
ორხელისუფლიანობის (Двоевластие) ცნება, ოდესღაც რევოლუციური დამუხტულობის ყველაზე კონკრეტული გამოხატულება, დღესაც, როგორც თვისობრივი ალტერნატივა, თან დასტრიალებს საზოგადოებებს, ხშირად მხოლოდ პოტენციური დაშვების სახით, თუმცა ხელისუფალთათვის ამა ქვეყნისა ძრწოლასა და ფეხქვეშ არამყარი ნიადაგის შეგრძნებას იწვევს. ამ ცნებაზე საუბარი რამდენიმე მიმართულებით შეგვიძლია განვავრცოთ: როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის პრობლემისა, თუ როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ხელშესახები გამოვლინების. ამასთან ერთად, ის ბურჟუაზიული პარლამენტარიზმის მოდელის ყველაზე მძლავრი ნეგაციაა.
ტერმინი ორხელისუფლებიანობა ვლადიმერ ლენინის პირმშო არ არის და ვერ იქნება, როგორც შესაძლოა, ვინმეს ეგონოს კიდეც, რადგან ის არაერთ ავტორს გამოუყენებია მანამდე, მიუხედავად ამისა, ეს ცნება პოპულარული სწორედ ლენინის ნაწერის შემდგომ ხდება და იძენს თავის ბობოქარ ატრიბუტებს. პირველად, ლენინი ტერმინს ახსენებს იმავე სახელწოდების ტექსტში — „ორხელისუფლებიანობის შესახებ“, რომელიც 1917 წლის აპრილის თვეში დაიწერა და „აპრილის თეზისების“ სიტუაციურ გამართლებასაც წარმოადგენდა. რუსი რევოლუციონერის მიხედვით, ორხელისუფლებიანობა აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლებისთვის მინიჭებული ძალაუფლება ერთდროულად ორ ანტაგონისტურ კლასს უპყრია ხელთ. რუსეთში მსგავსი სტატუს-კვო თებერვლის რევოლუციის შემდგომ შეიქმნა: დროებითი (ბურჟუაზიული) მთავრობის გვერდით ჩამოყალიბდა მეორე მთავრობა — მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები. საბჭოები, ლენინის მიხედვით, არ არის ჩვეულებრივი, მანამ არსებული მთავრობების, პარლამენტარული ბურჟუაზიული რესპუბლიკების მსგავსი, არამედ ის 1871 წლის პარიზის კომუნის ტიპის მთავრობაა, თავისი თვისობრივი მახასიათებლებით. პირველ რიგში, ორივე სახალხო ინიციატივით ფუნქციონირებდა, რის შედეგადაც სახალხო შეირაღებამ ჩაანაცვლა პოლიცია და არმია. თუმცა, რამდენადაც სამშობლოში ახლადდაბრუნებული ლენინი აღნიშნავს, ახალი სახალხო მთავრობა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ჩანასახოვანი და სუსტი იყო.
პეტროგრადის აჯანყებისა და მონარქის მხრიდან ტახტზე უარის თქმის შედეგად შექმნილ პოლიტიკურ წესრიგს მხარს უჭერდნენ იმ დროინდელი მემარცხენე-სოციალისტები, კერძოდ, სოციალ-რევოლუციონერები და მენშევიკები. უფრო მეტიც, ისინი აქტიურადაც იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღებაში. საბჭოებში დიდი გავლენა ჰქონდათ წერეთელს, ჩხეიძეს. ბოლშევიკთა დიდი ნაწილიც, მაგალითისთვის: კამენევი და სტალინი, ასევე ემხრობოდნენ ახალ, რევოლუციურ მთავრობას. ლევ ტროცკის თქმით, ორხელისუფლებიანობა სოციალისტი ინტელიგენციის გამოისობით, კლასობრივი ანტაგონიზმის ინსტიტუციური გამოვლინებიდან გადაიქცა ამ ბრძოლის მარეგულირებელ იდეალად.[1]
სხვა რუსი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ლენინს ეს მდგომარეობა ახალ რევოლუციურ გარემოდ და ახალი რევოლუციური გარდაქმნის საფუძვლად მიაჩნდა. ის ინსტიტუციური ფორმები, რაც კლასობრივმა დაპირისპირებამ გამოკვეთა, ლენინისთვის არათუ შეგუებისა და კმაყოფილების, არამედ სწრაფი რეაგირებისა და ქმედების მომენტია, რადგან ორხელისუფლებიანობა არ ყოფილა ვინმეს სუბიექტური შეთანხმება ან ნება, არამედ ობიექტურად შექმნილი ვითარება.
„აპრილის თეზისებში“ გამოთქმულმა პოზიციამ მთელი ძალაუფლების საბჭოებისთვის გადაცემის შესახებ, როგორც ცნობილია, ბოლშევიკურ პარტიაში განხეთქილება და წინააღმდეგობა გამოიწვია. ლენინის მიხედვით, პარტიის შიგნით არსებული მდგომარეობა, მეტწილად ახალი ვითარების ჯერ კიდევ გაუაზრებლობით იყო განპირობებული და არა — იდეოლოგიური უთანხმოებით. სწორედ ამიტომ ამბობს ლენინი, რომ აუცილებელია, ბოლშევიკებმა ძველი ფორმულები შეავსონ და შეასწორონ, რასაც, პირველ რიგში, საკუთარი თავიდან იწყებს. კერძოდ, ის საბჭოების როლს უკვე განსხვავებულად ხედავს 1905 წლის რევოლუციის შემდგომ გაკეთებულ შეფასებასთან შედარებით. დეკადით ადრე, როდესაც რუსეთში საბჭოების გენეზისს ვხედავთ, ლენინი ამ ახალ ფენომენს მეტად სკეპტიკურად უყურებს და პარტიული ცენტრალიზმის პოზიციიდან მას მხოლოდ ინსტრუმენტული ფუნქციით სახავს. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ლენინი თებერვლის რევოლუციის შემდგომ პოზიციას იცვლის და საბჭოებს განსხვავებულად, რევოლუციური კრიზისის ობიექტურ გამოვლინებად ხედავს. მისთვის ეს არსებული მდგომარეობა პარადოქსია, რომელიც კონკრეტული ისტორიული მოვლენის გარშემო შეიქმნა, რაზეც მანამ არავის უფიქრია.
