ფრ. ენგელსი – ორი წერილი

საქართველოს „პოლიტიკურ სცენაზე“ ბოლო პერიოდში დატრიალებულმა მოვლენებმა, ყალბი აბსტრაქციების მასებზე თავსმოხვევამ, თითქოს, ერთი შეხედვით, გააუფერულა და მეორე პლანზე გადაიტანა კლასთა ბრძოლის ის კერები, რომლებიც ჩვენს თვალწინ მთელი სიმწვავით ამოიმართება და შემდეგ სპექტაკლის უზღვავ უფსკრულში ჩაიკარგება ხოლმე. მაგრამ, მიუხედავად სპექტაკლის ძალმოსილებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სარჩო-საბადებლისთვის, საკუთარი საცხოვრებელი პირობების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის იბრძვიან. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ კურიერების გაფიცვა, უკვე ორ კვირაზე მეტია გაფიცულია საირმის მუშათა კოლექტივი; სინამდვილეში, ეს ადამიანები არა ცხოვრების სტანდარტის ამაღლებისთვის, არამედ იმ პირობების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, რომელიც არსებულ ეკონომიკურ ფორმაციაში ყოველთვის ცვალებადობის და მერყეობის ობიექტია.

   ფრ. ენგელსი წინამდებარე წერილებში აანალიზებს რა ინგლისში ერთ დროს პოპულარული დევიზის „სამართლიანი ხელფასი სამართლიანი შრომისთვის“ ლიმიტებს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ მიუხედავად გაფიცვების, მუშათა კოლექტივების კაპიტალთან დაპირისპირების სარგებლიანობისა და აუცილებლობისა, საჭიროა კაპიტალისტური ეკონომიკური ფორმაციის საფუძვლის შერყევა, შესაბამისად, კაპიტალისტების წინააღმდეგ ბრძოლა იმ ნედლეულის და საწარმოო საშუალებების მუშათა კოლექტივების ხელში გადაცემისთვის, რომლებიც კაპიტალისტებს მუდმივად აძლევენ მუშათა კლასის ექსპლოატაციის ძალმოსილებას.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

ა. სამართლიანი ხელფასი სამართლიანი შრომისთვის

   ასეთი იყო ინგლისის მუშათა მოძრაობის ლოზუნგი უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მან სარგებლობა მოგვიტანა იმ დროს, როცა გაუქმებულ იქნა სამარცხვინო კანონები კოალიციების უფლების წინააღმდეგ და ტრედუნიონები (პროფკავშირები) განვითარდნენ. კიდევ მეტი სამსახური გაგვიწია ამ ლოზუნგმა სახელოვანი ჩარტისტული მოძრაობის ხანაში როცა ინგლისელი მუშები ევროპის მუშათა კლასის სათავეში იდგენ. მაგრამ დრო იცვლება. ზოგიერთი რამ, რაც 50 და 30 წლის წინად სასურველი და სასარგებლო იყო, ჩვენი დროისთვის გამოუსადეგარი გახდა. ასეთივე ამბავი მოუვიდა თუ არა ამ ძველ პატივსაცემ ლოზუნგსაც?

   სამართლიანი ხელფასი სამართლიანი შრომისთვის? მაგრამ რა არის სამართლიანი ხელფასი და რა არის სამართლიანი შრომა? როგორ განისაზღვრებიან ისინი იმ კანონებით, რომელთა მიხედვით საზოგადოება ვითარდება? პასუხის მისაღებათ ჩვენ არ შეგვიძლია მივმართოთ მორალის მეცნიერებას, სამართლიანობას ან მისი სენტიმენტალურ გრძნობას, ადამიანობას, მართებულობას ან თვით ქველმოქმედებას. რაც მორალურად ან თვით კანონის მიხედვით სამართლიანია, ჯერ კიდევ სამართლიანად ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ხოლო რა არის სამართლიანი ან უსამართლო საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ამას ის მეცნიერება არკვევს, რომელსაც დამოკიდებულება აქვს წარმოების მატერიალურ ფაქტებთან, ე. ი. პოლიტიკური ეკონომია.

