალბათ, ენგელსს მოეწონა იმიტომ, რომ მასზე ნაკლებად არ სვამსო. ვის შეურაცხყოფს ეს აზრი, და თუ შეურაცხყოფს ვინმეს, ენგელსს თუ კაუცკის?

კაუცკიმ, როგორც გადმომცა მისმა მეუღლემ, მხოლოდ გაიცინა, როდესაც გაიგო ასეთი აზრი, მაგრამ მენშევიკები, რომლებიც თავს თვლიან მარქსისტებად, დარჩნენ მეშჩანური მორალის ერთგულ დარაჯებად და სურთ შეინახონ „შეუბღალავი“ კაუცკის რეპუტაცია, მეკითხებიან, თუ რამდენი დაიხარჯა ათასი სურათის გადაღებაში, რომლებიც  ჩამოვიტანე გერმანიიდან. შემიძლია გიპასუხოთ, რომ ბევრი არ დახარჯულა. ყოველ შემთხვევაში, უფრო იაფი, ვიდრე სახელმწიფო გამომცემლობას ეხარჯება ზედმეტი ფუფუნების გამოცემებში. რომ ვიანგარიშოთ შვიდი ათასი გადაღება, თითეული ცალი ეღირებოდა 35 კაპ. და ყველა ერთად კი 2500 მანეთი. ჩვენთვის მუშაობდა სამი ფოტოგრაფი. პირველად მე გადამქონდა გერმანული სოციალ-დემოკრატიის ცენტრალურ ორგანოების და პრუსიის ნაციონალურ ფოტოგრაფიების საშუალებით, მაგრამ  ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ ასეთი ტემპით თუ ვიმუშავებდი, რომლებსაც ეს ფოტოგრაფები შეეჩვივნენ, დამჭირდებოდა რამდენიმე თვე და შეიძლება წელიწადიც დასახმარებლად. მომეშველა საბჭოთა წარმომადგენლობის ფოტოგრაფი. ყოველ დიდ დაწესებულებას ახლა აქვს თავისი გაუმჯობესებული ფოტოგრაფიული აპარატი, რომლებიც იძლევა ძვირფასი ფურცლების დაუხმარებლად, მხოლოდ ნეგატივებს, ასეთი აპარატი აქვს პრუსიის ნაციონალურ ბიბლიოთეკასაც, რომელიც ასეთივე წესით აღადგენს მსურველთათვის სხვადასხვა ხელნაწერს. არავითარი გადაწერა არ შეედრება თავისი სისწორის მხრივ ფოტოგრაფიას, რომელიც ცდება მხოლოდ იქ, სადაც თვითონ ორგინალიც ცდება.  შევძელი ფოტოგრაფიის მუშაობის ისეთ რიგად მოწყობა, რომ ერთი მეტად ენერგიული ამხანაგის დახმარებით  ვაკეთებდით ასეულ გადაღებას დღეში. სიჩქარის გამო ზოგჯერ  ხარისხის დათმობა გვიწევდა. ფოტოგრაფია გვაძლევდა ერთმანეთში საშინლად არეულ გადაღებებს და გვიტოვებდა კოლოსალურ სამუშაოს მათ სისტემაში და წესრიგში მოსაყვანად. მაგრამ, ამ დანაკლისის მიუხედავად, საქმე გაკეთდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდი გადაღებების გარჩევაც შესაძლებელია. უკიდურეს შემთხვევაში, მოგვიხდება მისი ხელახლა გადაღება.  შემდეგი მაგალითი დაგანახებთ ფოტოგრაფიის მთელ უპირატესობას გადმოხატვასთან შედარებით. მე თქვენ უკვე მოგახსენეთ, რომ ენგელსის ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი, ენგელსის წერილებთან და სამ პატარა ხელნაწერთან ერთად, მივიღე ბერშტეინისაგან გამგზავრების წინა დღეებში და ისიც კვირა დღეს. ჩემს ფოტოგრაფს შეეძლო მუშაობის დაწყება მხოლოდ ორშაბათს 10 საათიდან, ხოლო სამშაბათს, ჩვენ უნდა წამოვსულიყავით. ამიტომ რამდენიმე საათში გაკეთდა დაახლოებით 400 გადაღება. საღამოსათვის ყველა მზად იყო.  დავიწყეთ გადასინჯვა და დახარისხება. თორმეტის ნახევარზე , შევამჩნიე, რომ ჩემ ფოტოგრაფს სიჩქარეში გამორჩა ენგელსის ოთხი წერილი, მან ის მაშინვე გადაიღო.  პირველის ნახევარზე ღამით მე უკანვე მივიტანე ბერნშტეინთან ყველა ორიგინალი, რომელიც საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, რომ მისი ორიგინალები ასე ჩქარა მიიღო. საჭირო იყო გადამწერთა მეტად დიდი შტატი, რომ ეს სამუშაო შეესრულებინათ 15 საათის განმავლობაში.

