ერიხ ფრომი (1900 – 1980) – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფსიქოლოგი და ჰუმანისტი ფილოსოფოსი.
ფართო საზოგადოებისთვის ფრომის ტექსტები და გამოკვლევები, მისი ფრანკფურტის სოციალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის შემდეგ გახდა ცნობილი და კითხვადი. გარდა ინსტიტუტში მუშაობისა, ერიხ ფრომი გახლდათ პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი. ფრომი ერთ-ერთი პიონერი იყო მარქსისა და ფროიდის დაკავშირების ცდასა და მარქსისტული სოციალური ფსიქოლოგიის თეორიული კონსტრუქციის შემუშავებაში. ერთ-ერთ თავის ადრეულ სტატიაში (The Method and Function of an Analytic Social Psychology) ის ზოგად ხაზებში გადმოსცემს ფროიდო-მარქსიზმის ძირითად წანამძღვრებს; მისთვის ფსიქოანალიზი მატერიალისტური ფსიქოლოგიაა, რომელიც ინსტიქტურ სწრაფვებს და საჭიროებებს ადამიანის ქცევის მამოძრავებლად განიხილავს. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრომისთვის ფროიდის თეორია ისტორიულია, რადგან ის ადამიანის ქცევის მამოძრავებელ სტრუქტურას თვით ისტორიის გაგების მეშვეობით მიელტვის. აქედან გამომდინარე, მისთვის სოციალური ფსიქოლოგია სრულად თავსებადია ისტორიულ მატერიალიზმთან, რადგან ორივე მათგანი მატერიალისტური მეცნიერებაა და მათი წანამძღვრები და ამოსავალი არა ცაში მოფარფატე იდეები, არამედ მიწიერი სინამდვილე და წინააღმდეგობებია. მიუხედავად იმისა, რომ, თუკი სქემატურად ვიტყვით, ისტორიული მატერიალიზმი ინდივიდის სოციალური ცხოვრების მთავარ განმსაზღვრელად ეკონომიკურ ძალებს მოიაზრებს, ფსიქოანალიზი კი, ინსტიქტურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, ფრომს მიაჩნია, რომ ამ ორს შორის მაინც შესაძლებელია შეხების წერტილის გამონახვა. გერმანელი თეორეტიკოსის აზრით, სოციალურ ფსიქოლოგიას ძალუძს იმ გზების შესწავლა, რითაც სოციო-ეკონომიკური სტრუქტურა ინდივიდებისა და ჯგუფების ინსტიქტურ აპარატს მსჭვალავს და აყალიბებს. მაგალითად, თუკი ფსიქოანალიზისთვის ადამიანის ჩამოყალიბებაში უპირველესი მნიშვნელობა ოჯახს ენიჭება, ისტორიული მატერიალიზმის ჩარჩოში ოჯახი სწორედაც, რომ სოციალური კლასისა და საზოგადოების გავლენით არის კონსტრუირებული. თუმცა მიუხედავად ოჯახის სტრუქტურის სოციალურად განპირობებულობისა, ფრომს მიაჩნია, რომ მაზოხისტური ავტორიტარული პიროვნულობის ჩამოყალიბებაში ოჯახის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არსებულ ეკონომიკურ ფორმაციაში გაბატონებული ოჯახის სტრუქტურა ხელს უწყობს სუსტი ეგოს ჩამოყალიბებას, რაც იწვევს ავტორიტარული პიროვნულობის წარმოებას და მის ნორმად მიღებას. ფრომის აზრით, მოდერნულ საზოგადოებაში პიროვნების მთავარი მახასიათებელი სადო-მაზოხისტური სიმბიოზია. პიროვნების სადო-მაზოხისტური ხასიათი კვებავს ირაციონალურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებას, ასევე ხელს უწყობს მკაცრად იერარქიული საზოგადოების შექმნას. მაზოხისტური პიროვნება სიამოვნებას იღებს, როგორც მასზე იერარქიულად დაწინაურებულ ირაციონალურ ავტორიტეტზე დაქვემდებარებით, ასევე მასზე უფრო დამცრობილ ინდივიდზე ძალაუფლების გავრცელებით. პიროვნულობის ეს