გივი გაჩეჩილაძე – ანატოლ ფრანსი

  აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და მთარგმნელის, გივი გაჩეჩილაძის (1914-1974) პატარა წერილს დიდი ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის, შესახებ. წერილში მიმოხილულია ანატოლ ფრანსის ლიტერატურისათვის საეტაპო ნაწარმოებები, რომლებშიც – რეალისტური ტრადიციების მემკვიდრე – მწერალი აშიშვლებს თავისი დროის საფრანგეთის სოციალურ პათოლოგიებს და თავისი თანამედროვე საზოგადოების პრობლემატიკას ზოგადსაკაცობრიო დილემებს უსადაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ანატოლ ფრანსის ნაწარმოებები გაჟღენთილია უკიდურესი სკეპტიციზმითა და ადამიანის ბედნიერი მომავლისადმი ღრმა დაეჭვებით, მისი ტექსტები გვეხმარება იმ ბურუსით მოცული სივრცეების განფარვაში, რომლებიც ყოველი დიდი სოციალური ხდომილების შემადგენელნი არიან. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ანატოლ ფრანსის ნაწარმოებების კითხვა სამოქმედოდ მომართულ ადამიანს პრაქსისზე ხელის აღებისაკენ მოუწოდებს და სრულ უიმედობამდე მიჰყავს, მაგრამ, მეორე მხრივ, მწერლის მიერ აღწერილი სამყარო აბსტრაქტული იდეით შეპყრობილ აბსტრაქტულსავე გონებას სარკეში ახედებს და იმ საფრთხეებზე ესაუბრება, რომლებიც ისტორიას მრავლად ახსოვს; შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანი ხდება არა თვით ავტორის თვალსაზრისი და პოზიცია ადამიანის ხარბი და ეგოისტი ბუნების შესახებ, არა მისი ვიწრო, წვრილ-ბურჟუაზიული დამოკიდებულება პოლიტიკისა და ისტორიისადმი, არამედ ის რაციონალური მარცვლები, რომლებსაც ფრანსის ნაწარმოებები უხვად შეიცავენ.

აჩრდილის სარედაქციო კოლეგია

იმ მწერალთა შორის, რომლებიც აგრძელებენ XIX საუკუნის დიდი ფრანგული რეალიზმის ტრადიციებს, ანატოლ ფრანსს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მის ნაწარმოებთა მამხილებელი ძალა და ფილოსოფიური სკეპტიციზმი ერთიმეორის გვერდით თავსდება და ჰქმნის წინააღმდეგობრივ, მაგრამ დიდსა და ღრმა შემოქმედებას. რელიგია, ფილოსოფია, ისტორია და ხელოვნება შეადგენენ ანატოლ ფრანსის სახეობრივი აზროვნების წყაროს, ხოლო ადამიანთა ფსიქოლოგია და ყოფა-ცხოვრების დამახასიათებელი დეტალები — მის მხატვრულ ქსოვილს. ანატოლ ფრანსის სტილი იმდენად ყოველდღიური სინამდვილის ანარეკლი არ არის, რამდენადაც მითოლოგიის, ხელოვნებისა და ისტორიის სფეროდან აღებული მხატვრული სახეებისა და პარალელების ნაერთი, შედგენილი დიდი ერუდიტის ხელით. მწვავე სატირისა და მახვილი ირონიის ოსტატი ანატოლ ფრანსი ბრწყინვალე სტილიზაციათა ხელოვანიცაა და ფრანგული ლიტერატურის რეალისტურ ტრადიციათა საუკეთესო გამგრძელებელიც.

  ანატოლ ფრანსის ნამდვილი გვარი იყო ტიბო (Thibault). ის დაიბადა 1844 წელს გამომცემლისა და წიგნის ვაჭრის ფრანსუა ტიბოს ოჯახში. მწერალმა შემდეგში მამის შემოკლებული სახელი აქცია თავის ლიტერატურულ ფსევდონიმად. მამისეულ წიგნის სავაჭროში, რომელიც სენის სანაპიროზე მდებარეობდა, პარიზის ლიტერატორთა ამ თავისებურ საპაექროში შეიძინა მან ინტერესი და სიყვარული ლიტერატურისა, რომელიც შემდეგ განამტკიცა და გააფართოვა წმ. სტანისლავის ლიცეუმში სწავლის დროს. სალიტერატურო მოღვაწეობა ანატოლ ფრანსმა კრიტიკული წერილებით დაიწყო და დიდხანს არც მიუტოვებია ეს ჟანრი. უფრო გვიანაც, როცა სახელგანთქმული მწერალი გახდა, დროგამოშვებით წერდა ხოლმე კრიტიკულ წერილებსაც, ხოლო ადრე ისეთი პროფესიონალი კრიტიკოსი იყო, რომ ერთ პერიოდს (1886 — 1892 წ.წ.) მისმა წერილებმა მთელი ოთხტომიანი კრებულიც კი შეადგინეს სახელწოდებით — „ლიტერატურული ცხოვრება“. თავის წერილებში ფრანსი შუქს ჰფენდა ფრანგული ლიტერატურის ეროვნულ საწყისებს, მის ხალხურ და რეალისტურ ტრადიციებს, ხატავდა დიდი ფრანგი რეალისტების ლიტერატურულ პორტრეტებს და ნატურალიზმისა და დეკადანსის მეფობის პერიოდში იბრძოდა პროგრესული ტენდენციებისათვის.

