მაქსიმ გორკი დაიბადა ნიჟნი-ნოვგოროდში 1868 წელს. გორკის საკმაოდ მძიმე პირობებში მოუწია ბავშვობის გატარება, მას მოუხდა სკოლის სამუდამოდ დატოვება და მუშაობის დაწყება. გორკიმ 1884 წელს სცადა ყაზანის უნივერსიტეტში შესვლა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ყაზანში ცხოვრების პერიოდი მეტად მნიშვნელოვანია მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ყაზანშივე დაუახლოვდა ის რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, გაეცნო ფედოსეევს, – ყაზანში მარქსისტული წრეების დამაარსებელს. აქვე გაეცნო ის „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“, „კაპიტალის“ პირველ ტომს, გეორგ პლეხანოვის ნაშრომებს. უკვე 1889 წელს „ცხოვრების უნივერსიტეტ“ გამოვლილი გორკი პირველად დააპატიმრეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, მაგრამ როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო ელემენტს, მეთვალყურე მიუჩინეს. 1891 წელს გორკი ფეხით იწყებს მოგზაურობას ვოლგისპირეთში, ხოლო, შემდგომ, თერგის გავლით, შემოდის საქართველოში, კერძოდ, თბილისში და ზეინკლად იწყებს მუშაობას. 1892 წელს გორკი თბილისშივე აქვეყნებს თავის პირველ მოთხრობას „მაკარ ჩუდრა“, რომელიც გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება. მალევე გორკი სამშობლოში ბრუნდება და ნაყოფიერი წლების შემდეგ, 1898 წელს, აქვეყნებს ორტომეულს. გორკი, მოღვაწეობის პირველ პერიოდში, იბრძოდა ნატურალისტური და დეკადენტური ტენდენციების წინააღმდეგ, ხოლო ლიტერატურის დანიშნულებას შემდეგნაირად აყალიბებდა: „ლიტერატურის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავის შემეცნებაში, აუმაღლოს მას პირადი რწმენა და განუვითაროს მისწრაფება ჭეშმარიტებისადმი, შეებრძოლოს ადამიანთა სულმდაბლობას, შეეძლოს მათში კეთილის დანახვა, ჩაუნერგოს მათ სირცხვილის, მრისხანების და სიმამაცის გრძნობა“. მიუხედავად იმისა, რომ გორკის ადრეული პერიოდის თხზულებანი მეტწილად ტრაგიკულად მთავრდება, ისინი არ ტოვებენ პესიმისტურ შთაბეჭდილებას. მწერლის გმირების ტრაგედია სამართლიანი ცხოვრებისაკენ მისწრაფებითაა გამოწვეული და ამიტომაც მათი ბედი მკითხველზე მძიმე შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მართალია, გორკის ადრინდელ მოთხრობებში მუშათა კლასის ბრძოლის სურათები არ დაუხატავს, მაგრამ ისინი რევოლუციის წინათგრძნობით არიან გამსჭვალულნი და მკითხველში უკეთესი ცხოვრების იმედსა და რწმენას აღძრავენ.
მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე გორკი აქტიურად ერთვება რევოლუციურ საქმიანობაში. 1905 წელს მის ბინაზე იკრიბებოდნენ და თათბირობდნენ რევოლუციონერები, მისივე თაოსნობით შეგროვდა დიდძალი თანხა აჯანყებულების დასახმარებლად. 1906 წლიდან 1910 წლამდე გორკი იტალიაში კუნძულ კაპრიზე ცხოვრობდა (1906 წელს ის მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც). აქ იგი დაუახლოვდა ბოგდანოვიჩის ე.წ ოტზოვისტების ჯგუფს და მათი მცდარი ფილოსოფიურ შეხედულებათა გავლენა განიცადა. ბოგდანოვიჩის ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი ღვთისმოსაური იდეები აისახა გორკის ისეთ მხატვრულ ნაწარმოებში, როგორიცაა „აღსარება“ (1908 წ.). გორკის ამ ნაბიჯს ცხარედ აკრიტიკებდა ვ.ი. ლენინი და არ კმაყოფილდებოდა რა თეორიული კრიტიკით, ის ცდილობდა, რომ მწერალი ჩაება პარტიის პრაქტიკულ საქმიანობაში. გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა, მაქსიმ გორკი, განსაკუთრებით რევოლუციური წლების შემდგომ, საკმაოდ მასშტაბურ პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა, ის თავის წერილებში თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურას აკრიტიკებდა, მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ გორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წერილი „ვისთან ხართ თქვენ, კულტურის ოსტატნო“?
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია გთავაზობთ მაქსიმ გორკის ადრეულ წერილს ბურჟუაზიული მორალის კლასობრივი ხასიათის შესახებ. გორკი 1906 წელს, შტატებში ყოფნისას დაწერილ ჩანახატში აღგვიწერს მორალის კლასობრივ ბუნებას და ილაშქრებს ზნეობის უნივერსალური ხასიათის წინააღმდეგ. გორკი მკითხველს აღუწერს რა მორალის მაჰიპნოზირებელ ხასიათს და მწერლური ოსტატობის ხარჯზე ნათლად გადმოსცემს ბურჟუაზიული მორალის სარგებლიანობას გაბატონებული კლასებისთვის.
აჩრდილის სარედაქციო კოლეგია
იგი ჩემთან ღამით მოვიდა, იჭვნეულად ჩამოათვალიერა ჩემი ოთახი და წყნარად მკითხა:
– შემიძლია ნახევარ საათს პირისპირ გელაპარაკოთ?
