ჩვენ შესახებ

   დამოუკიდებელი საქართველოს დღემდე არსებული ისტორია ქართველ მშრომელთა გაღატაკების ისტორიაა. დღეს, უკუნი რეაქციის პირობებში, როდესაც სოციალური და ეკონომიკური წინააღმდეგობები სულ უფრო და უფრო შენიღბულია, გაბუნდოვანებულია, ათასგვარი ჭრელა-ჭრულით მოკაზმულია, მეტად რთულია გქონდეს იმის იმედი, რომ ამ ლაბირინთს ოდესღაც მაინც დააღწევ თავს. მით უმეტეს, პესიმიზმი მაშინ მოგვეძალება ხოლმე, როდესაც არსებულს სისხლის მჭახე ფერები ფარავს, ჩვენს გონებას პასიური ვნებების ტყვეობაში რომ ამყოფებს და უცაბედად ჩამოქროლილი ვოლუნტარისტული ვაგონის სახელურს რომ წაავლებინებს ხოლმე ხელს. თუმცა გადაუდებლობის გრძნობას აყოლილს, მეორე მხრიდან სრული უმოქმედობის და შემგუებლობის უფსკრული გვიცქერის. აი, სწორედ ეს არის დილემა, რომელიც დღეს, მეტად თუ ნაკლებად, არსებული გაბატონებული იდეოლოგიისგან თავდაღწეულ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს.

    დიახ, დღეს, ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოება სულაც არ ისაკლისებს ე.წ „მემარცხენე“ დაჯგუფებებს თუ მოძრაობებს, რომლებიც გადაუდებლობის, „ურგენტულობის“ ჟინს შეუპყრია და პირდაპირი მოქმედების პრინციპით ყოველ სოციალურ დაბრკოლებას, წინააღმდეგობას შუბლით ასკდება, ყოველ ყრუ კედელზე ლეწავს ალესილ რქებს. მეორე მხრივ, დროგამოშვებით, ისინიც შეგვეჩხირებიან ხოლმე თვალში, ვინც ყველა საზოგადოებრივ წინააღმდეგობაზე მაღლა დადგომას ლამობს. მთაში გახიზნული განდეგილივით რელიგიურ დოგმებს თავისთვის, ჩუმად ბუტბუტებს და პირ-სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს, როდესაც მეორე ფლანგის განწირულ სულისკვეთებას ტლანქად დაიგულვებს ხოლმე მზერის არეალში. მაშ ასე, ერთ მხარეს, ჰუმანისტური შიმშილის დაკმაყოფილების წადილი, მეორე მხარეს კი, ნარცისული აშლილობა, სექტანტური კარჩაკეტილობა და კუსტარულობა.

   ქართული აკადემია კი, საყოველთაო ჭეშმარიტებების მესიტყვე, სახარებისეული პათოსით მოღაღადე, კოლონიური ცნობიერების მქონე ინტელექტუალების ხელში ღაფავს სულს. ისინი სრულად ემიჯნებიან იმ მემკვიდრეობას, რომელიც 1990-იან წლებამდე სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში დაგროვდა. საბჭოურის თუ ტოტალიტარულის იარლიყი საკმარისია, რათა მთელს იმ მემკვიდრეობას დამბლა დასცეს, რომელიც, ცხადია, შეზღუდულად, კონიუნქტურულად, თუმცა მაინც ბევრად უფრო მეთოდურად, პრინციპულად და სისტემურად სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოების არსებული ორგანიზაციის შესახებ უნდა გვიჩნდებოდეს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, შესაძლოა, ქართული აკადემია დღეს ისეთი ტოტალიტარულია, როგორც არასდროს. ცხადია, მავანი ყბადაღებულ სტალინურ რეპრესიებს შეგვახსენებს, მაგრამ აქ ცენზურა არა გარედან თავსმოხვეული, არამედ შინაგანად, იმანენტურად მოქმედია და ახალგაზრდა გონებას ნებაყოფლობითობის ილუზორულ ატმოსფეროში ასნებოვნებს. აკადემია ოდითგანვე იდეოლოგიური აპარატი გახლდათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, ისტორიულად, პროგრესის მხარეს არასოდეს ყოფილა, თუნდაც მე-18 საუკუნის ფრანგული განმანათლებლობისა და მატერიალიზმის გახსენება რად ღირს. თუმცა დღეს სამამულო ინტელექტუალები და მათი აკადემია რეაქციის პირწავარდნილი მქადაგებელია და საკუთარი ქვეყნის იდეურ დაავადმყოფებაში სწორედ მას მიუძღვის ლომის წვლილი. ლიბერალური აკადემია გარკვეულ ხანსა და ეპოქაში ნამდვილად ასრულებდა მოწინავე როლს ადამიანის გათავისუფლებაში, თუმცა საზოგადოებრივი და ეკონომიკური წინააღმდეგობების გადასხვაფერებასთან ერთად მან დაკარგა ის საზრისი, რაც რუსოს, სპინოზას, ვოლტერის თუ სხვა დემოკრატი რევოლუციონერების ეპოქაში გააჩნდა. ის გადაიქცა იმ მახრჩობელად, რომელმაც დღეს ადამიანის ემანსიპაციის, გათავისუფლების პირმშო უნდა გაგუდოს. ლიბერალური აკადემია დღეს სფინქსია, რომელიც საკუთარ საზოგადოებას ათასგვარი სოფისტური გამოცანით აპამპულავებს და საზოგადოებრივი პანდემიით სულის ამოხდას უქადის. სამამულო ინტელექტუალების ბაგეთაგან ამოთქმულს სულ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ ადამიანი ეს ინდივიდია, ატომია, ატომი, რომელიც უმიმართებოა, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ეგოისტურ მისწრაფებებსა და ჟინს აყოლილი არსება. მათი პოზიცია კვლავაც ვერ გასცდა სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისს. თუმცა ის გამონაკლისები, რომლებიც არსებულისგან განყენებას ახერხებენ და მის მიმართ კრიტიკულ დისტანციას იკავებენ, ეკლექტიზმის ჭაობში ეფლობიან, „საერთო ეროვნული“ პოლიტიკის შესახებ იწყებენ საუბარს და საზოგადოებრივ ანტაგონიზმს სიხარბეს, მომხვეჭელობას და ადამიანის წვრილ-ბურჟუაზიულ ნიშანთვისებებს აბრალებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ნიშან-თვისებანი არა საფუძველი, თუ მიზეზი, არამედ საზოგადოების არსებული ორგანიზაციის შედეგია და მათი მოსპობა შეუძლებელია კლასობრივ თვალსაზრისზე დგომის გარეშე. ერთი სიტყვით, ისინი ჰუმანისტი მყეფავების როლში გვევლინებიან გაქანებული ქარავანი კი, თავისი გეზითა და მიმართულებით დანიშნულების ადგილისაკენ მიდის.