„ჩვენი რევოლუციის უაღრესად შესანიშნავი თავისებურება ის არის, რომ ამ რევოლუციამ შექმნა ორხელისუფლებიანობა. უწინარეს ყოვლისა, ამ ფაქტში უნდა გავერკვეთ; მის გაუგებლად წინსვლა შეუძლებელია. ძველი „ფორმულები“ ბოლშევიზმისა უნდა შევავსოთ და შევასწოროთ, რადგან ისინი, როგორც გამოირკვა, თუმცა საერთოდ სწორი იყო, მაგრამ მათი კონკრეტული განხორციელება სხვანაირი გამოდგა. ორხელისუფლებიანობაზე მანამდე არავინ ფიქრობდა და არავის არ შეეძლო ეფიქრა“.[2]
თანაპარტიელებისა და ასევე მთლიანი რუსული საზოგადოებისგან განსხვავებით, ბოლშევიკური პარტიის ლიდერის მიხვედრილობა, ამავდროულად, ერთი შეხედვით, მარგინალური პოზიცია, და მისი გარდაქმნა წამყვან აზრად მუშებსა და სამხედროებში, თითქოს განმაცვიფრებელია და რუსი რევოლუციონერის გენიალურობის მაჩვენებელი, რაც მარქსიტულ ენაზე, ალთიუსერის მიხედვით ითარგმნება, როგორც კონკრეტულ ვითარებათა კონკრეტული ანალიზი. თავად ლენინი პარტიის შიგნით სიტუაციურ მიუხვედრებლობას იმით ხსნიდა, რომ ადამიანთა აზროვნება კონსერვატორულია, ხოლო რევოლუციონერთა კი — განსაკუთრებით. მათი ქცევები და მეთოდები ჯერ კიდევ ძველი წესრიგიდან მომდინარეობს და, მაშასადამე, ართულებს ახალ დროში გადასვლას.
რატომ ჩქარობს ლენინი კონფლიქტის გადაჭრას, რაც, შესაბამისად, საბჭოების მხრიდან მთელი ძალაუფლების ხელში აღებასა და დროებითი მთავრობის დამხობას გულისხმობს? ტექსტში „გაქრა თუ არა ორხელისუფლებიანობა“, ლენინი აღნიშნავს, რომ ორხელისუფლებიანობა ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა, შესაბამისად კაპიტალისტების მთავრობა კაპიტალისტების მთავრობად რჩებოდა, ხოლო საბჭოები — უმრავლესობის, ესე იგი მუშათა მასების დემოკრატიულ ორგანიზაციად.[3] მეორე მხრივ, ის იაზრებს, რომ მსგავსი მდგომარეობა, ორხელისუფლებიანობის „ანარქია“ დიდხანს ვერ გასტანს. ორხელისუფლებიანობა არის კრიზისული მდგომარეობა, kairos. და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ის, მით უფრო მწვავდება კრიზისი საზოგადოებაში, შესაბამისად აუცილებელია რომელიმე მხარეს მოხდეს ძალაუფლების კონსოლიდაცია, ეს იქნება ბურჟუაზია თუ მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები. თუ ბურჟუაზიის ინტერესშია ხელისუფლების ყველა შტოს ხელში ჩაგდება, იგივე ინტერესი უნდა ამოძრავებდეს ხალხსაც. „სხვა გამოსავალი არ არის, ან უკან, კაპიტალისტების სრული ძალაუფლებისკენ, ან წინ, ნამდვილი დემოკრატიისაკენ, უმრავლესობის მიხედვით საკითხის გადაწყვეტისაკენ. ახლანდელი ორხელისუფლებიანობა დიდხანს ვერ იარსებებს“.[4]
წვრილ-ბურჟუა მემარცხენეებისა თუ ანტი-ბოლშევიკების გაცვეთილი პოზიცია, რომ ლენინს ძალაუფლების უზურპაციის სურვილი ამოძრავებდა და არა კლასობრივი ინტერესი, ორხელისუფლებიანობის საკითხზე მსჯელობისას უკვე სრულიად აბსურდულ განზომილებას იძენს, რადგან იმის გარდა, რომ რეალობის ეს მოდელი სრულად განპირობებულია კლასობრივი ანტაგონიზმით, ის ასევე ძალაუფლების მილიტარისტული ხედვების მიღმა ამჩნევს ახალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფორმების გაჩენას. მოცემული ლოგიკა რევოლუციურ პროცესს მარტივი Coup d’etat-ის მიღმა უყურებს. ამიტომაც, როდესაც ლენინი ხშირად იმეორებს მარქსის ფრაზას, „აჯანყება ხელოვნებაა“, ის ამით გვეუბნება, რომ აჯანყების წარმატებისთვის საჭიროა არა შეთქმულება, ან პარტია, არამედ მოწინავე კლასისა და ხალხის რევოლუციური აღმავლობა.[5] მაგრამ ამასთან ერთად, ლენინის მრავალი ტომისგან შემდგარ ნაწერებში არც თებერვლის რევოლუციამდე და არც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ორხელისუფლებიანობის საკითხს მეტად ვერ შევხვდებით. სწორედ ამ არგუმენტს იყენებს ნიკოლას პულანცასი იმ მოსაზრების გამოსახატავად, რომ ლენინის მოქმედებები და ანალიზი ორხელისუფლებიანობის ლაიტმოტივით არ იყო განპირობებული.[6] გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლენინის პოლიტიკურ ლექსიკონში ორხელისუფლებიანობა მხოლოდ თებერვალსა და ოქტომბრის მონაკვეთში იყო აქტუალური და თუ ამ პერიოდის მოვლენათა სინგულარულობა არ იქნა მიღებული მხედველობაში, მაშინ მთლიანად მსჯელობა აზრს კარგავს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოვლენათა სიჭარბემ ხელი შეუშალა ლენინს ორხელისუფლებიანობის უფრო ღრმა თეორეტიზირებაში, მსგავსად ნაშრომისა „სახელმწიფო და რევოლუცია“, რომლის დამთავრება მან რევოლუციის გამო ვერ მოახერხა, რაც მისივე თქმით ყველაზე სასიამოვნო დაუსრულებლობაა აღმოჩნდა.[7]
ლენინი თავის თეორიული ჩარჩოში, ორხელისუფლებიანობის ამ ცნებას მისი ერთჯერადობისდა გამო, პარადოქსულ ხდომილებად, ანომალიად ტოვებს, რაც როგორც ზემოთ ვახსენეთ, შეგვიძლია გენიალურობის გამოვლენად ან კონკრეტული ვითარების კონკრეტული ანალიზად დავინახოთ. მაგრამ რუსი მარქსისტისგან დამოუკიდებლად, ცნება მარქსისტულ ტრადიციაში დღემდე გადახედვისა და ინტერპრეტაციის საგანია. მაგალითად, განსხვავებით ლენინისგან, რევოლუციის მეორე ბელადი, ლევ ტროცკი ცნებას განაზოგადებს და რევოლუციების ერთ-ერთ აუცილებელ შემადგენელ და მოკონსტიტუირებელ ელემენტად სახავს, რითაც ის ლენინის სპორადული ცნებიდან გარდაუვალ, ობიექტურ განმსაზღვრელამდე, საზოგადოებრივ კანონამდე აჰყავს, რომელიც ისტორიაში არაერთგზის გვხვდება.