 მეკითხებიან, როგორ ფორმებში შეიძლება ახალგაზრდობის დახმარება ხელნაწერის გამოცემის საქმეში? ამისათვის საჭიროა უპირველესად მუშაობის სურვილი, შემდეგ მუშაობის სურვილი და კიდევ მუშაობის სურვილი.

ამხ. პრეობრაჟენსკის  მოვაგონებ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს წითელი პროფესურის ინსტიტუტის მსმენელები გამოვიდნენ „პრავდაში“ დიდი და საკმაოდ მრისხანე მანიფესტით. სანამ ისარგებლებენ ჩვენი მოთმინებითო, აღნიშნავდნენ ისინი, რიაზანოვი, სტეპანოვი და სხვა ძველი მარქსისტები და როდის მოგვცემენ ისინი ჩვენ მარქსისა და ენგელსის თხზულებას. ამასთან ერთად, ისინი პირდებოდნენ მოხუცებს ყოველმხრივ დახმარებას. ამ კითხვაზე ვუპასუხე ახალგაზრდა ამხანაგებს, რომ ჩვენ უდიდესი სიხარულით მივიღებთ მათ დახმარებას. ჩემი მისამართის გარდა,  მათ მივეცი სტეპანოვის მისამართიც, რომელიც  უფრო მეტი ლმობიერებით გაოირჩევა, ვიდრე მე. და რა მოხდა? არა თუ მარტო ჩემთან, არამედ სტეპანოვთანაც არავინ არ გამოცხადებულა დასახმარებლად. აი, ამიტომ  ვთვლი დახმარების წინასწარ პირობად მუშაობის სურვილს. მეორე პირობა: პირველად გვკითხონ არა რამდენად იმუშავებენ, არამედ რამდენია სამუშაო და რამდენის მიღება შეიძლება.

მეკითხებიან ინგლისის სამხედრო სტატიებზე. შემიძლია გაცნობოთ, რომ ჩემ მიერ შეკრებილ სტატიებს ახლა მიემატა რამდენიმე ხელნაწერი. ამას გარდა ვნახე, ბერშტეინთან ინგლისის სტატიები, 1866 წლის რუსეთ-ავსტრიის ომის შესახებ, რომლებიც არის გაზეთებიდან ამოჭრილი. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანში შევძლებთ ინგლისის სამხედრო სტატიების ტომის გამოცემას.

ევგენი ალექსანდრეს-ძეს კითხვაზე მარქსისა და ენგელსის მიმოწერის შესახებ, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ამოშლა და  უფრო რბილი გამოთქმებით შეცვლა ლიბკნეხტის და ლასალის მისამართით, არ იქნებოდა კიდევ უბედურება. სამწუხაროდ, გადაგდებულია მთელი გვერდები, გამოტოვებულია, უმთავრესად ფილისტერული მოსაზრებით, საინტერესო ეპიზოდები. მრავალი გამოტოვებულ იქნა მერინგის დაჟინებით, მრავალი ბერშტეინის მოთხოვნით, თუმცა უკანასკნელი ახლა აცხადებს, რომ არანაკლებ დამნაშავე იყო დიცი, ყოფილი ერთი უხმო რედაქტორი. წერილების გამოცემაში ბებელის მონაწილეობა თითქმის ნომინალური იყო.