მისი ხმის კილოში და მთელ მის მოხრილ, გამხდარ ფიგურაში რაღაც საიდუმლო და შემაშფოთებელი გამოსჭვიოდა. სკამზე ისე ფრთხილად ჩამოჯდა, თითქოს ეშინოდა, ავეჯი ჩემს გრძელსა და ხმელ ძვლებს ვერ გაუძლებსო.
-შეგიძლიათ ფანჯარაზე ფარდა ჩამოუშვათ? წყნარად მკითხა.
– ინებეთ! ვუპასუხე და წამსვე შევასრულე მისი სურვილი.
მადლობის ნიშნად თავი ჩაიქნია, თვალით ფანჯარა მანიშნა და უფრო წყნარად თქვა:
– მუდამ მითვალთვალებენ.
– ვინ?
– რეპორტიორები, რა თქმა უნდა.
მე ყურადღებით მივაცქერდი. ჩაცმული ძალიან წესიერად იყო, კოხტადაც კი, მაგრამ მაინც ღატაკის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი მელოტი, კუთხოვანი თავის ქალა მოკრძალებითა და თავაზიანად ბზინავდა. წმინდად გაპარსული, მეტად გამხდარი სახე, ჭროღა, დანაშაულებრივად მომღიმარე თვალები, ნახევრადმოხუჭული ქერა წამწამები. როცა თვალს აღმართავდა და პირდაპირ სახეში მიცქერდა, ასე მეგონა რაღაც ნისლიანი, ფრია სიცარიელის წინაშე ვდგავარ-მეთქი. იჯდა და მუხლები მაგიდის ქვეშ შეეყო. მარჯვენა ხელი მუხლზე დაედო, მარცხენა კი, რომლითაც ქვაბუნა-ქუდი ეჭირა, ძირს დაეშვა. ხელის გრძელი თითები ოდნავ უკანკალებდა, მტკიცედ მოკუმული ტუჩების კუთხეები დაღლილად დაშვებოდა. ეტყობოდა, ამ კაცს ძვირად დაჯდომოდა თავისი კოსტიუმი.
– ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ, ამოიხვნეშა, ფანჯარას გადაჰხედა და დაიწყო,—მე, ასე ვთქვათ, პროფესიული ცოდვილი ვარ…
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მისი სიტყვები არ გამეგონა, და გარეგნულად მშვიდად ვკითხე:
– როგორ?
– მე პროფესიული ცოდვილი ვარ, სიტყვა–სიტყვით დასძინა მან:—ჩემი სპეციალობა საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაა…
მის ხმაში ისეთი მოკრძალება გამოსჭვიოდა, რომ სიტყვებში და სახეზე მონანიების ნასახიც კი ვერ შევამჩნიე.
– თქვენ… ცოტაოდენ წყალს ხომ არ ინებებთ? – შევთავაზე მე.
– არა, გმადლობთ! იუარა და დანაშაულებრივი თვალი ღიმილით მომაშტერა.
– თქვენ, მგონი, სავსებით ნათლად ვერ გამიგეთ?
– არა, რატომ? — შევესიტყვე და ევროპელი ჟურნალისტების მაგალითისამებრ, უვიცობა სითამამით შევნიღბე. მაგრამ მან, ცხადია, არ დამიჯერა. ქვაბუნა-ქუდი ჰაერში გააქან-გამოაქანა, ოდნავ გაიღიმა და დაიწყო:
– რამდენიმე ფაქტს მოვიყვან ჩემი მუშაობიდან, რათა გაგაგებინოთ, ვინცა ვარ…
აქ ამოიხვნეშა და თავი დახარა. და კვლავ გაკვირვებული ვიყავი, რომ ამ ამოხვნეშაში მხოლოდ დაღლილობა იგრძნობოდა.
– გახსოვთ, – დაიწყო მან და ქუდი შეარხია, გაზეთებში წერდნენ ერთ კაცზე… ესე იგი ლოთზე? სკანდალი თეატრში?
– ჰო, პირველ რიგში მჯდომარე ბატონი, რომელიც პათეტიკური სცენის დროს წამოდგა, ქუდი დაიხურა და მეეტლეს დაუწყო ძახილი? — ვკითხე მე.
– დიახ! — დამიდასტურა და თავაზიანად დასძინა: – ეგ მე ვარ. შენიშვნაც სათაურით „მხეცი, ბავშვთა მტანჯველი“ – აგრეთვე ჩემით არის გამოწვეული, ისე როგორც სხვა — „ქმარი, რომელიც თავის ცოლს ყიდის“. კაცი, რომელიც ქუჩაში ქალს აედევნება უწმაწური წინადადებით — ესეც მე ვარ… საერთოდ, ჩემზე კვირაში სულ მცირე ერთხელ წერენ და წერენ ყოველთვის, როცა საჭიროა ზნედაცემულობის დამტკიცება…
ყოველივე ეს მან წყნარად, ძალიან გარკვევით, მაგრამ დაუკვეხნელად თქვა. მე არაფერი მესმოდა, მაგრამ როდი მსურდა ეს მეჩვენებინა. როგორც ყველა მწერალი, მეც თავს ისე ვაჩვენებ ხოლმე, თითქოს ცხოვრებასა და ადამიანებს საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ.
– ჰმ! ფილოსოფოსის კილოთი ვთქვი. —მერმე რა, კმაყოფილებას გაგრძნობინებთ ასეთი მუშაობა?
– როცა ახალგაზრდა ვიყავი ეს მართობდა, არ დავმალავ, მომიგო მან. მაგრამ ახლა მე უკვე 45 წლისა ვარ, ცოლიანი, მყავს ორი ქალიშვილი… ასეთ მდგომარეობაში ძალიან უხერხულია, როცა კვირაში ორჯერ-სამჯერ გაზეთებში გხატავენ, როგორც მანკიერებისა და გარყვნილების წყაროს. მუდამ თვალყურს გადევნებენ რეპორტიორები, რათა ზუსტად და დროზე ასრულებდე შენს მოვალეობას…
ხველება დავიწყე. რათა გაკვირვება დამემალა. შემდეგ თანაგრძნობის კილოთი ვკითხე:
– ეს თქვენი ავადმყოფობაა?