ტროცკის მიხედვით, მხოლოდ რევოლუციურ ვითარებაშია შესაძლებელი ორხელისუფლებიანობის გაჩენა, როდესაც დაპირისპირებული კლასები ერთმანეთს ღიად ეჯახებიან, რაც პრინციპულად უპირისპირდება შეხედულებას, თითქოს, ორხელისუფლებიანობა არის ძალაუფლების ფორმალური გაწონასწორება და მისი გაყოფა, რადგან რეალობაში გვაქვს არა კონსტიტუციური განაწილება, არამედ რევოლუციური ფაქტი, რის გამოც ის ვერ იარსებებს როგორც მყარი სტრუქტურა.[8] ტროცკის მიხედვით, რევოლუციისას, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ხდება ერთი კლასიდან მეორეზე, სახელმწიფოს შიგნით აუცილებლად ჩნდება შიდა წინააღმდეგობრიობა, რადგან სახელმწიფო თავად წარმოადგენს კლასობრივი მმართველობის ორგანიზებულ სტრუქტურას და შედეგად, ეს წინააღმდეგობა ორხელისუფლებიანობის ფორმაში მჟღავნდება.[9]
ტროცკის თქმით, რუსეთის რევოლუცია ნამდვილად არ ყოფილა ისტორიაში ორხელისუფლებიანობის ერთადერთი გამოვლინება, თუმცა სწორედ მასში გამოიკვეთა ეს გაყოფა ყველაზე მეტად. ინგლისის მეჩვიდმეტე და საფრანგეთის მეთვრამეტე საუკუნების რევოლუციები თავიანთ თავში თვისობრივად სწორედ ძალაუფლების მსგავს დაყოფაზე მიუთითებდნენ. მაგალითისთვის: ერთ მხარეს, მეფე, რომელსაც ემხრობა არისტოკრატია და საეპისკოპოსო, და მეორე მხარეს, მასთან დაპირისპირებული პრესვიტერიანული პარლამენტი, რომელიც ბურჟუაზიის ინტერესებს ატარებს; ეს ვითარება ინგლისის რევოლუციის ფუნდამენტს წარმოადგენდა. ინგლისის რევოლუციის სპეციფიკური მახასიათებელი დამატებით აღმოჩნდა კიდევ ერთი ორხელისუფლებიანობის გაჩენა, როდესაც მსხვილი ბურჟუაზიის საპირისპიროდ, არმია ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შედეგად, არმიამ შექმნა სახელმწიფო ორგანოს ჯარისკაცთა და ოფიცერ დეპუტატთა საბჭო, რის შემდგომაც იწყება ახალი ორხელისუფლებიანობა, ერთ მხარეს პრესვიტერიანული პარლამენტი, ხოლო მეორე მხარეს ინდეფენდენტთა არმია. ღია კონფრონტაციის შედეგადაც ბურჟუაზია უძლური აღმოჩნდა, ოლივერ კრომველის არმიისთვის წინააღმდეგობა გაეწია და დამარცხდა.[10] რაც შეეხება საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას, ამ ისტორიულ მოვლენაშიც ორხელისუფლებიანობის კრიზისი ხდება ის მამოძრავებებელი ძალა, რომელსაც რევოლუცია 4 წლის განმავლობაში აღმავალი პროგრესიით თავის კულმინაციამდე მიჰყავს, განსაკუთრებით ეს ჩანს პირველი პარიზული კომუნის, პარიზული ქვედა ფენის, იგივე პლებეის აჯანყებასა და მათ მიერ კონვენტის დაუფლებაში,[11] რომლებიც მხარს უჭერდნენ დანტონს და მის არაფორმალურ ძალაუფლებას.
მთლიანობაში, ტროცკი თავის განზოგადებულ ანალიზში ცდილობს ლენინის მოდელისგან შორს არ წავიდეს და ისიც ორხელისუფლებიანობის კრიზისულ ვითარებას თავის ტემპორალურ შეზღუდულობაში აღიქვამს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. რატომ ჰქმნის განგრძობადი ან პერმანენტული ორხელისუფლებიანობა პრობლემას და შედეგად, რატომ არის ის თვითდესტრუქციული, ამ შეკითხვაზე ჰიპოტეთური პასუხის გასაცემად, დაგვიჭრდება ანტონიო ნეგრის მიერ შემოტანილი ორი ცნების — მაკონსიტუტირებელი ძალაუფლებისა და კონსტიტუციური ძალაუფლების გამოყენება, რათა ის დაგვეხმაროს საკითხის ბოლომდე გარკვევაში.
