გიორგი ჯავახაძე – ნიკოლოზ ბარათაშვილი-რევოლუციური რომანტიკოსი

ვუძღვნი ჩემი მასწავლებლის, რამაზ ჭილაიას, ნათელს ხსოვნას

ხელოვნება, კაცობრიობის მხატვრული აზროვნების უწყვეტი და განუცალკევებელი ჯაჭვია, მეცნიერება კი მისი ყველაზე კეთილშობილი დამატყვევებელი, რომელიც შემოქმედსა და მის შემოქმედებას ისტორიის მიერ აგებულ ჟანრთა ციხესიმაგრეებში ამწყვდევს. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა მხატვრული სახეების დაუსრულებელ კარნავალში გზის გაგნება, რათა ამოგვეცნო ამ საპატიო პატიმრობის მოტივი და დანაშაული, მით უფრო, რომ ხელოვნების ნებისმიერი აჩრდილი, ბრმა და გზააბნეული იქნებოდა, ისტორია რომ მის პრიზმაში უთვალავი ფერის შუქს არ ასხივებდეს. მაშასადამე, ყველა ეპოქაში მოქმედი ხელოვნება, განწირულია, გარკვეული პერიოდით მოექცეს მეცნიერების ტყვეობაში და დავალდებულებულია უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომლესაც მეცნიერება მის წინაშე დასვამს, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მას უფლება განისაზღვროს საკუთარი ადგილი თავის უამრავ თანამოძმეთა შორის, თუმცა ხელოვნების თავზე მსაჯულად მდგომი მეცნიერება, ყოველთვის იტოვებს შესაძლებლობას, უკვე საუკუნეების წინ გამომწყვდეული შემოქმედი ხელახლა მოიხელთოს და ახალი ისტორიული მზერის ქვეშ შეუდგეს მის განჩხრეკვას.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ აზროვნებას, ბედმა თორმეტი წელიწადი არგუნა იმისთვის, რომ იგი ორმოცამდე ლექსსა და ერთ პოემაში გენიალურ პოეზიად ქცეულიყო. ეს პერიოდი, არა მხოლოდ ლიტერატურის ისტორიისათვის, არამედ რომელიმე დიდი ან მცირე მასშტაბის ხელოვანის ერთი ნაწარმოების შექმნისათვისაც შეიძლება სასაცილო დროდ მოგვეჩვენოს. ბარათაშვილმა კი, ამ მცირე დროში, ისეთი სიმძლავრის პოეზია შექმნა, რომელმაც მისი ავტორი პოეზიის დიდების ტაძარში შეიყვანა და აღასრულა თავად პოეტის ნატვრით ნათქვამი სიტყვები ,,და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“.  ჩვენი წერილის მიზანია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი ლექსის, ,,ფიქრნი მტკვრის პირას“, განხილვის საფუძველზე ბარათაშვილის რომანტიზმის ძირითადი მახასიათებლები დავინახოთ.

***

ლიტერატურა, უზოგადესად, რეალობის მხატვრული ასახვის მეთოდია  და შემოქმედს რაც უფრო მკაფიოდ და კონტრასტულად წარმოუდგება თანადროული სინამდვილე, მით უფრო მძლავრია მისი მხატვრული სახეები და მისი ხელოვნება. გამომდინარე აქედან, ნებისმიერ მწერალზე საუბრისას უმნიშვნელოვანესია განისაზღვროს ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც იგი მოღვაწეობს, რათა თვალნათელი გახდეს, თუ რა თავისებურებებს სთავაზობს რეალობა ხელოვანს და რა პრიზმაში გარდატეხს ხელოვანი რეალობის მხატვრულობას.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მოღვაწეობის ხანა (1817-1845) საქართველოში რუსეთის ბატონობას, ხოლო მსოფლიოში, საფრანგეთის რევოლუციის ქარ-ცეცხლით აბსოლუტიზმის ნგრევისა და რომანტიზმის გავრცელების პერიოდს ემთხვევა. ბარათაშვილის პოეტური შემოქმედება, რომელიც 1830-იან წლებში იწყება, სხვა ბევრ პრიზმასთან  ერთად, ამ ორი დიდი მოვლენის შუქზეცაა დასანახი.

საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან ჩვენს ეპოქამდე, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ასეთი იყო ჩვენი ანტიკური წარსული, ჯვაროსნული შუა საუკუნეები და სამი იმპერიის მპყრობელობაში გატარებული XVIII-XIX სს.-ის ეპოქაც კი. საფრანგეთში 1789 წელს აზვირთებული რევოლუცია, რომელიც ახალი სამყაროს გარდაუვალ წარმოშობას მოასწავებდა, ფარვანასავით მოედო მთელს ევროპას და 1830-იან წლებში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველომდეც ჩამოაღწია, ამის დასტურად 1832 წლის აჯანყება უნდა მივიჩნიოთ,  რომლის ავანგარდში ქართველი თავადაზნაურები იდგნენ, მათ შორის, ნიკოლოზ ბარათავილის უფროსი მეგობარი და მასწავლებელი, სოლომონ დოდაშვილი, რომელსაც მჭირდრო ურთიერთობა ჰქონდა იმხანად საქართველოში მყოფ რუს და პოლონელ დეკაბრისტებთან.

1914 წელს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული, სილოვან ხუნდაძის მონოგრაფია, ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი“, საინტერესო ცნობებს გვაწვდის პოეტისა და იმ პერიოდის თბილისური საზოგადოების ყოფის შესახებ. აი რას გვიყვება ერთ-ერთი მათგანი:  „ნიკოლოზის მამის სახლში თავს იყრიდენ აგრეთვე პოლონელი პროფესორები, რომელნიც, პოლონეთის აჯანყების გამო, დასჯილნი იყვენ და თფილისში ცხოვროდენ. ამათთან დაახლოებული იყო ქართული ენის მასწავლებელი და გრამატიკოსი სოლომონ დოდაშვილი და მელიტონის ოჯახიც ამ პროფესორებს დოდაშვილის საშვალებით გაეცნო. ახალგაზდა ნიჭიერი – ნიკოლოზის გრძნობასა და გონებაზე სამშობლოს სიყვარულით აღგზნებული პროფესორები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენდენ და ამათ წრეში დაიწყო გაფურჩვნა ნიკოლოზის გონებამ და პატრიოტულმა გრძნობამ.

იმ დროს, როცა რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგოთ თფილისში ფარული წრე დაარსდა, ნიკოლოზი ერთობ ახალგაზდა იყო იმისათვის, რომ ამ წრეში სერიზული მონაწილეობა მიეღო, მაგრამ, სოლომონ დოდაშვილთან დაახლოებული, იგი ამ წრეს შორი-ახლო მაინც იცნობდა და მის გავლენას განიცთიდა. დოდაშვილს სტამბა და თავისი გაზეთის რედაქცია გოლოვინის პროსპეკტზე (ახლანდელი რუსთველის პროსპ.) ქონდა მოთავსებული და ფარული წრის წევრები ხან აქ იკრიბებოდენ და ხან დოდაშვილის საცხოვრებელ ბინაზე.

ნიკოლოზ ბარათაშვილს ხშირათ ქონდა ხოლმე შემთხვევა ამ წრეში ყოფნისა და მისი გავლენით პატრიოტულ ჰანგებს თხზავდა. როცა დოდაშვილი და მისი ამხანაგები დააპატიმრეს, ნ. ბარათაშვილიც გაჩხრიკეს, როგორც დოდაშვილის დაახლოებული პირი, მაგრამ ვერაფერი უნახეს, რადგან წინდაწინ გაფრთხილებული იყო და, რაც მთავრობის საწინააღმდეგო რამე გააჩნდა, ყველაფერი ცეცხლში დასწვა. ორ კვირას მაინც დაპატიმრებული იყო და შემდეგ გაათავისუფლეს“.

ეს ცნობა ჩვენ გვარწმუნებს, რომ ახალგაზრდა პოეტს პირველი ცხოვრებისეული ნაბიჯები, ეროვნული გათავისუფლებისა და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე გადაუდგამს. ვფიქრობთ, ეს მოვლენა საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე უნდა იყოს ბარათაშვილის პოეზიის შესწავლისას, რადგან როგორც თავად ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს: ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა პოეტის ცნობიერებისათვის არაფერია იმაზე უფრო ცოცხალი და უფრო ცხოველმყოფელი,  ვიდრე იმპერიული უღლის ქვეშ მყოფი ქვეყნისა და ხალხის გათავისუფლების იდეა.