მან უარყოფით გაიქნია თავი, ქუდით, როგორც მარაოთი, სახე გაიგრილა და მიპასუხა:
– არა, პროფესიაა. უკვე გითხათ, რომ ჩემი სპეციალობა წვრილ-წვრილი სკანდალი ქუჩებსა და საჯარო ადგილებში… სხვა ამხანაგები ჩვენს ბიუროში უფრო პასუხსაგებ და დიდ საქმეებს ასრულებენ, მაგალითად: სარწმუნოებრივი გრძნობის შებღალვა, ქალებისა და ქალიშვილების შეცდენა, ქურდობა, მაგრამ არა უმეტეს ათასი დოლარისა… — მან ამოიხვნეშა, მიმოიხედა და განმარტა:—და სხვა დანაშაულობანი ზნეობის წინააღმდეგ… მე კი მხოლოდ წვრილ-წვრილ სკანდალს ვახდენ…
ისე ლაპარაკობდა, როგორც ხელოსანი თავის ხელობაზე. ეს უკვე მაღიზიანებდა, და გამქირდავად. ვკითხე:
-ეს არ გაკმაყოფილებთ?
– არა! – უბრალოდ მიპასუხა.
მისმა უბრალოებამ განმაიარაღა და ძლიერი ცნობისმოყვარეობა აღმიძრა, ცოტა დუმილის შემდეგ შევეკითხე:
– საპატიმროში იჯექით?
– სამჯერ. საერთოდ კი ჯარიმის ფარგლებში ვმოქმედებ, ხოლო ჯარიმას, რა თქმა უნდა, ბიურო იხდის. განმარტა მან.
– ბიურო? – უნებურად გავიმეორე.
– ო, დიახ! დამეთანხმებით, რომ თვით მე არ შემიძლია ჯარიმის გადახდა! — ღიმილით თქვა. — 50 დოლარი კვირაში მეტად ცოტაა ოთხი სულისაგან შემდგარი ოჯახისათვის…
– ნება მიბოძეთ, დავფიქრდე ამაზე, – ვუთხარი და ავდექი.
– ინებეთ! – დამეთანხმა იგი.
ოთახში ბოლთას ვცემდი და დაძაბვით ვიგონებდი ყველა სახის სულიერ დაავადებას. მინდოდა გამომერკვია მისი ავადმყოფობის ხასიათი, მაგრამ არ შემეძლო. ერთი რამ კი ნათელი იყო: ეს განდიდების მანია როდი იყო. იგი თავაზიანი ღიმილით მიცქეროდა და მოთმინებით ელოდა.
– მაშ ბიურო? – ვკითხე და მის წინ შევჩერდი.
– დიახ, — თქვა მან.
– მოსამსახურე ბევრია?
– ამ ქალაქში 125 მამაკაცი და 75 ქალია.
– ამ ქალაქში? მაშასადამე… სხვა ქალაქებშიც არის ბიუროები?
– მთელს ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია! თქვა და მფარველურად გაიღიმა.
თავი შემებრალა.
– კი… მაგრამ ისინი… გაუბედავად ვკითხე,—ისინი რაღას აკეთებენ, ეს ბიუროები?
– ზნეობის კანონებს არღვევენ!– მოკრძალებით მიპასუხა, ადგა, სავარძელში გადაჯდა, გაიჭიმა და აშკარა ცნობისმოყვარეობით მომაშტერდა. ალბათ, ველური ვეჩვენე, და დარცხვენას აღარ იჩენდა.
„ეშმაკსაც წაუღია! – გავიფიქრე. – არ უნდა ვაგრძნობინო, რომ არაფერი არ მესმის“ ხელები მოვიფშვნიტე და ცოცხლად ვკითხე:
– ეს საინტერესოა! ძალიან საინტერესოა! მხოლოდ.. რისთვისაა ეს?
– რა? – ღიმილით მკითხა.
– რა და, ეს ბიუროები ზნეობის კანონების დასარღვევად?
ისე გულღიად გაიცინა, როგორც ბავშვის სისულელეზე მოზრდილი იცინის ხოლმე. თვალი შევავლე და გავიფიქრე, რომ, ჭეშმარიტად, ცხოვრებაში ყველა უსიამოვნების წყარო უმეცრებაა.
– როგორ გგონიათ, უნდა იცხოვრო თუ არა?―იკითხა მან.
– რა თქმა უნდა!
– და უნდა იცხოვრო სასიამოვნოდ?
– ო, რასაკვირველია!
ეს კაცი წამოდგა, ჩემთან მოვიდა და მხარზე ხელი დამკრა.
– და განა შეიძლება ცხოვრებით დატკბობა, თუ ზნეობის კანონები არ დაარღვიე, ა?
უკან წაიწია, თვალი ჩამიკრა, კვლავ სავარძელში გაიჭიმა, როგორც მოხარშული თევზი თეფშზე, სიგარი ამოიდო და მოუკიდა ისე, რომ ნებართვა არ უთხოვნია. შემდეგ განაგრძო:
– ვის ესიამოვნება კარბოლისმჟავიანი მარწყვის ჭამა?
და მოკიდებული ასანთი იატკზე დააგდო.
– ეს ხომ ყოველთვის ასეა, – როცა მოყვასის წინაშე უპირატესობას იგრძნობს, კაცი ერთბაშად ღორი ხდება მის მიმართ.