ტიპი საზოგადოებაში აგრესიისა და სოციალური ბატონობის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა მიუხედავად ოჯახზე აქცენტირებულობისა, ფრომი მხედველობიდან არ უშვებს უფრო ფართო სოციალურ სურათს. ავტორიტარული საზოგადოებები აწარმოებენ იმგვარ საჭიროებებსა და კმაყოფილებებს, რომლებიც, სანაცვლოდ, იწვევენ სადო-მაზოხისტური ხასიათის სტრუქტურებს. მაგალითად, მუდმივ ეკონომიკურ კრიზისებს (რაც კაპიტალიზმის თვით-დესტრუქციული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა) თან სდევს სოციალური შფოთის ზრდა, მამის ავტორიტეტის შესუსტება ოჯახში, შედეგად, ინდივიდი პირდაპირ იდეოლოგიური და ძალაუფლებრივი აპარატის, ირაციონალური ავტორიტეტის კლანჭებში ვარდება. ფრომის ადრეული პროექტის მიზანი სწორედ ამ ირაციონალური ავტორიტეტის მხილება და მის წინააღმდეგ აჯანყებაა, შესაბამისად, მას აუცილებლად მიაჩნია ძლიერი ეგოს მქონე ინდივიდების ჩამოყალიბება, ვინც მეტად აღარ ესწრაფვის მორჩილებას/საკუთარი თავის დამცრობასა და, მეორე მხრივ, სხვაზე ძალაუფლების გავრცელებას. ფრომის პოლიტიკური პროექტი მოიაზრებს დომინანტური, ირაციონალური ავტორიტეტისგან გათავისუფლებას; მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ესაჭიროება რაციონალური ავტორიტეტი, რომელიც განსხვავებით სადო-მაზოხისტური მავანისგან, არ ითხოვს აბსოლუტურ მორჩილებას და ინდივიდის განვითარების შებორკვას.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
რას ვგულისხმობთ „ავტორიტარულ პიროვნულობაში“? ჩვენ, ჩვეულებრივ, იმ ინდივიდებს, რომელთაც მართვა, კონტროლი, ანდა სხვათა შებორკვა სწყურიათ, მკაფიოდ განვასხვავებთ ხოლმე მათგან, რომლებიც მიდრეკილნი არიან მორჩილებისა და თავიანთი თავის დამცრობილად წარმოჩინებისაკენ. იმისათვის, რომ საუბარი უფრო ახლო და ნათელი გახდეს, ლიდერისა და მისი მიმდევრების ცნებას გამოვიყენებ. ბუნებრივია, რომ მართულსა და მმართველს შორის ბევრი განსხვავება არსებობს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორი ფორმა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია.
ის, რაც მათ საერთო აქვთ და რაც ავტორიტარული პიროვნულობის არსს განსაზღვრავს არის შეუძლებლობა, შეუძლებლობა დაეყრდნო საკუთარ თავს, იყო დამოუკიდებელი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აიტანო თავისუფლება.
ავტორიტარული ხასიათის საწინააღმდეგო პოლუსად მოწიფული პიროვნება წარმოგვიდგება: პიროვნება, რომელსაც არ სჭირდება სხვასთან მიტმასნება, რადგან ის სამყაროში, იმ ხალხში, რომელიც მის გარშემოა, მტკიცედ ორიენტირებს. რას ნიშნავს ეს? ბავშვებს საყრდენი სჭირდებათ. დედის საშვილოსნოში ისინი ფიზიოლოგიური გაგებით არიან დედის ნაწილნი, ხოლო შობის შემდეგ კი – რამდენიმე თვის, ან წლის განმავლობაში – ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის გამო ეკედლებიან მას. ბავშვებს არ ძალუძთ დედის გარეშე. თუმცა ისინი იზრდებიან და ვითარდებიან. ისინი სიარულსა და მეტყველებას სწავლობენ და გარკვეული ძალისხმევის შემდგომ პოულობენ თავიანთ სამყაროს. ბავშვები ორ თანდაყოლილ უნარს – სიყვარულსა და განსჯას – ფლობენ, რომელთაც გზა და გზა ავითარებენ.