  ანატოლ ფრანსის პირველი მხატვრული ნაწარმოებებია პარნასელი სკოლის, კერძოდ, ლეკონტი დე ლილის მიბაძვით დაწერილი ლექსების კრებული — „ოქროს პოემები“ და „კორინთული ქორწილი“, ხოლო პირველი მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოები — რომანი „სილვესტრ ბონარის დანაშაული“ (1881). როგორც შემდეგ გამოირკვა, ანატოლ ფრანსს სახელი და დიდება უფრო მხატვრული პროზის სფეროში ელოდა.

  „სილვესტრ ბონარის“ გმირი მწერალს გააზრებული ჰყავდა ჰუმანისტური საწყისის განსახიერებად. ამქვეყნიურ წვრილმან საზრუნავს მოშორებული მოხუცი მეცნიერი ჩაფლულია ძველ წიგნებსა და ხელნაწერებში, მაგრამ ის არ არის მშრალი მწიგნობარი, რომელსაც არაფერი გაეგება ბუნების სილამაზისა და ჭეშმარიტი პოეზიისა, არამედ მგზნებარე ესთეტიკოსი და დიდი ჰუმანისტია. ადამიანის უბედურება აქტიურ თანაგრძნობას აღუძრავს და თავისი საქმით ის მოურიდებლად უპირისპირდება ოფიციალური კანონმდებლობის ფორმალიზმსა და უადამიანობას. გმირის ასეთი ხასიათის შესაბამისად რომანიც უმთავრესად დაწერილია შინაგანი მონოლოგის ხერხით.

   ამის შემდეგ ცნობილი იდეალისტი ისტორიკოსის ერნსტ რენანის გავლენის სფეროში მოქცეული ფრანსი ერთ ხანს უმთავრესად შორეული ისტორიის თემებს აპყრობდა ყურადღებას. ერთიმეორეს მოჰყვნენ ამ თემებზე დაწერილი რომანი „თაისი“ (1889), ნოველების კრებულები „ბალთაზარი“ (1889) და „სადაფის კოლოფი“ (1892).

   „თაისი“ კათოლიკური რეაქციის მძვინვარების პერიოდში დაიწერა და მისი მახვილი მიმართული იყო ქრისტიანული ასკეტიზმის ბარბაროსობის წინააღმდეგ, რომელსაც უპირის პირდება წარმართული ჰუმანისტური კულტურა, პირველი განსახიერებულია ბნელ ქოხმახებში, სადაც ცხოვრობენ პირქუში, უმეცარი და ბინძური ბერები, ხოლო მეორე — ალექსანდრიის ბრწყინვალე ანტიკური ხუროთმოძღვრების ძეგლებსა და სასახლეებში. სადაც სიცოცხლე დუღს და გადმოდის, სადაც მეფობს სიცილი და სიხარული და ხან სიყვარულის ვნებიანი ჩურჩული გაისმის, ხან კი ხმამაღალი, გაცხარებული ფილოსოფიური სჯა-ბაასი იმართება.

    ერნსტ რენანის სკეპტიკური ფილოსოფიის მიხედვით ისტორიული პროცესი წარმოადგენს სხვადასხვა შეხედულებათა, იდეალთა და მსოფლმხედველობათა დაუსრულებელ ცვალებადობას, მაგრამ ამ მოძრაობის შედეგად ადამიანი ჭეშმარიტებას არ უახლოვდება. ადამიანი ჭეშმარიტებას ვერასოდეს შეიცნობს, რადგან ყოველი რწმენა მხოლოდ ილუზიაა. ამიტომაც რენანი უქადაგებდა ადამიანს ირონიულად მოეკიდე ყოველგვარ იდეოლოგიას, რადგან ის მოჩვენებითია და გარდამავალიო. ამ სკეპსისით არის გამსჭვალული „თაისის“ დიალოგები, რომლებშიაც მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს ერთნაირად ილუზიური, მაგრამ მოწინააღმდეგე მსოფლმხედველობანი. შემდეგში ანატოლ ფრანსმა დიალოგი აქცია სოციალურ პლანში მასთან დაპირისპირებულ, მოწინააღმდეგე შეხედულებებთან შეკამათების ძირითად საშუალებად.