– ჩემთვის ძნელია თქვენი გაგება! ―გამოვტყდი და თვალი გავუსწორე.
მან გაიღიმა და თქვა:
– მე უკეთესი აზრისა ვიყავი თქვენს ნიჭზე…
სულ უფრო გათამამდა, სიგარის ფერფლი პირდაპირ იატაკზე დაყარა, თვალები მოხუჭა, ასე თვალმოხუჭული თავისი სიგარის ბოლის ხვეულებს უცქერდა და საქმის მცოდნის კილოთი განაგრძობდა.
– თქვენ ნაკლებ იცნობთ მორალს – აი, რას ვამჩნევ…
– არა, ზოგჯერ მეც მქონია მასთან საქმე, — მოკრძალებით შევესიტყვე.
სიგარი პირიდან გამოიღო, მის ბოლოს დახედა და ფილოსოფიურად წარმოთქვა:
– კედელზე შუბლის დატაკება კიდევ არ ნიშნავს კედლის შესწავლას.
– დიახ, თანახმა ვარ. მაგრამ რატომღაც მუდამ ავსხლტები ხოლმე მორალს, როგორც ბურთი კედელს…
– ეს აღზრდის ნაკლია! რეზონერულად თქვა მან.
– ძალიან შესაძლებელია, — დავეთანხმე.
– ყველაზე თავგამოდებული მორალისტი, როგორიც კი მინახავს, ჩემი პაპა იყო. მან სამოთხის ყველა გზა იცოდა და ყველას ამ გზაზე აყენებდა, ვინც კი ხელში მოხვდებოდა. ჭეშმარიტება მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი, და იგიც გულმოდგინედ უნერგავდა მას თავისი ოჯახის ყველა წევრს. მან ჩინებულად იცოდა ყოველივე, რაც ღმერთს კაცისაგან სურს, და ძაღლებსა და კატებსაც კი ასწავლიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ სამარადისო ნეტარება მოეპოვებინათ. ამასთან ერთად იგი ხარბი და ბოროტი იყო, მუდამ ცრუობდა, მევახშეობას ეწეოდა. რა კი მხდალის სისასტიკე სჩვეოდა, – რაც ყველა და ყოველი მორალისტის სულის თავისებურებაა, – თავისუფალი და მოხერხებულ დროს თავის შინამყოფებს სცემდა რაც და როგორც კი შეეძლო… მე ვცადე გავლენა მომეხდინა პაპაზე, რაკი მსურდა უფრო ლმობიერი გამეხადა იგი, ერთხელ მოხუცი ფანჯარაში გადავაგდე, ერთხელ კიდევ სარკე დავარტყი თავში. ფანჯარა და სარკე გატყდა, მაგრამ პაპა ამით უკეთესი როდი გამხდარა. მორალისტივე მოკვდა. მე კი იმ დროიდან მორალი რამდენადმე საძაგელი მეჩვენება. შეიძლება თქვათ რამე ისეთი, რაც მასთან შემარიგებს! – წინადადება მივეცი.
მან საათი ამოიღო, დახედა და მითხრა:
– დრო არა მაქვს ლექციები გიკითხოთ… მაგრამ, თუ თქვენთან მოვსულვარ, სულერთია. დაწყებული უნდა დაამთავრო. შეიძლება რაიმე გააკეთოთ ჩემთვის… მოკლედ გეტყვით…
კვლავ მოხუჭა თვალი და მნიშვნელოვანი კილოთი დაიწყო:
– მორალი თქვენთვის საჭიროა-ეს უნდა დაიხსომოთ! რისთვის არის საჭირო? იმისთვის, რომ იგი იცავს თქვენს პირად მოსვენებას, თქვენს უფლებებსა და თქვენს ქონებას – სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი იცავს „მოყვასის“ ინტერესებს. „მოყვასი“ ყოველთვის თქვენა ხართ და სხვა არავინ, გესმით? თუ თქვენ ლამაზი ცოლი გყავთ, გარშემო მყოფთ ეუბნებით: „არა ინდომო ცოლი მოყვასისა შენისა“. თუ კაცს აქვს ფული, ყავს ხარები, მონები, სახედრები, და თვითონაც იდიოტი არ არის —იგი მორალისტია. მორალი ხელსაყრელია თქვენთვის, როცა ყველაფერი გაქვთ, რაც გესაჭიროებათ, და გსურთ ყოველივე ეს მხოლოდ თქვენთვის შეინარჩუნოთ; იგი ხელსაყრელი არ არის თუ თქვენ ზედმეტი არაფერი არა გაქვთ, გარდა თმისა თავზე.
მან ტიტველ თავზე ხელი მოისვა და განგრძო:
– მორალი თქვენი ინტერესების გუშაგია, თქვენ ცდილობთ თქვენს მახლობლად მყოფი ადამიანების სულში შთანერგოთ იგი ქუჩებში თქვენ აყენებთ პოლიციელებსა და ჯაშუშებს, ადამიანის სულში კი თქვენ სჩრით მთელ რიგ პრინციპებს, რომლებიც უნდა შეეზარდონ მის ტვინს და შებოჭონ, ჩაახშონ, მოსპონ თქვენდამი ყველა მტრული აზრი, ყველა სურვილი, რომელიც თქვენს უფლებებს ემუქრება. მორალი ყველაზე მკაცრი იქ არის, სადაც ეკონომიური წინააღმდეგობა უფრო თვალსაჩინოა. რაც უფრო მეტი ფული მაქვს, მით უფრო მკაცრი მორალისტი ვარ. აი რატომ არის, რომ ამერიკაში, სადაც ესოდენ ბევრი მდიდარია, – ისინი აღიარებენ ასი ცხენისძალის მორალს. გასაგებია?