სიყვარული სამყაროსთან კავშირი და ერთიანობაა, თუმცა, ამავე დროს, თვითის მიერ დამოუკიდებლობისა და მთლიანობის შენარჩუნება. შეყვარებული ინდივიდი დაკავშირებულია სამყაროსთან. მას არ ეშინია მანამ, სანამ სამყარო მისი სახლია, მეტიც, მას თავის დაკარგვაც კი ძალუძს, რადგან ის თავის თავში დარწმუნებულია.
სიყვარული სამყაროს ემოციურ გამოცდილებად აღიარებას ნიშნავს. თუმცა აღიარების სხვა გზაც არსებობს, კერძოდ, მისი აზრის მეშვეობით გაგება. ჩვენ ამგვარ გაგებას გონებას ვუწოდებთ. ის (გონება; მთ. შენ) ინტელექტისაგან განსხვავდება. ინტელექტი გონებას იმისათვის იყენებს, რათა მან ცალკეულ მიზნებს მიაღწიოს. შიმპანზე ინტელექტს მაშინ მიმართავს, როცა გალიის წინ ბანანს ხედავს, რომელსაც მის ხელთ არსებული ორი ჯოხით ვერ ისაკუთრებს და მხოლოდ მათი გადაბმის შემდეგ ახერხებს მიზნის მიღწევას. ეს ცხოველის ინტელექტია, იგივე მანიპულაციური ინტელექტი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ადამიანების შესახებ საუბრისას, გაგებას უწოდებენ. გონება სხვა რამაა. გონება საგნების შუაგულში შეღწევისათვის იღწვის, რათა დაადგინოს რეალურად რა ძალები და დინებები განსაზღვრავენ იმ სინამდვილეს, რომელიც ზედაპირზე ვლინდება.
იმისათვის, რომ უკეთ განმესაზღვრა ავტორიტარული პიროვნულობის არსი, მე მოწიფული, ე.ი მოსიყვარულე და გონიერი ინდივიდი აღვწერე. ავტორიტარულ ხასიათს კი, მოწიფულობას ვერ მივაწერთ. მას არც სიყვარული და გონიერება ძალუძს. ამგვარად, ის მარტოსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შიშს ღრმად გაუდგამს ფესვი. მას ვალდებულების გრძნობა ესაჭიროება (რომელიც არც სიყვარულს ითხოვს და არც გონებას), რომელსაც სიმბიოზურ მიმართებაში აღმოაჩენს და ნაცვლად საკუთარი თვითობის/მეობის შენარჩუნებისა, ის დღვებს და ანგრევს მას. ავტორიტარულ ხასიათს სხვა პიროვნება სჭირდება, ვისაც შეერწყმება, ურომლისოდაც ის შიშსა და მარტოობას ვერ აიტანს.
მაგრამ აქ ჩვენ მმართველისა და მართულისთვის საერთო გადაკვეთის წერტილს ვაწყდებით.
