ჰაინრიხ ჰაინე – განთავისუფლება

საფრანგეთის რევოლუციის ღვიძლი შვილი ლუი ანტუან სენ-ჟიუსტი, რევოლუციამვე რომ მოინელა, 1793 წელს ამბობდა: „მალე განათლებული ერები მათ გაასამართლებენ, ვინც აქამდე ბატონობდა. მეფეები უდაბნოებში გაიქცევიან, იმ ველური ცხოველების მარაქაში გაერევიან, რომელთაც ასე ძალიანა ჰგვანან.” ყოფილი ბატონებისა და მეფეების გასამართლების სიმბოლური მომენტი კი ბასტილიის ციხის აღების დღე და 14 ივლისია. ეს არის თარიღი, რომელიც „ისტორიული დროის ამჩქარებლის ფუნქციას ასრულებს. საბოლოოდ, ეს ერთი დღე გვიბრუნდება კვლავ და კვლავ – უქმე დღეთა სახით, რომლებიც გახსენების დღეებია“ (ბენიამინი). ეს არის დღე, რომელიც ჩაგრულთა მეხსიერებაში კვლავ და კვლავ ბრუნდება და არ ემორჩილება დავიწყებისა თუ პატიების იმ მზაკვრულ რჩევას, გაბატონებული კლასი ასე უხვად რომ გასცემს. ამ დღის დავიწყება, ასევე, ნიშნავს პატიებას, იმ ტანჯვის შენდობას, რომელიც, ცხადია, თუკი სამართლიანობა და თავისუფლება სამერმისოდ მაინც უნდა გაბატონდეს, უპატიებელია. წარსულის ტანჯვის დავიწყება ნიშნავს აპატიო იმ ძალებს, რომლებმაც ეს ტანჯვა გამოიწვიეს: „დროსთან დანებების წინააღმდეგ, მეხსიერების, როგორც გათავისუფლების ლოკომოტივის, თავის უფლებაში აღდგენა, აზროვნების უკეთილშობილესი ამოცანაა“ (მარკუზე). ჩვენ, ვინც დროის მდინარებამ ასე დაგვაშორა საფრანგეთის რევოლუციის სხივებით გაცისკროვნებულ ეპოქას, ვისაც უკუნი რეაქციის პირობებში უფსკრულიდან ამოზრდილი მაჯლაჯუნები გვაფრთხობენ, ერთგვარ მეხსიერების სავარჯიშოს უნდა მივმართოთ, რომელშიც წინამდებარე ტექსტი დაგვეხმარება. აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ ჰაინრიხ ჰაინეს „მოგზაურობის სურათებიდან“ ერთ-ერთ ნაწყვეტს, რომელშიც მეტაფორულად და უზადო მხატვრული ხერხების გამოყენებით ავტორი აღგვიწერს კაცობრიობის ფეოდალიზმისგან გათავისუფლების ისტორიას.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

    როდესაც კვლავ მექნება დრო უქმი გამოკვლევებისათვის, მოსაწყენზე მოსაწყენი საფუძვლიანობით დავამტკიცებ, რომ ინდოეთი კი არა, ეგვიპტე იყო იმ კასტური წყობის წარმომქმნელი, რომელიც ამ ორი ათასი წლის განმავლობაში ყოველი ქვეყნის ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობასა და ყოველი ეპოქის მისივე ენაზე შეცდომაში შეყვანას ახერხებდა. შესაძლოა, რომ მკვდარიც იყოს ამჟამად იგი, მაგრამ სიცოცხლის იერს იღებს ფარისევლურად და დათარეშობს კვლავაც ჩვენს შორის მარადჟამს ავი თვალის პატრონი, მარად მთესველი ბოროტებისა, მიცვალებულის ავყია სუნთქვით რომ სწამლავს ჩვენი ყვავილოვანი სიცოცხლის ლხენას და, როგორც შუა საუკუნეთა მაჯლაჯუნა და ხარბი ვამპირი, ხალხთა მკერდიდან სწოვს სისხლის და სინათლის ბადაგს. ნილოსის შლამზე მხოლოდ და მხოლოდ ნიანგები კი არ გამოზრდილან, რომელთაც ასე კარგად ძალუძთ ცრემლების ფრქვევა, ის იმ ქურუმთა სამშობლოც იყო, რომელნიც უკეთ იქმოდნენ ამას, და აგრეთვე იმ გვაროვნული მემკვიდრეობით უფლებამოსილი სამხედრო კასტისა, სისხლისმსმელობით და მტაცებლობით ნიანგებსაც კი რომ აჭარბებდა.

