მკითხველს ვთავაზობთ კუბის რევოლუციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, ერნესტო ჩე გევარას წერილს მისი მოკლული თანამებრძოლის, „El Patojo”-ს შესახებ. „El Patojo” ჩე გევარასთან ერთად გახლდათ კუბის რევოლუციის გამარჯვების თანამოზიარე, თუმცა მან რევოლუციის შემდეგ ჰავანა დატოვა და, თავის სამშობლოში, გვატემალაში პარტიზანულ ბრძოლებში ჩაერთო. „El Patojo“-ს გარდაცვალების ცნობა 1962 მარტში გავრცელდა.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიით, გვატემალელი პატრიოტების, მათ შორის, ხულიო რობერტო კასერესის სიკვდილის შესახებ გადმოსცეს.
სიკვდილი ხშირი მოვლენაა რევოლუციონერის რთულ საქმეში, გაგანია კლასობრივ ბრძოლებში, რომელსაც მთელი კონტინენტი მოუცავს, მაგრამ სიკვდილი მეგობრისა, მძიმე დროების ამხანაგისა და უკეთეს ხანაზე ოცნებათა მოზიარისა, სამწუხარო ამბის გამგებისათვის ყოველთვის მტკივნეულია. ხულიო რობერტო დიდებული მეგობარი იყო. მას სუსტი აღნაგობის გამო „El Patojo-ს“ ვუწოდებდით, რაც გვატემალური ჟარგონით ყმაწვილს, მომცროს ნიშნავს.
მექსიკაში ყოფნისას, El Patojo ჩვენი რევოლუციის დაბადებას შეესწრო და ხალისით შემოგვიერთდა. არადა, ფიდელს არ სურდა ეროვნული განთავისუფლების ბრძოლაში, რომელში მონაწილეობის პატივი თავად მქონდა, უცხოელების შემოერთება.
რევოლუციის გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში, El Patojo-მ მთელი მისი საკუთრება გაყიდა და მხოლოდ მომცრო ჩემოდნით ხელში გამოგვეცხადა კუბაში. ის საჯარო მმართველობის რამდენიმე განშტოებაში მუშაობდა და იყო „არეი-ს“ (აგრარული რეფორმების ეროვნული ინსტიტუტი) ინდუსტრიალიზაციის დეპარტამენტის პერსონალის პირველი უფროსი, თუმცა თავისი საქმით კმაყოფილი არასდროს ყოფილა. თვალი სხვა მხარეს, თავისი ქვეყნის განთავისუფლებისაკენ ეჭირა. რევოლუციამ ის ძლიერ შეცვალა, ისევე, როგორც ჩვენ ყველა. დაბნეული ბიჭი, რომელმაც გვატემალა მარცხის ბოლომდე გაცნობიერების გარეშე დატოვა, შეგნებულ რევოლუციონერად გადაიქცა.
პირველად, მატარებელში შევხვდით, გვატემალიდან გაქცევისას, არბენსის დამხობიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ტაპაჩულაში მივდიოდით, რათა შემდგომ მეხიკომდე ჩაგვეღწია. El Patojo ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, მაგრამ ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა უმალვე ჩამოყალიბდა. ჩიაპასიდან მეხიკოშიც ერთად გავემგზავრეთ. ორივეს ერთი და იგივე პრობლემები გვღრღნიდა – ორივე უსახსრო და დამარცხებულნი ვიყავით და საარსებო საშუალების ძიება მტრულ თუ არა, გულგრილ გარემოში მაინც გვიწევდა.
El Patojo-ს ფული საერთოდ არ ჰქონდა, მე კი მხოლოდ რამდენიმე პესო. კამერა ვიყიდე და ორივემ არალეგალური სამუშაოს (უცხოელებს მუშაობის ნებართვა არ ჰქონდათ) შესრულება ვითავეთ – ხალხისთვის სკვერებში ფოტოები უნდა გადაგვეღო. ჩვენს მექსიკელ პარტნიორს პატარა ბნელი ოთახი ჰქონდა და იქ ვამჟღავნდებდით ფირებს. მთელი მეხიკო შევისწავლეთ, ჩვენს საშინელ ფოტოებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე დავატარებდით და ყველა ყაიდის კლიენტს იმაში დასარწმუნებლად ვედავებოდით, რომ ფოტოზე ასახული ბიჭუნა მართლაც ძალიან საყვარელია და ასეთ ჩინებულ სურათში ერთი მექსიკური პესოს გადახდა ხელსაყრელი საქმეა. ამით ვჭამდით პურს რამდენიმე თვის განმავლობაში. რევოლუციონერის ცხოვრებისთვის დამახასიათებელმა გარემოებებმა კი შემდგომ თანდათან ერთმანეთს დაგვაშორა. როგორც აღვნიშნე, ფიდელს არ სურდა მისი კუბაში ჩაყვანა, არა მისი რაიმე ნაკლოვანების გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი არმია საერთაშორისო ძალად არ ქცეულიყო.