პასიური ავტორიტარულობა, ან სხვა სიტყვებით, მაზოხისტური და მორჩილი ხასიათი მიზნად – ქვეცნობიერად მაინც – დიდი ერთობის, „გამოჩენილი პიროვნების“, „აღმატებული ინსტიტუციის“, „დიდებული იდეის“ პატარა შემადგენელ ნაწილად გახდომას ისახავს. პიროვნება, ინსტიტუცია, ან იდეა, შესაძლოა, ნამდვილად იყოს მნიშვნელოვანი, ძლევამოსილი, თუმცა შესაძლებელია, რომ მას ეს თვისებები მორწმუნე ინდივიდმა მიაწეროს. მთავარი ის არის, რომ, – ცხადია, სუბიექტური მანერით – მავანი დარწმუნებულია თავისი ლიდერის, პარტიის, სახელმწიფოს ან იდეის ძლევამოსილებასა და აღმატებულობაში, რომ ის თვითონაც ძლიერი და დიდებულია, რადგან ამ „აღმატებულის“ ნაწილია. ავტორიტარული ხასიათის პასიური ფორმის პარადოქსულობა ის არის, რომ მავანი საკუთარი თავის დამცრობილად წარმოჩინებით – როგორც რაღაც გრანდიოზულის პატარა ნაწილი – თავის თავსვე განადიდებს. მავანს სურს, რომ შეასრულოს ბრძანებები, რადგან თავიდან აირიდოს გადაწყვეტილების მიღების, არჩევანის გაკეთების პასუხისმგებლობა. მაზოხისტ მავანში, რომელიც მუდამ დამოკიდებულების მაძებარია, ღრმად ჩაბუდებულა – ხშირად მხოლოდ ქვეცნობიერად – შიში, უსუსურობა, სიმარტოვე და უძლურება. სწორედ ამიტომ ეძებს ლიდერს, ძალაუფლების წყაროს, რათა თავი დაცულად იგრძნოს, რათა საკუთარი არასრულფასოვნება დაძლიოს. ქვეცნობიერად, ის თავის უძლურებას მოუცავს და ესაჭიროება ლიდერი, რომელიც გრძნობებს გააკონტროლებს. მაზოხისტი, მორჩილი მავანი, რომელსაც თავისუფლება აშინებს და კერპთაყვანისმცემლობის მიდრეკილება აქვს, სწორედ ის პიროვნებაა, რომელზეც ნაციზმი და სტალინიზმი დგას.
პასიური, მაზოხისტური ხასიათის გაგებაზე უფრო რთული, აქტიური, სადისტური ავტორიტარულობის დახასიათებაა. მისი მიმდევრებისათვის ის საკუთარ თავში დარწმუნებული და ძლევამოსილი ფიგურაა, თუმცა მაზოხისტური ტიპის მსგავსად, ისიც შიშსა და მარტოობას განიცდის. თუ მაზოხისტი იმიტომ გრძნობს ძალას, რომ რაღაც აღმატებულის ნაწილია, სადისტის შემთხვევაში ეს იმით აიხსნება, რომ ის სხვებს აერთიანებს, ზოგ შემთხვევაში, – დიდ მასას. როგორც იტყვიან, აქტიური ავტორიტარი შთანთქავს მათ (ადამიანთა კრებულს; მთ. შენ). სადისტურ-ავტორიტარული ხასიათი ისევეა დამოკიდებული მართულზე, როგორც მაზოხისტ-ავტორიტარული – მმართველზე. თუმცა ეს სურათი რაღაც მხრივ ილუზორულია. როგორც კი ავტორიტარული ფიგურა ძალაუფლებას ხელთ იგდებს, ის, როგორც საკუთარ, ისე სხვათა თვალში, ძლევამოსილ, ძლიერ ფიგურად წარმოგვიდგება. მისი უძლურება მხოლოდ მაშინ წარმოჩინდება, როცა ის ძალაუფლებას კარგავს, როცა ის ვეღარავის შთანთქავს.