მაკონსტიტუირებელი ძალაუფლება, ნეგრის მიხედვით, არის ძალა, რომელიც ანგრევს მანამდე არსებულ წესრიგს და ყოველგვარ განგრძობადობებს. ის თავისი პრინციპით დემოკრატიულია. ხოლო კონსტიტუციური ძალაუფლება არის იურიდიული დადგენილობა, რომელმაც იცის მხოლოდ წარსული. მისი დრო მიემართება წარსულსა და ინერციას, ის უთანასწორობის გამაშუალებელია და არადემოკრატიულ პარადიგმაზე დგას.[12] შესაბამისად, რაც უფრო განგრძობადია ორხელისუფლებიანობა, მით უფრო სუსტად ეძლევა შანსი მაკონსტიტუირებელ ძალაუფლებას, თავისი ნება განახორციელოს, რადგან რაც უფრო ჭიანურდება სიტუაცია, მით მეტი შესაძლებლობები აქვს კონსტიტუციურ ძალაუფლებას, აღადგინოს მისი, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ინსტანციის როლი.[13] ნეგრის პოზიციით, ლენინის დგომა მაკონსტიტუირებელი ძალაუფლების მხარეს სწორედ ორხელისუფლებიანობის საკითხში სჩანს, და მისი ხედვა რადიკალურად უპირისპირდება მეორე ინტერნაციონალის თეორეტიკოსების პოზიციებს. თუ უკანასკნელნი საბჭოებს მხოლოდ ლეგალურ და დემოკრატიული სამეთვალყურეო ორგანოდ წარმოიდგენდნენ, ბოლშევიკები მოძრაობის გაგრძელებასა და თვითგადალახვისკენ არიან მიმართულნი. ნეგრი, ლენინისეულ მაკონსტიტუირებელ ძალაუფლებას განსაზღვრავს, პირველ რიგში, როგორც მასობრივი მოქმედებისა და პარტიული ხელმძღვანელობის ახლო კავშირს, სადაც მაკონსტიტუირებელი ძალაუფლება დგინდება, როგორც დინამიკური რეალობა, ფუნდამენტი და პროექტი ერთდროულად.[14]
ორხელისუფლებიანობის განგრძობადობისა და ინსტიტუციონალიზაციის საკითხი მოგვიანებით არაერთხელ გადაიხედა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვითარების კონსერვაციას, შესაძლოა, თან ხლებოდა სარგებლიანობა თავად ახალ წარმოქმნილ ხალხთა ხელისუფლებისთვის. თუ ამ ჭრილში შევხედავთ, ზინოვიევისა და კამენევის მხრიდან ოქტომბერში, რევოლუციის წინ ბურჟუაზიულ გაზეთში სტატიის გამოქვეყნება, რომელიც გმობდა და აკრიტიკებდა თანაპარტიელების განზრახვას, იყო არა რევოლუციის ღალატი, როგორც ლენინმა მოიხსენია, არამედ ორხელისუფლებიანობის გაგრძელებისა და ინსტიტუციონალიზაციისაკენ მოწოდება. ცნობილ წერილში ავტორები აცხადებდნენ, რომ დროებით მთავრობას ხშირ შემთხვევაში არ შესწევს ძალა კონტრრევოლუციური ნება-სურვილი სისრულეში მოიყვანოს, ხოლო საბჭოების ძალები კი საკმარისია იმისთვის, რომ კერენსკის და ბურჟუაზიულ მთავრობას მათი გეგმების განხორცილების საშუალება არ მიეცეს, რაც მუშათა კლასსა და გლეხობას უქმნის შესაძლებლობას, გაძლიერდნენ, ხოლო ბოლშევიკურ პარტიას სთავაზობს ზრდისა და გაფართოების პირობებს. [15] კამენევის და ზინოვიევის მოდელი იძლევა ორხელისუფლებიანობის ალტერნატიული ხედვის შესაძლობლობას, რომ ეს ვითარება არის არა კრიზისი, რომელიც სწრაფად მიდის კულმინაციამდე, არამედ კრიზისი, როგორც წინააღმდეგობის ზრდისა და გაფართოების ერთგვარი პოტენცია.
ორხელისუფლებიანობის განგრძობადობა ლენინისეულ Tertum non datur[16] პოზიციას მნიშვნელოვნად უპირისპირდება. ორხელისუფლებიანობის გრძელვადიანობის პოტენციაზე 70-იან წლებში ხელახლა დაიწყეს საუბარი, რაზეც ევროკომუნისტები აკეთებდნენ აქცენტს. ისინი ბურჟუაზიულ პარლამენტარიზმს მასების აქტიურ მონაწილეობასთან კომბინაციაში დასაშვებად მიიჩნევდნენ. მემარცხენე ევროკომუნისტი ქრისტინ ბუსი გლიუკსმანი გრამშიანული ჰეგემონიის სტრატეგიაში განგრძობადი ორხელისუფლებიანობას მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. მოაზროვნის თქმით, საბჭოთა მოდელის საპირისპიროდ, რომელიც ებრძვის თავისუფლებას, მუშათა კლასის ჰეგემონია გულისხმობს სხვადასხვა პარტიის აღიარებას, პროფესიული კავშირების ავტონომიას, დემოკრატიის მაქსიმალურ გაფართოებას, თუმცა ჰეგემონია ასევე გულისხმობს, კაპიტალისტური ლოგიკის მიღმა გასვლასაც, რაც ასევე „ბურჟუაზიული დემოკრატიის ჩარჩოს გარღვევაცაა. შესაბამისად, პოზიციონირება არჩევით ბურჟუაზიულ ასამბლეაში და კლასობრივი ბრძოლა შეუძლებელია, თუ სისტემაში მუდმივ ბზარზე, განგრძობად ორხელისუფლებიანობაზე არ ხდება არტიკულირება. [17]
ორხელისუფლებიანობის შესახებ საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რენე ზავალეტა მერკადოსსაც, რომელმაც სცადა პერსპექტივათა განახლება ლათინურ ამერიკაში ორხელისუფლებიანობის საკითხის მიმართ, ბოლივიის ასამბლეასა და ალიენდეს ჩილეს მაგალითზე. ორხელისუფლებიანობა ცნებობრივად რთულად მოსახელთებელია, ამის გამო, ზავალეტა მას მარქსისტულ მეტაფორად მოიხსენიებს, რომელიც თვისებრივად აღნიშნავს სახელწიფოებრივი წინააღმდეგობის სპეციფიკურ ტიპს, რაც სისტემური ტრანზიციის, გადასვლის მომენტში გვხვდება.[18] სწორედ ამ სირთულის გამო, ზავალეტა „ორხელისუფლებიანობის“ (poder dual) ნაცვლად, იყენებს „ხელისუფლებათა დუალობას“ (dualidad de poderes), რადგან ეს ძალზედ კომპლექსური და გაურკვეველი მახასიათებლის მქონე ვითარება თეორიულად მოიხელთოს. ასევე, ეს მიდგომა ლენინისა და ტროცკის რევოლუციურ სიტუაციის თეორიულ ანალიზს ნაკლულად ან განუვითარებლად მიიჩნევს, რადგან „ ხელისუფლებებათა დუალობა“ მეტად ცხადად გამოკვეთს ორი ძალაუფლების, სახელმწიფოს ორი განსხვავებული ტიპის თანადროულ გაჩენას, რომელიც ფუნდამენტურად გასხვავდება ხედვისგან, რომ ის არის სინგულარული სახელმწიფოს ძალაუფლების ბიფურკაცია და გაყოფა.[19]
მარქსისტულ მრავალშრიან და მრავალმხრივ ტრადიციაში „ორხელისუფლებიანობის“ ცნებას ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი, შეგვიძლია ვთქვათ, ნიკოლას პულანცასმა დაუსვა. მარქსისტულ თეორიაში სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი ბურჟუაზიულ სახელმწიფოს ციხესიმაგრედ სახავს. ლენინისეული ორხელისუფლებიანობის ნებისმიერი გამოვლინება კი პირდაპირი გზით იქნებოდა ციხესიმაგრეზე გარედან გალაშქრება. ეს მანევრული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ძალაუფლების ხელში აღებას, აუცილებლობით გულისხობს ასევე სახელმწიფო ინსტურმენტების, მისი აპარატების ოკუპირებასაც. მსგავსი მიდგომა პულანცასისთვის ისტორიული პერსპექტივიდან, თანამედროვე სახელმწიფოში წარმოუდგენელია, განსხვავებით რევოლუციური რუსეთისგან, რადგან დღეს სახელმწიფო, როგორც ციხესიმაგრე ბევრად მძლავრი და მყარი კედლებითაა ნაშენები და ამასთან ხალხთა მასებს არ შესწევს ძალა, შეაღწიონ ბურჟუაზიულ სახელმწიფოში. პარალელურად, ცენტრალიზებული წმინდა ძალაუფლება ეფექტურად შლის ალტერნატიულ ძალაუფლებებს. მეორე მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელიც მსგავს სტრატეგიას მოაქვს, მდგომარეობს მის საფრთხეებში, კერძოდ, ავანგარდში მდგომი პარტია ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამნცვლებელი და მასები კარგავენ პარალელურ ხელისუფლებას, ან ისინი მხოლოდ რიტუალურ სახეს იძენენ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა. სტალინიზმით დაინფიცირების საფრთხე, პულანცასს, ორხელისუფლებიანობის მოდელში, მმართველი მასების დემოკრატიული ჩართულობის სიმყიფისდა გამო გარდაუვლად წარმოესახება.