El Patojo ჟურნალისტი იყო. მეხიკოს უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა, რომელიც ჯერ მიატოვა და შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ ამ საქმეში ის შორს მაინც არ წასულა. საარსებო წყაროს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა სამსახურით შოულობდა და არასდროს არაფერი უთხოვია. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ეს მგრძნობიარე და სერიოზული ბიჭი უბრალოდ უზომოდ მორცხვი თუ ზედმეტად ამაყი იყო იმისთვის, რომ საკუთარი სისუსტეები ამოეცნო და პირადი პრობლემების გამო მეგობრებისთვის მიემართა. El Patojo ინტროვერტი, მგრძნობიარე, მეტად ინტელექტუალური და კულტურული იყო. ის თანდათან დაღვინდა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც მთელი მისი ძალისხმევა საკუთარი ხალხის მსახურებისთვის გაიღო. El Patojo გვატემალის ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო და ასე ცხოვრებამ კარგადაც გაწაფა – ის შესანიშნავ რევოლუციონერად ყალიბდებოდა. თუმცა ბოლო დროს მისთვის სახასიათო ჭარბი მგრძნობიარობა ოდნავღა შემორჩენოდა. რევოლუციას აქვს თვისება განწმინდოს, განავითაროს და ჩამოაყალიბოს ადამიანი ისევე, როგორც ამას გამოცდილი გლეხი თავისი ბოსტნის მოვლის დროს აკეთებს, ნარგავებს სარეველას აშორებს და ღეროს აძლიერებს.
კუბაში მისი დაბრუნების შემდეგ, როგორც ძველ მეგობრებს შეეფერებათ, თითქმის მუდამ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ამ ახლებურ ცხოვრებაში ის ინტიმურობა ვეღარ შევინარჩუნეთ, რომელიც უწინ გვქონდა, და მხოლოდ მაშინ მივხვდი თუ რა ხდებოდა მის თავს, როცა რამდენჯერმე შევნიშნე თუ როგორ სწავლობდა მისი ქვეყნის ადგილობრივ ინდიელთა ენებს. ერთ დღესაც მითხრა, რომ მიდიოდა, რადგან მისი ვალის მოხდის დრო დამდგარიყო.
El Patojo-ს სამხედრო წვრთნა არ გაევლო; მან, უბრალოდ, იგრძნო, რომ მოვალეობა იხმობდა. ის თავის ქვეყანაში ბრუნდებოდა და იარაღით ხელში, ჩვენეული პარტიზანული ბრძოლის გამეორებას აპირებდა. ჩვენი ერთ-ერთი ხანგრძლივი საუბრისას, რაც არც ისე ბევრჯერ ხდებოდა, მისთვის სამი რჩევით შემოვიფარგლე: უწყვეტი მოძრაობა, აბსოლუტური მიუნდობლობა და მუდმივი სიფხიზლე. მოძრაობა: ეს ნიშნავს, არასდროს დარჩე ერთ ადგილას, არასდროს გაატარო ორი ღამე ერთსა და იმავე სახლში, არასდროს შეწყვიტო ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. მიუნდობლობა: თავიდან საკუთარ ჩრდილსაც არ ენდო, არ ენდო მეგობრულ გლეხებს, ინფორმატორებს, გზამკვლევებს, კონტაქტებს; არ ენდო არავის, სანამ გათავისუფლებულ ტერიტორიას არ დაიკავებ. სიფხიზლე: მუდმივად თავდაცვით პოზიციაში დარჩი, გაუთავებლად უდარაჯე და დაზვერე საფრთხე. ბანაკი გაშალე უსაფრთხო ადგილას, და რაც მთავარია, არასდროს დაიძინო ისეთ სახლში, რომელშიც შეიძლება ალყაში მოგაქციონ. ეს იყო ჩვენი პარტიზანული გამოცდილების შეჯამება და ერთადერთი რამ, რაც ხელის თბილ ჩამორთმევასთან ერთად შემეძლო მეგობრისთვის მიმეცა. შემეძლო კი მისი გადარწმუნება? ან რა უფლებით? ის უკვე საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ მივაღწიეთ წარმატებას იმაში, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა.