    გერმანელი ერის ორმა ბრძენკაცმა აღმოაჩინა საუკეთესო მაშველი საშუალება ამ ყველაზე საშინელი ეგვიპტური მწვალებლობის წინააღმდეგ და შავი მაგიის — საბეჭდი დაზგისა და თოფისწამლის მეშვეობით გასტეხა იმ სასულიერო და საერო იერარქიის ძალმომრეობა, რომელიც წარმოიქმნა ქურუმებისა და სამხედრო კასტის, ანუ ე. წ. კათოლიკური ეკლესიისა და ფეოდალური არისტოკრატიის შეკავშირების გზით და მთელი ევროპა სასულიერო და საერო ჩაგვრის უღელში შეაბა. საბეჭდმა დაზგამ ააფეთქა დოგმათა მთელი ციხე კოშკები, რომლებშიაც რომის უზენაეს ხუცესს ადამიანთა გონება ჰყავდა გამომწყვდეული, და ჩრდილოეთ ევროპამ კვლავ თავისუფლად ამოისუნთქა, როდესაც იმ კლერიკალთა ღამეული კოშმარები მოიცილა თავიდან, რომელთაც თუმცა ფორმალურად გადაუხვიეს ეგვიპტურ წოდებრივ მემკვიდრეობის პრინციპებს, მაგრამ გულში კი მით უფრო ერთგულნი დარჩნენ ეგვიპტური ქურუმული სისტემისა, რომ ისინი განცალკევებით იდგნენ და უცოლოდ დამაშვრალთა კორპორაციის მსგავსად თავიანთ შემადგენლობას კანონიერი გამრავლების გზით კი არა, არამედ უკანონო გზით, მამელუკური რეკრუტირების მეშვეობით ავსებდნენ. ასევე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჰკარგავს თავის ძლიერებას სამხედრო კასტა მას შემდეგ, რაც ძველი ხელოსნური ხარახურა ახალი დროის სამხედრო საქმეში გამოუსადეგარი გახდა, ვინაიდან ქვემეხთა მჭექარე ხმებს ახლა არ გაუჭირდებათ თვით უძლიერესი ციხე-კოშკების ჰაერში აფრენა, ვითარცა ერთ დროს ნეტარხსენებული იერიქონის[1] კედლებისა. რაინდის რკინის აბჯარი ისევე ნაკლებად იცავს კაცს ტყვიის წვიმისაგან, როგორც გლეხის სიფრიფანა ჩითის ხალათი; თოფისწამალმა გაათანაბრა ადამიანები; თოფი ისევე კარგად ისვრის მოქალაქის ხელში, როგორც აზნაურისაში, — ხალხი ფეხზე დგება.

***

    წარსული მოძრაობანი, რომელთაც ლომბარდიის და ტოსკანის რესპუბლიკათა ისტორიაში, ესპანეთის კომუნებში და გერმანიისა და სხვა ქვეყნების თავისუფალ ქალაქებში ვხვდებით, არ იმსახურებენ იმას, რომ მათ სახალხო აჯანყებანი ვუწოდოთ. ეს თავისუფლებისადმი კი არა, თავაშვებულობისადმი სწრაფვა იყო, უფლებათათვის კი არა, სამართლიანობის ელემენტებისათვის ბრძოლა იყო. კორპორაციები პრივილეგიებისათვის იბრძოდნენ და ყველაფერი გილდიური და ამქრული წყობის ვიწრო ჩარჩოებში იყო მოქცეული. მხოლოდ რეფორმაციის ეპოქაში მიიღო ბრძოლამ საყოველთაო და გონივრული ხასიათი და თავისუფლების მოთხოვნა იწყეს არა როგორც გამოგონილისა, არამედ როგორც ოდითგანვე არსებულისა, არა როგორც შეძენილისა, არამედ როგორც თანდაყოლილისა. უკვე ძველ პერგამენტებს კი არა, პრინციპებს იშველიებდნენ საბუთად. გერმანელი გლეხი და ინგლისელი პურიტანი სახარებას იმოწმებდნენ, რომლის მცნებანიც იმ ხანებში გონების მაგივრობას სწევდა და თვით გონებაზე მაღლა მდგომადაც კი ითვლებოდა, როგორც ღვთიური სიბრძნის გამოცხადება. მასში გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თანაბრად კეთილშობილია, რომ ამპარტავნულად სხვაზე მაღლა თავისი თავის დაყენება შეჩვენების ღირსია, რომ სიმდიდრე შეცოდებაა და რომ ღარიბ-ღატაკნიც ასევე მოწოდებულნი არიან დასტკბნენ ღვთის, ამ საერთო მშობელი მამის, წარმტაც წალკოტში.