სისტემური ტრანზიციისათვის ორხელისუფლებიანობის მოდელის ალტერნატივად პულანცასს შემოაქვს დემოკრატიული გზა, რომელიც სოციალიზმთან უნდა მივიდეს, ანუ იგივე, რასაც დემოკრატიულ სოციალიზმს ვუწოდებთ. განსხვავებით ორხელისუფლებიანობისგან, რომელიც მოკლე დროით განზომილებას და მასზე კონცენტრირებას გულისხმობს, დემოკრატიული სოციალიზმი არის გრძელვადიანი პროცესი, სადაც მასები არ ეძებენ პარალელური ხელისუფლების შექმნას, არამედ სახელმწიფოს შინაგანი წინააღმდეგობების გამძაფრებით, სახელმწიფო აპარატებში ძალთა ბალანსის ცვლილებებით, ტრანზიციას შესაძლებელს ხდიან. თუ ლენინისეულ მოდელში ძალთა ურთიერთმიმართება განისაზღვრება სახელმწიფოსა და მის გარეთ მყოფ მასებს შორის, რომლის მიზანი მასების მხრიდან შიგნით შეჭრა და ციტადელის დაკავებაა, სოციალიზმისკენ მიმავალი დემოკრატიული გზა გულისხმობს წინააღმდეგობების გაფართოებას, გაძლიერებასა და კოორდინირებას, რომელიც თავისი ფართო ქსელით სახელმწიფოს შიგნითაც ვრცელდება და გადაიქცევა ძალაუფლების ნამდვილ ცენტრებად.[20] ამ მოდელში სახელმწიფო არის პოლიტიკური ძალაუფლებისთვის პაექრობის სივრცე და არა მეტაფორულად წარმოდგენილი ციხესიმაგრე. ასევე, ეს დემოკრატიული გზის სტრატეგია გულისხმობს არა სახელმწიფო აპარატების დანგრევას, არამედ მათ ტრანსფორმირებას. რაც ასევე თავის თავში ატარებს წარმომადგელობითი დემოკრატიის დაშვებას, პოლიტიკური თავისუფლების გაზრდასა და გაფართოებას, მათ შორის იდეოლოგიური ოპონენტებისთვის.[21] პულანცასის თქმით, განსხვავებით ლენინის მარქსიზმში დამკვდირებულ „ჭეშმარტებისგან“, რომელიც ბურჟუაზიულ სახელმწიფოს ბურჟუაზიის დიქტატურასთან აიგივებს და რითაც a priori ტოლობის ნიშანს სვამს ბურჟუაზიულ დიქტატურას, ბურჟუაზიულ დემოკრატიასა და წარმომადგენლობით დემოკრატიას შორის, სოციალიზმთან მისვლის დემოკრატიული გზა წარმომადგენლობით დემოკრატიასა და ბურჟუაზიულ დიქტატურას შორის მსგავს ტოლობის ნიშანს არ სვამს. პულანცასის ხედვა გამძაფრებაა გრამშის მიერ შემოტანილი პოზიციისთვის ბრძოლისა და მანევრული ბრძოლის დაყოფისა, რომლითაც იტალიელი მარქსისტი აღნიშნავდა რუსულ და ევროპულ საზოგადოებებში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობს შორის გამოკვეთილ სხვაობებს. მაგრამ გრამში, განსხვავებით პულანცასისგან, კვლავ ეთანხმება ლენინისეულ სტრატეგიას. პირველ რიგში იმით, რომ იყენებს ლენინის შეხედულებას განსხვავებული კონკრეტული პირობების შესახებ დასავლეთში. ასევე, პოზიციისთვის ბრძოლა ინარჩუნებს ბურჟუაზიული ციხესიმაგრისა და მის გარეთ მდგომი მასების მოდელურ ხედვას, სადაც პოზიციური ბრძოლა წარმოდგება, არა როგორც პირდაპირი გზით გალაშქრება სახელმწიფოზე, არამედ მასზე ალყის შემორტყმა.
ირონიულად შეიძლება ჟღერდეს, რომ ისტორიის ცბიერება ორხელისუფლებიანობის მიმართ კრიტიკას, კონკრეტული ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე მის შეუძლებლობას და მის ალტერნატივად პოზიციისთვის ბრძოლის გამოცხადებას, თავად აქცევს ისტორიული ანალების ნაწილად. იმ პერიოდში, როდესაც სოციალ-დემოკრატია გაბანკროტებულია, ხოლო კომუნიზმი — მკვდარი, ტრანზიციის არანაირი პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, დროში, როცა სამყაროს დასასრული უფრო ადვილი წარმოსადგენია, ვიდრე კაპიტალიზმის.