El Patojo წავიდა და შემდეგ მისი დაღუპვის ცნობა მივიღეთ. თავიდან ვიმედოვნებდით, რომ სახელი შეეშალათ ან რაიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გვამი დედამისმა ამოიცნო. ის მართლა მოკვდა და, მასთან ერთად, – მის ამხანაგთა მთელი ჯგუფიც. შესაძლოა, ისინიც მასავით მამაცნი, უანგარონი და ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ პირადად არცერთს ვიცნობდით.
კიდევ ერთხელ ვიგემეთ დამარცხების სიმწარე და ვსვამთ პასუხგაუცემელ კითხვას: რატომ ვერ ისწავლა მან სხვათა გამოცდილებიდან? რატომ არ გაითვალისწინა ამ ხალხმა მიღებული მარტივი რჩევები? ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ვიცით, რომ რეგიონი ცუდად იყო შერჩეული, რომ ისინი არ იყვნენ ფიზიკურად საკმარისად მომზადებულები, არ იყვნენ საკმარისად მიუნდობლები და, რა თქმა უნდა, საკმარისად ფხიზელნი. რეპრესიული არმია მათ მოულოდნელად დაესხა თავს, რამდენიმე მოკლა, დანარჩენები დაარბია, შემდეგ მათ დასადევნად დაბრუნდა და პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა. რამდენიმე ტყვედ წაიყვანეს; სხვები, El Patojo-ს მსგავსად, ბრძოლაში დაიღუპნენ. ჯგუფის დაქსაქსვის შემდეგ, ალბათ, სათითაოდ ნადირობდნენ პარტიზანებზე, როგორც ეს ალეგრია დე პიოს ბრძოლამდე მოხდა.
კიდევ ერთხელ მოირწყა ამერიკის მიწა ახალგაზრდების სისხლით, რათა თავისუფლება შესაძლებელი გახდარიყო. კიდევ ერთი ბრძოლაა წაგებული; დაღუპული ამხანაგების გლოვასთან ერთად, მაჩეტეების ალესვასაც უნდა შევუდგეთ. გარდაცვლილთა ტრაგიკული, მაგრამ ღირებული გამოცდილებიდან, მტკიცედ უნდა განვიზრახოთ, რომ არ გავიმეოროთ მათი შეცდომები, მათი სიკვდილისთვის შური მრავალი გამარჯვებით ვიძიოთ და მივაღწიოთ სრულ განთავისუფლებას.
როცა El Patojo-მ კუბა დატოვა, უკან არაფერი დარჩენია, არც შეტყობინება დაუტოვებია; ისედაც მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ნივთი თუ ტანსაცმელი ჰქონდა მისახედი, მაგრამ მექსიკელმა, ძველმა საერთო მეგობრებმა მომიტანეს ბლოკნოტი მისი ლექსებით, რომლებიც იქ დაეწერა და დაეტოვებინა. ეს რევოლუციონერის ბოლო სტროფებია, რაც ფაქტობრივად სასიყვარულო სიმღერაა რევოლუციის, სამშობლოსა და ქალისადმი. ამ უკანასკნელ სტრიქონებში El Patojo იმ ქალს მიმართავს, რომელსაც კუბაში იცნობდა და უყვარდა:
„წაიღე, ეს ხომ მხოლოდ გულია ჩემი,
მოხვიე მტკიცედ შენი ხელი,
გარიჟრაჟზე კი, მზის ამოსვლისას,
ხელი გაუშვი,
დაე, სხივებმა სითბო აპკურონ“.
El Patojo-ს გული ჩვენ შორის დარჩა, მისი საყვარელი ადამიანისა და ხალხის მოსიყვარულე ხელში, რომელიც ახალი დღის მზის სითბოს ელოდება, ის აუცილებლად გაანათებს გვატემალასა და მთელ ამერიკას. დღეს, მრეწველობის სამინისტროში, სადაც მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, არის სტატისტიკის პატარა სკოლა, რომელსაც მის პატივსაცემად ხულიო რობერტო კასერეს ვალე ჰქვია. მოგვიანებით, როცა გვატემალა თავისუფალი იქნება, მისი სახელი მიენიჭება რომელიმე სკოლას, ქარხანას, საავადმყოფოს ან ნებისმიერ ადგილს, რომელშიც ხალხი იბრძვის და შრომობს ახალი საზოგადოების აშენებისთვის.
თარგმნა ედი ბარამაშვილმა
წყარო:https://monthlyreview.org/2021/12/01/elpatojo/?fbclid=IwAR1fWnhG0nP0ftkfXGjQQ0GWGX1-TiXRb3hchGLlxAnEA2jDci8lbqHbRR4