  რაც შეეხება ბარათაშვილის რომანტიზმის თავისებურებას, სამეცნიერო ლიტერატურაში ურთიერთისგან რეაქციულ და რევოლუციურ რომანტიზმს განარჩევენ. საბჭოთა პერიოდში მოღვაწე მეცნიერი, ალექსანდრე ქუთელია, თავის წიგნში ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა“ წერს:  ,,როგორც ცნობილია, რომანტიზმიცაა და რომანტიზმიც. მიღებულია განსხვავება პროგრესული და კონსერვატიულ, ან, როგორც კიდევ იტყვიან, რევოლუციურ და რეაქციულ რომანტიზმს შორის. პირველი, ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანს წარმართავს ცხოვრებისაკენ და მას უკეთესი მომავლისათვის საბრძოლველად განაწყობს. მეორე, პირიქით, ადამიანს ცხოვრებისაგან აშორებს და მას მომავლისათვის ბრძოლისუნარიანობას უდუნებს და უკარგავს.“ „რომანტიზმში, — წერდა მ. გორკი, — აუცილებელია გავარჩიოთ. ორი მკვეთრად განსხვავებული მიმართულება: პასიური რომანტიზმი, — ის ცდილობს ან შეარიგოს ადამიანი სინამდვილესთან, შეალამაზებს რა მას, ანდა პირიქით, მოწყვიტოს სინამდვილისაგან თავის შინაგან სამყაროში უნაყოფო ჩაძირვისათვის; აქტიური რომანტიზმი ცდილობს გააძლიეროს ადამიანის ნებისყოფა სიცოცხლისადმი, ცხოვრებისადმი, აღძრას მასში ამბოხება სინამდვილის წინააღმდეგ, მისი ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ“. ვეცადოთ, რომანტიზმის ამ ორი განმარტების საფუძველზე გავარკვიოთ, რომელი ტიპის რომანტიზმის მიმდევარია ნიკოლოზ ბარათაშვილი.

***

ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსს – ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ – ლირიკული გმირის მდინარესთან მიახლების სცენით იწყებს. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ვინ არის ამ პოეზიის ლირიკული გმირი?  პასუხს თავად ავტორი გვაძლევს: ,,მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა“ (…); ლირიკული გმირი ადამიანია, ოღონდ არა ერთი, კერძო ადამიანი, არამედ, როგორც ლუდვიგ ფოიერბახი იტყოდა, მთელი ადამიანობა, ყოველი რომელსაც ოდესმე უარსებია ან იარსებებს, რომელსაც ოდესმე შეუცვლია ან შეცვლის იმას, რისი შვილნიც ვყოფილვართ, ვართ და ვიქნებით. პოეტი ადამიანს ისტორიის სიმბოლოს, მდინარის წინაშე აყენებს და მისი გონების თვალს საწყისის და, ამავდროულად, მარადმოძრავი, მარადცვალებადი სამყაროს ისტორიის სიმბოლოსკენ მიმართავს. წყალი, მდინარე, ყოვლისმნახველ უტყვ მეტაფორად გვევლინება.

,,ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალდროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..“

პოეტი, მარადმოძრავ ისტორიაში ადამიანის არსებობისთვის სასურველ ადგილს, იდეალს ეძებს და უბრალოდ ყოველდღიური ყოფის ალაგს სულაც არ მიელტვის. აქვე საგულისხმოა, რომ ავტორი ამ ტოპოსს არა რუტინული ყოფით დაღდასმული არსებობისთვის, არამედ განსასვენებლად ესწრაფვის: ,,აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად“. სხვა სიტყვებით, ადამიანი ეძიებს, ფიქრობს, სურს გამოიცნოს ისტორია, რისთვისაც აუცილებელია იპოვოს განსასვენებელი ადგილი, რათა შეერწყას გარესამყაროს, გახდეს მისი ნაწილი, მის არსებობაში გასაგნდეს. ისმის კითხვა, როგორ უნდა იაზროვნოს კაცობრიობის მთელი განვლილი წარსულის მეტაფორად ქცეული მდინარის წინაშე მდგომმა ადამიანმა, რომელსაც საკუთარი ადგილის პოვნა სწყურია? როგორ და დიალექტიკურად! წარსულიდან მომავლისკენ მართლად სვლის ძიების ვნებით, მთელისა და ნაწილის, მთელის, როგორც ერთიანი გარესამყაროს, მაკროკოსმოსისა და ნაწილის/მიკროკოსმოსის ჰარმონიზების აღმოსაჩენის გზით. რას ხედავს ბარათაშვილის ადამიანი ისტორიის მეტაფორაში? ,,და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა“… ის (ლირიკული გმირი) ხედავს ცას, ოღონდ არა ცის მონაკვეთს, არა უბრალოდ არეკლილ ცისფერს, არამედ ცის კამარას, ე.ი. ცის მთელ სხეულს. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბარათაშვილისთვის თავად ცა უდიდესი საზრისის მქონეა, ის მომავლის, ადამიანის მერმისის სიმბოლოა. პოეტისთვის ცა, პირველადქმნილი და უსასრულო სახეა, რომელიც დაიტირებს, როდესაც მისი ადამიანად ყოფნის ფორმა სხვა ფორმაში გადაინაცვლებს:

,,ფიქრი მე სანატრი

მიმიწევს ცისა ქედს,

რომ ეშხით დამდნარი

შევერთო ლურჯსა ფერს.“

ადამიანი ისტორიაში იმზირება და ყურს უგდებს მას, მხოლოდ ასე, მთელი არსებით, შეგრძნების უკიდურესი დაძაბვითაა შესაძლებელი ისტორიის გააზრება, მასთან ჰარმონიზაცია, როგორც იოანე საბანისძე იტყოდა, საჩინონი ეგე სასმენელნით და საცნობელნი ეგე ჲურნი გულისა და გონებისანითა.

,,იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა

და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!“

ისტორიას შერწყმული ადამიანი მასში არეკლილი მომავლის დანახვას ცდილობს, თუმცა ეს წარსულისგან მექანიკურად ნაწარმოები მომავალი სულაც არ არის, არამედ ადამიანის მზერაში, სასურველი მომავლის შექმნის მცდელობა იგრძნობა. სწორედ ამას ნიშნავს „ცის დასავალს“ და არა ცაში ცქერა, რაც შეიძლება შორეული, რაც შეიძლება სასურველი მომავლისკენ მზერის მიმართვა.

ისტორიის სიმბოლოს წინაშე მდგომ ლირიკულ გმირს ცრემლები სდის: ,,აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით“. ცრემლი ხელოვნებაში არსებული უკვდავი ხატია. ტირიან მოტირალნი და მოცინარნი, გამარჯვებულნი და დამარცხებულნი. ტირიან შეურაცხყოფილნი, შეყვარებულნი, დამცირებულნი. ყოველგვარი ტირილი უნახავს ხელოვნებას. ტირიან ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირები. ცრემლი კი, მხოლოდ მძიმე პიროვნული ტვირთის და ტკივილის გამომხატველი როდია?! პროფესორი ავლიპ ზურაბაშვილი ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირთა ცრემლებზე საუბრისას, ტირილის ანტინომურ შინაარსზე მიუთითებს: ,,რუსთაველი ხშირად აღწერს შემთხვევებს, როდესაც ტირილი წარმოდგენილია, როგორც თანაგრძნობის, ემოციური შეგულისხმიერების ან სულიერი რეზონანსის მაჩვენებელი“ . ცრემლმდინარ ადამიანს, ავლიპ ზურაბაშვილი განმარტავს, როგორც თანაგანმცდელს, ჭეშმარიტი წუხილის გამზიარებელ ადამიანს. ცრემლი, უფრო ხშირად, მოქმედების ძალით აღვსების წიანასწარული ქცევა უფროა, ვიდრე სასოწარკვეთის სიმბოლო. ბარათაშვილის გმირი ცრემლს ღვრის არა უბრალოდ მოწყენილობის, პიროვნული სევდის ან უბრალოდ რომანტიზმის პოეტიკის ლოგიკიდან გამომდინარე, არამედ ის თანაუგრძნობს მთელს კაცობრიობას, წარსულში არსებულ ტანჯულ ადამიანს. ბარათაშვილი პოეტია, ე.