როდესაც ავტორიტარული პიროვნულობის აქტიური ასპექტის, სადიზმის შესახებ ვსაუბრობ, შესაძლოა, ეს გაკვირვებას იწვევდეს, რადგან სადიზმი ტანჯვისა და ტკივილის გამომწვევად წარმოგვიდგება. მაგრამ სინამდვილეში, ეს სულაც არ არის სადიზმის სრული გამოვლინება. სადიზმის ჩვენი მზერის არეალში მოქცეული განსხვავებული ფორმები სხვებზე მბრძანებლობისა და კონტროლისაკენ მიისწრაფვიან, რათა მავანი მათკენ მტრულად მიმართული ნების წინაშე შიშველ ობიექტად გადააქციონ, რომელზეც უსაზღვრო ძალაუფლება განხორციელდება. დამცრობა და დამონება საშუალებებია, რომლებითაც სადიზმი თავის მიზანს აღწევს, საწადელის ასრულებისთვის გამოყენებული ყველაზე რადიკალური ტექნიკები კი, ტანჯვას იწვევენ. დაქვემდებარების ყველაზე უფრო მძიმე შემადგენელი, ტანჯვის მიყენებაა, აიძულო ვინმე წინააღმდეგობის გაწევის გარეშე აიტანოს ტკივილი.
ფაქტი იმის შესახებ, რომ ავტორიტარული პიროვნულობის ორივე ფორმა ერთ საბოლოო წერტილს – სიმბიოზურ ტენდენციას – უბრუნდება, იმას ადასტურებს, თუ რატომაა შესაძლებელი აქტიური და პასიური კომპონენტების თითქმის ყველა ავტორიტარულ პიროვნულობაში აღმოჩენა. ჩვეულებრივ, მხოლოდ ობიექტები განსხვავდებიან. ჩვენ ალბათ ყველას გვსმენია ოჯახში არსებული ტირანის შესახებ, რომელიც საკუთარ ცოლსა და ბავშვებს სადისტივით უსწორდება, ხოლო როცა სამუშაო ადგილას მასზე აღმატებულთან იჭერს საქმეს, ის მორჩილ დასაქმებულად გარდაიქმნება. ან თუნდაც უკეთეს მაგალითს დავასახელებ: ჰიტლერი. მას სურდა, რომ ყველა ემართა, გერმანელი ნაცია და ბოლოს მსოფლიო, მისი ნების წინაშე დაუცველნი გაეხადა. თუმცა იგივე პიროვნება საკმაოდ დამოკიდებული იყო, დამოკიდებული მასის აპლოდისმენტებზე, თავისივე მრჩეველების მტკიცებულებებზე და იმაზე, რასაც ის ბედისწერის, ბუნებისა და ისტორიის უმაღლეს ძალას უწოდებდა. საკუთარი იდეების გამოსახატად, ის ფსევდო-რელიგიურ ფორმულირებებს მიმართავდა, მაგალითად, მან თქვა: „ზეცა ერზე მაღლაა, შესაძლოა, მავანს სხვისი საბედისწეროდ შეცდენა ძალუძს, თუმცა ზეცის – არამც და არამც“. მიუხედავად ამისა, ძალა, რომელიც ჰიტლერს ისტორიაზე, ღმერთსა და ბედისწერაზე უფრო მეტად ხიბლავდა ბუნება იყო. უკანასკნელი ოთხასწლოვანი ტენდენციის საპირისპიროდ, ჰიტლერს სწამდა, რომ ადამიანს მხოლოდ სხვა ადამიანზე ბატონობა შეეძლო, მაგრამ ბუნებაზე მისი ძალაუფლება ვერ განევრცობოდა. მასში ჩვენ ავტორიტარული პიროვნულობის მაზოხისტურ და სადისტურ ტენდენციებს ვპოულობთ: ბუნება არის ზემდგომი ძალა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ადამიანი იმისათვის არსებობს, რომ მასზე გავბატონდეთ.