– დიახ, – მივუგე, – მაგრამ ბიუროები რა საჭიროა?
– მოითმინეთ! – შემესიტყვა და ხელი მნიშვნელოვნად აღმართა — მაშასადამე, მორალის მიზანია ყველა ადამიანს შთააგონოს, რომ თავი დაგანებონ. მაგრამ თუ ბევრი ფული გაქვთ – ბევრი სურვილი და თან სრული შესაძლებლობაც გაქვთ განახორციელოთ ისინი, – ხომ ასეა? მაგრამ თქვენი სურვილების უმეტესობას ისე ვერ განახორციელებთ, თუ მორალის პრინციპები არ დაარღვიეთ… რა უნდა ვქნათ? არ შეიძლება ადამიანებს უქადაგო ის, რასაც უარყოფ. ეს უხერხულიცაა, და ადამიანებიც არ დაიჯერებენ. ისინი ხომ ყველა სულელი არ არის… მაგალითად: თქვენ რესტორანში ზიხართ, შამპანურს მიირთმევთ და ძალიან ლამაზ ქალს კოცნით, თუმცა იგი თქვენი ცოლი როდია… იმ თვალსაზრისით, რომელიც ყველასათვის სავალდებულოდ მიგაჩნიათ — ასეთი რამ უზნეოა. მაგრამ პირადად თქვენთვის – დროის ასეთი დაკარგვა საჭიროა: ეს თქვენი მშვენიერი ჩვევაა. იგი მრავალ სიამეს განიჭებთ. და თქვენს წინაშე აღიძვრის საკითხი: როგორ შეათანხმოთ საამო ცოდვებისაგან თავშეკავების ქადაგება და თქვენი სიყვარული ცოდვებისადმი? აი სხვა მაგალითიც: თქვენ ყველას ეუბნებით — არ იპაროთო. ვინაიდან თქვენთვის მეტად არასასიამოვნო იქნება, თქვენ რომ პარვა დაგიწყონ, – ასეა ხომ? მაგრამ ამავე დროს, თუმცა თქვენ ფულიც გაქვთ, მაგრამ საშინლად გსურთ ცოტაოდენი კიდევ მოიპაროთ. მესამე: თქვენ ზუსტად ასრულებთ პრინციპს —არა კაც ჰკლა, იმიტომ რომ სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია, საამურია, აღსავსეა სიტკბოებით. ერთიც ვნახოთ, თქვენს ქვანახშირის მაღაროებში მუშებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს. თქვენ უნებურად იწვევთ ჯარისკაცებს და -თაფ! – რამდენიმე ათეული მუშა მოკლულია. ან თქვენ საქონელი ვერსად გაგისაღებიათ. ამ ფაქტს აცნობებთ თქვენს მთავრობას და არწმუნებთ თქვენთვის ახალი ბაზარი აღმოაჩინოს. მთავრობა თავაზიანად გზავნის მცირე არმიას სადმე აზიაში, აფრიკაში და ასრულებს თქვენს სურვილს, ხოცავს რამდენიმე ასეულ ან ათასეულ ადგილობრივ მცხოვრებს. ყოველივე ეს ცუდად ეთანხმება კაცთმოყვარეობის, თავშეკავებისა და უბიწოების თქვენს ქადაგებას. მაგრამ მუშების ან ადგილობრივი მცხოვრებლების დახოცვა შეგიძლიათ გაამართლოთ სახელმწიფოს ინტერესების დამოწმებით. სახელმწიფოს არსებობა არ შეუძლია, თუ ადამიანები თქვენს ინტერესებს არ დაემორჩილნენ. სახელმწიფო თქვენა ხართ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ მდიდარი კაცი ხართ. თქვენთვის გაცილებით ძნელია წვრილმანი რამეები, — გარყვნილება, ქურდობა და სხვა. საერთოდ, მდიდარი კაცის პოზიცია ტრაგიკული პოზიციაა. მისთვის აუცილებლად საჭიროა, რომ ყველას უყვარდეს, ყველამ ხელი აიღოს მისი ქონების დაზიანებაზე, რომ არავინ არ არღვევდეს მის ჩვეულებებს და ყველა უმანკოდ ეპყრობოდეს მის ცოლს, დას, ქალიშვილებს. ამავე დროს, მისთვის არა თუ საჭირო არ არის უყვარდეს ადამიანები, არ ქურდობდეს, უმანკოდ ეპყრობოდეს ქალებსა და სხვა — პირიქით ყოველივე ეს მხოლოდ აფერხებს მის პირად საქმიანობას და უთუოდ მავნებელია მისი მუშაობის წარმატებისათვის. ჩვეულებრივად მთელი მისი ცხოვრება სულ ქურდობაა, იგი ძარცვავს ათასობით კაცს, მთელ ქვეყანას, ეს აუცილებელია კაპიტალის ზრდისათვის, ესე იგი ქვეყნის პროგრესისათვის— გესმით? იგი ქალებს ათობით ხრწნის, — ეს ძალიან სასიამოვნო გასართობია უქნარა ადამიანისათვის. და ვინ უნდა შეიყვაროს მან! მისთვის ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან – ერთს იგი პარავს, მეორე კი კონკურენციას უწევს მას ამ საქმეში.