ფიქრობენ თუ არა გერმანელები ამ ხელნაწერების გამოცემას? ამას მეკითხება ამხანაგი პანკრატოვი, რომელსაც სურს,  რომ აქ მოსული ისევ ამ წამსვე გამაგზავნოს ბერლინში.  იმედი მაქვს, რომ ორი წელი დაგვჭირდება, რომ ეს რუსულ ენაზე  გამოვუშვათ , მარქსის ეკონომიკურ შრომებს გარდა.

რაც შეეხება რუსეთის რევოლუციონერთა წერილებს,  უკვე აღვნიშნე, რომ  მოვიტანე პლეხანოვის ენგელსისადმი ყველა წერილის ფოტოგრაფია.   მათ დავბეჭდავ ჟურნალში „მარქსიზმის დროშის ქვეშ“. ამას გარდა,  არის მთელი რიგი წერილები ლავროვისა ენგელსის მიმართ,  ზასულიჩის წერილები,  უცნობი რუსების წერილები, ენგელსის წერილების რამდენიმე შავად ნაწერი უცნობი რუსებისადმი.

მარქსის ბაკუნინთან დამოკიდებულების შესახებ ახალი არაფერია, რაც იყო, უკვე ყველაფერი გამოქვეყნებულია.


[1] დისერტაცია ხელნაწერს წარმოადგენდა და არ შედიოდა დასტამბული საგნების სიაში (აჩრდ. რედ).

[2] მარქსი თავის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ წინასიტყვაობაში „გერმანული იდეოლოგიის“ შესახებ შემდეგ რამეს წერდა: ფრიდრიხ ენგელსმა, რომელთანაც მე, – მას შემდეგ რაც ეკონომიური კატეგორიების კრიტიკის მისი გენიალური ნარკვევი გამოქვეყნდა („გერმანულ-ფრანგულ ყოველწლიურ კრებულში“), – მუდმივი წერილობითი აზრთა გაზიარება მქონდა, ჩემსავით მავე შედეგს მიაღწია სხვა გზით (…); და როცა 1845 წლის გაზაფხულს ისიც ბრიუსელში დაბინავდა, გადავწყვიტეთ ერთად შეგვემუშავებინა ჩვენი შეხედულებანი საწინააღმდეგოდ გერმანული ფილოსოფიის იდეოლოგიური შეხედულებიბისა, ნამდვილად კი ანგარიში გაგვესწორებინა ჩვენს წინანდელ ფილოსოფიურ სინდისთან. ეს განზრახვა შესრულებულ იქნა ჰეგელის შემდგომდროინდელი ფილოსოფიის კრიტიკის ფორმით. ხელნაწერი, ორი სქელი ტომი, უკვე დიდი ხანია მისული იყო გამოცემის ადგილას ვესტფალიაში, როცა ცნობა მივიღეთ – შეცვლილი გარემოებანი მისი დაბეჭდვის ნებას არ იძლევიანო. ჩვენ უფრო სიამოვნებით დავუტოვეთ ხელნაწერი თაგვების მღრღნელ კრიტიკას, რომ ჩვენი მთავარი მიზანი – ჩვენი საკითხის გამორკვევა- მიღწეული იყო (პოლიტიკური ეკონომიიის კრიტიკისათვის; წინასიტყვობა; 1953 წ, ქართული გამოცემა, გვ.12) (აჩრდ. რედ).

ტექსტი გაციფრულებულია ჟურნალ მნათობის 1924 წლის მესამე ნომრიდან.