   ცალ ხელში ბიბლიითა და მეორეში მახვილით მოედვნენ გლეხები სამხრეთ გერმანიას და ამცნეს მაღალკოშკებიან ნიურნბერგის მდიდარ მოქალაქეებს, რომ ამიერიდან მთელს გერმანიაში ერთი სახლიც კი არ უნდა იდგეს ისეთი, რომელიც გლეხის ქოხისაგან იქნება განსხვავებული. ასე კარგად და ღრმად გაიგეს მათ თანასწორობა. ფრანკონიაში და შვაბიაში დღემდე შეხვდებით თანასწორობის ამ მოძღვრების ნაკვალევს, და სული წმიდის წინაშე მღელვარე მოკრძალების გრძნობა ეუფლება მგზავრს, როდესაც მთვარის შუქზე უჭვრეტს გლეხთა ომის დროინდელ ციხე-კოშკების ნანგრევებს. ნეტავი მას, ვინც ფხიზელი გონებით უჭვრეტს და სხვას ვერაფერს ვერ ხედავს ამაში; მაგრამ ვისაც ბედი სწყალობს – ასეთი კი არის ის, ვინც ისტორიაში გაწაფულია, — დაინახავს ადამიანებზე ნადირობასაც, რომელიც მთელს ქვეყანაზე თავის უხეშობით განთქმულმა გერმანელმა თავადაზნაურობამ გამართა დამარცხებულებზე; დაინახავს, თუ როგორ ხოცავდნენ ათასობით უიარაღოს, როგორ აკრავდნენ წამების ბოძზე, სტანჯავდნენ და ასო-ასო ჰკუწავდნენ; დაინახავს, როგორ ამოზიდულან მღელვარე ხოდაბუნებში გლეხთა სისხლიანი თავები და საიდუმლოებრივად ირხევიან ისინი; თუ როგორ დაჰკვნესის მათ თვალბედითი ტოროლა და ჰელფენშტაინური სალამურივით[2]  შურისგებისკენ მოუწოდებს.