კიდევ ერთი თეორეტიკოსი ფრედრიკ ჯეიმსონი თავის უტოპიურ პროექტში შეეცადა ორხელისუფლებიანობის მივიწყებული ცნებისთვის ახალი სიცოცხლე და მისი წაკითხვისას განსხვავებული ხედვა შემოეტანა. ჯეიმსონი თანამედროვე უტოპიას განასხვავებს სამოციანი წლების უტოპიური ეპოქისგან, როდესაც მხოლოდ მომავლის ჭვრეტაზე იყო ფოკუსი გასწორებული. დღეს, ახალ უტოპიურ პროექტებს ანტი-უტოპისტების, უტოპიის მიმართ მოშიშართა გადარწმუნება და სათუო საფრთხის გაუვნებელყოფა ავალია. სწორედ ამ განზომილებაში, ორხელისუფლებიანობის ცნების ტრადიციული ხედვის ნაცვლად ჯეიმსონი მის ალტერნატიულ ფორმებზე იწყებს მსჯელობას:
„ფრაზა, რა თქმა უნდა, ასოცირდება ლენინთან და მის მიერ დროებითი მთავრობისა და საბჭოების ქსელის, ან მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თანაარსებობის, 1917-ში ჭეშმარიტად ტრანზიციული პერიოდის, თუკი ეს როდისმე იყო, აღწერასთან. მაგრამ ის ასევე არსებობდა მრავალი სხვა ფორმით, რომელიც დღესაც გვაინტერესებს. გამოვყოფდი ყველაზე ცნობილ ორგანიზაციებს, როგორიც იყო გუშინ — შავი პანტერები ან ჰამასი დღეს, რომელიც ფუნქციონირებს, რათა უზრუნველყოს ყოველდღიური სერვისები – საკვები, ნაგვის შეგროვება, ჯანდაცვა, წყლის ინსპექცია, და ისეთ ადგილებში, რომლებიც უარყოფილია ზოგიერთი ოფიციალური ცენტრალური ხელისუფლების მიერ (ფუკოდიანური ჟარგონით, ეს შესაძლებელია აღწერო, როგორც დაძაბულობა ან უფრო მეტიც „სუვერენულობასა“ და „გოვერმენტალიტეტს“ შორის ოპოზიცია). ასეთ სიტუაციებში, ძალაუფლება გადადის ქსელებში, სადაც ხალხი ყოველდღიურად ჩართულია პრაქტიკულ დახმარებასა და ლიდერობაში: შედეგად, ისინი გარდაიქმნებიან ალტერნატიულ ხელისუფლებად, აშკარად ლეგალური სტრუქტურის ოფიციალურად უარყოფის გარეშე. ადგილი სადაც კონფრონტაცია და გადასვლა ხორციელდება, სადაც ოფიციალური ხელისუფლება იწყებს „გახმობას“, ადგილი სადაც რევოლუციური ძალადობა ჩნდება, კურსის ნება ვარირებს მთლიანად პოლიტიკური და კულტურული კონტექსტით“.[22]
ჯეიმსონი ალტერნატიულ ხელისუფლების გაჩენას თავად სინგულარული სახელმწიფოს ბიფურკაციაში ხედავს და არა გარეგანი ძალების, მასის მობილიზებაში. ის განიხილავს სამ ინსტიტუციას, სადაც შესაძლებელია გაჩნდეს ახალი ფენომენი. პროფესიული კავშირებისთვის, რომელზეც მემარცხენეები ისტორიულად ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებდნენ, ნიუ დიალის წესრიგის ჩამოშლის შემდგომ მოყოლებულმა ანტიუნიონისტურმა პროპაგანდამ და ასევე პოსტმოდერნულ ეპოქაში სტრუქტურულმა გარდაქმნებმა დასაქმების სფეროში, როცა დასაქმება ერთი მიმართულებით აღარ არსებობს და პარალელურად მასშტაბურია სტრუქტურული უმუშევრობა, შექმნა დაბრკოლებები, რომელთა გამკლავება მას როგორც ინსტიტუციას აღარ ხელეწიფება, რაც პროფესიულ კავშირებს ორხელისუფლებიანობის კონტექსტში, ალტერნატიული ძალაუფლების მოხვეჭის ეფექტურ შესაძლებლობას უსპობს.[23] დამატებით,ჯეიმსონი პროფესიული კავშირების საეჭვო პოტენციალთან დაკავშირებით მიუთითებს კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელიც ამ სტურქტურული უმუშევრობის ეპოქაში ვითარდება, რასაც ავტორი „შავ ბაზარს“ უწოდებს — სამსახურის მუდმივი ცვალებადობა, ადგილიდან ადგილზე გადასვლა, წვრილი ბიზნესების წამოწყება, ინდივიდუალისტური სერვისებით მომარაგება, რაც მოსახლეობაში პროფესიული კავშირების მიმართ მეტად ტოვებს პოლიტიკური ორგანიზაციის შეგრძნებას და არა საკუთარი თავისა და კოლექტივის დამცავი მექანიზმის განცდას.
ორხელისუფლებიანობისთვის შესაბამის მეორე ვარიანტად, ჯეიმსონი განიხილავს რელიგიურ ინსტიტუციებს. თუ რომელიმე ინსტიტუცია შესაძლებელია წარმოვიდგინოთ სახელწმიფოდ სახელმწიფოში, სწორედ ეკლესიებია, რომელიც გვიანდელი კაპიტალიზმის მიერ გაუცხოებულ ოჯახებსა და ინდივიდებს თავისი ფუნქციით შვებას გვრის და უვსებს ამ დანაკლისს; მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილოსოფოსისთვის რელიგია ყველაზე სახიფათო კანდიდატია ორხელისუფლებიანობითვის. ამერიკის მაგალითზე ის ამბობს, რომ რელიგია, რომელსაც ფუნდამენტური როლი უჭირავს ამერიკულ მასობრივ კულტურაში, და ამასთან ერთად, ის მცირე ჯგუფებისა და თემების ორგანიზების ადგილიცაა, აძლიერებს და ათამამებს ინდივიდისა თუ კოლექტივების ყველანაირი სახის მანიას, ფანტაზიასა თუ სურვილს. შესაბამისად, როგორც ჯეიმსონი ამბობს, რელიგია მხოლოდ კულტურის სფეროთი უნდა იქნეს შეზღუდული.[24] თუმცა, შეგვიძლია ვახსენოთ, რომ რელიგიური ორხელისუფლებიანობები, როგორც ფენომენი არსებობს: მაგ. ლიბანში ჰესბოლა.
ჯეიმსონის შეხედულებით, არმიაა ის ინსტიტუცია და საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც ხელეწიფება მსგავსი მისია, ორხელისუფლებიანობის მესაჭეობა, საკუთარ თავზე აიღოს. მაგრამ არმიის მსგავსი როლი არ ნიშნავს ახალ ხელისუფლებას, არამედ ის იქნება ახალი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა. შესაბამისად, არმია უნივერსალურ ფუნქციის მატარებელიცაა, და ამიტომ, მას ჯეიმსონი უნივერსალურ არმიად მოიხსენიებს. არმია, როგორც ინსტიტუცია თავის თავში ატარებს ისეთ მიმართულებებს, რომლის გამოც შეგვიძლია ის საზოგადოების მინი მოდელად წარმოვიდგინოთ. ორხელისუფლებიანობა ჯეიმსონის მიხედვით არ შეიძლება მხოლოდ Kairos-თან, პოლიტიკური და საზოგადოებრვი კრიზისთან იყოს ასოცირებული, ის ასევე უნდა იყოს ბიოპოლიტიკური შინაარსის და როგორც ამერიკელი ფილოსოფოსი ამბობს, ორხელისუფლებიანობა, პირველ რიგში, სწორედაც რომ ბიოპოლიტიკაა.