  ეპოქის კოლორიტის დიდ მხატვრად გამოავლინა თავი ფრანსმა რომანებში ჟერომ კუანიარის შესახებ (1893 — 1894). ლესაჟისა და აბატ პრევოს ეპოქა — XVIII საუკუნის საფრანგეთი — მან ამ საუკუნის ცნობილი მწერლის ვოლტერის სატირული ხერხებით აღწერა. ამ რომანების სოციალურ ფონზე გამოიყვანა ეპიკურელი ფილოსოფოსი ჟერომ კუანირი, რომლის პირით, ერთი მხრით, გამოთქვა თავისი კეთილი და ირონიული დამოკიდებულება ადამიანურ სისუსტეთა და ცოდვილ მიდრეკილებათა მიმართ, ხოლო მეორე მხრით გამოხატა აღშფოთება სოციალური უსამართლობით, ადამიანთა უთანასწორობით, მხეცური საკოლონიო ექსპანსიით. ფრანსი ყველგან გულისხმობდა თავისი დროის საფრანგეთს, მის სოციალურ დაწესებულებებსა და ყოფა-ცხოვრებას, მაგრამ ამას შესანიშნავად გადმოსცემდა ისტორიული ეპოქის სტილიზაციის ხერხებითა და საშუალებებით.

   უფრო უშუალოდ თანამედროვეობა ფრანსმა გააკრიტიკა რომანში „წითელი ზამბახი“ (1894). ამ სატრფიალო ფსიქოლოგიურ რომანში ხელოვნება დაუპირისპირა ბინძურ პოლიტიკურ ცხოვრებას: მშვენიერ ფლორენციაში შობილ რომანტიკულ სიყვარულს თავისი ჭუჭყიანი პროზით ანადგურებს პარიზი.

   აფორიზმების კრებულით „ეპიკურეს ბაღი“ (1894) თავდება ანატოლ ფრანსის შემოქმედების პირველი პერიოდი, ამ კრებულში მჟღავნდება მწერლის იმედგაცრუება და პესიმიზმი. ეს იყო კრიზისის პერიოდი, როდესაც ერთადერთ დადებით მოვლენად იგი თვლიდა პასიური მჭვრეტელობას, ხოლო აქტიური მოქმედების ყოველ ფორმას ჰგმობდა.

    სამაგიეროდ შემოქმედების მეორე პერიოდში ფრანსი უფრო აქტიური გახდა. ეს განსაკუთრებით გამოამჟღავნა 1905 — 1907 წლების რუსეთის რევოლუციის მიმართ დამოკიდებულებაში. ამავე დროს, ფრანსი სოციალისტური პარტიის წევრიც გახდა, დაიწყო მიტინგებზე გამოსვლა და მაქსიმ გორკისთანაც კი გამართა მიწერ-მოწერა. გამახვილდა მისი რეალიზმიც. ტეტრალოგიაში „თანამედროვე ისტორია“ (1901) მან გაშალა ფართო სოციალური ტილო, რომელზედაც გამოხატულია სასულიერო სემინარიები და სამინისტროები, სალონები და მეძავი ქალები, ლიბერალთა დახმარებით მოწყობილი მონარქისტული შეთქმულებები და ეკლესიის პარადოქსული კავშირი ათეისტებთან. რომანის გმირი ლუსიენ ბერჟერე პატიოსანი მეცნიერია, რომელიც თავდაპირველად ცდილობს სილვესტრ ბონარის მსგავსად ჩაიკეტოს საკუთარ ვიწრო სამყაროში, მაგრამ როცა ცხოვრების ჭუჭყი აქაც შეიჭრება, ის ივიწყებს თავის სკეპსისსა და პესიმიზმს და თანდათანობით მიდის აქტიურ ბრძოლასა და ცხოვრების საქმეებში ჩარევამდე. ამის შესაბამისად რომანის პირველი ნაწილის აბსტრაქტულ დიალოგებსაც თანდათანობით ცვლის სინამდვილისა და მოქმედების კონკრეტული და დინამიკური ასახვა. მოქმედი პირებისა და თემატიკის საშუალებით „თანამედროვე ისტორიას“ უკავშირდება ნოველების კრებული „კრენკბილი, პიუტუა, რიკე და სხვა სასარგებლო მოთხრობები“ (1904), რომლებშიც გამოდიან ცხოვრებისაგან გათელილი ადამიანები, ასახულია კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების საშინელი უსამართლობა.