   ოდნავ უფრო იოლად გადარჩნენ მათი თანამოძმენი ინგლისსა და შოტლანდიაში. მათი დაღუპვა ასე უსახელო და უშედეგო არ ყოფილა, და ჯერ კიდევ შეიმჩნევა იქ მათი მართვა-განმგებლობის ნაყოფი. მაგრამ მათ ვერ შესძლეს მტკიცედ მოეკიდათ ფეხი. ისევე, როგორც წინათ, კვლავ პარპაშობენ გაჯგიმული კავალრები და თავს იქცევენ სასაცილო ამბებით ძველ, მოუქნელი „ბრტყელთავიანთა“ შესახებ, რომლებიც ასე მოხდენილად აღწერა მათდამი მეგობრულად განწყობილმა მგოსანმა,[3] რათა მათი მოცალეობა დაეტკბო. დიდ ბრიტანეთში არავითარი საზოგადოებრივი გადატრიალება არ მომხდარა, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების შენობას არ მორღვევია ძირი, კასტური ბატონყმობა და ამქრული წყობა დღემდე ძალაში რჩება, და თუმცა ინგლისი უახლესი ცივილიზაციის სინათლითა და სითბოთია გამსჭვალული, მაინც შუასაუკუნეობრივ მდგომარეობაში, ან, უფრო უკეთ, ფეშენებელურ შუასაუკუნეობრივ მდგომარეობაშია გაყინული. დათმობანი, რომლებიც იქ ლიბერალურ იდეათა მიმართ გააკეთეს, ამ შუასაუკუნეობრივ დახავსებულობას მხოლოდ მძიმე ბრძოლის შედეგად გამოჰგლიჯეს ხელიდან, ხოლო ყველა თანადროული გაუმჯობესებანი ერთი საერთო პრინციპიდან კი არ გამომდინარეობენ, არამედ ფაქტობრივი აუცილებლობიდან, და ყოველ მათგანს ნახევრულობის წყეული ბეჭედი აზის, რაც მარად ახალ ძალდატანებას, ახალ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას და ამასთან დაკავშირებულ ხიფათთა გადატანას ხდის საჭიროდ. რელიგიური რეფორმაცია ინგლისში მხოლოდ სანახევროდ განხორციელდა. ეპისკოპოსურ-ანგლიკანური ეკლესიის საპატიმროს მსგავს შიშველ ოთხკედელშუა თავს კიდევ უფრო უარესად გრძნობთ, ვიდრე კათოლიციზმის ფართო, ლამაზად მოხატულ და ფაფუკად დაგებულ გონების გალიაში. პოლიტიკური რეფორმაციაც არ დაბოლოებულა ბევრად უკეთესად. სახალხო წარმომადგენლობა უკიდურესობამდეა შეზღუდული. მართალია, წოდებანი ტანისამოსის ფერით აღარ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ, სამაგიეროდ, ფეოდალურ უფლებრიობაში, სამეფო კარზე სამსახურისათვის ვარგისიანობაში, პრეროგატივებში,[4] ტრადიციულ პრივილეგიებში და ხვა მრავალ საბედისწერო ბედკრულობებში. და თუ ხალხთა საკუთრება და პირადი თავისუფლება უკვე არისტოკრატიის ნება-სურვილზე კი არა, არამედ კანონზეა დამოკიდებული, ეს კანონები სხვა არაფერს არ წარმოადგენენ, თუ არა განსაკუთრებული სახეობის ეშვებს, რომელზედაც არისტოკრატთა ნაშიერები თავიანთ ნადავლს აგებენ, და განსაკუთრებული სახეობის სატევრებს, რომელთაც ხალხს უტარებენ გულში. მართლაცდა, კონტინენტზე ვერც ერთი ტირანი ვერ შესძლებდა თვითნებურად იმდენი გადასახადების ამოქაჩვას, რამდენის გადახდაც უწევს ინგლისელ ხალხს კანონის საფუძველზე, და არც ერთი ტირანი არ ყოფილა ოდესმე ისეთი ულმობელი, როგორიც ინგლისის სისხლის სამართლის კანონები არიან, რომელნიც ყოველდღიურად იდენენ მკვლელობას, და ისიც ისეთ საქმეზე, რომელიც ერთი შილინგის ღირებულებასაც კი არ შეადგენს, და თანაც ასოკირკიტა გულცივობით. მართალია, ბოლო ხანებში ინგლისში ამ ჯოჯოხეთური მდგომარეობის ერთგვარი გაუმჯობესება მზადდება; მართალია, აქა-იქ ზღვარი ედება საერო და სასულიერო მუცელ-ღმერთობას და ახლა სახალხო წარმომადგენლობის უსაზომო სიყალბე ნაწილობრივ ილაგმება ზოგიერთ მსხვილ საფაბრიკო-საქარხნო ცენტრებისათვის rotten boroughs-ის მიერ დაკარგული საარჩევნო ხმების გადაცემის მეშვეობით, და აგრეთვე ხანდახან აქა-იქ რბილდება მკაცრი რელიგიური შეუწყნარებლობა და ზოგიერთი სექტები უფლებებს იღებენ, მაგრამ მაინც ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ძველი სამოსის საკერებლებით დაკონკვაა. იგი დიდხანს ვერ სძლებს, და მთელს ინგლისში ყველაზე ბრიყვი მკერავიც კი ადვილად მიხვდება, რომ ადრე თუ გვიან ძველი სახელმწიფო სამოსი საცოდავ ნაფლეთებად იქცევა.