ი. მგოსანია, მგოსანი კი, თავისთავად მხოლოდ რიტმულ-მელოდიური ლექსის მთხზველს არ ნიშნავს. მგოსნობა, ანუ მგამოსნობა მათეს სახარების იმ პასაჟიდანაა ცნობილი, რომელშიც ქრისტე დიდგვაროვანი კაცის გარდაცვლილ ქალიშვილს აცოცხლებს: ,,და მოვიდა იესო სახლსა მის მთავრისასა, და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი“ (მათე 9:23). მგოსანს, სულხან-საბა შემდეგნაირად განმარტავს:  ,,ვაჟნი და ქალნი კეთილად მომღერალნი ჴმითა სამუსიკოსათა ებანთა და ბარბითთა ზედა, მეგოდებენიცა გლოვისა მგოსნად ითქმიან“. ამ მცირე აზრობრივი წიაღსვლიდანაც ჩანს, რომ პოეტობა, მგოსნობა, არა მხოლოდ ლექსის თხზვას, არამედ, უპირველესად, ადამიანის ბედზე გლოვას მოიაზრებს და როდესაც პოეზიას გლოვასთან ვაკავშირებთ, შემთხვევითი არც ისაა, რომ მგოსნები სახარებაში ჩასაბერი საკრავების ამჟღერებლებად არიან მოხსენიებულნი. თუ რომანტიზმს, როგორც მას ფართო გაგებით უწოდებენ, ,,მსოფლიო სევდის პოეზიად“ განვიხილავთ და მისი სახელოვნებო ფორმის ისტორიაში ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ გერმანულ რომანტიზმში იძებნება ასეთი მიმართულება: “Sturm Und Drag Periode” (,,ბუკისა და ნაღარის პერიოდი“). ყოველივე მიგვანიშნებს, რომ ბარათაშვილი თავის პოეტობას, მგოსნობას, ადამიანის ბედზე მგლოვიარობად წარმოისახავს. ყოველი დიდი ხელოვანი არა მხოლოდ თავისი ტკივილისგან შობს თავის ხელოვნებას, არამედ ეს მსოფლიო სევდაზე ფიქრით მიიღწევა. თანამედროვე ეპოქის ერთ საინტერესო სიუჟეტში, რომელშიაც გმირები დროში მოგზაურობენ, ვხვდებით პასაჟს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების შესახებ. ორი ახალგაზრდა, რომელიც მის ეპოქაში გადადის, ცოტა ხნით თან წამოიყვანს მხატვარს და მას ორსეის მუზეუმს ათვალიერებინებს. ახალგაზრდებს სურთ ვან გოგი დაარწმუნონ, რომ მან სანატრელი დიდება თანამედროვე ეპოქაში მოიპოვა, მხატვარს ცრემლები სდის აღფრთოვანებისა და სიხარულისგან. საბოლოოდ გმირები ვან გოგს თავის ეპოქაში აბრუნებენ, თავად კი ისევ ორსეის მუზეუმში მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ ვან გოგისთვის იმის ჩვენებით, თუ რა მნიშვნელობის მხატვარია იგი XXI საუკუნეში, მისი მხატვრობის განწყობას შეცვლიან, მუზეუმში კი ვან გოგის გაცილებით მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რადგან ფიქრობენ, რომ მხატვარი თავს აღარ მოიკლავს ადრეულ ასაკში, მას ხომ ამხელა ბედნიერება აჩუქეს… თუმცა, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ორსეის მუზეუმში, მხატვრის ზუსტად იმდენივე ნამუშევარია წარმოდგენილი, რამდენიც მანამდე და არც მათში ჩაქსოვილი სევდა წასულა სადმე, ვან გოგმა თავი მაინც 37 წლის ასაკში მოიკლა. რას ნიშნავს ყოველივე ეს? რატომ ვერ აქცია მხატვარი ბედნიერად XXI საუკუნეში მისი მნიშვნელობის ხილვამ? რადგან ხელოვნება არა ინდივიდუალური განცდების, არამედ ზოგადასაკაცობრიო პრობლემით მარადიული სიმძიმის პოეზიაა.