    რა არის სახალხო მეურნეობის თვალსაზრისით სამართლიანი ხელფასი და სამართლიანი დღიური შრომა? ესაა უბრალოდ ხელფასის დონე და დღიური შრომის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, რომელიც განისაზღვრება მეწარმის კონკურენციით მუშებთან თავისუფალ ბაზარზე და რა ირკვევა ამ გზით?

   ნორმალურ პირობებში სამართლიანი დღიური ხელფასი არის ის თანხა, რომელიც მუშას სჭირია, რათა თავის გარემოს და თავის ქვეყნის ცხოვრების პირობების მიხედვით შეძლოს მუშაობის გაგრძელება და თავისი მოდგმის შენარჩუნება. ფაქტიური ხელფასი კი, ინდუსტრიის ქანაობის გამო, შეიძლება დროგამოშვებით ზევით ასცილდეს და ქვევით დასცილდეს ამ საშუალო დონეს.

   სამართლიანი დღიური შრომა კი ფაქტიური შრომის ის ხანგრძლივობა და ინტენსივობაა, რომელიც ყოველდღიურად მუშის მთელი სამუშაო ძალის დახარჯვას მოითხოვს, ისე რომ მას უნარი არ დაეკარგოს, ხვალაც იგივე შრომის რაოდენობა მოგვცეს.

   ეს მიმოქცევა, რომელიც მუდმივ მეორდება, შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: მუშა კაპიტალისტს აძლევს მთელს თავის სამუშაო ძალას, ე. ი. იმდენს, რამდენის მიცემა მას შეუძლია, ისე რომ შემდეგშიც შეძლოს იმდენივეს მიცემა. სამაგიეროდ მისგან იმდენ საცხოვრებელ საშუალებას ღებულობს, რამდენიც საჭიროა, რომ იგივე შრომა ყოველდღე გაიმეოროს. ახირებული სამართლიანობაა!

    მაგრამ მოდით საქმეს უფრო ღრმად შევხედოთ. რადგან პოლიტიკური ეკონომიის მოძღვრების მიხედვით ხელფასი და შრომა კონკურენციით განისაზღვრება, თითქო სამართლიანობა მოითხოვს, რომ ორივე მხარე თანასწორ პირობებსა და ერთნაირ მდგომარეობაში იყვნენ როცა შრომის ხელშეკრულებას დებენ. მაგრამ ეს როდი ხდება. თუ კაპიტალისტი მუშას ვერ შეუთანხმდა შეუძლია დაიცადოს და თავისი კაპიტალი ჭამოს, მუშას კი ეს არ შეუძლია. მას მხოლოდ თავისი ხელფასი აქვს საცხოვრებლად და ამიტომ იძულებულია სამუშაო ყოველი პირობების გარეშე მიიღოს. შიმშილი საშინელი ძალით დევნის მას და ამისდამიუხედავად, ბურჟუაზიული ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ასეთი მდგომარეობა უაღრესად სამართლიანიაო.

   მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. მექანიკური ძალის და მანქანების გამოყენება ახალ საწარმოებში და მანქანების გავრცელება და გაუმჯობესება ძველ საწარმოებში მუშებს ხანგრძლივად უსაქმოდ ტოვებს. ეს ბევრად უფრო ჩქარი ტემპით ხდება, ვიდრე ზედმეტი მუშათა ძალების ხელახლა მიღება მრეწველობაში. ეს ზედმეტი მუშათა ძალები კაპიტალს ინდუსტრიულ სარეზერვო (სამარქაფო) ჯარს უქმნიან. როცა ბაზრის კონიუნქტურა ცუდია, მუშას შეუძლია იშიმშილოს, იმათხოვროს, იქურდოს ან თვით სამუშაო სახლში წავიდეს. ხოლო თუ კონიუნქტურა ხელსაყრელია, მას შეუძლია იმუშაოს, რათა წარმოება გააფართოოს. და სანამ სარეზერვო არმიის უკანასკნელი მამაკაცი, უკანასკნელი დედაკაცი, უკანასკნელი ბავშვი სამუშაოს იშოვნიდეს (რაც თავისთავად გაშმაგებული ჭარბწარმოების დაწყებას გულისხმობს), კონკურენცია ქვემოთ სწევს ხელფასს, ხოლო სარეზერვო ჯარის არსებობა აძლიერებს კაპიტალის ძალას შრომის წინააღმდეგ ბრძოლაში. კაპიტალთან შეჯიბრების დროს მუშას მარტო შიმშილი როდი დევნის, ამავე დროს, იგი იძულებულია ათრიოს ზარბაზნის ყუმბარა, რომელიც ფეხებზე აქვს ჩამოკიდებული, და კაპიტალისტური პოლიტიკური ეკონომიის მიხედვით – ამას სამართლიანობა ჰქვია.