***

„არავინ ადებს ძველ სამოსელს ახალი მაუდის საკერებელს, რამეთუ ახალი მაუდი მაინც ასძვრება ძველს და გაგლეჯილი ადგილი კიდევ უფრო გაიზრდება. არავინ არ ასხამს მაჭარს ძველ ტიკჭორებში, რამეთუ მაჭარი დახეთქავს ტიკებს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაოხრდება. ახალი ღვინო ახალ ტიკჭორებში უნდა ჩაისხას“.[5]

   უღრმესი ჭეშმარიტება მხოლოდ უღრმესი სიყვარულის ნიადაგზე იფურჩქნება და სწორედ ამის გამოა, რომ ასე ჰგვანან ერთმანეთს თავიანთი შეხედულებით მთას დაყუდებული უძველესი დროის მქადაგებელი, რომელიც იერუსალიმის არისტოკრატიის წინააღმდეგ ლაპარაკობდა, და ის შემდეგდროინდელი კონვენტის „მთას“ დაყუდებული მქადაგებელნი, რომელნიც პარიზში სამფეროვან სახარებას ქადაგებდნენ, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საკერებლები კი არ უნდა დაედოს, არამედ ახლებურად უნდა გარდაიქმნას, ახლებურად უნდა დაფუძნდეს და ხელახალადაც კი უნდა იშვას არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი წყობის ფორმა, არამედ მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება.

   მე ვლაპარაკობ საფრანგეთის რევოლუციაზე, მსოფლიოს იმ ეპოქაზე, როდესაც მოძღვრებამ თავისუფლებაზე და თანასწორობაზე ასე ძლევამოსილად გადმოსჩქეფა შემეცნების იმ საყოველთაო წყაროდან, რომელსაც ჩვენ გონებას ვეძახით, და რომელიც დაუცხრომელი აპოკალიფსივით ყოველი ადამიანის თავში პოულობს გამოძახილს და საფუძვლად ედება იმ ცოდნას, რომელიც კიდევ უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ის თქმულებისმიერი გამოცხადება, რომელიც მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულთა დასს ევლინება და რომლისადმიც ფართო მასებს მხოლოდ რწმენა თუ შეიძლება ჰქონდეთ. გამოცხადების ამ უკანასკნელ სახეობას, რომელიც თავისი ბუნებით არისტოკრატიულია, არასოდეს შეძლებია ისე მტკიცედ შესჭიდებოდა პრივილეგიათა ბატონობასა და კასტურ წყობაზე დაფუნძნებულ უპირატესობათ, როგორც ამას ახლა გონება ებრძვის, რომელიც დემოკრატიულია თავისი ბუნებით. რევოლუციის ისტორია ამ ბრძოლის სამხედრო ისტორიაა, რომელშიაც ჩვენ ყველას მეტ-ნაკლებად მიგვიძღვის წილი; ეს გახლავთ ეგვიპტურ საწყისებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.

    თუმც ჩლუნგდებიან დღენიადაგ მტრის მახვილები, თუმც დავიკავეთ ხელსაყრელი მისადგომები, მაინც არ გვმართებს მხნედ დავძახოთ გამარჯვების ლაღი სიმღერა, ვიდრე ამ საქმეს დიდებით არ დავაგვირგვინებთ. მხოლოდ მაშინ კი, ოდეს ღამე გაგვყრის მეომრებს და ჩამოდგება ხანმოკლე ზავი, ფარნებით ხელში ბრძოლის ველზე ძალგვიძს გავიდეთ და მშობელ მიწას მივაბაროთ გულგანგმირულნი. — რა ბედენაა მცირე სიტყვა საფლავზე თქმული ცილის წამება, ეს აბეზარი მოჩვენება ავყია ღამის, კეთილშობილთა საფლავებსაც კი დაეძებს ხოლმე ფეხმრუდ ლანდივით…