უტოპიურ პროექტში, სამედიცინო მიმართულებით, არმია არ ექვედებარება საბაზრო წესრიგს, ამიტომაც ახალ უნივერსალურ სისტემაში სამხედრო საავადმყოფოები შეასრულებენ საყოველთაო უფასო სამედიცინო სერვისის, დაავადებების კონტროლისა და ახალი მედიცინის შექმნის როლს, რისი რეორგანიზება თავად არმიის aegis-ით მოხდება.[25] არმიას მსგავსი ფუნქციები შეუძლია იკისროს განათლების სფეროშიც. გარდა აღმზრდელობითისა, პედაგოგიური საქმიანობა მოწოდებული იქნება, ახალი საზოგადოებრივი ფუნქციები, სავარჯიშოები მიეწოდოს მოქალაქეს, რათა მათ შეისწავლონ თავიანთი ახალი მოვალეობები. უნივერსალური არმია ახალ უტოპიური სახელმწიფოში არა მხოლოდ პატრონაჟის როლს შეასრულებს და მოემსახურება საზოგადოებრივი არტიკულირების ახალი ფორმების წარმოშობას, არამედ მისი მიზანი თავად არმიის დემოკრატიზაციაც იქნება, რაც ასევე გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა გარეგან სხეულებთან ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
მსგავსმა სტრუქტურამ საზოგადოებაში „მილიტარიზმისა“ და თავისუფლების შეზღუდვის შიშები შესაძლოა გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ჯეიმსონი ამბობს, თავისუფლება ისტორიულადაა დეტერმინირებული, რომელიც ადამიანურ გამოცდილებებზეა გადაჯაჭვული და არ არის მეტაფიზიკური ან პლატონური ცნება, რომელიც თავისთავში ანტი-უტოპიანიზმის ერთერთი მთავარი ფუნდამენტია.[26] მილიტარისტული ორგანიზება გარეგან სხეულებთან მიმართებისას ურთიერთსარგებლიანობის ელემენტებსაც ატარებს და ხშირ შემთხვევაში უკუგებითია. ჯეიმსონი იშველიებს „ტერორიზმსა და კომუნიზმში“ გამოთქმულ ლევ ტროცკის მოსაზრებას, რომ არმია, იქნება ეს ბურჟუაზიული, რომელიც მშრომელთა ველური ჩაგვრის აპარატია, თუ სოციალისტური, რომელიც მშრომელების დაცვისა და განთავისუფლების იარაღია, თავისთავში დგას ნაწილის მთელისადმი სუბორდინაციაზე და აუცილებლად მოითხოვს მკაცრ ინტეგრალურ რეჟიმს. მიუხედავად ამისა, მილიტარიზმი ყველა სფეროშია სასარგებლო. საბჭოთა რუსეთის სამხედრო კომისარს[27] მოჰყავს პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერის, ამხანაგ ტსიფეროვიჩის მაგალითი, რომელმაც გაიარა სამხედრო წვრთნა და იკავებდა რეჟიმის კომისრის თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში, დაბრუნების შემდეგ მისი პროლეტარული შეგნება არათუ გაუარესდა, არამედ ის გახდა უფრო დამოუკიდებელი, გადაწყვეტილების მიმღები თავის ძველ, პროფკავშირულ პოზიციაზე.[28] საზოგადოების „მილიტარიზაცია“ ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ომს ან იარაღის ასხმას, არამედ ეს დისციპლინა შეიცავს საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი ფუნქციების დაცვას.
ჯეიმსონის ორხელისუფლებიანობის პროექტი არათუ ძველი სახელმწიფოს, არამედ ასევე პოლიტიკის მოშორებაზეც მიუთითებს. ფილოსოფოსის მოსაზრებით, მარქსისტულ ტრადიციაში ძალაუფლებისა და პოლიტიკის შესახებ ძველი დისკუსია — იყო ის ბაზისის თუ ზედნაშენის ნაწილი — სრულიად უქმდება.[29] ლენინის კლასიკური მიდგომისგან განსხვავებით — სადაც კლასობრივი ბრძოლა იმარჯვებს ეკონომიკაზე, სადაც, გრამშის სიტყვებით, რევოლუცია იწყება „კაპიტალის“ წინააღმდეგ, რაც ხისტად რომ ვთქვათ, აღნიშნავს პოლიტიკის პრევალირებას ეკონომიკაზე და რაზეც შემდგომ პოსტ-მარქსიზმმა აიდგა ფეხი — ჯეიმსონს მარქსიზმის მაგისტრალურ ხაზი კვლავ პოლიტ-ეკონომიაზე გაჰყავს. ეკონომიკურ ან პოლიტ-ეკონომიურ კატეგორიას, ჯეიმსონის მიხედვით, მარქსიზმში ყოველთვის ენიჭებოდა უპირატესობა პოლიტიკაზე. „მარქსიზმის ნამდვილი ძალა და ორიგინალურობა ყოველთვის იყო ის, რომ მას არ ჰქონდა ამგვარი პოლიტიკური განზომილება, და რომ ის იყო სრულიად განსხვავებული სააზროვნო სისტემა, ან თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობა მთლიანობაში“.[30] თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა არ გულისხმობს ლენინთან პოლემიკაში მეორე ინტერნაციონალის მექანიცისტურ, სტადიური მარქსიზმის ან საერთოდ ტრეიდ-უნიონისტული პრაქტიკების მხარდაჭერას, რასაც ლენინმა თავის დროზე მოხდენილად „ეკონომიზმი“ უწოდა.