საკითხის ცოდნით კმაყოფილმა ორატორმა გაიღიმა, სიგარის ნამწვავი ოთახის კუთხეში მიაგდო და განაგრძო:
– მაშ ასე: მორალი სასარგებლოა მდიდრისათვის და საზიანოა ყველა სხვა ადამიანისათვის, მაგრამ ამავე დროს იგი მდიდარს არ ესაჭიროება და ყველასათვის კი აუცილებელია. აი რატომ ცდილობენ მორალისტები შთაუნერგონ ადამიანებს მორალის პრინციპები, თვითონ კი ამ პრინციპებს ისინი გარეგნულად ატარებენ, როგორც ჰალსტუხსა და ხელთათმანს. შემდეგ: როგორ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათთვის აუცილებელია ზნეობის კანონებს დაემორჩილონ? არავისათვის ხელსაყრელი არ არის გაიძვერათა შორის პატიოსანი იყოს. მაგრამ თუ დარწმუნება შეუძლებელია, – ჰიპნოზით იმოქმედეთ! ეს ყოველთვის ხერხდება…
თავი დასტურის ნიშნად აიქნია, თვალი ჩამიკრა და გაიმეორა:
– თუ დარწმუნება შეუძლებელია,― ჰიპნოზით იმოქმედეთ!
შემდეგ ხელი მუხლზე დამადო, თვალი გამისწორა, ხმა დაიდაბლა და განაგრძო:
– რასაც შემდეგ ვიტყვი ჩვენს შორის დარჩეს, კარგი?
მე თავი დავუქნიე.
– ბიურო, სადაც მე ვმსახურებ, საზოგადოებრივი აზრის ჰიპნოზს ეწევა. ეს ამერიკის ერთ-ერთი უაღრესად ორიგინალური დაწესებულებაა, გთხოვთ დაიხსომოთ! სიამაყით მითხრა.
მე კიდევ დავხარე თავი.
– თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა, – ამბობდა იგი, — მხოლოდ ერთი მისწრაფებით სულდგმულობს – ფული აკეთოს. აქ ყველას სურს მდიდარი იყოს, და ადამიანი ადამიანისათვის მხოლოდ მასალაა, საიდანაც ყოველთვის შეიძლება ოქროს რამდენიმე ნამცეცის გამოწურვა. და მთელი ცხოვრება არის ადამიანის ხორცისა და სისხლისაგან ოქროს გამოწურვის პროცესი. ხალხი ამ ქვეყანაში, ისე როგორც ყველგან, – გამიგონია, – მადანია, საიდანაც ყვითელ ლითონს იღებენ, პროგრესი არის მასების ფიზიკური ენერგიის კონცენტრაცია, ესე იგი ადამიანის ხორცის, ძვლებისა და ნერვების ოქროდ დაკრისტალება. ცხოვრება მეტად მარტივად არის აგებული…
– ეს თქვენი პირადი შეხედულებაა? – ვკითხე მე.
– ესა? რასაკვირველია, არა, – სიამაყით თქვა. ვიღაცის ფანტაზიაა… არ მახსოვს, როგორ ჩამეჭედა თავში… მას მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა ადამიანებს… არანორმალურ ადამიანებს ველაპარაკები… განვაგრძობ. ხალხს აქ დრო არა აქვს ცოდვებს მიაქციოს ყურადღება, საამისოდ თავისუფალი დრო აღარ რჩება. ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა კაცს ისე ფიტავს, რომ აღარა აქვს არც ძალა და არც სურვილი შეცოდოს დასვენების დროს. ადამიანებს არ ცალიათ, მათ არ ძალუძთ ისურვონ, ისინი ცხოვრობენ მხოლოდ მუშაობით, მუშაობისათვის, და ეს მათს ცხოვრებას მეტად ზნეობრივსა ხდის. შეიძლება ზოგჯერ, დღესასწაულზე, რამდენიმე ბიჭმა ორიოდე ზანგი ჩამოახრჩოს, მაგრამ ეს ზნეობის საწინააღმდეგო როდია, იმიტომ, რომ ზანგი თეთრი არ არის, ამასთან ისინი, ეს ზანგები აქ ბევრნი არიან. ყველა ცოტად თუ ბევრად წესიერად იქცევა, და ამ უძრავი ცხოვრების საერთო უფერულ არეში, რომელიც ჩაჭედილია ძველი პურიტანული მორალის ჩარჩოში, მისი პრინციპების ყოველი დარღვევა მკაფიოდ ჩანს, როგორც მჭვარტლის ლაქა. ეს კარგია, მაგრამ ამასთანავე ცუდია. საზოგადოების უმაღლეს კლასებს შეუძლიათ იამაყონ დაბალი კლასების ყოფაქცევით, მაგრამ, ამავე დროს, ასეთი ყოფაქცევა აბრკოლებს მდიდართა თავისუფალ მოქმედებას. მათ ფული აქვთ —მაშასადამე, უფლება აქვთ იცხოვრონ როგორც სურთ და ანგარიში არ გაუწიონ ზნეობას. მდიდრები ხარბები არიან, მაძღრები – მგრძნობიერნი, უქნარები – მანკიერნი. სარეველა ბალახი მსუყე ნიადაგზე ხარობს, გარყვნილება კი — მოყიჭების ნიადაგზე. რა უნდა ვქნათ? უარვყოთ მორალი? ეს შეუძლებელია, ვინაიდან ეს სისულელეა. თუ შენთვის ხელსაყრელია, რომ ადამიანები ზნეობრივი იყვნენ, – მოახერხე შენი ნაკლის დამალვა… მორჩა და გათავდა! აქ ახალი ბევრი არაფერია…
მან მიმოიხედა და ხმა უფრო დაიდაბლა.