   ამავე პერიოდში სოციალისტური პარტიის გაზეთში „იუმანიტე“ ფრანსმა გამოაქვეყნა ფილოსოფიური რომანი „თეთრ ქვაზე“ (1904), რომელშიც გააკრიტიკა თანამედროვეობა და უჩვენა მომავალში სოციალისტური იდეალების განხორციელების საკმაოდ გულუბრყვილო და ბუნდოვანი სურათი, ისე, როგორც მას ჰქონდა წარმოდგენილი.

  „პინგვინების კუნძულით“ (1908) დაიწყო ანატოლ ფრანსის შემოქმედების მესამე პერიოდი. ეს არის პირობითი, გროტესკული ფორმის რომანი, რომელშიც ფრანსის კრიტიკულმა რეალიზმმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. რომანს აშკარად ეტყობა ფრანგული აღორძინების ეპოქის დიდი რეალისტისა და გროტესკის ოსტატის ფრანსუა რაბლეს გავლენა. „გარგანტუას და პანტაგრუელის“ ავტორის მსგავსად ფრანსმა თავის გროტესკულ ალეგორიაში არა მარტო თანამედროვეობის ბნელი მხარეები ამხილა, არამედ მათი ისტორიული ფესვებიც გააშიშვლა. უაზრო სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა, ადამიანთა სიცრუე და თვალთმაქცობა, სახელმწიფოთა მტაცებლური ომები. სოციალური უთანასწორობა, საყოველთაო უადამიანობა, ძლიერთა თავგასულობა და თავხედობა და კიდევ მრავალი სხვა ასეთი ნაკლის მხილება მოწმობდა ანატოლ ფრანსის სოციალური კრიტიციზმის სიმწვავეს, მაგრამ მწერალი ამას იქით ვეღარ ხედავდა ნათელ მომავალს: ფრანსი კვლავ დაუბრუნდა იმ აზრს, რომ ძველი სამყაროს დამხობა ნუგეშს ვერ მოჰგვრის კაცობრიობას, რადგან ახალი საზოგადოებაც იმავე გზით წავა, რომლითაც მიდიოდა ძველი, ოღონდ ახალი სახელებით იქნება მონათლული არსებითად ძველი უთანასწორობა და ეგოისტური მორალი, ძველ ბატონებს და მონებს შესცვლიან ახალი ბატონები და მონები.

   ასეთივე მარადიულ ბრუნვად, რომელსაც არამც თუ არ მოაქვს კაცობრიობისათვის ბედნიერება, არამედ არ ძალუძს ადამიანთა ცხოვრების ოდნავ გაუმჯობესებაც კი, ფრანსი თვლის დიდ ისტორიულ ძვრებს რომანში „ღმერთებს სწყურიათ“ (1912). ეს რომანი მან მიუძღვნა საფრანგეთის დიდი რევოლუციის იმ ტერორის პერიოდს, რომელიც იაკობინელთა დიქტატურის სახელითაა ცნობილი. ფრანსის განზრახვა იყო ეჩვენებინა მკითხველისათვის, რომ ის ანგარება, ეგოიზმი, სიხარბე, სიმდიდრის მოხვეჭისა და მიტაცების თვისება, რომელიც მისი თანამედროვე საფრანგეთის საზოგადოებას ახასიათებდა, თავის დროზე რევოლუციური მოძრაობის საფარველს იქითაც იმალებოდა, რევოლუციური ფრაზეოლოგია არსებითად ფარავდა პირად და ეგოისტურ მტაცებლურ ზრახვებსა და საქმეებს. ამიტომაც დაიღუპნენ ნამდვილად იდეური, კეთილშობილი და რევოლუციისათვის თავდადებული ადამიანები, ხოლო მათი სისხლით მონაპოვარს დაეუფლნენ ისინი, ვისაც შეგუების, შეთვისებისა და თბილად მოწყობის უნარი აღმოაჩნდა. რომანში ასეთ ადამიანად არის გამოყვანილი მხატვარი დემა, რომელიც ჯერ რევოლუციურ პლაკატებს ხატავდა, შემდეგ კი რევოლუციონერი მარატის მკვლელის შარლოტა კორდეს პორტრეტების ამოჭრას შეუდგა; ასეთებია ესტამპების ვაჭარი ჟაკ ბლეზი და მისი ასული ელოდი, რომელმაც ადვილად დაივიწყა სიკვდილით დასჯილი მიჯნური იაკობინელი ევარისტ გამლენი და რეაქციული ტერმიდორული გადატრიალების დემაი გაიხადა საყვარლად.