ბარათაშვილის გმირი, სევდიანთან ერთად გაოცებული ადამიანია. სევდის მიზეზი გასაგებია, გაოცება კი განმარტებას საჭიროებს. გაოცებით ადამიანი მაშინ ოცდება, როდესაც რაღაც მოულოდნელს ხედავს, მოულოდნელს ან რაიმეს, რაც აქამდე მისთვის დაფარული იყო. თუ გავიაზრებთ იმას, რომ ბარათაშვილის გმირი, თავად პოეტის ლირიკური ანარეკლია, გასაგები გახდება ის, თუ რომელი ეპოქის მზერით იცქირება იგი. ეს ის მზერაა, რომელიც ადამიანებს XIX საუკუნეში სჩვევიათ, იმ ეპოქაში, როდესაც პოლიტიკური და ინდუსტრიული რევოლუციები, საუკუნეების ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ, ადამიანს ისტორიის კარს უხსნის და უფლებას აძლევს, არა მხოლოდ ჩაიხედოს ისტორიაში, არამედ გახდეს მისი ნაწილი. პოეტი ისტორიის კართან მდგომი ადამიანის გრძნობებს აღგვიწერს, თუმცა მან იცის, რომ ისტორიაში მართებული მონაწილეობისთვის, ჯერ მისი გაგებაა საჭირო. სწორედ ეს, აქამდე ჩაგვრაში მყოფი უმრავლესობისთვის დაფარული ისტორიის გააზრება იწვევს გმირის გაოცებას, გაოცებას იმ ზომამდე, რომ იგი მგლოვიარე და ცრემლმდინარია. რა არის ადამიანის წარსულ ისტორიაში სამგლოვიარო ბარათაშვილის გმირისთვის? შეიძლება ის, რომ იქ სიხარბის, მომხვეჭელობის, ამაოებისა და ფუჭი მოქმედების მეტს ვერაფერს ხედავს. ეს ჯიუტი და უტყვი გარემოება, მთელი კაცობრიობის სასტიკი, უსამართლო წარსული მას ძლიერ ასევდიანებს. უბრალო ადამიანი, უმრავლესობის თანასწორი პიროვნება, მისი არარსებობის ისტორიაში იმზირება, რომელშიც, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, მხოლოდ მეფეების ადგილია და ბარათაშვილის გმირიც, ხელს სწორედ მეფეებისკენ იშვერს.  

თვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს

ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,

შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,

ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?

მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,

მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს

თავის მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს

არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!

ბარათაშვილისეული ეს გაოგნებაა მიზეზი იმ შეუპოვარი ბრძოლისა, რომელსაც იწყებს ჩაგრული უმრავლესობა 1789 წელს, რომელსაც წინ უსწრებს, თან ერთვის და თან სდევს კიდეც რომანტიზმის პოეტიკა.

პოეტი ორ მეფეზე გველაპარაკება, უფრო სწორად მეფეთა ძალაუფლების ორ ბუნებაზე, დამპყრობლობასა და შენარჩუნებაზე. ეს ორი მეფე, ისტორიაში არსებული ორი ტიპის სახელმწიფოთა სახეებია, იმპერიულისა, რომელიც მრავლად უნახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, როგორც მტერი და დაპყრობილისა, რომელიც მარად თან სდევს საქართველოს ბედს.

ბარათაშვილს აქ შეეძლო შეეწყვიტა ლექსი, შეეჩერებინა ლირიკული გმირის აზროვნება და მაშინ იგი პესიმისტური განწყობის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეაქციონერ რომანტიკოსთა რიგში ჩაეწერებოდა, მაგრამ ბარათაშვილი რევოლუციური რომანტიზმის პოეტია. მისი გმირის ცრემლიანი გაოცება, დასაწყისშივე მოქმედების აუცილებლობას მოასწავებს და შემდგომი ტაეპი, რომელიც ლექსს მოსდევს, იცვლის არა მხოლოდ შინაარს, არამედ ფორმასაც, თითქოს რაღაც პაუზაა, თითქოს წარსული ისტორია დასრულდა და მთელი კაცობრიობა წამით დადუმდა იმ მოქმედების წინაშე, რამაც ახალი ისტორია უნდა დაიწყოს.

,,მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს,

მაშინ ვინღა სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

აქ აშკარაა, ბარათაშვილი აქამდე არსებული სამყაროს დასასრულზე მიუთითებს. ძველ ისტორიას ბოლო მოეღო, ძველი მითები წარსულში დარჩა, ახალი ისტორიის დროა. ამ ახალ ისტორიას კი ბარათაშვილი, მასში ცნობიერებით შეიარაღებული, აქამდე ისტორიისთვის უცნობი ადამიანის ფეხის შებიჯებით იწყებს:

,,მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა,

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“.

ახალი ისტორია აქამდე არარსებული ფერით, თანასწორობის ფერით აღინთება, რადგან თუ ყველანი ,,კაცნი“ ვართ, ,,შვილნი სოფლისა“, ერთი სოფლის, ერთი სამყაროს, ერთი შემოქმედის მიერ ბოძებული ერთნაირი სიცოცხლით, ერთი გონებით, რომელსაც ერთნაირად შეუძლია შეიმეცნოს სამყარო, მიუხედავად წარმომავლობისა, ,,ესმას მშობლისა“, მაშინ სამყარო და მასზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის თანაბარი ვალია.