– და აი, ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს ერთი საოცრად ბედნიერი აზრი მოუვიდათ თავში. მათ გადაწყვიტეს ჩვენს ქვეყანაში დაეარსებინათ საიდუმლო საზოგადოება ზნეობის კანონების აშკარა დასარღვევად. წვლილის შეგროვებით კარგი კაპიტალი შედგა და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა — ფარულად, რა თქმა უნდა — ბიუროები საზოგადოებრივი აზრის ჰიპნოზისათვის. დაიქირავეს სხვადასხვა ხალხი, როგორიცაა თქვენი უმორჩილესი მონა, და დააკისრეს ზნეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა. ყოველ ბიუროს სათავეში უდგას საიმედო და გამოცდილი კაცი, რომელიც ხელმძღვანელობს მოსამსახურეთა მოქმედებას და ანაწილებს სამუშაოს… ჩვეულებრივად იგი რომელიმე გაზეთის რედაქტორია…
– მე არ მესმის ბიუროს მიზნები! — ნაღვლიანად ვუთხარი.
– ძალიან მარტივი რამეა! — მიპასუხა და უეცრად სახეზე გამოეხატა შეშფოთება და რაღაცის ნერვული მოლოდინი. ადგა, ხელები წელზე შემოიწყო და ოთახში ნელა იწყო სიარული.
– ძალიან უბრალო რამეა! — გაიმეორა მან. უკვე გითხარით, დაბალი კლასები, მოუცლელობის გამო, ცოტას ცოდავენ. საჭირო კი არის, რომ ზნეობა ირღვეოდეს ხომ არ შეიძლება იგი ბერწი შინაბერა დარჩეს. საჭიროა, რომ მუდამ გაჰკიოდნენ ზნეობაზე, ეს ალენჩებს საზოგადოებას და საშუალებას არ აძლევს სიმართლე მოისმინოს. მდინარეში რომ აუარებელი წვრილი ნაფოტი ჩაყარო, მათ შორის შენთვის შეუმჩნევლად შეიძლება დიდი ძელიც გაცურდეს. ან, თქვენ რომ უეცრად თქვენს მეზობელს ჯიბიდან საფულე ამოაცალოთ, მაგრამ დროზე მიაქციოთ საზოგადოების ყურადღება ბიჭისადმი, რომელმაც ერთი მუჭა კაკალი მოიპარა, —ეს სკანდალისგან გიხსნით. მხოლოდ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირეთ — ქურდითქო! ჩვენი ბიუროს საქმეა, რომ აუარებელი წვრილი სკანდალი შექმნას დიდ დანაშაულობათა მისაჩქმალავად.
მან ამოიოხრა, შუა ოთახში შედგა და გაჩუმდა.
– მაგალითად, ქალაქში გავრცელდა ხმა, რომ ერთი ღირსეული და პატივცემული კაცი თავის ცოლს სცემსო. ბიურო მყისვე გვავალებს მე და ჩემს რამდენიმე ამხანაგს გავლახოთ ჩვენი ცოლები. ჩვენც ვცემთ. ცოლებმა, რასაკვირველია, იციან საქმის გარემოება და ძალიან ხმამაღლა ყვირიან. ამაზე წერს ყველა გაზეთი და მათ მიერ ატეხილი ხმაური ხალხს ავიწყებინებს პატივცემული პირის მოპყრობას თავისი ცოლისადმი. რა მნიშვნელობა აქვს ხმებს, როცა ფაქტები არსებობენ? ან, ვთქვათ, დაიწყებენ ლაპარაკს სენატორების მოსყიდვაზე. ბიურო უმალვე აწყობს პოლიციის მთელი რიგი მოხელეების მოსყიდვას და საზოგადოების წინაშე ააშკარავებს მათს მექრთამეობას. ხმები კვლავ ქრებიან ფაქტების წინაშე. ვიღაცამ, მაღალი საზოგადოების წევრმა, ქალი შეურაცხყო. მყისვე რესტორნებში, ქუჩებში მრავალ ქალს შეურაცხყოფენ. მაღალი საზოგადოების წარმომადგენელის საქციელი სრულიად ინთქმება მთელ რიგ ასეთსავე მოქმედებაში. და ასეა მუდამ, ყველაფერში. დიდი ქურდობა იჩქმალება მრავალი პაწია ქურდობით, და საერთოდ ყველა დიდი დანაშაული წვრილი დანაშაულით იფარება. ასეთია ბიუროს საქმიანობა.
იგი ფანჯარასთან მივიდა, ფრთხილად გადაიხედა ქუჩაში, კვლავ დაჯდა და წყნარი ხმით განაგრძო:
– ბიურო ამერიკული საზოგადოების უმაღლეს კლასს იცავს ხალხის მსჯავრისგან და, ამავე დროს, ზნეობის კანონების დარღვევაზე მუდმივი ყვირილით ხალხს თავს უტენის წვრილი სკანდალებით, რომლებიც მოწყობილია მდიდართა მანკიერების მისაჩქმალავად. ხალხი მუდამ ჰიპნოზის მდგომარეობაშია, მას დრო არა აქვს იფიქროს დამოუკიდებლად, და იგი მხოლოდ გაზეთებს უჯერებს, გაზეთები მილიონერებს ეკუთვნით, ბიუროებიც მათი მოწყობილია… გესმით? ეს ძალიან ორიგინალურია…
იგი გაჩუმდა, ჩაფიქრდა, თავი დახარა.
– გმადლობთ! — მივმართე მე. – თქვენ ბევრი რამ საინტერესო მაცნობეთ.
მან თავი ასწია და ნაღვლიანად შემომხედა.