  განსაკუთრებით მკაფიოდ მოხაზულია ელოდი, ეს ჩვეულებრივი ვნებიანი ქალი, რომელიც დიდი სოციალური ძვრების ეპოქაში მხოლოდ პირადი ინტერესებით ცხოვრობს. როდესაც მსაჯულად ახლად დანიშნულმა ევარისტმა თავისი პირველი ბრალდებული გაამართლა, ელოდიმ ევარისტი თავის ოთახში მიიღო: „გვიან იყო უკვე, როცა მოქალაქე ბლეზის ასულმა თავის საყვარელს ბინის კარი გაუღო და სიბნელეში ხმადაბლა უთხრა;

— მშვიდობით, ჩემო საყვარელო. ამ დროს მამაჩემი ბრუნდება. თუ კიბეზე ხმაური გაიგონო, ჩქარა ამოდი ზევითა სართულში. დაიცადე, სანამ დარწმუნდები, რომ ვეღარ დაგინახავს. ქვემოთ სამჯერ მიუკაკუნე მეკარე ქალის ფანჯარას და ქუჩის კარს გაგიღებს. მშვიდობით, სიცოცხლევ, მშვიდობით, ჩემო სულიკო!“

  ევარისტის სისხლიანი საქმეები ქალში უცნაურ გრძნობას იწვევს: დაღვრილი სისხლის სუნი აკრთობს, თითქოს ახელებს კიდეც და სატრფიალო თავდავიწყების თავისებურ, მწვავე განცდაში აგდებს. მაგრამ როცა გამლენი სიკვდილით დასაჯეს ტერმიდორული გადატრიალების ორგანიზატორებმა, სულ მალე ელოდის წინაშე დემაი წარსდგა. ელოდის დიდხანს არ უწვალებია ახალი მოტრფიალე იმ წარმოდგენის შემდეგ, რომლის დროსაც თეატრის მაყურებლებმა მარატის ბიუსტი დაამსხვრიეს, ელოდიმ ნება მისცა დემაის მხოლოდ „ერთ წუთს“ დარჩენილიყო მის ოთახში. მაგრამ ისევე, როგორც ოდესღაც, ევარისტის მიღების დროს, მამლის ყივილი იყო მოახლოებული, როცა მან თავის საყვარელს კარი გაუღო სიბნელეში და ხმადაბლა უთხრა სწორედ ის სიტყვები, რომლითაც ოდესღაც ევარისტი გაისტუმრა:

„— მშვიდობით, ჩემო საყვარელო. ამ დროს მამაჩემი ბრუნდება. თუ კიბეზე ხმაური გაიგონო, ჩქარა ამოდი ზევითა სართულში. დაიცადე, სანამ დარწმუნდები, რომ ვეღარ დაგინახავს. ქვემოთ სამჯერ მიუკაკუნე მეკარე ქალის ფანჯარას და ქუჩის კარს გაგიღებს, მშვიდობით, სიცოცხლევ, მშვიდობით, ჩემო სულიკო!“

  მკითხველმა იცის, რომ ეს სიტყვები მომავალი ურთიერთობის პერსპექტივს შეიცავენ. ოსტატი ანატოლ ფრანსი სიტუაციისა და სიტყვების ზუსტი განმეორებით რომანის ფინალში თითქოს გვეუბნება არაფერი იცვლება ქვეყნად, ყოველივე მეორდება და ადამიანს მხოლოდ საკუთარი სასიცოცხლო ინსტინქტი და ცხოვრების ინტერესი ამოქმედებს.