   ო, ეს ბრძოლა ხომ ჭეშმარიტების იმ მემკვიდრეობით მტერთან სწარმოებს, რომელსაც ასე ცბიერად ძალუძს გესლი ანთხიოს კეთილ სახელს მოწინააღმდეგის, და რომელმაც თვით ისიც კი შესძლო, რომ წაებილწა იმ პირველი მქადაგებლის, თავისუფლების წმიდათა წმიდა გმირთა გმირის ნამდვილი სახე, მაღალი მთიდან რომ ქადაგებდა. და ვინაიდან აღარ ძალუძდათ უარეყოთ, რომ კაცთა შორის იყო იგი უდიადესი, მათ ღმერთთა შორის ყველაზე უფრო მცირე ღვთაებად შერაცხეს იგი. ვინც ხუცებს ებრძვის, უნდა მზად იყოს, რომ მის საბრალო და კეთილ სახელს გაჰკილავენ და ტალახს ესვრიან მარჯვედ მოგონილ სიცრუითა და ყველაზე მეტად მგრძნობიარე ადგილებში დამიზნებული ცილისწამების ბასრი მახვილით. მაგრამ ისევე როგორც ბაირაღს, ბრძოლის ქარ-ცეცხლში ტყვიით დაცხრილულ გულს და თოფისწამლით შავად შემურვილს, ათასჯერ უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე რეკრუტთა ჯერ გაუშლელ კრიალა ალმებს, და ბოლოს როგორც მთელი ერის წმიდა საუნჯეს მას მოწიწებით ტაძარშიაც მოათავსებენ, ასევე ერთ დროს ჩვენთა გმირთა უკვდავ სახელებს მით უფრო მეტად თაყვანსა სცემენ თავისუფლების ნაამაგდარ ჟენევიევას წმიდა ტაძარში, რაც უფრო მეტად იქნებიან დაცხრილულნი ბრძოლის ქარ-ცეცხლში და შავზე შავად შემურვილნი თოფისწამალით.

    ისევე როგორც რევოლუციის გმირებს, თავად რევოლუციასაც სწამებდნენ ცილს და ათასგვარ პამფლეტებში მას ისე სახავდნენ, როგორც ხელისუფალთა სულთამხუთავს და ხალხთა საფრთხობელას, სკოლებში ბავშვებს ტვინს უხვრეტდნენ რევოლუციის ე. წ. საშინელებათა ზეპირობით და საბაზრო მოედნებზეც ერთი ხანობა ყველგან ჭრელ ფერებში დახატული გილიოტინის გამოსახულება გეხირებოდათ თვალში. თუმცა კი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ ეშმაკის მანქანას, რომელიც ერთმა ფრანგმა ექიმმა, უდიდესმა მსოფლიო ორთოპედმა, მუსიო გილიოტენმა გამოიგონა, და რომელიც ასე ადვილად აცლის ბრიყვულ თავებს ბოროტი გულებიდან, ამ სამკურნალო მანქანას საკმაოდ ხშირად იყენებდნენ, მაგრამ მხოლოდ ისეთ უკურნებელი სენით დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ღალატი, სიცრუე და სისუსტე. ამასთან, პაციენტებს ხანგრძლივად არ აწვალებდნენ, არ სტანჯავდნენ და არ ათრევდნენ ცხენის კუდზე გამობმულს, როგორც ამას ოდესღაც იქმდნენ. ამოდ მოსაგონარ წარსულ დროებში ათი ათასობით მდაბიოთა, მეშჩანთა, მოქალაქეთა და გლეხთა მიმართ. ფრანგებმა რომ აღნიშნული მანქანით თავიანთი სახელმწიფოს მეთაურის ამპუტაციაც კი მოახდინეს, ეს მართლაც შემაძრწუნებელი ამბავია, და არ უწყი მამის მკვლელობაში დასდო მათ ბრალი თუ თვითმკვლელობაში. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ შემამსუბუქებელ გარემოებებს, დავრწმუნდებით, რომ ლუდოვიკო ფრანციელი იმდენად ვნებებს კი არა, არამედ უფრო გარემოებებს შეეწირა მსხვერპლად, და რომ ის ადამიანები, რომელთაც იძულებელ ჰყვეს ხალხი, გაეღო ეს მსხვერპლი, და თვითონაც ყველა ეპოქაში გაცილებით უხვად აფრქვევდნენ ხელისუფალთა სისხლს, აღარ უნდა გამოსულიყვნენ ბრალმდებელთა როლში. მხოლოდ ორი ხელმწიფე — ორივე უფრო სათავადაზნაურო, ვიდრე სახალხო მეფე — მოიტანა ხალხმა ზვარაკად და თანაც არა მშვიდობიანობის დროს და არა სულმდაბლური ინტერესებისათვის, არამედ უკიდურესად მძიმე საომარ ვითარებაში, როცა იგი მათ ღალატში დარწმუნდა და როცა ყველაზე უფრო ნაკლებად უფრთხილდებოდა თავის საკუთარ სისხლს; მაგრამ, რა თქმა უნდა, ათასზე ბევრად უფრო მეტი მეფე დაუმხია მოღალატურად ანგარებისა და სულმდაბლური მიზნებისათვის არისტოკრატთა და ხუცესთა სატევარს, მახვილსა და საწამლავს. ეს იმასა ჰგავს, რომ ამ კასტებს ხელმწიფეთა მკვლელობანიც თავიანთ პრივილეგიად მიაჩნიათ და ამის გამო ასე ეგოისტურად სწუხდნენ ლუდოვიკო XVI-ისა და კარლ I-ის სიკვდილს.[6] ო, რომ სცოდნოდათ მეფეებს, რომ მათ, როგორც თავიანთი ხალხის გვირგვინოსანთ, კანონების მფარველობის ქვეშ უფრო მშვიდად შეეძლოთ ეგრძნოთ თავი, ვიდრე თავიანთი დიდგვაროვანი ლეიბმკვლელების გვარდიით გარემოცულთ.