   საკითხავია საიდან იხდის კაპიტალი ამ „სამართლიან“ ხელფასს. კაპიტალიდან, რასაკვირველია. მაგრამ კაპიტალი როდი ქმნის ღირებულებას. სიმდიდრის ერთადერთი წყარო, გარდა მიწისა, შრომაა. კაპიტალი მხოლოდ დაგროვილი შრომის ნაყოფია და მეტი არაფერი. აქედან ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ხელფასის გასტუმრება შრომიდანვე ხდება, მუშას მის საკუთარ ნაყოფსვე აძლევენ ქირის სახით. სამართლიანობის ჩვეულებრივი გაგებით მუშას მთელი თავისი შრომის ნაყოფი უნდა მიეღო, როგორც ხელფასი, მაგრამ პოლიტიკური ეკონომიის მიხედვით ეს როდი იქნებოდა სამართლიანი, პირიქით, მუშის შრომის ნაყოფს კაპიტალისტი ეპატრონება, ხოლო მუშა არაფერს ღებულობს გარდა აუცილებლად საჭირო საცხოვრებელი საშუალებისა. ამ არაჩვეულებრივი „სამართლიანი“ საკონკურენტო ბრძოლის დასასრული კი ისაა, რომ იმ ადამიანების შრომის პროდუქტები, რომელნიც მუშაობენ, იმათ ხელში გროვდება, ვინც არაფერს აკეთებს და მათვე ხელში უძლიერეს საშუალებად იქცევა, რათა ყველანი, ვინც დაგროვილი სიმდიდრე წარმოშვა, მონობაში დარჩნენ შებოჭილნი. ესაა სამართლიანი ხელფასი სამართლიანი შრომისათვის! ზემონათქვამიდან ცხადია, რომ ძველს ლოზუნგს თავის დროზე მიზანი ქონდა, მაგრამ დღეს აღარ შეუძლია სამსახურის გაწევა. ამიტომ, დეე, მუშებმა ძველი ბრძოლის ლოზუნგი დამარხონ და უკეთესი შეითვისონ: ესაა საწარმოო საშუალებათა — ნედლი მასალის, ფაბრიკების და მანქანების გადასვლა მშრომელი ხალხის ხელში! (დაიბეჭდა 80-იანი წლების დასაწყისში ლონდონის The Labour Standard“-ში შემდეგი სათაურით: „A fair days wages far a fair days“, ხოლო 1884 წელს თვით ენგელსმა გადათარგმნა „Züricher Sozialdenokrat“-ში).

ბ. ხელფასის კანონი

    წინა წერილში ჩვენ განვიხილეთ ლოზუნგი: სამართლიანი ხელფასი სამართლიანი შრომისთვის. ამ განხილვამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ დღევანდელ პირობებში ყველაზე სამართლიანი დღიური ხელფასი გულისხმობს მუშის პროდუქტის ყველაზე უსამართლო განაწილებას. ამ პროდუქტიდან უდიდესი ნაწილი კაპიტალისტის ჯიბეში მიდის, მუშა კი იძულებულია დაკმაყოფილდეს იმდენით, რამდენიც შრომის უნარის შესანარჩუნებლად და მოდგმის გასაგრძელებლად არის საჭირო.