  რომანის გმირია ევარისტ გამლენი, რომელსაც ფრანსი გვიხატავს, როგორც რევოლუციისათვის თავდადებულ, მაღალი ზნეობისა და ფანატიკური რევოლუციური რწმენის ადამიანს. გამლენი ერთდროულად მგრძნობიარეცაა და სასტიკიც. როგორც რევოლუციური ტრიბუნალის წევრი, ის დაუზოგავია და ულმობელი რევოლუციის მტრების მიმართ და დაუნდობლად გზავნის მათ გილიოტინაზე, ამავე დროს, ის უაღრესად მგრძნობიარეა ადამიანის მწუხარებისა და უბედურების მიმართ. ეს ჰქმნის მის შინაგან, სულიერ კონფლიქტს, მძიმეს და მტკივნეულს, მთელ თავის სუბიექტურ ადამიანურობასთან ერთად გამლენი სისხლიანი ტერორის მომხრე და სულის ჩამდგმელია. ამ ტერორის ობიექტურ გამართლებად მას მიაჩნია კაცობრიობის მომავალი ბედნიერება. ტიუილრის ბაღში ელოდისთან ერთად სეირნობის დროს ევარისტს შემთხვევით ფეხებში ეცემა ბავშვი, რომელიც სალტეს აგორავებდა. ევარისტს ბავშვი უეცრად ხელში აჰყავს: „ბავშვო, შენ თავისუფალი და ბედნიერი იქნები, როცა გაიზრდები, და ამას შეჩვენებულ გამლენს უნდა უმადლოდე. მე სასტიკი ვარ, რათა შენ ბედნიერი იქნე, მე ბოროტი ვარ, რათა ხვალ ფრანგებმა ერთმანეთი გადაჰკოცნონ და სიხარულის ცრემლები დააფრქვიონ. პაწია ბავშვო, როცა მამაკაცი გახდები, ჩემი წყალობით იქნები უმწიკვლო და ბედნიერი; მაგრამ თუ ოდესმე ჩემი სახელი გაიგონე, შეჩვენებას გამომიგზავნი“. თვით ანატოლ ფრანსი ამ მომავალს მარტოოდენ ილუზიად თვლის და ამიტომაც გამლენის ფანატიკური იდეურობა საბოლოოდ დანაშაულებრივი, უაზრო სისხლისღვრა გამოდის. ბოლოსდაბოლოს ირკვევა, რომ იდეურად მტკიცე რევოლუციურ ტრიბუნალს ძალა არ შესწევს ებრძოლოს საზოგადოების უმთავრეს მტერს — ადამიანის ეგოიზმს, მის მტაცებლურ და ანგარებიან მიდრეკილებებს, და თავის უაზრო მრისხანებაში ეს ტრიბუნალი მუსრს ავლებს უბრალო და უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ მცირეოდენ უკმაყოფილებას ამჟღავნებენ. რადგან ამ რომანში ისტორია იხატება, როგორც იდეოლოგიებისა და პოლიტიკური სისტემების უაზრო ტრიალი და ცვალებადობა, ფრანსის აზრით, უპირატესობა ენიჭებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში შეგნებულად არ ერევიან. ასეთ ადამიანად რომანში გამოყვანილია სკეპტიკოსი და ეპიკურელი ბროტო, რომელიც არ არის მაღალი აზრისა ადამიანის ზნეობრივი თვისებების შესახებ, მაგრამ ობიექტურად ადამიანისადმი თანაგრძნობით უფრო დიდი ჰუმანისტი გამოდის, ვიდრე ტერორის მომხრე გამლენი, რომელიც მაღალი აზრისაა ადამიანზე და ამავე დროს მისი ულმობელი მკვლელია. ბროტო ცხოვრების ერთადერთ მიზნად სიამოვნების ძიებასა თვლის. გამლენის ფანატიზმს ის სრულიად არ უთანაგრძნობს, მაგრამ მას არც რელიგიის, თუნდაც გულწრფელი და გულუბრყვილო, აღიარება მიაჩნია ხსნად. პურის რიგში მდგარი, ევარისტთან და აბატ ლონგემართან ერთად, ის ნუგეშს პოულობს მხოლოდ ლუკრეციუსის ეპიკურული პოემის კითხვაში. თან თვალს შეავლებს ხოლმე მეზობლად მდგარი მშვენიერი ახალგაზრდა გოგონას ოქროსფერ თმას და შეისუნთქავს მისი ნამიანი კანის სურნელებას. „ლუკრეციუსს მხოლოდ ერთი სიბრძნე ჰქონდა, ამბობს ანატოლ ფრანსი, — მის მოწაფეს ბროტოს კი რამდენიმე“. ამ ფილოსოფიით მიდის ის გილიოტინაზე, გამლენის მიერ გამოტანილი განაჩენით გაგზავნილი. მას ენანება სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ, რომ უხვად სარგებლობდა ამ სიცოცხლით, ეშაფოტისაკენ მასთან ერთად მიმავალ აბატ ლონგემარს კი მხოლოდ ის აწუხებს, რომ უზიარებელი კვდება, ლონგემარმა თავისი სიცოცხლე ადრევე დაამგვანა სიკვდილს და ამიტომ სიკვდილი მას ნაკლებ აშინებს, ვიდრე ბროტოს. ბროტო ბოლომდე ერთგული რჩება თავისი ფილოსოფიისა. უკანასკნელ წუთებში ის იმეორებს ბუნების ზეშთაგონებული მომღერლის ლექსებს და სინანულით შესცქერის ლამაზი მეძავი ქალის თეთრ ყელს, რომლის სიცოცხლეც ასევე მალე შეწყდება.