   მაგრამ არა მხოლოდ რევოლუციის გმირებს და თავად რევოლუციას დასწამეს ცილი, არამედ გაუგონარი თავხედობით დაამახინჯეს მთელი ჩვენი ეპოქა, მთელი ჩვენი წმიდათა წმიდა იდეების ლიტურღია, და თუ მოუსმენთ ან წაიკითხავთ ჩვენს უბადრუკ მქირდავთ, ნახავთ, რომ ხალხს არამზადებად სახავენ, თავისუფლებას — კადნიერებად. ზეცისაკენ ზეაპყრობილი თვალებითა და ფარისევლური ოხვრა-ვაებით სჩივიან და მოსთქვამენ, რომ ჩვენ აღვირახსნილი ხალხი ვართ და, სამწუხაროდ, არავითარი რელიგია არ გაგვაჩნია. პირმოთნე მუზმუზელები, ბიწიერებისგან წელში ოთხად მოკეცილნი მუცელზე რომ ხოხავენ, იმ ეპოქის შებღალვას ბედავენ, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე წმიდა იყოს ყველა გარდასული და მომავალ ეპოქათაგან, და რომელსაც ზვარაკად მიაქვს სამსხვერპლოზე თავისი თავი წარსულის ცოდვებისა გამო და ბედნიერი მყობადისათვის. იგი მესიაა საუკუნეთა შორის და ალბათ ვერ ზიდავდა ეკლის გვირგვინსა და წამების ჯვრის მძიმე ტვირთს, დროდადრო რომ მხიარულ ვოდევილს არ ღიღინებდეს და ახალი დროის ფარისევლებსა და სადუკეველებზე არ ოხუნჯობდეს. ოხუნჯობისა და ოინბაზობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კოლოსალური ტკივილების ატანა! სერიოზული მით უფრო ძალოვნად ვლინდება, როცა მას ოხუნჯობა უძღვის წინ. ამაში ჩვენი ეპოქა თავის ფრანგ პირმშოებს წააგავს, რომლებიც ძალიან თავშესაქცევ და ქარაფშუტულ წიგნებსა სწერდნენ და მაინც შეეძლოთ მკაცრნი და სერიოზულნი ყოფილიყვნენ იქ, სადაც სიმკაცრე და სერიოზულობა აუცილებელი იყო. ასე მაგალითად: დიუკლო[7] და განსაკუთრებით კი ლუვე დე კუვრე,[8] რომლებიც, სადაც ეს საჭირო იყო, მარტვილთა სითამამითა და თავგანწირვით იბრძოდნენ თავისუფლებისათვის და, ამავე დროს, ერთობ ორაზროვან და ქარაფშუტულ ამბებსა სწერდნენ და, სამწუხაროდ, რელიგია არ გააჩნდათ.