პოლიტიკურობის გაქრობის საკითხზე ვერ გავექცევით ჰანა არენდტთან გადამისამართებას, მასთან პოლიტიკურისა და სოციალურის წინააღმდეგობის შესახებ მსჯელობას. როგორც ცნობილია, ამერიკული და ფრანგულ რევოლუციების შეფასებისას, არენდტი პირველ მათგანს ანიჭებდა უპირატესობას, რადგან ამერიკული რევოლუცია თავისთავში პოლიტიკური იყო, რომელმაც გადალახა სოციალური მისი მოსპობის გარეშე და ამასთან შექმნა წონასწორობის, კოოპერაციისა და თავისუფლების სივრცის უფრო მაღალი ხარისხი. ხოლო ფრანგული რევოლუცია, არენდტის მიხედვით, სოციალური რევოლუციაა, რომელიც აუქმებს პოლიტიკურს და სუბორდინირებულ მდგომარეობაში ამყოფებს სოციალურთან მიმართებით, რაც იწვევს თავისუფლების დაკარგვასა და პოლიტიკური ცხოვრების ეროზიამდე მიყვანას. რა თქმა უნდა, არენდტი პირველი თეორეტიკოსი არ ყოფილა, რომელმაც ამერიკული რევოლუცია ისტორიულად მასთან ახლო მდგომ ფრანგული რევოლუციის მოვლენასთან შედარებით წინ დააყენა, თუმცა ადრეული კრიტიკა იაკობინურ რევოლუციას მხოლოდ იდეოლოგიურ და აბსტრაქტულ მოვლენად თვლიდა, არენდტმა კი შემოიტანა ახალი განზომილება — პოლიტიკურისა და სოციალურის. მეოცე საუკუნის მოვლენათა კამარილიაში კი არენდტი ხედავს პოლიტიკურის გაუქმებას და სოციალურის დომინაციას, რაც პირდაპირ თარგმნის მარქსიზმს, როგორც სოციალურის მომტან იდეოლოგიად. ჯეიმსონი, კი პოლიტიკურისა და სოციალურის გამოწვევას მთლიანად პოლიტიკურობის საწინააღმდეგოდ გარდაქმნის. „ამერიკულ უტოპიას“ განზოგადებულად შეგვიძლია ვუწოდოთ ამერიკული იაკობინიზმის რევანში „ამერიკული რევოლუციის“ მიმართ, სადაც პოლიტიკური არათუ იმყოფება სოციალურის მიმართ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, არამედ ის სრულიად უქმდება.
როგორც ვაჩვენეთ, ორხელისუფლებიანობის ცნება თავისთავში ურთიერთკრიტიკულ, ურთიერთგამომრიცხავ ხედვათა კორპუსია — კლასიკური მიდგომა, რომელიც ორხელისუფლებიანობას ერჯერად ხდომილებად, კრიზისულობის გამომჟღავნებად აღიქვამდა, პულანცასი, რომელიც საერთოდ ორხელისუფლებიანობას მოძველებულ მოდელად უყურებდა, და ჯეიმსონი, რომელიც ორხელისუფლებიანობას მეტად ბიოპოლიტიკის სფეროდ სახავდა, რომელიც ნაკლებად ანტოგონისტურია. დღეს, ორხელისუფლებიანობის ცნება შეგვიძლია ბევრი მიმართულებით, სხვადასხვა კუთხიდან შევაფასოთ; მისი გამომჟღავნებები ისტორიაში და აწმყო დროშიც არაერთგზის გვხვდება. ბოლო ათწლეულებში ორხელისუფლებიანობის ბიოპოლიტიკური მოდელები, უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ლენინური ძალაუფლების ძალადობრივი გზით მოპოვების პრაქტიკები: ზაპატისტას მცდელობები, დაეცვა ზონები ოლიგარქებისგან, ჰესბოლას „ბიოპოლიტიკური ისლამი“, პორტო ალეგრე და ა.შ.
კიდევ ერთი თეორეტიკოსი, სოტირისი, მსგავსი კოლექტიური ალტერნატივების სხვადასხვა პრაქტიკაში, ორხელისუფლებიანობის პოტენციურად ახალი ფორმების გაჩენას ხედავს.[31] და მაინც, ორხელისუფლებიანობა, რომელიც სახელმწიფოს სისტემური ტრანზიციის სპეციფიკური ტიპია, განწირულია დამოკიდებული იყოს ისტორიულ ხდომილებათა წყებაზე, რომელიც ამ ერთგვარ მეტაფორას რეალობის წინააღმდეგობათა მორევში მეტ ემპირიულ სიმყარეს შემატებს, რომელიც განსაზღვრულ ადგილასა თუ ეპოქაში მწვავდება, რითაც ცნების შინაარსი და ფორმა ახალი და მანამ დაუნახავი მახასიათებლებით იკვებება და ფართოვდება. სწორედ ამიტომ, ისტორიის კაბადონზე ორხელისუფლებიანობის საკითხი ვერც ამოიწურება და ვერც გადაიჭრება, სანამ საზოგადოებათა მთავარი შინაგანი წინააღმდეგობები არ გადაილახება. მასზე რეფლექსირება კი, როგორც თავის დროზე გამოჩნდა, მხოლოდ Post Festum არ არის შესაძლებელი.
.
[1] Троцкий Л.Д., История Русской революции. Февральская революция. Том 1, 1997, გვ 219.
[2] ლენინი, თხზულებანი 24 ტ., 1951, გვ. 22.
[3] იქვე, გვ. 540.
[4] იქვე, გვ. 542.
[5] ლენინი, თხზულებანი 26 ტ., გვ. 6.
[6] Nicos Poulantzas, State, Power, Socialism , 1978, გვ. 252.
[7] Thomas Peter D., Lenin’s Alternative, https://communispress.com/lenins-alternative/
[8] Троцкий Л. Д., История Русской революции, გვ. 214.
[9] იქვე, გვ. 214-215.
[10] იქვე, გვ. 215-216.
[11] იქვე, გვ. 216.
[12] Negri Antonio, Insurgencies, Constituent Power and The Modern State, 1999, გვ. 9-12.
[13] Thomas peter D., Lenins alternative;
[14] Negri Antonio, Insurgencies, გვ. 291.
[15] Зиновьев и Каменев, К текущему моменту, https://iskra-research.org/Marxists/Kamenev/19171011.html
[16] მესამე გზა არ არსებობს.
[17] Buci-Glucksmann, Christine “State, transition and passive revolution”, in Chantal Mouffe (ed.), Gramsci and Marxist Theory, 1977. გვ. 153.
[18] Zavaleta Mercado René, El poder dual en América Latina, 1974, გვ. 18.
[19] იქვე, გვ. 20-22.
[20] The Poulantzas Reader, Marxism, Law and State, Towards Democratic Socialism, 2008, გვ. 368.
[21] იქვე, გვ. 371.
[22] Jameson Fredric, An American Utopia, Dual Power and The Universal Army, 2016, გვ. 4 (თარგმანი ავტ.).
[23] იქვე, გვ. 9.
[24] იგვე, გვ 17-18
[25] იქვე, გვ. 29.
[26] იქვე, გვ. 32.
[27] ლევ ტროცკი იყო რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი 1918 დან 1925 წლამდე.
[28] Trotsky Leon, Terrorism and Communism, 2007, გვ. 160-161.
[29] Jameson Fredric , გვ. 42-43.
[30] Jameson Fredric, Lenin and Revisionism , გვ. 66 , in Lenin Reloaded, Toward a Politics of Truth, ed. Sebastian Budgen, Stathis Kouvelakis, and Slavoj Žižek, 2007.
[31] იხ. Sotiris Panagiotis, Rethinking Dual Power, 2017.