   რომანის გმირის გამლენის შინაგანი ტრაგედია სიმბოლურად გადმოცემულია მის დაუმთავრებელ სურათში, რომელშიც გამოხატულია ანტიკური ორესტის დატანჯული სახე: ორესტი იძულებულია დაღვაროს თავისი დამნაშავე დედის სისხლი ღმერთების ნება-სურვილით, რომელთაც სისხლი სწყურიათ. ეს სურათი განსაზღვრავს რომანის სახელწოდებასაც და იდეურ არსსაც. ისტორიული კოლორიტის ოსტატი ანატოლ ფრანსი მკითხველის თვალწინ აცოცხლებს იაკობინელთა დიქტატურის ბურუსის დღეებს, ადამიანებს, მათ გრძნობებს და მეტყველებას. რევოლუციური ტრიბუნალის დაუსრულებელი და დამქანცველი სხდომები ჯგუფ-ჯგუფად აგზავნიან გილიოტინისაკენ არსებითად უდანაშაულო ადამიანებს, რადგან მთავარი დამნაშავე, როგორც აღვნიშნეთ, მიუწვდომელია: ტრიბუნალს არ შეუძლია მოსპოს და გარდაქმნას ადამიანის ეგოისტური ბუნება. ტერორს შეუძლია ზარდამცემი სისხლისღვრით მხოლოდ დროებით შეაჩეროს ადამიანთა აქტივობა და გამოიწვიოს ყალბი მოწონება და ცრუ ტაშის გრიალი, მაგრამ ამ უაზრო სისხლისღვრის შემდეგ, ფრანსის აზრით, ყოველივე კვლავ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება და ადამიანი რჩება იმადვე, რაც იყო რევოლუციამდე. გარდა ამისა, იაკობინელთა ფანატიზმს, დევნისა და განუწყვეტელი უნდობლობის მანიას მოსდევს უამრავი სიყალბე და ძალდატანება. პატიმართა საქმეების განხილვის დროს, ხდება პირადი ანგარიშის სწორებაც, ამის მაგალითებიც არის ფრანსის რომანში: იგივე ფანატიკოსი გამლენი, რომელიც მომავალი ბედნიერების სახელით რევოლუციის სამსხვერპლოზე გზავნის ადამიანებს, ეჭვით შეპყრობილი, სრულიად უდანაშაულო ემიგრანტ ჟაკ მობელში ეძებს თავისი სატრფოს პირველ შემცდენელს. მისი მოთხოვნით ამ შემთხვევით დაპატიმრებულ არისტოკრატს, რომლის პირადი ცხოვრებაც გაუბედურებულია სატრფოს სიკვდილის გამო, ტრიბუნალი სიკვდილს მიუსჯის. ტენდენციური გამომძიებლის ავადმყოფური ეჭვიანობა და ფანტაზია გამლენს აძებნინებს ათასგვარ მოგონილ საბუთს ამ უდანაშაულო კაცის წინააღმდეგ. გამლენი მკითხველის წინაშე დგება განსაკუთრებით დამცირებული და დამდაბლებული სახით, როცა ჟაკ მობელს სიკვდილის განაჩენს უკითხავენ: „ბრალდებულმა განაჩენი წყნარი ღიმილით მოისმინა: დარბაზს თვალი მოავლო შეუშფოთებლად და როცა გამლენს შეხედა, სახეზე გამოუთქმელი ზიზღი გამოეხატა“.

გამლენის ბრმა შურისძიებას ირგვლივ მდგარ სისხლიან ბურუსში, რა თქმა უნდა, არ შეეძლო გაერჩია, რომ სიკვდილის განაჩენი მხოლოდ ხსნა იყო მობელისათვის და თვით გამლენი საცოდავად გამოიყურებოდა თავისი ძალაუფლების სიმაღლიდანაც კი.

  რევოლუციური ტრიბუნალის ასეთივე სიბრმავისა და „ღმერთების სისხლის წყურვილის“ მაგალითს წარმოადგენს საბრალმდებლო ოქმი, რომელსაც წაუყენებენ ბროტოს და მის უდანაშაულო „თანამზრახველებს“. ოქმი გამართულია ზოგადი ფრაზებით და ერთმანეთთან ხელოვნურად დაკავშირებული ფაქტებით, რომელთა საერთო ტენდენციაა კონტრრევოლუციური საქმიანობის მტკიცება მეტად დამახასიათებელია შემდეგი სცენა: „ბრალმდებელი სიკვდილის სასჯელს ითხოვდა ყველა ბრალდებულისათვის“. პირველად ბროტოს დაჰკითხეს.

„— შეთქმულება მოაწყვე თუ არა?