   ეს არის ეკონომიური კანონი ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: საზოგადოების დღევანდელი ეკონომიური ურთიერთობის კანონი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ინგლისის ყველა დაწერილი და დაუწერელი (ადათების) კანონი. სანამ საზოგადოება გაყოფილია ორ მოწინააღმდეგე კლასად, სანამ ერთ მხარეზე კაპიტალისტები დგანან, რომელნიც მონოპოლიურად ფლობენ ყველა საწარმოო საშუალებას, — მიწას, ნედლ მასალას, მანქანებს, — ხოლო მეორე მხარეზე მუშები არიან, რომელნიც მოკლებულნი არიან საწარმოო საშუალებათ და არაფერს ფლობენ, გარდა თავიანთი სამუშაო ძალისა, სანამ ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია არსებობს, ხელფასის კანონი იბატონებს და ყოველდღე ახალ ბორკილებს გამოჭედავს, რომლითაც მუშები მონებივით მიჯაჭვული არიან თავიანთივე ხელით შექმნილზე.

   ტრედუნიონები თითქმის 60 წლის განმავლობაში[1] ებრძოდნენ ამ კანონს. და რა შედეგი მოჰყვა ამ ბრძოლას? განთავისუფლდნენ თუ არა მუშები მონობისაგან, რომელშიც ისინი ჩააგდო კაპიტალმა, რომელიც თვით მუშათა პროდუქტია? შეძლო თუ არა თუნდ მუშათა კლასის ერთმა ჯგუფმა დაქირავებული მონების პოზიციას ზევით ასცილებოდა, საწარმოო საშუალებათა, ნედლი მასალის, მოწყობილობის, მანქანების და ამით თავისი საკუთარი შრომის პროდუქტების მფლობელი გამხდარიყო? ცნობილია, რომ მუშათა კლასს არა თუ არ მიუღწევია ყოველივე ამისთვის, ეს მიზნადაც არ დაუსახავს.

    არასოდეს ვიტყვი, რომ რაკი პროფკავშირებმა ეს ვერ შეძლეს, ისინი უსარგებლონი არიან-მეთქი, პირიქით, პროფკავშირებს როგორც ინგლისში, ისე სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებში სარგებლობა მოაქვთ მუშათა კლასისათვის კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. საშუალო ხელფასი უდრის აუცილებელ საცხოვრებელ საშუალებათა ჯამს, რომელიც მუშებს სჭირიათ, რათა ამათუიმ ქვეყნის ცხოვრების დონის მიხედვით, თავიანთი მოდგმა შეინარჩუნონ. ცხოვრების დონე სხვადასხვა ქვეყნის მუშათა კლასისათვის კი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს და პროფკავშირების დიდი დამსახურება იმაშია, რომ ისინი ცდილობენ ბრძოლით დაიცვან ხელფასი, შეამცირონ სამუშაო დრო და ამრიგად, განამტკიცონ და ზევით ასწიონ ცხოვრების დონე.

   ლონდონის აღმოსავლეთ უბნებში მრავალია ისეთი პროფესია, რომელიც არა ნაკლებ გამოცდილებას მოითხოვს და ისევ ძნელია, როგორც კალატოზობა და მისი თანაშემწეობა. ამისდამიუხედავად ამ პროფესიის მუშები კალატოზების ნახევარსაც კი არ ღებულობენ გასამრჯელოდ. რით აიხსნება ეს? იმით, რომ ძლიერი ორგანიზაცია ამ უკანასკნელთ შეძლებას აძლევს ბევრად უფრო მაღალი საცხოვრებელი დონე იქონიონ ხელფასის საზომად, მაშინ როცა პირველნი შეუკავშირებელნი და უძლურნი არიან და მეწარმეთა მხრით განიცდიან არა მარტო ჩვეულებრივ, არამედ თვითნებურ ექსპლოატაციასაც. მათი ცხოვრების დონე თანდათან ეცემა, ისინი ეჩვევიან ნაკლები ხელფასით ცხოვრებას, ხოლო მათი ხელფასი ქვევით იწევს იმ საფეხურამდე, რომელსაც ისინი საკმაოდ მიიჩნევენ.