– დიახ, ეს საინტერესოა, რა თქმა უნდა! — წყნარად და ფიქრიანად წარმოთქვა.― მაგრამ ეს უკვე მღლის. მე ცოლ-შვილიანი კაცი ვარ, სამი წლის წინათ სახლი ავიშენე… მინდა ოდნავ დავისვენო. ეს საქმე – ჩემი სამსახური ძნელია. საზოგადოებაში ზნეობის კანონებისადმი პატივისცემის განმტკიცება – ო! ეს, უნდა ითქვას, ადვილი როდია! აბა დაფიქრდით, ჩემთვის ალკოჰოლი მავნებელია, მაგრამ იძულებული ვარ დავლიო, მე მიყვარს ცოლი და წყნარი ცხოვრება ოჯახში – და უნდა ვიარო რესტორანებში, სკანდალი მოვახდინო… და მუდამ გაზეთებში ვიყო ჩაგდებული… თუმცა სხვისი სახელით, რასაკვირველია, მაგრამ მაინც… ერთხელაც იქნება, გამომჟღავნდება ჩემი საკუთარი სახელი, და მაშინ… ქალაქიდან უნდა წავიდე… მე რჩევა მესაჭიროება… თქვენთან მოვედი, მინდა შევიტყო თქვენი აზრი ჩემს საქმეზე… ძალიან დახლართული საქმეა!
– ბრძანეთ!—მივმართე მე.
– იცით რა, დაიწყო მან, — უკანასკნელ დროს სამხრეთი შტატების საზოგადოების უმაღლესი კლასების წარმომადგენლებს ხასებად აჰყავთ ზანგი ქალიშვილები… ორ-ორი და სამ-სამი. ამაზე უკვე ლაპარაკობენ, ცოლები ქმრების ყოფაქცევის უკმაყოფილონი არიან. ზოგიერთმა გაზეთმა მიიღო ცოლების წერილები, სადაც მხილებულია მათი ქმრების საქციელი. შესაძლოა, დიდი სკანდალი მოხდეს. ბიურომ წამსვე დაიწყო მთელი რიგი „კონტრ-ფაქტების“ მოწყობა, როგორც ჩვენს წრეში ამბობენ ხოლმე. ცამეტმა აგენტმა – მათ შორის მეც – დაუყოვნებლივ უნდა გაიჩინოს ზანგი ხასები, ორ-ორი ან სამ-სამიც კი ერთბაშად…
იგი ნერვულად წამოხტა. ხელი სერთუკის ჯიბეზე დაიდო და განაცხადა:
– მე არ შემიძლია ეს ჩავიდინო! მიყვარს ცოლი. და იგიც ნებას არ მომცემს, აი მთავარი რა არის! და, ბოლოს —ერთი მაინც იყოს!
– უარი თქვით! —ვურჩიე.
მწუხარებით შემომხედა.
– მერმე 50 დოლარს კვირაში ვინ მომცემს? და ჯილდოს საქმის წარმატების დროს? არა, ასეთი რჩევა თქვენთვის შეინახეთ. ამერიკელი ფულზე თავისი სიკვდილის მეორე დღესაც კი უარს არ ამბობს. სხვა რაიმე მირჩიეთ…
– ჩემთვის ეს საძნელოა!—მივუგე მე.
– ჰმ! რატომ არის საძნელო? თქვენ ევროპელები, ძალიან ფუქსავატი ხართ ზნეობის საკითხებში… თქვენი გარყვნილება ცნობილია ჩვენთვის.
ეს ისე წარმოთქვა, რომ მტკიცედ იყო დარწმუნებული თავისი სიტყვების სიმართლეში.
– იცით რა, განაგრძო მან და ჩემკენ გადმოიხარა,—თქვენ, ალბათ, გყავთ ევროპელი ნაცნობები? დარწმუნებული ვარ, გყავთ!
– მერმე თქვენ რად გინდათ?- ვკითხე.
– რად მინდა? —ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და დრამატული პოზა მიიღო. —მე არასგზით არ შემიძლია ვიკისრო ის საქმე— ზანგ ქალებთან. თვითონ განსაჯეთ ცოლი ნებას არ მომცემს, და მეც მიყვარს იგი. არა, არ შემიძლია…
ენერგიულად გაიქნია თავი, მელოტზე ხელი გადაისვა და შეპარვით განაგრძო:
– შესაძლოა, თქვენ ამ საქმისათვის მირჩიოთ ვინმე ევროპელი? ისინი ზნეობას უარყოფენ, მათთვის სულერთია! ვინმეს ღარიბ ემიგრანტთაგან, ა? კვირაში ათ დოლარს მივცემ, კარგი? თვითონ მე ვივლი ქუჩებში ზანგ ქალებთან ერთად… საერთოდ ყველაფერს მე გავაკეთებ,—მან კი მხოლოდ იმისათვის უნდა იზრუნოს, რომ ბავშვები დაიბადონ… საკითხი დღესვე, საღამოს უნდა გადაწყდეს… წარმოიდგინეთ, რა სკანდალი შეიძლება მოხდეს, თუ ეს საქმე – სამხრეთი შტატებში თავის დროზე სხვადასხვა ლაყბობით არ მიიჩქმალა! ზნეობის გამარჯვებისათვის საჭიროა სიჩქარე…
როდესაც იგი ოთახიდან გავარდა, ფანჯარასთან მივედი და მის თავზე ნატკენი ხელი მინას მივადე, რომ გამეგრილებინა.
იგი კი ფანჯარასთან იდგა და რაღაცას მანიშნებდა.
– რაღა გნებავთ?— ვკითხე და ფანჯარა გავაღე.
– მანდ ქუდი დამრჩა! – მოკრძალებით მიპასუხა.
ქვაბუნა-ქუდი ავიღე და ქუჩაში გადავაგდე. როცა ფანჯარას ვხურავდი, საქმიანი კითხვა გავიგონე:
– კვირაში რომ თხუთმეტი დოლარი მივცე? ეს კარგი საზღაურია!
1906 წ.
ტექსტი გაციფრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: მაქსიმ გორკი, ვისთან ხართ თქვენ, „კულტურის ოსტატნო“?, სტატიების კრებული, გამომცემლობა კომუნისტი, თბილისი, 1949 წ.