-არა, შეთქმულება არ მომიწყვია. საბრალმდებლო ოქმი ყალბია თავიდან ბოლომდე.

— ხომ ხედავ: შენ ახლაც კი ბოროტმოქმედებას სჩადიხარ ტრიბუნალის წინააღმდეგ“.

უკანასკნელი ფრაზა კლასიკური მაგალითია ავადმყოფური და დემაგოგიური „მართლმსაჯულებისა“. ფრანსის სოციალური ფილოსოფია გამოთქმულია გამლენის დედის პირით, რომლის მიხედვით ყოველთვის იქნებიან წარჩინებული და უბრალო ადამიანები, მსუქნები და გამხდრები, თუნდაც ყველაფერი თავდაყირა დადგეს მთელ ქვეყანაზე. ყველაფერი უბრუნდება თავდაპირველ, ბუნებრივ მდგომარეობას. არსებობს მხოლოდ უაზრო და ბრმა სისხლისმღვრელი ცვალებადობა იდეოლოგიების და პოლიტიკური სისტემებისა. ადამიანები და მათი სოციალური ურთიერთობა უცვლელი რჩება — ასეთია ანატოლ ფრანსის დასკვნა.

   იგივე ფილოსოფია უდევს საფუძვლად ფრანსის მომდევნო ნაწარმოებს „ანგელოზთა აჯანყება“ (1914) რომანში საყოფაცხოვრებო პლანთან გროტესკულად არის დაკავშირებული ბიბლიური პლანი. ღვთის წინააღმდეგ აჯანყებული სატანის მომხრე ანგელოზები, რომლებმაც საიმედო ადგილას გადამალეს თავიანთი დაძველებული ფრთები, აჯანყების მოლოდინში დროს ატარებენ თანამედროვე პარიზის რესტორნებში, მაგრამ მათი მეთაური სატანა ბოლოსდაბოლოს უარს ამბობს აჯანყებაზე, რადგან წინასწარმეტყველურმა სიზმარმა დაარწმუნა, რომ სულ ერთია, სამყაროს წყობილება არ შეიცვლება, მხოლოდ დღევანდელი მონები დაიჭერენ ბატონების ადგილს, ხოლო დღევანდელი ბატონები იქცევიან მონებად; ამიტომაც არავითარი აზრი არა აქვს, არც აჯანყებას და არც პოლიტიკური სისტემის შეცვლას.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ანატოლ ფრანსი ერთ ხანს ნაციონალისტურმა განწყობილებამ შეიპყრო. ეს მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელთა თვითმფრინავებმა რეიმსის ცნობილ ტაძარს დააყარეს ყუმბარები. შემდეგ ანატოლ ფრანსი ანრი ბარბიუსის მიერ შედგენილი ჯგუფის „კლარტეს“ წევრი გახდა, ხოლო როცა საფრანგეთის სოციალისტური პარტია გაიყო, კომუნისტურ პარტიაში გადავიდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ის წერდა უმთავრესად ავტობიოგრაფიულ მოთხრობებს, რომლებშიც დეტალურად აღწერდა ბავშვის მსოფლშეგრძნების ფსიქოლოგიურ მხარეებს — შთაბეჭდილებებს, ცვალებადი განწყობილებებს, მისწრაფებას იმისა, რომ საკუთარი წარმოდგენით შეავსოს ყოველივე, რაც არ იცის ობიექტური სინამდვილის მოვლენებისა და საგნების შესახებ. ასეთებია მისი წიგნები „პატარა პიერი“ (1918) და „ცხოვრების ყვავილები“ (1922). ამავე დროს ბავშვების სამყაროშივე ამჩნევდა ფრანსი მოზრდილთა საზოგადოების განუყრელ თვისებებს — სიცრუესა და თვალთმაქცობას, ეგოიზმსა და მტაცებლობას, პრაქტიციზმსა და ანგარებას. ამიტომაც ამ ნაწარმოებებში ბავშვებისადმი გამომჟღავნებულ სიყვარულს უერთდება მოხუცი და გამოცდილი ადამიანის გულისტკივილი, სევდიანი განწყობილება, რომელსაც ამძაფრებს ჟამთა სრბოლის ყოვლის შემმუსვრელი მოქ- მედება და ზეგავლენა ადამიანის სულზე, რასაც უკვე თვითონვე განიცდიდა მოხუცი მწერალი.

  ანატოლ ფრანსი გარდაიცვალა 1924 წელს. ის ფრანგული ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც თავისი პერიოდის დიდი და გამოჩენილი წარმომადგენელი.

ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: გივი გაჩეჩილაძე, შექსპირიდან გოლზუორთიმდე, ლიტერატურა და ხელოვნება, თბილისი, 1967.