   დღეს პოლიტიკურად უხმო, ექსპლოატირებული მრავლობა გათითოკაცების, დაქსაქსვის და გამალებული კონკურენციის პირობებში უუნაროა, რათა საკუთარი წიაღიდან შვას ის ორგანული ინტელექტუალები თუ პოლიტიკურად ცნობიერი აგენტები, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის კლასობრივად დარაზმვას და გამოფხიზლებას შეძლებდნენ. ამ მდგომარეობას და ყოფას ფაქტის ის ძლევამოსილება აქვს, რომელსაც ვერანაირი ჰეროიზმით დავჯაბნით. ისეც ხდება ხოლმე, რომ კაცობრიობის მთელი თაობები ეწირება მომავლის ნათელ ხატებას, თანაც ისე, რომ ამ ხატებასთან მიახლოების იმედი წამიერად თუ გაიკიაფებს.

    გვწამს, რომ უკუნი რეაქციის ამ ჭაობიდან ვერც განწირულის სულისკვეთება გვიხსნის, ფეხებს და ხელებს უსისტემოდ, კანტი-კუნტად რომ იქნევს და ამომგდები ძალის ზემოქმედებას ამაოდ რომ ელის და ვერც სექტანტიზმისთვის თავის შეფარება, ინტელექტუალური ნაყროვანების გრძნობით რომ დამძიმებულა და დოგმების რახა-რუხით რომ იქცევს თავს. დღეს გამოსავალი, შესაძლოა, სოციალურად და ეკონომიკურად იდენტურ მდგომარეობაში მყოფ მრავლობასთან (მრავლობაში აქ ვგულისხმობთ „კლასს თავისთავად“ („Klasse an sich“)) საერთო ცნებების გამონახვაა, მათთან საუბრის დაწყება, ვინც მატერიალურად ჩვენსავით იტანჯება, თუმცა ამ ტანჯვის თანამოზიარე ვერსად უნახავს, ეს ტანჯვა ცნებამდე ვერ დაუწრეტია, მისთვის გრძნობადი, ემოციური საბურველი ჯერ კიდევ ვერ ჩამოუცლია და თავისი სათქმელი რევოლუციური ძალმოსილებით ვერ შეუმოსავს. სწორედ ამ საერთო ცნებების და ძაფების გაბმისთვის ვაფუძნებთ პლატფორმას, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ არც დღემოკლე აღმოჩნდება და არც თავის თავში ჩაიკეტება.

   მიზნების გაცხადება ყოველთვის სახიფათოა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ყოველდღიურობას გამოდევნებული მავანისთვის რთულია ყოფითი მდინარებიდან ამოყვინთვა და სისტემურობის შენარჩუნება, იმ ხდომილების ერთგულება, რომლის მონაწილეც ის გამხდარა. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი სამოქმედო ასპარეზი მცირედით მაინც მოვხაზოთ. ჩვენი პლატფორმის, ორგანოს უმთავრესი მიზანია ეცადოს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობებს გამოეხმაუროს, იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურად გვაწუხებს და სამოქმედოდ აღგვძრავს, ე.ი მიუყენოს რა არსებულის მდინარებას მარქსისტული მეთოდი. მოკრძალებულად მაინც სცადოს იმ აუარებელი მასალის რეაბილიტაცია და რე-აქტუალიზაცია, რომელიც საბჭოთა მეცნიერებისგან ვიმემკვიდრევეთ და რომელიც დღემდე მოელის მისგან რაციონალური მარცვალის გამორჩევას. მასობრივი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მარქსისტული ტრადიციის უმთავრესი ტექსტები. აქ ვგულისხმობთ, როგორც უკვე ქართულად ამეტყველებული ტექსტებისთვის ციფრული სულის შთაბერვას, ასევე ჯერ კიდევ მშობლიურ ენაზე ამეტყველებისთვის მომლოდინე ტექსტების თარგმნას და მათ კომენტირებას. ჩვენი პლატფორმის კარი ყველა იმ ადამიანისთვის ღიაა, ვინც იზიარებს რედაქციის პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მრწამსს.

თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!

დავით გალაშვილი, გიორგი ჯავახაძე, ავთანდილ ძამაშვილი, საბა კოხრეიძე