   ამიტომ ხელფასის კანონი უცვლელი როდია, ერთნაირ საზღვრებში. იგი არაა სავსებით ულმობელი ყოველ ხანაში, გარდა დიდი კრიზისებისა, იგი ერთნაირ გასაქანს აძლევს თითოეულ პროფესიას და ბრძოლის საშუალებით მუშებსა და მეწარმეთა შორის ხელფასი შეიძლება შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, იგი შეთანხმებით განისაზღვრება. შეთანხმების დროს კი მეტს ის მიიღებს, ვინც უფრო ხანგრძლივად და მედგრად იბრძოდა. როცა კაპიტალისტთან შრომის ხელშეკრულებას განცალკევებული მუშა სდებს, იგი ჩვეულებრივ მარცხდება და იძულებული ხდება ის პირობები მიიღოს, რომელთაც მას წარუდგენენ. მაგრამ თუ ერთი პროფესიის მუშები მტკიცე ორგანიზაციას შეკრავენ და ფულს შეაგროვებენ რათა გაჭირვების დროს თავიანთ მეწარმეებს წინააღმდეგობა გაუწიონ და მათს ძალას შეერთებული ძალა დაუპირდაპირონ, მაშინ და მხოლოდ მაშინ მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ იმ ცოტა რამეს მიიღებენ, რასაც თანამედროვე საზოგადოების ურთიერთობის მიხედვით ჰქვია „სამართლიანი დღიური ხელფასი სამართლიანი დღიური შრომისათვის“.

   მაგრამ პროფკავშირების ბრძოლა როდი სპობს ხელფასის კანონს. პირიქით, იგი სწორედ მისი შემწეობით ხორციელდება. პროფკავშირების წინააღმდეგობის გარეშე მუშა იმასაც კი ვერ მიიღებდა, რაც მას ხელფასის კანონის წესებით ერგება. მხოლოდ პროფკავშირების შიში აიძულებს კაპიტალისტს, სამუშაო ძალის სრული საბაზრო ღირებულება გამოიღოს. გსურთ ამის დამამტკიცებელი საბუთი მიიღოთ? შეადარეთ ის ხელფასი, რომელსაც დიდი პროფკავშირების წევრები ღებულობენ იმ ხელფასს რომელსაც ლონდონის აღმოსავლეთის უბნების მყრალ და შემაძრწუნებელ ჭაობში მოთავსებულ უთვალავ წვრილ საწარმოში იძლევიან.

   ამრიგად, პროფკავშირები ხელფასის კანონის წინააღმდეგ არ იბრძვიან, მაგრამ მუშათა კლასის დეგრადაციას (უპატიო დაქვეითებას) მაღალი თუ დაბალი ხელფასი როდი იწვევს, ეს დეგრადაცია იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ მუშათა კლასი, იმის მაგივრად, რომ თავისი შრომის სრული პროდუქტი მიიღოს,[2] იძულებულია ნაწილით დაკმაყოფილდეს, იმ ნაწილით, რომელსაც ხელფასს უწოდებენ. კაპიტალისტი მთელს პროდუქტს ეპატრონება იმიტომ, რომ იგი სამუშაო საშუალებათა მფლობელია, და ნაწილს ხელფასში იძლევა, ამიტომ მუშათა კლასის განთავისუფლება შეუძლებელია ისე, თუ იგი ყველა შრომის საშუალებათა – მიწის, ნედლეულის, მანქანების და სხვ. და მაშასადამე, თავისი შრომის სრული ნაყოფის პატრონი არ გახდა.


[1] ფრიდრიხ ენგელსმა ეს წერილი ოთხმოციანი წლების დასაწყისში მოათავსა „The Labour Standard“-ში.

[2] ენგელსი აქ მუშათა კლასს მიუთითებს მისი შრომის სრული პროდუქტისაკენ, რომელიც კომუნისტურ საბოლოო მიზნის პოპულარულ გამოხატვას წარმოადგენს, და რომელიც უნდა გავარჩიოთ ეკონომიურად შეუძლებელი და არაკომუნისტური ფორმულისაგან „თითოეულ მუშას მისი სრული შრომის ნაყოფი“.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემიდან: კ. მარქსი, ხელფასი, ფასი და მოგება, სახელგამი, 1933.