  თითქოს თავისუფლება ისეთივე რელიგია არ იყოს, როგორც ყველა სხვა! და რადგან იგი ჩვენი რელიგიაა, თუ იმავე საზომით მივუდგებოდით, ჩვენ შეგვეძლო, რომ ამ რელიგიის მქირდავნი გარყვნილებად და ურწმუნოებად გამოგვეცხადებინა.

   დიაღ, მე ვიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებითაც დავიწყე ეს წიგნი: თავისუფლება ახალი რელიგია, ჩვენი დროის ახალი რელიგიაა. და თუ ქრისტე ამ რელიგიის ღმერთი არ არის, იგი მაინც მის უზენაეს ქურუმად რჩება და სიკეთის სხივად ანთია სახელი მისი მოციქულთა მკერდში. ფრანგები კი ამ ახალი რელიგიის რჩეული ხალხია. მათ ენაზე შეიქმნა პირველი სახარებანი და მცნებანი. პარიზი ახალი იერუსალიმია, ხოლო რაინი კი იორდანი, რომელიც თავისუფლების აღთქმულ ქვეყანას ფილისტერების ქვეყნისგან ჰყოფს.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემიდან: ჰაინრიხ ჰაინე, მოგზაურობის სურათები, თარგმანი ჯორჯანელებისა, სახელგამი, 1957 წ.


[1] იერიქონი –  ძველთაძველი ქალაქი იერუსალიმის მახლობლად, რომელიც ჩვ. წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულიდან არსებობდა. ბიბლიური გადმოცემით, იერიქონის შეუვალი კედლები დაინგრნენ ისრაელ მებრძოლთა საყვირის ხმაზე, რომელთაც II-ათასწლეულის მე-2 ნახევარში დაიპყრეს პალესტინა.

[2] ჰელფენშტაინური სალამური – ჰელფენშტაინის სიმღერა (XVI საუკ.) მოგვითხრობს, როგორ აღსდგნენ გლეხები თავისი მებატონის გრაფ ჰელფენშტაინის წინააღმდეგ და როგორ გაატარეს იგი ცემა-ტყეპითა და სალამურის დაკვრით გლეხების მწყობრში.

[3] მეგობრულად განწყობილმა მგოსანმა – ვალტერ სკოტმა.

[4] პრეროგატივა – საგანგებო უფლება, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ მდგომარეობასთან.

[5] „არავინ ადებს ძველ სამოსელს ახალი მაუდის საკერებელს“ და ა.შ. – ეს ადგილი მათეს სახარებიდან არის მოტანილი, მაგრამ ჰაინეს იგი სიტყვასიტყვით არ აქვს ციტირებული.

[6] კარლ I (1600 – 1649 წწ.) – ინგლისის მეფე სტიუარტების დინასტიიდან. XVII საუკუნის ბურჟ. რევოლუციის დროს ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს 1649 წ.

[7] დიუკლო, შარლ პინო (1704 – 1722 წწ.) – ფრანგი რომანისტი და ისტორიკოსი. ჰაინემ, როგორც ჩანს შეცდომით ლაკლოს ნაცვლად დაასახელა. შოდერლო დე ლაკო, პიერ (1741 – 1803 წწ.) – ფრანგი ოფიცერი და მწერალი რევოლუციის მომხრე, ავტორი ცნობილი რომანისა „Les liaisons dangereuses”, რომელშიც ოსტატურად აღწერა 1789 წ. რევოლუციის დროინდელი საფრანგეთის დეგრადირებული არისტოკრატიის ცხოვრება.

[8] ლუვე დე კუვრე, ჟან ბატისტ (1760 – 1797 წწ.) – კონვენტის წევრი, ჟირონდისტი, ავტორი ცნობილი რომანისა „Les amours du chavalier de Faublas”.