ახლა კი, შესაძლოა ითქვას, რომ ავტორიტარული პიროვნულობის საკითხს საკმაოდ მივუახლოვდით, თუმცა იმაზე საუბრის გარეშე, რომელიც ბევრ გაუგებრობას იწვევს. თუკი ავტორიტეტის ცნობა/აღიარება მაზოხიზმია, ხოლო მისი განხორციელება სადიზმი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ავტორიტეტი შეიცავს რაღაც პათოლოგიურს? ამ კითხვაში მნიშვნელოვნად არ არის გამიჯნული რაციონალური და ირაციონალური ავტორიტეტი. რაციონალური ავტორიტეტი არის კრიტიკულად გადააზრებული ავტორიტეტის ცნობა/აღიარება. მაგალითად, სტუდენტი განსჯის შედეგად სცნობს მასწავლებლის ავტორიტეტს. იგივე შემთხვევაა, როცა მე, როგორც გემზე მყოფი მგზავრი, კაპიტნის ავტორიტეტს ვცნობ, მას მივანდობ სახიფათო სიტუაციაზე რეაგირების უფლებას. ავტორიტეტის რაციონალურად ცნობა, ჩემს განსჯასა და კრიტიკის უნარს არ აუქმებს, არამედ მას წინაპირობად/წანამძღვრად განიხილავს. ავტორიტეტის ასეთი ფორმა, სხვის ავტორიტეტს ჩემი დამცრობის ხარჯზე სულაც არ განადიდებს, თუმცა მას საშუალებას აძლევს, რომ კომპეტენციიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში ჩემზე აღმატებული იყოს.
ირაციონალური ავტორიტეტი განსხვავებული რამაა, ის ერთი პიროვნების ემოციებს, მეორეს უქვემდებარებს: მჯერა, რომ ის მართალია, არა იმიტომ, რომ არგუმენტირებულად საუბრობს, არც იმის გამო, რომ მე მის ავტორიტეტს გააზრებულად ვცნობ. ირაციონალური ავტორიტეტის მარწუხებში მაზოხისტური დაქვემდებარება – ჩემი დამცრობის ხარჯზე – ავტორიტეტს აღმატებულად აქცევს. ჩემი ვალია, მისგან ძლევამოსილი ფიგურა შევქმნა და, შედეგად, მე, როგორც მისი ნაწილი, ასევე შევძლებ ძლევამოსილად ვიქცე. რაციონალური ავტორიტეტი საკუთარი თავის უარყოფით კავდება, რადგან რაც უფრო მეტს ვიმეცნებ, ავტორიტეტთან მანძილი მით უფრო მცირდება. ირაციონალური კი, პირიქით, საკუთარი თავის განვრცობისა და განდიდებისაკენ მიისწრაფის. რაც უფრო დამოკიდებული ვარ, მით უფრო სუსტი ვხდები და მით უფრო მესაჭიროება ირაციონალურ ავტორიტეტთან მიტმასნება.
ყველა ძლევამოსილი დიქტატორული რეჟიმი ირაციონალური ავტორიტეტის ტიპს ემყარება. ამგვარ ვითარებაში, რეჟიმის წარმმართველი ძალა ინდივიდთა სრული უძლურება, შიში, მორჩილება და ლიდერის თაყვანისცემაა. ყველა დიდებული, ნაყოფიერი კულტურა რაციონალური ავტორიტეტის ტიპს ემყარება, იმ – ინდივიდებს, რომლებსაც განსჯა ძალუძთ და ირაციონალურთან მიმართებას არ საჭიროებენ.
ინდივიდი თვითონ უნდა იქცეს საკუთარი თავის ავტორიტეტად, ის უნდა აცნობიერებდეს მორალურ კატეგორიებს, სწამდეს კრიტიკული განსჯის უნარისა და ემოციების. ინდივიდს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შინაგანი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს; სწორედ ამგვარადაა შესაძლებელი სამყაროს გონებითა და სიყვარულით ჩაწვდე. მხოლოდ ხასიათის ასეთი განვითარებაა შინაგანი ავტორიტეტისა და დემოკრატიული პროცესების ბაზისი.
თარგმნა დავით გალაშვილმა, თარგმანი შესრულებულია მარქსისტული ინტერნეტ არქივიდან https://www.marxists.org/archive/fromm/works/1957/authoritarian.htm; ტექსტი პირველად გამოქვეყნდა Deutsche Universitätszeitung, Band 12 (Nr. 9, 1957), გვ. 3-4;
ქართული თარგმანი პირველად გამოქვეყნდა mautskebeli.ge-ზე.